ძებნის რეზულტატი:

რის შესახებ აფრთხილებს ბრიტანული დაზვერვა პუტინს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არ გამოიყენოს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციისთვის. ამის შესახებ The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. შაბათს, 23 მარტს ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი დაკავებულია. პუტინის თქმით, ტერორისტები დაკავებამდე მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. „პუტინის სასოწარკვეთა, რომ ეს ყველაფერი უკრაინაზე გადაიტანოს, გასაკვირი არ არის, რადგან ის ცდილობს, კიდევ უფრო მოატყუოს რუსი ხალხი, იმავდროულად, თითქოს, რუსეთში არ არსებობს უთანხმოება,“ - განუცხადა გამოცემას ბრიტანეთის მთავრობის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა. წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა არ უნდა გამოიყენოს ეს ნაცადი მეთოდი საბაბად, უკრაინაში თავისი უკანონო ქმედებების ესკალაციისთვის. რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა არხმა NTV-მ გაავრცელა ყალბი ვიდეო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოჩანაწერის თანახმად, „უკრაინელი უშიშროების მაღალჩინოსანი“ ცდილობს, გუშინდელი თავდასხმა უკრაინას დააბრალოს. ვიდეოში, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, უკრაინის უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირი ოლექსი დანილოვი ამბობს: "დღეს მოსკოვში ხალისია. ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისოა. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მოვაწყობთ ასეთ გართობას უფრო ხშირად." თუმცა, BBC-მ დაადგინა, რომ ვიდეო არის გასულ კვირაში გამოქვეყნებული ორი ინტერვიუს კომპოზიცია. ექსპერტის აზრით, დანილოვის ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ექსპერტი სემ გრეგორი BBC Verify-სთან ამბობს, რომ NTV-ის ეთერში გაშვებული ვიდეო,როგორ ჩანს, "დიფფეიკი" იყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვის მახლობლად საკონცერტო ცენტრ Crocus City Hall-ში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა.  

მაკრონი: ევროპა უფრო მეტ ერთიანობას ავლენს და უკრაინის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად აძლიერებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უფრო და უფრო მეტ ერთიანობას ამჟღავნებს და მნიშვნელოვნად აძლიერებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ევროპული დასკვნებში სიტყვა - „ინტენსიურად“ პირველად ჩნდება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.  „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ რუსების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, რაც მიდგომის რეალური ცვლილებაა,“ - აღნიშნა მაკრონმა. „საქმეები კარგად მიდის და ბოლო კვირების განმავლობაში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანი იყო როგორც ერთიანობის, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ერთობლივ მიღწევებს შორის მან აღნიშნა ჩეხეთის ინიციატივის ყველა ქვეყნის მიერ დამტკიცება (უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებით - რედ.), რომელსაც აქამდე სკეპტიციზმით ეპყრობოდნენ, ასევე, საერთო გაგებაა უკრაინის დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შესახებ. „თუ ჩვენ ბევრად უფრო შორს  უნდა წავიდეთ, თუ სიტუაცია გაუარესდება, თუ ევროპულის გარდა სხვა დაფინანსება ამოიწურება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, უფრო რადიკალური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ,“ განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს  

რუსეთის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა. ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა 330 კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზები - ტიხორეცკაია და როსტოვსკაია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით შეაკავეს 11 „უკრაინული" უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინას დრონებით ამ შეტევაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგური როსტოვის ოლქში ამ ტიპის უმსხვილესი სადგურია. 22 მარტს რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „დნეპროჰესზე“. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.  

ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა, კვირის განმავლობაში, 700 ბომბი და 190 რაკეტა გამოიყენეს

 - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ათასზე მეტი საშუალება გამოიყენეს - რაკეტები, ე.წ. „კამიკაძე“ - დრონები და ავიაბომბები. „კვირის განმავლობაში, რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 190 რაკეტა, 140-მდე „შაჰიდი“ და 700-მდე სხვა მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთი კვირა არ ყოფილა, რომ რუსეთს ტერორიზმისგან თავი შეეკავებინოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა პილოტებს, საზენიტო მსროლელებს, მობილურ საცეცხლე ბრიგადას და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის ოპერატორებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმებს ეწინააღმდეგებიან. „რა თქმა უნდა, ჩვენი საჰაერო ფარი საჭიროებს მნიშვნელოვან გაძლიერებას - ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მაგრამ ახლა მაინც რაკეტების ნაწილი და „შაჰიდების“ უმეტესობა ჩამოგდებულია ჩვენი ჯარისკაცების მიერ," - აღნიშნა ზელენსკიმ.  

საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ასევე, საშიშროება, რომლის წინაშე საფრანგეთიცაა. 2024 წლის ივლის-აგვისტოში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე შესაბამის სამსახურებს აძლევს უფლებას, მიიღონ ისეთი ზომებიც, რომლებიც შესაძლოა, ზიანს აყენებდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას. საფრანგეთი არაერთხელ იქცა სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნედ. ყველაზე მასშტაბური იყო 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.  

რუსების მცდელობა, შექმნან საკუთარი საზღვაო დრონები, წარუმატებელია - ბუდანოვი

რუსული სამხედრო ინდუსტრია ცდილობს საკუთარი საზღვაო დამრტყმელი თვითმფრინავების შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსული საზღვაო დამრტყმელი დრონების წარუმატებელი გამოყენება ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული. „ჩვენ ერთხელ ვნახეთ მათ მიერ ასეთი დრონების რეალური გამოყენება, ყველა სხვა შემთხვევა კი, წარუმატებელი აღმოჩნდა," - განაცხადა ბუდანოვმა. უკრაინელი სამხედროები წარმატებით იყენებენ საზღვაო დამრტყმელ თვითმფრინავებს მტრის გემების განადგურების მიზნით. 5 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ქვედანაყოფი თავს დაესხა რუსულ ხომალდ სერგეი კოტოვს. RBC-Ukraine-ს წყაროებმა განაცხადეს, რომ დარტყმის დროს გემზე ვერტმფრენი იმყოფებოდა. ეს არ არის პირველი დანაკარგი, რომელიც რუსეთის ფლოტმა განიცადა შავ ზღვაში. როგორც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა, საზღვაო დრონების დანაკარგების ფონზე, რუსები ყირიმის პორტებში სამხედრო გემების მინიმალურ რაოდენობას ინახავენ. იქ განლაგებულია ოკუპანტების მხოლოდ ნაკლებად ღირებული გემები.  

„ყირიმს დავიბრუნებთ“ - უკრაინის დაზვერვამ ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელი სამხედროების ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ემზადება თუ არა ყირიმში ახალი დესანტი, ბუდანოვმა დადებითად უპასუხა. „დიახ, ემზადებიან. და მოხდება. ასე გავაგრძელებთ. ყირიმი დაბრუნდება," - აღნიშნა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა. უკრაინის დაზვერვამ რამდენიმე სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა დროებით ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ოკუპირებულ სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: მადლობა წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.  

მდინარაძე: დავაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.  „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არცერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან არ გახმოვანებულა, პირიქით, ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან. ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ახლო მომავალში, ჩვენ, ასევე, დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

უკრაინის დაზვერვამ რუსულ გემ „იამალზე“ იერიშის დეტალები გაასაჯაროვა

დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში 23 მარტს თავს დაესხნენ დიდ რუსულ სადესანტო ხომალდ „იამალს“. უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ცნობით, გემის დაზიანება კრიტიკულია.  „კერძოდ, თავს დაესხნენ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მე-13 გემთმშენებელს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მტრის დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“ იყო გამაგრებული,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, Yamal-ის დაზიანება კრიტიკულია. ზედა გემბანის გახვრეტამ მარჯვენა ბორტის გადახრა გამოიწვია და საოკუპაციო ძალებს უწევთ წყლის მუდმივად ამოტუბვა. „ოკუპანტები განუწყვეტლივ ასხამენ წყალს დაზიანებული გემიდან, რომელიც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა და 2017 წლიდან 2023 წლამდე არემონტებდნენ“ - აღნიშნავს დაზვერვა.  თავდასხმა ყირიმში - 23 მარტს აფეთქებები მოხდა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ - სევასტოპოლში.  ამასთან, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საკომუნიკაციო ცენტრზე უკრაინის დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. შესაბამისი მასალა Telegram-ზე რადიო თავისუფლების პროექტმა Schemes-მა გამოაქვეყნა. როგორც აღინიშნა, სატელიტმა Planet Labs-მა დააფიქსირა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად, სევასტოპოლში, რუდნევის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა დაზიანდა. „21 და 24 მარტის ტერიტორიის სატელიტური სურათების შედარება აჩვენებს, რომ შენობის სახურავი ჩამოინგრა სარაკეტო დარტყმის შემდეგ,“ - ნათქვამია მოხსენებაში. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.  

FT: აშშ ჩინეთის საფრთხის გამო, იაპონიასთან უსაფრთხოების შეთანხმების მნიშვნელოვან განახლებას გეგმავს

შეერთებული შტატები და იაპონია ჩინეთის საფრთხის ფონზე, ბოლო 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების ხელშეკრულების ყველაზე დიდ განახლებას გეგმავენ. ამის შესახებ Financial Times- წერს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სარდლობის რესტრუქტურიზაციის გეგმებს გამოაცხადებენ, რათა გააძლიერონ ოპერატიული დაგეგმვა და წვრთნები ქვეყნებს შორის, განუცხადეს გამოცემას წყაროებმა. მათი თქმით, გეგმა 10 აპრილს გახდება ცნობილი, როდესაც ბაიდენი თეთრ სახლში კიშიდას მიიღებს. მოკავშირეებს სურთ, გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოების კავშირები, რათა უპასუხონ ჩინეთის მზარდ საფრთხეს, რომელიც მოითხოვს მათი სამხედროების თანამშრომლობას და დაგეგმვას უფრო თანმიმდევრულად, განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, პოტენციური კონფლიქტი ტაივანში. თეთრმა სახლმა, პენტაგონმა და აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. იაპონიის მთავრობას ასევე არ გაუკეთებია კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ადმირალმა ჯონ აკილინომ, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი აძლიერებს სამხედრო და ბირთვულ არსენალს და მზად იქნება 2027 წლისთვის, რომ ტაივანში შეიჭრას. გასული წლის დეკემბერში, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სან-ფრანცისკოში სამიტის დროს, რომ პეკინი გააერთიანებდა ტაივანს კონტინენტურ ჩინეთთან, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს, ჯერ უცნობია.  

რუსული საფრთხის ფონზე, რინკევიჩსმა NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა განიხილონ

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარდს რინკევიჩსმა მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა გასწიონ და მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო დაპირისპირებისთვის; განიხილონ ყველა შესაძლო ვარიანტი - გაწვევის დაბრუნებიდან და თავდაცვის სპეციალური გადასახადიდან სამხედრო ხარჯების მკვეთრ ზრდამდე. კერძოდ, რინკევიჩსმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ ცივი ომის ხარჯების დონეს და განიხილონ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დაბრუნება, რათა შეიარაღებულ ძალებში პერსონალის რაოდენობა გაიზარდოს. ამავდროულად, ლატვიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უმჯობესია სრული პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა და გაწვევა შეიძლება, არაპოპულარული აღმოჩნდეს, მაგრამ სამხედროები მთელ ევროპაში აწყდებიან რეკრუტირების სირთულეებს და პროექტი ხელს შეუწყობს უფრო ქმედუნარიანი სარეზერვო ძალების შექმნას რუსეთის შეკავების მიზნით. "არავის სურს ბრძოლა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავის სურს თავდასხმა. და არავის სურს აქ განმეორდეს უკრაინის სიტუაცია," - დასძინა რინკევიჩსმა. შეგახსენებთ, რომ იანვარში ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა აღმოსავლეთ საზღვარზე ბალტიისპირეთის ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნას მხარი დაუჭირეს. ლატვიის მთავრობამ ასევე დაამტკიცა აღმოსავლეთ საზღვრის სამხედრო გაძლიერებისა და ანტიმობილურობის გეგმა, რომელზეც 303 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავენ.  

უკრაინის მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბენზინის წარმოება შეამცირეს და რეზერვების გაყიდვა დაიწყეს - მედია

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დრონების მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბენზინის წარმოება შეამცირეს და დაგროვილი რეზერვების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. მათი მონაცემებით, რუსეთში ბენზინის წარმოება 13-19 მარტის კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 3,9%-ით და წარმოების გეგმასთან შედარებით 5,2%-ით შემცირდა - 779,4 ათას ტონამდე (111,3 ათასი ტონა დღეში). წარმოების მინიმალური მოცულობა 18 მარტს დაფიქსირდა - 104,7 ათასი ტონა დღეში. თუმცა, მიუხედავად წარმოების შემცირებისა, ნავთობკომპანიებმა შიდა ბაზარზე მიწოდება 0,3%-ით - 794,2 ათას ტონამდე გაზარდეს. ნავთობის სფეროს მუშაკებმა ასევე დაფარეს განსხვავება წარმოებასა და გადაზიდვებს შორის, ბენზინის რეზერვების გამოყენებით გადამამუშავებელ ქარხნებსა და სატანკო მეურნეობებში. მარტში უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა ლუკოილის ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველადი გადამამუშავებელი განყოფილება დააზიანა. კომერსანტის მონაცემებით, ნავთობის გადამუშავებამ მარტში 722,6 ათასი ტონა დღეში შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 0,5%-ით ნაკლებია. ენერგეტიკის სამინისტრო ელოდება, რომ რიგ ქარხნებში ინდიკატორის შემცირება სხვა გადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების ზრდით ანაზღაურდება. ამავდროულად, ნავთობის სფეროს მუშაკებმა მარტში ნავთობის ექსპორტი გაზარდეს. ამასთან, პეტერბურგის საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე ბენზინის ღირებულება ბოლო ორი კვირის განმავლობაში იზრდებოდა. უკრაინამ რეგულარული თავდასხმები რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თებერვალში დაიწყო.  

მდინარაძე: აშშ-ს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ - ეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, “რუსეთზე, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს შეამცირებს.” ამის შესახებ მან ამერიკის მაგალითზე საუბრისას განაცხადა. „საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იყოს მეტ ქვეყანასთან. შესაბამისად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, არა რუსეთზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს. ხომ ასეა? მით უმეტეს, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს ამცირებს. ხომ არ ზრდი? მაგალითად, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რომ ღრმად შევდივართ და სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ეს ამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას თუ ზრდის? ხომ ამცირებს? თუ აშშ-ს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამდენი ხანია ასე ვუწოდებთ და ასე გავაგრძელებთ, მაგრამ, რომ ვსაყვედურობთ, ხომ არ დაგვიმალავს ეს? ვსაყვედურობთ, ჩვენს მეგობრებს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ ან რაღაც ვქნათ. არავის ვაყვედრით, მაგრამ ჩვენი სამხედრო ძალები, მხარდამხარ იბრძვიან ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და ამხელა კონტრიბუცია რომ აქვს, საქართველოს, NATO-ს არაწევრ ქვეყანას, ისეთი არცერთს არ აქვს. 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა, 300-ზე მეტი დასახიჩრებული და დაჭრილი გვყავს. რაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, პატარა, თავმოყვარე ქვეყანას, ვაკეთებთ მათ გვერდიგვერდ, მაგრამ შედეგები ჩვენც გვინდა. ამას ამერიკაზე თავდასხმად აფასებენ თქვენი წარმომადგენლები, მაგალითად, ხაზარაძე იქნება ეს თუ “ნაცმოძრაობის” სხვა წარმომადგენლები. თავდასხმა კი არა, ხაზს ვუსვამთ, მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით,” - განაცხადა მდინარაძემ.  

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტერაქტი აღკვეთა

აზერბაიჯანში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭმიტანილები გამოაშკარავდნენ, იუწყება Trend აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ბაჰრუზ ასგაროვი (დაბადებული 1988 წ.) სხვა პირებთან ერთად, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის წარმოქმნის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ამზადდებდა ტერორისტულ აქტს, რომელსაც ადამიანების სიკვდილი და სხვა სოციალურად საშიში შედეგები უნდა გამოეწვია. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ბახრუზ ასკეროვმა დაამყარა საიდუმლო კავშირი რესპუბლიკის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან და გასცა ბრძანება, მოეწყოთ თავდასხმა ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე. „კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბახრუზ ასკეროვი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 214.2.1 (ტერორიზმისთვის მომზადება) მუხლით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბახრუზ ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნების ორგანიზებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე იმ პირებისთვის, რომლებთანაც კონტაქტში იყო, მაგრამ სსს-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მან ეს დანაშაულებრივი ქმედებები ვერ ჩაიდინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის ყველა ასპექტის დასადგენად,“ წერს აზერბაიჯანული მედია.  

წვიმა, მაღალ მთაში თოვა და ქარბუქი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი, აგრეთვე, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.  

აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის შესყიდვას კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა იწყებს

ალბანეთი აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის გამოყენებას 2026 წლიდან აპირებს, ამ მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია S&P Global Ratings-ზე დაყრდნობით წერს. „გარდა ამისა, არსებული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP), მიზნად ისახავს ალბანეთის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას და მისი დამოკიდებულების შემცირებას ჰიდროენერგეტიკაზე. TAP-ის მთავარი როლია ალბანეთში, ხელი შეუწყოს გაზის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან ევროპის ბაზრებზე, მათ შორის, იტალიაში,“ - აღნიშნავს S&P. ალბანეთში აზერბაიჯანული გაზის წლიური მიწოდება დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრს მიაღწევს. ალბანეთი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მეცხრე მყიდველი იქნება იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს, თურქეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ. ამასთან, არის ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც აზერბაიჯანიდან გაზის შეძენა სურთ. ესენია ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ხორვატია, სლოვაკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 2023 წელს 11,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. მთლიანობაში ქვეყანამ გასულ წელს 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა. ევროკავშირთან მემორანდუმის მიხედვით, ბაქომ 2027 წლისთვის ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდოს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით შაჰდენიზის გაზის კონდენსატის საბადოდან 2020 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. TAP-ის მთლიანი სიგრძეა 878 კმ, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყანას აქვს კიდევ რამდენიმე პერსპექტიული გაზის საბადო, კერძოდ, ბაბაკი, აბშერონი, უმიდი და ყარაბაღი.  

მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც გეგმავდა. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. „ეს ჯგუფი ასევე ცდილობდა რამდენიმე ქმედების განხორციელებას ჩვენს მიწაზე,” - განუცხადა მანკრონმა ჟურნალისტებს გაიანაში ვიზიტის დროს. მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. ცალკე განცხადებაში, მაკრონმა „მტკიცედ“ დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ზელენსკი მოსკოვთან თავდასხმაზე: არარაობა პუტინი ერთი დღე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან  

ფაშინიანი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გავლენა აქვს რეგიონსა და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მნიშვნელოვანია და მას არამარტო რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.“ სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი კობახიძე წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. „6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. მაქვს საშუალება, ახლა განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არამხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა. წინა წელს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთი მზადაა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს. ერევანი ელის, რომ მეორე მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იქნება. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმაათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, [ასევე] ალმაათის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ, ორივე ქვეყანას შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.  

საქართველო და სომხეთი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას აანონსებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია პირველ ყოვლისა მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. „ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომელიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან  თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით,“ აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია. „მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია,“ - აღნიშნა პრემიერმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. „შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღო. სომხური მედიის ცნობით, მხარებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობები. „დღეს მე და ჩემს კოლეგას გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორცილებისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა," – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. იანვარში, თბილისში სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მე-13 შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ფაშინიანის თქმით, ეს განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო განვითარების ამბიციურ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს. უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში