ძებნის რეზულტატი:

პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეთანხმების შემდეგ, სეულმა შესაძლოა, კიევისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს

რუსეთსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობისა და თავდაცვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამხრეთი კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნის მრჩეველმა ჩან ჰო-ჯინმა, იუწყება სააგენტო Yonhap-ი. „მთავრობა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს და გმობს შეთანხმების ხელმოწერას,“ - აღნიშნა ჩანმა. მისივე თქმით, ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებას, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა. სამხრეთი კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. თუმცა სეული უკრაინას იარაღს არ აწვდის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი აფასებს ამას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მსოფლიოს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის ჭურვები შეიძლება მიეწოდოს შეერთებულ შტატებს, რათა ვაშინგტონმა, თავის მხრივ, ჭურვები უკრაინაში გაგზავნოს. Yonhap-ის  თანამოსაუბრემ, რომელიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში მუშაობს, სააგენტოს არ დაუდასტურა მიწოდების საკითხის განხილვა, თუმცა არც უარყო ის. მისი თქმით, სეული ამ საკითხზე ღია კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. „კონკრეტული ზომები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ჩვენ არ გვინდა წინასწარ გავამჟღავნოთ გეგმები და დაინტერესებული ვართ რუსეთის რეაქციით,“ - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მხარეებს აძლევს ერთმანეთის სამხედრო დახმარების გარანტიას მესამე ქვეყნის შეჭრის შემთხვევაში. სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა, რომლებიც 1948 წლამდე ერთი ქვეყანა იყო, ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან 1950 წლიდან. 1953 წელს, აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ, რამაც გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას.  

დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან დაკავშირებით „საპასუხო ზომებს“ 4 ივლისის არჩევნებამდე არ მიიღებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხო ზომებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. „უზომოდ ამაყი ვარ დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებით. [დიდ ბრიტანეთში] ახლა წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით და ახალ მთავრობას ველით, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული [სანქციებთან დაკავშირებით]. არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება, მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, მოგიწევთ დაბრუნება და ჩემი მონაცვლისთვის ამის კითხვა… ჩემს ევროპელ კოლეგებს უნდა ჰკითხოთ, თუ რას იტყვის ევროკავშირი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია: 30 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდში ედგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. სუვერენიტეტი, ჩემთვის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად აკეთებს თავის არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა დიდი პარტია ამბობს, რომ ეს თქვენი უმთავრესი მიზანია, ეს თქვენს კონსტიტუციაშია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან, ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი,” - განაცხადა კლეიტონმა. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის ელჩმა გაიხსენა ბრიტანული კანონის შემუშავების ისტორია და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ, 2023 წელს მიიღეს, თუმცა ის ჯერ ძალაში არ არის შესული. “ეს კანონი [დიდ ბრიტანეთში], უპირველეს ყოვლისა, ჯერ ამოქმედებული არ არის, ვინაიდან, არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ, ასე რომ, რეალურად კანონი ძალაში არ არის შესული. ამ [ბრიტანული] კანონის მიღმა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების [ოჯახის] მკვლელობა სცადა. ამაზე პასუხის ნაწილი იყო მოსკოვიდან ჩემი გაგდება. პარლამენტმა ეს თავდასხმა გამოიძია და 2019 წელს ანგარიში წარადგინა. 2020 წელს ანგარიში გამოქვეყნდა და პარლამენტმა პასუხი გასცა - ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენ ჯერ არ შეგვიყვანია ძალაში. ასე რომ, თავდასხმიდან 5 წელი გავიდა, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო სექტორთან დებატების, დისკუსიებისა და კონსულტაციების 5 წელი, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული. გიწვევთ, მითხრათ, რამდენი ხანი, რამდენი დებატები და დისკუსია იყო საქართველოში თქვენი კანონის შესახებ. ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით ნაკლები,” - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას მასპინძლობს.

ყაზახეთის სენატმა შუა დერეფნის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ყაზახეთის პარლამენტის (ზედა პალატა) სენატმა მოახდინა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების პროცედურების გამარტივებას და ხელსაყრელი პირობების შექმნას სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალის შემდგომი გაძლიერებისათვის. ამის შესახებ სენატის პრესსამსახური იუწყება. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს და რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან. შუა დერეფანი ხელს უწყობს გაზრდილი ტვირთების მოძრაობას ჩინეთიდან თურქეთში, ასევე - ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით. მარშრუტის მატარებელი ამ დერეფნის გასწვრივ ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საშუალოდ 20-25 დღეში აწვდის და ეს არის ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.

ჩინეთის საელჩო რობინ დანიგანს ანაკლიის პორტზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა ჩინეთთან დაკავშირებული რამდენიმე კომენტარი, როდესაც მას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის შესახებ შეკითხვა დაუსვეს. „გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: "China Communications Construction Company“-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრენსიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია.“ ელჩის თქმით, ჩნდება კითხვა, „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?“. გარდა ამისა, დანიგანის განცხადებით, ასევე კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ. „CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია,“ - განაცხადა დანიგანმა.  

შაჰინი: ის რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას გონიერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება.  „გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, მათ “ქართულ ოცნებას”, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება,”- ამბობს სენატორი შაჰინი და აქვე განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული “ენ-დი-აის” (NDI) და “აი-არ-აის” (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება. “ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე რომ, [ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,” - აღნიშნავს ჯინ შაჰინი. სენატორი დემოკრატიული პარტიიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას მოახდენს ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზეც. „როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში," - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი. დემოკრატი სენატორი აქვე განმარტავს, რომ ვაშინგტონის საპასუხო ზომებს ოფიციალური თბილისი უახლოეს პერიოდში იგრძნობს და ეს არ იქნება კარგი “საქართველოს ლიდერებისთვის.” „იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება NATO-სკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ,“ - ამბობს სენატორი. ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს. საკანონმდებლო ინიციატივას სახელწოდებით - „ქართველი ხალხის“ აქტი, ამ დროისთვის ექვსი სენატორი აწერს ხელს. მათ შორის არიან: სენატორი ჯიმ რიში რესპუბლიკური პარტიიდან; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიული პარტიის წევრი ბენ კარდინი; სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან პიტ რიკეტსი; სენატორი ლინდსი გრემი რესპუბლიკური პარტიიდან; სენატორი კრის კუნსი დემოკრატიული პარტიიდან და სენატორი რიჩარდ დურბილი დემოკრატიული პარტიიდან.  მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის  

სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერევანი შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს. „სომხეთის რესპუბლიკა ადასტურებს ერთგულებას ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს,“ - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე პალესტინა სახელმწიფოდ რიგმა ქვეყნებმა აღიარეს. კერძოდ, ერთ-ერთი ბოლო ასეთი ნაბიჯი ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ გადადგეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზე მანუელ ალვარესმა აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფო ახლა მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 146-ის მიერ არის აღიარებული. ისრაელის კრიტიკის საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიმართული ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პედრო სანჩესმა ისრაელს უწოდა „მეგობრული ქვეყანა, რომელსაც მადრიდი პატივს სცემს, აფასებს და ცდილობს მასთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეს." ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკან არ დაიხევენ მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. კაცის შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ ტერორიზმი გამართლებულია, წააქეზებს ირანს და „ჰამასს“ და ძირს გამოუთხრის მშვიდობის შანსს. ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი, ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.  

ეჭვგარეშეა, პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე - დისკუსია უილსონის ცენტრში

რას უნდა ველოდოთ ვაშინგტონის სამიტიდან: ამ საკითხზე NATO-ს გენერალურ მდივანთან დისკუსია 17 ივნისს, აშშ-ში, უილსონის ცენტრში გაიმართა. რა დევს სასწორზე. ჩვენ გვესმის გაფრთხილებები, რომ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნეზეც კი. როგორ ფიქრობთ, შეიჭრება პუტინი NATO-ს წევრ ქვეყანაში ან თავს დაესხმება მას, გავლენის სფეროს კონცეფციის რეკონსტრუქციის მცდელობისას? რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ხსენებული შეკითხვით მიმართა აშშ-ში, უილსონის ცენტრის გლობალური ევროპის პროგრამის თავმჯდომარემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა იენს სტოლტენბერგს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო საიმისოდ, რომ მეზობელ ქვეყნებზე კონტროლი დაამყაროს. „ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე... ის საქართველოში შევიდა 2008 წელს... მოლდოვაში განაგრძობენ რუსული ჯარის ყოფნას მთავრობის თანხმობის გარეშე, და ჩვენ გვაქვს აგრესიული ქცევის ეს მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ, მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვხედავ რაიმე საფრთხეს ან რაიმე რისკს, გარდაუვალ რისკს სამხედრო თავდასხმისთვის NATO-ს მოკავშირე ქვეყანაზე. და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი არ ავურიოთ. რადგან NATO-ს მთელი მიზანი ომის თავიდან აცილებაა, სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება. ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ 75 წლის განმავლობაში, თუნდაც ცივი ომის ყველაზე სახიფათო და ყველაზე ცივ პერიოდში... ჩვენ გვქონდა დასავლეთ ბერლინის მაგალითი, აღმოსავლეთ გერმანიის შუაგულში. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევძელით, შეგვეკავებინა საბჭოთა ან რუსული აგრესია NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ, რადგან ასე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე იქნება თავდასხმა ყველა მოკავშირეზე. NATO-ს ისტორიაში პირველად, საბრძოლო მზადყოფნაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღალი მზადყოფნის შეიარაღებული ძალებით. ახლა ჩვენ გვყავს 500 [ათასი] ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში, თავდაცვაზე მეტად მნიშვნელოვანი ხარჯებით, ინვესტიციებით მოწინავე თვითმფრინავებში F-35-ებში, გემებში, საბრძოლო ტანკებში, უამრავ მაღალი დონის შესაძლებლობებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ომში, არამედ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ომი. ვიდრე დარწმუნებულები ვართ, რომ მოსკოვში ან სხვა პოტენციური მოწინააღმდეგის სხვა დედაქალაქში გაუგებრობის, არასწორი გათვლების ადგილი არ იქნება, NATO-ს მოკავშირეზე სამხედრო შეტევა არ იქნება. ასე რომ, მე ამას ვამბობ, რადგან ხანდახან გეუფლება განცდა - „ხომ იცი, მხოლოდ წლების საკითხია, ვიდრე რუსეთი თავს დაესხმება.“ არა, NATO-ს მიზანია ამის თავიდან აცილება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ფილიპ რიკერმა მას ასევე ჰკითხა NATO-ს მომდევნო სამიტის მოლოდინებზე უკრაინასთან დაკავშირებით. უკვე ნათელია, რომ მომავალ თვეში, 75 წლის იუბილეზე, უკრაინა ვერ დაელოდება წევრობის მოწვევას. მაგრამ ამის ნაცვლად, დაანონსდა ერთგვარი „ხიდის“ შექმნა უკრაინისთვის NATO-ში მომავალი გაწევრიანებისკენ, რომელიც შემოიფარგლება აშშ-უკრაინის ორმხრივი უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით, რიგი სხვა ორმხრივი შეთანხმებებით - მოკავშირეების, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერით. რა გზავნილია ეს უკრაინისთვის? ეს ხიდი შეიძლება, ჩაითვალოს სანდოდ და განსხვავებულად იმისგან, რასაც ბევრი, განსაკუთრებით, უკრაინელი ხედავს, როგორც შეუსრულებელ დაპირებებად 2008 წლიდან 16 წლის განმავლობაში? მიმართა რიკერმა სტოლტენბერგს. იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ალიანსის წევრი მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება კონსენსუსი, როცა ყველა მოკავშირე თანახმა იქნება, რადგან მოგეხსენებათ, გაფართოებაზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. ასე რომ, საკმარისი არ არის, რომ NATO-ს მოკავშირეების უმრავლესობა (უკრაინის) მოწვევის მომხრე იყოს. ამასობაში, ჩვენ ვაშენებთ ამ ხიდს, ხელს ვუწყობთ უკრაინის NATO-ს წევრობასთან დაახლოებას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა გზით. ეს ასევე ნაჩვენები იქნება სამიტზე მომავალ თვეში. ჩვენს ბოლო სამიტზე ვილნიუსში, ჩვენ მოვხსენით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა, რომელსაც რეალურად შეიძლებოდა, მრავალი წელი დასჭირვებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინას არ სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპის გავლა, მათ შეუძლიათ, გადავიდნენ პირდაპირ შემდეგ ეტაპზე და მოწვევაზე. ასე რომ, ჩვენ გადავიყვანეთ უკრაინის გაწევრიანების მთელი პროცესი ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიანზე. ეს მათ ეხმარება NATO-ს წევრობასთან დაახლოებაში... ნება მომეცით, დავამატო კიდევ ერთი რამ წევრობის შესახებ... არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ბრძოლა უკრაინაში. მაგრამ როდესაც ის დასრულდება, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს არის მშვიდობა და არა  - მხოლოდ პაუზა, ვიდრე რუსეთი ახალ თავდასხმებს განახორციელებს, რადგან, როგორც ვთქვი, ჯერ იყო საქართველო 2008 წელს, შემდეგ ყირიმი 2014-ში, შემდეგ აღმოსავლეთ დონბასი, შემდეგ მინსკი 1, მინსკი 2 და მთელი ეს დრო რუსეთი უფრო შორს წავიდა და შემდეგ მათ ჰქონდათ პაუზა. აღადგინეს თავიანთი ძალები და შემდეგ დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამდენად, ერთი მხრივ, 2014 წლის ზამთრის შემდეგ იყო რუსეთის მუდმივი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა პირობა ნამდვილად არ იყო დაცული... როდესაც უკრაინაში ბრძოლები დასრულდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ეს არის დასასრული; რომ ის აქ ჩერდება. ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი უკრაინის შეიარაღებული ძალები, რათა მათ შეძლონ მომავალში რუსული აგრესიის შეკავება. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების საბოლოო გარანტია არის მეხუთე მუხლი, NATO... ეს ყველაფერი ეხება უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას,“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.  

პენტაგონმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების არეალი გაუფართოვა

პენტაგონის განმარტებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენება, მხოლოდ ხარკოვის მახლობლად მდებარე ტერიტორიით არ შემოიფარგლება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არამხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა. „საპასუხო სროლის უნარი არის ის, რისკენაც ეს პოლიტიკაა მიმართული. როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, უკრაინას შეუძლია, უპასუხოს ამ სახმელეთო ძალებს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით,” - აღნიშნა რაიდერმა და დაამატა, რომ ეს არის თავდაცვა და ამიტომ, აზრი აქვს იმას, რომ უკრაინას ასეთი შესაძლებლობა ჰქონდეს. რაიდერის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი საზღვრები, როგორც უსაფრთხო ზონა ცეცხლის გასახსნელად და უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად, ასევე შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად. „ასე რომ, კიდევ ერთხელ, ვხედავთ რა იმ ძალებს, რომლებიც აწარმოებენ ამ ტიპის ოპერაციებს საზღვრის მიღმა, ჩვენ განვმარტეთ, რომ უკრაინას შეუძლია და აქვს უფლება, გახსნას საპასუხო ცეცხლი თავის დასაცავად,“ - განაცხადა რაიდერმა. კითხვას, იგულისხმება თუ არა უფრო ფართო ტერიტორია და არა მხოლოდ ხარკოვი, პენტაგონის პრესსპიკერმა უპასუხა: „სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რომელიც გულისხმობს საპასუხო ცეცხლის გახსნას, როცა თავს გესხმიან.“ გარდა ამისა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Politico-ს 20 ივნისს დაუდასტურეს, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეიძლება, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად, სადაც რუსული ძალები განახორციელებენ ტრანსსასაზღვრო თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე და არამხოლოდ ხარკოვის ოლქის საზღვართან. ამასთან, ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ ეს იყო პოლიტიკის არსებითი ცვლილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომელიც უკრაინას აძლევდა ნებართვას, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთში "მხოლოდ ხარკოვის ტერიტორიის მახლობლად." ოფიციალური პირების განმარტებით, ვაშინგტონის თავდაპირველი ნებართვა საზღვრის გადაღმა ცეცხლის გახსნის შესახებ, ხარკოვის ოლქის წინააღმდეგ რუსეთის შეტევის კონტექსტში გაიცა, მაგრამ ასევე არ გამორიცხავდა რეაგირებას სხვა რეგიონებში, საზღვრისპირა თავდასხმებზე. ოფიციალურმა პირებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკა, რომელიც კრძალავს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას, „არ შეცვლილა." აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 17 ივნისს განუცხადა PBS News-ს, რომ თუ მოსკოვი დაიწყებდა შეტევას სუმის ოლქის წინააღმდეგ, კიევს ექნება ნებართვა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით, სუმის საზღვართან. რა გადაწყვეტილებას ამზადებს თეთრი სახლი უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე 30 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. უკრაინამ 31 მაისს დაადასტურა, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე.  მანამდე „გარდიანთან“ მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკიმ ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უფლება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი "ძლიერი" იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში, ვიდრე ხარკოვის მეზობელი სასაზღვრო ტერიტორიებია. 31 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას გერმანიამაც მისცა ნებართვა, მისგან მიღებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა და გადაწყვეტილება ახსნა ხარკოვის ოლქზე ბოლო დროს რუსეთის საზღვრიდან განხორციელებული თავდასხმებით. მაისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია განახორციელოს დარტყმები ბრიტანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

სანდუმ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 21 ივნისს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ით გაავრცელა. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს არის ჩვენი გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისაკენ,“ - დაწერა სანდუმ. მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება. სანდუმ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი კრისტინა გერასიმოვი მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა. სანდუს თქმით, ის მოელის, რომ მოლდოვა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლისთვის. 7 ივნისს, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ  ევროინტეგრაციის რეფორმების განხორციელების მხრივ, უკრაინის და მოლდოვის პროგრესს დადებითად აფასებს   

სკანდინავიის ქვეყნები სამხედრო-სატრანსპორტო დერეფანს ქმნიან

ჩრდილოეთ ევროპის სამი ქვეყანა - ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ჯარისკაცბისა და სამხედრო ტექნიკის სწრაფი გადაადგილების მიზნით, სატრანსპორტო დერეფანს ქმნის ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ. კერძოდ, ბოდოში გამართულ სამიტზე გადაწყდა დერეფნის შექმნა სკანდინავიის ჩრდილოეთით პერსონალის გადასაყვანად. კერძოდ, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი სამხედრო საჭიროებისთვის საერთო სატრანსპორტო დერეფანს შექმნიან. “ეს ხელს შეუწყობს პერსონალის გადაყვანას ნორვეგიის პორტებიდან შვედეთსა და ფინეთში, საჭიროების შემთხვევაში, ბევრად უფრო სწრაფად,“ განაცხადა ჩრდილოეთ ევროპის სამმა ქვეყანამ თავდაცვის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს, 20 ივნისს, ბოდოში, ნორვეგიაში ჩატარდა. ეს გადაწყვეტილება არის პასუხი სამხედრო ძალების საზღვრებს გარეთ გადაყვანის პოტენციურ საჭიროებაზე. მარშრუტი სამი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში გაივლის. „ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი NATO-ში ვართ, შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ სრულიად განსხვავებული გზით, დავიცვათ ერთმანეთი,“ - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ- მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ადრე, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების დაგეგმვისას, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ადგენდნენ მარშრუტებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. „ახლა ჩვენ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე,“ - განაცხადა ნორვეგიის მთავრობის ხელმძღვანელმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა ერთობლივად წარადგინეს განაცხადები NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთი გახდა ალიანსის 31-ე წევრი 2023 წელს, რასაც 2024 წლის მარტში შვედეთის გაწევრიანება მოჰყვა.  

აშშ-ში, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „Kaspersky-ს“, რუსეთთან კავშირების გამო აკრძალავენ

აშშ-მ გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „კასპერსკი“ კრემლთან სავარაუდო კავშირების გამო აკრძალოს. კომპანია ვეღარ შეძლებს თავისი პროდუქტის გაყიდვას ან განახლებას შეერთებულ შტატებში. ასეთი ზომების მიღება კი, რუსული კიბერთავდასხმების საფრთხის ფონზე გახდა საჭირო. ვაჭრობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კომპანიის კავშირები მოსკოვთან საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებში მომხმარებლებს. „მოსკოვის გავლენა კომპანიაზე, მნიშვნელოვან რისკს უქმნის აშშ-ის ინფრასტრუქტურასა და სერვისებს,“ განაცხადა ხუთშაბათს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ. „რუსეთმა აჩვენა, რომ აქვს შესაძლებლობა და განზრახვა, გამოიყენოს რუსული კომპანიები, მაგალითად, „კასპერსკი“ ამერიკელთა პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად და მათ იარაღად გამოსაყენებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ იძულებული ვართ, მივიღოთ ზომები, რომლებსაც დღეს ვაწესებთ,“ – ნათქვამია რაიმონდოს განცხადებაში. აკრძალვა ძალაში 29 სექტემბრიდან შევა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ ახალი ალტერნატივები. თავად კომპანიაში კი, აცხადებენ, რომ მათი ქმედებები საფრთხეს არ უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და გადაწყვეტილება „გეოპოლიტიკურ კლიმატსა და თეორიულ შეშფოთებებს“ ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალეროვნული ფირმის სათაო ოფისი მოსკოვშია, მას ოფისები  აქვს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, ემსახურება 400 მილიონზე მეტ მომხმარებელს და 270,000 კორპორატიულ კლიენტს 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია დიდი ხანია, აშშ-ის მარეგულირებლების სამიზნეა. 2017 წელს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა „კასპერსკის“ ფლაგმანი ანტივირუსული პროდუქტი რუსეთის დაზვერვასთან კავშირების ბრალდების გამო აკრძალა.  

რა შევა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრობს და ასახელებს იმ სექტორებს, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები შეეხება. ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ახალი სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ გაურთულოს პუტინის მთავრობას აგრესიული ომის წარმოება. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების მძლავრ კომპლექტზე, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ძალისხმევას. ის სამიზნეში იღებს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლას, სამხედრო დანაშაულებს. მათ შორის, სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში,“ – წერს ბორელი სოციალურ ქსელში. Euobserver-ი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს აკრძალვებს რუსული გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებაზე, ჰელიუმის ექსპორტზე და შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე წვდომაში. სანქციების სიაში შეიძლება მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, „რუსული სპილენძის კომპანიის“ დამაარსებელი იგორ ალტუშკინი, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი და კომპანია „ბალტიკის“ ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ ბოლოევი. ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, 27-28 ივნისს მიიღებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ უნდა შეეხოს - შვედეთი  

ზელენსკი: ევროკავშირმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო, მოუთმენლად ველით 25 ივნისს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინაც მომავალ კვირას დაიწყებს. მოლაპარაკებების ჩარჩო ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ დღეს, 21 ივნისს, დაამტკიცა. ზელენსკიმ მოლდოვას მიულოცა წინგადადგმული ნაბიჯი და აღნიშნა, რომ ისინი ერთად გააძლიერებენ ევროკავშირს. „დღეს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მადლობელი ვარ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის, მათი ძლიერი პოლიტიკური ნების გამო. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ კვირას, 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი თავიანთ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას გამართავენ, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესს გახსნის. მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ევროკავშირს. „მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, მათი ვინც ბევრი იშრომა ამ ისტორიული ნაბიჯის რეალობად ქცევისთვის. მილიონობით უკრაინელის და მართლაც, ჩვენი ხალხის თაობა ახორციელებს თავის ევროპულ ოცნებას. უკრაინა ბრუნდება ევროპაში, რასაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. სანდუმ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა  

კულებამ მიანიშნა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთის მონაწილეობა მშვიდობის მომდევნო სამიტში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ კიევი რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებს არ ესწრაფვის, მაგრამ მისი მონაწილეობა მშვიდობის მომდევნო სამიტში შესაძლებელია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატით. უკრაინული მედიის ცნობით, კულებამ ეს ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ვინ შეიძლება, წარმოადგენდეს რუსეთს სამიტზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხსენებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შესახებ მოლაპარაკების „ძალიან წარმატებული გამოცდილება“, როცა უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქეთსა და გაეროსთან, ხოლო გაერო და თურქეთი - რუსეთთან. „და შეთანხმება გამოიყურებოდა როგორც დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა თურქეთს, გაეროსა და უკრაინას შორის და ასევე თურქეთს, გაეროსა და რუსეთს შორის და ასე შედგა შეთანხმება,“ - აღნიშნა კულებამ. მანვე განაცხადა, რომ კიევს დიდად არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, თუ გავითვალისწინებთ მის დანაშაულს და მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს, მოსპოს უკრაინის სახელმწიფო. შვეიცარიამ, სადაც მშვიდობის სამიტი გაიმართა, განაცხადა, რომ სამიტის შედეგებს განიხილავს რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეხვედრაში. შვეიცარიამ ამასთან გაიმეორა, რომ რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში საკვანძოა. მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს მშვიდობის საფუძვლების შესახებ. უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ შემაჯამებელი კომუნიკედან ხელმოწერა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამიტის მასპინძელი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, 17 ივნისს განახლებულ სიაზე დაყრდნობით წერს, რომ მასში აღარ არის რუანდა. ერთი დღით ადრე, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელმოწერები ერაყმა და იორდანიამ გაიწვიეს, რუანდა სიაში იყო. ამასთან, ხელმომწერთა სიას 17 ივნისს დაემატა მსოფლიო საპატრიარქო.  

"თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს

საქართველოს პრეზიდენტი  ვიდეომიმართვას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს, რომ ისინი "გაურკვევლობაში არიან", როცა "ერთი რამ უნდა თქვან და მეორე რამ სწამთ." საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ყველა ელჩი გუშინ და დღეს შეკრებილნი ხართ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, შუაგულ ევროპაში. იმ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და მთელ ამ გზაზე მოგვყვებოდა და მხარს გვიჭერდა. ქვეყანა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ასოცირების გადაწყვეტილებისას, ასევე, ვიზალიბერალიზაციისა, დაბოლოს, ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა. და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული. მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა,“ ამბობს პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში  20 ივნისს განუცხადა, რომ მან შეხვედრა გამართა საქართველოს ელჩებთან. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე,“ - განაცხადა კობახიძემ. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის  

ანკარა მიესალმა ერევნის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ უწყების განცხადებაში ვკითხულობთ. „მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით, ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა. სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ 21 ივნისს აღიარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი  

მედია: ჩინეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რათა უზრუნველყოს მეტი წვდომა იაპონიის ზღვაში

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ დისკუსიას, რომ გემებს სასაზღვრო მდინარეზე, იაპონიის ზღვაში ნავიგაციის ნება დართონ, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა მოახდინოს ტოკიოს უსაფრთხოებაზე. ამ შინაარსის სტატიას nikkei.com ავრცელებს. მდინარე ტიუმენი აღმოსავლეთით ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გასწვრივ მიედინება და საბოლოოდ, აღწევს რუსეთის საზღვრებს, ვიდრე იაპონიის ზღვაში ჩაედინება. ჩინურმა გემებმა ორი მეზობლისაგან უნდა მიიღონ ნებართვა, თუ ისინი იმედოვნებენ, რომ გაცურავენ ჩინეთის ჯილინის პროვინციას და იაპონიის ზღვამდე მისასვლელად ბოლო 9 მილს გაივლიან. სტატიაში წერია, რომ ჩინეთის კომერციული აქტივობის ზრდა რეგიონში, სავარაუდოდ, გამოიწვევს ჩინეთის საზღვაო ძალების გაძლიერებას. ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, ამან შესაძლოა, იაპონია აიძულოს, იგივე გააკეთოს და ძალები გააფართოოს ორივე ქვეყნის სადავო ზონაში. ჩინურ გემებს ამჟამად მხოლოდ მდინარეზე შეუძლიათ თავისუფლად ნავიგაცია სოფელ ფანჩუანამდე, რომელიც ჩილინის პროვინციის აღმოსავლეთით მდებარეობს.  იაპონიის ზღვამდე დარჩენილი 15-კილომეტრიანი მონაკვეთის ნავიგაციისთვის საჭიროა როგორც რუსეთის, ასევე, ჩრდილოეთ კორეის ნებართვა. საბჭოთა პერიოდის, 7 მეტრის სიმაღლის ხიდი ასევე ბლოკავს უფრო დიდი გემების გავლას. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში სამიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ახსენეს, რომ ქვეყნები მდინარე ტუმენის შესახებ"კონსტრუქციულ დიალოგში" ჩაერთვებიან ჩრდილოეთ კორეასთან. ჩინეთი ისტორიულად ფლობდა ამ ტერიტორიას, ვიდრე მას რუსეთის იმპერია 1860-იან წლებში აკონტროლებდა. ჩინეთმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, დაუშვან ჩინური გემების ნავიგაცია იაპონიის ზღვამდე და მის ნაპირებთან სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის წინადადებაც წამოაყენა. რუსეთი თავს არიდებდა ამ იდეას, წუხდა რა, რომ ეს გაზრდიდა ჩინეთის გავლენას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. მაგრამ მისი დამოკიდებულება იცვლება, რადგან ძალთა ბალანსი იცვლება მოსკოვს, პეკინსა და ფხენიანს შორის. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსეთი ვაჭრობის სფეროში სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთში ენერგიის ექსპორტი გაიზარდა. მოსკოვი ასევე იყენებს ჩინეთის ელექტრონულ კომპონენტებსა და ავტომობილებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 2023 წელს მთლიანი რაოდენობის 37%-მდე გაიზარდა ომამდე არსებული 22%-დან. სანქციებმა ასევე დააახლოვა რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და სხვა იარაღი მიაწოდა.  „ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, დათანხმდება მოლაპარაკებებს მდინარე ტუმენთან დაკავშირებით,“ განაცხადა ვან ვენმა, ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის ფინანსური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დეკანმა. ჩინეთი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის თანხმობით, ტუმენის გაფართოებას და ხიდის დანგრევას განიხილავს. უფრო დიდი გემებისთვის ნავიგაციის უფლების მიცემა „გაადვილებს ჩინეთისთვის მარაგების იაფ ტრანსპორტირებას საზღვაო გზით და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გაცვლას ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასთან, მათ შორის, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან,“ - აღნიშნა ვანმა. ამ ცვლილებამ ასევე შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუკი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები გააქტიურდებიან იაპონიის ზღვაში, იაპონიას დასჭირდება, გადაამისამართოს საკუთარი სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ წყლებს ტოკიოსა და პეკინს შორის სადავო სენკაკუს კუნძულებთან. ამან კი, რიგი ანალიტიკოსების შეფასებით, შეიძლება, შეასუსტოს მონიტორინგი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. სი ძინპინისა და პუტინის ერთობლივ განცხადებაში ასევე ასახულია გაფართოებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირების გეგმები. ჩინეთისა და რუსეთის ძალებმა ერთობლივი საზღვაო და საჰაერო წვრთნები ჩაატარეს იაპონიის ზღვაში. ჩინეთის სანაპირო დაცვის გაზრდილმა ყოფნამ, რომელიც არსებითად ფუნქციონირებს როგორც მეორე საზღვაო ფლოტი, შეიძლება, გააფართოოს ასეთი საქმიანობის სფერო ამ მხარეში. Nikkei-ის ამ სტატიამ სპეკულაცია გამოიწვია სოციალურ მედიაში, რომ პუტინი დაუთმობს ან მიყიდის რუსეთის ტერიტორიას ჩინეთს,“ - დაწერა ოთხშაბათს X-ზე გარი კასპაროვმა, Renew Democracy Initiative-ის თავმჯდომარემ. „პუტინი 15 წელზე მეტია, ჩინეთს იაფად მიჰყიდის რუსულ რესურსებს, მიწას და ავტონომიას,“ - წერს კასპაროვი. მისი თქმით, „ახლა ის აჩქარებს, რადგან უკრაინასთან მისმა ომმა და ამის გამო დაწესებულმა სანქციებმა, ტექნიკური, ფულადი სახსრებისა და იარაღის კომპონენტებზე ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერის საჭიროება გაზარდა. „იმავდროულად, სი ძინპინმა უნდა შეაგროვოს რესურსები ხელსაყრელ ფასებში, რათა დაამშვიდოს ჩინეთის მოქალაქეები, რადგან ქვეყნის ეკონომიკა შენელდება,“ ასკვნის კასპაროვი. აზია-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჰადსონის ინსტიტუტში, პატრიკ კრონინი გამორიცხავს ამ სცენარს და მას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. „პუტინმა იცის, როგორ მიიპყროს აშშ-ის პოლიტიკოსების ყურადღება, მაგრამ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მიწის გაყიდვა აძლიერებს ნდობას და აჭარბებს მის უზარმაზარ ძალას რუსეთის სახელმწიფოშიც კი,“ განუცხადა კრონინმა Newsweek-ს. თუმცა პეკინს თვალი უჭირავს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილზე. გასულ წელს, ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა დავალება, რომ ახალ რუკებში გამოყენებულიყო ჩინური სახელები ვლადივოსტოკისთვის და რეგიონის შვიდი სხვა ქალაქისთვის. „ახალ რუკაზე ასევე ასახული იყო ბოლშოი უსურიისკი, რომელიც ჩინეთში ცნობილია როგორც ჰეიქსიაზი (შავი დათვი) კუნძული - მთლიანად ჩინეთის ტერიტორიაზე. კუნძული მდინარეების  - უსურის და ამურის შესართავთან მდებარეობს და ერთობლივი საკუთრებაა მას შემდეგ, რაც ორმა მეზობელმა 2008 წელს მიაღწია სასაზღვრო შეთანხმებას,“ წერს გამოცემა, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ ჩინეთი რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, მეტი წვდომის უზრუნველსაყოფად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მდინარეზე, რომელიც იაპონიის ზღვაში მიედინება. როგორც Newsweek-ი დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, იაპონიის ზღვაზე უფრო დიდმა წვდომამ შესაძლოა, ტოკიოზე ზეწოლა მოახდინოს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მოკავშირე იაპონიას ჩინეთთან აქვს ტერიტორიულ დავა სენკაკუს კუნძულებთან დაკავშირებით. ჩინეთს მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ჩრდილოეთ კორეაზე, როგორც ქვეყნის მთავარ მოკავშირეზე, და უფრო მეტად - რუსეთზეც. რუსეთი ჩინეთთან ვაჭრობას დიდად ეყრდნობოდა და ჩინეთის ვალუტაში გადახდებსაც აქტიურად იყენებდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ, მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდა. „თუკი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები გააქტიურდებიან იაპონიის ზღვაში, იაპონიას დასჭირდება, გადაამისამართოს საკუთარი სანაპირო დაცვის ხომალდები, რომლებიც ამჟამად აკონტროლებენ წყლებს სენკაკუს კუნძულების მახლობლად,“ - ამბობს გამოცემასთან ჩისაკო მასუო, სოციალური და კულტურული კვლევების უმაღლესი სკოლის პროფესორი.  

ლონდონმა შუა დერეფნის განვითარების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) პროექტზე კონფერენცია ლონდონში, 11 ივნისს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC). კონფერენცია დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და თურქეთის ელჩების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება დაიწყო CPC-ს პრეზიდენტის ეფგან ნიფტის მისასალმებელი სიტყვებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „კასპიის რეგიონი არის ფარული ძვირფასი ქვა, რომელიც სავსეა პოტენციალით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის.“ „სწორედ აქ ჩნდება შუა დერეფანი, როგორც „თამაშის შემცვლელი.“ მარშრუტების ეს ქსელი ხელახლა განსაზღვრავს კავშირს, გვთავაზობს უფრო სწრაფ და ეფექტიან გადასასვლელს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. რუსეთის სავაჭრო მარშრუტებს აფერხებს სანქციები, ხოლო საზღვაო ვაჭრობა შეზღუდულია ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო. აშკარაა სავაჭრო გზების დივერსიფიკაციის აუცილებლობა. ამან ახალი იმპულსი შეიტანა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სატრანსპორტო კავშირის განვითარებაში. ისეთი პროექტების შემდგომი მხარდაჭერა, როგორიცაა, შუა დერეფანი, არამხოლოდ გააძლიერებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რეგიონში, არამედ, ხელს შეუწყობს რეგიონულ მიზნებს კავშირის, ენერგიის დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით,“ აღნიშნა ნიფტიმ. ღონისძიებაზე განიხილებოდა ნაბიჯები, რათა აღმოიფხვრას ინსტიტუციური დაბრკოლებები ბიზნესის წარმართვისთვის კასპიის რეგიონში და ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოება შუა დერეფნის ფარგლებში. გარდა ამისა, კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმობა შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, UK Export Finance, TheCityUK-ის და სხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი იწყება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით. აზერბაიჯანის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ელინ სულეიმანოვმა განიხილა შუა დერეფნის გაზრდილი მნიშვნელობა, ასევე, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება კავშირისა და მწვანე ენერგეტიკის ტრანსფორმაციის მიმართულებით. „ისრაელს [და ღაზის] შორის უახლესი [კონფლიქტის] შემთხვევაში, თქვენ მიგაჩნიათ, რომ მთელი საჰაერო მიმოსვლა აზიასა და ევროპას შორის ძირითადად აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება. ეს თავისთავად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ეს ნაწილი.“ „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად მწვანე ენერგიის ევროპის ბაზრებზე მიწოდებაზე. ენერგია მიდის აზერბაიჯანში, საქართველოში, შავი ზღვის ქვეშ, რუმინეთში, შემდეგ კი, უნგრეთში.“ ოსმან კორაი ერთაშმა, თურქეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ყურადღება გაამახვილა რეგიონში მდგრადი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური განვითარების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა რკინიგზაში, მილსადენებსა და ენერგეტიკაში ინვესტირების მნიშვნელობას. ევროპელი ინვესტორების მხრიდან შუა დერეფნის მიმართ მზარდი ინტერესის განხილვისას, ელჩმა ერთაშმა ხაზგასმით აღნიშნა: „ევროკავშირის ინვესტორთა სამიტი მისასალმებელი ინიციატივა იყო ყველა ჩვენგანისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული თანხა, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს, საკმაოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.  თურქეთის ელჩმა გააფართოვა თავისი ქვეყნის როლი შუა დერეფანში: „არსებობს მსხვილი პროექტები, როგორიცაა, რკინიგზა, მილსადენები... იგივე ეხება აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს, რომელიც ევროპაში TANAP-ით საქართველომდე გავიდა... უკვე ბევრი ინვესტიცია გვაქვს ამ დერეფანში და მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი გავაკეთოთ.“ „შუა დერეფნის პოტენციური კომერციული და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რეგიონის ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა იყოს ეფექტური, მდგრადი და განვითარების თვალსაზრისით გამართლებული. ეს კონფერენცია შეისწავლის დერეფნის გასწვრივ ბიზნესის კოორდინაციის, პრიორიტეტებისა და ეფექტურად წარმართვის გზებს,“ - წერდა CPC ღონისძიების შესახებ.  

ირაკლი კოპლატაძე: ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ, დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს

საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე განცხადებას ავრცელებს. „ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი. ამასობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მივედით იმ ნიშნულამდე, როცა საჭირო იყო გაწევრიანების საფინალო ნახტომის განხორციელება: 2014 წლის NATO-ს უელსის სამიტზე მივიღეთ NATO-ს არაწევრი უახლოესი ქვეყნის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი და „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი“ (SNGP), რომელიც განახლდა 2020 წელს; 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა NATO-ს „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომები“ (TSM); 2023 წლის 14 დეკემბერს კი მივიღეთ ევროკავშირის საოცნებო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი... მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის თითოეულ ჩემს კოლეგას, შინ თუ გარეთ, საერთაშორისო დონის ქართველ ელჩებს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი საელჩოების თანამშრომლებს, მინისტრებს, პრემიერებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა და ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებელ ისტორიულ გზაზე. დღეს მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩემი პედაგოგების, შემდგომში კოლეგების და უფროსი მეგობრების: გელა ჩარკვიანის, ალექსანდრე რონდელის და ლევან ალექსიძის ნათელ ხსოვნას; ასევე, მინდა მადლიერებით გავიხსენო ჩემი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც დღეს ცნობილი პროფესიონალები, სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები არიან. განუსაზღვრელი და დაუფასებელია დიპლომატიურ სამყაროში და განსაკუთრებით, საქართველოში, ოჯახის თავგანწირვა და თვითშეწირვა მისიებში მსახურებისას; ამიტომ, საჯაროდ ვუხდი მადლობას ჩემს ოჯახს, მეუღლეს, რომელმაც ჩემთან ერთად 18 წელი მიუძღვნა მისიებში მუშაობას და შვილებს, რომლებმაც სწავლის, განათლების და საქმიანობის უმეტესი წლები უცხოეთში გაატარეს, მაგრამ ამჟამად საქართველოში თავიანთი პროფესიების შესაბამისად საქმიანობენ, არიან ტრადიციული ქართველები და ლაღი, თავისუფალი, თანამედროვე ევროპელები. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან). მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! #სადმივდივართ?ევროპაში! P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და გამარჯვებას, სილაღეს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში - ბიჭებს, რომლებმაც ქვეყანასაც და ჩვენც, დიპლომატებსაც, დაგვასწრეს ევროპაში შესვლა. P.S.S. დღევანდელ პოსტს ვურთავ საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის მიერ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გამოშვებულ საფოსტო მარკას, რომლისთვისაც აქამდე ხელი არ მიხლია. ახლა კი, დიპ. პასპორტის ნაცვლად, ამ საფოსტო მარკებით ვუგზავნი ჩემს საუკეთესო „ვაიბებს“ პოსტის ადრესატებს...“ - წერს კოპლატაძე. განახლება: ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ,ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. "შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს," - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს "თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი საქართველოს ელჩებს  

გიორგი ქოჩორაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეორე შეხვედრას გამართავს. ჩეხეთთან მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. „თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება. თურქეთთან ორიენტირებული საკუთარ თამაშზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა. მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა. „შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ. ამიტომ 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა. მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებულნი. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი თამაში, ნახო, რა გამოგდის და რა – არა. ცხადია, გულდასაწყვეტი იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით. მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა, გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა,“ – განაცხადა სანიოლმა. ჩეხეთთან ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმაც. „ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყოფნა ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ყველა გუნდი ჩვენ წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც შევეცდებით, როგორც ყოველთვის, თავი დავიცვათ და ვიბრძოლოთ. ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ასეთ დონეზე თამაშის შანსი გვაქვს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ვფიქრობ, ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, შეხვედრაზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს. რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით. მოედანზე ისე არ უნდა გავიდე, როგორც ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნო. როდესაც საქმიდან სიამოვნებას იღებ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოგდის. ჩემი დანიშნულებაც ესაა, ვისიამოვნო და თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვეთანხმები, მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია. შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის. მაგალითად, მე ყოველდღე ვმუშაობ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწო. თუ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქის თამაშის ყურება, მაქსიმუმ, 5-10 წუთით დავაკვირდე და გავიგო, რას წარმოადგენს,“ – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.