ძებნის რეზულტატი:
„კმარა პუტინი“ - თბილისში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს
თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ და საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ „ტყუილის, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ." ამ აქციით ისინი უერთდებიან კამპანიას „შუადღე პუტინი წინაარმდეგ“, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთც იმართება. „არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლვი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ, რუსები, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, აქედანაც უნდა ვეცადოთ როგორმე ამის გამოსწორებას,“ - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც კიდევ ერთ ხანმოკლე აქციას გამართავენ, რომლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ისინი არ აღიარებენ პუტინის პრეზიდენტობას. დღეს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეა.
“საბჭოთა ეპოქის ნიშნებს შეიცავს, გასათვალისწინებელია ახალგაზრდების გონივრული არგუმენტები“ - ყაზახეთის პრეზიდენტი გერბის შეცვლას აანონსებს
ყაზახეთისა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გერბი ძალიან რთულად აღქმადია და ის საბჭოთა ეპოქის ნიშნებს შეიცავს. „სახელმწიფო გერბთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, გავითვალისწინოთ პროფესიონალებისა და დაინტერესებული მოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების გონივრული არგუმენტები იმის შესახებ, რომ ყაზახეთის გერბი ძალიან რთულად აღქმადია, შეიცავს საბჭოთა ეკლექტიზმისა და ეპოქის ნიშნებს,“ - აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, თუ იქნება საერთო შეთანხმება, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც არსებითად განიხილავს ყველა ასპექტს, გამართავს საჯარო განხილვას და შემდეგ გამოაცხადებს ღია კონკურსს ახალი გერბის საუკეთესო ესკიზისთვის. გარდა ამისა, თოყაევმა გაიხსენა, რომ გასულ წელს, მან ისაუბრა ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების სიმბოლოების სისტემატიზაციისა და ერთიან სტანდარტამდე მიყვანის აუცილებლობაზე. ყაზახეთის გერბზე, რომელიც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით 1992 წელს დაამტკიცეს, გამოსახულია შანირაკი (იურტის ზედა ნაწილი), რომელიც ყველა მიმართულებით მზის სხივებს ასხივებს, ორივე მხარეს კი, დატანილია მითიური ფრთოსანი ცხენები, შუაში კი, ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.
“ბინების არასამართლიანი განაწილების რისკი” – აუდიტმა შესყიდვებისა და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა
დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიავს. მისი მიხედვით, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული შესყიდვების და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: „თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ანგარიშის თანახმად, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით (მიწოდების ვადის შეზღუდვის და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის გამო), უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. „როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არსებობდა შეძენის აუცილებლობა და დაფინანსების წყარო, ამასთანავე, არ არსებობდა მიწოდების ვადის შეზღუდვის აუცილებლობა, ხოლო კომპანია თანახმა იყო მიემართა შესაბამისი უწყებისთვის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა,“ - წერია ინფორმაციაში. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილებასთან დაკავშვირებით: დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს. „რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოებდა შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. კერძოდ, რიგი დევნილი ოჯახებისა, ბინების განაწილების წინა პერიოდებში, მესამე პირებთან დებდნენ გარიგებებს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, რამაც შექმნა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი სტატუსის კრიტერიუმის შეუსაბამოდ მიღების წინაპირობა.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის შესაბამისად დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გასცა. „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ღირებულების ზრდის ინიცირების პირობებში, უზრუნველყოფს შეცვლილი გარემოებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც დევნილთა ოჯახების საჭიროების და დაფინანსების არსებული რესურსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინების სახით არსებული აქტივების შექმნის პროცესში, უზრუნველყოფს კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების სამართლიანი და ობიექტური განაწილების მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს: საცხოვრებელი ბინების კრიტერიუმის (ჯამური ქულის) მიხედვით განაწილებას; ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენებას: კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში კრიტერიუმის გარეშე საცხოვრებლის განაწილების დროს; დასაბუთებული ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ბინების განაწილებას; ისეთი დევნილი ოჯახების იდენტიფიცირებას, რომლებიც საკითხის განხილვის ეტაპისათვის არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას,“ - აღნიშნულია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში. სრულად აუდიტის ანგარიშს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.
მეუფე შიო: სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას
„დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა... სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას...“ ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დასრულდა დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და შევდივართ ჩვენი სულიერი ცხოვრების ახალ პერიოდში, რომელსაც დიდი მარხვა ეწოდება. ეს არის განსაკუთრებული დრო, სინანულის ჟამი, როდესაც უფრო მეტად ვუღრმავდებით საკუთარ სულიერ ცხოვრებას, ვიხედებით ჩვენს სულში და რას ვხედავთ იქ? - ცოდვების წყვდიადს და სიბნელეს. ამიტომ დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას, არამედ - სინანულს; დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, მაგრამ, ამავე დროს, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ სახიფათო და სულისთვის საზიანოა, თუ მხოლოდ ჩვენი ცოდვების ხედვაში ჩავიკეტებით და ამით შემოვიფარგლებით, რადგან სინანული ამაში არ მდგომარეობს მხოლოდ. მაშ, რა არის სინანული? რას გულისხმობს ის? რას მოიცავს? მე ვხედავ ჩემი ცოდვების სიბნელესა და ბოროტებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, არსებობს სიკეთეც და არსებობს ნათელიც. და აი, სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას. სინანული გვიხსნის არამხოლოდ ბოროტებას, არამედ, სიკეთესაც, როგორც ჩვენს სულში, ასევე ჩვენს გარშემოც. სინანული ასევე დაკავშირებულია სულიერ მწუხარებასა და სევდასთან; მაგრამ ეს მწუხარება როდია ბნელი და უსიხარულო, როგორც ზოგიერთს ჰგონია არასწორად. გაიხსენეთ, რას წერს წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს: „ნათელი ბნელში ჩანს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“. ე.ი. იმ სიბნელეში, რომელსაც მე ჩემს სულში ვხედავ, რომლისგანაც ვიტანჯები, რომელსაც ვინანიებ, ამ სიბნელეში ანათებს ეს ნათელი, რომელიც არის ღვთაებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი. მაშასადამე, სინანული გვიხსნის ცოდნას ღმერთზე, არამხოლოდ ბოროტებასა და ეშმაკზე, არამედ - სიკეთესა და ღმერთზე. გვიხსნის იმას, თუ რა არის სიკეთე და თუ ვინ არის ღმერთი. ამიტომ, ეს მარხვისა და სინანულის მწუხარება აღარ არის ბნელი, არამედ, ნათელია და სავსეა სიხარულით. ამიტომაც ეწოდება მარხვა სიხარულისა. ჩვენ ყოველდღე, დილაობით, ვკითხულობთ ლოცვას, რომელშიც ღმერთს ვევედრებით, თავისი დიდების საღვთო სამკვიდრებელში მიღების ღირსი გაგვხადოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი არსობრივი დანიშნულებაც, არის სწორედ ამ საღვთო დიდებასთან თანაზიარება. ზოგი ამბობს, როდესაც ვინანიებ, უამრავ ბოროტებას ვხედავ ჩემში, ასევე ჩემ ირგვლივო. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებაც ამ ბოროტებაში მდგომარეობს; მაგრამ ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ეშმაკის ცილისწამება, რომელსაც ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ. ცხოვრება არ მდგომარეობს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ, ცხოვრება მდგომარეობს სწორედაც იმ ნათელში, რომელიც გახლავთ საღვთო დიდება, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით წმინდა ეკლესიაში. მონანული ადამიანი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ხედავს ამ ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის, იმიტომ რომ სინანული, პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, არის გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა. სულ მალე იწყება დიდი მარხვა, სხვანაირად დაირეკება ზარები, უფრო მწუხარედ. ეკლესიაშიც ყველაფერი სხვაგვარად იქნება და მოგვმადლოს უფალმა, რომ ეს სინანულის მწუხარება, რომელზეც გესაუბრეთ, ყოფილიყოს ყოველი ჩვენგანისთვის ნამდვილი, დიდი მარხვისთვის შესაფერისი, არა ბნელი და სევდიანი, არამედ, ნათლით და სიხარულით მოსილი. რატომ? - იმიტომ, რომ ამ სინანულის სარბიელის დასასრულს ბრწყინავს ჩვენთვის ქრისტეს აღდგომის ნათელი და ბრწყინავს საღვთო ბუნებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
მოლდოვაში რუსეთის საელჩოს “მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს
კვირას კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ღობის გარედან საკონსულოს ტერიტორიაზე უცნობმა კაცმა „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლები ისროლა, რამაც საკონსულოში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი მოკლე ხნით შეაფერხა. საელჩოს დაცვამ სავარაუდო თავდამსხმელი მომხდარისთანავე დააკავა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, დაკავების დროს ეჭვმიტანილი საელჩოს დაცვის თანამშრომლებს უყვიროდა: "მე მძულს რუსეთი!" ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს რაიმე ზიანი შენობისთვის არ მიუყენებია. თუმცა კიშინიოვში რუსეთის საელჩომ მისი შენობის ცეცხლის წაკიდებისთვის ეჭვმიტანილის მკაცრად დასჯა მოითხოვა. კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საკონსულოში საარჩევნო უბანი ერთადერთია მოლდოვის ტერიტორიაზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების თანხმობით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაიხსნა. ამასთან, მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა დნესტრისპირეთის რეგიონში კიდევ ექვსი საარჩევნო უბანი გახსნა.
საფრანგეთი რუსეთს მოუწოდებს, პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს, უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტოს
საფრანგეთი აპირებს, შესთავაზოს რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინაში პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა უპასუხა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსულმა მხარემ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რადგან ოლიმპიადის დროს „ეს ყოველთვის ხდებოდა.“ მაკრონის სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ ჯერ საფრანგეთმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება. „მაკრონმა ასევე უნდა "შეწყვიტოს ტერორიზმის სპონსორობა," - ამტკიცებს ზახაროვა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
NATO-ს ათი მოკავშირე პოლონეთში წვრთნებს ატარებს
NATO-ს ცხრა მოკავშირე პოლონეთის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნულ სწავლება DRAGON 2024-ს ატარებს, რომელიც მოიცავს ქვეითთა ოპერაციებს, ურბანულ ბრძოლასა და სატანკო ცეცხლს. მასში მონაწილეობენ ჯარები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან. წვრთნები მოკავშირეებს ეხმარება სამხედრო ოპერაციების მომზადებაში, როგორც ტაქტიკურ, ასევე, ოპერატიულ დონეზე. იგი მოიცავს ქვეითთა ოპერაციებსა და ურბანულ საბრძოლო მოქმედებების მომზადებას და ცოცხალ ცეცხლსასროლი ტანკის წვრთნებს. სწავლება DRAGON, STEADFAST DEFENDER 2024-ს ნაწილია. STEADFAST DEFENDER 2024 ათწლეულების განმავლობაში NATO-ს ყველაზე მაშტაბური წვრთნებია. ეს საშუალებას აძლევს მოკავშირეებს გამოავლინონ თავიანთი უნარი, მართონ და გააკონტროლონ დიდი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები მნიშვნელოვან დისტანციებზე, ევროატლანტიკური ზონის ფარგლებში. სავარჯიშო DRAGON 2024 გაგრძელდა 4-დან 14 მარტამდე.
„ციმბირის ბატალიონი“ აცხადებს, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში, გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა დაიკავა
პროუკრაინულ რუსული სამხედრო ჯგუფში განაცხადეს, რომ ისინი ბელგოროდის ოლქის გორკოვსკის დასახლებაში შევიდნენ. „ციმბირის ბატალიონის“ Telegram-ის ცნობით, მებრძოლებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. „რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების ქვედანაყოფები ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის მოხალისეებთან ერთად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე გორკოვსკის დასახლებაში და აიღეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ბოლო მონაცემებით, დასახლებაში 450-მდე ადამიანი ცხოვრობდა. მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება - ბუდანოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 12 მარტს ადასტურებდა უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას. მისი ცნობით, უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა" მოსკოვის დროით 03:00 საათზე დაიწყო „სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვით", შემდეგ კი, „უკრაინელმა ბოევიკებმა“ ტანკებითა და საბრძოლო ჯავშანმანქანებით სცადეს ბელგოროდის ოლქის ერთდროულად სამი დასახლებული პუნქტის: ოდნორობოვკის, ნეხოტეევკის და სპოდარიუშინოს რაიონებში შეჭრა. რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს ასევე მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ტარდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ.
მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, შესაძლოა, საჭირო გახდეს. „ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამის გაკეთება და არ ვიქნები ინიციატორი, საჭირო იქნება ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის სიძლიერე არის იმაში, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია,“– განაცხადა ემანუელ მაკრონმა. „ჩვენი მოვალეობაა, მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ამ სცენარში, ვინც ამას შეძლებს, თავისი მოდელით, თავის პასუხისმგებლობას აიღებს. პუტინი ავითარებს შიშის დისკურსს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადგან ზესახელმწიფოსთან არ გვაქვს საქმე,“ აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მოკავშირეებს შორის არსებობს უთანხმოება უკრაიაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთნ დაკავშირებით. მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.
ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი - პატრიარქი
საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს დალოცვა შენდობის დღეს: „როგორც ცნობილია, ორშაბათიდან იწყება დიდი და წმინდა მარხვა, რომელიც მოიცავს 40 დღესა და ვნების შვიდეულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომამზადებელ შვიდ შვიდეულს წარმოადგენს. დღეს, კვირა საღამოს, ყველა ტაძარში ტარდება შენდობის მსახურება, რომელიც ყველას შეახსენებს სინანულის მაცხოვნებელ მნიშვნელობას. შემდეგ კი, სასულიერო პირებიც და მორწმუნენიც ერთმანეთს სთხოვენ პატიებას, რათა განწმენდილი სულიერი მდგომარეობით, - ურთიერთ მიმტევებლობით, სინანულითა და თავმდაბლობით შეუდგნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვის პერიოდს. მეც ყველას გთხოვთ პატიებას ჩემს ცოდვათა გამო და, ჩემის მხრიდან, გაძლევთ შენდობას თქვენს შეცოდებათა გამო. გთხოვთ, ერთმანეთსაც შეუნდეთ დანაშაული, რათა უფალმა თქვენც გაპატიოთ თქვენი სისუსტენი და აღსრულდეს მისი სიტყვები: ,,უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6:14-15). მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა მოგვანიჭოს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მშვიდობით დაგვიცვას. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო!“
რუსეთის ცესკო: ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.80%-ი, ლეონიდ სლუცკიმ - 3.17%-ი. კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება. სამდღიანი კენჭიყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს. 17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. პარიზში, ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან, ანგარიშით - 36:10 მოიპოვეს. ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა. ამჯერად, ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. სულ კი, ამ ტურნირის ჩემპიონები მეთექვსმეტედ გახდნენ.
ზელენსკი: პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული, მისი ბოლო, ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს. „მსოფლიოში ყველამ გააცნობიერა, რომ ეს ფიგურა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, უბრალოდ, ძალაუფლებით არის დაავადებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის პიროვნული ძალაუფლების გასახანგრძლივებლად არ ჩაიდენს. ამისგან მსოფლიოში არავინაა დაზღვეული. მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და დაარქმევენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ყველაფერი, რასაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სჩადის, დანაშაულია და ყველაფრისთვის, რაც რუსმა მკვლელებმა ომში პუტინის სამუდამო ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გააკეთეს, საჭიროა სამართლიანი შურისძიება. „მას ყველაფერზე მეტად მხოლოდ ერთი რამის ეშინია - სამართლიანობის. არჩევნების ამ იმიტაციას არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს და არ შეიძლება, ჰქონდეს. ამ ფიგურის ბოლო, ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს.
პუტინი პირველად ახსენებს ნავალნის გვარს და ამტკიცებს, რომ მის გაცვლას განიხილავდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის „გოსტინი დვორში“ გამართული პრესკონფერენციის დროს, მისი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის გვარი პირველად ახსენა და კომენტარი გააკეთა იამალის კოლონიაში პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ. პუტინმა ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და დაადასტურა, რომ განიხილავდა ნავალნის გაცვლას იმ პირობით, თუ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. პუტინის თქმით, ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში მისი ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა „ზოგიერთმა კოლეგამ“ შესთავაზა. „ადამიანს, რომელიც ამაზე მელაპარაკებოდა, ჯერ ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, თანახმა ვარ, მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა," - განაცხადა პუტინმა და თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრების გარდაცვალება აშშ-შიც ხდება. მანამდე ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა და საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ 15 თებერვალს, საღამოს, მიიღო დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ის ფინალურ ეტაპზე იყო, თუმცა "16 თებერვალს ალექსეი მოკლეს,“ - აღნიშნა პევჩიხმა ვიდეომიმართვაში. პევჩხის თქმით, ნავალნი ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ, ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ.
პუტინის ახლა გაჩერება ყველას საუკეთესო ინტერესებშია - ზელენსკი
„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინის თავდაცვა განსაზღვრავს, ამ ომში, შეძლებს თუ არა პუტინი ევროპასა და მსოფლიოში ნანგრევების ზონის გაფართოებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატები - გმადლობთ დახმარების პაკეტისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა აღდგეს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად. სწორედ ახლა და სწორედ უკრაინის თავდაცვა განსაზღვრავს ამ ომში, შეძლებს თუ არა პუტინი ევროპასა და მსოფლიოში ნანგრევების ზონის გაფართოებას, მისი ახლა გაჩერება ყველას საუკეთესო ინტერესებშია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის ასევე მადლობა გადაუხადა დანიას, გერმანიას, კანადას, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. „დანია - გმადლობთ თავდაცვის დახმარების კიდევ ერთი, უკვე მე-16 პაკეტისთვის, არტილერიისთვის, რომელიც ჩვენ გვჭირდება. გერმანია - მადლობას გიხდით ყოველკვირეული ნაბიჯებისთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად. მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც შეუერთდა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენასთან დაკავშირებით ჩეხეთის ინიციატივას. ასევე მინდა აღვნიშნო საბერძნეთი, რომელსაც მკაფიოდ ესმის იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც ყველა დგას ევროპაში. კანადა - მადლობელი ვარ იმისთვის, რომ თვითმფრინავების კოალიციას შეუერთდით. ეს არის იარაღი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტურია. ასეთ რთულ საომარ პირობებში ჩვენი არმიის მცირე დიაპაზონზე მოქმედების შესაძლებლობა ზოგიერთი პარტნიორის აშკარა ახლომჭვრეტელობას ნიშნავს. მე ასევე მსურს აღვნიშნო საფრანგეთის ლიდერობა ევროპაში – ჩვენ ვაფასებთ იმ გზას, თუ როგორ ავითარებს პრეზიდენტი მაკრონი ევროპის სტრატეგიულ პერსპექტივას, რეალური, გრძელვადიანი უსაფრთხოების პერსპექტივას, რომელიც მხოლოდ ამ ომში პუტინის დამარცხებით არის შესაძლებელი," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს პარლამენტში 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტის გამო, გაერო „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში 2024 წლის 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომელიც თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად. გაეროს შეფასებით, “აღნიშნულმა ცვლილებმა შესაძლოა, ერთი მხრივ, იმ მიღწევებს გადაუსვას ხაზი, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევით მიაღწია თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების გზაზე, მეორე მხრივ კი, განაგრძოს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან პოლიტიკის შემუშავებაში ჩარევის შემაშფოთებელი ტენდენცია. ეს ინიციატივა ზიანს მიაყენებს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, ქვეყნის ეკონომიკას და მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.“ იმის მიუხედავად, რომ 2017-2019 წლებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობასა და საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი მოიხმარს თამბაქოს. გაეროს განვითარების პროგრამის/ჯანმოს/დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2017 წლის „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის“ კვლევის თანახმად, თამბაქოს გამო გაწეული ჯანდაცვის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების შედეგად მიღებული წლიური ზარალი, რაც ნაადრევი სიკვდილობის, შეზღუდული შესაძლებლობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, 800 მილიონ ლარზე მეტს, შეადგენს, რაც საქართველოს მშპ-ს 2.4%-ის ეკვივალენტურია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 11,400-ს აჭარბებს. ამ მდგომარეობის გამოსწორება კი, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. თამბაქოს კონტროლი ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის კომპრომისული არჩევანის გაკეთებას არ ნიშნავს. პირიქით, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ერთად წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის საყრდენ ძალას. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებები არამარტო ჯანმრთელობას მოუტანს ზიანს, არამედ ეკონომიკასაც დაასუსტებს. გაეროს მიერ საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტზე გადასახადის გაზრდით შეიძლება, თავიდან იყოს აცილებული 2,2 მილიარდი ლარის ეკონომიკური ზარალი და ჯანდაცვის ხარჯები 15 წლის განმავლობაში, ხოლო თამბაქოზე გადასახადის გაზრდაში ჩადებული ყოველი 1 ლარის სანაცვლოდ საქართველოს ეკონომიკა მიიღებს 221 ლარის მოგებას, თანაც, ამ გაანგარიშებაში არ შედის კიდევ უფრო მეტი სარგებელი, რაც გაზრდილი საშემოსავლო და სიგარეტის გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებიდან წარმოიქმნება. ძნელია, მოიძებნოს რომელიმე სხვა პოლიტიკა, რომელსაც ინვესტიციაზე ასეთი შთამბეჭდავი უკუგება ექნებოდა და ამგვარი პოლიტიკის საპირისპირო მიმართულებით შემობრუნება ცუდი საინვესტიციო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის. შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკას თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ: აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან განსხვავებას გააჩენს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის ფასებს შორის, რაც ბაზარზე იაფი თამბაქოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისი მხრივ მოხმარებას გაზრდის. შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია“, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხანგრძლივი ძალისხმევით, 2019 წლისთვის საქართველოში გადასახადების მნიშვნელოვანი ზრდის და გათანაბრების შედეგად, ბაზარზე შედარებით იაფი თამბაქოს წილი შემცირდა, თამბაქოს მოხმარების საერთო მაჩვენებელმაც იკლო და ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა. თუმცა, 2019 წლის შემდეგ თამბაქოზე გადასახადები არ გაზრდილა, რამაც თამბაქოს საზიანო ნაწარმი შედარებით ხელმისაწვდომი გახადა. თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე გადასახადი 2026 წლამდე შეჩერებულია. ასევე, საქართველოში თამბაქოზე დაწესებული გადასახადები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკავშირში. აქციზის გადასახადის განაკვეთის შემცირების დასაბუთების მცდელობა - „დარგის განვითარება და უკანონო ვაჭრობის შემცირება“ - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს არც მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონსენსუსის და არც სხვა ქვეყნების, მათ შორის, თავად საქართველოს გამოცდილების ფონზე. თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება საქართველოში მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შარშან შეტანილი სავალალო ცვლილებების შემდეგ, რომელიც სადა შეფუთვის გადავადებას და ამ მარეგულირებელი მექანიზმიდან გახურებადი თამბაქოს ნაწარმის სრულად გამორიცხვას შეეხებოდა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილება არ დაამტკიცოს და, შემცირების ნაცვლად, გადასახადები თამბაქოს ყველა ნაწარმზე თანაბრად გაზარდოს. საქართველოში არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, ისევე როგორც შესაბამისი საერთაშორისო აქტები, აძლევს საქართველოს იმის საშუალებას, რომ ამ მომაკვდინებელ ნაწარმზე წვდომა შეამციროს, მოსახლეობის ჯანმრთელობა დაიცვას და ქვეყნის მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს,“ ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს - მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან. მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ განმარტა, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების გაგრძელება რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ხელშეკრულებების გვერდის ავლით, მაგრამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსულ გაზზე უარის სწრაფად თქმის წარმატებული გამოცდილება აქვთ. გალუშჩენკომ აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე რუსული გაზის საკმარისი ალტერნატივებია და ევროპის რიგი ქვეყნები უკვე დაადგნენ ამ გზას. კერძოდ, გერმანიამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში რუსულ გაზზე დამოკიდებულება თითქმის ნულამდე შეამცირა. გალუშჩენკომ დასძინა, რომ უკრაინა ასევე აქტიურად აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას, მათ შორის გაზის შიდა მოპოვების გაზრდით.
ალიევი: NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას დიდი ხნის ისტორია აქვს
„NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს - 30 წელზე მეტი კარგი პარტნიორობა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „აზერბაიჯანი მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ავღანეთში და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ავღანეთში კოალიციის ძალებიდან ბოლო, ვინც დატოვა ეს ქვეყანა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ჩვენი თანამშრომლობის მიმართ,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. „დღეს ჩვენ, სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ვართ,“ - განაცხადა ასევე ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება Azertac-ი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ინიციატივა იყო. ჩვენ უკვე გვქონდა კომენტარების გაცვლის შვიდი რაუნდი სომეხ კოლეგებთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე,“ - აღნიშნა ალიევმა.
კიმ ჩენ ინი, რაჰმონი, მადურო, ორტეგა - ვისგან მიიღო პუტინმა მილოცვები
ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა მიულოცა. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინის მისალოც დეპეშას პუტინს მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის ელჩი გადასცემს. კიმ ჩენ ინი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს. უკრაინის და მისი მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში წეორედ ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილ ბალისტიკურ რაკეტებ სიყენებს. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმაც, რომელმაც პუტინის „დამაჯერებელ გამარჯვებას“ უწოდა მისი „პოლიტიკური ავტორიტეტის და რუსეთის საზოგადოების ფართო მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დასტური.“ განახლება: ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ხელახალი არჩევა 18 მარტს, რომელიც მედიის ცნობით, გახდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე დემოკრატიულად არჩეულ ლიდერთაგანი, ვინც ამას აკეთებს. პუტინს ხელახალი ვადით არჩევა მიულოცეს ჰონდურასის პრეზიდენტმა სიომარა კასტრომ, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს მადუროს სიტყვები, რომ „პუტინმა სრულად მოიგო ომი კოლექტიური დასავლეთის იმპერიასთან.“ რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს.
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ. სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა. აღნიშნული შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით. გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45 დღიანი ვადა მიეცათ. პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. აქვე ნიშანდობლივია, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასეთი შესყიდვები პრაქტიკაში გამოირჩევა უცხოური კომპანიების აქტიური ჩართულობით და კონკურენციის მაღალი ხარისხით, რასაც მსგავსი მასშტაბის ტენდერებში განაპირობებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების პროცედურების, მათი სტანდარტული პირობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე გასაფორმებელი ხელშეკრულებებისათვის FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტის პირობების გამოყენება. შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა,“ რომელიც 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა, უკვე განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით - განახლდა/შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ამჟამად მონაწილეობს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წარმართვაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის სამშენებლო პროცესი. დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ, წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას,” - ნათქვამია ინფორმაციაში.