ძებნის რეზულტატი:

საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზა

საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, პრემიერ ლიგაზე მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. ანტალიაში, ჩვენი ნაკრები ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, გოგიტა არქანიას მეთაურობით, ხუთი სპორტსმენის: დავით ტყებუჩავას, ლუკა ვასაძის, ვალიკო ფონიავას, ხვიჩა კიპაროიძის და მერაბ გელაშვილის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ტურნირამდე ჩვენმა ნაკრებმა საწვრთნელი კემპი სტამბოლში გაიარა, სადაც სპორტის ამ სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ემზადებოდა. სპორტული კარატეს ნაკრები შეჯიბრებაზე საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა. ინფორმაციით, ტურნირამდე საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი კემპი სტამბოლში გაიარა, სადაც აღნიშნული სპორტის სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ემზადებოდა.  

ფინეთმა დღეიდან რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები აკრძალა

ფინეთში დღეიდან რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა. როგორც ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია. მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში. აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. ამ კვირაში ლიეტუვაში მძღოლს უკვე ჩამოართვეს პირველი მანქანა, რომელმაც აკრძალვა დაარღვია. ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს კრძალავენ ფინეთში რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების შესვლა გასული წლის 15 სექტემბერიდან აიკრძალა, სანქციების რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკომისიის განმარტებების შემდეგ. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ექსპორტისთვის ექვსი თვის ვადა დაწესდა. რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ყველა საავტომობილო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბრიდან დაიკეტა. გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შემოდინების გამო მიიღო, რაშიც, ჰელსინკი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. აკრძალვა სულ მცირე 14 აპრილამდე მოქმედებს.   

კიბერსწავლება Cyber Coalition 2024-ის დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

კიბერსწავლება Cyber Coalition 2024 საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  Cyber Coalition NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება. კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო სწავლებაში ბოლო ხუთი წელია, აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.  

ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება

  ალიევმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება, იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. ჩვენი ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის, 9 00 მლნ დოლარის მოცულობის მაჩვენებელიც ამის დასტურია, რომელიც 15 %-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება, იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება, იყოს ძალით უზრუნველყოფილი, ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არამარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. „ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან,  ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგო რესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე. გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით.  რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები, ეს არის იმ წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი  სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას,“ -  განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა. პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში.   პირისპირ შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერს დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.   „ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს ორ ქვეყანას. „ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. „სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება  

საელჩო არკვევს მექსიკაში რამდენიმდ ქართველის ადგილსამყოფელს

საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევს“ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 90 000 დოლარს ითხოვს. „საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების ცნობით. მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული. ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.  

ტუსკი მაიკ ჯონსონს: შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერს მაიკ ჯონსონს მიმართავს. „შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?” - წერს ტუსკი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება 16 მარტს დილით გამოაქვეყნა.  ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მედია 15 მარტს წერდა, რომ პიკერი ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას, თუმცა იმ პირობებით, რომ ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი და კიევს კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით დახმარება. თეთრი სახლი სესხის გამოყოფას არაადეკვატურად მიიჩნევს.  

Politico: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ ბრძოლის ველზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, განუცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა Politico-ს 15 მარტს. ვალტონენის კომენტარები უახლესი დისკუსიების სერიის ნაწილია, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მას შემდეგ გაგრძელდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თებერვალში განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა გამორიცხული არ არის. მაკრონის კომენტარებმა მოკავშირეებს შორის აქტიური დებატები გამოიწვია, NATO-ს ბევრმა წევრმა, მათ შორის, გერმანიამ და აშშ-მ, კატეგორიულად უარყვეს ეს შესაძლებლობა. მაკრონმა ამის შემდეგ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი საფრანგეთისთვის „ეგზისტენციალურია“ და რომ „ყველა ვარიანტი შესაძლებელია.“ ვალტონენმა აღნიშნა, რომ ფინეთს ამჟამად არ სურს ჯარის გაგზავნა და არც მზად არის ამის განხილვისთვის. ამავდროულად, „მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი არ გამოვრიცხოთ, რადგან არასოდეს ვიცით, რამდენად სერიოზული ხდება სიტუაცია.“ მაკრონის წინადადების შემდეგ, ფინეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა საული ნიინისტომ თებერვალში განაცხადა, რომ ის არ იყო უკრაინაში ჯარების გაგზავნის მომხრე. ნიინისტო პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, შეცვალა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის აშკარა მომხრეა. ვალტონენმა განმარტა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდა ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბევრ ევროპულ ქვეყანას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.“  

„ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს“ - პრეზიდენტი დიასპორასთან შეხვედრაზე

„თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ასე რომ, ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რა დროსაც უპასუხა კითხვას, როგორ მოხდება გაყალბებისგან ხმების დაცვა. პრეზიდენტის თქმით, გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა. „მე არაფერს ველოდები თუ ვიქნებით ძალიან ბევრი - ყველამ იცის და მთელ მსოფლიოში ასეა, რომ გაყალბებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური ფორმა და ინსტრუმენტი არის ხმების რაოდენობა. თუ არ გამოვა ხალხი არჩევნებზე, არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბების ყველა მეთოდი ბევრად უფრო ეფექტურია. ასე რომ, ავირჩიოთ, გვინდა მობილიზაცია, გვინდა აქტიურობა, თუ გვინდა, რომ დავუთმოთ გზა შესაძლო გაყალბების მეთოდებს. ეს ამართლებს როგორც შიგნით, ასევე გარეთ- რაოდენობა არის დაცვა. ჩვენ ადმინისტრაციასთან გვაქვს შექმნილი ჯგუფი, რომელიც თვალს ადევნებს და არის ძალიან მჭიდრო კავშირში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რომ თუ იქნება ამ პროცესში ხელის შეშლა და ამ საარჩევნო უბნების გახსნაზე ხელოვნური შეფერხებები, რომ ამაზე ამოვიღოთ ხმა და მოვითხოვოთ რეაგირება. ჩემი მთავარი ბერკეტი ახლაც, ისევე როგორც ყველა საკითხში, არის ხმის ამოღება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საელჩოში საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეიძლება გახდეს დეპორტაციის მიზეზი და მსგავსი ზედამხედველობის პრაქტიკა არ არსებობს. „ყველა ჩემი მცდელობა რომ კიდევ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. ბევრი სხვადასხვა კუთხით შეიძლებოდა გამარტივება ამ ორმაგის მოქალაქეობის პროცედურები. მაგრამ იმის თქმა, რომ მისვლა საელჩოში თუ საარჩევნო უბანზე შეიძლება გახდეს პრობლემა ადამიანებისთვის და ამის გამო დაკარგონ მოქალაქეობა, ეს პრობლემა არ არსებობს, ეს პრაქტიკა არ არსებობს და ეს დამიდასტურა ყველა ელჩმა, ვინც მოვიდა. არანაირი ასეთი დეპორტირებისთვის ზედამხედველობა არ არსებობს ამ სივრცეში, მით უმეტეს ევროპის ქვეყნებში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმ დიასპორას მიმართა, რომ „აუცილებელია, მიიღონ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს.“ მისი თქმით, თუ საქართველოს მრავალრიცხოვანი დიასპორიდან 10% მაინც შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას ,ეს მაღალ აქტივობაში ჩაითვლება.

ზურაბიშვილი „აფხაზი მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე“ მისი კომენტარის “ინტერპრეტირებას“ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

პრეზიდენტის განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ, კანონის არგაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.“ შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილის Facebook-ზე გავრცელდა. მანამდე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.“ „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ზურაბიშვილმა თავისი ფეისბუკპოსტით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა. „სრულიად აღმაშფოთებელია, როდესაც მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის გაგრძელებას თუ დანამატს. რა მოსამართლეებზეა საერთოდ საუბარი და რა ხელისუფლებაზე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დების და ძმების ნებას, ისიც როდესაც ეს ემსახურება ერთიანი საქართველოს იდეას და ინტერესებს, სხვა შემთხვევაში მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს სასწრაფოდ გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და წარდგეს განახლებული მიდგომით საზოგადოების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ნაკარნახევი რბილი ძალით, ან კიდევ უმეცრებით, ერთიც და მეორეც იქნება ძალიან სამწუხარო ჩვენთვის,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს. „ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ადრე მიღებული კანონის, რომელიც მესამე პირებზე გადაცემას ზღუდავს, გაუქმების მცდელობა იყო. ასლან ბჟანიას სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის “შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა, რაც სხვადასხვა ობიექტის, მიწის ნაკვეთებისა და შენობების მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს. საერთაშორისო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბევრმა დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ბევრმა დაინახა, რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა. „ბოლო კვირების განმავლობაში, ბევრმა უკვე დაინახა, რომ რუსეთის ომის სისტემას აქვს დაუცველობა და ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ამ დაუცველობას ჩვენი იარაღით. იგრძნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც მუშაობს უკრაინის გაძლიერებისთვის, რადგან ეს არის მართლაც უკრაინული შორი დისტანციური შესაძლებლობები – რისი გაკეთებაც საკუთარ თვითმფრინავებს შეუძლიათ. უკრაინას ახლა ყოველთვის ექნება თავისი დამრტყმელი ძალა ცაში,“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ოდესაზე თავდასხმას, რომლის დროსაც, 21 ადამიანი დაიღუპა, „რუსეთს აუცილებლად გაეცემა პასუხი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით.“  

მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ლეგიონის  “რუსეთის თავისუფლება”, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება. „ერთმნიშვნელოვნად აქ სუბიექტურობა ჩნდება, მათ დაჯგუფებებს ვეღარ დავარქმევთ, ეს უკვე ძალა ხდება. ახლა რამდენიმე არიან, ერთად მოქმედებენ, ახლოს არიან გაერთიანებასთან რუსეთის ტრანსფორმაციის საერთო ხედვის გარშემო. მათ შეუერთდებიან რუსეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც იმყოფებიან,” - განაცხადა ბუდანოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შენაერთების წარმომადგენლები “უახლოეს პერიოდში გაჩერებას არ აპირებენ. „24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მათ დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.  

ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე იულია ნავალნაიას მიმართვა უჩვენეს, მან ორბანს „პუტინის თანამზრახველი“ უწოდა

ბუდაპეშტში გამართულ ოპოზიციის აქციაზე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლის იულიას ვიდეომიმართვა აჩვენეს, რომლის დროსაც,მან ვიქტორ ორბანს "პუტინის ერთ-ერთი თანამზრახველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც პუტინი არ წარმოადგენს მთელ რუსეთს, ასევე არ შეიძლება უნგრეთის ორბანთან გაიგივება. აქცია ბუდაპეშტის მერმა სტუდენტურ ასოციაციებთან ერთად მოაწყო. ამ დღეს ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში, ეროვნული მუზეუმის წინ მიმართა. „რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას ევროპული ერთიანობის შელახვაში. რატომ არ ეშინია მას შედეგების? რადგან მან იცის, რომ ისინი მას დაიცავენ. რატომ კლავს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან მან იცის, რომ ევროპელ მეგობრებიი მას გადაეფარებიან", - განაცხადა იულია ნავალნიამ. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.  

რუსეთში საპროტესტო აქცია - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

რუსეთის - აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ” დაიწყო. ნოვოსიბირსკის საარჩევნო უბნებზე რიგები უკვე გაჩნდა. ჩიტაში, საარჩევნო უბნების წინ გაძლიერებულია პოლიციის მეთვალყურეობა. რადიო თავისუფლების ცნობით, "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებს, 12 საათამდე გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე. ყველა, ვინც არ ეთანხმება კრემლის პოლიტიკას, ამ გზით შეძლებს შეხვდეს თანამოაზრეებს და დაინახოს, რომ ისინი მარტო არ არიან. იდეა სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს „იაბლოკოდან“ მაქსიმ რეზნიკს ეკუთვნის. მას მხარს მრავალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის, ალექსეი ნავალნიც უჭერდა მხარს. 17 მარტი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მესამე და ბოლო დღეა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები არჩევნებს არათავისუფალ და არაკონკურენტულად აფასებენ. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობის უფლება არცერთ რეალურ ოპოზიციურ კანდიდატს არ მიეცა. კენჭისყრის პირველ დღეს, 15 მარტს, ამომრჩეველთა აქტივობამ 38%-ს გადააჭარბა, მეორე დღეს - 58%-ს. იყო საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების და ბიულეტენების დაზიანების მცდელობები, როდესაც საარჩევნო ყუთები მელნით და მწვანე საღებავით შეღებეს.  

მაკრონი: ჩვენ არანაირი ლიმიტი არ გვაქვს, რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოვახდენთ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას არ აქვს ლიმიტი უკრაინის დახმარებაში და რუსეთის ქცევაზე რეაგირებას მოახდენს. „მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ გავყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ, რომ არ გვაქვს ლიმიტი და რეაგირებას მოვახდენთ იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი,“ - აღნიშნა მაკრონმა. მისი თქმით, დღეს უკრაინაში სიტუაცია ისე რთულია, როგორც არასდროს. რუსეთი გადავიდა ომის ეკონომიკაზე და საერთაშორისო ასპარეზზე "ბევრი გაურკვევლობაა პერსპექტივების შესახებ." „ამიტომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არამხოლოდ როგორ მივიდეთ მშვიდობისკენ, არამედ, როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდება. თუ მტერი ამბობს, რომ ლიმიტი არ არსებობს, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ლიმიტი?“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. კითხვას, უპასუხებს თუ არა ტელეფონს, თუ მას ვლადიმირ პუტინი დაურეკავს, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, ვუპასუხებ. რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მოვუსმენ იმას, რასაც ის მთავაზობს. მე მჯერა. რომ საფრანგეთის როლია, როგორც ჩერჩილი იტყოდა, ომის ნერვი იყოს. აუცილებელია, ერთი მხრივ, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს დეესკალაციას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად, გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. სწორედ ამიტომ, თუ მოულოდნელად მას მოუნდება რაიმეს შეთავაზება, მე მოვუსმენ მის წინადადებას, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ ერთადერთი მოლაპარაკება არის მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობენ ორი სახელმწიფოს (რუსეთისა და უკრაინის) მეთაურები,“ - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.  

რუსეთი მის ოლქებზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა წუხელ მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგას, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში და კრასნოდარის მხარეში 35 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსეთი აცხადებს, რომ ღამით 8 ოლქში 35 დრონი ჩამოაგდეს. „გასულ ღამეს და 17 მარტის დილას აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში. უწყების განცხადებით, ყველაზე მეტი - 17 უპილოტო საფრენი აპარატი - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი - მოსკოვისა და იაროსლავის ოლქებში, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ორი - კალუგაში და თითო-თითო ორიოლისა და როსტოვის ოლქებში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დრონით ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად, კომპანიის ერთი თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის დომოდედოვოს, რამენსკის და სტუპინსკის რაიონებში. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ამ ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია. Reuters-ი წერს, რომ ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე. „მოსკოვი კიევს არჩევნების დივერსიაში ადანაშაულებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორი წლის წინ მეზობელ უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა," - წერს სააგენტო.  

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მორიგი ვულკანური ამოფრქვევის გამო, სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა. BBC წერს, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანური აქტივობის წინა პერიოდი მე-13 საუკუნით თარიღდება, როდესაც ამოფრქვევები გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში. ამჟამინდელი ამოფრქვევა 2021 წლის შემდეგ მეშვიდეა და მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტერიტორია ახალ ვულკანურ ეპოქაში შედის, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში.  

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაკავებების ფონზე გრძელდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტების საქმეზე: საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობისა და საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების გამო. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა ევროპა“ რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით წერს. საქმე საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლის მუხლით არის აღძრული, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავდროულად, სახელმწიფო სათათბირო აცხადებს, რომ ისინი აპირებენ მოამზადონ კანონპროექტი პასუხისმგებლობის გამკაცრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედებები საზღვარგარეთიდან არის კოორდინირებული საომარი მოქმედებების დროს. 16 მარტს, საღამოს, არჩევნების მეორე დღეს, ცესკოს მონაცემებით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 58 პროცენტს გადააჭარბა. შაბათს მწვანე საღებავით ბიულეტენების გაფუჭების მცდელობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა - ეკატერინბურგში, ალტაის მხარეში და კალინინგრადის რეგიონში. სულ ასეთი 20-მდე ფაქტი მოხდა. დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. რუსეთში საპროტესტო აქცია - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს  

უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს „ს-300“ ტიპის ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით, ჩერნიგოვის ოლქს - კი „ხ-59“ ტიპის ორი მართვადი რაკეტით შეუტიეს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ასევე 16 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უკრაინელებმა 14 მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.  

მაკრონი უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინაში კონკრეტული წინადადებებითა და გადაწყვეტილებებით ჩასვლას აანონსებს. ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ მისი ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.“ „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით,“- განაცხადა მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი იქნება "ძლიერი გზავნილი და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები". ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.