ძებნის რეზულტატი:
იაპონიაში ყველას ერთი და იგივე გვარი ექნება 2531 წლისთვის, თუ კანონი არ შეიცვლება - კვლევა
იაპონია მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაქორწინებულ წყვილებს ერთი და იგივე გვარის გამოყენებას სთხოვენ. ახალი კვლევის თანახმად, იაპონიაში ყველას ერთი და იგივე გვარი ექნება 2531 წლისთვის, თუ კანონები არ შეიცვლება. სატო ახლა ყველაზე პოპულარული გვარია იაპონიაში, რომელსაც მოსახლეობის 1.5% იზიარებს. კვლევის თანახმად, ამ მიმართულებით, 2022 წლიდან 2023 წლამდე 10083-ჯერ ზრდა დაფიქსირდა. თუ ეს მაჩვენებელი მუდმივად დარჩება - კანონის ცვლილების გარეშე - იაპონიის მოსახლეობის ნახევარი გაიზიარებს ამ სახელს 2446 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი 2531 წელს 100%-მდე გაიზრდება. პროფესორმა ჰიროში იოშიდამ, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, განმარტა, რომ ეს მდგომარეობა არამხოლოდ უხერხულობას ქმნის, არამედ ძირს უთხრის პიროვნების ღირსებას. ამასთან, ეს ასევე გამოიწვევს გვარებთან დაკავშირებული ოჯახური და რეგიონული მემკვიდრეობის დაკარგვას. კვლევა Think Name Project-ისა და სხვა ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარდა. პროფესორის თქმით, იაპონიაში ყველას 2531 წლისთვის სატო დაერქმევა, თუ ქორწინების კანონი არ შეიცვლება. „თუ ყველა სატო გახდება, ჩვენ შეიძლება, მოგვმართონ ჩვენი სახელით ან მხოლოდ დანომრვრით იქნება გარჩევა შესაძლებელი. არ მგონია, რომ ასეთი გარემო კომფორტული იყოს საცხოვრებლად," ამბობს პროფესორი. ცნობისთვის, იაპონიაში წყვილებმა უნდა აირჩიონ, რომელი გვარი გაიზიარონ დაქორწინებისას, მაგრამ შემთხვევათა 95%-ში სწორედ ქალი იცვლის სახელს. თუმცა სურათი განსხვავებული იქნებოდა, თუ იაპონიის მთავრობა დაექვემდებარა მზარდ ზეწოლას და დაქორწინებულ წყვილებს ცალკე გვარების გამოყენების უფლებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაუშვა, რომ ქალიშვილობის გვარები დაქორწინებულ სახელებთან ერთად გამოჩნდეს პასპორტებში, მართვის მოწმობებსა და ბინადრობის მოწმობებზე, იაპონია რჩება ერთადერთ ქვეყანად მსოფლიოში, რომელიც მეუღლეებს იგივე სახელის გამოყენებას სთხოვს. მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) კონსერვატიული წევრები აცხადებენ, რომ კანონის შეცვლა ოჯახის ერთიანობას „ძირს უთხრის“ და ბავშვებს შორის დაბნეულობას გამოიწვევს. 2023 წლის მარტის გამოკითხვის მიხედვით, იაპონიაში გვარი - სუზუკი მეორე ადგილზეა.
„სილქნეტიდან“ აბონენტების მონაცემების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს
სატელეკომუნიკაციო კომოანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხური. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა. ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სავარაუდოდ, 2 000-მდე მომხმარებლის მონაცემების უნებართვო გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს - სილქნეტი
იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ფუკუშიმას პროვინციაში, ადგილობრივი დროით 12:16-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იაპონიის ქალაქ მინამისომადან 83 კილომეტრის მოშორებით, 40 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
„შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო დაპირებას“ - ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი იხსენებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხრიდან გასულ წელს დადებულ საჯარო დაპირებას მსგავსი კანონმდებლობის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი რეაქციების მიუხედავად, ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ განიხილება. „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს,“ წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლა მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“ - ბლინკენი ალიევს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 აპრილს პარიზში ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტყუილი თქვა, როდესაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ერთგულებას 2022 წელს პრაღის შეხვედრის დროს მიღებული განცხადებისა და ალმათის დეკლარაციის მიმართ. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის შეშფოთების მიუხედავად, ინკლუზიურობის ნაკლებობა და 5 აპრილს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის გადადება დაძაბულობის ესკალაციას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ნაცვლად ახალი გამყოფი ხაზების შექმნას გამოიწვევს. ალიევმა გაიმეორა აზერბაიჯანის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით იმ სფეროებში, რომლებიც ადრე განიხილებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, ენერგეტიკისა და კლიმატის კუთხით პრიორიტეტებს. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლის მნიშვნელობა, რაც მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე გაზრდილ დაძაბულობას გამართლება არ აქვს. ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი მხარის აგრესიული ქმედებები და რიტორიკა ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. „მდივანმა გაიმეორა აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და მოუწოდა უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს.პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 2002 წელს დაბადებული რ.შ. და 1984 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 9 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ს.მ., 1995 წელს დაბადებული რ.ი. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა ამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი -1987 წელს დაბადებული რ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს, ხოლო 1992 წელს დაბადებული პირი ამხილეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის 2 პისტოლეტი და 9 ვაზნა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.რ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1973 წელს დაბადებული გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავეს.ბრალდებულების ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 73 ვაზნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული რ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ე.წ. აბრეზი და 19 ვაზნა ამოიღეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Romgaz-სა და SOCAR-ს რუმინეთში, LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტირება სურთ
რუმინეთის ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მწარმოებელი Romgaz და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) კონსტანცის პორტში, ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან-იოან ბურდუჯამ განაცხადა. ბაქოში საქმიანი ვიზიტის დროს აზერბაიჯანელ კოლეგასთან პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას ბურდუჯამ აღნიშნა, რომ Romgaz-ისა და SOCAR-ის მიერ კონსტანცის პორტში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის ერთობლივი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულდა. მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების შესახებ, 2022 წელს Romgaz-მა (მემორანდუმი) SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. პროექტი მოიცავს LNG ტერმინალის და რეგაზიფიკაციის ტერმინალის, ასევე, სხვა ობიექტებისა და სტრუქტურების მშენებლობას, რომლებიც საჭიროა კასპიის რეგიონიდან რუმინეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის. Romgaz-მა და SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა: შედეგები დადებითია და საჭირო თანხები გამოიყოფა შავი ზღვის LNG ტერმინალის დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს ოდესღაც AGRI (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების პროექტი) ერქვა. პროექტის მიზანია აზერბაიჯანული გაზის ევროპის ბაზარზე გატანა საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. პირველ ეტაპზე გაცხადებული იყო რომ: AGRI-ს პროექტის აქციონერები იყვნენ SOCAR (აზერბაიჯანი-25%), GOGC (საქართველო-25%), ROMGAZ (რუმინეთი-25%) და MVM (უნგრეთი-25%). მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთმა გამოავლინა მზადყოფნა კონსტანცის პორტში ტერმინალის მშენებლობის დასაფინანსებლად: „მიმდინარე წლის ბოლომდე დადგინდება პროექტის კომპანიის სტრუქტურა და საჭირო დაფინანსება. რუმინეთისთვის ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს, როგორც ენერგეტიკული ცენტრის პოზიციას, ხოლო ევროპისთვის ეს იქნება რუსული გაზის ახალი ალტერნატივა.“ ცნობისთვის, იულიან კიფუ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრის უკვე ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, Europetime-თან საუბრობდა : რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ AGRI-ს პროექტი საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით რუმინეთის, უნგრეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის კასპიის რეგიონიდან გათხევადებული გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონს ხელი მოაწერა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯაფაროვის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შექმნილია იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა უფრო გამჭვირვალე იყოს. „კანონი, რომელიც 2012 წლის რუსეთის კანონის მსგავს დებულებებს და ენას იყენებს, დამატებით ანგარიშვალდებულებებს აწესებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც „პოლიტიკურ“ საქმიანობით არიან დაკავებულნი,“ წერს Reuters-ი. უფლებადამცველი ორგანოები ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ და მას არასამთავრობოების შემზღუდავად მიიჩნევენ. კანონპროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლებას უფრო დიდი დოზით ზედამხედველობის უფლებამოსილებებს ანიჭებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თებერვალში გააფრთხილა ყირგიზეთი, რომ კანონპროექტის მიღება „უმეტესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და ყირგიზეთის მედიაზე.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ კანონის მიღებით და რომ ის საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. „ეს არის ყირგიზეთის მთავრობის ქმედებების უახლესი სერია, რომელმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას," - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი 14 მარტს მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კაცი სათამაშო ავტომატით შესვლას ცდილობდა - მედია
მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში პენსიონერი სათამაშო ავტომატით შესვლას ცდილობდა. როგორც APA-ს მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი იტყობინება, 3 აპრილის დილით, FSO-ს ოფიცრებმა საეჭვო გარეგნობის კაცი შენიშნეს. დაცვის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. მას თან ჰქონდა ნივთი, რომელიც ავტომატს ჰგავდა. კაცი დააკავეს. ვიქტორ კრასივსკიმ პოლიციას განუმარტა, რომ 15 წელია, ცდილობს პრეზიდენტთან შეხვედრას, მაგრამ მას ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ. კრასივსკი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
აშშ ევროპაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დიდ არქტიკულ საწყობს ქმნის - მედია
აშშ-ის არმია ფინეთში, შვედეთში ან ნორვეგიაში იარაღის დიდი საწყობის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ს არმიის მატერიალური სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ მოჰანმა გლობალური ძალების ყოველწლიურ სიმპოზიუმზე განაცხადა. „არქტიკის რეგიონში საბრძოლო მასალის შენახვა საშუალებას მისცემს აშშ-ის არმიას, უკეთ გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს ექსტრემალური სიცივე მასალებზე და რა შეუძლია, გააკეთოს იმისათვის, რომ არმია უფრო ეფექტიანი გახდეს ზამთარში,“ აღნიშნა მოჰანმა. მან არ გაამხილა ახალი საწყობების შესაძლო ადგილები ევროპაში, მაგრამ სიმპოზიუმზე ვარაუდობდნენ, რომ ნორვეგია იყო ერთ-ერთი შესაძლო ლოკაცია, იუწყება Breaking Defense. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ საწყობის მასპინძლობით ფინეთი და შვედეთიც არიან დაინტერესებულნი. თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს, შექმნას ახალი სამხედრო მარაგის საწყობი თავისი არმიისთვის, მის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა AMC-ს დაეკისრება. ეს არის უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 165,000 ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქე და ქვეკონტრაქტორი. აშშ-ს არმია ინარჩუნებს ე.წ. წინამდებარე სადგურებს (APS) მთელ მსოფლიოში. ეს ცივი ომის დროინდელი პრაქტიკაა. APS-ის საწყობები განლაგებულია მათი დანიშნულებისამბერ გამოყენებასთან ახლოს. ისინი ამცირებენ სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის საჰაერო ან საზღვაო გზით გადატანის აუცილებლობას საბრძოლო ზონაში, კრიზისულ სიტუაციაში. აშშ-ის არმიას აქვს ექვსი დიდი APS საცავი ევროპაში: ორი გერმანიაში, თითო ნიდერლანდებში, ბელგიაში, პოლონეთსა და იტალიაში. იტალიაში არსებული საწყობი მხარს უჭერს NATO-ს ოპერაციებს აფრიკაში. ცნობისთვის, ფინეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
ლატვია მის მიერ წარმობული დრონების პირველ პარტიას უკრაინას მალე გაუგზავნის
ლატვია უახლოეს მომავალში უკრაინაში ერთი მილიონი ევროს ღირებულების უპილოტო თვითმფრინავების პირველი პარტიის გაგზავნას გეგმავს, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ ლატვიის მიერ წარმოებული დრონები უკვე გამოსცადეს. „ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა აღიარეს, რომ ისინი ეფექტიანია ბრძოლაში,“ აღნიშნა სილინამ. მთლიანობაში, ლატვია 2024 წელს უკრაინაში დრონების მიწოდებისთვის 9 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.
აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები. 2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“
მსოფლიო პატრიარქს აღდგომის დღესასწაულის საერთო თარიღის დადგენა სურს
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს აღდგომის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Catholic Culture იუწყება. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო თარიღზე შეთანხმება უკვე მომავალ წელს მიიღწევა. 2025 წელს სრულდება 1700 წლისთავი ნიკეაში პირველი საეკლესიო სინოდის მოწვევიდან, რომელმაც ჩამოაყალიბა აღდგომის თარიღის განსაზღვრის წესები. მრავალი წლის წინ, მსოფლიო პატრიარქმა აღდგომის საერთო თარიღის შესახებ შეთანხმებასსაიუბილეო თარიღისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხი უწოდა. „ვევედრებით უფალს, რომ მომავალი წლის აღდგომის აღნიშვნა [ორივე კალენდრით 20 აპრილი] არ იყოს მხოლოდ შემთხვევითი მოვლენა, არამედ, იყოს ერთიანი თარიღის დასაწყისი მის აღსანიშნავად როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ქრისტიანობის მიერ.“ „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან ორივე მხარეს არის კეთილგანწყობა და სურვილი. რადგან, მართლაც არ არის მართებული, ერთი უფლის ერთი აღდგომის უნიკალური მოვლენის განცალკევებით აღნიშვნა," აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა. აღდგომა წელს გრიგორიანული კალენდრით 31 მარტს, ხოლო იულიუსის კალენდრით 5 მაისს აღინიშნება.
IOC-მა რუსეთის სახელით მოასპარეზეს, მოჭიდავე სადულაევს ბაქოს ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულრაშიდ სადულაევს პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ბაქოში გამართულ ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის (FSBR) ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა სადულაევთან დაკავშირებით. თებერვალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონი შენგენის ვიზით რუმინეთში არ შეუშვეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება არ მისცეს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, სადულაევი ლუჟნიკში, ოკუპირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით მიტინგსა და კონცერტში მონაწილეობდა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა. IOC-მ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების კრიტერიუმებში მიუთითა, რომ მონიტორინგს გაუწევს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას დემონსტრაციებსა და პოლიტიკურ მოვლენებში. რუსული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ უკრაინის NOC-ისა და ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ღია წერილით მიმართეს IOC-ის პრეზიდენტს თომას ბახს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ პარიზის თამაშებზე, რუს სპორტსმენებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ომს. სიაში, სავარაუდოდ, ნახსენებია აბდულრაშიდ სადულაევი. სადულაევმა რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს თამაშებზე ოქრო მოიპოვა, 27 წლის მოჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ხუთი გამარჯვება აქვს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. რუსი და ბელორუსი სპორტსმენები იქ ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ.
თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთმა შოიგუ ტყუილში დაადანაშაულა
საფრანგეთმა უარყო რუსეთის მტკიცება, რომ თითქოს, პარიზმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინაზე დიალოგის გამართვის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვისთვის. „საფრანგეთმა, რუსეთის განცხადებების საპირისპიროდ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრისას არ გამოთქვა "დიალოგისთვის მზადყოფნა" უკრაინის ომის დასასრულებლად,“ წერს Reuters საფრანგეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით. "ტყუილია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვიჩენია მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის,“ - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ. საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსეთის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად შვეიცარიაში შეხვედრის გამართვის ნებისმიერი აზრი "უაზროა", თუ რუსეთი არ იქნება მონაწილე. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიმართ ბოლო პერიოდში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და პირობა დადო, რომ მოსკოვი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. მან არ გამორიცხა, რომ ევროპული ჯარები ერთ დღეს უკრაინაში წავიდნენ, თუმცა ნათლად განმარტა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოწყებას. თავის მხრივ, რუსეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუს თქმით, მაკრონის წინადადების ნებისმიერი „პრაქტიკული განხორციელება“ „საფრანგეთს პრობლემებს შეუქმნის.“ პარიზი თავის მხრივ, პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.
NATO დაარსებიდან 75-ე წელს აღნიშნავს
ხუთშაბათს, 4 აპრილს, NATO დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე, ხელმოწერის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. დოკუმენტში ვაშინგტონში სწორედ 75 წლის წინ გაფორმდა. NATO დაარსებიდან 74-ე წელს ახალი წევრის მიღებით შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. წელს კი, ალიანსს 32-ე წევრი - შვედეთი შეემატა. „ხუთშაბათს (2024 წლის 4 აპრილს), ალიანსის შტაბ-ბინაში, NATO-ს დამფუძნებელი დოკუმენტის, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერიდან 75 წლის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. 1949 წლიდან, ალიანსი, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა თავისი წევრებისთვის, ახლა 32 მოკავშირესა და მილიარდ ადამიანს ითვლის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს,“ წერს ალიანსი დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში. ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, NATO უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე“. სტოლტენბერგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ დამფუძნებელი ხელშეკრულება, რომელიც ჩვეულებრივ, ვაშინგტონში ინახება, პირველად გამოიფენა NATO-ს შტაბ-ბინაში. ბრიუსელში შენობები NATO-ს ლურჯ ფერშია განათებული, მათ შორის, ბრიუსელის მერია და ეგმონტის სასახლე. საკულტო Manneken Pis-ის ქანდაკება, ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმბოლოს სპეციალური სამოსი ჩააცვეს. სხვა მოკავშირეები ასევე აღნიშნავენ იუბილეს ღონისძიებებით, მათ შორის, საჯარო დისკუსიებით, მუსიკალური წარმოდგენებით და ალიანსის ლურჯ ფერებში შენობების განათებით. 1948 წლის მარტში დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ – ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „ბრიუსელის პაქტს.“ ეს კავშირი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას წინ აღუდგებოდა. “ბრიუსელის პაქტი“ დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა NATO-ს დაარსების საფუძველი. "ბრიუსელის პაქტის“ ქვეყნები ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა - შეიქმნა უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რომელიც ალიანსში შემავალი თორმეტივე წევრი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნებოდა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება - ვაშინგტონის ხელშეკრულება NATO-ს ფუძემდებლური დოკუმენტი 1949 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა. ამიტომ უწოდებენ მას ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, მეხუთე პუნქტი ხელშეკრულების ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე. 1949 წლიდან დღემდე NATO-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების რვა საფეხურის გავლით 12-დან 32 ქვეყანამდე გაიზარდა. გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები გახდნენ, ცივი ომის დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. 2020 წლის 27 მარტს ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის 30-ე წევრი გახდა მას შემდეგ, რაც ათენსა და სკოპიეს შორის ისტორიული შეთანხმება მოხდა და სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა მოგვარდა. ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ალიანსის წევრები იღებენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ერთად გაიზიარონ კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები. ალიანსის მთავარი ამოცანაა წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განიხილავს - ელჩი
ევროკავშირმა და სომხეთმა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გააძლიერეს და გააუმჯობესეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი რეგიონში ჩართულობას ინარჩუნებს და რეგიონში მშვიდობისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობის სრულად ერთგულია. „სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი განიხილავს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, არალეტალურ მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების არსებითად გასაძლიერებლად - ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და ევროკავშირს შორის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგი ყალიბდება და სომეხი ხალხის ამბიციაა, ჩამოაყალიბოს დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორობას კიდევ უფრო გაზრდის. „ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, ვიზიარებთ ჩვენს ერთგულებას მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ ძალიან კონკრეტულ შედეგებს,“ - განაცხადა ვასილის მარაგოსმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, სომხეთთან პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში
პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანება 3 აპრილით არის დათარიღებული. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან,“- ნათქვამია ბრძანებაში.
პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია „რუსულ პროექტად“ მიჩნევა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირიებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს. პესკოვი ამტკიცებს, რომ „რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება.“ „საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია,“ ამბობს პესკოვი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კანონპროექტის ინიცირებაზე ქართული ოპოზიციის რეაქციაზეც ისაუბრა. „ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა აბსურდულია,“ - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. „ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა,“ - აღნიშნა პესკოვმა. თვალს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას, პესკოვმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა." როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
მთავრობამ ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტზე უარი განუცხადა
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი განუცხადა. პრეზიდენტი ვიზიტს 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გეგმავდა. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. პრეზიდენტმა მთავრობას შესაბამისი თანხმობისთვის 27 მარტს მიმართა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.