ძებნის რეზულტატი:
პრემიერი: 145 000 ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალინება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს, სულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი, აღიარებული და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. „ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, იმისთვის, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
IAEA: დრონის აფეთქებამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორი დააზიანა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქებამ სადგურის მთავარი ბირთვული რეაქტორის დამცავი გარსი დააზიანა. მისივე ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა განხორციელდა. რაფაელ გროსის თქმით, მომხდარი წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის კუთხით. „ვერავინ შეძლებს რაიმე სარგებლის, ან რაიმე სამხედრო ან პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისგან. მტკიცედ მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ სამხედრო პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არღვევს ბირთვული ობიექტების დაცვის ძირითად პრინციპებს,“ - განაცხადა რაფაელ გროსიმ. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონის აფეთქების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ე.წ. „ხელმძღვანელობამ“ თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა მომხდარის გამო პასუხისმგებლობა რუსულ ძალებს დააკისრა. შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიკავეს.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში 7 აპრილს გაემგზავრა. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ვიზიტი 13 აპრილს დასრულდება. „საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი მეზურნიშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ანტონ ობოლაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
ზელენსკი: Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. „ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ - და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა - თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში პარტნიორებთან. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გვაქვს უკრაინაში, არ არის საკმარისი - და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, სუმის და ბევრ ჩვენს სხვა უკრაინულ თემს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც უკრაინის დახმარება შეუძლია. „მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ნება გვჭირდება, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო.“
რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, ევროკავშირმა თურქული ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია
ევროკავშირმა, რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, თურქული ავიაკომპანია Southwind Airlines-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა. პირველი, ვინც Southwind-ზე გამოძიება დაიწყო, ფინეთის ხელისუფლება იყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანტალია-ჰელსინკის შორის ახალი მარშრუტი შესთავაზა. ფინეთის მიმართულებით რეისებთან ერთად, Southwind Airlines მარშრუტების გახსნას თურქეთიდან ბერლინში, დიუსელდორფში და გერმანიის სხვა ქალაქებში გეგმავდა. თურქეთში რეგისტრირებული კომპანია Southwind Airlines 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე, დაარსდა. გამოძიების თანახმად, მისი სამივე თვითმფრინავი და მისი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო Nordwind Airline-თან, რომელიც რუსული ტურისტული სააგენტო Pegas Touristik-ს ეკუთვნის. კომპანია 2022 წლის ზაფხულში თბილისი-ანტალიას შორის ფრენებს ასრულებდა. Southwind Airlines-ი, ამ დროისთვის, საქართველოში არ ოპერირებს.
პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, დამატებითი რეისები და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფი უზრუნველყოს
მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები. მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით,“ - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: შარშან, საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, ამას ვეღარ შეძლებენ
პრემიერ-მინისტრმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ საუბრისას განაცხადა რომ „შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, ამას ვეღარ შეძლებენ. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულად გამართულია. „ბოლო საკითხი, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილება მინდა, არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ, დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება, იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ/ მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,“ - განაცხადა კობახიძემ. როგორც ის აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ. „გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტჩეკერი“ და „მითების დეტექტორი“, გვარებით რომ ვთქვათ - სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ეს ადამიანები თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს, ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაირკვა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის, ამ ცენზურას ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს. გაუმჭვირვალობა და ცენზურა ამ ადამიანებისთვის ევროპაა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები, რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ღირებულებები, რომლებიც განმსაზღვრელი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. არასამთავრობოებმა მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადრე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება. გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტის“ კვლავ ინიცირებით ღრმად შეშფოთებულია. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დამარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა,“ წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი. ის აღნიშნავს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს,“ - წერს მერი ლოლერი. გაეროს სპეციალური მომხსენებელი მისივე ანგარიშში მიუთითებს, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გაუქმების მიუხედავად, მისი ზეგავლენა არაერთხელ განიხილებოდა მისი ვიზიტის დროს. ანგარიშის მიხედვით, უფლებამდაცველები საუბრობდნენ მზარდ დაუცველობაზე, რომელსაც გრძნობდნენ ამ კანონპროექტის შემოღების მცდელობის შემდეგ. ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს სახელმწიფომ განუცხადა, რომ „უცხოური აგენტის კანონი “აღარ იქნებოდა წარდგენილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
“ფინანსური სტაბილურობა, მშვიდობა, კეთილდღეობა, საერთო უსაფრთხოება“ - ელჩები განმარტავენ, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა
რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი? ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ, რას ნიშნავს მათთვის, იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი. Europetime ელჩების მიმართვას გთავაზობთ: თომას მიულმანი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ანა მარია შიკო, უნგრეთის ელჩი: შესაძლებლობებს ახალგაზრდა თაობისთვის, მომავლისთვის. პიტერ ფიშერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი: თავისუფლების, მშვიდობისა და ეკონომიკის, სოციალური და გარემოს დაცვის სფეროების რეგულირების სივრცე. მარკოს გრანადოს გომესი, ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული: ეს იყო რეალურ სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასათვის. ეს იყო დემოკრატიის დამყარება. ანე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი: მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა მარიუშ პიეტრჟაკი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული: ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა. რინა კალიურანდი, ესტონეთის ელჩი: ჩვენ მოვახერხეთ და შევუერთდით ევროზონას, რამაც ფინანსური სტაბილურობა მოგვიტანა. მასიმილიანო დ'ანტუონო, იტალიის რესპუბლიკის ელჩი: იტალიისთვის ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ორმხრივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს. შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი: რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავისუფლებები და ჩვენი ღირებულებები. რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი: ამჟამად ქვეყანა განვითარების უპრეცედენტო დონეზე იმყოფება. მარია თეოდორუ, საბერძნეთის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება მიიჩნეოდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზაციისა და განვითარების მთავარი ფაქტორი. ლოლიტა ლენკევიჩა - მრჩეველი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო: როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ჩვენ უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ვაშენებთ. პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. მატუშ ბუშოვსკი, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი: ევროკავშირის წევრობა არის თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის, მუშაობის და სწავლის თავისუფლება. მიშელ პიტერმანსი, ბელგიის სამეფოს ელჩი: ევროკავშირი მტკიცედ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს და ამასთან, უარს არ ამბობს ევროპულ მოდელზე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას პიროვნების, თითოეული ადამიანის პატივისცემას ანიჭებს. საულიუს ვალაინისი - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო: ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ და ნათლად ვხედავთ ჩვენი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური არჩევანის დადებით მხარეებს. ანა ლიბერგი, შვედეთის სამეფოს ელჩი: ევროკავშირის წევრობით გაძლიერდა ჩვენი შესაძლებლობები ტრანსნაციონალურ გამოწვევებთან ბრძოლაში. ვესელინ ვალკანოვი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი: სამშვიდობო პროექტში გაწევრიანებას სულიერი სიმშვიდეც მოაქვს. მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი: ევროკავშირი ჩვენი სახლია პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში: თუ გსურთ გაიგოთ მეტი ევროკავშირისა და საქართველოში ჩვენი საქმიანობის შესახებ, შემოგვიერთდით 11 მაისს, ექსპო ჯორჯიაში! ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!
შავი ზღვის რეგიონში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები იწყება
რუმინეთის საზღვაო ძალები 8-21 აპრილს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას - „Sea Shield 24“ გამართავენ. წვრთნები შავი ზღვის რეგიონს მოიცავს. როგორც რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საქართველო NATO-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საზღვაო წვრთნებში Sea Shield 24, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება. რუმინეთისა და საქართველოს გარდა წვრთნებში მონაწილეობენ ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ, თურქეთი და საფრანგეთი. წვრთნები ჩატარდება შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე. მათში მონაწილეობას მიიღებს 2,2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ერთეული სამხედრო ტექნიკა. სცენარი მოიცავს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, მდინარესა და ზღვაზე უკანონო ქმედებებთან ბრძოლას, გასაჭირში მყოფი გემებისთვის დახმარების გაწევას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მრავალეროვნული სწავლება Sea Shield პირველად 2015 წელს გაიმართა. რუმინეთში გაიმართება სამხედრო სწავლება - „ზღვის ფარი 2024“, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება - კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში, კერძოდ, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება აეროპორტის პროექტირება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იძლევა 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. „გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4 ნახევარი მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მოსალოდნელია, მომავალშიც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, სწორედ ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები. ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სეროზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვაზიანში აერპორტის აშენება კობახიძის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში დააანონსა. თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს, თავდაცვის მინისტრობის იმჟამინდელი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს.“ თუმცა, როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული. „კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს,“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებს.
NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას განცხადებით, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთი გაააქტიურებს კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით. მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება, იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, რა ხდება მოლდოვაში. „უნდა ველოდოთ რუსეთის დეზინფორმაციას და კიბერშეტევებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში. საპრეზიდენტო არჩევნებში (რუმინეთში) არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება პროდასავლური ძალების გამარჯვების ხელის შეშლისა და ხელისუფლებაში უფრო ხელსაყრელი ვინმეს მოყვანის მცდელობაში,“ - განაცხადა მირჩა ჯოანამ, რომელიც რუმინეთის წარმომადგენელია. მისი თქმით, „რუსეთი და სხვები“ შეეცდებიან, დაეხმარონ იმ ძალებს, რომლებიც, შესაძლოა, აუცილებლად პრორუსული არ არიან, მაგრამ ანტიდასავლური არიან. გერმანიამ ევროპაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდის შესახებ განაცხადა როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.
ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს
ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს. ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთი, ნაჰალის ბრიგადა რჩება, რომელსაც აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი. ეს მონაკვეთი ღაზის სექტორისა და ისრაელის სამხრეთით მდებარე ბეერის ნაწილს აკავშირებს. ამ მონაკვეთის კონტროლით ისრაელს შეუძლია რეიდების მოწყობა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში. ცნობისთვის, ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, - ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.
გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
ორშაბათიდან, ლიეტუვაში ეტაპობრივად ჩასვლას იწყებენ გერმანული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა საბოლოოდ, სამოქალაქო პირების ჩათვლით, 5000-ს მიაღწევს. 8 აპრილს, ვილნიუსში გერმანიის პირველ ოც სამხედრო მოსამსახურესა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მეთაურს დახვდებიან. პირველი ნაკადი ვილნიუსში განლაგდება. ასევე გეგმავენ შემდგომ ღონისძიებებს ბრიგადის გადაადგილებისთვის და კოორდინაციას გაუწევენ ყველა საჭირო ნაბიჯს მათი განლაგებისთვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად. „მნიშვნელოვანი დღეა ბუნდესვერისთვის. პირველად, ვიწყებთ ასეთი ქვედანაყოფის განთავსებას გერმანიის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, სადაც ლიეტუვაში პირველი 20 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ცერემონია გაიმართა. ამ სამხედროებმა უნდა მოამზადონ პირობები გერმანელი ჯარისკაცების შემდგომი გადაყვანისთვის. „ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის, ადგილზე. ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ადგილზე უნდა იყოს ყაზარმები და ბინები. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ლიეტუვის მხრიდან და გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბრიგადა თავიდანვე ისე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების ფონზე, გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ლიეტუვაში მუდმივად განათავსებს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ქვედანაყოფს. ბუნდესვერის ბრიგადამ, რომელიც შედგება დაახლოებით 4 800 ჯარისკაცისგან და ბუნდესვერის 200 სამოქალაქო თანამშრომლისგან, სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ქვედანაყოფ 45-ე სატანკო ბრიგადის საბოლოოდ ჩამოყალიბება 2025 წელს იგეგმება. 150 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი მცირე ჯგუფი ლიეტუვაში სამსახურს წელს დაიწყებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის განლაგება გერმანიას თითქმის 800 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის განლაგების სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მაშინ „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა. მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი. 122-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც ამჟამად განლაგებულია სამხრეთ გერმანიაში და 203-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ლიეტუვაში გადაინაცვლებს. NATO-ს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც უკვე ლიეტუვაში იმყოფება, ბრიგადის შემადგენელი გახდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბრიგადის სრული განლაგება 2027 წლისთვის დასრულდება. ჯამში, ადგილზე დაახლოებით 5000 სამხედრო და სამოქალაქო პირი უნდა ჩავიდეს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
გახარიას პარტია პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთ ალტერნატივას აინიცირებს
პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში "აგენტების კანონპროექტის" კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიცირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი "არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს" და "საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს." ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას. ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს არეგულირებს, უნდა დაემატოს ჩანაწერები: ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში; წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობასა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას; წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ. "ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას", - ამბობს ბექა ლილუაშვილი და აზუსტებს, რომ მიდგომა გრანტის მიმღები ყველა იურიდიული პირისთვის საერთოა: "შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით.“ ბექა ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ამ ალტერნატიულ კანონპროექტს. პარტიამ "საქართველოსთვის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. ის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, დარეგისტრირდება. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 11 აპრილს კი, ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.
SpaceX-მა სამხრეთ კორეის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა
ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს, ორბიტაზე წარმატებით განთავსდა. სამხრეთ კორეის მიერ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2025 წლისთვის კომპანიამ ორბიტაზე სამხრეთ კორეის 5 სადაზვერვო თანამგზავრი უნდა განათავსოს. სამხრეთ კორეის პირველი სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან პირველ დეკემბერს წარმატებით გაუშვა. სადაზვერვო თანამგზავრების ერთმანეთის მიყოლებით გაშვება, ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობებზე უპირატესობის მოპოვებას უკავშირდება. ფხენიანმა გასული წლის 21 ნოემბერს ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა.
„ჩემი მთავარი გაკვირვება რა არის იცით? ეს ხომ უკვე იყო“ – დავით გოგიჩაიშვილი „უცხოური აგენტების კანონზე“
„საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის ერთადერთობა, ჩემი აზრით, ყველანაირი პოლიტიკის მიღმაა. ამიტომ გამოვხატავ ახლა ჩემს აზრს – არა რუსულ კანონს,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი, ბიზნესკონსულტანტი და მარკეტერი. რატომ უკეტავს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის კარს? „ყველა წარმომადგენელი ამას გვეუბნება. კანონის მუხლებში არაკომპეტენტური ვიქნები, მაგის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ იმის ექსპერტად კი გამოვდგები, მესმოდეს საერთო კონტექსტი. ევროკავშირის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ამერიკა გვეუბნება, ჩვენი დასავლელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება აფერხებს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი „ნეტგაზეთთან“. 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია რუსული კანონპროექტი და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. „რა მოუტანა ამ კანონმა რუსეთს, რა დღეში ჩააგდო ამას ხომ ვხედავთ და რაც მთავარია, იმასაც ხომ ვხედავთ, რომ ეს ერთხელ უკვე იყო. ჩემი მთავარი გაკვირვება რა არის იცით? ეს ხომ უკვე იყო. ეს კანონი ხომ იყო ინიციირებული. ამან გამოიწვია პროტესტი და ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში მარტის აქციებზე. მერე, ამ კანონის ინიციატორებმა თქვეს – ოკ, ბოდიში, უკან მიგვაქვს ეს კანონი და ჩვენს გეგმებში არ შედის ამ კანონის თავიდან ინიციირება, დამთავრდა ეს ინიციატივა ამით. ახლა არ ვიცი რა შეიცვალა. ეს არის მთავარი გამოცანა,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი. კითხვას, რა იქნება მისი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის გზავნილი სხვა მოქალაქეებისა და მთავრობისადმი, გოგიჩაიშვილი პასუხობს: „ჩემი გზავნილი დღეს იქნება იგივე, რაც იყო შარშან, მარტის აქციების დროს – გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს საქართველოს ევროპაში. შესაბამისად არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ჩვენთვის იქნება ხელის შემშლელი. არამხოლოდ რუსული კანონი იგულისხმება აქ, არამედ საერთოდ ყველაფერი. იმიტომ, რომ ევროპისკენ… ევროპაში დაბრუნებაში, ევროკავშირში გაწევრიანებაში რაც ხელს შეგვიშლის, იმას არაფერს არ გაუმარჯოს. საქართველო ევროპისკენ მივდივართ. ამაზე ყველა ვთანხმდებით.“ როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
გაეროს სასამართლომ დაიწყო სარჩელის განხილვა, რომლითაც ნიკარაგუა გერმანიას გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უარის თქმა გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას ითვალისწინებს, „გერმანია ხელს უწყობს გენოციდს და არცერთ შემთხვევაში არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუშალოს გენოციდის განხორციელებას.“ 8 აპრილს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუას საჩივრის წინასწარი განხილვა დაიწყო. ქვეყანა ამტკიცებს, რომ გერმანია ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, აგრეთვე ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებით, „ხელს უწყობს გენოციდის ჩადენას.“ ნიკარაგუა სთხოვს სასამართლოს, გამოიყენოს ე.წ. დროებითი ზომები, ვიდრე საქმე სრულად განიხილება. გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს. „გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის პრევენციის კონვენცია და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ამას დეტალურად განვმარტავთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ფიშერმა. ცნობილია, რომ ისრაელი უარყოფს მტკიცებას, რომ მისი არმიის ქმედებები ღაზას სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, გენოციდად ითვლება. ეს არ არის პირველი საჩივარი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში - მანამდე სამხრეთ აფრიკამ შეიტანა საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ და დაადანაშაულა ის პალესტინის მოსახლეობის გენოციდში. საჩივარს შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ირლანდია. იანვარში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ღაზის სექტორში გენოციდის მოქმედებების აღსაკვეთად, მაგრამ სასამართლოს არ უბრძანებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება ფრენები თბილისის ახალი აეროპორტიდან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი რუსთავის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამასთან, მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს. ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება, თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. „სივრცითი განვითარების კუთხით, ახალი ტერიტორია მოგვცემს შესაძლებლობას, მეტად განვითარდეს რუსთავი, რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილები ჩნდება. აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, ეს დამატებითი პლუსი იქნება. საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხითაც. გამარჯვებიდან რუსთავამდე მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, პროექტი იმდენად მიზანშეწონილია, რომ შეძლებენ დაფინანსების მოძიებას არასუვერენული არხებით, სუვერენული წნეხის გარეშე. „ეს მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია. სრული ორი ფაზა, მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. როგორც შევაფასეთ, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება,“ - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ვარაუდობენ, რომ ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. „ჩვენი ამოცანაა, 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, 3 წელი დასჭირდება, 2028 წლის ბოლოსთვის შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი, თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა პირველი ფრენები განხორციელდეს. რაც შეეხება მართვას, ჩართული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველა გავრცელებული მოდელის ანალიზი შემოგვთავაზა. რამდენიმე ოფცია ცალსახად უპირატესია ჩვენს პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლსა და მფლობელობას აეროპორტზე და შემოჰყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია,“ - აღნიშნა მინისტრმა. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება - კობახიძე
„არა რუსულ კანონს“ - ჟურნალისტები, სტუდენტების ნაწილი და აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართვენ
სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ასევე, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ. „არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“ - პროტესტს ამ ლოზუნგებით გამოხატავენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. ჟურნალისტებიც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით ცდილობს, რუსული მეთოდებით გააჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. მსგავსი სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. „დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ “რუსული კანონი”, რომლის მიღებასაც ისევ აპირებენ. შარშან ძლივს ხელიდან გამოგლეჯილი “რუსული კანონი” გადაწყვიტეს, რომ ერთი წლის თავზე ისევ აქტუალური გახადონ და ისევ ცდილობენ მიიღონ და დაამტკიცონ, ეს კანონი. გარდა ამისა, პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ლაზარეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რადგან დღეს მისი სასამართლო პროცესიც იმართება. ასევე, მობილური აქციები იქნება, ადამიანები, მოქალაქეები, თავისი სურვილის მიხედვით მანქანით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ტრანსპარანტებით და ამ მესიჯებით ივლიან, რომ მთელ ქალაქს მისწვდეს ხმა “რუსული კანონის” შესახებ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მიიღონ. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის “ენჯეო” სექტორის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან მას “ენჯეო” სექტორში უმუშავია და USAID პროექტებშიც ყოფილა ჩართული. ეს არის მტკნარი ტყუილი და ამით ცდილობენ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი დაარწმუნონ, თითქოს “ენჯეო” სექტორი რაღაც დაფარულ საქმიანობებს ეწევა, რაც არის ტყუილი,” - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა “ტალღის” წევრმა, ნინო კალანდიამ. პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ამ წუთებში ისინი საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდებიან. „მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ წესით პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს არ შეუშვეს. ბიუროზე არის განხილვა „რუსულ კანონის“. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები. ეს კანონი მათ შორის, ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს ეხება,“ - განაცხადა ონლაიმ მედია „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა. აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს მისი მხილების საწინააღმდეგო ნაბიჯს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია