ძებნის რეზულტატი:

კიევზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ უკრაინას დახმარება ახლა სჭირდება

უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება შეერთებული შტატების დახმარება, რადგან რუსეთი აგრძელებს სუვერენული ერის დაბომბვას, განაცხადა უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა 25 მარტს. ელჩმა აღნიშნა რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსეთმა ასობით რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. "უკრაინას ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება. დასაკარგი მომენტი არ არის," - დასძინა ბრინკმა. 21 მარტიდან რუსეთმა განაახლა უკრაინის მასიური სარაკეტო დაბომბვა. Ukrenergo-ს ხელმძღვანელის ვოლოდიმირ კუდრიცკის თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო ომის დაწყების შემდეგ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის, რუსეთმა კიევს ანექსირებული ყირიმიდან შეუტია ორი ბალისტიკური რაკეტით. უკრაინელი სამხედროების თანახმად, ორივე რაკეტა მოიგერიეს. კიევზე სარაკეტო თავდასხმა იყო 21 და 24 მარტსაც. დღეს, 25 მარტს, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა სახლები და ელექტროქვესადგურები.  

ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღევანდელ სარაკეტო შეტევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. „რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს,“ - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. კიევზე თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც გამოეხმაურა და მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ. „ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები და რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოგერიება,“ - აღნიშნა კულებამ. კიევზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ უკრაინას დახმარება ახლა სჭირდება  

სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვადიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს. შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია,“ წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის საავადმყოფოდან 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - რუსეთი

აფეთქების საფრთხის გამო, პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრის საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური ცენტრიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ცენტრის დირექტორმა ოლეგ კარპოვმა განუცხადა. ტელეგრამ არხი Mash-ი წერდა, რომ მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებულები ამ ცენტრში მკურნალობენ, თუმცა როგორც კარპოვი ამტკიცებს, ისინიც სხვა შენობაში არიან განლაგებულნი. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მანამდე მიიღეს შეტყობინება, რომ რამდენიმე სართულზე, სავარაუდოდ, ინახებოდა ოთხი ზურგჩანთა, რომლებშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 137 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია. ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოებში თითქმის ასი ადამიანი რჩება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.  

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამოქმედდა

ჩინეთსა და სერბეთს შორის ახალი სარკინიგზო რეისი გაიხსნა -  ჩინეთის ჩრდილოეთში ჰებეის პროვინცია ბელგრადს დაუკავშირდა. მატარებელს რეისის შესრულებისთვის 20 დღე დასჭირდება. ის სიძიაჭუანის მშრალი პორტიდან 21 მარტს დაიძრა, გაივლის 10000 კმ-ზე მეტს და ბელგრადში ჩავა. მატარებელში ჩატვირთულია თითქმის 3 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი. ტვირთებს შორის არის მექანიკური აღჭურვილობა და მანქანის ნაწილები. სარტყელი და გზის ინიციატივა  - BRI ჩინეთის პრესის სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ეს არის პირველი სარკინიგზო სატვირთო სერვისი, რომელიც აკავშირებთ ჰებეის და ახლომდებარე ტიანძინს და პეკინს - სერბეთთან. მედიის ცნობით, მარშრუტი ითვალისწინებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას „სიღრმისეული თანამშრომლობისთვის“ - BRI-ის ფარგლებში. სარკინიგზო მარშრუტმა სერბეთამდე ასევე შეიძლება, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ გაცვლას ჩინეთსა და BRI-ის სხვა მონაწილე ქვეყნებს შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.  

პოლონეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო შვეულმფრენების ბაზას ქმნის

პოლონეთის ხელისუფლება ქალაქ სვიდნიკში, ლუბლინის ვოევოდაში სამხედრო შვეულმფრენების ბაზის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის განზრახვის წერილს ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმება მოიცავს ლუბლინის აეროპორტში მუდმივი ვერტმფრენის საჰაერო ბაზის შექმნას, რომელიც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს მოემსახურება. მანამდე, 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან. ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.  

მელონი: პუტინის მუქარის არ გვეშინია

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მუქარის რიტორიკის. მის სიტყვებს სააგენტო ANSA ციტირებს. მელონიმ კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებებზე, რომლითაც ის მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, კრემლის პროპაგანდა ცდილობს „უკრაინასთან კავშირის პოვნას“, მიუხედავად იმისა, რომ ISIS-მა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე. „ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა,“აღნიშნა მელონიმ.  უკრაინამ გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინი ტრადიციული მეთოდებით საბაბს ქმნის ომის ესკალაციისთვის.  

ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკაონ რუსეთში გამგზავრებისგან

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, აუცილებელი თუ არ არის, თავი შეიკაონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაკიტ კადიროვმა რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა ვიდრე ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.  

ბაღდათი-საირმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმის მონაკვეთზე, 2024 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება. უწყების განმარტებით, ამის მიზეზი ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოა. დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე და 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იქნება დაშვებული. უწყება აცხადებს, რომ ავტოტრანსპორტი ამ რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით იმოძრავებს.  

აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, სანქციებს აწესებენ

იუსტიციის დეპარტამენტმა და FBI-მ ორშაბათს განაცხადეს, რომ მილიონობით ამერიკელის ონლაინ ანგარიშები, მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირები ჩინური ჰაკერული შეთქმულების სამიზნე გახდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს ბრალი წაუყენეს ფართომასშტაბიანი „მავნე“ კიბერთავდასხმის კამპანიის განხორციელებაში. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ჰაკერების არმიის მეშვეობით ჩინეთი ცდილობს, შეასუსტოს დემოკრატიული სისტემების ფუნქციონირება. დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ორივე ქვეყნის კანონმდებლებზე განხორციელებული კიბერშეტევების სერიის გამო, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა გამოაცხადეს სანქციები კომპანიისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჩინეთის მთავრობასთან.  აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სანქცირებული პირები პასუხისმგებელნი არიან ჰაკერულ ჯგუფზე, რომელმაც გაამჟღავნა ინფორმაცია ათობით მილიონი ბრიტანელი ამომრჩევლის შესახებ, ასევე ეჭვი აქვთ კიბერ ჯაშუშობაზ, რომელთა სამიზნე იყვნენ კანონმდებლებსი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ. დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერ ოლივერ დოუდენის ინფორმაციით, კიბერთავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნდა, ჩინეთთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მალე ამ კავშირის დადასტურებას შეძლებს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა მის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მილიონობით ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა მოხდა. კიბერთავდასხმის სამიზნეები იყვნენ ის ბრიტანელი პარლამენტარებიც, რომლებიც ჩინეთისადმი კრიტიკული და ხისტი პოზიციებით გამოირჩევიან. „ჩინეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეკონომიკური საფრთხეა და ის ეპოქის განმსაზღვრელ გამოწვევას წარმოადგენს," - აღნიშნა რიში სუნაკმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საარჩევნო რეესტრების გატეხვას „არ ჰქონია გავლენა რომელიმე პირის საარჩევნო პროცესებზე ან უფლებებზე ან დემოკრატიული პროცესის ხელმისაწვდომობაზე და არც საარჩევნო რეგისტრაციაზე.“ ამავდროულად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მან დააწესა სანქციები Wuhan Xiaoruizhi Science and Technology Company-ს წინააღმდეგ, რომელსაც იგი უწოდებს ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფრონტულ კომპანიას, რომელიც "მრავალი მავნე კიბერ ოპერაციების წინა ხაზზე იყო." დეპარტამენტმა მიუთითა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისადმი პოტენციურ საფრთხეზე. ბლინკენი: მსოფლიოში გამორჩეული საარჩევნო წელია, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ  

აშშ-მ სანქციები დაუწესა კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს კრიპტო ბაზრებზე უკანონო ფინანსური ტრანზაქციებსა და სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. შესაბამისი განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) გააკეთა.კერძოდ, დაუწესდა შემდეგ რუსული კომპანიებ: B-Crypto, Masterchain, Laitkhaus, Atomaiz. სანქცირებულთა სიაში ასევე არიან Tokentrust Holdings. (კვიპროსი), Bitfingroup OÜ (ესტონეთი), Crypto Explorer (UAE).ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ხუთ ორგანიზაციას აკონტროლებენ ის პირები, რომელთა მიმართ აშშ-ის სანქციები უკვე დაწესებულია. „დღეს, OFAC-მა დააწესა სანქციები 13 ორგანიზაციისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რუსეთის ეკონომიკის ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური სექტორების საქმიანობის გამო. კერძოდ, მათ, ვინც ავითარებდა, ან სთავაზობდა მომსახურებას ვირტუალურ აქტივებში და აძლევდა აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას," - ნათქვამია განცხადებაში.  

ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 2 მლნ ევროს გამოყოფს

ისლანდია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე უკრაინელი ქალი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად, დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ისლანდიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალა მთავარ როლს თამაშობს ბრძოლის ველზე, ამიტომ ისლანდია შეუერთდება სხვა მოკავშირეებს და შეიტანს დაახლოებით 2 მილიონი ევროს წვლილს 800 ათასი ჭურვის შესაძენად, რომელთა შეძენის შესაძლებლობა ჩეხეთმა მოიძია. გარდა ამისა, რეიკიავიკი დაახლოებით 500 ათას ევროს გამოყოფს უკრაინელი ქალი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობის - ჯავშანტექნიკის, ფორმების, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.  

„როსნეფტის“ მესამე მსხვილი ქარხნის განყოფილება პარალიზებულია უკრაინული დრონების თავდასხმის გამო

რუსეთის ქალაქ სამარაში Kuibyshev– ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ზარალს განიცდის. როგორც Reuters-ი ინდუსტრიის ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობგადამამუშავებელი განყოფილებიდან, ერთი დახურა. 1950-იან წლებში აშენებულმა ქარხანამ, რომელიც „როსნეფტის“ საკუთრებაშია, სიმძლავრის 47% დაკარგა, რაც დღეში 20-ათას ტონას შეადგენს. კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც შარშან 0,6 მილიონი ტონა ბენზინი, 1,2 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 1 მილიონი ტონა საწვავი აწარმოა, გახდა როსნეფტის მესამე ქარხანა, რომელიც თავდასხმის ქვეშ მოექცა. რუსეთში ბენზინის წარმოება 13-19 მარტის კვირაში წინა კვირასთან შედარებით 3,9%-ით და წარმოების გეგმასთან შედარებით 5,2%-ით შემცირდა - 779,4 ათას ტონამდე (111,3 ათასი ტონა დღეში). უკრაინის მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბენზინის წარმოება შეამცირეს და რეზერვების გაყიდვა დაიწყეს - მედია  

ჯონ კირბი: ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონში აღარ ჩამოვა

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულები არიან, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონს აღარ ეწვევა. „ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდებიან, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება. „ჩვენი შეხედულება, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია დიდი შეცდომა იქნება, არ შეცვლილა,“ - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, დღეს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი გააუქმა.  

მედია: ერთ კვირაში რუსულმა თვითმფრინავებმა ბელგოროდში ბომბი შეცდომით მეხუთედ ჩამოაგდეს

რუსულმა თვითმფრინავებმა ბელგოროდის რეგიონში კიდევ ორი ​​ბომბი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Astra წერს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა სამხედრმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს საბრძოლო მასალები ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინისკენ მიმავალ გზაზე. ყველაზე ხშირი ინციდენტები  ბელგოროდის რეგიონში ფიქსირდება. 22 თებერვალს სოფელ სოლოტში FAB-250 დაეცა, საბრძოლო მასალა არ აფეთქდა და მოგვიანებით განადგურდა. 27 იანვარს FAB-250 კოროჩანსკის რაიონის სოფელ პოსტნიკოვში იპოვეს. მსგავსი ფაქტი 21 იანვარს სოფელ იონოვკას მახლობლად და 13 იანვარს კრასნოდარის მხარეშიც დაფიქსირდა. 2 იანვარს ვორონეჟის რაიონის სოფელ პეტროპავლოვკაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, სკოლა, საზოგადოებრივი ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ასევე ხუთი მანქანა და ტრაქტორი.    

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული რუსეთის ელჩი უწყებაში არ გამოცხადდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა უპასუხებს რუსეთის ელჩის ქმედებას, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება უგულებელყო და უწყებაში არ გამოცხადდა. პოლონეთის მოთხოვნით, ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა. ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა მისთვის რუსული რაკეტის შესვლის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებას. "მე ვერ მივიღე მკაფიო პასუხი," - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პოლონელ კოლეგებს, შესაბამისი ნოტის ფოსტით ან კურიერის საშუალებით გაგზავნა შესთავაზა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს (რუსების მიერ) როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან,“ - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ელჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და პოლონური მხარე შემდგომ ნაბიჯებს უახლოეს დღეებში გადადგამს. „ეს არის უგულებელყოფის ნიშანი და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ ქმედების მიმართ,” - აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან. ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.  

ლანდსბერგისი ვაშინგტონში: 75 წლის წინანდელი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვაგან - უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 75 წლის წინანდელი მოვლენები, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდა გაიხსენა. მისი თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად კი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა. „მინდა, შესაძლებლობა გამოვიყენო და აშშ-ს მადლობა გადავუხადო ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ლიეტუვის უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებად ქცევისთვის. დღეს ის თარიღია, როდესაც სევდიანი ისტორიის 75 წელს ვიხსენებთ, რადგან 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. როდესაც ათიათასობით და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ციმბირში გადაასახლეს და მთელი ცხოვრების იქ გატარება აიძულეს, ბევრმა მათგანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ეს მოგონება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რასაც დღეს ვაფასებთ. უსაფრთხოება, თავდაცვა, კეთილდღეობა, რომელთა მიღწევაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევძელით და ასევე, ვუყურებთ მომავალს, რომ ეს აღარ განმეორდეს, არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორიცაა, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან და საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხნენ,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ზელენსკი: პუტინი ტერაქტში ისევ უკრაინას ადანაშაულებს - ავადმყოფი და ცინიკური არსებაა

პუტინი ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისი თქმით, ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა ის არის ის, ვინც ორი ათეული წელია, ტერორით იკვებება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინია დიდი ფანჯარა ტერორისთვის. „ის არის ყველაზე დიდი ფანჯარა ტერორისთვის. ის და მისი დაზვერვის სამსახური. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა და სხვისი არავისი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, მაგრამ რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება და მისი თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს „კიევის ნეონაცისტურ რეჟიმთან.“ ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს საბერძნეთთან გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება. დღევანდელ მატჩში გამარჯვებული ნაკრები, გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ცნობისთვის, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.  

უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი აღარ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის გადასატანად - ვასილი მალიუკი

„ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღარ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების გადასაზიდად. აქამდე ხიდზე დღეში 42-46 მატარებელი გადიოდა, რომელსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ახლა მხოლოდ 4-5, აქედან ოთხი სამგზავრო მატარებელია, ერთს საერთო მოხმარების საქონელი გადააქვს,“ - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა. მისი თქმით, ხიდს საავტომობილო მიმოსვლისთვის იყენებენ, მაგრამ შეზღუდულად.მან ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ხიდის სრულ აღდგენაზე მუშაობენ და თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარის რეაქცია შესაბამისი იქნება. "როდესაც ისინი აღადგენენ საყრდენებს, შესაძლოა, პოტენციურად ხელახლა დაიწყონ საბრძოლო მასალის გადატანა. შემდეგ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვეტყვით "გამარჯობას". ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი სრული განადგურების პოტენციალი,“ - აღნიშნა მალიუკმა. მისივე თქმით, რუსეთი არ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის მიწოდებისთვის დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მას შემდეგ, რაც მას უკრაინის უსაფრთხოების უწყებებმა დაარტყეს. „ოდესღაც უკრაინის პრეზიდენტისგან მივიღეთ დავალება, რომ ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო მარშრუტები გაგვეწყვიტა. ფაქტობრივად, ორი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. ახლა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ყირიმის ხიდს არ იყენებენ იარაღის მომარაგებისთვის. ხიდზე ყოველდღიურად გადიოდა 42-დან 46-მდე მატარებელი, რომელიც იარაღს და საბრძოლო მასალას ატარებდა, დღეს ოთხიდან ხუთ მატარებელია, ოთხი მგზავრს გადაჰყავს და მეორე - სამომხმარებლო საქონელი, ანუ მტერი არ იყენებს ხიდს,“ აღნიშნავს მალიუკი. თუმცა, SBU-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსები ყირიმის ხიდის შეკეთებაზე მუშაობენ. „ამჟამად იქ დაზიანებულია საყრდენები და ე.წ ზურგები, რომლებზეც დგანან. როცა აღდგება, ალბათ ისევ დაიწყებენ საბრძოლო მასალის გადატანას ამ ხიდზე. მერე კიდევ ერთხელ „გავუგზავნით მოკითხვებს.“ ყველაფერი დროულად უნდა დალაგდეს,“ - განაცხადა მალიუკმა. მალიუკის თქმით, ყირიმის ხიდზე პირველი თავდასხმის შემდეგ, ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ უკრაინელი ოპერატიულების ძალისხმევას.