ძებნის რეზულტატი:

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60%-ზე მეტის დაკვეთით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში აცხადებს, რომ „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. „ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო,“ - წერს კობახიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში. ის პირობას დებს, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, "რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან". „ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე იზრუნებს, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ერთი თვის წინ ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს, რომლის ფარგლებშიც „გამოიკითხა, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით.“ „რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი. ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია. გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.    

რობერტა მეცოლა: ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად მეტი უნდა გავაკეთოთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად. მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ევროკავშირში. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი არ აჩვენებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს, ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს, კრემლის საფრთხეებს უპასუხოს. „ომის ამ კრიტიკულ ფაზაში უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს. რუსეთი არ აჩვენებს შენელების ნიშნებს, ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს და ევროპა მზად უნდა იყოს უპასუხოს კრემლისგან მომდინარე საფრთხეებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ - აღნიშნა რობერტა მეცოლამ. მისი თქმით, რუსეთს სურს დაბრუნება წარსულში, სადაც არ არის დემოკრატია, თავისუფლება და სიმართლე. „მეტი უნდა გავაკეთოთ პუტინის ომის მანქანის გასანადგურებლად და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად,” - განაცხადა მეცოლამ და დასძინა, რომ პარტნიორებმა უკრაინას მისთვის საჭირო თავდაცვის სისტემები უნდა მიაწოდონ, რადგან ”მხოლოდ ვაჟკაცობა არ არის საკმარისი.” შეგახსენებთ, რობერტა მეცოლა კიევში გუშინ ჩავიდა, სადაც ქალაქებისა და რეგიონების მეორე საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა.  

საგარეო საქმეთა მინისტრი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან, - შესაბამისი განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ გოჩა ჯავახიშვილმა თავისი განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა. „მსურს, გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან - ელჩის რანგში - წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან,“ - აცხადებს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობა გუშინ დატოვა. დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.“  

პრეზიდენტი პრემიერს: ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლის კობახიძის “ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი.” „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა! - წერს პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60%-ზე მეტის დაკვეთით საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

ომბუდსმენის აპარატი: რწმუნებულებმა 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, უჩა აბაშიძე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ომბუდსმენის აპარატი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც. „სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც. არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახალხო დამცველის აპარატი: თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს  

Human Rights Watch-ი: პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) აცხადებს, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ყველა ბრალდების ეფექტიანი გამოძიება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, ეს კანონპროექტი თითქმის იდენტურია იმ კანონპროექტისა, რომლის მიღებაც საქართველოს პარლამენტმა სცადა 2023 წელს, მაგრამ მასობრივი პროტესტის შემდეგ მან უკან დაიხია. ახალ ვერსიაში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტები“ „უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციებით“ ჩაანაცვლა. Human Rights Watch-ის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც „გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად," ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში.“ HRW-ის განცხადებით, „კანონპროექტი არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს კანონპროექტი დიდად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში.“ HRW აცხადებს, რომ „გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება.“ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონპროექტი არის რუსეთის „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მსგავსი და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებას რუსეთის კანონზე, რომლის თანახმადაც, დაირღვა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ, რომ დაუსაბუთებელი იყო სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის და რომ ეს შეზღუდვები არის მათი ლეგიტიმური საქმიანობის შეზღუდვა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. 

შსს: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., 1990 წელს დაბადებული უ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ა.ბ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული ნ.მ., 2009 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული კ.ბ., 1988 წელს დაბადებული ა.ბ., 1987 წელს დაბადებული შ.ბ. და 1995 წელს დაბადებული მ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები 2004 წელს დაბადებული ა.ბ., 2005 წელს დაბადებული მ.მ. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ. გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგენილ იქნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აშშ და ევროპა გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე ერთობლივად მუშაობენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკული მხარე აგრძელებს მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამოვიყენოთ ის აქტივები, რომლებიც რჩება გაყინული და დარჩება გაყინული - რომ ჩვენ ამ აქტივებს ვიყენებთ უკრაინის სასარგებლოდ,“ - აღნიშნა მილერმა. ამით მილერმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ქვეყნების განზრახვაზე, გამოიყენონ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული დაფინანსება უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებისთანავე, მსოფლიო დემოკრატიულმა ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ფინანსური აქტივები, საერთო ჯამში 300 მილიარდ ევროზე მეტი. ითვლება, რომ ამ აქტივების უმეტესობა ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებში, კერძოდ ბელგიაშია. 8 მაისს, ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ.  

ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა. როგორც დეპარტამენტი წერს, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რათა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ, ჰქონდეს მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი. ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს პირველ მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს ო'ბრაიენი ქართველ დეპუტატებს „კრემლის მიერ შთაგონებულ“ “უცხოური გავლენის” კანონპროექტსა და მის ნეგატიურ გავლენაზე ესაუბრა. 4 მაისს მან მორიგი კომენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს პარტნიორებთან - ჯეიმს ო'ბრაიენი „რა არის სასწორზე? ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, - არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ. რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა, დავინახოთ, არის ის, რაც გუშინ ბატონ კოოპმანთან (ევროკომისიის გენერალური დირექტორი, რედ.) ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა იმავე დღეს გავრცელებულ ინტერვიუში „ამერიკის ხმასთან.“ „კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რომ თქვენ ის განიხილოთ როგორც კლემლის მხარეს მდგომი?“ ჟურნალისტის ამ შეკითხვას ამერიკელმა დიპლომატმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჯერ კიდევ არის დრო, რომ ამ კანონზე ერთობლივად ვიმუშაოთ, გავაკეთოთ ის, რაც ქართველ ხალხს და მთავრობას ერთად სურს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვითარებას შევაფასებთ. მაგრამ ჩვენ ჯერ აქ არ ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, სადაც შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ.“ ჟურნალისტმა ჯეიმს ო'ბრაიენს ასევე ჰკითხა შესაძლო კოორდინირებულ ზომებზე: „ესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს? მაგალითად ვიხილეთ რომ სანქციები დაუწესეთ ბატონ ფარცხალაძეს, თუმცა ევროპელებს იგივე ნაბიჯი არ გადაუდგამთ. საქართველოს საკითხზე ევროპელ მოკავშირეებთან ერთად თანხვედრაში მოქმედებთ?“ „დიახ და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვანაირად. ევროკავშირი საკანდიდატო პროცესის დაწყებისას, საკმაოდ დიდი თანხის გაცემას განიხილავს. ეს თანხები დაკავდება, ეს მათი ინსტრუმენტია. ჩვენი ინსტრუმენტები განსხვავებულია და ჩვენ მათ გამოვიყენებთ, როცა ეს იქნება საჭირო. მაგრამ ჯერ იქ არ ვართ. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ ვსწავლობთ როგორ ვიმუშაოთ ერთად ამ ახალ გარემოში, როცა საქართველომ თქვა, რომ სურს გაწევრიანდეს ამ კლუბებში, [ევროკავშირსა] და [NATO-ში],“ განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ. ბოლო გზავნილი ვაშინგტონიდან ასეთია: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.  

შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს - ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 10 მაისს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტარებმა ევროპის დედაქალაქებიდან საქართველოში ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. „რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს. მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათთვის კრიტიკა პრობლემა არ არის. „მე მგონი, ამდენი კვირა აკვირდებით, რომ არც კრიტიკაა ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ, რომ სათქმელი ყველასთან გვაქვს და გარწმუნებთ, როგორც პარლამენტში დებატების დროს, შემდეგ არგუმენტი არ აქვთ ხოლმე და ვერ შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში, ზუსტად ასეთივე არის ჩვენი მსჯელობა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ხოლმე - შინაარსში როდესაც შევდივართ, იმის იქით ვეღარ არის მსჯელობა. ამიტომ არც კრიტიკაა პრობლემაა, არც განცხადება, მე მგონი ხედავთ, რომ არის განცხადებები, მათ შორის, ვინც ჩამოდიან მათი მხრიდანაც, აქ პრობლემა არ არის, ვინაიდან განცხადებას ჩვენი საპასუხო განცხადება მოჰყვება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ემხრობიან კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან. როთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან მოუწოდა ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი. „საქართველოს მთავრობამ დარღვევები და მუქარები უნდა შეწყვიტოს, „უცხოური აგენტების კანონი“ უნდა გაიწვიოს და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი უნდა დაიწყოს. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი," დეესკალაცია მოახდინეთ და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი დაიწყეთ! ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: ნუ იღელვებთ, ჩვენ შევხვდებით. მალე," - წერს როთი. აპრილის დასაწყისში, ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი წერილით გააკრიტიკეს საქართველოში ხელახლა ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. როთმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პირველ მაისის საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეოც, რომელიც ასახავდა ათასობით მოქალაქის დემონსტრაციას ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ და დაწერა, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია და ქართველები სამაგალითო ევროპელის სახეს აჩვენებენ. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იყოს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა

„მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იყოს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა,“ - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. „განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იყოს გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა,” - ნათქვმია განცხადებაში.  

პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები

„მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. „მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. როცა ვეტო შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა და რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტული განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. 

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერს მოუწოდებენ, დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მედიის და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად მიმართავს ირაკლი კობახიძეს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას პრესის თავისუფლება საქართველოში. ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პრესის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია ცენზურის დაუშვებლობა, მედიის თავისუფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პლურალიზმი. წერილში ასევე მოყვანილია სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონის მესამე მუხლი, რომელიც ჟურნალისტებს გარანტიას აძლევს, რომ დაცული იქნეს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა და სარედაქციო გადაწყვეტილების მიღება საკუთარი სინდისის შესაბამისად. ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 18 ორგანიზაცია წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი აზრის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის და საბოლოო ჯამში, ჩახშობის მძლავრ ინსტრუმენტს და ამით საფრთხეს უქმნის პრესის და სიტყვის თავისუფლებას. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი არამხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიეკუთვნებოდნენ იმ ჯგუფების რიცხვს, რომლებიც ატარებენ „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს", არამედ ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებას, „აწარმოოს გულმოდგინე გამოძიება“ ამ ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ „უცხოეთის სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაწვეული იყოს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების სიცოცხლისუნარიანობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მედიის სულ ცოტა, 20 თანამშრომელს ფიზიკურად დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქების დროს.“ წერილზე ხოლმომწერების თქმით, „ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.” პრესის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად ირაკლი კობახიძისადმი წერილს ხელს აწერენ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AJE France), ცენზურის ინდექსი, პრესის და მედიის თავისუფლების ევროპის ცენტრი (ECPMF), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია, (EFJ) და სხვები.

გერმანიის ელჩი: ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია

ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია,“ - შესაბამისი პოსტი საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „ძალადობა და დაშინება - მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია. კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს. დემოკრატია საჭიროებს ძალადობის გამორიცხვას,“ - წერს ფიშერი.  

პრემიერი: არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონს იგივე მიზანი აქვს, რაც - პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის კანონმდებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან. „ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც რა თქმა უნდა, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მიზანი იგივეა - სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. როცა პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ დგას პოლიტიკური პარტიის უკან და პირველ რიგში აქ საუბარია შემომწირველებზე. ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი 100%-ით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში და განმტკიცებაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველამ თავი უნდა „შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა.“  მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც. „ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა გავიხსენო ის, რომ ამ ძალადობის აქტებს არ გამოხმაურებია, მათ შორის, არცერთი დიპლომატი. ძალიან შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. აღარაფერს აღარ ვამბობ NGO-ებზე, პოლიტიკოსებზე და ა.შ. კოლეგა ჟურნალისტებზეც კონკრეტული ტელევიზიებიდან. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ გუშინ თუ გუშინწინ, არ ვიცი, როდესაც მოძალადეებს შეეხო ძალადობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რა თქმა უნდა, აქ არავითარი სხვაობა არ არის. ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ძალადობრივი აქტის გამოძიება. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება, ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ეს არის ჩემი მოწოდება და ჩემი თხოვნა ყველას მიმართ," - განაცხადა პრემიერმა. დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს - ომბუდსმენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“  

ჯიმ რიში: ეს დაშინება უნდა შეწყდეს

„შეშფოთებული ვარ იმის მოსმენით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ საქართველოში ინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტისადმი მათი წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ღია დემოკრატიაში ყველა ხმა უნდა იქნეს გაგონილი. ეს დაშინება უნდა შეწყდეს," - წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, ჰელსინკის კომისია წერს, რომ სარწმუნო ცნობები საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ საყოველთაოდ გავრცელებული დაშინების, შევიწროებისა და ძალადობის შესახებ მიუღებელია. „ამ რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე მიუთითებს და საყოველთაო დაგმობას მოითხოვს.“ 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს. 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი, მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით, თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და "ახლის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს. ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები. დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები.  

მედიის ცნობით, უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს რამდენიმე კვირაში მიიღებს

უკრაინამ შესაძლოა, პირველი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები „კვირების განმავლობაში მიიღოს," იტყობინება ბრიტანული მედია გამოცემა Evening Standard მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით. Evening Standard-ის წყარომ არ გაამხილა, თუ რომელი მოკავშირე იქნება პირველი, ვინც კიევს თვითმფრინავებს მიაწვდის. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავი მიაწოდეს. დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს. დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.  

აშშ-ის კონგრესმენების წერილი პრემიერს: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნეს, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „კიდევ ერთხელ გაიწვიოს შემოთავაზებული მავნე კანონპროექტი.“ კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ თომას მაკკოლი და ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა - სულ 25 კონგრესმენი. „გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოური აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია. ეს კანონპროექტი “ძირეულად ეწინააღმდეგება” საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, თქევენს ქვეყანაში რუსეთის ჯარს შემოჭრიდან რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას,“ წერენ კონგრესმენები. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია მოცემული. აშშ-ის კანონმდებლები ამ წერილში უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა. წერილის ავტორების მოსაზრებით, საქართველოში ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს „რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას.“ კონგრესმენები წერილში საუბრობენ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე 29 აპრილს და წერენ, რომ ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე. კონგრესმენები წერილში გმობენ „ბატონი ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.“ კონგრესმენები ასევე გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მთავრობის რეაქციის გამო, მათ იციან აქციების „მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ.“ კონგრესმენებს მოჰყავთ რუსეთის მთავარი პროპაგანდისტის და ფაშისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის განცხადება, რომ „საქართველო სწორ გზას ადგას“ და წერენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ. „საქართველოში ვითარება ცხადია, მთავრობას შეუძლია, შეისმინოს ქართველი ხალხის, ან გააგრძელოს ბნელი გზით სვლა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ,“ წერენ კონგრესმენები. „ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, ამ უკანასკნელი გზის არჩევა აიძულებს აშშ-ს, ძირეულად გადახედოს ჩვენი ურთიერთობის ხასიათს“... ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებებს ლახავს, რის შემდეგაც, წერენ ისინი, „მოხარული ვიქნებით მოვაწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურებისთვის.“ „იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას“, ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოების და მათ მიმართ ფინანსური სანქციების ჩათვლით, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებას ძირი გამოუთხარა,“ წერენ ამერიკელი კონგრესმენები.  

ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს

„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს,“ შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბლინკენის თანაშემწის თქმით, ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის დასავლეთისკენ, უნდა ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. „ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს. ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელიც გეგმავს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას ჩაატარებს სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას,“ - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა. როგორც დეპარტამენტი წერს, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რათა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ, ჰქონდეს მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი.