ძებნის რეზულტატი:
უზბეკეთმა საქართველო ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტში მიიწვია
უზბეკეთმა საქართველო ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტში ჩართვისთვის მიიწვია. ხსენებული პროექტი შუა დერეფნის ახალ ნაწილს წარმოადგენს. The Caspian Post-ი ყირგიზულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთმა ოფიციალურად შესთავაზა საქართველოს, რომ განიხილოს მონაწილეობა ამბიციურ პროექტში, რომელიც ტრანსევრაზიული სატრანსპორტო ქსელის მთავარი კომპონენტი უნდა გახდეს. ამ წინადადების შესახებ, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახამოვსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს შორის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. მახამოვმა ხაზი გაუსვა პროექტის პოტენციურ ინტეგრაციას ძირითად საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში, განსაკუთრებით, შუა დერეფანში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს. „საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა და რეგიონულ კავშირებში მისი მზარდი როლის გათვალისწინებით, უზბეკმა მინისტრმა თბილისს შესთვაზა, შეისწავლოს პროექტში გაწევრიანების ვარიანტები. საქართველოს ინტეგრაცია გააძლიერებს როგორც დერეფნის შესაძლებლობებს, ასევე ეფექტურობას, რაც ხელს შეუწყობს უფრო დივერსიფიცირებულ და მდგრად გლობალურ ლოგისტიკურ ჯაჭვს. ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობას, შეამცირებს მიწოდების დროს და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ევრაზიის მასშტაბით მონაწილე ქვეყნებისთვის,“ წერს The Caspian Post-ი. ამავე თემაზე: ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ
ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ისთვის ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღადგინა - მედია
Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების ლიცენზია აღუდგინა, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. გადაწყვეტილება მოჰყვა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ვენესუელაში დაკავებული 10 ამერიკელი გაათავისუფლეს, სალვადორში დაკავებული 250 ვენესუელელი კი, სამშობლოში დააბრუნეს. როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სრული დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, ხსენებული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დიპლომატიისა და ენერგეტიკული პოლიტიკისადმი უფრო ტრანზაქციულ მიდგომაზე მიუთითებს. თეთრ სახლს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება „შევრონს“, მისმა წარმომადგენელმა ბილ ტურენმა განაცხადა, რომ კომპანია გლობალურად საქმიანობს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების, ასევე, აშშ-ის მთავრობის მიერ გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად, მათ შორის, ვენესუელაში.“ ცნობისთვის, მანამდე, Chevron-ს ვენესუელაში ოპერაციების შეწყვეტა დაევალა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მადუროზე ზეწოლის მიზნით დაწესებული ფართო სანქციების ნაწილი იყო. ლიცენზიის აღდგენა ჰიუსტონში დაფუძნებულ ენერგეტიკულ გიგანტს საშუალებას მისცემს, თავის ობიექტებზე წარმოება განაახლოს. „შევრონი“ დიდი ხანია, ვენესუელას ნავთობის სექტორში აშშ-ის მნიშვნელოვან წარმომადგენლად რჩება და სახელმწიფო კომპანია „პეტროლეოს დე ვენესუელა SA“-სთან ერთობლივ საწარმოებს მართავს. ლიცენზიის შეჩერებამდე, კომპანია დღეში 240 000 ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა - რაც ვენესუელას მთლიანი წარმოების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ „შევრონს“ უფრო შეზღუდული ლიცენზია მიანიჭა, რომელიც ნავთობის წარმოებასა და ექსპორტს უშვებდა, მაგრამ გაფართოებას კრძალავდა. ტრამპის ადმინისტრაციის უახლესმა ნაბიჯმა შესაძლოა, „შევრონს“ კიდევ ერთხელ უფრო აქტიური როლის შესრულების საშუალება მისცეს. ვენესუელური ნავთობი კვლავ აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, განსაკუთრებით, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარე ქარხნებისთვის მნიშვნელოვანია. 2024 წლის ბოლოს, აშშ დღეში დაახლოებით, 250 000 ბარელი ვენესუელური ნავთობს იმპორტს ახდენდა. მთავარი მომხმარებელი Valero Energy Corp-ი იყო, შემდეგ მოდიოდა Chevron, რომელიც ნავთობს საკუთარ ობიექტებში ამუშავებს და სხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც ამარაგე დიპლომატიური დინამიკის ცვლილებისა და ენერგეტიკული პრიორიტეტების განვითარების კვალდაკვალ, ვენესუელაში Chevron-ის ხელახლა შესვლა შესაძლოა, ამ ქვეყნების რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში, ახალი თავის დაწყების საფუძველი გახდეს. შეგახსენებთ, ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საინაუგურაციო სისტყვაში განაცხადა: „ამერიკა კვლავ წარმოების ქვეყანა გახდება, და ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი, რაც სხვა ქვეყანას არ ექნება – მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობი და გაზი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ.“
აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $180 მილიონის აღჭურვილობას გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის. სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას, პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორებისთვის საინჟინრო, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მომსახურებას და ლოჯისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სხვა დაკავშირებულ ელემენტებს.
ერდოღანს სტამბოლში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება სურს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს. „ამ კვირაში ძალისხმევას გავწევთ იმისთვის, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება,“ - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები სამჯერ გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, მეორე - 2 ივნისს, მესამე კი - 23 ივლისს. 26 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მუშაობს ზელენსკი-პუტინის შეხვედრის ორგანიზებაზე, რომელშიც შესაძლოა, დონალდ ტრამპიც ჩაერთოს. ერდოღანის თქმით, ტრამპს შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი აქვს, თუ ის თურქეთში გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე," - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.
უკრაინა აშშ-სთვის $10-30 მილიარდის დრონების მიყიდვას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინულ დრონებს შეიძენს, კონტრაქტის თანხა 10-30 მილიარდი დოლარი იქნება. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ წერს. „ჩვენ შევთანხმდით ამერიკასთან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომ ისინი ჩვენგან დრონებს შეიძენდნენ. მე დავალება მივეცი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალს და სტრატეგიულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ალექსანდრე კამიშინს. ისინი ამას გააკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების მომზადება, სერიოზული შეთანხმება - 10-30 მილიარდი დოლარის ღირებულების (გარიგება),“ - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. უფრო ადრე, 16 ივლისს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს უკრაინული დრონების შეძენა და უკრაინა დაინტერესებულია საჰაერო ფარის ფორმირებისთვის აღჭურვილობის შეძენით.
„ეს შეკითხვა სომხეთისთვის არის განკუთვნილი“ - ალიევის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის შესაძლო კონტროლზე
„ეს კითხვა სომხურ მხარეს მიემართება. აშშ-ის კომპანიებთან თანამშრომლობა მათი საქმეა.“ „ჩვენ, ჩვენი მხრივ, ფოკუსირებულნი ვართ ჩვენს სამუშაოზე: ტრანსპორტირების ხაზების გაფართოებასა და ჩვენს მეზობლებთან - საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან კონტაქტების გაფართოებაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა, როდესაც ისაუბრა ინიციატივაზე, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ ამერიკულმა მხარემ გააკონტროლოს. მანვე აღნიშნა, რომ „ასეთი ურთიერთობები შეიძლება, სასარგებლო იყოს მთლიანად რეგიონისთვის.“ „თუ სომხეთი ამისთვის მზად არის, ჩვენ გვსურს ერთობლივად განვავითაროთ ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფანი,“ - აღნიშნა ჰაჯიევმა.
სომხეთის პრეზიდენტი: სიუნიქის კარიბჭეს თუ გავხსნით, მომავალი განვითარების დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს
სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიუნიქი ქვეყნის შემდგომი განვითარების კარიბჭე გახდება. ვაჰაგნ ხაჩატურიანი სიუნიქის რეგიონის მცხოვრებლებს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი გზის გახსნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „სიუნიქის კარიბჭეს თუ გავხსნით, ვგულისხმობ 43-კილომეტრიან შესაძლებლობებს, მაშინ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მომავალი განვითარების დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს. მშვიდობის გზაჯვარედინი საერთაშორისო საზოგადოების მიერ ძალიან კარგად არის აღქმული. ის ძალიან მიმზიდველი და ყველასთვის თვალსაჩინოა. დიდი აღმოჩენა არ გაგვიკეთებია, მაგრამ არსებულ რეალობას ვდებთ მაგიდაზე და ნათლად წარმოვადგენთ ამ შესაძლებლობებს, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს 43 კილომეტრი და სიუნიქი. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სიუნიქის გუბერნატორი რობერტ ღუკასიანი, ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და რეგიონის თემების ხელმძღვანელები.
სანდუ: რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება
მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება. მაია სანდუს თქმით, სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს საარჩევნო კორუფცია და რუსეთის მხრიდან არალეგალური საგარეო დაფინანსება წარმოადგენს. „რუსეთის ფედერაციას სურს, რომ შემოდგომიდან მოლდოვის რესპუბლიკაზე კონტროლი მოიპოვოს და სექტემბრის არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება,“ - განაცხადა მაია სანდუმ. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.
ყაზახეთი და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
ყაზახეთმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების გაძლიერების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ყაზახეთის რკინიგზა (KTZ) იტყობინება, რომ შეთანხმება კომპანია ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, KTZ-სა და TCDD Taşımacılık A.Ş.-ს შორის გაფორმდა. დოკუმენტი შუა დერეფნის განვითარების და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას ასახავს. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი BTK მარშრუტზე სატვირთო ნაკადების ზრდაზეა გაკეთებული. მხარეები შეთანხმდნენ ყაზახეთსა და თურქეთს შორის რეგულარული, დაგეგმილი სარკინიგზო გადაზიდვების დანერგვაზე, აგრეთვე სატვირთო ტვირთბრუნვის გაზრდაზე ჩინეთსა და ევროპა/აფრიკას შორის ორივე მიმართულებით. ამასთან, გამარტივდება საბაჟო და ადმინისტრაციული პროცედურები, რაც ტვირთების სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროცესების დიგიტალიზაციას: მხარეები გეგმავენ ქაღალდზე დაფუძნებული დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლით სისტემაზე გადასვლას, ასევე ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას კონტეინერებისა და მოძრავი შემადგენლობის თვალყურის სადევნებლად. ორივე მხარე ასევე შეთანხმდა შუა დერეფნის განვითარების ახალ მიზნებზე, რომელიც აზიასა და ევროპას ყაზახეთისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრას დაესწრო.
რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა
რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს: „გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, წლების მანძილზე მათთან შედარებით მცირე ვაჭრობა გვაქვს, რადგან მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, და სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაძაბული და შემაწუხებელი არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ. ასევე, მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს, და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს - ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის, მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს. შესაბამის განცხადებას „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიქტატორმა ნიკოლას მადურომ ვენესუელელი ხალხის ნება უარყო და საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. მადურო ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Cartel de Los Soles-ის ლიდერია და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდაზეა პასუხისმგებელი,“ - აცხადებს მარკო რუბიო. ამერიკელი დეპლომატის თქმით, „წლების განმავლობაში ნიკოლას მადურო ძალაუფლების უკანონო კონტროლის მიზნით ვენესუელის საარჩევნო სისტემის მანიპულაციას ახდენს.“ „28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვიდან ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კიდევ ერთხელ მიზნად ისახავს, რომ ვენესუელელი ხალხის ნება სამხედროებისა და პოლიციელების გამოყენებით ჩაახშოს. ისინი, ვინც არჩევნებს აყალბებენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ძალას იყენებენ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ძირს უთხრიან,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე, ირანის მთავრობამ "ყალბი ამბების შესახებ" კანონპროექტი გაიწვია
ირანის მთავრობამ გაიწვია საკამათო კანონპროექტი, რომლითაც, თავდაპირველი ვერსიით, ყალბ ამბებთან გამკლავებას აპირებდა. კანონპროექტის ინიციირებას კრიტიკა მოჰყვა იმ არგუმენტით, რომ მსგავსი კანონი სრულიად გააქრობდა ისედაც შეზღუდულ გამოხატვის თავისუფლებას ირანში. მთავრობის სპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ 30 ივლისს X-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ რეფორმისტი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაეწვია კანონპროექტი, “ეროვნული ერთიანობის შესანარჩუნებლად.“ მთავრობისა და სასამართლოს მიერ შედგენილი 22-მუხლიანი კანონპროექტი გასულ კვირაში წარედგინა პარლამენტს, სადაც მის დაჩქარებული წესით განხილვას 290-წევრიან მეჯლისში მხარი დაუჭირა 205-მა კანონმდებელმა, 49 წინააღმდეგი იყო, სამმა თავი შეიკავა. კანონპროექტს კრიტიკოსებმა “მოგუდვის კანონპროექტი” უწოდეს. ხსენებულმა ინიციატივამ ინტენსიური დებატები გამოიწვია როგორც პოლიტიკოსებს, ისე სამოქალაქო ჯგუფებს შორის. კანონპროექტის მხარდამჭერები, მათ შორის ბევრნი მთავრობაში და ულტრაკონსერვატორები, ირწმუნებიან, რომ მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, განსაკუთრებით ინტერნეტში ყალბი ინფორმაციის სწრაფად გავრცელების კონტექსტში. მათი მტკიცებით, წარმოდგენილი ზომები აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური სტაბილურობისთვის. კანონპროექტი კანონად რომ ქცეულიყო, ისინი, ვინც “ყალბ ამბებს” ავრცელებს, დაექვემდებარებოდნენ პატიმრობას 15 წლამდე ვადით, რაც, იურისტების თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე მკაცრი სასჯელია, ვიდრე ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, როგორებიცაა ჯაშუშობა და გატაცება. ირანი მედიის თავისუფლების გლობალურ ინდექსებში მუდამ სიის ბოლოში ხვდება ხოლმე. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF) ირანს უწოდებს “მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყანას მედიის თავისუფლების მხრივ”. RSF-ის თანახმად, ირანში პატიმრობაში იმყოფება 21 ჟურნალისტი.
უკრაინამ აზერბაიჯანიდან ახალი მარშრუტით ბუნებრივი აირი პირველად მიიღო
უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინამ პირველად სატესტო რეჟიმში მიიღო ტრანსბალკანური დერეფნით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. „ნეფტოგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტი „სოკარ ენერჯი უკრაინასთან“ გააფორმა. ივლისში უკრიანული მედია წერდა, რომ სატესტო რეჟიმში ტრანსბალკანური დერეფნით, დღე-ღამეში 160 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიზიდა. უკრაინა ბუნებრივ აირს დღეს უმეტესწილად, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე, ვაშინგტონის არბიტრაჟში დავა წააგეს
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ: პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი. მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია. აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას. თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებენ განცხადებას ხსენებულ საქმესთნ დაკავშირებით. „ბატონი მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონი მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია. ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი. ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში,“ წერია განცხადებაში. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით: „მიუხედავად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილება სამწუხაროა, ის არ ცვლის მთავარ ფაქტს – ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება, ანაკლიის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების ADC-სთან შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო ხუთწლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლიის პორტის აშენების შესახებ. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არცერთ ინვესტორთან, მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა.“ ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ADC-ს, ანაკლიის პორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა, შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო, ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული, და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა.” 2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება.
ტრამპი მედვედევს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს წარუმატებელ პრეზიდენტს უწოდებს და აფრთხილებს, რომ საშიშ ტერიტორიაზე შედის. „მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს. დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის, და უთხარით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედის,“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, მანამდე დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი არ არის ისრაელი ან ირანი, რომ ულტიმატუმები წაუყენონ და ტრამპს მოუწოდა, არ გააგრძელოს „მძინარე ჯო ბაიდენის გზა.“ „ეს ომი არ იქნება მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის შორის, არამედ შენსავე ქვეყანასთან,“ - აღნიშნა მედვედევმა.
რუბიო: მოსამართლე მორაეშის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს. „აშშ-ის პრეზიდენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაეში გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქცირეს. ეს იყოს გაფრთხილება მათთვის, ვინც თავიანთი თანამოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს,“ - მოსამართლის მანტია ვერ დაგიცავთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრ დე მორაეშს, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს, მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა. აშშ მორაეშს წინასწარი პატიმრობის უსამართლოდ შეფარდების პრაქტიკასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მოიცავს ადამიანების უფლებების დარღვევისა ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
აშშ-მ 2018 წლის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი აამოქმედა - სახაზინო დეპარტამენტი
აშშ-მ 2018 წლის შემდეგ ირანის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასანქციო პაკეტი დააწესა. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-მ ირანის საზღვაო გადაზიდვების ქსელს ახალი, მასშტაბური სანქციები დაუწესა. Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ივნისში თეირანის ძირითადი ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას აორმაგებს. „დღეს, 2018 წლის შემდეგ ირანთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ქმედებით, სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი 50-ზე მეტ პირსა და კომპანიას ასანქცირებს და 50-ზე მეტი გემის იდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საზღვაო გადაზიდვების დიდი იმპერიის ნაწილი არიან, რომელსაც მოჰამან ჰოსეინ შამქანი (ჰოსეინი) აკონტროლებს. ჰოსეინი - ალი შამქანის, ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩევლის შვილი - ირანული რეჟიმის უმაღლეს დონეებზე მამამისის პოლიტიკური გავლენის მეშვეობით კორუფციას იყენებს, რათა ტანკერებისა და კონტეინერების გადამზიდების მასიური ფლოტი ააშენოს და ამუშაოს. ამ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით მყიდველებისთვის ირანიდან და რუსეთიდან გადააქვს ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტები, ისევე როგორც სხვა ტვირთები, რითაც ათობით მილიარდობით დოლარის სარგებელს პოულობს. დღეს შემოღებული 115-ზე მეტი სანქცია დღემდე უდიდესია მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანზე მაქსიმალური ზეწოლის ჩვენი კამპანია დაიწყო. ეს ქმედებები ამერიკას აყენებს უპირველეს ყოვლისა რეჟიმის ელიტების მიზანში ამოღებით, რომლებიც სარგებელს იღებენ, მაშინ როდესაც თეირანი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას," - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინა "ძალიან ახლოსაა" საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნასთან - შმიგალი
უკრაინა ძალიან ახლოსაა საკუთარი ბალისტიკური აღჭურვილობის ქონასთან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა BBC Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, თუ როდის ვნახავთ უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებს და მათ რეგულარულ გამოყენებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ. „უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი ბალისტიკური სისტემა ექნება. ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს არის ყველაფერი, რისი საჯაროდ თქმაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია,“ - აღნიშნა შმიგალმა.
თურქეთმა საჰაერო თავდაცვის რაკეტა Siper-ის სერიული წარმოების მიღების ტესტები დაასრულა
თურქეთის მიერ შექმნილი და წარმოებული შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემის, Siper-ის რაკეტამ სერიული წარმოების მიღების ტესტები წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის მდივანმა განაცხადა. „Siper-მა, რომელიც მაღალ სიმაღლეზე საჰაერო თავდაცვის მისიებს ახორციელებს, წარმატებული ტესტებით კიდევ უფრო გაამყარა თავისი ადგილი შეიარაღებაში. ეს განვითარება გარდამტეხი ეტაპია თურქეთის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის არქიტექტურაში,“ - წერს ჰალუკ გორგუნი NeXT Sosyal პლატფორმაზე. მანვე აღნიშნა, რომ „ფოლადის გუმბათი“, რომელიც ეროვნული გადაწყვეტილებებით არის შექმნილი დაბალ, საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე, ყოველდღიურად ძლიერდება. „Siper-ი თავისი დიაპაზონით, სიზუსტით და ეფექტიანობით, სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ, Sky Homeland-ის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული უსაფრთხოების ფარი ხდება,“- აღნიშნა გორგუნმა. „თურქეთის მიზანია, შექმნას სრულიად შიდა და ეროვნული საჰაერო თავდაცვის ქსელი, რომელიც არ დატოვებს ხარვეზებს ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ მტკიცედ მივიწევთ წინ ამ გზაზე ჩვენი ინჟინრების ძალისხმევით, ჩვენი ინსტიტუტების თანამშრომლობით და ჩვენი ერის მხარდაჭერით. Sky Homeland ახლა უფრო უსაფრთხოა. თურქეთი ახლა უფრო მეტად შემაკავებელი ძალაა. მომავალი უფრო უსაფრთხო ხელშია,“ აღნიშნავს თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელი. Siper-ის შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა თურქეთის მრავალშრიანი ფოლადის გუმბათის საჰაერო თავდაცვის ინიციატივის ნაწილია, რომელიც დრონების საწინააღმდეგო და დიდ სიმაღლეებზე მოქმედ სისტემებს მოიცავს.