ძებნის რეზულტატი:

BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია

რა ვიცით მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შესახებ ამ დროისთვის: BBC-ის მიხედვით: პარასკევს, 22 მარტს, მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა ყველაზე საშინელი იყო ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში. კომპლექსში შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორ განვითარდა თავდასხმა როკ-ჯგუფი პარასკევს საღამოს მოსკოვთან მდებარე, ხალხით სავსე Crocus City Hall-ში უნდა გამოსულიყო. ვიდეოზე ჩანს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი, რომლებიც შენიღბულები არიან, სროლას ტეხენ, ვიდრე თავად, უშუალოდ საკონცერტო დარბაზში შევიოდნენ და ცეცხლს უკვე იქ გახსნიდნენ. რუსი გამომძიებლების თქმით, აალებადი სითხე გამოიყენეს ხანძრის გასაჩენად, რომელმაც შენობის ფასადი მოიცვა. სულ მცირე 133 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო სულ მცირე 60 კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ვინ არიან თავდამსხმელები? რუსმა დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები გაიქცნენ თეთრი რენოს მარკის მანქანით, რომელიც პოლიციამ გააჩერა ბრიანსკის რეგიონში, მოსკოვიდან დაახლოებით 340 კმ-ის (210 მილი) დაშორებით. მათი ვინაობა არ არის დადასტურებული, მაგრამ რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ოთხი ეჭვმიტანილი, შეიარაღებული პირები, რომლებიც დააკავეს, რუსეთის მოქალაქეები არ არიან. ვინ იდგა თავდასხმის უკან? მოკლე განცხადებაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) განაცხადა, რომ თავდასხმის უკან იდგა. შაბათს მან ნიღბიანი თავდამსხმელების ფოტოც გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები დაკავებამდე უკრაინისკენ მიემართებოდნენ. კიევი რაიმე კავშირს უარყოფს. BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის წყარო იუწყება, რომ Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია. მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საკონცერტო დარბაზში, ხოლო მეორე ტერორისტი მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა თეთრი რენოს მარკის ავტომობილი გააჩერეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ მფლობელობაშია ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლი. ის 30 წლისაა და ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ავრცელებს, რადგან "უცნობია, იციან თუ არა მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა." BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ისინი შამსიდინ ფარიდუნის დოკუმენტსაც ფლობენ. როგორც გამოცემა წერს, ეს სწორედ ის პირია, ვისი დაკითხვის ვიდეოც რუსულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და რომელიც ბრიანსკის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ის 1998 წლის 17 სექტემბერს არის დაბადებული და ამჟამინდელი პასპორტი ტაჯიკეთში 2021 წელს მიიღო.  

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ოკუპირებულ სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: მადლობა წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის

ოკუპირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა „მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის.“ "ცა და ზღვა ერთი ფერისაა! მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის! ყირიმი ჩვენია! ერთად - გამარჯვებამდე! ” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლზე მიტანილი წუხანდელი იერიში იყო "ყველაზე მასიური ბოლო დროის განმავლობაში". რაზვოჟაევის თქმით, ქალაქის ცენტრში მინებია ჩამსხვრეული. მისი თქმით, სევასტოპოლის მკვიდრი, 65 წლის კაცი დაღუპა რაკეტის ფრაგმენტის საცხოვრებელ კორპუსზე დაცემის შედეგად. გარდა ამისა, რაზვოჟაევის თქმით, სულ ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა.  

რუსეთში დღეს გლოვის დღეა

რუსეთში Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. გლოვის დღის აღსანიშნავად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და კულტურულ დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია აქვთ მიცემული. ამასთან, ტელეარხებზე უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე. შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

კიმ ჩენ ინი: ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს. ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა „ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადა“ ვლადიმერ პუტინს, რუს ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს „მოსკოვის ოლქში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტის შედეგად გამოწვეული მძიმე მსხვერპლის გამო.“ კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება "ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს". „ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას,“ - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას. „არავითარი მტკიცებულება არ არსებობს - და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა,“ - განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, მომხდარი ტერორისტული აქტია. „რაც მოხდა, არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმაც განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება და უკრაინას საერთო არაფერი აქვს მომხდართან. „მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა,” - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა  

ლევან მურუსიძე: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები “გაყარონ.“ მისი შეფასებით, ე.წ. ვეთინგი არ ეხება კეთილსინდისიერებას. „წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება, ჩატარდეს „ვეთინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობს, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს,“ - განაცხადა მურუსიძემ. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ე.წ. ვეთინგის განხორციელებას არ უკავშირდება. „მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველომ სწორი გზით უნდა იაროს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან, ალბანეთი, რომელშიც დაინგრა სასამართლო სისტემა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ,“ - განაცხადა მურუსიძემ. 24 მარტს, საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვის გარდა, ასევე უნდა აირჩიონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, ხმის დამთვლელი კომისიის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით  

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს: არავის საქმე არ არის, სად დავისვენებ 5 დღე - გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ სტატიებს და სიუჟეტებს

„სასწაული სკანდალი“, რა თქვენი საქმე, მე სად წავედი? თქვენი საქმე არ არის, სად დავდივარ მე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „თუ რა მიზნით იმყოფებოდა დუბაიში.“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დუბაიში საკუთარი ხარჯებით იმყოფებოდა. გარდა ამისა, მან „ტვ პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. „თქვენი საქმე არ არის, მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდევთ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? საქმეს მიხედეთ!რატომ ხარჯავთ ფულს იმაში, რომ დუბაიში ფოტოები გადამიღოთ. საერთოდ, როგორ კადრულობთ, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილებს ფოტოებს უღებთ და ტელევიზიით ავრცელებთ, ეს არის თქვენი სტანდარტი. ერთი მაგალითი მითხარით, როცა მე რომელიმე ოპონენტის ოჯახს ან შვილებს შევხებივარ? არასდროს. ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. ჩემი ფულით წავედი და თქვენი საქმე არ არის, რით წავედი. არავის საქმე არ არის, 5 დღე მე სად დავისვენებ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია. მაგალითად, ერთი ფაქტი მითხარით, როცა კორუფციაზე საუბრობთ, ფაქტი დამისახელეთ ერთი, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია იცით რატომ? ნებისმიერ სიუჟეტს შეუკვეთს დღეს მოქალაქე. მილიარდები რომ მქონდეს, თქვენ ფულს არ გადაგიხდით. გამოსაძიებელი იცით რა არის? გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ, შეკვეთილ სტატიებს და სიუჟეტებს? თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონე არის მკვლელი ჩვეულებრივი, ბატონი წერეთელი, ყველამ კარგად იცის თბილისში, 20 წლის წინ უდანაშაულო ბავშვი გაიტანა. კი არ ვაბრალებ, ყველამ იცის. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტი გამომძალველია, ძარცვავს პირდაპირ ჩვენს ხალხს. თქვენი სახელი არის მატყუარა ტელევიზია, თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია და თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება,” - მიმართა ღარიბაშვილმა არხის ჟურნალისტს. „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ, 23 მარტს გავიდა სიუჟეტი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ. მან ასევე უარყო ამავე არხზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საიდუმლოდ შეხვდა ჯანდაცვის  ყოფილმინისტრს ზურაბ აზარაშვილს. „მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ზურაბ აზარაშვილს, მე დასამალი არაფერი მაქვს - ასევე, ყოფილი მინისტრი, ჭიკაიძე „კახური კლანის“ წარმომადგენლად შერაცხეთ, რატომ გშურთ ადამიანების?“  

რუსულა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

24 მარტს, გამთენიისას, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. რაკეტა NATO-ს წევრი ქვეყნის პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენისას რაკეტას სამხედრო-სარადარო სისტემების მეშვეობით აკონტროლებდნენ. „დღეს საღამოს ამოქმედდა ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, გააქტიურდა პოლონეთისა და მოკავშირეების ავიაცია. პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება,“ - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში. პოლონეთში ხაზს უსვამენ, რომ „მათთვის ცნობილი იყო ფრენის გზა, ცხადი იყო, რომ ეს ობიექტი ქვეყნის სიღრმეში არ შედიოდა." „პოლონეთის ძალები ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტას, თუ დარწმუნდნენ, რომ ის პოლონეთის სამიზნისკენ მიემართებოდა. თავის მხრივ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია 2023 წლის 29 დეკემბერსაც დაარღვია. მაშინ რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიაზე სამ წუთამდე დაჰყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ 24 მარტის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.  

ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხიდაშელზე: 4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,  რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დავით ხიდაშელი 4 წელი მუშაობდა უწყებაში და მასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დასმულა. „ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით, თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ, ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ, რატომ აწიეთ ეს თემა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. „ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული,” - განაცხადა ბურჭულაძემ. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.  

რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით. N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 26 მარტს, 21:00 საათზე, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს უჩვენებენ.  

უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ სადესანტო ხომალდებს დაარტყეს - უკრაინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში ოკუპანტების დიდ სადესანტო გემებს, “იამალსა“ და „აზოვ“, კავშირგაბმულობის ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდებს „იამალსა“ და „აზოვს“, კავშირგაბმულობის ცენტრს, ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ოკუპირებულ სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: მადლობა წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის  

პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრებზე დამატებითი ჯარის გაგზავნას გეგმავს

პოლონეთის ხელისუფლება გაზრდის ჯარების რაოდენობას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე მესაზღვრეების დასახმარებლად, განაცხადა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. ციტირებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრს პოლონური სააგენტო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის, ლიეტუვის, ბელორუსის და უკრაინის საზღვრებთან, რათა მხარი დაუჭიროს სასაზღვრო სამსახურს. მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გამოყოფს ერთ მილიარდ ზლოტს (დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი) სასაზღვრო რაიონებში სამხედრო პერსონალის განთავსებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.  

კულება: პუტინი პათოლოგიური მატყუარაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც ცრუობს, როდესაც ის სასოწარკვეთით ცდილობს, უკრაინა ან სხვა დასავლური ქვეყნები მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ მასობრივ სროლას დაუკავშიროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად. მისი თქმით, პუტინმა იცრუა 1999 წელს კორპუსში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ასევე, 2000 წელს „კურსკის“ კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და ბევრი სხვა კრიტიკოსის მკვლელობების შესახებ, უკრაინაში შეჭრის გეგმებზე და სხვა. თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს „ნუ დაუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მიმდევრებმა მოგატყუონ. მათი ერთადერთი მიზანია, მეტ რუსს მისცენ მოტივაცია იმისთვის, რომ დაიხოცონ უკრაინის წინააღმდეგ უაზრო და კრიმინალურ ომში და აღძრან კიდევ უფრო მეტი სიძულვილი სხვა ერების, არამხოლოდ უკრაინელების, არამედ, მთელი დასავლეთის მიმართ,“ - წერს კულება. შაბათს, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება. რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC  

მოსკოვი-ერევნის რეისი გადაიდო მას შემდეგ, რაც მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს - მედია

მოსკოვის შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტმა 24 მარტს გადადო ფრენა ერევნის მიმართულებით მას შემდეგ, რაც მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში „ბომბი“ ჰქონდა, იტყობინებიან რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები TASS და RIA Novosti. რია ნოვოსტის ცნობით, აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 140 დაშავდა. „ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ, მომხდარი უკრაინას მტკიცებულებების გარეშე დაუკავშირონ. შაბათს, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. თეთრი სახლი მოსკოვთან თავდასხმაზე: ეს იყო ტერაქტი და მომხდართან უკრაინას კავშირი არ აქვს ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

ერევანში, პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, აფეთქდა ხელყუმბარა

ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. სომხური სააგენტო news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ხელყუმბარა აფეთქდა როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცველებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, პოლიციის შენობაში რჩება. წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.  

მოსამართლეთა კონფერენციამ ე.წ. ვეთინგი დაგმო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე, რომელიც 24 მარტს გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, მდივნის პოზიციაზე კი, ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. მურუსიძის თქმით, ეს პირები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამდენი მოსამართლე არ ყოფილა არცერთ კომფერენციაზე, რომელში მე მიმიღია მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება "ვეტინგის" თემას. მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება. რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით იქნენ არჩეულები,“ - აღნიშნა ლევან მურუსიძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვის ინიციატივას. „საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოსამართლეებმა კონფერენციის მონაწილე კოლეგებს სიტყვით მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. „ვეთინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. აღნიშნულ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციას 295 მოსამართლე ესწრებოდა,“ წერია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე მოყვანილია უზენაესი სასამართლოს განცხადებაც. „საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან,” აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით ირაკლი კობახიძე: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი, თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში, სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც ეწინააღმდეგებიან.  

სომხეთში ტერორიზმის ნიშნების შემცველ ქმედებას იძიებენ

ერევანში, ნორ-ნორკის რაიონში პოლიციამ მესამე შეიარაღებული პირი დააკავა. სომხური მედიის ცნობით, კიდევ ორი პირი, რომელიც ერთ-ერთი სამმართველოს შენობაში შეჭრას ცდილობდა, დაშავებულია და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამ დროისთვის პოლიცია შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორიზმის ნიშნების შემცველ მოქმედებას გულისხმობს. ერევანში, პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, აფეთქდა ხელყუმბარა  

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ნევსკის რაიონში, სავაჭრო ცენტრ London Mall-ის ვიზიტორებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კომერსანტი წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ევაკუაცია შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ დაიწყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ერთი პირი. მასალა განახლდება  

ირაკლი კობახიძე დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. „დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.  

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით კი, ქალი მეზობელმა, შუახნის კაცმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.