ძებნის რეზულტატი:
შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია - შოლცის განცხადების მთარგმნელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას "ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა". პრემიერმა ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში „უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება. გერმანიაში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა, მათ პრესკონფერენციაზე განცხადებები თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე გერმანულ ენაზე გააკეთეს. კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი. „ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში,“ - ამბობდა ზაალ ანდრონიკაშვილი, როცა ოლაფ შოლცის სიტყვას თარგმნიდა. თავად გერმანიის კანცლერმა ახსენა კანონპროექტის სრული სახელი (უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ) ახსენა. „საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი "აგენტების" შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა. მისივე განმარტებით, "სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია, გადაამოწმოს." საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სწორედ მსგავსი ბიუროკრატიული ხარვეზების გამო შესაძლოა კანცლერს არ ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმ კანონპროექტის შინაარსზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ
„უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ,“ - შესაბამისი განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ გააკეთა. პაველის თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის. „ანალოგიურს [ინიციატივას] ამუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა,“ - აღნიშნა პაველმა. მისი თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში რუსეთის შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ.
მიღების შემთხვევაში კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს განვითარების ხელშეწყობა - დიდი ბრიტანეთის საელჩო
დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას. „გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია, საქართველოსთან დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდჭერას ყველა იმ საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის,“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრეზიდენტისთვის მოწოდებები არაკორექტულია, იქიდან გამომდინარე, რა სიმძიმის მატარებელია შეწყალება. „იმავეს ვიტყვი ხელისუფლების მუქარაზეც. რაც შეეხება პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც მათ შემოტანილ განცხადებებზე ჩემს პასუხს ელოდებიან, მათ არაფერს ვეუბნები. უნდა დაელოდონ სიას, რომელიც გამოიცემა და იქ ნახავენ, შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე თუ არა. დღეს მე პირდაპირ შეწყალებაზე გადავალ და გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება ამ დილით 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას და არც რაღაც მუქარებს, ასე რომ, ვერავინ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან რაღაც პროცედურები არის. ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე, ჩემს თავთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება. ამის შესახებ რამდენიმე დღეა, ვფიქრობ, მაგრამ სანამ გამამტყუნებელი განაჩენი არ იქნებოდა, ვერაფერს გადავწყვეტდი. მე მინდა, პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის მტკიცებულებები, რომ დანაშაულები ზუსტად ისე მოხდა. მინდა ამ ქვეყანაში ყველას მოვუწოდო, რომ პოლიცია არა მხოლოდ პატივსაცემი და ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, წარსული გაიმეორონ და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია. მინდა, მათ ჩემი უღრმესი პატივისცემა და იმედი გამოვუცხადო, ასევე, რწმენა, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს
პრეზიდენტმა მმართველ პარტიას „რუსული ოცნება“ უწოდა
„ქართული ოცნება“ ანუ რუსული ოცნება - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი „ტვპირველის“ გადაცემის წამყვანის შეკითხვას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი ევროპული გზის გადარჩენას ნიშნავს. „მე ძალიან დიდხანს ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პროროსული არის თუ არ არის - უამრავჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და „ან-ან“ სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ უკრაინას იარაღით დაეხმაროს - ტუსკი
პოლონეთის პრემიერ დოლნალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა ახლა ეძებს საბრძოლო მასალას უკრაინისთვის. ამ საკითხში კი, მთავარი პრობლემა ფული არ არის. „ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას და მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია არ არის ადაპტირებული ამასთან,“ - განაცხადა ტუსკმა. ამავე დროს, მან დასძინა, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ძალა, რათა თავი დაცულად იგრძნოს ევროპის კონტინენტზე. „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და გავლენას ევროპაში და ბრიუსელში ჩვენი პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა ევროპაში,“ - განმარტა ტუსკმა.
შმიგალი: ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დაიწყოს. „გათვლა გვაქვს, რომ ევროკავშირი შეფერხებების გარეშე დაამტკიცებს ჩვენთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს. ვერანაირ ობიექტურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, რომლებსაც ამისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. ჩვენ ყველა ევროპული ქვეყანა აქტიურად გვიჭერს მხარს,“ - განაცხადა შმიგალმა. მან აღნიშნა, რომ კიევს ევროკავშირში სანდო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ და მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით გასავლელად გამოცდილება გაუზიარონ. შმიგალის თქმით, უკრაინამ მთლიანად შეასრულა „სამუშაო დავალება” ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. „ევროკომისიამ დაადასტურა უკრაინის მიერ ყველა მისი პირობის შესრულება. ვაჩვენეთ ჰარმონიული, კოორდინირებული მუშაობა. პრეზიდენტმა დღეს ევროინტეგრაციის ინფრასტრუქტურის შემუშავების წინადადება გააჟღერა. ეს უნდა იყვნენ წარმომადგენლები - მთავრობიდან დაწყებული ადგილობრივი ადმინისტრაციებით დამთავრებული - რომლებიც ევროპულ ფონდებთან იმუშავებენ,” - განაცხადა შმიგალმა.
ზურაბიშვილის „გამარჯვების ფორმულა“: იმ პერიოდში, ვარ როდესაც სიმართლეა სათქმელი
„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, როცა საჭიროა, რომ რაღაცები ითქვას,“ ასე დააანონსა პრეზიდენტმა მისი უმწვავესი და მმართველი გუნდის მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები, რომლებიც „ტვპირველთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. მან ხელისუფლების მიმართ საკუთარი პოზიციების ცვლილებები განმარტა იმით, რომ თავად კი არა, მთავრობა შეიცვალა. „ძალიან დიდი ხანი ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ თვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, ის პროროსული არის თუ არ არის - ბევრჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა. ახლა კი უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და ან ან სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი. დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა,“ განაცხადა პრეზიდენტმა და შეკითვის საპასუხოდ განმარტა, რომ „ანუ, „ქართული ოცნება„ რუსული ოცნებაა.“ პრეზიდენტის თქმით, ის ამ დრომდე მიიჩნევდა, „რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს.“ „მიდის ახალი პრემიერის [ირაკლი კობახიძის] უაზრო ჭიდილი, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოვეთ ფეხბურთელები, რომ მე დამასწროს. რეალურად, ეს არის ის ერთი რეალური ბერკეტი, რაც პრეზიდენტთან რჩება, მაგრამ იქაც უნდა, ვითომ ბავშვური [...]. დღეს ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ დიდი ხანი არ ვამბობდი. რადგან ვთვლიდი, რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანასა და სახელმწიფოში თუნდაც ჩემგან ამაზე საუბარი სწორი არ არის. მაგრამ არ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში და ვარ იმ პერიოდში, როდესაც სიმართლეა სათქმელი. რჩება 6 თვე 26 ოქტომბრამდე, ყველას მობილიზაცია უნდა იყოს. არაფერი აღრევა და ერთმანეთში ათქვეფა არ არის საჭირო, ყველაფერი უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. „როგორც ქვეყანას, არაფერს არ ჩაგვიკეტავენ არჩევნებამდე, მათ შეიძლება, ჩაუკეტონ. ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს რუსეთის გეგმაა ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, და მერე მე დამაბრალებენ, თქვენ დაგაბრალებენ, ყველას დააბრალებენ, გარდა თავიანთი თავისა.“ „ზურაბიშვილის ფორმულა“ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ სურს და არც „ნაციონალური მოძრაობა“, დაინახოს, რომ არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს. „საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, როგორია გამარჯვების ფორმულა. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში დღეს „ქართულ ოცნებას“ არათუ 60% და 80%, როგორც თავად ითვლიან, 25% თუ აქვთ. მათი გამოსვლებისა და მათი კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმის მერე, არც ვიცი, თუ აქვთ 25%. პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ხალხმა, რომელსაც არ უნდა „ოცნება“ და არ უნდა „ნაცები“ დაინახოს, რომ სადღაც არსებობს ისეთი ფორმულა, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს. ანუ არც წარსულში დაბრუნება და არც ახლანდელ პირობებში დარჩენა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს ოპოზიციური გაერთიანება ვერ იარსებებს, რადგან პარტიები სხვადასხვა საკითხზე ვერ თანხმდებიან, თუმცა ევროპასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა თანხმდება. „მე აგიხსნით, როგორია ჩემი ფორმულა. მე არ მჯერა გაერთიანებების, იმიტომ რომ გავლილი მაქვს. დღეს ასეთი გაერთიანება ვერ იქნება, რადგან არ არის შეთანხმება სხვადასხვა საკითხზე, გარდა ერთისა - ევროპის გზაზე. ჩვენ [ევროკავშირს] უნდა შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ. ვთქვი, რომ ევროპელები არჩევნებამდე დაგველოდებიან. როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა, ოღონდ 10 წელიწადში კი არა 3-6 თვეში რა უნდა გაკეთდეს, რომ ესენი მოვიშოროთ. რა უნდა გაკეთდეს კორუფციაზე, რომ გამოვიდეთ ჭაობიდან. როგორ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები. უნდა დავდოთ პირობა, რომ 1 წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარდება. ეს ვერ იქნება მთლიანად თავისუფალი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი ევროპაზე, სადაც მე კი ვირჩევ ჩემი გემოვნებს მიხედვით ერთ თუ მეორე პოლუსს, მაგრამ რეალურად მე და პარტიებს არ ექნებათ საშუალება, რომ თავიანთი იდეოლოგია, ხედვა და პროგრამა ჩამოაყალიბონ. 1 სამოქმედო გეგმა, რამდენიმე პარტია, რომელიც ერთმანეთში არ იქნება აზელილი, მაგრამ ერთი ძალიან სერიოზული პირობა საზოგადოების წინაშე, რომ ქოლგას, რომელიც მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს, რომ შეგიყვანთ ამ მოლაპარაკებების გზით იმ პროცესში, რომელსაც ჰქვია გაწევრიანება,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მანვე განმარტა, რომ დღეს სხვადასხვა ამბიციის დრო არ არის. „სხვა გზა არ არსებობს. სხვადასხვა ამბიციის დრო არ არსებობს. უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, რაზე ვთანხმდებით.“ ზურაბიშვილის თქმით, 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები რეალურად უნდა იყოს რეფერენდუმი ევროპაზე. პრეზიდენტის განმარტებით, კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას და იქედან გამომდინარე, რომ ერთპარტიული სისტემაა, ერთი ოლიგარქი არსებობს ქვეყანაში.“ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობა ასევე ნიშნავს დეპოლარიზაციას. კითხვას თუ ვის მისცემს ხმას, პრეზიდენტი პასუხობს: „მე ჩემს ხმას მივცემ ამ ქოლგას, ეს არის მთავარი, და მე ვიქნები ამის გარანტია ხალხის წინაშე, ჩემი როლი ეს არის, რადგან ვიღაც უნდა იყოს ამ მიზნის ირგვლივ, ვინც პარტიებს ერთად შეკრებს, რომ შეასრულონ მთავარი დაპირებები და შევიდეთ ევროპაში. სანამ არ გავხსნით მოლაპარაკებებს და არ დაინიშნება ნამდვილი არჩევნები და არ გაიხსნება მოლაპარაკებები, მე სადღაც ვიქნები. ან ვიქნები თუნდაც არაფორმალური - ევროპელებთან.“ კითხვას, მზად არიან თუა არა ოპოზიციური პარტიები, ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები ასეთი შეთანხმებისთვის მზად იქნებიან, რადგან მისი თქმით, „სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს.” შოლცი-კობახიძის პრესკონფერენცია პრეზიდენტმა გაიზიარა გერმანიის კანცლერის პოზიცია, რომელმაც დღეს, პრემიერ კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერლინში განაცხადა, რომ საქართველოს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი არ არის ევროკავშირში ინიცირებულის მსგავსი. ზურაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ პრემიერ-მინისტრმა დაარღვია დიპლომატიური წესი, როდესაც გერმანიის კანცლერთან ერთად პრესკონფერენციისას გერმანულ ენაზე ისაუბრა. „მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გერმანიის კანცლერმა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ლიდერებიდან, თქვა, რომ არ შეიძლება ამის დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი. არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია, ეს არის საწყისი იმისა, რასაც გაგვიმეორებენ არაერთხელ ამ პერიოდში. ამიტომაა ეს კანონი საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მხოლოდ ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ, კორიანტელს გადაწყვეტილებების, რომლებიც ყველა არის ერთი რგოლი იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისათვის, რომ ჩაიშალოს ევროპული კანდიდატურა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. უარი ლიეტუვაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ ითხოვა ნებართვა ვიზიტე. „მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა, მთავრობისგან უარი მივიღე და საქართველო ვილნიუსის სამიტიდან ამოიღეს - ეს ნიშნავს, რომ ევროპასთან დაახლოება არ გვინდა. ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი ფორმატი, 3 ზღვის ინიციატივა, სადაც ბალტიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა შედის. მე, რაც პრეზიდენტი ვარ ვიცი და ვიცოდი, რომ ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუ სხვა ფორმით არა, როგორც დამკვირვებლები ისე. ამჯერად ლიეტუვიდან მოვიდა მოწვევა, რომ სამიტზე მონაწილეობა მიმეღო. თვითონ თქვეს, რომ ჩვენ მთავრობას წინასწარ მოვთელავთო და გავარკვევთო. ამ მოთელვაში აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არც ვიზიტის წინააღმდეგი იყო და არც ჩემს ნაცვლად ვინმე სხვის წარდგენის ინიციატივა არ წამოსულა. მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა. იქ სადაც სიახლეა საგარეო პოლიტიკაში და რომელზეც მთელი მთავრობა უნდა შეთანხმდეს, იქ ნებართვა საჭიროა. მე ის მოვითხოვე, ნებართვაზე უარი მივიღე და ამის გამო სამიტიდან საქართველო ამოიღეს. დავრჩით იქ სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპასთან დაახლოება.“ „ვეტინგი“ პრეზიდენტის განმარტებით, გამჭვირვალობა დემოკრატიიის ნაწილია: „კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე.“ „კეთილი ინებე და იქ კი ნუ ეუბნები შოლცს, რომ „მე მინდა გამჭვირვალობა თქვენ ფულზე, უთხარი, რომ გამჭვირვალობა გვინდა ჩვენს მოსამართლეებზე, ჩვენს ყოფილ პრემიერზე თუ მომავალ პრემიერზე, ცესკოს თავმჯდომარეზე, რომელიც ახლა ინიშნება და თურმე კაპიტალს აგროვებს.“ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო
ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს
რამდენად გარდაუვალი იქნებოდა ირანის თავდასხმა ისრაელზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა აქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან.” კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, პრეზიდენტმა უპასუხა: „ნუ გააკეთებ ამას.“ მან დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს. „ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მ გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას. რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს
ბორის ჯონსონი: თუ უკრაინა დაეცა, ეს იქნება კატასტროფული გარდატეხა ისტორიაში
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მისცენ უკრაინას საჭირო იარაღი, რადგან თუ უკრაინა დაეცა, ეს იქნება "კატასტროფული გარდატეხა ისტორიაში" და "დასავლეთის სრული დამცირება." „თუ უკრაინაში ომი კატასტროფულად დამთავრდება, ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იქნება - დასავლეთის შემაძრწუნებელი, დამაბნეველი მოძრაობების გამო. ყოველი თვე, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის თვე, როდესაც უფრო მეტი უკრაინელი ბავშვი იბომბება და იღუპება. და მაინც გამოსავალი ჩვენს ხელთ არის, ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შეგვიძლია, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ,“ აღნიშნავს ჯონსონი. მისი თქმით, დროა დასავლეთმა, მათ შორის ბრიტანეთმა, აღადგინოს რეიგანისა და ტეტჩერის სული და ინვესტირება მოახდინოს ჩვენი თავისუფლებების დაცვაში.“
იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი გარდაიცვალა
იტალიური მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერი პარასკევს, საკუთარ სახლში, მრავალთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ფლორენციაში გარდაიცვალა, იტყობინება იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA. კავალიმ თავისი კომპანია 1970-იან წლებში შექმნა. მისი მომხმარებლები იყვნენ ვარსკვლავები - ბრიჯიტ ბარდო, სოფი ლორენი, კიმ კარდაშიანი და ჯენიფერ ლოპესი. კავალიმ თავისი პირველი პატარა მაღაზია Limbo საფრანგეთის ქალაქ სენ-ტროპეში 1972 წელს გახსნა. მოდის ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა ინოვაციური, ცხოველის ტყავის პრინტებითა და ტყავისა და ჯინსის მასალის გამოყენებით. როდესაც ჰკითხეს, რამ შთააგონა, გამოეყენებინა ცხოველის პრინტები თავის დიზაინში, კავალიმ Vogue-ს 2011 წელს ინტერვიუში განუცხადა: „მე მომწონს ყველაფერი, რაც ბუნებაშია.“ რობერტო კავალის ქნება 400 მილიონ ფუნტს შეადგენს.
მეთიუ მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით
აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები გასული წლის აპრილში დაუწესა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, კი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვეს. გამოიღო თუ არა შედეგი ვაშინგტონის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა? როგორ აფასებს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას და არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში სანქცირებულ მოსამართლეთა წრის გაფართოება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. ამერიკის ხმა : როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში? მეთიუ მილერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო. [ჩვენ მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამერიკის ხმა: როგორ აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს? მეთიუ მილერი: მართლმსაჯულების სექტორი [საქართველოში] კვლავ საჭიროებს რეფორმას, ხოლო სასამართლოს სასამართლოს ეფექტიანი რეფორმა არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამოქმედოდ [საქართველოს] გაწევრიანების მისწრაფების დასაწინაურებლად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამერიკის ხმა: განიხილავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებული მოსამართლეების სიის გაფართოებას ან საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმას? მეთიუ მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ განიხილავს 7031(C) პუნქტით მოსალოდნელ ან სამომავლო შეზღუდვებს. 7031(C) პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ ან კერძო საუბარში, უნდა გამოაცხადოს უცხოელი ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდვების დაწესება, რომლებზეც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ისინი მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ჩართულნი. დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყნებებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით. ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს და მოითხოვს მათ მიმართ სანქციების მოხსნას. რა პოზიცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით? მეთიუ მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას გლობალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს. ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა
სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტი. მან პრეზიდენტის ქმედებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. „ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ამ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციელს და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა სასწაულებრივად ჩვენი გმირი პოლიციელი. ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილი და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. ამ ქალმა როგორ უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ! ის არის თანამონაწილე, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში ის აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა, სამარცხვინო და დანაშაულია!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
BBC-ს ცნობით, სიდნეის სავაჭრო ცენტში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი, 9 თვის ბავშვია. 40 წლის თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა სავაჭრო ცენტრის თავდასხმას "უკიდურესად თავზარდამცემი" უწოდა.
ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - მედია
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მათ ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს. The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთან“ არის დაკავშირებული. კომპანია არის „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს. The Associated Press-მა ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მიერ გემის დაკავების ვიდეოც გაავრცელა. ამავდროულად, სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრმა (UKMTO) დამატებითი დეტალების გარეშე განაცხადა, რომ გემი "რეგიონულმა ხელისუფლებამ დააკავა" ომანის ყურეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების საპორტო ქალაქ ფუჯაირასთან დააკავა. შეგახსენებთ, ისრაელში აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაშია და ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის. ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს
ესტონეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას მოითხოვენ
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორი ლიენემეცმა განაცხადა, რომ აპირებს ადგილობრივ პარლამენტს, რიიგიკოგუს, შესთავაზოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ETV-ის ეთერში განაცხადა. „თუ პარალელს გავავლებთ, ისლამური ტერორისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი წმინდა ომს აწარმოებენ დასავლური სამყაროს, დასავლური სამყაროს ღირებულებების წინააღმდეგ, მაშინ დღეს მოსკოვში მოქმედი პატრიარქი და საპატრიარქო არაფრით განსხვავდებიან ისლამური ტერორისტებისგან," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს მართავს ვლადიმირ პუტინი, რომელსაც მინისტრმა "მსოფლიოში ტერორისტული საქმიანობის ლიდერი" უწოდა. ლიენემეცის თქმით, ეს უნდა დაეხმაროს ქვეყნის მართლმადიდებლებს, გამოეყონ და გამოვიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან. მანამდე სამინისტრომ მოითხოვა ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "პატრიარქ კირილის დაქვემდებარებიდან გასვლა." ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ადრე აღნიშნა, რომ ეკლესია პირდაპირ არ ექვემდებარება რმე-ს. ვლადიმირ ლეგოიდამ, მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, რმე-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ წინადადების პასუხად განაცხადა, რომ ასეთი განზრახვა ესტონეთს "რელიგიური ომების, წმინდა ბართლომეს ღამისა და კუდიანებზე ნადირობის ბნელ დროში აბრუნებს." ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მრევლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდია. მიმდინარე წლის იანვარში ესტონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მისი წინამძღოლისთვის, მიტროპოლიტ ევგენისთვის (ვალერი რეშეტნიკოვი) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე. მიტროპოლიტი სახელმწიფოსთვის საფრთხედ აღიარეს.
ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს. მედიის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაღუპულის ოჯახის წევრები „ტვპირველთან“ ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მათი განცხადებით, დაღუპულს სხეულზე ძალადობის კვალი ჰქონდა და სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული.
„ალტ-ინფოს“ ლიდერები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მათ პარტია აჩუქეს
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ გამართული აქციის დროს განაცხადა, რომ „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ თანამებრძოლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია „კონსერვატორული მოძრაობისთვის“ ეჩუქებინა. საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილი იყო სანაპიროზე მიმავალი საავტომობილო გზა. იმავე სივრცეში ასობით პოლიციელი მუშაობდა, მათი ნაწილი იცავდა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტთა უსაფრთხოებას. აქციაზე პარტიის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა დაწვეს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები. პარტია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია. პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ პრო-რუსული ალტ-ინფოს „კონსერვატიული მოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სწორედ „ქართული იდეის“ პარტიით გეგმავს. ლევან ჩაჩუა თავმჯდომარეა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. „ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. უღრმესი მადლობა მათ ქმედებისთვის. ამ პარტიას წინა არჩევნებზე მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ რეგისტრაციაც გავლილია, არაფერიც არ იქნება," - განაცხადა მახარაძემ. ბრეგაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას სასწრაფოდ მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. „გერმანია დაუყოვნებლივ გადასცემს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას რუსული ავიაციის მოსაგერიებლად. ეს დაემატება უკვე მიწოდებულ და აწი გადასაცემად დაგეგმილ სისტემებს," - ნათქვამია პოსტში. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების გაზრდის გამო, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ რუსული ტერორი ჰაერიდან გრძელდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ინფრასტრუქტურის არსებობას, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. „გმადლობთ, ოლაფ, თქვენი ხელმძღვანელობისთვის. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება კრიტიკულ მომენტში,“ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.