ძებნის რეზულტატი:
პაველ ჰერჩინსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული
„ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არც ევროპული და არც ამერიკული არ არის. „ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის, ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცის შეზღუდვისა და მათი სტიგმატიზაციის გამართლება. სიტყვის თავსუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს მოიცავს საქართველოსაც, განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ. მესმის, რომ არსებობს შეშფოთებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე მესმის, რომ არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც. ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
გერმანიის ელჩმა დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც არის ევროკავშირში. „გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ, ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის,“ – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა
მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დღემდე მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს - იგი თავმჯდომარეობდა პროკურორი საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას. როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ისევე როგორც ავღანეთის, ფილიპინების და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში. მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის 9 წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქემერონი: არ მოუსმინოთ პუტინის ტყუილს უკრაინის შესახებ
აშშ-ში უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგოდ რუსული პროპაგანდის მუშაობაზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა კომენტარი გააკეთ. კითხვას რუსეთის პროპაგანდის გავლენის რისკის შესახებ რესპუბლიკელებზე, რომლებიც ბლოკავენ უკრაინის დახმარებას წარმომადგენელთა პალატაში, მან განაცხადა: „ნუ მოუსმენთ პუტინის ტყუილს უკრაინაზე. ეს არის თავისუფალი დემოკრატია, რომელსაც სურს, იყოს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე და ჩვენი მეგობარი და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, რადგან მსოფლიო გვიყურებს,“ - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ქემერონმა ასევე მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, უკრაინის დახმარება განიხილოს, როგორც „ინვესტიცია ამერიკის უსაფრთხოებაში“. „თქვენ მიერ დახარჯულის 90 პროცენტი მოხმარდება სამუშაო ადგილების შექმნას აქ, ამერიკაში, და თქვენ შეგიძლიათ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოთ უკრაინის ფეხზე დაყენებასა და პუტინის გამარჯვების თავიდან აცილებაში,” - აღნიშნა ქემერონმა. ორშაბათს რესპუბლიკელების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპთან შეხვედრის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დისკუსიებს კარგი უწოდა, თუმცა დეტალეზე არ ისაუბრა. „ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი (აშშ), არავის სურს, რომ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინი გაიმარჯვებს და უკრაინა წააგებს და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას,“ განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა
Lufthansa-მ ესკალაციის მაღალი საფრთხის გამო, ირანთან ფრენები შეაჩერა
გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის მაღალი რისკის გამო, ირანის დედაქალაქ თეირანში ფრენებს აჩერებს. Lufthansa-მ განაცხადა ოთხშაბათს, რომ შეაჩერებს ფრენებს თეირანის მიმართულებით, სულ მცირე, 10-11 აპრილამდე, რეგიონში ესკალაციის მნიშვნელოვანი რისკის გათვალისწინებით, მას შემდეგ, რაც დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. Lufthansa და მისი შვილობილი Austrian Airlines-ი ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიაა, რომელიც თეირანის მიმართულებით საერთაშორისო ფრენებს ახორციელებს. ფრენების უმეტესობას კომპანიები თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ასრულებენ. Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება
პაველ ჰერჩინსკი: გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზირების საბაბი
„ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ღიად დარჩენილი საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განხილვებს, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა უკეთ გაგება ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და სამწუხაროდ, არსებობს საკითხი, ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ჩვენი აზრით, შეუთავსებელია ევროკავშირს ნორმებსა და ღირებულებებთან, როგორც უკვე გარკვევით ითქვა უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის მიერ,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. „ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება ძალიან ნათელი იყო. ეს განცხადება გავრცელდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენიდან მხოლოდ 24 საათში. სერიოზულად შეშფოთებული ვართ. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზირების საბაბი. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი. მე მესმის შეშფოთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ,“ - აღნიშნა ელჩმა.
ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 აპრილს, ლიეტუვაში, „სამი ზღვის“ სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა. „მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი და ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება უნდა გაფორმდეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „ამჟამად მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მოვახდინოთ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, რათა შევძლოთ რუსული ტერორის დაძლევა,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სამი ზღვის ინიციატივა მოიცავს ევროპის კავშირის წევრ 12 დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებიც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვებს შორის მდებარეობს. მისი მიზანია ახალი ინფრასტუქტურული ინიციატივების წახალისება და ამით ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის კავშირების დაწინაურება, ეკონომიკური ზრდა და ენერგოუსაფრთხოება, რაც თავის მხრივ, ისეთ ავტორიტარული რეჟიმებს შეუქმნის დაბრკოლებას, როგორიცაა, რუსეთი და ჩინეთი. გაერთიანების ძირითადი მიმართულებები, რომელიც ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ეკონომიკის ციფრულ სფეროს მოიცავს, ბუქარესტის 2018 წლის სამიტზე დამტკიცდა. „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრები არიან: ავსტრია ბულგარეთი უნგრეთი ლატვია ლიეტუვა ესტონეთი პოლონეთი რუმინეთი სლოვაკეთი სლოვენია ხორვატია ჩეხეთი ეს ქვეყნები მოიცავს 1,21 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობს (ევროკავშირის ტერიტორიის 29%), სადაც 112 მილიონი ადამიანი (ევროკავშირის მოსახლეობის 25%) ცხოვრობს. ხოლო „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის მთლიანი მშპ-ს 19%-ს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის ანგარიში: სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 3.8%-დან 3.5%-მდე შემცირდება
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება. ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად. ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად - საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად.
ცესკოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში, პრეზიდენტის წარმომადგენელმა წევრობა შეიჩერა
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში გასაუბრება მიმდინარეობს. პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა ლევან შენგელიამ კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში წევრობა შეიჩერა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით, სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორ წარმომადგენელს, ნინო ჩხობაძესა და ზაურ ხალილოვს, რომლებმაც ამ ეტაპზე კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. როგორც შენგელიამ განმარტა ამის მიზეზი ე.წ. აგენტების შესახებ კანონი გახდა, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომისიის სხდომის გადადება მოითხოვეს, რადგან 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იწყებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას, თუმცა მათ დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. „ორმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, განცხადებით მიმართა კომისიას და განაცხადა, შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მუშაობისა, ამ კომისიაში. თქვეს, რომ ისინი შეაჩერებენ თავიანთ მონაწილეობას კომისიაში. თავიანთი გადაწყვეტილება დაუკავშირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს. ესენი არიან ნინო ჩხობაძე და ზაურ ხალილოვი. თხოვნა იყო, რომ ხომ გადაგვედო სხდომა საერთოდ და მერე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ელოდნენ. რადგან ეს გათვალისწინებული არ იქნა, მე როგორც კომისიის წევრი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე, ვაჩერებ ჩემ მონაწილეობას კომისიაში. ეს გვინდა, რომ აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს,“ - განაცხადა ლევან შენგელიამ. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. ცესკოს წევრის სამ ვაკანსიის დასაკავებლად კი, ოთხ კანდიდატურას შეაფასებენ. 20 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებებით, საპარლამენტო უმრავლესობას კვლავ შეუნარჩუნდა ბერკეტი, რომ ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრები, 5-წლიანი სრული ვადით, საბოლოოდ - კვლავ 76 ხმით აირჩიოს. ძალაში დარჩა საარჩევნო კოდექსში მანამდე დამტკიცებული, სადავო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, ნაცვლად პრეზიდენტისა. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ინდოეთმა სომხეთში სამხედრო ატაშე პირველად დანიშნა
ინდოეთი სამხედრო ატაშეებს ათ ახალ ქვეყანაში გზავნის. პირველად სამხედრო წარმომადგენელი სომხეთშიც დაინიშნება. როგორც სომხური მედია ინდურ რესურს PTI-ზე დაყრდნობით წერს, ინდოეთი მთავარ აქცენტს აფრიკის ქვეყნებზე აკეთებს. „ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ პოზიციებზე. მომდევნო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში 10 ახალი სამხედრო ატაშე გაიგზავნება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი იქნება იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებზე.“ - განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ. როგორც სომხური მედია წერს, ინდოეთმა სომხეთთან უკვე შეათანხმა, ამ ქვეყნოსთვის Pinaka-ს ტიპის მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები მოწყობილობების, Akash-ის მოკლე რადიუსის საზენიტო სარაკეტო სისტემისა და რამდენიმე სხვა ინდური წარმოების იარაღის მიწოდება. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა სომხეთში სპეციალურად სამხედრო ატაშე ინიშნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა წყარომ. ინდოეთის ახალი სამხედრო წარმომადგენლები ასევე გაიგზავნებიან ჯიბუტიში, კოტ-დ'ივუარში, მოზამბიკში, პოლონეთში, ტანზანიაში, ფილიპინებსა და ეთიოპიაში.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება. ბრალდებულის დედა თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 10:00 ზე გახდება ცნობილი. „გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 სთ- ზე გამოცხადდება განაჩენი!“,-წერს თამთა კალანდაძე.
პროპაგანდის ადგილი არ არის: რუმინეთმა ორი რუსული ფილმის ჩვენება გააუქმა
რუმინეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული ფილმის ჩვენება მას მერე, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა თითქოს რუსეთის კულტურის ხელშემწყობი ორგანიზაციის ინიციატივა, ეჩვენებინათ ფილმები, რომლებიც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი ადამიანის, საბჭოთა კოსმონავტის იური გაგარინის გაფრენის წლისთავს ეძღვნებოდა. „დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად აშკარა პროპაგანდისტული ფილმებისა, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა, რალუკა ცურკანმა. კრიტიკოსების მიერ ფილმები „გამოწვევა (2023 წელი) და „ღია კოსმოსში გასვლა“ (2027 წელი) რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებებად ითვლება.
ირანის საფრთხის ფონზე, აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელზე ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს ანიჭებს, ირანი ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყამს. გასულ კვირას მსგავსი ინფორმაცია The New York Times-მა ასევე გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო იერიში გარდაუვალია. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება
უკრაინის პარლამენტმა სამხედრო მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. მეორე მოსმენისთვის სახალხო დეპუტატებმა კანონპროექტის დოკუმენტში 4 269 ცვლილება შეიტანეს. უკრაინის პარლამენტის წევრის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმდინარე წლის 7 თებერვალს მობილიზაციის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის შესახებ დებულებებს ითვალისწინებდა, რომელიც მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა კანონპროექტიდან ამოიღო. მობილიზაციის კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა 9 აპრილს დაამტკიცა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მობილიზაცია ყველაზე საკამათო საშინაო საკითხად იქცა. 2023 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა მოითხოვეს 450,000-500,000 ახალი წვევამდელი ჯარისკაცის მობილიზება. მოგვიანებით, სირსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად, ეს რიცხვი "მნიშვნელოვნად შემცირდა."
USAID აშშ-სომხეთის ვაჭრობის განვითარებისთვის დამატებით, $33 მილიონის ინვესტირებას გეგმავს
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკაში თავისი ინვესტიციები გააორმაგა. „ეს მოიცავს ქალთა და ახალგაზრდების ტრენინგს სამუშაო ადგილზე, რათა ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ ახალ ეკონომიკაში,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა. USAID-მა ასევე იმუშავა სომხეთის მთავრობასთან იმ ახალი რეგულაციების მისაღებად, რომლებიც აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს მათი იმპორტისა და ექსპორტის გასაძლიერებლად. პაუერის განმარტებით, აშშ-სა და სომხეთს შორის ვაჭრობის ზრდა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 17%-ს შეადგენს. პაუერმა დასძინა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის, რომ USAID აპირებს დამატებით $33 მილიონის ინვესტირებას ამ მნიშვნელოვანი პროგრესის გასაუმჯობესებლად. „შეერთებული შტატები, USAID და ამერიკელი ხალხი მოწოდებულნი არიან, დაეხმარონ სომხეთს იმის დემონსტირებაში, რომ რომ დემოკრატია ნამდვილად მუშაობს. ფაშინიანმა ევროპის საბჭოს გენმდივანს უმასპინძლა და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება დაუდასტურა ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ომბუდსმენის თქმით, გამჭვირვალობის მიღწევა, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებით შეიძლება
სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზირებასა და ადამიანების ღირსების შელახვაში. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული „ლეგიტიმური მიზნის მიღწევა“ შესაძლებელია, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილების შეტანით. იოსელიანი კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციებს სთავაზობს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განმეორებით ინიცირებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა - წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზირება და ადამიანების ღირსების შელახვაში. სახალხო დამცველის პოზიციით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზით. 1 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს. შესაბამისად, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არცერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას. აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია, ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია. სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია, მარტივად იყოს მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი. ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა, ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოხატავს - განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლიეტუვამ უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემები და გენერატორები გადასცა
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, გენერატორებსა და დასაკეც საწოლებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ე.წ. სამი ზღვის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 10 აპრილს კიევს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი ეწვია. მან უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილეს. „ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის, რომელიც იტანჯება რუსეთის სასტიკი აგრესიით,“ - აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. დღესვე, უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ყოველწლიურად ლატვია უკრაინას მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს. „ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლობელი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.
უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ყოველწლიურად, ლატვია უკრაინას მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს. „ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლობელი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს. უკრაინას უკვე აქვს დადებული ცხრა ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება: დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან და ლატვიასთან. ეს დოკუმენტი 2023 წლის 12 ივლისით დათარიღებული მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის განხორციელებისთვის არის ხელმოწერილი. საერთო ჯამში მას 32 სახელმწიფო შეუერთდა.
ევროკავშირის ელჩი: დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი და არეული სიგნალები მოდის თბილისიდან
„წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ მის გახსნას და ზოგჯერ, როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს, და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა, რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება,“ - ეს კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიებაზე - „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ - განხორციელების მონიტორინგი [სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან]“. მისი შეფასებით, პარადოქსია, როდესაც ევროკავშირის მხრიდან ღია კარის პირობებში თბილისიდან არეული მესიჯები იგზავნება ევროკავშირში. ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მის რიგებში ელის და დრო ფუჭად არ უნდა იქნას გამოყენებული. „ევროპელმა ლიდერებმა კოლექტიურად მიიღეს მამაცი გადაწყვეტილება. პიროვნულად მე ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რადგან მე თავად ვიყავი უთვალავი დისკუსიის მონაწილე, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში არ იყო არავითარი შეთანხმება ჯერ 28, შემდეგ კი 27 წევრ ქვეყანას შორის, რომ გაეხსნათ კარი კიდევ ერთი გაფართოებისთვის. ამ წელს აღვნიშნავთ უკანასკნელი გაფართოებიდან 20 წლისთავს და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო შოკი ევროკავშირისთვის, საკმაო დრო დაგვჭირდა, გადაგვეხარშა 13 ახალი წევრის მიღება, რომლებიც შემოგვიერთდნენ, არ არსებობდა განწყობა ახალი გაფართოებისთვის. და თქვენს კოლეგებს დასავლეთ ბალტიიდან ხმამაღლა და ნათლად შეუძლიათ გითხრან, რამდენად იმედგაცრუებულები იყვნენ, როდესაც წლების განმავლობაში ელოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს მისულიყო წერტილამდე, სადაც ჩვენ ახლა ვართ. საქართველო არის ერთ-ერთი 10 კანდიდატი ქვეყნიდან, ზოგიერთი მათგანი წინ სწრაფად მიიწევს, მოლაპარაკებები უკვე გაიხსნა ზოგიერთ მათგანთან, საქართველოს აქვს ყველა ელემენტი, ყველა ინგრედიენტი, რომ იყოს იმდენად წარმატებული, როგორც ეს ქვეყნები, უფრო მეტად წარმატებულიც კი ვიდრე ეს ქვეყნები არიან. 85-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებისა მხარს უჭერს ამ მიმართულებას. საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში ემხრობა ამ მიმართულებას, და ძალიან დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი არეული სიგნალები მოდის თბილისიდან. წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ კარის გახსნას და ზოგჯერ როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება. რადგან სხვები წინ მიიწევენ და მე გულწრფელად გირჩევდით რომ ეს დრო არ გაგეფლანგათ. და ეს არის ჩემი მესიჯი ყველასთვის, ყოველ ჯერზე როცა შესაძლებლობა მეძლევა ვესაუბრო მედიას ეს არის ჩემი მესიჯი - არ გაფლანგოთ დრო. ჩვენ მხარეს კარი ღიაა და ღია დარჩება, ჩვენ მოთმინებით ვეკიდებით და გვესმის რომ ზოგჯერ ეს რთულია ზოგჯერ არის დაბნეულობა, რომ ზოგჯერ რეფლექსიაა საჭირო და დისკუსია, გქონდეთ ის. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის, კარი ღიაა, გელოდებით გთხოვთ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა,” - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ თარგმანის მიხედვით.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა წესები, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაბლოკონ რუსული თხევადი გაზის იმპორტი
ევროპარლამენტმა 11 აპრილს კენჭი უყარა წესებს, რომლებიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აკრძალონ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი, იტყობინება Reuters. ახალი პოლიტიკა მიზნად ისახავს ლეგალური მარშრუტის შექმნას მთავრობებისთვის, რათა დაბლოკონ რუსული გაზის მიწოდება მათ ქვეყანაში. რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეამცირა მილსადენით გაზის მიწოდება ევროპაში, მაგრამ კონტინენტზე რუსული LNG-ს შემოდინება გრძელდება, ძირითადად ესპანეთის, ბელგიისა და საფრანგეთის პორტების გავლით. ამ ქვეყნებს არ დაუდასტურებიათ, რომ ახალ სამართლებრივ ვარიანტს, უფრო კონკრეტულად კი, დღეს დამტკიცებულ ვარიანტს გამოიყენებენ. ესპანეთის ენერგეტიკის სამინისტროს სპიკერმა განმარტა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის საერთო პოზიციას რუსული LNG-ის აკრძალვის თაობაზე, რადგან თუ ესპანეთი ამას მარტო აკეთებდა, რუსულ ფირმებს უბრალოდ შეეძლოთ საწვავის გაგზავნა ევროკავშირის სხვა პორტებში. ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა აანალიზებს კანონს და მის პირობებს რომლებიც მოიცავს იმას, რომ რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვამ არ შეიძლება, შეაფერხოს გაზის ნაკადები ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ბელგია ახორციელებს რუსული LNG-ის დიდი ნაწილის რეექსპორტს სხვა ქვეყნებში. საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ევროკავშირის ანალიზის თანახმად, რუსული LNG-ს მიწოდება ევროპაში, 2021 წელს დაახლოებით 16 მილიარდი კუბური მეტრიდან, გასულ წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს პოლიტიკა, ვიდრე ის ძალაში შევა. ევროკავშირმა რუსეთის ნავთობისა და ნახშირის საზღვაო გზით იმპორტზე სანქციები დააწესა. სანქციებს ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვანი დამტკიცება სჭირდება. უნგრეთმა პირობა დადო, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას დაბლოკავს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობს.