ძებნის რეზულტატი:

უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის არჩევნებს - ბორელი ვაშინგტონში

ჯოზეფ ბორელი ვაშინგტონში ვიზიტისას ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინისათვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის უზრუნველყოფა გადაუდებელი აუცილებლობაა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მისი გზავნილი აშშ-ის პოლიტიკოსებისთვის იყო – „რისი გაკეთებაც აუცილებელია, სწრაფად უნდა გაკეთდეს.“ „ჩვენ უნდა დავაჩქაროთ, უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი და სწრაფად, ამიტომ ვზრდით სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ასევე ეხება აშშ-ს. მომდევნო თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ელოდება რუსეთის მთავარ შეტევას ამ ზაფხულს და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის მომდევნო არჩევნების შედეგებს,“ – განაცხადა ბორელმა.  

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის - ბაირამოვი

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის თურქ და ქართველ კოლეგებთან ბაქოში სამმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა. „ჩვენი თანამშრომლობა გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი სანდო პარტნიორები არიან. გარდა ამისა, ისტორიული მოვლენები, რაც რეგიონში ბოლო წლებში მოხდა, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შედეგია, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი რეალობა რეგიონში ხსნის ახალ შესაძლებლობებს მისი პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის.  

რუსეთმა ბელგოროდში, დაბომბვის გამო საარჩევნო უბნები დროებით დახურა - Meduza

რუსული დამოუკიდებელი რესურსის Meduza-ს ცნობით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს, ბელგოროდზე დრონებით იერიშის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. 15 მარტის დილას ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ 7 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო. პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ სარაკეტო საფრთხის გამო, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემისას მისული ხალხი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საარჩევნო უბნები. ნახევარ საათზე ნაკლებ დროში კი, კენჭისყრა გაგრძელდა. Telegram არხ Shot-ის ცნობით, ბელგოროდში რამდენიმე მანქანა დაზიანდა და ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა. ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმისას დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში.“  

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 66.8%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსული გზავნილების 22.84% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 62.2 მილიონი დოლარი, რაც 66.8%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვალთან შედარებით. ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასეთია: რუსეთის ფედერაცია - $62.2 მლნ; იტალია - $43.97 მლნ; აშშ - $41.21 მლნ; ისრაელი - $20.43 მლნ; საბერძნეთი - $18.99 მლნ; გერმანია - $18.1 მლნ; ყაზახეთი - $10.6 მლნ; თურქეთი - $7.74 მლნ; ესპანეთი - $4.33 მლნ; საფრანგეთი - $5 მლნ; ირლანდია - $4.63 მლნ; საფრანგეთი - $4.46 მლნ; აზერბაიჯანი - $3.76 მლნ; ყირგიზეთი - $3.28 მლნ; გაერთიანებული სამეფო - $2.95 მლნ;  

ევროკავშირი: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით, ყაზახეთის მკაფიო პოზიციას მივესალმებით

ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმაოს და გააფართოოს ურთიერთობები ყაზახეთთან ყველა, ორმხრივად მომგებიანი მიმართულებით. ევროკავშირი ყაზახეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო აქებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ყაზახეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ნურტლეუს თანდასწრებით წაიკითხეს. „ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის მკაფიო პოზიციას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით და მის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვას, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების მიმართ პატივისცემას,“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირმა ასევე მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას "აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობისთვის ეუთოს, როგორც საერთო უსაფრთხოების პლატფორმის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ძალისხმევისთვის, გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ცენტრალურ აზიაში." ყაზახეთი მხარს უჭერს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტას „სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.“ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სჭირდება რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება.  

უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დრონებით შეუტიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ დღეს, 15 მარტს დრონებით შეუტიეს კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. წყაროს ცნობით, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს.“ დღეს დილით, კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ძერჟინსკის რაიონში „ჩაახშეს“ 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გუბერნატორის მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა. ნავთობქიმიური საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს კალუგის ოლქის იმ რაიონში, რომელიც შაპშამ დაასახელა. რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქარხნის მილს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. ბოლო სამ დღეში დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს. ასევე, დრონებით იერიში იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო და რომ უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. Bloomberg-ის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის.  

ბორელი: რომის პაპი შევიდა ბაღში, სადაც ის არავის დაუპატიჟებია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კომენტარი გააკეთა რომის პაპის განცხადებებზე, რომლითაც უკრაინას მოუწოდებდა, გამოიჩინოს „თეთრი დროშის გამბედაობა“ და მზად იყოს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის. „მისი უწმიდესი პაპი შევიდა ბაღში, სადაც ის არავინ მიუწვევია,“ - აღნიშნა ბორელმა, რითაც ესპანური იდიომი გამოიყენა, რაც ნიშნავს „საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნას. განადგურებას. რომის პაპის კომენტარების შემდეგ, ვატიკანი აცხადებს, რომ პირველ რიგში რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია.  

ბაირამოვი: აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო მოქმედებენ, როგორც „ხიდის მშენებლები“

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო როგორც კრიტიკული, საიმედო და მდგრადი პარტნიორები, მოქმედებენ როგორც ჭეშმარიტი ხიდის მშენებლები, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის თურქ და ქართველ კოლეგებთან ჰაკან ფიდანთან და ილია დარჩიაშვილთან 15 მარტს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.  ბაირამოვის თქმით, დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა შემთხვევითი არ არის და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრების მე-9 სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში, 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. 2019 წლის შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა. ბოლო სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ დონეზე. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული მოვლენები განვითარდა. მზარდი ზეწოლის ფონზე რეგიონული თანამშრომლობის სერიოზული საჭიროებაა. ეს შეხვედრა საშუალებას აძლევს სამივე ქვეყანას, ისარგებლოს თანამშრომლობით ორმხრივი ინტერესის სფეროებში. ამავდროულად, ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად ღირებულია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით,“ - დასძინა ბაირამოვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო არიან კრიტიკული, სანდო და მდგრადი პარტნიორები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ნამდვილი ხიდის მშენებლები და დგანან გლობალური ძალისხმევის სათავეში, რომლის მიზანიც „გეოპოლიტიკური უწესრიგობის“ შედეგების შემცირებაა. „ამავდროულად, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის ახალი რეპუტაციის შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგიონულ სიტუაციაში ისტორიული ცვლილებები მოხდა. აზერბაიჯანი ინარჩუნებს თავის უნიკალურობას რეგიონში,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.  

დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა - სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება,“ წერს თავდაცვის სამინისტრო. “მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს. „დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.” კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს: “არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.” თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა.   

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა თანამდებობა დატოვა - „სასამართლოს გუშაგი“

ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 14 მარტს ჩატარებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს ორმა წევრმა, ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს. ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო პაატა სილაგაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის საბჭოს წევრად 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს. ამჟამად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა. სასამართლოს გუშაგის ცნობით, შონია და სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. "ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

ყალბი $9 600-ის გასაღების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. „გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა და საბრძოლო მასალა ამოიღეს. „ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა), 273-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო - ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ცენტრად გადაქცევის აუცილებლობას. ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა აღნიშნა, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ მსოფლიოში არაერთი ნეგატიური მოვლენა მოხდა, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია. „აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ „ყარაბაღში გამარჯვებამ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა.“ „ამ მომენტში, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა უკვე შესაძლებელია,” - განმარტა თურქმა დიპლომატმა.  

პიტერ სტანო: სომხეთს შეუძლია, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთოს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება. მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი ქვეყანა წარადგენს განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მას განიხილავენ წევრი ქვეყნები და შემდეგ ისინი იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. „ქვეყნებს აქვთ უფლება, იბრძოლონ თავიანთი ხალხის უკეთესი მომავლისთვის. მათ თავისუფლად შეუძლიათ, გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ ასეთი მომავალი. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითოეულმა ევროპულმა ქვეყანამ – მისმა ხალხმა და მთავრობამ – უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება,“ – განაცხადა პიტერ სტანომ. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 4,2%-ით გაიზარდა

BTC-ით (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით) ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა ცნობილია.2024 წლის იანვარ-თებერვალში, მაგისტრალური ნავთობსადენებით, 6,307,700 ტონა ნავთობია ტრანსპორტირებული, რაც 4,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანგარიში სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი.  

აშშ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების პროექტს იწყებს

აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება (SOTIC)“ - იწყება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საზღვრის მართვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების მუდმივი განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა. გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი - კარენ ჩეისონი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია უწყების შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის მართვის მიმართულებით.  

მაკრონი: უკრაინამ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ყირიმი უნდა დაიბრუნოს

საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყირიმი, რათა იქ ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგუროს. ემანუელ მაკრონი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში „საფრთხის წინაშეა“ და რომ რუსეთის გამარჯვება კიევის წინააღმდეგ, „ნულამდე შეამცირებს ევროპისადმი სანდოობას." მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უზრუნველყოს რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. მოკავშირეებს კი მოუწოდა, არ დააწესონ ერთგვარი ლიმიტი უკრაინის დახმარებაზე. "ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „შეზღუდვას“, „ირჩევს დამარცხებას." აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ერთ დღეს დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება, "პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პუტინი აღარ იყოს პასუხისმგებელი პირი რუსეთში."  ამავე სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ინიციატორი და რომ პარიზი არ ომობს მოსკოვთან. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი, ამას ძალიან მარტივად ვიტყვი: არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ მოხება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება, მათ შორის, ყირიმში,“ - დასძინა მან.   

რამზან კადიროვმა თავისი შვილები „ჩეჩნური ენის დაცვის საბჭოს“ წევრებად დანიშნა

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების თავკაცმა რამზან კადიროვმა ეროვნული ენის შენარჩუნებისა და განვითარების ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა განაახლა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, განახლებულ საბჭოში აკადემიური სტატუსის მქონე ორი პირის გარდა, მოხვდნენ კადიროვის ორი შვილი: 24 წლის ხატიჟატი და 18 წლის ახმატიც. რამზან კადიროვმა 2023 წელი ჩეჩნური ენის წლად გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით შექმნა მშობლიური ენის შენარჩუნების ექსპერტთა საბჭო, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ამასთან, საჯაროდ არ არის ცნობილი, თუ რას საქმიანობს ექსპერტთა საბჭო და რა როლი დაეკისრებათ კადიროვის შვილებს, რომლებიც ბოლო ხანს სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მან ასევე მიიღო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი, რომელიც მისი ბაბუის პატივსაცემად დაარსდა. გასული წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატი სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი გახდა. ხოლო აიშატ კადიროვას ქმარი ვისხან მაცუევი 2023 წლის ივლისში რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა. ჩეჩნეთში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს რამზან კადიროვის ათობით ნათესავი იკავებს. 2018 წელს BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა დათვალა, რომ ჩეჩნეთის 158 მსხვილი ჩინოვნიკიდან 30 პროცენტი რეგიონის მეთაურის ნათესავებზე მოდიოდა.  

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რუსეთმა აშშ-ის 227 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის 227 მოქალაქე „ანტირუსულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შავ სიაში მყოფი ამერიკელები, მოსკოვის მტკიცებით, ჩართულნი არიან "რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ვაშინგტონის პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში." გზავნილში ასევე ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს "საპასუხო ზომას“ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხრიდან მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში შედიან აშშ-ის ადმინისტრაციის, ბიზნეს წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე აკადემიური სფეროსა და კვლევითი ცენტრების ათობით თანამშრომელი. მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მეთიუ მილერი, ვაჭრობის, თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე Washington Post-ისა და New York Times-ის ჟურნალისტები. მანამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორიწლისთავზე აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა.  

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი მეათე სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან მეცხრე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მინისტრმა მეცხრე შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და ყველა მათგანი სრულად უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა აზიიდან ევროპაში ენერგიის ტრანსპორტირების და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში," - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამავე დროს, მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და სამხრეთის გაზის დერეფანი. „მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა შუა დერეფანი სრული დატვირთვით ამოქმედდეს და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი," - დასძინა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.