ძებნის რეზულტატი:

Reuters: სანქციებისა და ტანკერების ნაკლებობის გამო, რუსეთი გაზის გათხევადების პროექტს აჩერებს

სანქციებისა და ტანკერების დეფიციტის გამო, რუსეთის უმსხვილესმა თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მწარმოებელმა Arctic LNG 2-ის პროექტში წარმოება შეაჩერა. „Novatek-მა წარმოება Arctic LNG 2-ის პროექტში სანქციების და ტანკერების დეფიციტის გამო შეაჩერა,“ განუცხადა Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ. Novatek-მა, რომელმაც LNG-ის საცდელი წარმოება დეკემბერში, ქარხნის დაგეგმილი სამი მატარებლიდან პირველზე დაიწყო, კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. „მატარებელი პირველი ივნისის ბოლომდე დაკეტილი დარჩება,“ - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ პროექტისთვის სამშენებლო სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წყაროების თქმით, მთავარი პრობლემა იყო სპეციალიზირებული ტანკერების ნაკლებობა, რომლებსაც LNG-ის ტრანსპორტირება შეეძლოთ. Novatek-ის ცნობით, Arc7 ყინულის კლასის 15 ტანკერი, რომლებსაც 2 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა შეუძლიათ, რუსეთის გემთმშენებელ ქარხანაში Arctic LNG 2-ისთვის აშენდება. ყინულის კლასის ტანკერებს, როგორც წესი, ორმაგი კორპუსი აქვთ.  

საბერძნეთი უკრაინაში საბრძოლო მასალის დიდი პარტიის გაგზავნას გეგმავს - მედია

საბერძნეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დიდი პარტიის მიწოდებას გეგმავს. მისი გადატანა ჩეხეთის გავლით იგეგმება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ iEidiseis-ი იუწყება. „მთავრობა ემზადება ჩეხეთის გავლით უკრაინაში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის გასაგზავნად და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტისგან თანხმობას ითხოვს,“ - წერს მედია. მედია ასევე მიუთითებს, რომ საბრძოლო მასალა ბერძნული არმიის მარაგიდან გაიგზავნება და საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი შეაფასა, როგორც "გამოყენებისთვის ვარგისი." საბერძნეთი მათ გაყიდვას 150 მილიონ ევროდ გეგმავს. საბრძოლო მასალა ამჟამად უკრაინელი დამცველების ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა. გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს  

ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნახევარგამტარების უმსხვილესმა მწარმოებელმა Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC) ტაივანის მიწისძვრის შედეგად მიღებული ზარალი დაახლოებით 60 მილიონ დოლარად შეაფასა, იტყობინება ტაივანის გაზეთი Commercial Times. TSMC-ში განმარტეს, რომ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპანიის ზოგიერთი საწარმოო ობიექტის ევაკუაცია განხორციელდა. საწარმოო სიმძლავრის ნაწილი შეჩერდა. 3 აპრილს დილით, ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდა შეადგინა. BBC-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს ტაივანის ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით, დაახლოებით 18 კილომეტრში (11 მილი). ჰუალიენის შორეულ, მთიან რეგიონში მეწყერი ჩამოწვა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტაიბეიმდე. ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 711 ადამიანი დაშავდა.  

ჯონ კირბი: აშშ ეძებს გზებს უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების უზრუნველსაყოფად

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინელებისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის გზების ძიებას, როგორც ეს გასულ თვეში გააკეთა. „ჩვენ უკვე შემოვიღეთ გარკვეული გადაუდებელი ზომები. თქვენ ნახეთ, როგორ შეძლო პენტაგონმა მიეღო 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი მათთვის. გავაგრძელებთ ძებნას და ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ. კითხვას, არსებობს თუ არა ბოლო ვადა, რომლის შემდეგაც, მთავრობა დაიწყებს მეტის გაკეთებას უკრაინის მხარდასაჭერად, კირბიმ უპასუხა, რომ ეს ვადა დიდი ხანია დადგა, როდესაც პრეზიდენტმა კონგრესს დახმარების პაკეტით მიმართა. მანვე აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში კანონმდებლების უმოქმედობის გამო, უკრაინელი მეთაურები ადგილზე იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაზოგონ საბრძოლო მასალა პოზიციების შესანარჩუნებლად.  

WP: აშშ-მ რუსეთი Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი Crocus City Hall-ი შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. „სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო,“ - წერს გამოცემა. მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით რუსეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.  

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს. ჭანიას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, „აზოვის“ ბრიგადაში იბრძოდა და ის ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა. 48 წლის თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხახეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს, ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა 10 მარტს გავრცელდა.  

სალმონელოზის დადასტურების გამო, თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი). ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები. შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის სააგენტომ შაურმით მოწამვლის ფაქტი 15 მარტსაც გამოავლინა.  

პროკურატურის გამომძიებელი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსს გაივლის - ამერიკის საელჩო

ქართველი ოფიციერ დემეტრე გრიგალაშვილი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსზე ჩაირიცხა. შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „ვულოცავთ დემეტრე გრიგალაშვილს FBI-ს ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო კურსზე ჩარიცხვას! დემეტრე საქართველოს პროკურატურის გამომძიებელია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დიდი გამოცდილებით. FBI-ს ათკვირიანი პროგრამა თავს უყრის სამართალდამცველ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან ერთობლივი წვრთნისა და ლიდერობის გამოცდილების გაცვლის მიზნით. დემეტრე მეთოთხმეტე ქართველი ოფიცერია, რომელიც ამ პროგრამას გაივლის,“ წერს საელჩო.  

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება. „საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე," - განაცხადა მდინარაძემ. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა.  

ბლინკენი: NATO-ს სამიტი ფოკუსირებული იქნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი იქნება და ამის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკის ქონა მნიშვნელოვანია. ეს განცხადება მან საფრანგეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „მჯერა, რომ NATO-ს სამიტი, რომელიც საიუბილეოა, ნამდვილად იქნება ძალიან კონცენტრირებული საკმაოდ კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, დავადგინოთ ეს საგზაო რუკა. ან გამოვიყენოთ სხვა სურათი, ხიდი - აუცილებელი ხიდი, რათა უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს,“ აღნიშნა ბლინკენმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3-4 აპრილს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება შეხვდება ათზე მეტ დასავლელ კოლეგას და ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის მთავარ დიპლომატ ჯოზეფ ბორელთან. კულებას ვიზიტი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში ალიანსის 75 წლის იუბილეზე შედგება, რაც შვედეთისთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრის, პირველი ასეთი შეხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 28 აპრილს, ბრიუსელში უკრაინა-NATO-ს საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.   

ISW: რუსეთის ტერიტორიაზე 2 აპრილის შეტევა, უკრაინის შესაძლებლობებისთვის გარდამტეხი მომენტია

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის უკრაინის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა ინდუსტრიულ ობიექტებზე რუსეთში, თათრეთში, მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია კიევის შესაძლებლობების თვალსაზრისით, განახორციელოს შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ბოლო კვირებში უკრაინელმა სამხედროებმა შორი დისტანციის თვითმფრინავები რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. „სამიზნეების მანძილი უკრაინის საზღვრებიდან, უკრაინის მხრიდან დემონსტრირებული უნარია, განახორციელოს შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის ტერიტორიების სიღრმეში,“ - წერს ISW. ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა პირველ აპრილს განაცხადა, რომ უკრაინამ შექმნა თავდასხმის თვითმფრინავები, რომლებსაც 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენა შეუძლიათ. კიევმა დრონების შიდა წარმოების გასაძლიერებლად, ძალისხმევა გააძლიერა და 2024 წელს ერთი მილიონი თვითმფრინავის წარმოებას  ისახავს მიზნად. 2 აპრილს ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში. წყაროებმა განაცხადეს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ელაბუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.  

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.შ., 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად „ლოლო“), 1990 წელს დაბადებული ბ.ს., 1964 წელს დაბადებული კ.ბ., 1974 წელს დაბადებული მ.ყ. (მეტსახელად „ყურშა“), 1991 წელს დაბადებული თ.ჩ. (მეტსახელად „თაზო“) და 1987 წელს დაბადებული ი.კ.დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და თ.ჩ.-ს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს. ამავე, კომპანიაში დასაქმებულმა 1964 წელს დაბადებულმა კ.ბ.-მ დახმარება აღუთქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, მათ შორის თავის შვილს - 1989 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. თავის მხრივ, თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ "რუსული კანონის" შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის უკან სვლის საშუალება არ მივცეთ - ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას - ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ, როგორც არ უნდოდეთ გენდერული კვოტირების გაუქმება, ჩვენ კვლავ აქ ვართ! მნიშვნელოვანია, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს.“ „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს - უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, “რომ ის მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ „რუსული კანონი“ და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი,” აღნიშნა აქუბარდიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს გააკეთებს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით. „ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. გოცირიძე ასე გამოეხმაურა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას. „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ე.წ რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება და ეს მარტივად არ ჩაივლის. „ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა. ფოცხი არის ასეთი რამ - სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა. ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება. ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი "ფარა" და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია,” - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ვაშაძის თქმით, რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - “არ მინდა ევროკავშირი.” მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია - მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ - მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს. რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ - „თავი დაგვანებეთ.” მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა.“ მისი თქმით, პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო - გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად,“ – განაცხადა გვარამიამ.მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ევროპული პერსპექტივა. კრემლის დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ! - "რუსული კანონი" არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში - არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, - ამის შესახებ კი, "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "რუსული კანონის" შესახებ ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაციის თავიდან გაცოცხლების დავალება კრემლიდან მიიღო, რადგან ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელი შეეშალოს. „მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი. არ გაგატან. მთელი შენი ეს ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ, მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერესს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, შენ უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ არ იხდი გადასახადებს ამ ქვეყანაში, შენ არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში, შენ გინდა მხოლოდ ერთი რამ და ეს არის ის, რომ შენ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე მოკალათებული და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული ქართველი ხალხის ხარჯზე. ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო," - განაცხადა ხაზარაძემ. „ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში,“ - აცხადებს თავის მხრივ, “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, “ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო. „ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. როდესაც პირველად მოხდა "რუსული" კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ მათ უგულებელყვეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის, გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა “ოცნების” ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა და ახლა მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც “ქართულ ოცნებას” შესაბამის პასუხს გასცემენ,” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.   ცნობისთვის, მმართველი პარტია ხსენებულ კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს. „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს  

ჰააგაში მიიღეს უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია, რომელსაც 44 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შეუერთდა

44 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც 2 აპრილს, ჰააგაში მიიღეს. 44 სახელმწიფო მხარს უჭერს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას და გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას. დეტალები: საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერეს ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მოლდოვამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმ, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სან მარინომ, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებული შტატებმა. კონფერენციაში სულ 57 ქვეყანა მონაწილეობდა. დეკლარაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. დოკუმენტის მხარდამჭერი ქვეყნები აუცილებლად მიიჩნევენ საერთო ძალისხმევის გაძლიერებას საერთაშორისო სამართლის დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და ხაზს უსვამენ პროცესში უკვე ჩართული ყველა ინსტიტუტის, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლს. დეკლარაციის მხარდამჭერი ქვეყნები ადასტურებენ, რომ იმუშავებენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის. დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რომელიც ჰააგის კონფერენციაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ თუ ორი წლის წინ სპეციალური ტრიბუნალის იდეა უარყოფილი იყო, დღეს უმრავლესობას მკაფიოდ ესმის, რომ ალტერნატივა არ არსებობს. კულებამ მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა. კულება დარწმუნებულია, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად სპეცტრიბუნალი რეალობად იქცევა. სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა.  

რა მიზნით ეწვია საქართველოს ირანის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენლის მოადგილე

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ირანის საკითხებში აბრამ პეილი ირანის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ქართველ ოფიციალურ პირებთან გამართულ „პროდუქტიულ შეხვედრებზე“ საუბრობს. პეილი საქართველოში იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში. პეილიმ აღნიშნა, რომ მას ირანის, ადამიანის უფლებებისა და სანქციების გაგრძელების მნიშვნელობის შესახებ პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდა თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კერძო სექტორთან. „კონსტრუქციული მოგზაურობა მქონდა სამხრეთ კავკასიაში, სადაც შევხვდი მაღალჩინოსნებსა და კერძო სექტორს, რათა მესაუბრა ირანის რეჟიმზე, სანქციების აღსრულებასა და რეჟიმის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევის მცდელობებზე. აშშ-ის მიზანია, იმუშაოს ჩვენს პარტნიორებთან, რეგიონში პოზიტიური ხედვის წინსვლისთვის,“ აღნიშნავს პეილი ვიდეომიმართვაში. თავის მხრივ, ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტიანად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. აბრამ პეილი არის აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ირანის საკითხებში. ის ამ პოზიციაზე 2023 წლის მარტიდან მუშაობს. მანამდე იყო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ჩინეთში, საუდის არაბეთში, ერაყსა და ისრაელში, ასეევ, ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში. აბრამ პეილი 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლამდე იემენის საკითხებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოში დირექტორად მუშაობდა. ცნობისთვის, პეილი ჯერ სომხეთში და შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. მისი ტური ბაქოში დასრულდა. აზერბაიჯან-ისრაელის მჭიდრო კავშირები, აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზია. ირაული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილის ვიზიტი ემთხვევა იმ დროს, როდესაც თეირანი და ბაქო უახლოვდებიან შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელიც 2023 წლის დასაწყისში თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ გაწყდა. ასევე შეგახსენებთ, ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ შეგუებიან სომხეთთან საერთო საზღვრისა და სატრანსპორტო კავშირების ჩამორთმევის მცდელობებს. სომხეთისა და ირანის მთავრობებმა პირობა დადეს, რომ ხელს შეუწყობენ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას. მათი ერთობლივი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ბოლოს თეირანში, თებერვალში შეიკრიბა. სამი კვირის შემდეგ ირანის დედაქალაქს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია.  

„არანაირ „რუსულ კანონს“ პარლამენტი არ იღებს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ“ - პაპუაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ დეპუტატს გაუთიშავდა მიკროფონს, რომელიც სიტყვებს „რუსულ კანონს“ ახსენებს. მანმადე, პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „აგენტების კანონის“ პარლამენტში კიდევ ერთხელ შეტანით დეპუტატებსა და ხალხს  მმართველმა პარტიამ შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა. ასევე ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხატია დეკანოიძის განცხადებას. „ქალბატონო ხატია, მაინც შეგახსენებთ, რომ ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეკანოიძეს მიმართა, რომ საქართველოს პარლამენტი არანაირ „რუსულ კანონს“ არ იღებს და არც არასდროს მიუღია. როგორც დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას მომავალი წაართვას. „რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობა ჩვენ თავზე ზრუნვაა და საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობაა ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვა. ჩაგრულ ქალებზე, ემიგრაციაზე და ყველა იმ ადამიანზე ზრუნვა, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის გადატეხვაც ახლა უნდა „ქართლ ოცნებას“ ახალი „რუსული კანონმდებლობის“ შემოტანით... თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ,“ - განაცხადა დეკანოიძემ. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის

ევროპარლამენტარი: როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. „როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი," წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყება

ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. „UEFA-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.  http://euro2024.com/tickets  დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ,“ წერს ფეხბურთის ფედერაცია. ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.  

ლომჯარია: როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში

ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიციირების გადაწყვეტილებას, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ასეთ კანონებს რა მოჰყვება, თვალნათელია რუსეთის მაგალითზე. „რატომ დააბრუნეს „რუსული კანონი”? „ქართულ ოცნებას” უნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან. არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით,“ - წერს ლომჯარია. მამუკა მდინარაძის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ლატვია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ლატვიის მთავრობამ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ქვეყანა 2024 წელს თითქმის 10 მილიონ ევროს უკრაინის აღსადგენად და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გამოყოფს. უკრაინის აღდგენას 5,3 მილიონი ევრო მოხმარდება. კიდევ 4,3 მილიონი ლატვიის მთავრობამ შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით გამოყო. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ ლატვია ზრუნავს ჩერნიგოვის რეგიონის აღდგენა-რეკონსტრუქციაზე. „მთავრობის წლევანდელი გეგმა ითვალისწინებს რეგიონში სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციას, ქალთა ფსიქოლოგიურ დახმარებას, დიგიტალიზაციას, ტერიტორიული დაგეგმარების საკითხებს და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს,“ - აცხადებენ უმაღლესი რადაში. მანამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინას 595 მილიონი ევროს დახმარება გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან. ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,85%.