ძებნის რეზულტატი:
კრამონი პაპუაშვილზე: გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ „აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილების გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს. „ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
წილოსანი ოდიშარიაზე: ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად
საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა მისი კოლეგის შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამო ბოდიში მოიხადა. „ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად.“ [ჟურნალისტი: ეთიკის საბჭოს რამდენად ექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით] პასუხი: „არ არის ეს ჩემი კომპეტენცია ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით.„ „რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო,“ განუცხადა წილოსანმა „მთავარ არხს.“ „თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას,“ განაცხადა მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბარში ოდიშარიამ. მან მედიის შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი აღშფოთება „არცერთი კონკრეტული ფიზიკური პირის, არც ქალის და არც კაცის მისამართით არ იყო გამოთქმული.“ ამასთან, როგორც ოდიშარია ამბობს, მისთვის ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში მიუღებელია. „რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ვწუხვარ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და მოსასმენად კიდევ უფრო მიზანშეუწონელია, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მოსასმენად, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასიამოვნოა. ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. ამაში ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, მათ შორის, ყველაზე მტრულად განწყობილებიც. მე არასდროს, არამც თუ ქალბატონი და ქალი კოლეგა, არამედ მამაკაციც არ შემირაცხყვია 8 წლის განმავლობაში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აღშფოთება არ იყო დამისამართებული, არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერსად ნახავთ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი ვახსენე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში არის მიუღებელი. ამისათვის მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იმიტომ, რომ ის ჩემგან არ არის ამგვარ გამონათქვამებს მიჩვეული, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა, მივანიშნო საზოგადოება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც გვიწოდებენ პრორუსებს, ერის მოღალატეებს, ფლიდებს და კიდევ მრავალ სხვას. ჩვენც გვყავს ოჯახები, შვილები, მშობლები, რომელთაც ეს ჯანმრთელობას ურყევს. თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას,“ - განაცხადა ოდიშარიამ. ჟურნალისტების კითხვას, ეხებოდა თუ არა მის მიერ მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეპითეტები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ოდიშარია პასუხობს, რომ მის გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს და კადრები დამონტაჟებულია. „სულ ორ ადამიანთან მქონდა შეხება ჩემი გამონათქვამის შემდეგ, რის გამოც ვწუხვარ. რომ ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ეს ცხადია. მაგრამ ის, რომ ადამიანები ბედავენ და ჩვენს ოჯახებს ატერორებენ, ეს დედის გინებაზე უარესია. ვიმეორებ, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც შენს თავს შეგიძლია, მისცე უფლება ასეთი გამონათქვამებისთვის, მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც და ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ახლა არ დამიწყოს ვინმე, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება ეს არის ადამიანის კეთილი ნება და ამ ნებას ვიჩენთ 8-წელიწადია. ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს და გაასაჯაროვეს და მონათლეს რაღაც თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, ტყუილია, ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირების კანონთან კავშირი არ აქვს. საკმაოდ დამონტაჟებულია, ტექსტებია გადადებული”, - განაცხადა ოდიშარიამ. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა. მომხდარი დაგმო სახალხო დამცველმაც.
ფოტიგა: მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს მმართველ პარტიას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „როგორც მახსოვს, ზუსტად ერთი წელი და ერთი თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა. მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს. ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია. საზოგადოების დაყოფა ყოველთვის არის რუსეთის მიზანი და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი”, – განაცხადა ფოტიგამ ტელეკომპანია „ფორმულასთან.“ როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირდა
პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერით “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ მომზადებული საკანონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია. დარეგისტრირებულია ორი საკონსტიტუციო ინიციატივა. “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.“ თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“ რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს. კონსტიტუციური კანონის პროექტით, მმართველი გუნდი შემდეგი შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღებას გეგმავს: - კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებიდან და კონსტიტუციურ კანონპროექტიდან გამომდინარე, ახლო მომავალში პარლამენტში რამდენიმე კანონში ცვლილებების პროექტი დაინიცირდება. მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ
ზელენსკი: რუსეთი ივნისისთვის 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი პირველ ივნისს 300 000 სამხედრო მოსამსახურის დამატებით მობილიზაციას ამზადებს. „შემიძლია ვთქვა, რომ პირველ ივნისს რუსეთი ემზადება დამატებითი 300 ათასი ჯარისკაცის მობილიზებისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტების კითხვას, რამდენი რეკრუტი იქნება მობილიზებული უკრაინის არმიაში წელს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ ნახევარი მილიონი არ გვჭირდება.“ „რაც შეეხება კონკრეტულ რაოდენობას, ვინც მობილიზდება, ვერ გეტყვით... ჩვენ არ გვჭირდება ნახევარი მილიონი,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან არ დააკონკრეტა, გულისხმობდა თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს, თუ 300 ათასი ადამიანი სხვა გზებით შეგროვდება. 3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს სამხედრო სამსახურში კონტრაქტით. ასევე 1 აპრილს დაიწყო საგაზაფხულო გაწვევა, რომლის დროსაც სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანის გაწვევა იგეგმება. ამავე დროს მოხდება შესაბამისი რაოდენობის გაწვეულთა დემობილიზაცია. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადებას. ზელენსკიმ სტუბთან გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ უკრაინის იერიშს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ზელენსკის თქმით, კრიტიკოსები უნდა ჩავიდნენ უკრაინის ქალაქებში, რომლებზეც რუსეთის თავდასხმები ხორციელდება. „რუსეთს არაფერი ესმის, გარდა ძალისა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, „მხარი დაუჭირონ უკრაინის პასუხებს.“ უკრაინელი სამხედროები, როგორც წესი, არ აკეთებენ კომენტარს რუსეთის ტერიტორიაზე სავარაუდო თავდასხმებზე, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შემთხვევაში კიევი ფაქტობრივად ღიად ადასტურებს, რომ მათ სწორედ უკრაინა ახორციელებს და ხაზს უსვამს, რომ საუბარია ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე (რასაც რუსეთი უარყოფს). შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ამ დარტყმებს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
საქართველოს პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაარეგისტრირა ხელახალი ინიციატივა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჰქვია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: "აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს." კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს.“ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
ბრიტანეთი უკრაინას განაღმვის აღჭურვილობის ახალ პარტიას გადასცემს
კომპანია Defense Equipment & Support, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნაწილია, გამოაცხადა, რომ უკრაინა ამჟამად ყველაზე ძლიერ დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მან აღჭურვილობის მიწოდებაზე ხელშეკრულება Pearson Engineering-თან გააფორმა. ახალი აღჭურვილობა ჯავშანტექნიკას უსაფრთხო მარშრუტების გაწმენდის საშუალებას მისცემს. უკრაინაში რუსული აგრესიისა და აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო, ქვეყანა ასაფეთქებელი მოწყობილობებით არის დანაღმული. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკრაინას ყველაზე ძლიერ დანაღმულ ქვეყნად მიიჩნევს მსოფლიოში. გასული წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გამოაცხადა, რომ უკრაინა იწყებს ახალ სახელმწიფო პოლიტიკას ჰუმანიტარული განაღმვის შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დაეხმარონ ქვეყანას ამ სფეროში. უფრო მეტიც, უკრაინა ანაზღაურებს განაღმვის სერვისების შეკვეთის ხარჯებს. ცოტა ხნის წინ ხარკოვის რეგიონში, განაღმვის ოპერაციების დროს, სპეციალიზებული აღჭურვილობა აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს
ლიეტუვა უკრაინას რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული თბოსადგურების აღდგენაში დაეხმარება
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ლიეტუვა უკრაინას რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული თბოელექტროსადგურების აღდგენისთვის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს. ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშჩენკოს განცხადებით, უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი მალე ლიეტუვის რამდენიმე ენერგეტიკულ ობიექტს ეწვევა, რათა შეამოწმოს აღჭურვილობა, რომელიც მოგვიანებით უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს გადაეცემა. ეს გულისხმობს თბოელექტროსადგურების ფართომასშტაბიან აღჭურვილობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელმაც რუსეთის შეტევის გამო თბოწარმოების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა. 22 მარტს, „უკრენერგომ“ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა.
ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერის მასობრივი შემთხვევები დაფიქსირდა - მერის მრჩეველი
დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერის მასობრივი შემთხვევები ფიქსირდება, იტყობინება მარიუპოლის ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო. მისივე თქმით, ბავშვებში დაავადების შემთხვევები ფიქსირდება. მან ოკუპირებული ქალაქის მოსახლეობას ურჩია, დაიცვან კონკრეტული წესები. რუსულმა ძალებმა 2022 წლის გაზაფხულზე, თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მარიუპოლი დაიპყრეს. ამის შემდეგ ოკუპანტებმა დანგრეული ქალაქი თავიანთ სამხედრო ბაზად აქციეს. ინტერნეტში გამოქვეყნებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსი ოკუპანტების მიზანია მარიუპოლის რუსეთის ქალაქებთან, როგორიცაა, როსტოვი და ტაგანროგი, ასევე, დონბასის რეგიონის სხვა დიდ ქალაქებთან დაკავშირება. მათ უკვე დაიწყეს გზის მშენებლობა. ცოტა ხნის წინ უკრაინულმა სამხედრო ძალებმა შეძლეს მარიუპოლის მახლობლად მტრის ტექნიკის კონცენტრაციაზე დარტყმა. როგორც უკრაინული მედია წერს, როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ჯავშანტექნიკა ამოიღეს მიზანში.
თეთრმა სახლმა „რამშტეინის“ ფორმატის NATO-ს კონტროლქვეშ გადაცემის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა
თეთრმა სახლმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - რამშტეინის ფორმატის - NATO-ს ეგიდით შესაძლო ფუნქციონირების შესახებ კომენტარი გააკეთა. aმის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბის თქმით, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს ლიდერობას საკონტაქტო ჯგუფში და ვაშინგტონი აფასებს თითოეული მონაწილე ქვეყნის წვლილს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაში შეაქვთ. „საკონტაქტო ჯგუფი ძალიან, ძალიან ეფექტურია. ჩვენ გავაგრძელებთ მის ხელმძღვანელობას და მოწვევას," - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის შეხვედრებში მონაწილე ქვეყნები "გაერთიანდნენ ამერიკის ხელმძღვანელობით, ეს არის ამერიკის ხელმძღვანელობა, რომელიც აერთიანებს მათ." კირბიმ განაცხადა, რომ NATO თავიდანვე რჩება ამ პროცესის ნაწილად. NATO უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს დაგეგმავენ. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს. წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ. პაკეტის ნაწილად, NATO-მ ასევე შეიძლება, თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი, აჩვენებს რუსეთს, რომ ომს ვერ მოიგებს
უკრაინის მხარდაჭერის მიმართ გრძელვადიანი ვალდებულების აღებამ, საბოლოოდ, შესაძლოა, მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგოს, მას შემდეგ, რაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ „ომის მოგება არ შეუძლია.“ ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3 აპრილს ბრიუსელში განაცხადა. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ და პირობა დადეს, რომ კიევის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებენ. უკრაინის უფრო პროგნოზირებადი გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ კითხვას, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს კონტროლზე გადასვლას, სტოლტენბერგმა დეტალურად არ უპასუხა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ მოკავშირეები ახლა განიხილავენ გზებს ალიანსის ფარგლებში მხარდაჭერის ინსტიტუციონალიზაციისთვის, რათა ის "უფრო პროგნოზირებადი და უფრო ძლიერი" გახდეს. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა გაანმარტა, მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მოკლევადიან ნებაყოფლობით შეთავაზებებზე, და უფრო მეტად დამოკიდებული NATO-ს გრძელვადიან ვალდებულებებზე. „ჩვენ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველვყოთ, რათა ნებაყოფლობით კონტრიბუციას და მოკლევადიან შეთავაზებებს ნაკლებად დავეყრდნოთ და უფრო მეტად ნატო-ს ვალდებულებებს და გრძელვადიან დაპირებებს დავეყრდნოთ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმებმა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, რაც პირველი ასეთი კომუნიკაცია იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. მის შესახებ Le Monde საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით იუწყება. საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, პირველ რიგში მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა. აღნიშნულია, რომ ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოსკოვთან განხორციელებული ტერაქტი და სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულებსა და მათ ოჯახებს. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია, რადგან პარიზს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ტერაქტთან უკრაინის რაიმე კავშირს დაადასტურებდა. როგორც ცნობილია, რუსეთი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. სებასტიან ლეკორნუმ ასევე დაგმო ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და დაარწმუნა შოიგუ, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ვიდრე საჭირო იქნება მის ბრძოლაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა დაბრუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცინიკური უწოდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, დააკავშიროს მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული თავდასხმები უკრაინასთან და აღნიშნა, რომ საფრანგეთის დაზვერვისა და პარტნიორების ინფორმაცია მიუთითებს ISIS-ის ჩართულობაზე. მან ასევე განმარტა რომ ისლამური სახელმწიფოს იგივე ფილიალმა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის ტერაქტზე, რამდენიმე თავდასხმის მცდელობა ჰქონდა საფრანგეთშიც. შეგახსენებთ, ლონდონმა და აშშ-მ რუსეთის განცხადებებს ტერაქტში დასავლეთისა და უკრაინის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, „სრული სისულელე“ უწოდეს.
სტამბოლი-ბათუმის რეისი რიზეში დაჯდა
თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან აეროპორტების გაერთიანების წარმოამდგენელი ამბობს, თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.
მეთიუ მილერი: საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
"ალტ-ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წარდგენილი ბრალის მიხედვით, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მედიის ცნობით, ბრალი წაუყენეს ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერს, ზურაბ მახარაძესა და კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიას.
ავსტრია უკრაინის ჰუმანიტარული პროექტებისთვის $2,2 მილიონს გამოყოფს
ავსტრია უკრაინას 2 მილიონი ევროს (2,2 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებით დაუჭერს მხარს. იტყობინება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 აპრილს. ავსტრია სულ 21,5 მილიონ ევროს გამოყოფს კატასტროფების დახმარების ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის კი, 2 მილიონი ევრო გამოიყოფა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ომებით, სიღარიბით, მიგრაციითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური ჰუმანიტარული კრიზისები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. გაეროს შეფასებით, დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ამჟამად საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. „ჩვენი უსაფრთხოება ევროპაში ასევე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე,“ - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერმა მარტში განაცხადა, რომ ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოყენებას ეწინააღმდეგება.
ამერიკელი სენატორები: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება
ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. „წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს,“ - წერენ ამერიკელი სენატორები ერთობლივ განცხადებაში. ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ, ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. „ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არამხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება“. ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიცირეს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ზელენსკი: ნათლად გვესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნათლად ესმის, რატომ აგროვებს რუსეთი ჯარისკაცებს თავის ჯარში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან მოისმინა დეტალური მოხსენება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან საკვანძო მიმართულებებით უკრაინის მოქმედებაზე, პოზიციების დაცვასა და გაძლიერებაზე. მათ ასევე განიხილეს თავდაცვის ძირითადი გეგმები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტიური მოქმედებები. „ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ნათლად გვესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, რისთვის სურთ ჯარისკაცების შეკრება თავიანთ არმიაში. ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, მის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ
ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი - კვლავ ნანგრევებში რჩება. ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი - თავშესაფრებში იმყოფება. ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა.
რუსეთში, დონის როსტოვში მასშტაბური ხანძარი იყო
რუსეთში, დონის როსტოვში 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მარცვლეულის შესანახ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ქალაქ როსტოვში აფეთქებების ხმაც გაისმა, შემდეგ კი, ხანძარი გაჩნდა მარცვლეულის საწყობის ტერიტორიაზე, იუწყება ტელეგრამ-არხი „ბაზა.“ მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ხანძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. წერდნენ მედიასაშუალებები საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით. არც დრონების შესაძლო თავდასხმის და არც შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.