ძებნის რეზულტატი:

პეკინი: რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამო ჩინეთი კრიტიკას არ მიიღებს. „ჩინეთსა და რუსეთს უფლება აქვთ, რომ ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში ჩაერთონ. ასეთ თანამშრომლობაში ჩარევა ან მასზე ზეწოლა არ შეიძლება და ჩინეთი კრიტიკას ან ზეწოლას არ მიიღებს,“ - განაცხადა მაო ნინმა. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინაში კონტროლს უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყარებს, მაშინ, ეს ევროპაში ძალთა ბალანსს შეცვლის და გავლენას აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზეც მოახდენს. „ჩვენ ამას აღვიქვამთ არამხოლოდ რუსეთის ქმედებებად, არამედ, ერთობლივ მოქმედებებად, რომელსაც მხარს ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა უჭერს,“ - აღნიშნა კურტ კემპბელმა. ჩინეთი რუსეთს „სტაბილური განვითარების“ მხარდაჭერას დაჰპირდა 2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად. პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის უკრაინაში შეჭრა.  

ესტონეთმა მარტში კიბერშეტევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა

მარტში ესტონეთმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოს საჯარო სექტორის ვებგვერდებზე კიბერშეტევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა. გაზაფხულის პირველ თვეში მთავრობის საინფორმაციო სისტემის ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებამ (RIA) 522 სერიოზული კიბერ ინციდენტი დააფიქსირა. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა და ცხრა სხვა სახელმწიფომ 20 დეკემბერს წამოიწყეს უკრაინის მხარდასაჭერი პროექტი. ტალინის მექანიზმი IT კოალიციის პარალელურად ფუნქციონირებს, რომელიც სამხედრო სფეროში უკრაინის კიბერ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.  

განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

შეერთებულ შტატებთან უვიზო რეჟიმის პროგრამაში ახლა 41 ქვეყანა მონაწილეობს და უმრავლესობა ევროკავშირის წევრია. პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს, შეერთებულ შტატებში საქმიანი ან ტურისტული მიზნით, 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორიენტირებულია იმ სფეროებზე, სადაც ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა შესაძლებელი. „ვაჭრობის კუთხით, შეერთებული შტატები აფასებს მის ძლიერ ეკონომიკურ ურთიერთობას საქართველოსთან და აღნიშნავს, ამერიკული საქონლის საქართველოში იმპორტის გაღრმავებას, რაც 2023 წელთან შედარებით, თითქმის 34%-ით გაიზარდა. ამ ურთიერთობას მხარს უჭერს ჩვენი ორმხრივი დისკუსიები, რომელსაც ატარებს შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოში და სხვა პლატფორმებზე. ბევრი ქვეყანა არ არის ორიენტირებული სრული შეთანხმების მოლაპარაკებაზე, რადგან ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამის ნაცვლად, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია, გავზარდოთ ვაჭრობა და თანამშრომლობა და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, რაც ელჩ დანიგანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, 30 წელზე მეტი ხნის ახლო მეგობრობა აკავშირებს. „ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მეტი მოგზაურობისა და ვაჭრობის წახალისებისთვის,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის წერილობით პასუხში კითხვაზე, რომლითაც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს, გასული თვის მიწურულს მიმართა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკის ხმამ ჰკითხა, განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება და აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. „შეერთებულ შტატებს, მთელ მსოფლიოში ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ არიან უვიზო რეჟიმის პროგრამის ნაწილი. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ სხვადასხვა მოთხოვნას იმისთვის, რომ იყოს უფლებამოსილი, ჩაერთოს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხში, რომელიც 29 მარტით თარიღდება.  

სტოლტენბერგი: უკრაინის მიერ ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები, თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების უფლება აქვს. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ეს თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია - ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და მივესალმები, რომ მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო მხარდაჭერას მათი თავდაცვის მიზნით,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ფინეთს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. მაგრამ ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ უშვებს მათი იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. ეს ძირს უთხრის უკრაინის უნარს, მოიგოს ომი.  

„უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის“ - სამანტა პაუერი

რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? ეს არის კითხვა, რომლითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, "ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" - USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს მიმართა. „მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება, დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ?" - ჰკითხა სენატორმა შაჰინმა სამანტა პაუერს, რომელიც სენატის წინაშე სააგენტოს წლიურ ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ წარდგა. USAID-ის ხელმძღვანელის თქმით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვვის თავისუფლებაზე. „ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არამხოლოდ აღიარებული, არამედ, ასევე - დაცულიც," - განაცხადა სამანტა პაუერმა სენატორ შაჰინის კითხვაზე პასუხად. სენატორმა ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს." ეს კი, მისი თქმით, არის "სვლა ევროპისკენ და უფლებები, რაც თან ახლავს დემოკრატიას, სრულ დემოკრატიას."  

სენატორი ბენ კარდინი: პუტინის სტილის კანონი - დავუკავშირდი საქართველოს ელჩს, რათა გადამეცა შეშფოთება

„პუტინის სტილის" კანონი - ასე აფასებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სენატორი ბენ კარდინი. კარდინის თქმით, შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა. მან მადლობა გადაუხადა სენატორ შაჰინს, რომელმაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომამაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. „სენატორო შაჰინ, გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და მის სწორ გზაზე მოძრაობას. ეს რა თქმა უნდა, არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ... მე დავუკავშირდი მათ ელჩს, რათა მათთვის გადამეცა ჩემი შეშფოთება იმაზე, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს მოძრაობასა და ევროპაში ინტეგრაციაზე," - განაცხადა სენტორმა ბენ კარდინმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე "შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.  

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტი: დროა, შესრულდეს 9 ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრები 10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაცია კომიტეტის თავმჯდომარის, ელჩის დელფინ პრონკის ხელმძღვანელობით შეხვდა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები ასევე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM Georgia) ეწვევიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ. „დელეგაციის ჩამოსვლა არის ნაწილი რეგიონში უფრო დიდი ვიზიტისა, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილი), ასევე აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან რეგიონში. საქართველოში კომიტეტის მიერ პირველი ასეთი ვიზიტის 7 წლის წინ განხორციელების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ არსებული მომენტის გამოყენების მნიშვნელობას. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის კარი წევრობისთვის ახლა ღიაა. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. მოცემულ კონტექსტში, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით მკაფიო სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საჭირო რეფორმები და წინსვლა შეფერხების გარეშე, მთელი საზოგადოების მონაწილეობის მიდგომით, მთავრობის, ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. დრო არ იცდის და ახლა არის დრო, შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებით და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის 2024 წლის 4 აპრილის განცხადება დაიმოწმა. ევროკავშირმა თავის ფუძემდებლურ ხელშეკრულებაში დაცულ საკუთარ ღირებულებებს ხაზი გაუსვა. კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, ასევე 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები. ევროკავშირი აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ყველა დარჩენილი რეკომენდაციის გათვალისწინების საჭიროებას,“ წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა

უკრაინაში მიმდინარე ომი და NATO-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობა,“ ეს ის საკითხებია, რომლებიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განიხილეს. შესაბამისი ინფორმაცია ტრამპის კამპანიამ გაავრცელა. ტრამპის კამპანიის ინფორმაციით, მარ-ა-ლაგოში ვახშმის დროს, მათ „შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში მოახლოებულ არჩევნებზე და NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება და უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება განიხილეს.“ ვაშინგტონში ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქემერონმა განაცხადა, რომ ვახშამი შეესაბამებოდა ბრიტანეთის მთავრობის მინისტრების წარსულ პრეცედენტს, როცა ვიზიტით ჩამოსული მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც მართავენ შეხვედრებს. მან უარი თქვა ტრამთან საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემები განიხილეს. ბრიტანეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ქემერონი არ შეხვდება რესპუბლიკელ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დროის გამონახვის სირთულის გამო. „დასავლეთის ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში“ - ქემერონი ვაშინგტონში  

აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას თეთრ სახლში უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო თანამშრომლობის პროექტები დაგეგმეს. თანამშრომლობა მოიცავს ალიანსის გაძლიერებას ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე აქცენტით.  „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ჩვენს ალიანსში, მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა,” - აღნიშნა ბაიდენმა დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ფოკუსირებული იყო ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩინეთის ქმედებებზე. ჩინეთის მზარდი საფრთხე სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში; ტაივანის (კუნძული, რომელსაც პეკინი საკუთარად მიიჩნევს) თვითმართველი სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის შეჩერება; ღაზის სექტორი; ომი უკრაინაში - ეს საკითხები განიხილეს ლიდერებმა. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენმა იაპონიის ლიდერი, რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის დროს სწრაფი და მამაცი წინააღმდეგობისთვის, ასევე, სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის შეაქო. „ჩვენ ნამდვილად გლობალური პარტნიორობა გვაქვს. ამისთვის მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო. ჩვენი ქვეყნები ახლა უფრო გააღმავებენ თავდაცვით პარტნიორობას და მივიღებთ ისეთ ძლიერ ინდო-წყნარ ოკეანეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია აშშ-სთან ერთად, მსოფლიო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. „როგორც გლობალური პარტნიორი, იაპონია შეუერთდება ამერიკელ მეგობრებს და ჩვენ ერთად გავუძღვებით გზას ინდო-წყნარი ოკეანისა და მსოფლიოს გამოწვევების დასაძლევად,“ – განაცხადა კიშიდამ. „სტატუს კვოს შეცვლის ცალმხრივი მცდელობები - ძალით ან იძულებით, აბსოლუტურად მიუღებელია, სადაც არ უნდა იყოს ეს,“ - განაცხადა კიშიდამ. აშშ და იაპონია გააგრძელებენ რეაგირებას მსგავს ქმედებებზე, მათ შორის, ჩინეთის გამოწვევებზე, აღნიშნა მან. „რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ... დღეს უკრაინაა, ხვალ შეიძლება, იყოს აღმოსავლეთ აზია,“ - განაცხადა კიშიდამ. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ჩინეთთან კომუნიკაციის ღია ხაზებს და რომ აშშ-იაპონიის ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა. ის გასულ კვირას ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ იაპონიას ექნება შეშფოთება იმის შესახებ, რომ თუ ტრამპი მეორე ვადით მოიგებს, შესაძლოა, ჩინეთთან შეთანხმების გზები ეძებოს, რამაც შეიძლება, რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ერთობლივი სამხედრო სტრუქტურა ბაიდენმა განმარტა, რომ მათი სამხედროები ითანამშრომლებენ ერთობლივ სარდლობის სტრუქტურასთან და ისინი ავსტრალიასთან ერთად განავითარებენ საჰაერო სარაკეტო თავდაცვის ახალ ქსელს. ორმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ იაპონელი ასტრონავტები მიიღებენ მონაწილეობას ნასას მისიებში მთვარეზე. საერთო ჯამში, აშშ-მ და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 70-მდე შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის არის ნაბიჯები იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სამეთაურო სტრუქტურის განახლებისკენ, რათა მათ უკეთ შეძლონ იაპონიის ძალებთან მუშაობა კრიზისის დროს.    

Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს

Bloomberg-ი ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო ან დრონებით დარტყმები გარდაუვალია. მათი თქმით, პოტენციური თავდასხმა, ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებით, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს. სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის და ისრაელის დაზვერვის შეფასებებიდან გამომდინარე, საქმე უფრო ეხება იმას, თუ როდის მოხდება თავდასხმა, ვიდრე იმას, მოხდება თუ არა ეს თავდასხმა. Bloomberg-ი წერს, რომ დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ, შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ირანისა და მისი მარიონეტების თავდასხმა შესაძლოა სულაც არ მოხდეს ისრაელის ჩრდილოეთიდან, სადაც ლიბანში „ჰეზბოლა“ მოქმედებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ეთანხმებიან მოკავშირეების მოსაზრებებს და საჯაროდ დაემუქრნენ ირანს, რომ თუ ის ისრაელის ტერიტორიას დაარტყამს, ირანზე საპასუხო დარტყმას განახორციელებენ. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.  

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. „დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.   

ევროპარლამენტმა ევროკავშირის საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა თავშესაფრისა და მიგრაციის რეფორმასთან დაკავშირებული დოკუმენტების პაკეტი დაამტკიცა. რეფორმა ევროკავშირის საბჭომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ. კანონპროექტები, რომლებზე მუშაობაც თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2015 წლიდან, როდესაც ევროკავშირი ფართომასშტაბიანი მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა,  სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დაჩქარებას. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, თავშესაფარზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, მიღებული იყოს განაცხადის შეტანისთანავე, პირდაპირ საზღვარზე. ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ მიჩნეულ ქვეყნებში დეპორტაციის პროცედურა უნდა გამარტივდეს. სოლიდარობის მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტთა განაწილებას კვოტების შესაბამისად (არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უნდა დარჩნენ ევროკავშირის პირველ ქვეყანაში, სადაც შეძლეს მოხვედრა). თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის ლტოლვილების მიღებაზე, მას მოუწევს, ფინანსური დახმარება გაუწიოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიიღებენ ლტოლვილებს. ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ განმარტა, რომ ახალი წესები იქნება „სამართლიანი“ მათ მიმართ, ვისაც აქვს თავშესაფრის უფლება, „მტკიცე“ მათ მიმართ, ვისაც არა აქვს ის და „მკაცრი“ მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს არალეგალურ მიგრაციას. შემოთავაზებულ რეფორმას აკრიტიკებენ როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენე პარტიები, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები, კერძოდ, პოლონეთისა და უნგრეთისა. ის მხოლოდ მცირე სხვაობით დამტკიცდა - სხვადასხვა კანონპროექტს საშუალოდ ხმა მისცა 300-მდე დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 260-მდე იყო. მემარცხენეების წარმომადგენლები, ისევე როგორც მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მათ შორის Amnesty International-ი, აკრიტიკებენ რეფორმას ევროკავშირში თავშესაფრის მიღების პირობების გამკაცრებისა და არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამარტივებისთვის, მემარჯვენე პოპულისტები კი მიიჩნევენ, რომ ის არასაკმარისად მკაცრია მიგრანტების მიმართ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ რეფორმით გათვალისწინებულ სოლიდარობის მექანიზმს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამჟამად ყველაზე მეტ მიგრანტს მასპინძლობენ, ისეთებისა, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.  

ფილადელფიაში, მეჩეთთან სროლა იყო

ფილადელფიაში, ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლა იყო, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელიც ამჟამად კლინიკაში მკურნალობს. პოლიციის ცნობით, სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. ჯო ბაიდენის თქმით, ირანი ისრაელის მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს.   „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.   ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით. „მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 10 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. პირველ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს  

აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. ჯო ბაიდენის თქმით, ირანი ისრაელის მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს.   „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.   ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით. „მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 10 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. პირველ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს  

სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. BBC-ს ცნობით, სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში „დემოკრატიულმა პარტიამ“ და მცირე ზომის ოპოზიციურმა პარტიებმა 300 ადგილიდან 192 მოიპოვეს. „ეს არა მხოლოდ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვება, არამედ ხალხის დიდი გამარჯვებაა,“ - განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველი „ხალხის ძალის პარტიის“ ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა თანამდებობა დატოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრიც, ჰან დაკ-სუც გადადგება.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტზე სამართალდამცველი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. „ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა. გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია „Whatsapp”-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის 10 აპრილს, სამართალდამცავი დაკავებული იქნა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთმა ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ აამოქმედა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ყაბარდო-ბალყარეთის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ნალჩიკის ნაწილსა და ჩერეკსკის რაიონში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ დააწესა. რუსეთის უშიშროება ამტკიცებს, რომ მიიღო ინფორმაცია „ტერორისტულ საქმიანობასთან“ კავშირის მქონე პირთა ადგილსამყოფლის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ ინფორმაციას, რომ სპეცრაზმელებს ნალჩიკის მახლობლად მდებარე სააგარაკე ტერიტორიაზე დაბლოკილი ჰყავთ „ბოევიკები“, რომლებმაც იარაღის დაყრის და დანებების შეთავაზების პასუხად სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერეკსკის რაიონი, სადაც „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ მოქმედებს, სამხრეთით საქართველოს ესაზღვრება.  

ამერიკის ელჩი: ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა თავდაცვითი ძალები, აღჭურვა სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი განმარტავს, რა დახმარებას უწევს ამერიკა საქართველოს. „რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე, შეაკავოს შემდგომი აგრესია,“ – განაცხადა ელჩმა. ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. „ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. ასე რომ, თქვენ უნდა დაუსვათ თავს კითხვა, თუ გაქვთ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სერიოზულ შეშთოფებას გამოხატავენ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, უნდა დაუსვათ თავს კითხვა, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის? მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას,“ – განაცხადა დანიგანმა.  

ელჩი: რთული იქნება ევროკომისიისთვის, გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში

„ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში,“ - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზირების გარეშე. „მე მესმის, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა, რომ ჯერ კიდევ უნდა იყოს დისკუსია, რომელიც რამდენიმე კვირის და შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გზა გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზირების გარეშე, რომლებიც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. მისივე თქმით, ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური - ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი. „ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ყველა ინგრედიენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწიოს და გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, 9-ვე ნაბიჯი უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა. იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან, გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რა საკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და 9-ვე ნაბიჯზე დიდი პროგრესი მიიღწევა ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციის გაცემა და წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წლის დეკემბერში შეძლონ, დაეთანხმონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან და ჩვენ ყველამ შევძლოთ, ვიზეიმოთ ეს მიმდინარე წლის დეკემბერში ისე, როგორც შარშან დეკემბერში ვიზეიმეთ, მაგრამ ეს მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია,“ - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია