ძებნის რეზულტატი:
დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა
დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა. ევროკავშირის წარმომადგენლობა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. „საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება,“ აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი გასული წლის ბოლოს მიიღო. ქვეყნის ევროინტეგრაციას დღეს ევროკავშირი შეფერხებულად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონი მიიღო.
„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს,“ - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ „ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.“ „ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„საქართველომ ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა“ - საერთაშორისო მედიის გამოხმაურება
საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით, მისთვის პირველი მსხვილი ტურნირის პლეი ოფში გადავიდა. საქართველოს ისტორიული მიღწევას ევროპის ჩემპიონატზე, საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. BBC Sport-ის შეფასებით, პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიაში, FiFA-ს რეიტინგით, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი გადატრიალება მოახდინა და თავიანთ სადებიუტო მსხვილ ტურნირზე დაუვიწყარი საღამო შექმნა. ამასთან, საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა თავი გაართვეს და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე. ქართველებს პორტუგალიასთანაც ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო და გააკეთეს ეს შთამბეჭდავად. New York Times კი, საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს. „საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვა. საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც მოგების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ,“ – წერს ამერიკული გამოცემა. „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად. ეს იყო პირველი შემთხვევა რონალდოს კარიერაში, როდესაც ვერ გაიტანა გოლი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე,“ – წერს თავის მხრივ, ბრიტანული Guardian-ი. „გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში,“ – ასე აფასებს CNN საქართველოს ისტორიულ მიღწევას.
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტარაცია ავრცელებს. ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტზე, სახელწოდებით „უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის“ ხელმოწერას, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. დღეისთვის უკრაინამ უსაფრთხოების გარანატიების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია 16 ევროპულ სახელმწიფოსთან და შეერთებულ შტატებთან.
რა წერია PACE-ს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ
27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებები. საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუციას 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5- წინააღმდეგი იყო. ასამბლეა იზიარებს და სრულად უჭერს მხარს ვენეციის კომისიის მოსაზრებეს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და მიიჩნევს, რომ ეს კანონიც, და ისიც თუ როგორ იქნა ის მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან - რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა - და არც ბოროტი ფარული უცხოური ჩარევის პრევენციას ემსახურება. „ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დააყაროს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე არასათანადო პოლიტიკურ კონტროლი. ამიტომ კანონი მთლიანად უნდა გაუქმდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე.“ რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა ღრმად არის შეშფოთებული პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენებით, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიებით. ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები და დაშინების აქტები არ არის შესაბამისად გამოძიებული და დაგმობილი ხელისუფლების მიერ და რომ ამან შეიძლება შექმნას დაუსჯელობის გარემო. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომ რეზოლუციით PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ცნობა ძალის გადაჭარბების გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების შესახებ სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს შესაბამისი ორგანოების მიერ და დამნაშავეები დაისაჯონ. ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა დაიცვას ყველა მომიტინგე, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი, კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების მიუხედავად,- წერია რეზოლუციაში. ამ კონტექსტში ასამბლეა იმეორებს 2438 (2022) რეზოლუციაში გამოხატულ შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფუნდამენტურად ხარვეზიანია და იძლევა ადმინისტრაციული პატიმრობისა და ზედმეტად მაღალი ჯარიმების ფართოდ გამოყენების საშუალებას, რისი შედეგიაა დაჯარომებული ადამიანების რაოდენობა, რასაც ასამბელა დასანანად აფასებს. გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია, იმით რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ასამბლეა მიიჩნეს, რომ ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ აღასრულოს ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია და შემდგომი ევროინტეგრაცია და შეასრულოს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ნაკისრი ვალდებულებები არა მხოლოდ სიტყიერად არამედ კონკრეტული და ხელშესახები ქმედებებით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისგან განცალკევებით და შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ნდობაზე შედეგებისადმი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. "ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში მის მიმართ ფართო წინააღმდეგობისა, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად აქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო განლაგების შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში. აღრავებს პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში." ასამბლეა ხაზგასით გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე რომლითაც შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესი. "ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რაც, ფაქტობრივად, მისცემს მას ცესკოსში წევრთა რეოლუიაში წერია რომ ეს ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ალევს ცესკოს ყველა გადაწყვეტილებაზე კონტოლის პოტენიურ საშუალებას. ცხადია, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და ნდობაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს დაინტერესბული არეებისა და ოგადად საქოების აღქმაზე არჩევნების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობის შესახებ,“ - ნათქვამია რეზოლუციაში. ამ ფონზე, ასამბლეა შეშფოთებულია რეალური შესაძლებლობით, რომ - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გავლენით პატივსაცემი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილებით შესაძლოა ვერ დააკვირდნენ არჩევნებს. „მათი, გამორიცხვა, ასამბლეისთივს სრულიად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.“ ასამბლეა გამოხატავს თავის ძლიერ შეშფოთებას „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების პაკეტთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან (ETS No. 5). რეზოლუციაში წერია, რომ "ემოციურად დატვირთულ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში ამ სადაო კანონპროექტების წარდგენა სამწუხაროა. ამ კონტექსტში ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ ლგბტი-ფობიით პოლიტიკური მანიპულირების გამო. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული შეშფოთება და რეკომენდაციები ამ საკნონმდებლო ცვლილებებზე." ასამბლეას პატივისცემას გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებისადმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რის დემონსტრირებაც განაგრძობდნენ ბოლო მოვლენების დროს, მიუხედავად მათდამი მტრული და რეპრესიული პოლიტიკური კლიმატისა. ასამბლეა აცხადებს რომ მისთის ცნობილია და შეშფოთებულია სხვა წევრ სახელმწიფოებში მსგავსი პრობლემური კანონმდებლობების მიღებასთან ან ინიციირებასთან დაკავშირებით და ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც ა ევროპის საბჭოს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს ეწინააღმდეგება. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოლაპარაკებების გახსნამდე მიიღო „აგენტების კანონი“, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. 27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, ერთხმად (78 ხმით) მიიღო ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. მანამდე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.
მარკ რუტე: ვღელავ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ - იმედი გვაქვს, საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღეა, მედიას განუცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება. მისი თქმით, ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. „შეიძლება, აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ მდივნად], მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1-ელ ოქტომბრამდე არ გავაკეთებ,” - განაცხადა რუტემ. ჟურნალისტის კითხვას, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლოდინი პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობისგან. „პირველ რიგში საქართველოსგან უნდა ველოდოთ, მთავრობისგან, ეს ახლა თქვენზეა დამოკიდებული,” - აღნიშნა რუტემ. სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი რუტემ უპასუხა: “ვნახავთ, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, საქართველო, დაბრუნდებით [ევროკავშირის გზაზე].”
რა საკითხები განიხილა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში ვიზიტისას
27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. „აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა,” - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. თავის მხრივ, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. „არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა დარჩიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იყო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. მინისტრის განცხადებით, აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე აღნიშნულ პროექტში, ასევე აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში. „ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით. თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. მისი თქმით, დარჩიაშვილთან საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები. „დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც აქამდე მიღწეული შედეგები, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ინტენსიური თანამშრომლობისა და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. 2023 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. მთავრობათაშორის მჭიდრო ურთიერთობა არის ყოველთვის,“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ბაქო საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აქტიური საკითხები განიხილოს. „ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგს წარმართვა. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო ურთიერთობის დონეზე, მაგალითად, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ასევე, სხვა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრე. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო იურიდიული ნორმების ფარგლებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმებს გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი პლატფორმაც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ფორმატი,“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
სანიოლი: ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ, იმედი მაქვს, შემდეგი გზა უფრო უკეთესი იქნება
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა. "ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ესპანელების პირველი გოლის დროს თამაშგარე აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ. ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები, ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება. ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებულები არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერები ვიქნებით. დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ, ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან. პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა, ბევრ ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.“
„მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, მეტს ნახავთ“ - ბლინკენი საქართველოზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მეტი ახალი ზომა ვიხილოთ. ენტონი ბლინკენმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რამდენიმე წუთის წინ, "ბრუკინგსის ინსტიტუტში" გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა. ეს ენტონი ბლინკენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. „[რეგიონში] ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არამხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს,“ - განაცხადა ბლინკენმა „ამერიკის ხმის“ ცნობით. ამერიკის სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომლებიც არის საქართველოში და რეგიონში. შეგახსენებთ, ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა. ბლინკენი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე: სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: მადლობა ბიჭებო, რომ გაგვაერთიანეთ, მადლობა, რომ აჩვენეთ პროფესიონალიზმი, თავდადება, ქვეყნის სიყვარული და ის, რომ საქართველო ევროპაა
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ჩვენმა ბიჭებმა ახალი სული შთაბერეს EURO 24-ს, მოტივაციით, შემართებით, ბრძოლისუნარიანობით, გუნდურობით, პასუხისმგებლობითა და პატრიოტიზმით, სახასიათო ფეხბურთი ითამაშეს და ყველა მატჩი დაუვიწყარი და სანახაობრივი გახადეს. მთელი საქართველო გაგვაერთიანეს, გამარჯვების და აღმაფრენის განცდა დაგვიბრუნეს, თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა, ლაღმა, მოცინარმა, შრომისმოყვარე, მიზანდასახულმა და პატრიოტმა ბიჭებმა, ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანაც თავიდან სხვა მგზნებარებით აღმოგვაჩენინეს და შეგვაყვარეს. როცა ვამბობდით, რომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში, სწორედ ამას ვგულისხმობდით, ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი კი არა, საერთო კულტურა და ღირებულებებია, შეხედეთ ჩვენს ბიჭებს, მათ დამოკიდებულებებს ერთმანეთის, ქვეყნის ჰიმნის, დროშის, გულშემატკივრის, მსაჯის, მწვრთნელის, მეტოქის, პუბლიკის მიმართ, განა სხვა რამეა ევროპა? ურთიერთპატივისცემა, ღირსეული კონკურენცია, ღირსეულად გამარჯვება და დამარცხება. ამ თაობაში ყველაფერმა იმან გამოანათა, რითიც ქართველები მუდმივად გამოვირჩეოდით, ის, რამაც დღემდე მოგვიყვანა, გადაგვარჩინა და გაგვაძლებინა ჩვენი ისტორიის ქარტეხილებს. რწმენა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული და გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შეკვრა, შრომისმოყვარეობა და თავდადება. კიდევ ვილი სანიოლს გაუმარჯოს, ეროვნული ნაკრების კარგ მწვრთვნელს და დიდ ადამიანს. მის მიერ ჩადებული შრომის, დისციპლინის, კოორდინაციის, გუნდურობის და მოტივაციის შედეგიცაა დღევანდელი ჩვენი ზეიმი. მადლობა მას, ჩვენი ბიჭების და ქვეყნის მიმართ მისი პერსონალური დამოკიდებულების გამოც. გულშემატკივრებს გაუმარჯოს, კიოლნიში რომ ჩავიდნენ და დინამოს სტადიონზე აგრძნობინეს თავი ჩვენს ბიჭებს. სამაგალითო ქომაგებს, უშეცდომოდ რომ გრძნობდნენ და ფლობდნენ ყველა გადამწყვეტ წუთს და არაფერი დაუშურებიათ გამხნევების და მადლიერების გამოსახატავად. მათი ქომაგობის კულტურასა და მოწესრიგებულობაზე ცალკე საუბრობენ უცხოელები. ყველაფერი წინაა, ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ეს არ იყო დამარცხება, ჩვენ აღმოგვაჩინეს, შეგვამჩნიეს, დაგვაფასეს და ეს ყველაფერი როგორც ბიჭებს, ასევე ქვეყანას ათმაგად დაუბრუნდება. წინ მსოფლიოა და უკვე გვაქვს გამოცდილებაც და მაღალი სტანდარტიც აღებული. და ბოლოს, ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს, როგორ გვჭირდება და გვიხდება კიდეც სიხარული, ბედნიერება, ერთობა. ჩვენ დიდი მომავლის და პოტენციის ქვეყანა ვართ ეს დავამტკიცეთ კიდეც. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი თავგადასავლების. ბრავო ბიჭებს,ჩვენი ადგილი ევროპაშიაჩვენ ვართ ევროპასაქართველო ევროპააწინ ევროპისკენწინ გამარჯვებისკენ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇪🇺🇪🇺🇪🇺❤️
ორბანი კიევში ჩავიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩავიდა კიევში, სადაც დღეს, 2 ივლისს, მოლაპარაკებას მართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს ორბანის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ კიევში დღევანდელი მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მშვიდობის დამყარების შანსი. ორბანი და ზელენსკი განიხილავდნენ უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსაც. ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინული გეგმების წინაამდეგი არ არის, თუმცა მათ განსახორციელებლად ხანგრძლივი დროა საჭირო. „ბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ მისი ინიციატივები დიდ დროს მოითხოვს საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს ეფიქრა, შეიძლება თუ არა სხვაგვარად გაკეთება: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ამ მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა,“ - აღნიშნა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ინიციატივების მიღება დაჟინებით არ მოუთხოვია და უკრაინის არგუმენტები მოისმინა. „ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტის ამ საკითხთან დაკავშირებით გულწრფელი აზრისთვის,“ - აღნიშნა ორბანმა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. „ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა. „გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. გარდა ამისა, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. „ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ,“ - დასძინა უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარებისადმი კრიტიკულად განწყობილი და რუსეთთან კავშირების შენარჩუნების მომხრე ვიქტორ ორბანის კიევში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, პირველ ივლისს, უნგრეთმა ექვსი თვით გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა. უნგრეთის მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც. 2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, კენჭი უნდა ეყარათ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ორბანმა დარბაზი დატოვა.
UEFA-მ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი - 25 000 ევროთი დააჯარიმა
UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი, 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო - რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს. თამაშების დროს და მის შემდეგ მოედანზე ბევრი გულშემატკივარი რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად შეიჭრა. რვა გუნდი - უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს. დაჯარიმებას გადაურჩნენ მხოლოდ სლოვაკეთი და ესპანეთი.
“მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ჩართულობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან“ - სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე
ქართველი ოფიციალური პირების ნაწილისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ "შესაბამის" ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, ჩართულობა გრძელდება. ჟურნალისტის კითხვას, გზავნის თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი შერეულ გზავნილებს საზოგადოებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე განმარტავს, რომ არა. ჟურნალისტი გულისხმობდა, ერთი მხრივ, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მეორე მხრივ, ნატოს ვაშნგტონის სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევას. „როცა საქმე საქართველოს ეხება, და ვიცით, რომ ამ ბრიფინგების ოთახში ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ახლახანს მიიღეს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსში, გვსურ პრიორიტეტი მივანიჭოთ. და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ გსმენიათ ჩემი და მეთიუს [ მეთიუ მილერი, აშშ-ის სახ. დეპარტამენტის სპიკერი] საუბარი, იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას. და ჩვენ მაინც გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავაც არის სხვა საკითხები, რომლებზეც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ," - განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ. მანამდე "ბრუკინგსის" ინსტიტუტში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკამ შესაძლოა, ახალი ზომები მიიღოს. „ვფიქრობ, [რეგიონში] ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არა მხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს“, - თქვა ბლინკენმა და განმარტა, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომელიც არის საქართველოში და რეგიონში.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25-მა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია პილოტი
2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. „აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს,“ აცხადებენ უწყებაში.
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო. აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო. ათაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის არიან აითაჯის დედა და ბიძა.
პირველი სატვირთო მატარებელი შუა დერეფნის გავლით, ახალ მარშრუტს გაივლის - აზერბაიჯანის რკინიგზა
პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან თურქეთში, ახალი მარშრუტით, შუა დერეფნის გავლით დაიძრა, იტყობინება Trend აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) ცნობაზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ყოველდღიური საჭიროების ნივთებით დატვირთული 110 კონტეინერით, მატარებელმა, რომელიც ჩინეთის Jiangsu-ს პროვინციის შუაგულში, Nanjing-დან, 28 ივნისს სტამბოლისკენ გაემართა, ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტი უნდა გაიაროს. „ამჟამად, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა რამდენიმე მარშრუტით მიმდინარეობს, მათ შორის, ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით,“ - ნათქვამია ADY-ის განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება.
პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა. ადმინისტრაციის განმარტებით, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელები, ადგილზე შეკრებილ გულშემაკტივარს შეხვდნენ. „სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდირობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. „ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას,“ - განაცხადა მანამდე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სამშობლოში დილით დაბრუნდა. საღამოს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. 22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.
გულითადად ვულოცავთ ნაკრებს, მწვრთნელებსა და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულ გამოსვლას - პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ულოცავს. პატრიარქის წერილს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. ამ ფაქტმა, შეიძლება, ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ. გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები,” - ნათქვამია წერილში. საფეხბურთო ნაკრები თბილისში 2 ივლისს, დილით ჩამოვიდა. საღამოს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს. 22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.
თურქეთი და აშშ ატომური სადგურის პროექტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან ფართომასშტაბიანი ატომური ელექტროსადგურების და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაავრცელა. „ამერიკა სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, რათა გაზარდოს მისი ბირთვული ენერგეტიკული სიმძლავრე და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები,“ - განუცხადა იუსუფ ჯეილანმა სააგენტო "როიტერს" ატომური ელექტროსადგურების შესახებ. განსახილველ პროექტებთან დაკავშირებულ კითხვაზე მან განაცხადა: „შეიძლება, განვიხილოთ არსებული ჰესების ტერიტორიები, ან ახალი ტერიტორიები ჰესებისთვის". "ჩვენ ამერიკასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც ფართომასშტაბიანი ელექტროსადგურების, ასევე მცირე მოდულური რეაქტორების შესახებ," - აღნიშნა მან. ინფრომაციას ამის შესახებ გასულ თვეში ჯეფ ფლეიკი, თურქეთში ამერიკის ელჩიც ადასტურებდა. ელჩი ამბობდა, რომ თურქეთი ამერიკასთან და სხვა აქტორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. "მათთან ერთად ვმუშაობთ, რათა მათი დამოკიდებულება [რუსეთზე] შევამციროთ ნებისმიერი შესაძლო გზით",- განაცხადა ელჩმა. ჯეილანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება სამხრეთ კორეასთან და რუსეთთან მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში, სინოპშია დაგეგმილი. რუსული "როსატომის" მიერ თურქეთის პირველი 4 800 მეგავატიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აკუიუში კი გრძელდება.