ძებნის რეზულტატი:

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. „სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებულ სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. ღონისძიების დაწყებამდე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლა. თბილისის 35-ე და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეები სამხედრო ბაზას ეწვივნენ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს და გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა,“ წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ჩატარდა. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას.  

"სახლის" კატებისა და ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი, ან რომელიმე ცხოველი ეზოში შეიფარა. დღეს, 15 მარტს, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი განიხილება, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა მაია ბითაძემ კოლეგებს განუმარტა, რომ ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება, საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს. კანონში ასევე ჩაიწერება ვადები, როცა ოჯახს საკუთარი შინაური ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია შეეძლება. შინაური ცხოველის გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ლიცენზირებულ საშენში. „ჩვენ აღარ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია... თუ არ გვინდა, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ ცხოველს?! უნდა გავუკეთოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს!.. ვისაც არ გავუკეთებთ, ეს იქნება სანაშენე ცხოველი, რომელიც საშენს ეყოლება. ასევე ძალოვანი სტრუქტურების ცხოველები სტერილიზაცია/კასტრაციას არ დაექვემდებარებიან, მათი რეჟიმი სხვა არის. ეს არის ცხოველი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვხვდებით," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს.  

აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 14 826 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით - 14 778 განაცხადი. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის პირველი მარტიდან განხორციელდა. „დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574 აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“. თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით. ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://videocall.rs.ge/ ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.  

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

რუსეთის უმსხვილესმა გადამზიდავმა ავიაფლოტის ლიკვიდაცია დაიწყო

რუსეთის უმსხვილესმა სატვირთო ავიაკომპანიამ ფრენების შეწყვეტის შემდეგ, თვითმფრინავების ფლოტის ლიკვიდაცია დაიწყო. 2022 წელს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა AirBridgeCargo-ს, რითაც მათ საზღვარგარეთ მომსახურება აუკრძალა. მიმდინარე წლის მარტში AirBridgeCargo-მ გამოაცხადა, რომ სურს, განაახლოს ტრანსპორტირება შიდა Il-96-ების გამოყენებით, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინდუსტრიამ გადაწყვიტა, დაებრუნებინა ფრენები სანქციების ფონზე. ჩინეთში პირველი რეისის ორგანიზება ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ თვითმფრინავები მოულოდნელად გადაეცა სხვა რუსულ ავიაკომპანიას - Sky Gates, Rostec-ის კუთვნილი Red Wings-ის შვილობილი კომპანია. „რუსეთის უმსხვილესმა სატვირთო ავიაკომპანია AirBridgeCargo-მ იმპორტირებული თვითმფრინავების მათი მფლობელებისთვის დაბრუნება ფრენების შეწყვეტის შემდეგ დაიწყო. გადამზიდავმა პირველი Boeing 747 შანხაიში ჩინურ მეპატრონე BOCA-ს (ჩინეთის ავიაციის ბანკი) გაუგზავნა,“ განუცხადა RBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა. „ავიაკომპანიის ფლოტის მეორე Boeing ასევე გაიგზავნება ჩინეთში უახლოეს მომავალში,“ აცხადებს გამოცემის წყარო. AirBridgeCargo-ს ჰყავდა სულ სამი ბოინგი, რომელიც მან იჯარით, BOCA-სგან აიღო. მეპატრონემ ერთი მათგანი 2022 წელს, სანქციების ფონზე დაიბრუნა. დარჩენილი ორი თვითმფრინავის დასაბრუნებლად მეპატრონემ 2023 წელს ნიუ-იორკის სასამართლოში უჩივლა რუსულ ავიაკომპანიას და დავა მოიგო. AirBridgeCargo-ს 406 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა. უკრაინაში ომის დაწყებამდე AirBridgeCargo რუსეთში ყველაზე დიდ გადამზიდავ ავიაკომპანიად ითვლებოდა. 2021 წელს მასზე რუსეთის საჰაერო ტვირთების 43%, 639 ათასი ტონა ტვირთი მოდიოდა. ამჟამად, კომპანიის ფლოტს ჯერ კიდევ 11 სატვირთო Boeing 747-8 აქვს, ოთხი Boeing 747-400 და ერთი Boeing 777. მათი უმეტესობა შერემეტევოს აეროპორტში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმოქმედოდაა. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავი კვლავ რეგისტრირებული იყო ბერმუდაში. მიმდინარე წლის მარტში AirBridgeCargo-მ გამოაცხადა, რომ სურს, განაახლოს ტრანსპორტირება შიდა Il-96-ების გამოყენებით, რომელთა დაბრუნებაც რუსეთის საავიაციო ინდუსტრიამ სანქციების ფონზე გადაწყვიტა. ჩინეთში პირველი რეისის ორგანიზება ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ თვითმფრინავები სხვა რუსულ ავიაკომპანიას - Sky Gates, Rostec-ის კუთვნილი Red Wings-ის შვილობილ კომპანიას მოულოდნელად გადაეცა.

პორტუგალია უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს

პორტუგალია უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად, 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. პორტუგალია აღნიშნულ თანხას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს. თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ პორტუგალიამ უკრაინას Leopard 2A6-ის ტანკები მიაწოდა; ასევე გადასცა 40-ზე მეტი M113-ის ჯავშანტრანსპორტიორი; საარტილერიო საბრძოლო მასალა და მსუბუქი საბრძოლო მასალა; ჰაუბიცები და სხვადასხვა იარაღი; ჩქაროსნული კატარღები და უპილოტო საფრენი აპარატები; სამედიცინო და ჯანდაცვის ობიექტები, ასევე კომუნიკაციები; ელექტროენერგიის წარმოების გენერატორები; ტანსაცმელი, ფორმა და ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობა.  

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა

15 მარტს ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა განაცხადა. „რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები, ექიმი და მაშველი არიან. კიდევ 46 ადამიანი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელი დაშავდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. დაშავებულთა საერთო რაოდენობა დგინდება, ყველა მათგანს უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და სახანძრო-სამაშველო ავტომობილები. ადგილზე გაზსადენი მილის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე 15 მარტს გამთენიისას დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლი იყო ვინიცის ოლქშიც.  

შავი ზღვა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი - რაზე შეთანხმდნენ თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი მინისტრები

ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე თურქულმა მხარემ კვლავ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა, გარდაქმნან სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობის ზონად. „სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, გლობალური უსაფრთხოებისა და კავშირისთვის. მიგვაჩნია, რომ 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ველით კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც დაეფუძნება ორმხრივად სარგებლობის პრინციპსა და რეგიონულ და გლობალური პროექტებისადმი მხარდაჭერას, როგორიცაა, მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის პროექტი,“ - განაცხადა ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე დიდი კრიზისებია. მისი თქმით, რეგიონში პოზიტიური ცვლილებები მოხდა - „30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.“ თურქი დიპლომატის თქმით, მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარება და თანამშრომლობის გაფართოების გზები. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ფიდანმა აღნიშნა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის სრული სიმძლავრით რაც შეიძლება მალე ამოქმედების აუცილებლობა. „ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული პროექტების მეშვეობით,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფიდანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქეთის მუშაობაში, მისი თავმჯდომარეობით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC).  მინისტრის თქმით, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ჯეიჰუნ ბაირამოვმა შეხვედრის მონაწილეებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თურქული მედიის ცნობით, „უკრაინაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, ფიდანმა აღნიშნა, რომ „ომი უკრაინაში აგრძელებს უფრო და უფრო მეტ ჰუმანიტარულ და მატერიალურ ხარჯების მოტანას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.“    

სტოლტენბერგი აზერბაიჯანს 17 მარტს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან გამართავს და აზერბაიჯანსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა 14 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.  

შავი ზღვის მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებისთვის საფრთხეს ქმნის - ჰაკან ფიდანი

ბაქოს მე-11 გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი შავი ზღვის დემილიტარიზაციის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ომამდე შავ ზღვაში სიმშვიდე სუფევდა. „ომის შემდეგ დაიწყო მილიტარიზაცია. რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მარცვლეულის შეთანხმებას მივაღწიეთ. პირობები უნდა შეიქმნას მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირებისთვის შავი ზღვის გავლით. შავი ზღვის როლი რეგიონში არ უნდა დაიკარგოს, მილიტარიზაცია რეგიონის ქვეყნებს საფრთხის წინაშე აყენებს,“ აღნიშა ფიდანმა.  

მაკრონი პუტინს: ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა

ბირთვულ ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი.“ „ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა,“ - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.  

უკრაინამ 100 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

კიდევ 100 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. ამის შესახებ ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იუწყება. მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი ჯვარი. „ჩატარდა მორიგი რეპატრიაციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც, სამშობლოში 100 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაბრუნდა," – წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში. იდენტიფიცირების შემდეგ დაღუპულთა სხეულებს ოჯახს დაუბრუნებენ. 26 იანვარს უკრაინამ 77 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენა.  

NGO-ები ხელისუფლებას: შეწყდეს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია. განცხადების ავტორების თქმით, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა, კერძოდ, მიუთითა, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სისტემა, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ისეთ წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები: „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ პირობის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაიკავეს და არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა უზენაესმა სასამართლომაც, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ – ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბაქაქურმა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმის ამოქმედების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებას მხარი არ დაუჭირეს და საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ. მსგავსი მოსაზრება დააფიქსირეს პირველი და მეორე ინსტანციის სხვა მოსამართლეებმაც. მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ სურთ, გახდნენ საქართველოს ევროპული მომავლის შემაფერხებელი ფაქტორი, შესაბამისად, მზად არიან გაიარონ კეთილსინდისიერების გადამოწმების ტესტი,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეთა განცხადებების შემდეგ, ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო. კერძოდ, ხელმომწერები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს ხოლმე მიმდინარე მოვლენებზე. გარდა ამისა, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ასევე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს პარლამენტის წევრებმა, ბექა ოდიშარიამ და დავით მათიკაშვილმა. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელია სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები. პოლიტიკური ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პრობლემურია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის თავდასხმა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეზე საქმეთა გაჭიანურების საფუძვლით: „კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქმეთა ჭარბი რაოდენობა და გაჭიანურება მთელი სასამართლო სისტემის პრობლემაა. მისი მოგვარება უპირველესად სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა, ნაცვლად პრობლემის გადაჭრისა, საქმეთა ჭარბი ნაკადი და ამით გამოწვეული განხილვის გაჭიანურება მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება,“  - ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია, სრულყოფილად შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს სასამართლოს გუშაგი; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; დემოკრატიის მცველები; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; უფლებები საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI). უზენაესი სასამართლოს პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ იზიარებენ ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.  

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე - რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარებაც, დღეს უკვე უპერსპექტივო ან მნიშვნელოვნად გართულებულია. რადიო თავისუფლების ცნობით, ლევან იოსელიანი მიმართავს გენერალურ პროკურორს, დაიწყოს შემოწმება ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამომძიებლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი - გაჭიანურებული ან/და ჩაუტარებელი, ასევე, ხარვეზიანი საგამოძიებო მოქმედებების ფაქტებზე. სახალხო დამცველის ეს დასკვნა ანი იანუშაიტიტეს ოჯახმა და ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. რა წერია სახალხო დამცველის დასკვნაში? ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, სახალხო დამცველს ივნისში გაუგზავნეს 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის მასალები და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობის შესწავლა მოითხოვეს. 4 მარტს მიღებულ დასკვნაში წერია, რომ „გამოძიება თავიდან მიმდინარეობდა არაეფექტიანად და დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, შესაძლოა, გამოძიებას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“. სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების არჩატარებამ ან დაგვიანებით ჩატარებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და, შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი თავის დასკვნაში მიუთითებს, რომ შესაძლოა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ახლა უკვე უპერსპექტივოდაც კი ჩანდეს, ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ის მაინც მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისკენ მოუწოდებს. მათ შორის: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ნიმუშების აღება; შემთხვევის ადგილის მახლობლად განთავსებული ავტომობილების მეპატრონეების იდენტიფიცირება და ავტომობილების შემოწმება; გვამის გარშემო არსებული ხე-ბუჩქნარის მდგომარეობის შესწავლა; ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სავარაუდო დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე პირების ვინაობის დადგენა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ნამდვილობის შემოწმება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა. სახალხო დამცველი 12 წლის ანის გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებების შესწავლისას კიდევ ერთ საყურადღებო დეტალზე აკეთებს აქცენტს და დასკვნაში წერს: „მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე, შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში, ნაკლებად სავარაუდო ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. რადგან გასულია ხანგრძლივი პერიოდი, შესაძლოა, ვეღარ მოხდეს ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება, რაც არსებითად აზიანებს გამოძიების ინტერესებს.“

ფინეთს სურს, შესაძლებელი გახადოს თავშესაფარზე უარი რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შესულთათვის

ფინეთის მთავრობის განცხადებით, მთავრობა აპირებს, შემოიღოს დროებითი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, თავშესაფარზე უარი უთხრან იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის მხრიდან შედიან. გასული წლის ბოლოს, ფინეთში რუსეთის მხრიდან შესვლის მსურველ მიგრანტთა ზრდის ფონზე, ჰელსინკმა რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარზე ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს, რომ ის განზრახ ატარებს მიგრანტებს ფინეთის საზღვრისკენ. ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებელი კვლავაც ახერხებს ქვეყანაში შესვლას, რის გამოც ფინეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლება, გაიზარდოს ამინდის დათბობასთან ერთად. რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი 4 აპრილს NATO-ში გაწევრიანდა.  

ირანი რუსეთში კვერცხის ექსპორტს იწყებს

მომდევნო 20 დღის განმავლობაში, ირანული მხარე რუსეთს პირველად მიაწვდის ქათმის კვერცხების პარტიას, იუწყება ირანული მედია. „რუსეთში კვერცხებს პირველად გავიტანთ ექსპორტზე და ირანული ქათმის კვერცხების პირველი პარტია, სავარაუდოდ, რუსეთში ჩავა მომდევნო 20 დღის განმავლობაში,“ - განაცხადა ისლამური რესპუბლიკის მეფრინველეობის გაერთიანების ხელმძღვანელმა ჰამიდ რეზა კაშანიმ.  

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს მოაწერს ხელს

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ამუშავებს, რომლის ხელმოწერა ივლისისთვის იგეგმება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარირ ხოჰანისიანმა ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „თუ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება სრულად განხორციელდება, ჩვენ ნამდვილად გვექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მუშავდება თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და ახალი პროგრამები, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ფაქტების დამდგენი მისიის შედეგად გაჩნდა. ახლა, ამ ორ პროცესთან და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების გამოხატულებასთან ერთად, მუშავდება ახალი დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოსა და სხვა სამუშაო დონეზე. ჩვენ ველოდებით, რომ მაისში მივიღებთ ახალ პროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისში უნდა იყოს მიღებული,“ - განაცხადა იოჰანისიანმა. პიტერ სტანო: სომხეთს შეუძლია, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთოს  

სურსათის სააგენტომ შაურმით მოწამვლის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ.  ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა.  „შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.  გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი.  ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით,“ წერს  სურსათის ეროვნული სააგენტო.  

რუსეთში, საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა

რუსეთში საარჩევნო ურნებში ანტისეპტიკი ბრილიანტის მწვანე ან მსგავსი საღებავი საშუალება ჩაასხეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მოსკოვში, სადაც ამომრჩეველმა ქალმა ურნაში მწვანე ანტისეპტიკური პრეპარატი ჩაასხა. მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქალი დაკავებულია, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა. ანალოგიური შემთხვევები ვორონეჟის ოლქში, როსტოვის ოლქში, ვოლგოგრადის ოლქში, ნოვოსიბირსკში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ასეთივე ინციდენტი მოხდა სიმფეროპოლში, ანექსირებულ ყირიმში დაფიქსირდა. გამოცემა „ბაზა“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ უკიდებს ცეცხლს ქალი საარჩევნო კაბინას. ის დაკავებულია და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ცეცხლის წაკიდების ინციდენტი ტიუმენის ოლქის ქალაქ კოგალიმაშიც მოხდა. როგორც „ფონტანკა“ იტყობინება, სანქტ-პეტერბურგში 21 წლის ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ „დავალება“ მიიღო რომელიღაც უკრაინული ტელეგრამის არხისგან, რომელიც მას ფულად ანაზღაურებას დაჰპირდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არცერთი ეს ინციდენტი არ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.