ძებნის რეზულტატი:

კანადა შესაძლოა, აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსს შეუერთდეს

კანადა Aukus-ის ალიანსის მეორე ფაზაში გაწევრიანებას განიხილავს. კანადის პრემიერი ჯასტი ტრუდო ამბობს, რომ კანადა განიხილავს, საჭიროა თუ არა ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების შეძენა, რათა უკეთესად უზრუნველყოს კანადური სუვერენიტეტის დაცვა არქტიკაში. მანამდე ფედერალურმა მთავრობამ გამოაქვეყნა თავისი თავდაცვის პოლიტიკის მიმოხილვა, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილოეთით კანადური სუვერენიტეტის უკეთ დაცვაზე. გეგმა, რომელშიც შედის ახალი წყალქვეშა ნავები, შორი დიაპაზონის რაკეტები და ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები, 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯებს 1,76 პროცენტამდე გაზრდის. ამასთან, კანადის შეიარაღებული ძალები ახალ კიბერ სარდლობას ქმნის. შეგახსენებთ, ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს. 2021 წელს, ალიანსი ორიენტირებული იყო ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების განვითარებაზე.  

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ჭურვების და საჰაერო თავდაცვის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 აპრილს, სატელეფონო საუბარი გამართეს. ლიდერები უკრაინისთვის ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. „მხარეებმა განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა," - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. საუბრისას, ლიდერებმა ასევე განიხილეს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ევროკავშირის მოახლოებული სამიტი, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ კვირაში ეწვევა ვაშინგტონს და გეგმავს კონგრესის წევრების დარწმუნებას, რომ საბოლოოდ გამოყოს დაფინანსება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

ონკოპაციენტები, რომლებიც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები, რომლებმაც 8 აპრილს დილიდან აქციას მართავდნენ, ღამითაც მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან. მათთან ერთად არის მოძრობა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე, რომელიც ამბობს, რომ დღის 12 საათიდან ადგილზე არიან, თუმცა პრემიერ-მინისტრისგან მათ განცხადებაზე პასუხი ვერ მიიღეს, ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. "აქ ვაპირებ დგომას, მეც და ონკოპაციენტებიც დგანან აქ. 12 საათიდან აქ ვართ და არანაირი გამოხმაურება არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძესთან განცხადება შევიტანეთ, მის პიარს მივწერე, ენახათ ეს განცხადება, ჯერჯერობით ეტყობა, ვერ ნახეს კარგად," - ამბობს გვანცა აფხაიძე რადიო თავისუფლების ცნობით. ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თითოეულ კიბოთი დაავადებულს დაფინანსება მისი საჭიროების შესაბამისად გამოუყოს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, ონკოპაციენტებს მედიკამენტების ღირებულება დაუფინანსოს, მათთვის მხოლოდ მცირე შეღავათია. ხანგრძლივი პროტესტისა და მოლაპარაკების შედეგად, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განახადა, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო ძველებურად გამოუყოფს 25 ათას ლარს, თუმცა ცალკე აუნაზღაურებს მედიკამენტების ხარჯსაც. მანამდე წამლები პაციენტს მისთვის განსაზღვრული 25-ათასლარიანი ლიმიტიდან უნდა შეეძინა.  

უკრაინა პირველად აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთის საბრძოლო გემი დააზიანა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დააზიანა რუსეთის საბრძოლო გემი, რომელიც კალინინგრადის ანკლავთან, ბალტიის ზღვაში იყო განთავსებული. სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც სარაკეტო გემს, "სერპუხოვს" გაუჩნდა, მთლიანად დააზიანა ხომალდის საკომუნიკაციო და ავტომატიზაციის შესაძლებლობები. უკრაინული გამოცემები Kyiv Post-ი და Kyiv Independent-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა იდგა. რუსეთის სახელმწიფო მედია ამ თემაზე არაფერს აცხადებს. ეს უკრაინის პირველი თავდასხმაა რუსეთის ხომალდზე ბალტიის ზღვაზე, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევის ძალების სამიზნე რუსეთის საბრძოლო გემები შავ ზღვაში რამდენჯერმე გახდა. ცნობისათვის, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს  

მეთიუ მილერი: ნათლად ვამბობთ, რომ ამ კანონპროექტით შეშფოთებულნი ვართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. „ჩვენი პოლიტიკა არის ის, რაც ნათლად გამოვხატეთ ჩვენს განცხადებაში, რომ ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ის საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და შეშფოთებულნი ვართ, რომ კანონი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომისთვის. ამდენად, ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ არის მიღებული, ამიტომ, შესაძლო პოტენციური შედეგებსა და რაიმე შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლებელია, რომ გადავდგათ, დღეს ნამდვილად არ ვისაუბრებ,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვას, შარშან მკაფიოდ განაცხადეთ, რომ თუ რომელიმე დეპუტატი კანონპროექტს მხარს დაუჭერდა, დასანქცირდებოდა. რატომ იკავებთ თავს მსგავსი გზავნილისგან ახლა? მილერმა უპასუხა: „ახლა ნათლად ვამბობთ, რომ ამ კანონპროექტით შეშფოთებულნი ვართ. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ, თუ ის (კანონპროექტი) წინ წაიწევს, განაგრძეთ თვალყურის დევნება. დღეს ვერაფერს განვაცხადებ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოში პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 9 აპრილს დაღუპული გმირები: აზა ადამია - 22 წლის; თამუნა დოლიძე - 28 წლის; მზია ჯინჭარაძე - 43 წლის; გია ქარსელაძე - 25 წლის; თამუნა ჭოველიძე - 16 წლის; ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის; თინა ენუქიძე - 70 წლის; ნანა სამარგულიანი - 30 წლის; ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის; მამუკა ნოზაძე - 22 წლის; ნატო გიორგაძე - 23 წლის; ვენერა მეტრეველი; მანანა ლოლაძე - 33 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის; ზაირა კიკვიძე - 61 წლის; მანანა მელქაძე - 23 წლის; ნინო თოიძე - 25 წლის; თამარ მამულაშვილი - 50 წლის; მარინე ჭყონია - 25 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.  

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, მსხვერპლია პოლტავაში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 აპრილს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქს 20 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან და 4 საზენიტო მართვადი რაკეტით - დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან. საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცის და ლვოვის ოლქებში. რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა პოლტავაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 10 ადამიანი. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დარტყმა იყო საერთო საცხოვრებელზე. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც.  

ფრანგი მინისტრი: რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის

რუს ოფიციალურ პირებთან საუბარი ჩვენს ინტერესებში აღარ შედის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. „რუს ოფიციალურ პირებთან დისკუსიები ჩვენს ინტერესებში არ შედის, რადგან კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება სიცრუეს წარმოადგენს“, - განაცხადა სტეფან სეჟურნემ. სეჟურნემ აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის განახლების მიზნით საჭიროა, რომ პირველ რიგში ნდობა აღდგეს. „ალბათ, პირველ რიგში საჭიროა ნდობის დამყარება და უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში სამხედრო ფრონტზე მოვლენების განვითარების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, გასულ კვირას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.    

6-მა ქვეყანამ ჩრდილოეთ ზღვის ნაწილში, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის შეთანხმება გააფორმა

ბრიტანეთმა და ევროპის სხვა დიდმა ქვეყნებმა, რომლებსაც საზღვაო საზღვრები აქვთ ჩრდილოეთ ზღვაზე, ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, მათ შორის, რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად, ერთობლივი მუშაობის შესახებ. ექვსმა ქვეყანამ - ბელგიამ, ბრიტანეთმა, დანიამ, გერმანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა - ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს. წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების საფრთხეების დაცვაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს, რაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე 2022 წლის სექტემბერში აფეთქებები მოხდა. აღნიშნული მილსადენები რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით გაზის გადასაზიდად შეიქმნა. 2023 წლის მაისში NATO-მ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, წყალქვეშა კაბელების დივერსია მოახდინოს, რათა დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის დასაჯოს. ამასთან, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.  

ჩინეთი რუსეთს „სტაბილური განვითარების“ მხარდაჭერას დაჰპირდა

ჩინეთმა და რუსეთმა ერთმანეთს „უპრეცედენტო დონის" სტრატეგიული პარტნიორობა დაუდასტურეს. 9 აპრილს პეკინში გაიმართა ჩინეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვან ის და სერგეი ლავროვის მოლაპარაკება. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ წერენ, რომ შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის საჯარო იყო, ვან იმ ლავროვს განუცხადა, რომ ჩინეთი, როგორც რუსეთის მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ დაუჭერს მხარს რუსეთის „სტაბილურ განვითარებას და აღორძინებას პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით.“ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პეკინი და მოსკოვი განაგრძობენ მსოფლიო არენაზე სტრატეგიული ურთიერთქმედების განმტკიცებას. მოლაპარაკების შემდეგ ვან იმ და სერგეი ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად წინააღმდეგობას გაუწევენ გამყოფი ხაზების შექმნის და არსებული კავშირების ხელყოფის მცდელობებს, უზრუნველყოფენ წარმოების და მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობას, იმოქმედებენ ჰეგემონიის, ძალის პოლიტიკის და მონოპოლიზაციის წინააღმდეგ და ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას. ვან ის თქმით, აუცილებელია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი მოდელი, რომელიც კონფრონტაციის ნაცვლად დიალოგს და პარტნიორობას დაეფუძნება. მანვე  განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს დროულად მოწვევას საერთაშორისო კონფერენციის, რომელსაც როგორც რუსეთი, ისე უკრაინა დაეთანხმება და ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობით „სამართლიანად“ იქნება განხილული „ყველა სამშვიდობო გეგმა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის და ჩინეთის ლიდერების წყალობით, ორი ქვეყნის პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები „უპრეცედენტო დონეზე" ავიდა და რუსეთის პრეზიდენტად პუტინის ახალი ვადით არჩევა ამ ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების დამატებითი გარანტიაა. ლავროვის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება პატივისცემის, თანასწორობის, სანდო დიალოგის და ურთიერთმხარდაჭერის პრინციპებს ისეთ საკითხებში, რომლებიც ორი ქვეყნის ინტერესებშია და ეს პარტნიორობა არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 8 აპრილს ჩავიდა. 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად. პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის უკრაინაში შეჭრა.  

უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების მოთხოვნის ფონზე, ქემერონი ტრამპს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ქემერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და „რესპუბლიკური პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს ფლორიდაში ეწვია, მოგვიანებით ის ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება. „ოპოზიციის კანდიდატებთან მინისტრების შეხვედრა სტანდარტული პრაქტიკაა და მათი რუტინული საერთაშორისო ჩართულობის ნაწილია,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. დევიდ კამერონი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინის დახმარების საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. „ვაშინგტონში მისი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დამყარებაზე,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. Telegraph-ის ცნობით, ქემერონის დისკუსია პრეზიდენტობის სავარაუდო რესპუბლიკელ კანდიდატთან, მოიცავდა უკრაინას, ღაზის სექტორში მიმდინარე ომისა და ასევე, NATO-ს მომავლის შესახებ. ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა ეჭვები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და ის ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის ერთგულებას NATO-სადმი - საერთაშორისო ალიანსის მიმართ, რომლის დაცვის ვალდებულებაც აშშ-მ აიღო. ვაშინგტონში ვიზიტისას ქემერონი გამოვა გაფრთხილებით, რომ კიევის წარმატება რუსეთის დამარცხებაში, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“,  ის მოუწოდებს კანონმდებლებს, დაამტკიცონ „გადაუდებელი“ შემდგომი დახმარება ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

სუს-ი „ჰავანის სინდრომზე“: არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ჰავანის სინდრომთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ „არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ. ინფორმაციის წყარო კი, უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი. მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არამარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ, სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის. სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის. აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში,“ ნათქვამია განცხადებაში. მილერი „ჰავანის სინდრომზე“: დაზვერვის დასკვნით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი, ახალ ინფორმაციას შევისწავლით  

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია AUKUS-ის უსაფრთხოების პაქტში იაპონიის ჩართვას განიხილავენ

დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ AUKUS-ის უსაფრთხოების პაქტის მეშვეობით იაპონიასთან მუშაობას განიხილავენ. ეს საკითხი სავარაუდოდ, ვაშინგტონში, ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და იაპონიის პრემიერ მინისტრ ფუმიო კიშიდას შორის შეხვედრის დროსაც განიხილება. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ კონსულტაციები სამომავლო თანამშრომლობაზე AUKUS-ის სამ პარტნიორსა და სხვა ქვეყნებს შორის, მათ შორის, იაპონიას შორის, მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. კანადა შესაძლოა, აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსს შეუერთდეს AUKUS, რომელიც სამი ქვეყნის მიერ 2021 წელს ჩამოყალიბდა, ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ უკან დახევის მცდელობების ნაწილია. „ვაღიარებთ იაპონიის ძლიერ მხარეებს და მის მჭიდრო ორმხრივ თავდაცვის პარტნიორობას სამივე ქვეყანასთან, განვიხილავთ იაპონიასთან თანამშრომლობას AUKUS მეორე ფაზის მოწინავე შესაძლებლობების პროექტებზე,“ - ნათქვამია ბრიტანეთის, აშშ-ისა და ავსტრალიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა.  

„რუსეთის გავლენის სფერო შემცირდა“ - რა გავლენას ახდენს „ბოიკოს კოშკების“ გათავისუფლება შავ ზღვაზე

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა  განაცხად, რომ რუსებმა დაკარგეს დაზვერვის უნარი ჰაერში, წყალსა და ხმელეთზე შავი ზღვის რეგიონში მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო ძალებმა ე.წ. ბოიკოს კოშკები გაათავისუფლე. „დღეს ეს კოშკები პირდაპირ გამოიყენება. ჩვენ არ გავამჟღავნებთ როგორ, მაგრამ ამან, რა თქმა უნდა, შეამცირა მტრის გავლენის სფერო და გააფართოვა ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შესაძლებლობები შავი ზღვის წყლებში და, მართლაც, დროებით ოკუპირებულ ყირიმში შემდგომი წარმატებული ოპერაციების ჩატარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იუსოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იყო ზმეინის (გველის) კუნძულის დეოკუპაცია. 2023 წლის 11 სექტემბერს უკრაინამ განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე მდებარე ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე, ე.წ. ბოიკოს კოშკებზე, რომლებიც რუსეთმა 2014-15 წლებში, ყირიმის ანექსიის დროს იგდო ხელთ. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავ ზღვაში „ბოიკოს კოშკები“ სტრატეგიული აქტივებია.  

თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე „ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესაბამის და შეუფერხებელ ნაკადს არ დაუშვებს.“ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილება, ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც 8 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა, ისრაელმა თურქეთს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების საშუალება არ მისცა. როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა.  

ისრაელის საელჩო: გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხისადმი, რომელთაც 9 აპრილს გამოავლინეს არნახული სიმტკიცე და სიმამაცე

ისრაელის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს. „ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხისადმი, რომელთაც 9 აპრილს გამოავლინეს არნახული სიმტკიცე და სიმამაცე. ამ შემთხვევაში, თქვენ მოახდინეთ ჭეშმარიტი მდგრადობის და თავისუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვის დემონსტრირება. ცხადია, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს. ქართველებიც და ისრაელელებიც იზიარებენ იმის სურვილს, რომ მათთვის ეს გახდეს სახელმძღვანელო პრინციპი,“ წერია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ გააუქმებს

ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულაციურ ბიზნესად. „ოქროს ვიზის“ პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე სულ მცირე 500 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იღებს სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლებას. ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაიცა 5000-მდე ასეთი ნებართვა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2023 წლის ანგარიშით, „ოქროს ვიზის“ პროგრამით მოსარგებლეთა სიაში პირველ ადგილზე ჩინელი ინვესტორები არიან, მეორეზე კი - რუსები, რომლებმაც ესპანეთში 3,4 მილიარდი ევროს უძრავი ქონება შეიძინეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ეჭვი ეპარება, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ინვესტორების ქონების წარმომავლობა გამოიკვლია. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე დაიწყებს.  

აშშ-ის ელჩმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა. „მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. გიორგი ბუთხუზმა აშშ-ის ელჩს და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ გადმოცემული დანადგარი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს. რობინ დანიგანმა, ღონისძიების ფარგლებში გადმოცემული დანადგარი, მუშაობის პროცესში იხილა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გადმოცემული ინფრაწითელი სპექტრომეტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ასაფეთქებელი, ნარკოტიკული თუ ბოჭკოვანი ნივთიერებების შრეების კვლევას, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით,“ წერს შსს.    

საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა, ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას - ევროკავშირი

„1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო. ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. „დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება,“ – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, როგორც ჩვენ  - გერმანიაში. და თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა. საელჩოს ცნობით, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა პატივსაცემად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და მისმა მეუღლე მარიამ პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანეს. „მაშინ ქართველი ახალგაზრდები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რამაც მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ჩვენ პატივისცემით ვინახავთ მათ ხსოვნას. მათი გმირობა ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის პრინციპები,“ წერს გერმანიის საელჩო. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა „საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად,“ წერს თავის მხრივ, საფრანგეთის საელჩო. განცხადებას ავრცელებს თურქეთის საელჩოც. „35 წლის წინ, დღევანდელ დღეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა გმირი ახალგაზრდების თავგანწირვა, რამაც მისცა გზა ქვეყნის დამოუკიდებლობის თავიდან მოპოვებას,“ – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.  

„ალტ ინფოს“ პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.