ძებნის რეზულტატი:
პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის დაპყრობას და კიევის ხელში ჩაგდებას - ბლინკენი
ვლადიმერ პუტინი ვერ დაიმორჩილებს უკრაინას და კიევი ვერ ჩავარდება რუსეთის ხელში, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. კითხვას, შეუძლია თუ არა აშშ-ს, დაჰპირდეს უკრაინას, რომ კიევი არასოდეს მოხვდება რუსეთის ხელში, ბლინკენმა უპასუხა: „ეს არასდროს მოხდება." აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ვაშინგტონი განიხილავდა კიევის "დაცემის" შესაძლებლობას. თუმცა, აშშ ახლა დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება. „მაგრამ უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი წინააღმდეგობის და ასევე, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერის წყალობით, პუტინის სურვილი დაეპყრო მთელი ქვეყანა, წაშალოს იგი რუკიდან, გახადოს იგი დიდი რუსეთის ნაწილი, არ განხორციელებულა და ეს არც მოხდება,“ - აღნიშნა ბლინკენმა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
პოროშენკო ომის დასრულების შემდეგ კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2 აპრილს განაცხადა, რომ აპირებს, კვლავ იბრძოლოს საპრეზიდენტო პოსტისთვის მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი დასრულდება. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპარლამენტის არჩევნებში, როდესაც უკრაინა ევროკავშირში შევა. შემდეგი საპრეზიდენტო კენჭისყრა 2024 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ საომარი მდგომარეობა, რომელიც 2022 წელს გამოცხადდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, არარჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, მზად იყო არჩევნების ჩასატარებლად მაგრამ თვლიდა, რომ უკრაინელების უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი კენჭისყრა ომის დროს იქნებოდა "საშიში და უაზრო." კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების თითქმის 70% ფიქრობს, რომ ზელენსკი უნდა დარჩეს თანამდებობაზე საომარი მდგომარეობის განმავლობაში. პოროშენკო ერთი ვადით იყო უკრაინის პრეზიდენტი 2014 წლიდან 2019 წლამდე. უკანასკნელ არჩევნებში, რომელიც 2019 წელს გაიმართა, მისი მეტოქე იყო ვოლოდიმირ ზელენსკი. მაშინ ორივე კანდიდატმა მიაღწია მეორე ტურს და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 75%-ზე მეტმა მისცა ხმა, პოროშენკოს კი - 24%-ზე ოდნავ მეტმა.
Zara-მ, Bershka-მ და მოდის სხვა ბრენდებმა უკრაინაში მაღაზიები ხელახლა გახსნეს
Zara-მ, Bershka-მ, Pull&Bear-მა და სხვა უცხოურმა ბრენდებმა კიევში, 3 აპრილს რამდენიმე მაღაზია კვლავ გახსნეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარტში დაადასტურა, რომ Inditex, ესპანეთის საკუთრებაში არსებული მრავალეროვნული კომპანია, რომელიც Zara-ს და სხვა ბრენდებს ფლობს, თანდათან განაახლებს ოპერირებას უკრაინაში. კიევში დაახლოებით 20 მაღაზია გაიხსნება. ბევრმა უცხოურმა ბრენდმა შეაჩერა თავისი ბიზნესი უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მაკდონალდსი, H&M, დანიელი საიუველირო კომპანია Pandora და ფრანგული კოსმეტიკური კომპანია Yves Rocher არიან იმ მსხვილ უცხოურ ბრენდებს შორის, რომლებიც ხელახლა გაიხსნა უკრაინაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარტში გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში საერთაშორისო ბიზნესის აღდგენაზე, ახალი კომპანიების შეყვანაზე, რათა „გააღრმავოს ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში.“ Zara უკრაინაში ბრუნდება
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერების სამი ნაბიჯი დაასახელეს
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკა დაგმეს. „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანალენა ბარბოკის, სტეფან სეჟურნესა და რადოსლავ სიკორსკის სტატიის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა გულუბრყვილოა. მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად სამი ნაბიჯი დაასახელეს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასახელებენ სამ ნაბიჯს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პირველ ნაბიჯად დასახელებულია მშპ-ს, სულ მცირე, ორი პროცენტის დახარჯვა იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც საჭიროა კოლექტიური თავდაცვისთვის; ევროპელი დიპლომატები მეორე ნაბიჯად ასახელებენ კონტინენტის სრული ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებას სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, წარმოების გასაძლიერებლად და წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. ამ კუთხით, პრიორიტეტად დასახელებულია ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიებისთვის სავალდებულო გრძელვადიანი კონტრაქტები, მკაფიო ვადები, ფიქსირებული ფინანსური ვალდებულებები და მთავრობებისგან შესყიდვის გარანტიები; მესამე ნაბიჯად განსაზღვრულია ინვესტიცია სამომავლო ტექნოლოგიებში, რათა შენარჩუნებული იყოს ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა. „მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის ვალდებულებას, გაიზარდოს საერთო თავდაცვისთვის მზადყოფნა და შესაძლებლობები თავისი საჭიროებებისა და ამბიციების შესაბამისად. ევროპის მშვიდობისთვის რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ „ნაცრისფერი ზონები“, რადგან პუტინი მათ განიხილავს, როგორც მიწვევას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით, რუკაზე წარმოსახვითი ხაზების დასახაზად და, საბოლოო ჯამში, სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. უკრაინაში მისმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ასევე დაამტკიცა, რომ გულუბრყვილოა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა იმ იმედით, რომ ამას შეეძლო მშვიდობის ან სტაბილურობის დაბრუნება კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ NATO-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი და გამოავლინონ მზადყოფნა, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე,“ – აღნიშნულია სტატიაში.
ევროპარლამენტარი: „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. მირიამ ლექსმანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის.“ ის ასევე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატებს მიკროფონს გამოურთავდა თუ ისინი შემოთავაზებულ კანონპროექტს რუსულს უწოდებდნენ. ლექსმანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, ჩაახშოს სიმართლე." ევროპარლამენტარი: როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგს გამართვს
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დააანონსა. განცხადება ორბელიანების სასახლეში 17:00 საათზე გაკეთდება. ბრიფინგის თემა არ გასაჯაროებულა, თუმცა ანონსს წინ უძღვის მმართველი გუნდის სადავო განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტიც. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
ივანე ჩხაიძე: საკმაოდ მოიმატა ბავშვებში ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვების ყივანახველით მომართვიანობამ მოიმატა. მისივე თქმით, ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. „საკმაოდ მოიმატა, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ივანე ჩხაიძე: სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა - მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის მანვე განმარტა, რომ სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. „სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის. გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავებაა ის, რომ მკვეთრი სიჭარბე არ აღინიშნება. პიკი ნამდვილად გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრდა. ქვეყანაში, მაინც მაღალია მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული ვირუსების თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებშიც მაღალია მიმართვიანობა. საავადმყოფოებში, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფინეთის ახალი პრეზიდენტი კიევში ვიზიტით ჩავიდა
ოთხშაბათს, 3 აპრილს, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა Twitter (X) დაწერა. სოციალურ ქსელში თავის პოსტს სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო დაამატა. „ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია უკრაინისადმი ფინეთის ძლიერ და მუდმივ მხარდაჭერაზე, უფრო ფართო ევროპულ პერსპექტივასა და უკრაინის სამშვიდობო ფორმულაზე, რომელსაც ფინეთი მთელი გულით უჭერს მხარს,“ - აღნიშნა სტუბმა. მან დასძინა, რომ ზელენსკიმ მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ჩემი მთავარი მესიჯი: ფინეთი იქნება თქვენთან იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდებათ," - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალექსანდრე სტუბმა თანამდებობა ოფიციალურად პირველ მარტს დაიკავა და მან საული ნიინისტო შეცვალა.
ევროპარლამენტარი: უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს
ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს „ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს,“ - წერს რებეკა ჰარმსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სახე გამოაჩინა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს უკვე ყველაფერი ნათელია - „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა. „ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ დაამთხვიეთ რუსული კანონის (ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვიყენებ) ინიცირება იმ კვირას, რომელიც 9 აპრილამდე მიდის და რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ. არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება ერთად არის და მათი გამიჯვნა შეულეებელია.“ პრეზიდენტის თქმით „ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით.“ „არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება. ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა. რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
საქსტატი: მარტში ყველაზე მეტად, 19.4%-ით ზეთი გაიაფდა, ხილი კი, 25.7%-ით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინდექსზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (3.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (1.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ იქონია გავლენა. საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -19.4 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -15.3 პროცენტით გაიაფდა, პური და პურპროდუქტები კი – -8.9 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა -3.9 პროცენტით დაიკლო. ამასთან, ფასები 25.7 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე; ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 2.8 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 5.1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 2.1 პროცენტით, ხოლო თევზეულზე ფასებმა 1.3 პროცენტით მოიმატა.
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან. „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი. დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული. ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს,“ ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
პარლამენტმა სადავო კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო
პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით - 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ მიიღო. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ „გირჩის“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. შეთანხმების თანახმად, უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას. სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს. საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, კვოტები 2032 წლამდე არ უნდა გაუქმებულიყო. კანონში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიებს მოეთხოვებათ სიები, რომლებშიც „ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი“. ცესკოში წარდგენილი სია პარტიას დაუბრუნდება, თუკი არ არის დაცული სქესთა შორის ბალანსი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევათ 3 დღე. თუკი პარტია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს საარჩევნო სიას, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი, საარჩევნო სუბიექტი კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს. 2028 წლის და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. 2032 წლის ჩათვლით, მუნიციპალური არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი. „გირჩის“ ინიციატივა 203-ე მუხლის მთლიანად ამოღებას გულისხმობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ასევე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. „ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით (13 წინააღმდეგი) მიიღეს. ამავე ცვლილებით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება.“ ოპოზიცია ცვლილებებს საარჩევნო ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების „ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმების მცდელობად“ აფასებს. ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები რომლები შეცდომაში შემყვანად მიიჩნევენ. ცნობისთვის, 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეულად ჩატარდა, მაგრამ 120 დეპუტატი პროპორციული სიებით აირჩიეს და მხოლოდ 30 - მაჟორიტარული წესით. წინა შემთხვევებში ეს თანაფარდობა გაცილებით მაღალი იყო - 77/73. 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით იმართება. ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ახლა პარტიას ენიჭება უფლება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ან ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ განსაზღვროს. თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას
ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სახე გამოაჩინა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს უკვე ყველაფერი ნათელია - „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა. ამ განცხადებებით ის „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. „[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა.“არა” - იუსტიციის რეფორმას. „მე არ შევალ ვეტინგით“ თუ სხვა ფორმით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო.“ „არა“ - სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია ,თუ გინდათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ თანამეგობრობაში...“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, დაინახოს; მოისმინოს, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. „„ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ევროპული დროშით გასვლის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა აქვე დააზუსტა, რომ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც პარტიების გაერთიანებას. მისი შეფასებით, „პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა.“ „უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო, სწორედ, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა. აქ საჭირო არის მომზადება, იმისთვის, რომ ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ეს არის ევროპული დროშა და სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. ეს არ ნიშნავს პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას. ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან დასავლეთის მიმართ მმართველი გუნდის რიტორიკა გააკრიტიკა. „ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოო, და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება (შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს) „ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო.“ „არა” - ქალების უფლებებს და „არა“, იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. ის საარჩევნო სიებში გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასაც გამოეხმაურა. „მინდა, მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს, გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს, აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
დავითაშვილის თქმით, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად 2020 წელთან შედარებით გენერაცია გაზრდილია 29%-ით). ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა. გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მისი უწყება მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. „მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ 22%-ით, ხოლო სამხრეთ კავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა, ჯამურად 2020 წელთან შედარებით 92%-ით არის გაზრდილი. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით - სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ომბუდსმენი: დაუშვებელია უხამსი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენმა ყველა დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკაოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა Facebook-ზე. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.
ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინასა და ფინეთს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების ტექსტშია ნათქვამი. „უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს გამოყოფის გათვალისწინებით, 2024 წელს უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერა უკვე 400 მილიონ ევროს აღემატება,“ - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ფინეთი უკრაინისთვის დამატებით ორ დახმარების პაკეტს გამოყოფს. ცნობისთვის, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფინელმა კოლეგამ ალექსანდრ სტუბმა კიევში, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების 10 - წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „ეს ძლიერი დოკუმენტია, რომელიც ფინეთის მზადყოფნას ადასტურებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ფინეთის გარდა, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები უკვე შვიდ სახელმწიფოსთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, კანადასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გააფორმა.
ბათუმის ნავთობტერმინალმა ყაზახეთის მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვა განაახლა
შპს „ბათუმის ნავთობის ტერმინალმა“ Aframax-ის ტანკერებზე ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა განაახლა. შემდეგ ტვირთი ევროპის ქვეყნებში იგზავნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშაუელებები KazTransOil -ზე დაყრდნობით ავრცელებენ. ყაზახური წარმოების მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა ყოველთვიურად იგეგმება. ამ სამუშაოს განახლება საქონლის გადაზიდვის სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უკავშირდება. მაზუთის და VGO-ს (ვაკუუმური გაზის ზეთის) გადაზიდვები ფაქტობრივად 2018 წლის ოქტომბრიდან არის შეჩერებული. მუქი ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით გადაზიდვა Aframax-ის ტანკერებზე შპს ბათუმის ნავთობტერმინალის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები, რაც თავის მხრივ, ბათუმის გავლით საექსპორტო ტვირთების მარშრუტს უფრო მიმზიდველს ხდის, გაიზრდება გადაზიდვის მოცულობა. Aframax-ის ტიპის დიდი ტევადობის ნავთობის ტანკერები განკუთვნილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, შეუზღუდავ სანავიგაციო ზონაში. ტანკერის სიგრძე 250 მეტრია, სიგანე - 44 მეტრი.
ყირგიზეთი რუსული Mir-ის ბარათების მომსახურებას წყვეტს
ყირგიზეთის ბანკებმა შეაჩერეს ტრანზაქციები რუსული ბარათებით, რომლებიც MIR-ის გადახდის სისტემის ნაწილია. 3 აპრილიდან, ხსენებული ბარათის მფლობელებს სერვისის მიღების პრობლემა შეექმნათ, რაც გადარიცხვის ოპერაციებზე აისახა. 2024 წლის თებერვალში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლზე პასუხისმგებელი დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის OJSC-ს - Mir-ის გადახდის სისტემის ოპერატორს. მეორადი სანქციების რისკის შესამცირებლად ყირგიზული მხარე იძულებული გახდა, უარი ეთქვა რესპუბლიკის ტერიტორიაზე Mir-ის ბარათებით ოპერაციებზე. ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არ აქვს უფლება, ჩაერიოს კომერციული ბანკების მუშაობაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბანკებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, გადახდის რომელ სისტემასთან იმუშავებენ. ქვეყნის გადახდების ადგილობრივმა ოპერატორმა აღნიშნა, რომ ამ ბარათების მომსახურება მიმდინარე კვირიდან შეჩერდება. მან მიზეზად მეორადი სანქციების რისკი დაასახელა.