ძებნის რეზულტატი:

რუსეთთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, უკრაინის დელეგაცია ერდოღანს შეხვდა

ანდრეი ერმაკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმაც მიიღო. „სამშვიდობო პროცესის დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება რეალურ ადამიანებს, რეალურ ბავშვებს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა და ყველა მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს, “ - წერს ანდრეი ერმაკი. „ასევე, განვიხილეთ მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, რათა ომის დასრულების მიზნით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ,“ - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე იწყება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინის დელეგაცია სტამბოლის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. სტამბოლი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს მესამედ მასპინძლობს.   

უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა

უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.    ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უზბეკეთის სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები.   „მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ვაჭრობაზე, რომელიც ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით, ექსპორტი კი - 27 პროცენტით გაიზარდა, რაც შეეხება 2025 წელს, იანვარი - მაისის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით, ექსპორტი კი 46 პროცენტით გაიზარდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სავაჭრო ბრუნვის ზრდადი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი დიდია.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია მეტად ითანამშრომლოს უზბეკეთის მხარესთან, ასევე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ჩატარება. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას უზბეკური ტვირთების საქართველოს დერეფანში ტრანსპორტირების კუთხით.   შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, მათ შორის, დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, თბილისის ახალი აეროპორტი და სხვ. უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროცესში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.   შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზეც. მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე, თავის მხრივ, აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია საკუთარი მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, რისთვისაც განიხილავს თანამშრომლობას დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან.   ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ფუნქციონირებენ უზბეკური ინოვაციური კომპანიები. უზბეკეთის მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს გამოცდილება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ ბოლო წლებია საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამი ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ ფრენებს, რაც დადებითად აისახა საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ზრდაზე - 2024 წელს ეს მაჩვენებელი 23,4 პროცენტით გაიზარდა, 2025 წლის პირველ ნახევარში კი - 14,5 პროცენტით. ითქვა, რომ პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის დამატებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სექტორში,“ წერს ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ პრესრელიზში.   შეხვედრას უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.

აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე, Amazon-მა შანხაის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია დახურა

Amazon-ი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს ხურავს. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება. ლაბორატორიის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ WeChat-ზე დაწერა, რომ გუნდი „აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სტრატეგიული ცვლილებების“ გამო იშლებოდა. მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში გუნდმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა და შეიმუშავა ღია კოდის პლატფორმები, რამაც კომპანიას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ლაბორატორიაში დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა არ არის გამჟღავნებული. შეგახსენებთ: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ექსპორტის „შავ სიაში“ ჩინური ჩიპების მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის დამატებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ, ჩინეთთან ურთიერთობებში „დიდი პროგრესი“ იყო მიღწეული. ჩინეთმა აშშ-ის ახალი შეზღუდვები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი სავაჭრო მოლაპარაკებების დროს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებს არღვევს.  

ისტორიული შეთანხმება: ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრისპირა ფულადი გზავნილების სისტემა დანერგეს

ყირგიზეთმა და უზბეკეთმა პირველი საზღვრისპირა ფულადი გზავნილების სერვისი ოფიციალურად დანერგეს. შეთანხმება ქვეყნების ეროვნულ საგადახდო სისტემებს - Elkart-სა და UZCARD-ს შორის შედგა, რასაც რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევენ. „ახალი სერვისი ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს თანხების პირდაპირ ბარათიდან გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო საგადახდო სისტემების გვერდის ავლით,“ წერს ყირგიზული მედია. სისტემა ბიშკეკში გამართული ოფიციალური პრეზენტაციის დროს ამოქმედდა. ყირგიზეთში მომხმარებლებს სერვისზე წვდომა Elkart Mobile აპლიკაციის საშუალებით, ხოლო უზბეკეთში - UNIRED აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. ყირგიზეთის ბანკთაშორისი დამუშავების ცენტრის (IPC) თავმჯდომარემ ალტიმიშ ტურატბეკოვმა, განაცხადა, რომ ინიციატივა ცენტრალურ აზიაში ერთიანი ფინანსური ეკოსისტემის შექმნის უფრო ფართო ვალდებულებაზე მიუთითებს. უზბეკეთსა და ყირგიზეთს ისტორიულად ჰქონდათ რთული ურთიერთობა, განსაკუთრებით, საზღვრის დემარკაციის, წყლის რესურსების გამოყენებისა და ეთნიკური კონფლიქტების გამო (მაგალითად, 2010 წლის არეულობები). ასეთ ფონზე ამგვარი თანამშრომლობა ნიშნავს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას. ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ცენტრალურ აზიაში ფულადი გზავნილების ერთიანი სისტემა ამარტივებს და ამცირებს ხარჯებს ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც მუშაობენ ერთ ქვეყანაში და ოჯახები ჰყავთ მეორეში. ეს ხელს შეუწყობს: შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციას მცირე ბიზნესების განვითარებას საზღვრისპირა რეგიონებში არაფორმალური ფულადი გადარიცხვების შემცირებას  

მედია: მილიარდერ ამბანის მიერ კონტროლირებადი, ინდური ნავთობგიგანტი რუსული ნავთობის ალტერნატივას ეძებს

მედიის ცნობით, ევროკავშირის ახალი სანქციების ფონზე, ინდურმა კომპანია Reliance Industries-მა, რომელიც დღეში თითქმის 600 000 ბარელ ნავთობს ამუშავებს, რუსული ნავთობის ალტერნატივების ძიება დაიწყო. კერძოდ, მილიარდერ მუკეშ ამბანის მიერ კონტროლირებადმა Reliance Industries Ltd.-მ 18 ივლისის სანქციების პაკეტის გამოცხადების შემდეგ, აბუ-დაბიდან ნავთობი შეიძინა, რაც იშვიათი შემთხვევაა.  „მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, როგორც წესი, რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან უფრო იაფ კლასს ყიდულობს, ამჯერად მან პრემიუმ ვარიანტი აირჩია,“ იუწყება Bloomberg-ი.  Reliance-ის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. Bloomberg-ი წერს, რომ კომპანია უკვე ეძებს ალტერნატივებს ახლო აღმოსავლეთში. თუმცა საკითხი კვლავ ღიად რჩება - შეძლებს თუ არა ის რუსეთიდან ყოველდღიურად იმპორტირებული დაახლოებით 600,000 ბარელის ჩანაცვლებას და რა ფასად. როგორც ცნობილია, 18 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რუსეთის ენერგეტიკულ, საბანკო და სამხედრო სექტორებზე, ასევე ,ევროკავშირთან ვაჭრობაზე. ამავდროულად, Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ნედლი ნავთობიდან დამზადებული საწვავის ნაკადის შეზღუდვას, ძალაში 2026 წლის იანვარში შევა.  

საუდის არაბეთში THAAD-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა პირველად იფუნქციონირებს

საუდის არაბეთის პირველი THAAD-ის ტიპის სარაკეტო ბლოკი სრულად ფუნქციონირებს. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა, გენერალმა ერიკ კურილამ ახლო აღმოსავლეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ განაცხადა. არაბთა გაერთიანებულ საამიროების შემდეგ, სპარსეთის ყურის მეორე სახელმწიფოა, რომელიც Thaad ტექნოლოგიას იყენებს. ამერიკული წარმოების მოწინავე სისტემას ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია. მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 3.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა საუდის არაბეთისთვის მოწინავე რაკეტებისა და იარაღის მიყიდვისთვის. შეთანხმება გულისხმობს სამეფოსთვის 1000 საშუალო რადიუსის ჰაერი-ჰაერის ტიპის მოწინავე რაკეტის (AMRAAM) და 50 AIM-120C-8 AMRAAM-ის მართვის სექციის გაყიდვას. ვაშინგტონმა ასევე დაამტკიცა საუდის არაბეთისთვის ზუსტი მართვადი იარაღის სისტემების გაყიდვა.   

თურქულმა დრონების მწარმოებელმა Baykar-მა Korean Air-თან კონტრაქტი გააფორმა

სამხრეთ კორეის ფლაგმანურმა ავიაკომპანია Korean Air-მა და თურქულმა უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) მწარმოებელმა Baykar-მა ოთხშაბათს, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე (IDEF) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება Baykar-ის გენერალურმა მენეჯერმა ჰალუკ ბაირაქტარმა და Korean Air-ის გენერალურმა მენეჯერმა გააფორმეს. IDEF-ზე გამოსვლისას, ბაირაქტარმა ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებას და განაცხადა, რომ მთავარი მიზანია ყველა სფეროში დამოუკიდებლობის მიღწევა, საკმარისი სიმძლავრის ქონა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ Baykar-ი გლობალური უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) ბაზრის 60%-ს აკონტროლებს.   

მედია: პუტინის მიერ დამტკიცებული რეგულაციების გამო, შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის ექსპორტი შეჩერდა

რუსეთის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების გამო, შავი ზღვის გავლით ყაზახური ნავთობის ექსპორტი დროებით შეჩერდა - წყაროები პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, უცხოურ გემებს ქვეყნის პორტებში შესასვლელად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანხმობა დასჭირდებათ შავი ზღვის პორტებში, ტანკერებზე რუსული ნავთობის გადატვირთვა შეჩერდა მას შემდეგ, რაც პუტინმა FSB-ს, რუსულ პორტებში უცხოური გემების შესვლის დამტკიცების უფლებამოსილება მიანიჭა. წერს უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების გამო, შავი ზღვის გავლით ყაზახური ნავთობის ექსპორტი დროებით შეაჩერა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოურ გემებს რუსეთის პორტებში შესასვლელად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისგან (FSB) ნებართვას ავალდებულებს. განკარგულებაში ნათქვამია, რომ უცხოური გემების შესვლის ნებართვა პორტის ხელმძღვანელობამ უნდა შეუთანხმოს FSB-ს. ახალი წესები ძალაში, ორშაბათს, 21 ივლისს, განკარგულების გამოქვეყნებისთანავე შევიდა. კრემლში არ ასახელებენ გადაწყვეტილების მიღების ზუსტ მიზეზს, თუმცა Financial Times‑ზე წერს, რომ ტრანსპორტის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას არაჯეროვნად ასრულებდა. უფრო ადრე, პუტინმა ტრანსპორტის მინისტრი რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სტაროვოიტმა თავი იმავე დღეს თავი მოიკლა. Reuters-ის წყაროების ცნობით, ნოვოროსიისკის ნავთობის ექსპორტისა და ტრანზიტის მოცულობა ივლისში დაახლოებით 2.2 მილიონ ტონას მიაღწევს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, უცხოურ ნავთობტანკერებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის შავი ზღვის მთავარ პორტებში ნავთობის გადატვირთვა, რაც ფაქტობრივად ბლოკავს ყაზახურ ექსპორტს, რომლის ნაწილიც აშშ-ის ენერგეტიკული კომპანიების საკუთრებაში არსებული კონსორციუმია. Reuters-ის გამოთვლებით, ნოვოროსიისკის პორტის დროებით გათიშვას შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე დიდი გავლენა ჰქონდეს — ნავთობის მიწოდება მთელი მსოფლიოსთვის 2%-ზე მეტით შემცირდება. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Ust-Luga-ს, Tuapse-სა და Novorossiysk-ის პორტებში პერიოდულად ფიქსირდებოდა აფეთქებები. უკრაინას, ოფიციალურ დონეზე, უმეტეს შემთხვევაში არ დაუდასტურებია პორტებზე შეტევა, თუმცა არაერთხელ მიუთითებია, რომ მსგავსი ოპერაციები შესაძლოა, განხორციელებული იყოს უკრაინული ძალების მიერ, განსაკუთრებით — უსაფრთხოების სამსახურების (SBU ან HUR) მიერ.  uapse-ზე 2024 წელს თავდასხმის შემდეგ, SBU-მ არაოფიციალურად მიანიშნა პასუხისმგებლობაზე.  Ust-Luga-ს 2025 წლის შეტევისას, Kyiv Independent და FT წერდნენ, რომ "თავდასხმაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური", თუმცა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.    

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის HAWK-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის III ფაზის სარაკეტო სისტემის, Bradley-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების, შეიარაღებისთვისა და მათი შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობის, მომსახურებისა და დოკუმენტაციის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) კონგრესს შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით საჭირო სერტიფიკაცია გადასცა. DSCA-ს განცხადებით, უკრაინის მთავრობამ HAWK-ის სარაკეტო სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების შესყიდვა ითხოვა, მათ შორის, სისტემისა და რაკეტების სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური დოკუმენტაცია, წვრთნები, აშშ-ს მთავრობისა და კონტრაქტორის ტექნიკური მხარდაჭერა და ა.შ. „შეთავაზებული მიყიდვა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს დაეხმარება უკრაინის მხრიდან საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობის გაძლიერებით. შეთავაზებული მიყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს ახლანდელ და სამომავლო საფრთხეებს მისი დამატებით შეიარაღებით,” - ვკითხულობთ განცხადებებში. Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანების და აღჭურვილობის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ხოლო HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემების - დაახლოებით 172 მილიონი დოლარი. Bradley-ის 25მმ-იანი ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამიზნეებზე თავდასხმისას ჯარისკაცების ფრონტზე გადაყვანა შეუძლია, HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემები კი, საშუალო მანძილის “მიწა-ჰაერის” ტიპის სისტემაა.  

„ზელენსკი მზად არის პუტინთან შესახვედრად“ - სტამბოლის მოლაპარაკების დეტალები

23 ივლისს, სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. უკრაინულ მხარეს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი წარმოადგენდა. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინამ ამ შეხვედრაზეც წამოწია ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და პრეზიდენტების შეხვედრის საკითხები. უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით ლიდერების დონეზე შეხვედრა რუსეთს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზა. უმეროვის თქმით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებზე. მას არ დაუკონკრეტებია რუსული მხარის რეაქცია ამ შემოთავაზებაზე. უმეროვი აცხადებს, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა შექმნიდა საფუძველს ეფექტიანი დიპლომატიისთვის. „მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის ახლავე და არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. და მეორე მხარის გადასაწყვეტია დათანხმდება თუ არა ამ საბაზისო ნაბიჯს მშვიდობისკენ.” “ხაზი გავუსვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ნამდვილი. ის უნდა მოიცავდეს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების სრულად შეჩერებას.” შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტყვეების გაცვლა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების (მათ შორის, ბავშვების) გათავისუფლება. უმეროვის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯები. მანვე აღნიშნა, რომ რუსული მხარე დათანხმდა იმ ხალხის დაბრუნებას, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტია იმყოფებიან, მათ შორის მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა პირების. უმეროვის თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის ჰუმანიტარულ გაცვლაში 1,200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბავშვების სიაში არიან პირები, რომლებიც არასდროს ყოფილან რუსეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე - ზრდასრულები: “ბავშვები ბრუნდებიან. ეს ძალიან დელიკატური საკითხია. აღმოჩნდა, რომ იმ სიაში ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ბავშვი არასდროს ყოფილა რუსეთის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, სადღაც ევროპაში არიან, არ ვიცი. ამ სიაში 50 გვარი ბავშვის არ აღმოჩნდა, არამედ საკმაოდ ზრდასრულები. ამიტომ ეს სია სულ ვიწროვდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ თითოეულ სახელზე.“ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დელეგაციის წევრმა ოლექსანდრ ბევზმა დააზუსტა, რომ შეხვედრისთვის შეთავაზებული პერიოდი ესადაგება აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპელი პარტნიორების მიერ დაწესებულ ვადას. „ჩვენ ამჯერადაც გამოვედით ლიდერების შეხვედრის შეთავაზებით, ვინაიდან გვესმის, რომ ფუნდამენტური პრობლემები ასეთ დონეზე შეიძლება, გადაწყდეს. უკრაინის დელეგაციის შეთავაზებაა ასეთი შეხვედრა გაიმართოს აგვისტოში. რატომ აგვისტოში? - იმიტომ, რომ ნებისმიერი დღე ესადაგება ჩვენი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების ხედვასა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დათქმულ ვადას გადაწყვეტის მისაღწევად. მოველით, რომ რუსეთის მხარე ამჯერად სერიოზულად განიხილავს ლიდერების შეხვედრას, ვინაიდან ეს თანხვედრაშია პრეზიდენტს ტრამპისა და ევროპელი პარტნიორების მიერ დაწესებულ ვადასთან.“ ბრიფინგზე მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრისთვის უკრაინის მხარის მიერ შეთავაზებული თარიღის დაზუსტებაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა: „ეს არის მოქმედი და ღია წინადადება, რომელიც შესაძლოა, შესრულდეს ნებისმიერ დროს. თუ პუტინი გამოვა ხვალ და იტყვის, მზად ვარ პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდეო, პრეზიდენტი ზელენსკი მზად იქნება მას ხვალვე შეხვდეს. რუსეთში გადაწყვეტილებებს იღებს ერთი პირი და თუ გვინდა გადაწყვეტილების მიღება ცეცხლის შეწყვეტაზე ან მსგავს საკითხზე, საჭიროა ეს პირი იყოს ოთახში. ...პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, დაჯდეს და დაელაპარაკოს პუტინს.“ ტიხიმ აღწერა მოლაპარაკებათა მესამე რაუნდზე არსებული ატმოსფეროც: „დელეგაციის წევრებს ვკითხე ატმოსფეროზე და მითხრეს, რომ უწინდელი შეხვედრებისგან ცოტათი განსხვავებული იყო: ნაკლები ემოცია და ლირიკული მხარე ჰქონდა. უფრო მშვიდი, კონსტრუქციული საუბარი იყო.“ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ ლიდერების შეხვედრას სათანადო მომზადება სჭირდება და რომ ასეთ შეხვედრაზე მხოლოდ მომზადებულ შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი: „ამ შეხვედრაზე შეთანხმება კი არ უნდა განიხილონ, არამედ წერტილი უნდა დაისვას, ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას. როგორც ჩვენთან იტყვიან, საქმის ბოლო გვირგვინის დადგმაა. შეხვედრას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნულიდან, თავიდან იყოს განხილული, აზრი არ აქვს. ...ასე რომ, შეხვედრა სათანადოდ უნდა მომზადდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება მას აზრი. ეს პოზიცია გავაცანით უკრაინულ მხარეს.“ მედინსკიმ უპასუხა შეკითხვას - ეშინია თუ არა რუსეთს ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ სანქციათა ახალი პაკეტისა და აშშ-ისგან მოსლოდნელი სანქციების? თავიდან მედინსკიმ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა მოლაპარაკებებზე ჩასულ დელეგაციას არ ეხება: „ისე გეტყვით: რევოლუციის შემდეგ სამოქალაქო ომის შემდეგ, სანქციები კი არა, საბჭოთა რუსეთს აბსოლუტური დიპლომატიური და ეკონომიკური ბლოკადა გვქონდა ყველას მხრიდან! ყველასი! და რა, ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის მეორე მსოფლიო ომში გაგვემარჯვა." უკრაინული მედია წერს, რომ რუსული მედია ავრცელებს ჭორებს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვსა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ვლადიმერ მედინსკის შორის სტამბოლში ორმხრივი შეხვედრის შესახებ და ეს ინფორმაცია ყალბია.  

ISW: რუსეთი ამახინჯებს უკრაინაში შიდა პროტესტების არსს

აშშ-ში დაფუძნებული, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე შიდა საპროტესტო აქციებს საინფორმაციო ომის ინსტრუმენტად იყენებს უკრაინის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისა და კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის შესასუსტებლად. ISW-ის მონაცემებით, კრემლის პროპაგანდისტები და ჩინოვნიკები ამახინჯებენ პროტესტების არსს, წარმოაჩენენ მათ, როგორც ომის საწინააღმდეგო და ზელენსკის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს. ასეთი რიტორიკა ისმის როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში, ასევე რუსულ მედიაში. ეს კრემლის სტრატეგიის ნაწილია: ომის გახანგრძლივება, დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება და ფრონტის ხაზზე უპირატესობის მოპოვება. 22 ივლისს, რადამ მიიღო კანონი No12414, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) დამოუკიდებლობას. კანონმა საპროტესტო აქციები გამოიწვია კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში. NABU-ს ხელმძღვანელმა პრეზიდენტს ვეტოსკენ მოუწოდა, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რითაც ანტიკორუფციული სააგენტოების რუსული გავლენისგან „გაწმენდის“ აუცილებლობა გამოაცხადა. ერთი დღით ადრე, SBU-მ და უკრაინის სხვა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს ჩხრეკა და დააკავეს NABU-ს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე. NABU-მ განაცხადა, რომ SBU-მ ადრე შეამოწმა ეს თანამშრომელი და მისი დანაშაულის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა.  

ნაციონალიზებული დომოდედოვოს აეროპორტი გაკოტრების პირასაა

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ახალმა ხელმძღვანელმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაინიშნა მისი ნაციონალიზაციის შემდეგ, განაცხადა, რომ აეროპორტს ფინანსური კოლაფსი ემუქრება. მისი თქმით, კომპანია 70 მილიარდ რუბლზე მეტი ვალითაა დატვირთული, ხოლო წლიური სარგებელი უარყოფითია. ივანოვი აღნიშნავს, რომ მგზავრთა რაოდენობა შემცირდა 20 მილიონიდან 13 მილიონამდე, რაც შემოსავლების მკვეთრ ვარდნას იწვევს. პრობლემას ასევე აუარესებს ტერმინალ T2-ის მშენებლობის ვალები და დიდი საპროცენტო გადასახადები. ხელმძღვანელობა კრედიტორებთან ვალების გადავადებასა და ახალი ინვესტორების მოძიებას ცდილობს, რათა აეროპორტმა საქმიანობა გააგრძელოს და გაკოტრება თავიდან აირიდოს.  

რუსეთი წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 ივლისს წვრთნები - „ივლისის ქარიშხალი“ დაიწყო. მანევრები 27 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობენ საბრძოლო გემები, წყალქვეშა ნავები, ავიაცია და უპილოტო სისტემები. თავდაცვის სამინისტროს თქმით, ყურადღება ექცევა სწრაფ რეაგირებას, სანაპირო თავდაცვას და მეზღვაურების ტაქტიკურ მზადყოფნას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი უკავშირდება შორეულ აღმოსავლეთში მზარდ დაძაბულობას და რუსეთის მცდელობას, რეგიონში სამხედრო კონტროლი გააძლიეროს. კამჩატკა და სამხრეთ კურილები მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამხედრო, არამედ, იარაღის სტრატეგიული თვალსაზრისით (მაგ., რაკეტები, უპილოტოები)

Reuters: ჩინური ძრავები დრონების მწარმოებელ რუსულ სახელმწიფო კომპანიაში, ფარულად იგზავნება

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დრონების მწარმოებელ კომპანიას, ჩინეთში დამზადებული ძრავის ნაწილები ფიქციური კომპანიების გავლით, ფარულად მიეწოდება. დასავლეთის სანქციების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთში გაგზავნილ ნაწილებს "სამრეწველო გაგრილების დანადგარებად" მოიხსენიებენ. სააგენტოს ინფორმაციით, რუსული დრონები, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება, მუშაობენ ჩინური წარმოების ძრავებით, რომლებიც საიდუმლოდ „გაცივების დანადგარებად“ ფუთავენ.  Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება დადო, რომელიც მიმდინარე წელს 6 000 Гарпия-ს ტიპის დრონის წარმოებას გულისხმობს. ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, 2 000-ითაა გაზრდილი და დოკუმენტის მიხედვით, აპრილისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიაწოდეს 1 500 მსგავსი დრონი. Reuters-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ Гарпия-ს ნაწილების რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. „ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცალმხრივ სანქციებს, რომელიც არ ემყარება საერთაშორისო სამართალსა და არ არის მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ," განაცხადა სამინისტრომ.  

აზერბაიჯანი თურქეთის კილისის მილსადენით, სირიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას იწყებს

პირველი აგვისტოდან, თურქეთის კილისის მილსადენის მეშვეობით სირიაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება დაიწყება. თურქული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს სირიის დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენას და თურქეთის რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევის მიზნის განმტკიცებას. აღსანიშნავია, რომ „სოკარს“ და სირიას შორის ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის მზადება დასრულებულია. პირველ ეტაპზე სირიაში ყოველწლიურად, 1,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გაგზავნა იგეგმება. გაზი გაივლის თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ კილისს და მიაღწევს ალეპოსა და ჰომსის ელექტროსადგურებს, სადაც გამოყენებული იქნება ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ამის წყალობით, დაგეგმილია დაახლოებით 1200-1300 მეგავატის სიმძლავრის წარმოება. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და სირიის მხარეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.  

ტრამპმა აშშ-ევროკავშირის შეთანხმება გამოაცხადა, რაც უკრაინის დახმარებასაც მოიცავს

აშშ-მ და ევროკავშირმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის ფარგლებშიც ბრიუსელი სრულად დააფინანსებს ამერიკული შეიარაღების შესყიდვას, რისი ნაწილიც უკრაინაში გაიგზავნება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმებაში წერია, რომ ევროკავშირი აშშ-ში ფულს დახარჯავს თავდაცვით კომპანიებზე, რაც "სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო." სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის HAWK-ის სარაკეტო სისტემის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქის ექსტრადირებას მოსკოვიც ითხოვს

საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქის ექსტრადირებას მოსკოვიც ითხოვს.  მოლდოვის პოლიციის უფროსმა ვიორელ ჩერნეუცანუმ განაცხადა, რომ მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა რუსეთში, სადაც ის არ დაუკავებიათ. „ჩვენი მოსაზრებით, ამ ფორმით მოსკოვი ცდილობს მის რუსეთში ჩაყვანას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას,“ – განაცხადა მოლდოვის პოლიციის უფროსმა. ჩერნეუცანუს თქმით, ინტერპოლის წესებით, დამნაშავე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, იმ ქვეყანას გადაეცემა, რომელმაც პირველმა მოითხოვა მისი დაკავება. მოლდოვამ ვლად პლახატნიუკზე ძებნა მარტში გამოაცხადა. ცნობისთვის, 22 ივლისს საბერძნეთში ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავეს და ასევე ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცაცუ. მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე წამოიწყო.  

პირველკლასელების სახელმძღვანელოებში პუტინის მიმართვა გამოჩნდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაწერა მიმართვა, რომელიც ყველა პირველკლასელის სახელმძღვანელოში შევა. პუტინმა მოამზადა პირველკლასელებისადმი მიმართვა, რომელიც სახელმძღვანელოს ახალ გამოცემაში იქნება შეტანილი. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.  „ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში მოსული ყველა ბავშვი დაინახავს, რომ არამხოლოდ მისი ოჯახი, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ, რუსეთის პრეზიდენტიც ულოცავს მას ამ მშვენიერ დღეს,“ - განაცხადა პუტინის მრჩეველმა ელენა იამპოლსკაიამ. ის განმარტავს, რომ პუტინმა უკვე მოამზადა მიმართვა, რომელიც სკოლებსა და ბუკვარებში დაემატება. „ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში მოსული ყველა ბავშვი დაინახავს, რომ არამხოლოდ მისი ოჯახი, არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ, რუსეთის პრეზიდენტიც ულოცავს მას ამ მშვენიერ დღეს,“ - აღნიშნა იამპოლსკაიამ.  

უიტკოფის განცხადებით, აშშ-მ მომლაპარაკებლები გაიწვია, რადგან “ჰამასის” პასუხი აჩვენებს, რომ შეთანხმების მიღწევა არ სურთ

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებაზე “ჰამასის” პასუხი აჩვენებს, რომ მათ შეთანხმების მიღწევა არ სურთ, აშშ-მა მომლაპარაკებლები გაიწვია და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.  უიტკოფის თქმით, აშშ-მა დოჰაშ მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი მომლაპარაკებლები გაიწვია და ვაშინგტონი “ალტერნატიული ვარიანტების” ძიებას დაიწყებს, ვინაიდან “ჰამასის” ბოლო პასუხი “ნათლად აჩვენებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე სურვილის ნაკლებობას.” „მიუხედავად იმისა, რომ მედიატორებმა დიდი ძალისხმევა გაწიეს, “ჰამასს” კოორდინირებულობა და კეთილსინდისიერად მოქმედება არ ეტყობა. ახლა ალტერნატიულ ვარიანტებს განვიხილავთ მძევლების დასაბრუნებლად და ღაზას ხალხისთვის უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად. სამწუხაროა, რომ “ჰამასმა” ეგოისტურად იმოქმედა. ჩვენ მტკიცედ ვეძებთ ამ ომის დასარულსა და ღაზაში სამუდამო მშვიდობას,” - განაცხადა უიტკოფმა. მას არ დაუკონკრეტებია, რა “ალტერნატიულ ვარიანტები” შეიძლება განიხილოს ვაშინგტონმა.  

ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთი სამოქალაქო პირებზე თავდასხმებით პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას რუსეთი სამოქალაქო პირებზე თავდასხმებით პასუხობს. „გუშინ, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაეცა წინადადება დაუყოვნებლივი და სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პასუხად, რუსულმა დრონებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები და „პრივოზის“ ბაზარი, ჩერკასში საცხოვრებელი კორპუსები, ხარკოვის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ზაპოროჟიეში უნივერსიტეტის სპორტდარბაზი დაბომბეს. ასევე, მათ დონეცკის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბეს,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკის თქმით, რუსულმა ძალებმა 103 დრონი და 4 რაკეტა გამოიყენეს. „სამწუხაროდ, ხარკოვის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. ჩერკასში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსეთი ტერორს აგრძელებს და ცდილობს, დიპლომატიას ხელი შეუშალოს“. „ამიტომ, აუცილებელია სრულმასშტაბიანი სანქციები და ჩვენ მიერ დარტყმების განხორციელება მათ სამხედრო ბაზებსა და სამხედრო საწარმოო ობიექტებზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. თუმცა, ეს ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს - ომი, რომელიც თავად დაიწყო,“ - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. „ზელენსკი მზად არის პუტინთან შესახვედრად“ - სტამბოლის მოლაპარაკების დეტალები