ძებნის რეზულტატი:

რა წერია Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე სახელმწიფოების დემოკრატიის დონეს აფასებს, ჰიბრიდულ რეჟიმებს შორის შედარებით ნათელი წერტილი იყო უკრაინა, რომელიც განაგრძობდა მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლო და ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და კორუფციის მიმართულებით აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, სამხედრო სფეროში. იმავდროულად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს ქულები, ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უცვლელი დარჩა. ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიზაციისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს განეკუთვნებიან - მოლდოვა, კოსოვო და უკრაინა, ხოლო ციკლურ (უცვლელ) ჰიბრიდულ რეჟიმებს - სომხეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო. მაჩვენებლების მიხედვით (1-დან 7-მდე) საქართველოს შემდეგი მაჩვენებლები აქვს: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა - 2.25, საარჩევნი პროცესი - 3.00, სამოქალაქო საზოგადოება - 4.00, დამოუკიდებელი მედია - 3.25, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 2.75, სასამართლოს ჩარჩო და დამოუკიდებლობა - 2.50, კორუფცია - 3.50. ჯამში, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04 ქულას შეადგენს (7-დან), ხოლო პროცენტების მხრივ - 34%-ს, და ჩამორჩება სომხეთს, უნგრეთს, სერბეთს, მოლდოვას, უკრიანას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს. „ავტოკრატიზებული ჰიბრიდები, როგორებიცაა, უნგრეთი, სერბეთი და უფრო ნაკლებად - საქართველო, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად ქცევის გზაზე დგანან. საკვანძო ინსტიტუტები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდნენ პოლიტიზების დონეს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად. როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ამ ქვეკატეგორიის ჰიბრიდული რეჟიმები იძულებულნი არიან, გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წავიდნენ. მაგალითად, როდესაც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის მარტში საერთაშორისო აჟიოტაჟისა და მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიწვია რუსული სტილის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ.“ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები შეკრების თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი ადა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ავტოკრატიზებულ ჰიბრიდებს ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისგან განასხვავებს შეკრებისა თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად,“ – ნათქვამია ანგარიშში.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 აპრილს ოფიციალურად გაფორმდა. სამინისტროში გაფორმდა დოკუმენტი – „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა. თითოეული ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერ მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.  

თავდაცვის მინისტრი: NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასთან განაცხადა, რომ NATO-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა დაNATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი განმარტებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებს აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.    

შმიგალმა სლოვაკეთში გამართულ შეხვედრას ისტორიული უწოდა

უკრაინამ და სლოვაკეთმა უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში ბრატისლავას მიერთების საკითხი განიხილეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დასკვნით პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს სლოვაკეთის მონაწილეობა პრეზიდენტ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში. გეგმის მიხედვით, სამშვიდობო სამიტში მონაწილე ქვეყნებს შეეძლებათ, შეუერთდნენ „მშვიდობის გეგმის“ ცალკეული პუნქტების განხორციელებას. სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში. შმიგალმა განმარტა, რომ კონსულტაციების დროს მან მოიწვია სლოვაკეთი სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის მისაღებად. შმიგალმა ცალკე განაცხადა, რომ სლოვაკეთი დაეხმარება უკრაინას განაღმვის სამუშაოში. შმიგალმა სლოვაკეთის მიხალოვცეში გამართულ შეხვედრას, სადაც ხუთშაბათს უკრაინასა და სლოვაკეთს შორის სამთავრობო კონსულტაციები მიმდინარეობს, "ისტორიული" უწოდა. შმიგალმა და ფიცომ ხელი მოაწერეს უკრაინასა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის საგზაო რუკას. Ukrinform-ის ცნობით, ხელმოწერის ცერემონია კონსულტაციების შემდეგ შედგა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით, უკრაინის და სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს სლოვაკეთის რესპუბლიკის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და საკადასტრო ორგანოსა და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურს შორის და შეთანხმებას სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს შორის ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ცნობისთვის, სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პოპულისტმა პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო ვიდრე ფიცო ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

OPEC: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი, თებერვალში 15%-ით გაიზარდა

თებერვალში BTC-ით ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტმა 2024 წლის თებერვალში საშუალოდ 618 ათასი ბარელი შეადგინა. ინფორმაციას OPEC-ი (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) ავრცელებს.  

დარჩიაშვილი: კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად

„საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა. „ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი," განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო თანმიმდევრულად მიუყვება იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც შეიქმნა და რომელთან მიმართებით ქვეყანა მუშაობს ევროკომისიასთან. „ჩვენ ვისაუბრებთ, ერთი მხრივ, უკვე გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე და, მეორე მხრივ, ვისაუბრებთ იმ სამოქმედო გეგმის შემდგომ შესრულებაზე, რომელიც რა თქმა უნდა, ითვალისწინებს რეფორმების დღის წესრიგის შემდგომ იმპლემენტაციას," -აღნიშნა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედს," - განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც შეთანხმებულია რეკომენდაციების შესაბამისად, და რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს. „ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საქართველო აუცილებლად გადავა შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ეს არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა," აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობასთან. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი". როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე." ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

პოლონეთს აქვს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული მარაგი, რომლის გადატანაც უკრაინაში შეიძლება - დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთს აქვს საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარკვეული მარაგი, რომლის გადატანაც უკრაინაში შეიძლება. საუბარია საბჭოთა დროის სისტემაზე. ეს განცხადება დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუდასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. დუდამ აღნიშნა, რომ მან უკვე განიხილა ეს საკითხი თავის უკრაინელ კოლეგასთან. „დღეს, ორმხრივი შეხვედრის დროს, მე და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვისაუბრეთ რაკეტების გარკვეულ რეზერვებზე, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბჭოთა კავშირის შემდეგ. მე გავესაუბრები ჩემს თავდაცვის მინისტრს, როდესაც პოლონეთში დავბრუნდები,” - აღნიშნა დუდამ. თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 10 სარაკეტო სისტემის გადატანა უკრაინაში მნიშვნელოვნად იმოქმედებს რუსეთთან ომში არსებულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ 25 სისტემა, რომელსაც აქვს 6-8 ბატარეა, საჭიროა ცის სრულად დასაფარად. იმავდროულად, საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ველაშმა განმარტა, თუ რა სჭირდება უკრაინას საჰაერო თავდაცვის სრულად ფუნქციონირებადი სისტემის შესაქმნელად. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, პუტინი ცდილობს, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გეგმების თავიდან აცილება.  

სალომე ზურაბიშვილი: თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული

თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს ხელოვნება და კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არის. „ვიტყოდი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს თავისუფლების ნიავი, რომელიც აქ სუფევს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა არის სხვა არაფერი, თუ არა დიდი თავისუფლება. არ არსებობს ხელოვნება, კულტურა იქ, სადაც თავისუფლება არ არსებობს. მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი თავისუფლება და მე ვიცი, რომ თბილისი ყოველთვის იქნება მასპინძელი ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიებების. იმიტომ, რომ თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი და საქართველო ყოველთვის იქნება ევროპული,” - განაცხადა პრეზიდენტმა.  

სომხეთი და საქართველო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოს განახლებაზე შეთანხმდნენ - ერევანი

სომხეთისა და საქართველოს მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოების განახლების შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა. „ამჟამად ორივე ქვეყანამ გადახედა სადემარკაციო კომისიების შემადგენლობას, მაგრამ შეხვედრა ჯერ არ შედგა. ორივე მხარე ასრულებს გარკვეულ "საშინაო დავალებას". ვიმედოვნებთ, რომ პირველი შეხვედრა არ გადაიდება,“ - განაცხადა კოსტანიანმა. ამ პროცესის ფარგლებში სომხეთიდან საქართველოსთვის ტერიტორიის შესაძლო გადაცემის შესახებ კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოხდება საზღვრის დელიმიტაცია, რომლის რომლის მიზანია 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის საფუძველზე ყველა მეზობლთან საზღვრის აღდგენა. მედია: სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოს დაუბრუნებს ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა  

უკრაინაში უჟჰოროდიდან ევროკავშირის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა დაიწყო

უჟჰოროდი ხდება უკრაინის პირველი რეგიონული ცენტრი, რომელიც ევროპას ევროპული ლიანდით დაუკავშირდება. საუბარია ევროლიანდის - რელსებს შორის დადგენილ ევროპული მანძილის შესაბამის სარკინიგზო მონაკვეთზე. დაიწყო ევროპული სარკინიგზო ხაზის პროექტის მშენებლობა, რომლის შედეგად, უჟჰოროდი გახდება უკრაინის პირველი რეგიონული ცენტრი, რომელიც ევროპას ამ გზით დაუკავშირდება. რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს ევროპული სტანდარტების 22-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობას. მისი დასრულების შემდეგ, რკინიგზა უზრუნველყოფს პირდაპირ სამგზავრო მარშრუტებს უჟჰოროდიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით. Ukrzaliznytsia-ს აღმასრულებელი დირექტორის ევგენ ლიაშჩენკოს თქმით, პროექტის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, ძირითადი მშენებლობა კი, მაისში დაიწყება. პროექტი $33 მილიონი დაჯდება და მისი 50% ევროკავშირის გრანტით ფინანსდება. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი შესაძლებელს გახდის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის დაწყებას ტრანსკარპათიისა და ვენის რეგიონულ ცენტრთან, ბრატისლავასთან, კოშიცესთან, ბუდაპეშტთან, პრაღასთან, ბუქარესტთან, დრეზდენთან და ბელგრადთან. „პროექტის განხორციელება შექმნის სატრანსპორტო კვანძს უჟჰოროდში, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების მოსახერხებელ და სწრაფ გადაყვანას,“ აღნიშნა დენის შმიგალმა. მშენებლობა ფინანსდება ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის მეშვეობით, რომელსაც უკრაინა 2023 წელს შეუერთდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ლვოვიდან და ჩერნივციდან რკინიგზის მშენებლობა იგეგმება.   

სამხრეთ კავკასია შეიძლება, გახდეს ახალი სატრანზიტო ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის - ფაშინიანის ოფისი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიიკ ჰარუთუნიანმა საექსპერტო კონფერენციაზე „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: კონცეფციიდან რეალობამდე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე. სომხური მედიის ცნობით,  ჰარუთუნიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროფესიული პლატფორმა კიდევ ერთი იმპულსი გახდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა უაღრესად აფასებს ექსპერტთა საზოგადოების აზრს და როლს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრაში. „სომხეთისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ბირთვი არის ღირებულებითი სისტემების მსგავსება, რომელიც გადაჯაჭვულია იდენტურ იდეებთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, კანონის უპირობო უზენაესობის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება. დღის წესრიგში დგას სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის გააქტიურების საკითხი,“ - განაცხადა ჰარუთიუნიანმა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეალობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილიზაციას და კეთილდღეობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს თბილისის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. „სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ პარტნიორობის სამართლებრივი საფუძველია 2017 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება, რომელმაც შექმნა პარტნიორობის ინსტიტუციური საფუძველი. შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ინიციატივით, შემუშავდა ამ ხელშეკრულების დებულებების განხორციელების საგზაო რუკა. ევროკავშირთან თანამშრომლობამ უკვე შეუწყო ხელი სომხეთში მართლმსაჯულების, საჯარო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და სხვა რიგ სფეროებში რეფორმების განხორციელებას. ევროკავშირთან ერთად და მისი მხარდაჭერით განხორციელდა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადის და დივერსიფიკაციას უკეთებს საგარეო პოლიტიკას ახალი კავშირების დამყარებითა და გაღრმავებით, რის შედეგადაც მთავრობა ცდილობს განავითაროს ურთიერთობები როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ მოთამაშეებთან და გააგრძელოს ურთიერთობა ტრადიციულ პარტნიორებთან. სომხეთის რესპუბლიკისთვის კი, მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის, უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა და ახალი პარტნიორობის დამყარება თავდაცვის სექტორში. „შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება მოაქვს ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს, მათ შორის, ჩვენს რეგიონს. ამ თვალსაზრისით, ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ამ გამოწვევებისა და საფრთხეების დასაძლევად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ გამოწვევების, არამედ, ახალი შესაძლებლობების წინაშე დგანან. თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტების გამოვლენა, ეკონომიკური კავშირების გაფართოება, რეგიონში რეალური და გრძელვადიანი მშვიდობის შესაძლებლობა გვიხსნის პერსპექტივებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენმა სახელმწიფოებმა და ხალხებმა,“ - განაცხადა ჰარუთუნიანმა. მან გაიხსენა, რომ სომხეთის მთავრობამ წარადგინა პროექტი „მშვიდიბის გზაჯვარედინი“, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, მათ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კავშირების განვითარებას. რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვის მიზნით, პროექტი „მშვიდიბის გზაჯვარედინი“ გულისხმობს გზების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების და ინტერნეტ კაბელების სიმძლავრის მნიშვნელოვან გაზრდას შავ ზღვასა და სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის. „მშვიდიბის გზაჯვარედინის“ კონცეფციის ჩრდილო-სამხრეთი ნაწილი, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების შემთხვევაში გულისხმობს სარკინიგზო კავშირის შექმნას, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილს შეუძლია, დააკავშიროს კასპიის ზღვა სომხეთის ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვისა და თურქეთის შავი ზღვის პორტებთან. „დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ქვეყნები ეძებენ ახალ სატრანსპორტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამხრეთ კავკასია შეიძლება, გახდეს ახალი სატრანზიტო კერა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. დასასრულს, მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს კონფერენცია გახდება ეფექტიანი პლატფორმა ჩვენს ქვეყნებს შორის საექსპერტო მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლისთვის,“ - აჯამებს ჰარუთუნიანი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა გორ წარუკიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მის ხელმძღვანელობით სტრუქტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველ პარტნიორებთან, განსაკუთრებით, საექსპერტო წრეებთან თანამშრომლობას. „ჩვენ დაგვევალა დიდი მისია - მივიყვანოთ დიალოგი ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ექსპერტულ წრეებს შორის იმ პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე, რაც დღეს არსებობს სომხეთსა და საქართველოს შორის. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამას მოწმობს ბოლო წლების აქტიურობა, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, ორმხრივი ვიზიტები და მათი გააქტიურება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ამ თვალსაზრისით სავალდებულოა, ამიტომ ჩვენი სამომავლო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს მას,“ - განაცხადა წარუკიანმა.  

ბორელი: მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს, მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ - გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკრაინის დასახმარებლად “გაბედულ გადაწყვეტილებებს” ელის. „გუშინ რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიტანა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმებით მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს. მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ. დღეს, 22 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მივწერე. უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ. უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მივაწოდოთ, რათა რუსული რაკეტები ჩამოაგდონ, ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვან. უკრაინას “ხმელეთი-ჰაერი” სარაკეტო კომპლექსები სჭირდება. მიწოდებები ცვლილებას შეიტანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის… გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება,” - წერს ბორელი.  

მედია: ნორვეგია უკრაინისთვის F-16-ების გადასაცემად ემზადება

მოიერიშე კოალიციის ფარგლებში ნორვეგია ემზადება უკრაინაში 22 F-16 გამანადგურებლის გადასაყვანად, რომელთაგან 12 უკვე გამოსაყენებელ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ნორვეგიულმა პორტალმა Nettavisen-მა საკუთარი წყაროებიდან შეიტყო. Nettavisen-ის ცნობით, ნორვეგიამ შეერთებული შტატებისგან უკრაინაში 22 ერთეული F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის, ასევე ძრავების, დამხმარე მასალების, ტრენაჟორების, სათადარიგო ნაწილების და სხვა დაკავშირებული აღჭურვილობის გადაცემის ნებართვა მიიღო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს 22 მებრძოლი სრულად ფუნქციონირებს - ზოგიერთი შეიძლება, გამოყენებულ იყოს სათადარიგო ნაწილებისა და სხვა თვითმფრინავების შეკეთებისთვის.  „თვითმფრინავი, რომელიც აშშ-ში, სწავლებისთვის უნდა გამოეყენებინათ, სანაცვლოდ გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად,“ წერს გაზეთი. გამოცემა არ მიუთითებს ვადაზე, თუ როდის მიიღებს უკრაინა ნორვეგიულ F-16-ებს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არ მოხდება მიმდინარე წლის ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტამდე.  

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე, სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო. ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისი. გასულ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.  

აშშ-ში არსებობს Crocus City Hall-ზე მომხდარი თავდასხმის მსგავსი ტერაქტის საშიშროებაზე - FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია ქვეყანაში იმ თავდასხმის მსგავსი კოორდინირებული ტერაქტის განხორციელების შესაძლებლობით, რომელსაც გასულ თვეში მოსკოვთან ახლოს, Crocus City Hall-ის დარბაზში, რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ საუბარია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელ კრისტოფერ რეის გამოსვლის ტექსტში, რომელიც ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წარედგინება. „სამართალდამცავ ორგანოებში მთელი ჩემი მუშაობის განმავლობაში, ჩემთვის რთული გასახსენებელია ისეთი დრო, როდესაც საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ამდენი საფრთხე წარმოშობილიყო," - ამბობს რეი და აღნიშნავს, რომ ახლა სწორედ ასეთი დროა. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. WP: აშშ-მ რუსეთი Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა  

კულება: საკმარისი რაოდენობის Patriot-ები რომ გვქონოდა, ტრიპოლის თბოელექტროსადგურს არ დავკარგავდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინა-სლოვაკეთის სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა. კითხვას, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა: „ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი თემაა - მოგვეცით Patriot-ები. Patriot-ები რომ გვქონოდა, ჩვენ დღეს ამ ყველაფერს არ დავკარგავდით,“ - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით ისაუბრებს უკრაინული მხარე უცხოელ პარტნიორებთან - „საჰაერო თავდაცვის მიწოდების მაქსიმალური დაჩქარება.“ შეგახსენებთ, 11 აპრილს „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა.  

აშშ ისრაელში მყოფ თანამშრომლებს გადაადგილებას უზღუდავს

შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისრაელში მყოფ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს გადაადგილებას უზღუდავს. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიები არ დატოვონ. „სიფრთხილის გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ პირადი მიზნით მოგზაურობა დიდი თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიების გარეთ შემდგომ გაფრთხილებამდე,“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ირანი იმუქრება, რომ პირველ აპრილს დამასკოში, მისი საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ისრაელის მიმართ საპასუხო ზომებს განახორციელებს. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება  

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ორი ხომალდი გადასცა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას სამეფო საზღვაო ძალების ორი ხომალდი გადასცა. Portsmouth News-ის ცნობით, ისინი უკვე ჩავიდნენ პორტსმუთში, სადაც მათი ეკიპაჟები ტრენინგს გაივლიან შავ ზღვაში მისიებისთვის მოსამზადებლად. ისინი პორტსმუთში დარჩებიან, ვიდრე ეკიპაჟის წევრები გადიან ტრენინგს, რათა მოამზადონ ისინი შავ ზღვაში ნაღმების აღმოჩენისთვის. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ქვეყანა იყო პირველი, ვინც დათანხმდა, უკრაინისთვის მიეწოდებინა თანამედროვე Challenger 2-ის ტანკები და შორი მანძილის Storm Shadow რაკეტები 300 კილომეტრის მანძილით. ბრიტანეთი უკრაინას განაღმვის აღჭურვილობის ახალ პარტიას გადასცემს  

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროსადმი მიმართვისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 27 პირი, მათ შორის, 5 კანონიერი ქურდია. „მიმდინარე წლის 11 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის 4 კანონიერი ქურდია, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ჩართეს. აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ „ქურდული სამყაროს“ წევრებმა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს ფულადი თანხა გამოართვეს და მიითვისეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის და აღნიშნული საკითხის განსახილველად ქურდული გარჩევა მოეწყო. რომელშიც დისტანციურად, სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების გამოყენებით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მყოფმა 4 ე.წ. კანონიერმა ქურდმა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქურდული მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენას, აღკვეთასა და დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას,“ წერს შსს.  

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მისმა ადვოკატებმა ოფიციალურად მიმართეს. მათ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - თბილისში, ორბელიანების სასახლეში უკვე დატოვეს. გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა დღეს 12 აპრილს მიუსაჯა.