ძებნის რეზულტატი:

უკრაინა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში, საავიაციო ცენტრს თავს დაესხა

უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ რუსეთის ვორონეჟის რეგიონში, ბორისოგლებსკის საავიაციო სასწავლო ცენტრზე თავდასხმა 9 აპრილის ღამეს განახორციელა, იტყობინება RBC-უკრაინას სამხედრო წყაროები. წყაროები ამბობენ, რომ ვორონეჟის ოლქის ბორისოგლებსკში საავიაციო სასწავლო ცენტრზე თავდასხმის უკან თავდაცვის დაზვერვა იდგა. მნიშვნელოვნად დაზიანდა მთავარი საწარმოო საამქრო. DI-ს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა. „დიახ, ეს არის საავიაციო ქარხანა. ეს არის ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ სხვადასხვა წყაროდან. დეტალებს არ ვამხელთ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდ ძირითადი საწარმოო ობიექტები,“ აღნიშნა იუსოვმა. ეს არის არის საგანმანათლებლო საავიაციო ცენტრი, რომელიც მფრინავებს ამზადებს. ცენტრი რუსი მფრინავების მეორე სკოლაა, რომელიც 1922 წელს დაარსდა. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, გამთენიისას აფეთქებები იყო ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის საავიაციო ცენტრის ტერიტორიაზე, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, „ხმელეთზე შედეგები“ კი „დასაზუსტებელია“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს ორი უკრაინული დრონი. რუსეთის რეგიონების ნაწილზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.    

საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), სასამართლლომ ასევე დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა. სასამართლოს განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია როგორც „ბორდერიზაცია“. „ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან ცხინვალში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააკავეს და/ან არასათანადოდ მოეპყრნენ ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“. ამასთან, საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ აერჩიათთ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში სასწავლებლად. „სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ინფორმაცია და საერთაშორისო მასალები, გონივრული ეჭვის მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების პატერნს ან სისტემას. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა არ არსებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა პირის მიმართ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ,“ - წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.  

ლიეტუვა: პატივს მივაგებთ იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგნენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – წერია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

გერმანიაში ბრალი წაუყენეს კაცს, რომელიც სახელმწიფოს დამხობისთვის რუსეთის მხარდაჭერის მიღებას ცდილობდა - პროკურატურა

გერმანიის ხელისუფლებამ ექსტრემისტული მოძრაობის "რაიხსბურგერის" წევრს ბრალი წაუყენა. ის ბრალდებულია ჯგუფის მხარდაჭერაში, რომელიც აპირებდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილებას. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გერმანიის მთავრობის დამხობისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. ჰამბურგის პროკურატურის ცნობით, ჯგუფის წევრებს, ახალი სახელმწიფოს დაარსების საკითხში, პუტინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. ჰამბურგის პროკურატურამ ჩრდილოეთ გერმანიაში მცხოვრებ 66 წლის კაცს ბრალი წაუყენა ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერაში და სახელმწიფო ღალატის მომზადებაში დახმარებაში.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა, ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. პროკურორები ამბობენ, რომ იმპერიის ჯგუფი მიზნად ისახავს, შეცვალოს გერმანიის დემოკრატიული წესრიგი ავტორიტარული სისტემით, რომელიც 1871 წლის კონსტიტუციის შემდეგ შეიქმნა. 2022 წელს გერმანიაში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო რაიხსბურგერის მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის შეფასებით, პოლიტიკოსების გატაცებას და ბუნდესტაგის შტურმს გეგმავდნენ.  

გაერო პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური აგენტების კანონპროექტი“

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ. სამ ათწლეულზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს სანდო პარტნიორია, მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. შეგახსენებთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანალიტიკურ შეფასებას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნითა და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან კონსულტაციით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. ამასთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად. საქართველოში საარჩევნო გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის შემოღება იყო გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დიდი ხნის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქალთა სისტემური გარიყვის კომპენსირებას. მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველი ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“ წერია გაცხადებაში. გაეროს სპეციალური მომხსენებელი „უცხოური აგენტების კანონპროექტზე“: დამარწმუნეს რომ ეს არ მოხდებოდა როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლეს ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მე-2 ,,ბ“ და ,,გ“; მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბულგარეთს დროებითი მთავრობა ჰყავს

ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევის განკარგულებით, ქვეყნის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრად პოლიტიკოსი დიმიტარ გლავჩევი დაინიშნა.  მან ერთგულების ფიცი ქცევის პარლამენტის წინაშე უკვე დადო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 9 ივნისისთვის დანიშნა. 2021 წლის შემდეგ ეს არის ქვეყანაში მეექვსე ვადამდელი არჩევნები, რასაც საპარლამენტო ძალების მიერ მთავრობის ფორმირების შესახებ დაუსრულებელი უთანხმოება იწვევს. 8 მარტს, პოპულისტური პარტიის - „არის ასეთი ხალხის“ - უარი, გამოეყენებინა მინიჭებული მანდატი და მოეხდინა მთავრობის ფორმირება, „კრიზისის“ მიზეზი გახდა. მანამდე მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია "გერბმა" („მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“) და მისმა ყოფილმა პარტნიორმა „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ მთავრობის ფორმირება. წინა არჩევნები ქვეყანაში გასული წლის აპრილში გაიმართა, მანამდე კი, სტაბილური კოალიციის არარსებობის პირობებში, ბულგარეთს პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნული დროებითი მთავრობა მართავდა. 6 აპრილს დანიშნული ტექნიკური მთავრობის მეთაური დიმიტარ გლავჩევი კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. მან დროებით მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად ბულგარეთის პარლამენტს უნდა წარუდგინოს.  

სტამბოლის აეროპორტმა დაიწყო პროექტი, რომელიც ძაღლების დახმარებით, მგზავრებისთვის სტრესისა და შფოთვის მოხსნას ისახავს მიზნად

სტამბულის აეროპორტმა დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც ძაღლების დახმარებით, მგზავრებისთვის სტრესისა და შფოთვის მოხსნას ისახავს მიზნად. პროგრამის ყველა ოთხფეხა მონაწილე ადამიანების დასამშვიდებლად სპეციალურად არის გაწვრთნილი. "თერაპიული ძაღლების გუნდი" თებერვლის ბოლოდან მორიგეობს. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება და 100%-ით მოერგოთ ნებისმიერ გარემოს,“ - განაცხადა სტამბულის აეროპორტის მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერმა კადირ დემირთაშმა. ცხოველებს, რომლებიც აეროპორტის თანამშრომლები არიან, ოფიციალური სამკერდე ნიშნები და ფორმები, ასევე, მკაცრი განრიგი აქვთ - ისინი სამგზავრო მოძრაობის პიკის დროს, 10:00-დან 16:00 საათამდე მუშაობენ. აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოგზაურთა დადებითი გამოხმაურების შემდეგ, უკვე გეგმავენ საპილოტე პროექტის გაფართოებას. „გაიცანით სტამბულის აეროპორტის თერაპიული ძაღლები - ყოველთვის მზად არიან, შემოგთავაზოთ მხარდაჭერა ჩახუტებითა და მოფერებით,“ წერს AP.  

იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იუსტიციის სამინისტრო ამ ფაქტს ისტორიულ გამარჯვებას უწოდებს. „ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა,“ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა.  სასამართლოს განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია როგორც „ბორდერიზაცია“. „ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნულია პრესრელიზში. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან ცხინვალში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააკავეს და/ან არასათანადოდ მოეპყრნენ ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“. ამასთან, საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ აერჩიათთ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში სასწავლებლად. „სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ინფორმაცია და საერთაშორისო მასალები, გონივრული ეჭვის მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების პატერნს ან სისტემას. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა არ არსებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა პირის მიმართ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ,“ - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.  

აზერბაიჯანმა არასანავთობო სექტორში წარმოება 8%-ით გაზარდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ნავთობისა და გაზის სექტორში წარმოება გასულ წელს 0,2%-ით, ხოლო არასანავთობო და გაზის სექტორში - 7,8%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის დაახლოებით 64,5% მომზადდა სამთო სექტორში, 29% გადამამუშავებელ სექტორში, 5,7% ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში და 0,8% წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში. სამთო სექტორში სარეალიზაციო ნავთობის მოპოვება შემცირდა 6%-ით, ხოლო სარეალიზაციო გაზის წარმოება გაიზარდა 5,4%-ით. ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში წარმოება შემცირდა 5.2%-ით, ხოლო წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში 6.6%-ით.  

აქტაუს პორტმა შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვა 85%-ით გაზარდა

ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში აქტაუს საზღვაო პორტის გავლით 1,1 მილიონ ტონაზე მეტი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება ყაზახეთის რკინიგზა. პორტმა უზრუნველყო 24 000 ტონა მარცვლეულის, 920 000 ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. საზღვაო პორტმა 7400-ზე მეტი ოცი ფუტის ეკვივალენტური კონტეინერი (TEU) დამუშავდა, რაც 33%-ით მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ 6400 TEU-ზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 85%-ით გაიზარდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.   

ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები - აშშ-ის საელჩო

აშს-ის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს: „9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.“ ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია,“ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის კიდევ 20 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა შეუკვეთა - Rheinmetall-ი

გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას 2024 წლის განმავლობაში, დამატებით, 20 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას მიაწვდის, იუწყება კომპანიის პრესსამსახური. შეკვეთა 2024 წლის მარტში გაკეთდა. კომპანიამ პირველი 20 ასეთი საბრძოლო მანქანა უკრაინას უკვე მიაწოდა 2023 წლის მარტში გერმანიის მთავრობის სახელით. მას შემდეგ, უკრაინაში კიდევ რამდენიმე პარტია გაიგზავნა. მისი არსებობის განმავლობაში, საბრძოლო მანქანა ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალჯერ განახლდა. მარტის ბოლოს გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია, რომელიც საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, თვითმფრინავებს და განაღმვის მანქანებს მოიცავს. მანამდე გერმანიამ გამოაცხადა, რომ მოამზადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 500 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანიას აშშ-ის შემდეგ, უკრაინის დახმარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ზურაბიშვილი: ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია

„ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი,“ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერასდროს გაიმარჯვებს.“ „ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს. არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება. აქ მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა, გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს არჩევანია ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  

წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო

წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ Reuters-ი კლიმატის ცვლილების ევროპულ სამსახურზე, Copernicus-ზე დაყრდნობით წერს. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 12 თვე ასევე ითვლება ყველაზე ცხელ პერიოდად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტამდე, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,58 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო ტემპერატურას. „ასეთ ჩანაწერებზე დაკვირვება - თვიდან თვემდე - ნამდვილად გვაჩვენებს, რომ ჩვენი კლიმატი იცვლება, სწრაფად იცვლება,“ - განაცხადა Copernicus-ის დირექტორის მოადგილემ, სამანტა ბერჯესმა. როგორც Reuters-ი წერს, 2023 წელი უკვე გახდა ყველაზე ცხელი წელი პლანეტაზე, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია რეკორდული რაოდენობის ტყის ხანძრები ვენესუელაში და გვალვა სამხრეთ აფრიკაში. Copernicus-ის მიხედვით, სიცხის მთავარი მიზეზი იყო ანთროპოგენური სათბურის გაზების გამოყოფა. კლიმატოლოგ ფრიდერიკა ოტოს თქმით, თუ ეს ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს.  

შსს 8 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცივი იარაღით ემუქრებოდა. „8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს, დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს. აღნიშნული პირი, რომელიც, სხვადასხვა, მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

USAID საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას აფართოებს

აშშ-ის განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გაფართოების შესახებ გამოაცხადა „USAID თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან საქართველოს მასშტაბით. პარტნიორობის ფარგლებში ხელს ვუწყობთ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების უზრუნველყოფას, რაც გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროპასთან. USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლისა კოვაკი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ღონისძიებას, სადაც გამოაცხადა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მხარს დავუჭერთ 28 ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით! USAID გააგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროპული გზის მნიშვნელოვან ფუნდამენტს,“ ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ბრეგაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ „ალტ-ინფოს“ პარტია გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაციის კანონიერება. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება. „აღნიშნული პოლიტიკური პარტიის [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაცია გაუქმდა. ის გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება. შესწავლის შემდეგ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რეგისტრაცია გაეუქმებინა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა. იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი და ამ მიმართვის შემდეგ რეესტრმა განიხილა, ნახა, რომ ნამდვილად აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება, ამიტომ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიამ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. „არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათთვის, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება,” - განაცხადა რატი ბრეგაძემ. სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ.  

დიდი ბრიტანეთის საელჩო: მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში „დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

ევროკავშირმა უკრაინას 167 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა

ევროკავშირმა უკრაინას 167 გენერატორის სახით გადაუდებელი დახმარება გაუგზავნა. ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მიიღო. ევროკომისიის ცნობით,ავსტრიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით 157 სხვადასხვა სიმძლავრის ელექტრო გენერატორის მობილიზება შეძლეს, ხოლო ევროკავშირმა საკუთარი რეზერვიდან 3.57 მილიონი ევროს ღირებულების მაღალი სიმძლავრის 10 ელექტრო გენერატორი უზრუნველყო. კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისრის, იანეზ ლენარჩიჩის თქმით, რუსეთის გეგმას უკრაინის სიბნელეში ჩაძირვის შესახებ წარმატება არ უწერია, რადგან ევროკავშირი 24 საათის განმავლობაში მუშაობს უკრაინაში ენერგომომარაგების შესანარჩუნებლად. „ეს ხაზს უსვამს კრიზისზე ეფექტური რეაგირებისთვის მზადყოფნის მნიშვნელობას. მადლობას ვუხდი ავსტრიას, გერმანიას, შვედეთს და ნიდერლანდებს დაუყოვნებელი შეთავაზებებისთვის, მიეწოდებინათ უკრაინისთვის გენერატორებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით,“ - აღნიშნა ევროკომისარმა.