ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.“ „ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე - განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ორბანი: ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
NYT: აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის შორი რადიუსის 100-ზე მეტი რაკეტა გაუგზავნა
გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა ფარულად უკრაინაში, ATACMS-ის 100-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გაგზავნა, რომელთაგან ზოგიერთი მაშინვე განლაგდა და კიევმა უკვე გამოიყენა ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოიში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე დასარტყმელად, იტყობინება New York Times (NYT) 25 აპრილს. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 18 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა თავდასხმისას გაანადგურეს ოთხი S-400-ის გამშვები, სამი სარადარო სადგური, საჰაერო თავდაცვის ოპერაციების სამეთაურო პუნქტი და საჰაერო სივრცის სათვალთვალო აღჭურვილობა Fundament-M. „ამ დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინას შეუძლია ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება, როდესაც მას სწორი ინსტრუმენტები მიეცემა,” - განაცხადა მისისიპის რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა. „მოსალოდნელია, რომ მეტი ამერიკული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 61 მილიარდი დოლარია (49 მილიონი ფუნტი),“ წერს BBC. პენტაგონმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ გუშინვე განაცხადა. აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა რას შეცვლის ATACMS-ის რაკეტები უკრაინისთვის ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას თითქმის 600 მილიონი ევროთი გაზრდის
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 590 მილიონი ევროთი გაზრდის. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ 25 აპრილს განაცხადა. დანიის პოლიტიკური პარტიები და მთავრობა შეთანხმდნენ უკრაინის ფონდის გაზრდაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესი ნაწილი უკვე გამოყენებულია, ხოლო „ამ წელს უკრაინის შემდგომი მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერაა საჭირო.“ „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ არსებულ კრიტიკულ ვითარებაში,“ - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა. დამატებითი თანხები ძირითადად გამოყენებული იქნება უკრაინის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერისთვის იარაღის, სხვა სამხედრო აღჭურვილობისა და სასწავლო პროგრამების სახით. საუბარია მწარმოებლებისგან იარაღის შეკვეთაზე და სხვა ქვეყნების ინიციატივების დაფინანსებაზე. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიიდან პირდაპირი შესყიდვების შესაძლებლობა გათვალისწინებულია "აუცილებელი კონტროლის მექანიზმების არსებობის გათვალისწინებით." შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში დანიამ უკრაინისთვის თითქმის 300 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
დარჩიაშვილი: ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება, საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. „სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ყაზახეთმა შუა დერეფნის ფარგლებში, კასპიის ზღვით სატვირთო გადაზიდვები განაახლა
ყაზახეთმა სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება განაახლა კასპიის ზღვის გავლით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) ფარგლებში, იუწყება Trend. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს, კულსარი-აქტაუს გზატკეცილზე მოძრაობის აღდგენის შემდეგ, 840 სატვირთო მანქანის გადაზიდვა TITR-ის გასწვრივ კურიკის პორტის საბორნე კომპლექსით იყო უზრუნველყოფილი. ყაზახეთის დასავლეთ რეგიონებში ადგილობრივი წყალდიდობის გამო, მანამდე საერთაშორისო მაგისტრალებზე დროებითი სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა. 14 აპრილს, სიტუაციის სტაბილიზაციის გამო, შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი კურიკის პორტისკენ დაიძრა. როგორც სამინისტრომ აღნიშნა, პორტისა და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვის კომპანიის (ASCO) კარგად კოორდინირებული ერთობლივი მუშაობის წყალობით, დროული ორგანიზაციული ღონისძიებები იყო მიღებული ნავსადგურში გადატვირთულობისა და შეფერხების თავიდან ასაცილებლად. 25 აპრილის 7:00 საათისთვის (GMT+5) კურიკის პორტში 78 სატვირთო მანქანა ელოდება ალათის პორტში (ბაქო) გაგზავნას. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.
კალაძე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას "სამარცხვინო მაკულატურას" უწოდებს
„დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეზოლუციით „ლობიზმში ჩართული დეპუტატები“ შეურაცხყოფას აყენებენ, არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ, თავად ევროპულ ინსტიტუტებს. „დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო,“ - განაცხადა კახა კალაძემ. „რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განმარტებით, საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) - კიდევ 18 თვით.
მიხაილ როთი „ევროპული ღირებულებების დამცველ“ ქართველ ახალგაზრდებს მადლობას უხდის
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ქართველი ახალგარდებისადმი სამადლობელი პოსტი. „არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში. ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!”, - წერს როთი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
ზელენსკი: უკრაინა იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ-სთან თანამშრომლობის გააგრძელებს
უკრაინა იმედოვნებს, რომ გააგრძელებს მუშაობას ვაშინგტონთან, მიუხედავად ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ამ წლის ბოლოს გაიმართება, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ომის დასრულება 24 საათში შეიძლება, მაგრამ არ განუმარტავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას. მან ასევე განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში უკრაინას თავდაცვითი დახმარების გაწევის ვალდებულებას არ მიიღებს. The Washington Post-ი 7 აპრილს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპმა პირადად განაცხადა, რომ მას შეუძლია, დაასრულოს რუსეთთან ომი, უკრაინაზე ზეწოლით, რომ მან ყირიმი და დონბასი მოსკოვს დაუთმოს. ეს ცნობა მოგვიანებით, ტრამპის კამპანიამ უარყო. კითხვას, შეეძლო თუ არა უკრაინას ტრამპთან მუშაობა, თუ მას აირჩევენ, ზელენსკიმ უპასუხა: ”იმედი მაქვს, რომ ის არ იქნება უკრაინის წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული შეხედულებები ზოგიერთ საკითხზე, მათ შორის, ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალზე. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები და საერთო ღირებულებები, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმუშაოთ (ტრამპთან). არჩევნები დაფუძნებული იქნება ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებაზე და უკრაინა „იმუშავებს ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ისინი აირჩევენ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-სთან ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მსოფლიო ლიდერი.“ ზელენსკიმ არაერთხელ მიიწვია ტრამპი უკრაინაში, როგორც საჯაროდ, ისე არასაჯაროდ, რათა საკუთარი თვალით ენახა ქვეყანაში არსებული ვითარება. ზელენსკის თქმით, ტრამპმა ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია დღესაც გაიმართა. დღევანდელ აქციაზე მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ბოლოს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ, სადაც რუსთაველია გამზირი ხელმეორედ გადაკეტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს და განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდნენ. საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს. აქციას პარლამენტთან 26 აპრილსაც, კვლავ 19:00 საათზე გამართავენ. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
სტოლტენბერგი: უკრაინისთვის დიდი დახმარება გზაშია
უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება. „ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა [უკრაინის წინაშე], ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ, და სწრაფად გავაკეთოთ ეს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში NATO-ს წევრებმა არ გასწიეს ის მხარდაჭერა, რომელსაც დაპირდნენ” კიევს, თუმცა უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან დიდი დახმარება უკვე გზაშია.“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა, კერძოდ კი, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დახმარების ახალი პაკეტები დააანონსეს. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
გერმანიის საგარეო უწყება: მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს საქართველოს გზა ევროპული მომავლისკენ
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. უწყების შეფასებით, საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ. „ათასობით ადამიანი საქართველოში, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ," - წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
სლოვაკეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რასაც პროტესტი მოჰყვა
სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა წინადადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი ახალი სტრუქტურით ჩანაცვლებას გულისხმობს. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კულტურის სამინისტროს წინადადება არსებული რადიოსა და ტელევიზიის (RTVS) გაუქმების შესახებ. მას ახალი სტრუქტურა - სლოვაკეთის ტელევიზია და რადიო (STVR) ჩაანაცვლებს. საბჭო წევრებს მინისტრები და პრემიერ რობერტ ფიცოს მიერ კონტროლირებადი პარლამენტი დანიშნავენ. „ჩვენ ვაბრუნებთ სახელს - „Slovak“ ("სლოვაკების" და არა "სლოვაკეთის" საზოგადოებრივი მაუწყებელი, რედ.), რაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალსახად ეროვნული და სახელმწიფოს მაფორმირებელი ბუნების გამოხატულებაა,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა მარტინა სმიკოვცოვამ. თავად ყოფილმა ტელეჟურნალისტმა განმარტა, რომ RTVS-ს ბრალი ედებოდა „პოლიტიკურ აქტივიზმში“ და რომ ცვლილებები ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების გაშუქების ობიექტურობიდან გამომდინარე. როგორც BBC წერს, მთავრობის გეგმებმა ათასობით სლოვაკის, ასევე, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტები შავებში გამოეწყვნენ. გასულ თვეში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა წინადადების ავტორები, სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „სახელმწიფო კონტროლირებად მედიად“ გადაქცევის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა პავოლ სალაიმ განაცხადა, რომ ფიცომ გადაწყვიტა, ომი გამოუცხადოს დამოუკიდებელ მედიას. როგორც მისი მისაბაძი მაგალითი, უნგრელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო კრიტიკულ კერძო მედიას, მტრულად განწყობილს უწოდებს. „ასე რომ მას აქვს დამატებითი საბაბი მედიის პოლიტიკური კონტროლისთვის,“ ციტირებს Guardian-ი მის სიტყვებს. ცვლილებები პარლამენტს წარედგინება, სადაც რობერტ ფიცოს მთავრობას უმრავლესობა აქვს. ცვლილებები სავარაუდოდ, ივნისში შევა ძალაში. სლოვაკეთის პრემიერი პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. მისმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა
აშშ უკრაინისთვის $6 მილიარდის ღირებულების იარაღის მიწოდების კონტრაქტებს ამზადებს - მედია
Politico-ს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს. კერძოდ, აშშ ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად. პაკეტი, რომელიც შეიძლება, პარასკევს გამოცხადდეს, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია. გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო იარაღს და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო შეხვედრაზე, დღეს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
„კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია“ - ვედანტ პატელი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია.“ „ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გამოცდილება. ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რაზედაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს
შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ, ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ზომები დრონებით ვაჭრობასა და მათ წარმოებას შეეხება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდა 16 კომპანია, 8 ფიზიკური პირი, ხუთი ხომალდი და ერთი თვითმფრინავი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონების წარმოებაში მონაწილეობისთვის სანქცირებულია ოთხი კომპანია და ორი ფიზიკური პირი. გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი აკრძალვა იმ კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც, შეიძლება, დრონების შესაქმნელად იყოს გამოყენებული. კანადის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციით, ორ ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესდა. 14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, შეტევისას 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს, თუმცა ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა მათი 99%-ის ჩამოგდება მოახერხეს. ისრაელის ტერიტორიას მხოლოდ რამდენიმე რაკეტამ მიაღწია ავიაბაზას დაარტყა და ინფრასტრუქტურის მცირე დაზიანება გამოიწვია.
ბრიტანეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყაზახეთის გეგმების განხორციელებაში, ააშენოს ბირთვული ელექტროსადგურები - ქემერონი
24 აპრილს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. ყაზახეთში ბრიტანეთის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს ქემერონი შეხვდა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს მურატ ნურტლეუს, რომელთანაც ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის, ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ. საელჩოს განცხადებით, ეს დოკუმენტი „სამართლებრივი საფუძველი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის კიდევ უფრო ფართო სფეროებში, მათ შორის, განათლების, კრიტიკული წიაღისეულის, კლიმატის ცვლილების, ფინანსებისა და ბიზნეს გარემოს, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციების მიმართულებით. ვიზიტის დროს, დევიდ ქემერონმა გამოაცხადა 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადაცემის შესახებ, რომელიც ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური განვითარების პროექტებს მოხმარდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში - მათ შორის ეს არის ეკონომიკური რეფორმებისთვის ჩადებული ინვესტიცია. ეს მოიცავს კლიმატის რეგიონული პროგრამას, რომლის ღირებულებააც £19,5 მილიონია. ბრიტანულმა კომპანია Carpark Transformer-მა ასევე ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსპორტის დეპარტამენტთან, რათა ააშენოს თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საავტომობილო სერვისები ელექტრო მანქანების დამტენი სადგურებით. ყაზახეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს ვიზიტის ფარგლებში ქემერონი ასევე შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. თოყაევის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიენტმა აღნიშნა ქემერონის ყაზახეთში ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს დამატებითი იმპულსია. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დინამიკურ განვითარებას დიდ ბრიტანეთთან, ჩვენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან. განსაკუთრებით, მინდა, აღვნიშნო სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ დღეს გაფორმებული შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტი ხარისხობრივად ახალ საფუძველს ჩაუყრის ჩვენი მრავალმხრივი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებას,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ქემერონმა მადლობა გადაუხადა თოყაევს და გაიხსენა მისი პირველი ვიზიტი ყაზახეთში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში. „11 წლის წინ ვიმყოფებოდი აქ სტრატეგიული დიალოგის დასაწყებად. დღეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთქმედება ენერგეტიკის, განათლების, ბიზნესის, კულტურის სფეროებში, ასევე, გავაძლიეროთ ინტერპერსონალური კავშირები,“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. „თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე,“ განმარტა თოყაევის პრესსამსახურმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობის დასამყარებლად. ასტანის მიერ რუსეთთან და ჩინეთთან მუდმივი კავშირებისა და თანამშრომლობის შენარჩუნების ფონზე, ქემერონმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთს ასევე აქვს „არჩევანი, ჰქონდეს უფრო ღრმა პარტნიორობა ბრიტანეთთან.“ ქემერონის თქმით, თოყაევთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ყაზახეთის მთავრობის ამჟამინდელი ძალისხმევა საზღვარგარეთ დაცული უკანონოდ მოპოვებული აქტივების ყაზახეთში დაბრუნების თაობაზე. მან ამ ძალისხმევას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისი თქმით, ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შემოიღო ე.წ. „დაუდგენელი სიმდიდრის ორდერი“. მისი საშუალებით, შესაძლებელია, დადგინდეს, საიდან არის ვინმეს სიმდიდრე და თუ ის მოპარულია, „ჩვენ შეგვილია, მისი ჩამორთმევა და დაბრუნება,“ აღნიშნა ბრიტანელმა დიპლომატმა. ბრიტანეთმა ეს "ორდერი" 2017 წელს შემოიღო. „მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს მშვენიერი პარტნიორობა განათლების, ბიზნესის, ეკონომიკის, ვაჭრობის, პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში. მე ამ ზრდას ვაკვირდები მას მერე, რაც პირველად ჩამოვედი აქ, 13 წლის წინ. არსი იმაშია, რომ ჩვენ ნებაყოფლობითი პარტნიორი ვართ, ესაა არჩევანი, რომელიც შეგიძლიათ, გააკეთოთ, თუ გსურთ გააკეთოთ არჩევანი,“ - აღნიშნა ქემერონმა. ცნობისთვის, ბრიტანელი დიპლომატი ამ რანგში პირველი ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ყირგიზეთში. მან განაცხადა, რომ ის ცდილობს, ხაზი გაუსვას ბრიტანეთისა და ყირგიზეთის საერთო ინტერესებს ცენტრალური აზიის ქვეყანაში. ქემერონმა რადიო თავისუფლებას 22 აპრილს ინტერვიუში განუცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას დღის წესრიგში აქვს საერთო ინტერესების "მთელი სერია", განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების, ვაჭრობის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. სადირ ჯაფაროვთან შეხვედრაზე ქემერონმა ისაუბრა „ჯანსაღ და მოქმედი დემოკრატიის მნიშვნელობაზე„ და რომ ეს არის როგორც ბრიტანეთის, ისე, ყირგიზეთის ინტერესებში. მანვე აღნიშნა, რომ სამყარო გახდა უფრო კონკურენტუნარიანი და სადავო ადგილი, სადაც დიდი ურთიერთშეჯიბრია. კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე, მან აღნიშნა რომ მისი გზავნილი ყირგიზეთისთვის შემდეგია: მას არ სურს, ქვეყანამ აირჩიოს ერთი პარტნიორი მეორეს გამორიცხვით ან უარყოს პარტნიორები, რომლებიც უკვე ჰყავს. „ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ახალი პარტნიორი, რომელსაც სურს, ითანამშრომლოს თქვენთან საერთო ინტერესებით, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ წარმატებას“, განაცხადა ქემერონმა.
საქსტატი: 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და მან 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, (წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1%-ით ნაკლებია) საიდანაც 48% კაცია, ხოლო 52% ქალი. სტატისტიკის თანახმად, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს შეადგენს. „2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 1.1 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს. 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის, კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი. ამასთან, 2024 წლის პირველ იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელს შეადგენს.
სტოლტენბერგი: შეცდომა დავუშვით, როდესაც დამოკიდებული გავხდით რუსულ ნავთობსა და გაზზე - ეს შეცდომა ჩინეთთან არ უნდა გავიმეოროთ
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულება, როგორც ეს ადრე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემთხვევაში იყო. სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუკი სურს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კრიტიკულად სჭირდება მხარდაჭერა ჩინეთისგან, რომელიც მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მაღალტექნოლოგიური საქონლის, განსაკუთრებით, ნახევარგამტარების მიწოდებით ამარაგებს. „წარსულში ჩვენ დავუშვით შეცდომა, გავხდით რა დამოკიდებულები რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ალიანსის გენმდივნის თქმით, „რუსეთმა შარშან მიკროელექტრონული საშუალებების 90%-ის იმპორტი ჩინეთიდან განახორციელა, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების დასამზადებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთს სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე.“ მისი თქმით, ჩინეთმა განაცხადა, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან, თუმცა, შეუძლებელია, „ასაზრდოო რუსეთის ომი და კარგი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან.“
„ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ პარტნიორები და არა კონკურენტები“ - სი ძინპინი ბლინკენს მასპინძლობს
სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენი მეორედ სტუმრობს ჩინეთს. ენტონი ბლინკენი ჩინეთში 24 აპრილს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდა. მანამდე ის ჩინელ კოლეგას ვან ისთან გამართ მოლაპარაკება. „დღეს მქონდა სიღრმისეული და არსებითი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ ის სფეროები, სადაც განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ამასთან, ვისაუბრეთ საერთო ინტერესის სფეროებზე - როგორიცაა, ნარკოტიკების საწინააღმდეგო ქმედებები - სადაც ჩვენ შეგვიძლია, დავამყაროთ პროგრესი, რათა მივიღოთ სარგებელი ორივე ჩვენი ხალხისთვის,“ დაწერა ბლინკენმა X-ზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ ჩინეთი და აშშ დგანან სტაბილურობასა და „დაღმავალ სპირალს“ შორის არჩევანის წინაშე. „ნეგატიური ფაქტორები ურთიერთობაში კვლავ იზრდება და ურთიერთობა შეფერხებების წინაშე დგება. ჩინეთის ლეგიტიმური განვითარების უფლებები დაუსაბუთებლად იქნა ჩახშობილი და ჩვენი ძირითადი ინტერესები გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტაბილურობით წინსვლისთვის სწორი მიმართულება უნდა დაიცვან, თუ დაღმავალ სპირალს დაუბრუნდნენ? ეს არის მთავარი კითხვა ჩვენი ორი ქვეყნის წინაშე, რომელიც ამოწმებს ჩვენს გულწრფელობას და შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ვან იმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დასაწყისში და შეერთებული შტატები გააფრთხილა, არ გადააბიჯოს ჩინეთის წითელ ხაზებს ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესებთან დაკავშირებით. „ჩვენ უნდა წარვმართოთ საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ საკითხებზე და მივაღწიოთ გამარჯვებას ყველასთვის, თუ ჩავერთოთ მეტოქეობაში, დაპირისპირებაში ან თუნდაც კონფლიქტში, რაც ყველასთვის წაგება იქნება? საერთაშორისო საზოგადოება ელოდება ჩვენს პასუხს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. აშშ-მ კონტროლი დააწესა, ჩინულ მაღალტექნოლოგიურ საქონელზე, რომელსაც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს, ასევე, ზღუდავს ამერიკულ ინვესტიციებს ჩინულ ზოგ მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში. ვაშინგტონის შეფასებით, ეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, რასაც პეკინი აფასებს პოლიტიკად, რომელიც მიმართულია ჩინეთის განვითარების შესაფერხებლად. როგორც BBC წერს, ჩინეთი აფრთხილებს აშშ-ს "წითელი ხაზების" გადაკვეთის შესახებ. ბრიტანული მედიის ცნობით, სი ძინპინმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ "პარტნიორები და არა კონკურენტები." ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მომგებიანი თანამშრომლობისკენ. „[ორი ქვეყანა] უნდა მივიდეს მიღწევებამდე ერთმანეთისთვის და მათ არ უნდა დააზიანონ ერთმანეთი,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა Xinhua-ს ცნობით. მისივე ცნობით, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა „საერთო საფუძველი უნდა მოიძიონ, ხოლო განსხვავებები შეინარჩუნონ და არ ჩაერთონ მანკიერ კონკურენციაში.“ „ისინი უნდა დარჩნენ თავიანთი სიტყვების ერთგულნი, ვიდრე ერთი რამ თქვან და მეორე გააკეთონ.“ „ჩინეთისა და აშშ-სთვის შესაძლებელია "ერთად განვითარდნენ და კეთილდღეობას ცალ-ცალკე მიაღწიონ." „ჩინეთი ბედნიერია, ხედავდეს თავდაჯერებულ, ღია და წარმატებულ შეერთებულ შტატებს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე ასევე პოზიტიურად უყურებს ჩინეთის განვითარებას," განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ TikTok-ს აიძულებს, გაყიდოს ვიდეო აპი ან აიკრძალოს ის ამერიკაში. გასულ კვირას ვაშინგტონმა დაამტკიცა მისი უახლესი დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავდა სამხედრო დახმარებას ტაივანისთვის, რასაც პეკინისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.