ძებნის რეზულტატი:
სად და რამდენი ხნით აღდგება წყლის მიწოდება - GWP-ს გრაფიკი
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის. კომპანიის ცნობით, ხვალ, 18 ივნისს შეძლებენ დააზუსტონ ინფორმაცია, რა დრო დასჭირდება სამუშაოები სოფელ წიწამურთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში ამუშავდა, შედეგად, წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი შემცირდა - ნაცვლად 110 000 აბონენტისა დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63 351 აბონენტს. მათივე განცხადებით, დღის განმავლობაში, წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე, შესაბამისად წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა, კერძოდ: არეალი N1 ყოველდღე დილის 07:30 საათიდან 10:30 საათამდე აღდგება წყალმომარაგება შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას I, II, III (N1 დან - N19 მდე კორპუსები) კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირი N43-71 (კენტ ნომრებს) და N52-70 (ლუწ ნომრებს), ნუცუბიძის ქ. N1-131 (კენტ ნომრებს) და N2-82 (ლუწ ნომრებს), ყაზბეგის გამზირი N30-46 (ლუწ ნომრებს), ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, ირაკლი გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩებს, იოველ ჯებაშვილის ქუჩას და 1 გასასვლელს, აფხაიძის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის N1-27 (კენტ ნომრებს) და N2-24 (ლუწ ნომრებს); ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის N28-46 (ლუწ ნომრებს), N13-19 (კენტ ნომრებს), ალასანიას, ლვოვის N83-97 (კენტ ნომრებს), N92-98 (ლუწ ნომრებს), ონიაშვილის N61-89 (კენტ ნომრებს) და N64-80 (ლუწ ნომრებს), მ.ასათიანის N 9,10,11,14; არეალი N2 ყოველდღე, დილის 10:30 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება შემდეგ მისამართებზე: პეტრე ქავთარაძის ქუჩა N32-42; 21-27; ნუცუბიძის N131-179; N80-86; მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა,9,10,11,12,13,14,15,16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზირის N75,77,79 ვაჟა-ფშაველას N72-80(ლუწ ნომრებს); თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ვაჟას მე-7 კვარტლის N25 კორპუსს, ჟღენტის ქუჩა N2, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, წყნეთის გზატკეცილს, მალხაზ დოლიძის ქუცას და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩას და ბაგების საერთო საცხოვრებელს. ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84,,თამარაშვილის N1, 2ა, 3, 4, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის და ამაღლობლის ქუჩებს, ჩოლოყაშვილის გამზირს; ვაკის რაიონში: ნუცუბიძის I, II მიკრორაიონებს, IV მიკრორაიონის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 10, 10ბ, 11, 12, 33, 34, 35, 36 კორპუსებს, ნუცუბიძის ფერდობს, ფერმწერთა ქუჩას შესახვევებს და ჩიხებს, ვარაზის, ბანძელაძის, ქვემო აჟარის, ბესო ჟღენტის, მხატვართა, კაპანელის და ძოწის ქუჩებს, ნუცუბიძის ქუჩა N211, 217, 221, 223, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N3, 5, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ა.იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) და ფხაკაძის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N4 კორპუსს. არეალი N3 ყოველდღე, დღის 14:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება შემდეგ მისამართებზე: ნუცუბიძის III მიკრორაიონს, I მიკრორაიონის N1-დან N10-ის ჩათვლით კორპუსები, პიკასოს, შავგულიძის, ჟღენტის, ნადირაძის, შავიშვილის, სანდრო ეულის, ე.მინდელის ქუჩა N1,2,3,5,7,10,11, მამასახლისოვის და თოფურიას ქუჩებს, ნუცუბიძის ქუჩა N179-დან N201-მდე, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის N19-დან N27 ჩათვლით, ვაჟა-ფშაველას IV, V, VI, VII კვარტლებს. არეალი N4 ყოველდღე, დღის 14:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება შემდეგ მისამართებზე: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N 7, 8, 9, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19ა, 19ბ, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 38 კორპუსებს, ნუცუბიძის V პლატოს, ვარაზის, ლისის ტბა, ზემო ლისი, ქვემო ლისი, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, ამბერკი ტაბიძის, ნ. ზაალიშვილის, თვალჭრელიძის, ე. აფხაიძის, ბიწაძის, კედრის ქუჩებს. სოფელ თხინვალას, თხინვალას აგარაკი 1, აგარაკი 2, შუა მინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს, ერეკლე დანელიას, კოსტა მაისურაძის, კობა სერგიას, გიორგი ბერიკაშვილის ქუჩებს. არეალი N5 (თბილისის ზედა ზონები) ყოველდღე, დილის 07:30 საათიდან 11:00 საათამდე წყალმომარაგებს აღდგება შემდეგ მისამართებზე: წყნეთი - დიმიტრი ამილახვარის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, საირმის, მერაბ კოსტავას, ქეთევან წამებულის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ლესელიძის, გიორგი ლეონიძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ქეთქეთების, სოფიკო ჭიაურელის, მძლეთის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, იოსებ გრიშაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, გიორგი სააკაძის, თამარ მეფის, დიდგორის, ლადო გუდიაშვილის, მაია წყნეთელის, სოხუმის, მწვანე ქუჩას, გაგრის, "ა" ზონას, გიორგი შერვაშიძის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნიკო ფიროსმანის, იაკობ გოგებაშვილის, წყნეთის, დავით აღმაშენებლის, ევროპის, 9 აპრილის, ცოტნე დადიანის, დიმიტრი თავდადებულის, ილიკო სუხიშვილის, ბათუ კრავეიშვილის, იფნის ბაღის, ალუბლების და ვაშლის ბაღების ქუჩებს. არეალი N6 (თბილისის ზედა ზონები) ყოველდღე, დილის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგებს აღდგება შემდეგ მისამართებზე: წყნეთი - რუსთაველის ქუჩა N106-130 (ლუწ ნომრებს), წერეთლის, ყაზბეგის, გორგასლის, გურამიშვილის, აფხაზეთის, აბაშიძის, გაგრის, ამილახვრის ქუჩა N33-45(კენტ ნომრებს) N3,4,5, ამილახვრის ჩიხებს, სოფელ ახალდაბას. არეალი N7 (თბილისის ზედა ზონები) ყოველდღე, დღის 16:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება აღდგება დაბა კოჯორში, კიკეთში, სოფელ ბეთანიაში, წავკისში, კვესეთში და სამადლოში.არეალი N8 (თბილისის ზედა ზონები) სოფელ ტაბახმელასა და სოფელ შინდისს დღეს, 17 ივნისს, საღამოს 20:00 საათიდან წყალმომარაგება სრულად აღუდგება კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აბონენტებს, რომელთა მისამართებიც არ არის მოცემული აღნიშნულ არეალებში და ამ ეტაპზე არ მიეწოდება წყალი, 18 ივნისის დილის 08:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად სრულად აღუდგება.
NATO-ს მეტი ბირთვული შეიარაღების განლაგება და მზადყოფნაში მოყვანა სურს
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) აცხადებს, რომ ის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე, მათი საცავებიდან ამოღებაზე და მზადყოფნის რეჟიმში განთავსებაზე. ალიანსი ამ ნაბიჯს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის საჭიროებით ხსნის. განცხადება მეტი ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე, ბრიტანულ გამოცემა "ტელეგრაფთან" საუბარში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მისი თქმით, წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტერვიუ ბრიტანულ გამოცემაში დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნდა. სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვულმა არსენალმა შემაკავებლის როლი უნდა შეასრულოს და პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. "ოპერაციულ დეტალებში არ შევალ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რამდენი შენახული, მაგრამ ჩვენ ამ საკითხებზე კონსულტაციები გვჭირდება და სწორედ ამას ვაკეთებთ," - განუცხადა მან გამოცემას და დასძინა: "გამჭვირვალობა პირდაპირი გზავნილის კომუნიკაციაში დაგვეხმარება, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ბირთვული ალიანსი ვართ." გენერალური მდივნის განმარტებით, ალიანსის მიზანია, სამყარო ბირთვული შეიარაღების გარეშე არსებობდეს. მაგრამ, "ჩვენ ბირთვულ ალიანსად ვრჩებით, რადგან ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღი ექნება და NATO-ს კი - არა, გაცილებით სახიფათო იქნებოდა." ბირთვულ შეიარაღებაზე სტოლტენბერგმა გასულ კვირას გამართულ, თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზეც ისაუბრა. მინისტერიალზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატომური იარაღი NATO-ს "უსაფრთხოების მთავარ გარანტიას" წარმოადგენს და ის მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება. რუსეთის პრეზიდენტმა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსკოვს, ექსტრემალურ ვითარებაში თავის დასაცავად, ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. კრემლი შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ უკრაინის სამხედრო დახმარებით, მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მიჰყავთ, იმის მიუხედავად, რომ ევროპის კონტინენტზე მასშტაბური ომი თავად დაიწყო. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში, რუსეთი მეზობელ სუვერენულ უკრაინაში განმეორებით შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კრემლმა ბირთვული მუქარა არაერთხელ გამოთქვა.
შვეიცარია მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას რუსეთთან და ჩინეთთან აპირებს
შვეიცარიას სურს, რომ უკრაინაში მშვიდობის საკითხზე 15-16 ივნისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგები განიხილოს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთაც მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც სამიტის შედეგებს მიეძღვნა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონფერენციის შედეგების "დეტალური განხილვა" იგეგმება იმ ქვეყნებთანაც, რომლებმაც უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, პირველ რიგში, ჩინეთთან. „ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში და ყოველ ორ კვირაში ვესაუბრებით საგარეო საქმეთა მინისტრს. ასე რომ, ვაპირებთ, რუსეთთან განვიხილოთ კონფერენციის შედეგები," - განაცხადა კასისმა. მშვიდობის სამიტის ორგანიზატორი ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობა, რაც ნიშნავს რუსეთის მონაწილეობასაც. თუმცა სამიტში მონაწილეობის მიწვევა მოსკოვისთვის არ გაუგზავნიათ. ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგი იყო უკრაინა. კასისის თქმით, მშვიდობის მიღწევის გზებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს და წინსვლის საერთო გზის ძიებისთვის აუცილებელია მათი გაერთიანება. მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან - 80. მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს. ამის მიზეზად, პირველ რიგში, მათ მოიყვანეს სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა. შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ. ბეთანიაჰუმ 2023 წლის 11 ოქტომბერს გადაწყვიტა „ომის კაბინეტის" შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ თვითონ ნეთანიაჰუ, ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი და სამი მინისტრი. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობას არ უნდა " წარმოედგინა არცერთი კანონპროექტი ან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხებოდა ომს", ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდებოდა ომის განმავლობაში. ახლა ნეთანიაჰუ არ აპირებს ომის ახალი კაბინეტის შექმნას, რაც მისგან მოითხოვეს მემარჯვენე ექსტრემისტმა მინისტრებმა იტამარ ბენ-გვირმა და ბეცალელ სმოტრიჩმა. ასეთი ნაბიჯი გაამძაფრებდა დაძაბულობას საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით, აშშ-სთან.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში განმარტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო," - წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე წერს: „საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ. განმარტება მნიშვნელოვანია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონტექსტში. ევროკავშირის მხარდაჭერის 10 ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი 2019-2024 წლებში სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა.“ ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგმა უწყებებმა მიიღეს: 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები; 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო; 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო; 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია; 4.8 მილიონი ევრო - საქართველოს პარლამენტი; 2019-2024 წლებში საჯარო ადმინისტრაციებმა ევროკავშირისგან დახმარების სახით 517.8 მილიონი ევრო მიიღეს, მათ შორის 75 მილიონი ევრო Covid-პანდემიის დროს სესხით სახით. სამოქალაქო საზოგადოებამ 46.1 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორმა 6.1 მილიონი ევრო მიიღო.
მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის შესახებ მშვიდობის სამიტის კომუნიკეს მხარს უჭერს
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა, უკრაინის შესახებ მშვიდობის სამიტის კომუნიკეზე ხელმომწერებს შეუერთდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ვებგვერდზე მითითებულია, რომ მსოფლიო საპატრიარქო ერთობლივი კომუნიკეს მხარდამჭერ ქვეყნების სიაში მოხვდა. მანამდე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო გლობალურ სამიტში მონაწილეობა დაადასტურა. მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან - 80. მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები. მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს. ამის მიზეზად, პირველ რიგში, მათ მოიყვანეს სამშვიდობო ინიციატივების განხილვისას რუსეთის მონაწილეობის აუცილებლობა. შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას შვეიცარია მშვიდობის სამიტის შედეგების განხილვას რუსეთთან და ჩინეთთან აპირებს
დანია რუსული ნავთობის გადამზიდავი „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვას ცდილობს
დანია იკვლევს გზებს, რათა ტანკერების ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელსაც რუსული ნავთობი ბალტიის ზღვით გადააქვს, შეზღუდოს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. იტყობინება Reuters-ი. „ჩრდილოვანი ფლოტი“- ეს არის სქემა, რომლის დროსაც, ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ. Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად იყიდებოდა. რუსეთი თავისი საზღვაო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით მესამედს - გლობალური მიწოდების 1,5%-ს დანიის სრუტეებით აგზავნის. ეს არის კარიბჭე ბალტიის ზღვაში, ამიტომ, მიწოდების შეჩერების ნებისმიერმა მცდელობამ შეიძლება, ნავთობის ფასი გაზარდოს და კრემლის ფინანსები დააზარალოს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო, დასავლურმა ქვეყნებმა დააწესეს ფასის ლიმიტი რუსეთის ნავთობზე, რუსეთი ეყრდნობოდა ხშირად მოძველებულ ტანკერებს, რომლებიც დაზღვეულია დასავლეთის გარეთ. „დანიამ მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი შეკრიბა, რათა შეაფასოს ზომები, რომლებიც სამიზნედ აქცევს ამ ფლოტს,“ განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა Reuters-ს, თუმცა რა ზომებს განიხილავენ, მან ამ ეტაპზე არ ისაუბრა. "არსებობს ფართო კონსენსუსი, რომ ჩრდილოვანი ფლოტი საერთაშორისო პრობლემაა და საერთაშორისო გადაწყვეტილებებია საჭირო," - აღნიშნა ლოკე რასმუსენმა. ”მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი ღონისძიება შეიძლება, განხორციელდეს პრაქტიკაში და რომ ისინი იურიდიულად გამართლებული იყოს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით,” - განმარტა დანიელმა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნები და ევროკავშირის წევრები. „სრუტეების გავლით გემებზე შეზღუდვების დაწესება მიუღებელია,“ განუცხადა თავის მხრივ, Reuters-ს რუსეთის ელჩმა დანიაში ვლადიმერ ბარბინმა. „ბალტიის ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს საფრთხეს წარმოადგენს არა რუსული ნავთობის ტანკერები, არამედ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები,“ - ამტკიცებს ბარბინი. დანია შეშფოთებულია, რომ ძველი ტანკერები, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენენ მისი სრუტეებით, გარემოსთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.
სტოლტენბერგი: ჩინეთმა რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერისთვის ფასი უნდა გადაიხადოს
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს, შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან. „ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ ტექნოლოგიას, როგორიცაა, მიკროელექტრონიკა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. „რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, პეკინს უკვე დაუწესეს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის - გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლის სამიზნე დაახლოებით 20 კომპანიაა. ჩინეთი მუდმივად ირწმუნება, რომ რუსეთი მისგან ლეტალურ იარაღს არ ყიდულობს და რომ ის სიფრთხილით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სი ძინპინმა მას განუცხადა, რომ რუსეთს იარაღს არ მიჰყიდის. როგორც ცნობილია, წელს თავდაცვაზე მშპ-ის სულ მცირე 2%-ს NATO-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. „შემიძლია, განვაცხადო, რომ წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს NATO-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავდაცვის ხარჯების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე: საღ აზრს ეწინააღმდეგება
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა. „კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება, რომელიც უკრაინას მოუწოდებს, დათმოს უფრო მეტი სუვერენული ტერიტორიები, ვიდრე რუსეთს ამჟამად, მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს ოკუპირებული. პრეზიდენტმა პუტინმა მოსთხოვა უკრაინას, განიარაღებაზე დათანხმდეს, რათა ის დაუცველი იყოს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. ვერც ერთი პასუხისმგებელი ერი ვერ იტყვის, რომ ეს მშვიდობის გონივრული საფუძველია. ის ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ის ეწინააღმდეგება ძირითად მორალს. ის ეწინააღმდეგება ძირითად საღ აზრს. აშკარაა, რომ რუსეთი არ არის მზად რაიმე სერიოზული, კეთილსინდისიერი დისკუსიისთვის. რუსეთის ქმედებები ამას განსაკუთრებით ნათელს ხდის, რადგან ის აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ემუქრება გემებს შავ ზღვაში და იძულებით გადააადგილებს ათიათასობით უკრაინელ ბავშვს,“ - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას. სტოლტენბერგი პუტინს: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა
საფრანგეთი აცხადებს, რომ სომხეთს CAESAR-ის ჰაუბიცებს მიჰყიდის
სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის საარტილერიო დანადგარის შეძენასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ აფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ლეკორნუს თქმით, სურენ პაპიკიანთან თბილი და პროდუქტიული დიალოგი ჰქონდა. „Caesar-ის იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, ახალ მნიშვნელოვან ეტაპს მიღწეულია,“ - აღნიშნა ლეკორნუმ. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი აპირებს სომხეთს, სამი რადარის გაყიდვით და Mistral-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმებით, საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. საფრანგეთმა ასევე გადაწყვიტა, სომხეთს Bastion-ის ტიპის 50 ჯავშანტექნიკა გაუგზავნოს.
ანუკ ემე გარდაიცვალა
ფრანგი მსახიობი ანუკ ემე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა ქალიშვილმა, მანუელა პაპატაკისმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. "ქალი და მამაკაცში" შესრულებული როლისთვის ანუკ ემემ ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო და გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელიც ფრანგულენოვანი როლისთვის ოსკარის ჯილდოზე იყო ნომინირებული. ანუკ ემემ კარიერა კინოს სამყაროში 40-იან წლებში დაიწყო. ის 1960-იან წლებში საკულტო მსახიობად იქცა მას შემდეგ, რაც ფედერიკო ფელინის "8 1/2-ში", ჟაკ დემის "ლოლაში" და კლოდ ლელუშის "ქალი და მამაკაცში" ითამაშა.
ელჩი დანიგანი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ანაკლიის პორტსა და „ორმხრივი ბიზნესკავშირების გაღრმავებაზე“
ჩვენ გვსურს, დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა - იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ, ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას,“ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ელჩის შეფასებით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია, მათ შორის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. „როდესაც საქართველოში ჩამოვედი ოქტომბერში, ჩამოვედი იმის გაცნობიერებით, რომ იყო გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩამოვედი სრული პასუხისმგებლობით, რომ მემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან, რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს. და იცით, ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც ერთად, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, მივაღწიეთ რეალურ პროგრესს. პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი ბრიუსელში და რეკომენდაცია გავუწიე საქართველოს, რომ მას მიეღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ვაშინგტონი ასევე უჭერდა მხარს. ევროკავშირმა, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩემი გადმოსახედიდან, მიიღო დიდებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო. კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა. როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს,“ - განაცხადა ელჩმა. დანიგანის თქმით, „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს.“ მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიო იყო თავის განცხადებაში, რომ საქართველოსკენ მიმართული მთელი დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ იმედი მაქვს, რომ ამ წერტილამდე არ მივალთ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად, კონკრეტული თანამშრომლობიდან დაწყებული, მათ შორის მხარდაჭერას ყველა სააგენტოს გავლით. ევროკავშირმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო სტატისტიკა ინფოგრაფიკაში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტოპ ათი მიმღები ხელისუფლების სამინისტროები ან სააგენტოებია, იმავენაირად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში. ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს, როგორც მტერს,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა. რობინ დანიგანის განცხადებით, შემდეგ კვირას ქართველი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით ვაშინგტონში გაემგზავრება. ვიზიტის მიზანია ორმხრივი ბიზნესკავშირების გაღრმავება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. მომავალ კვირას ან ამ შაბათ-კვირას ვაპირებ ჩავიდე შეერთებულ შტატებში, 40 ქართველი ბიზნესმენის, 20-ზე მეტი კომპანიის, ქართული კომპანიებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, რათა ისაუბრონ შეერთებულ შტატებში ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე. შეხვედრა შედგება შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანთან, შეხვედრა იქნება თეთრ სახლში, მე ამას ვაკეთებ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები აბსოლუტურად აუცილებელია. გუშინ საღამოს შევხვდი ამ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ემზადებიან წასასვლელად და შეერთებულ შტატებში თანამოსაუბრეებთან ამ მართლაც შესანიშნავი შეხვედრების გამოსაყენებლად. ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს - მეტი ინვესტიცია აქ შეერთებული შტატების კომპანიების მიერ და მეტი ინვესტიცია შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა ელჩმა. მან ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? ელჩის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის. „რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა. შემდეგი კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა.
ბლინკენი ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტზე: სასოწარკვეთილების ნიშანია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში. ბლინკენი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. „ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები,“ – განაცხადა ბლინკენმა. მისივე შეფასებით, სწორედ ეს არის, რაც ომის გაგრძელებას ეხმარება. მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, თითქოს შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს. ასევე, ისიც, რომ საწვავი, რომელიც მას სჭირდება ომი მანქანისთვის, აღარ ექნება. „ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, თუ ამას გულწრფელად ფიქრობს, მაშინ შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან,“ – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. პუტინი ჩრდილოეთ კორეას მეორედ სტუმრობს. პირველად რუსეთის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე 2000 წელს ჩავიდა.
„შამქორი 2024“ - ვაზიანის პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩატარდა
ვაზიანის პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „შამქორი 2024“ საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების შესრულებას. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. „შამქორი 2024“-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული. „შამქორი 2024“ მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ და სინქრონიზებულ მოქმედებებს. ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.
ელჩი ჰერჩინსკი: ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა. ელჩის თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა. „ჩემს დიდი ხნის პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან თქვენ დამისვით შეკითხვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს. ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან, ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა საპასუხო ღონისძიებების ვარიანტები მოამზადეს და იგი წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნა. „ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვეს ჩემმა უფროსებმა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი, ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იყოს მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. მინდა დავამატო, ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ჰერჩინსკის თქმით, საპასუხო ზომებს მიღება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მოხდება. „მე დისკუსიას, რომელიც მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შორის გაიმართება, წინ ვერ გავუსწრებ. ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომელ ზომებს აირჩევენ წევრი სახელმწიფოები და რომელი ღონისძიებები განხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, წევრ ქვეყნებს მენიუ გადავეცით და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ამ მენიუდან რომელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება,“ - განცხადა პაველ ჰერჩინკსიმ. „ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია,“ - ასე უპასუხა ელჩმა, შეკითხვას, აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების შესახებ აშშ-ის პოზიციის გაზიარებას. მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია.“ „ჩვენ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, გასაგები მიზეზის გამო: ამერიკის შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირი არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება. ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია, ვიდრე ჩვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კოორდინირებას ვახდენთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი ქმედებები, როგორც წესი, არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ ისინი იდენტური იყოს,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მანამდე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.“
წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ჯერ უცნობია, გამოიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე. შეგახსენებთ, სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად მომხმარებლების ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება. რაც შეეხება აღდგენით სამუშაოს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება. სად და რამდენი ხნით აღდგება წყლის მიწოდება - GWP-ს გრაფიკი
მედიის ცნობით, უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავს
უკრაინული მედიის ცნობით, კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლას აღადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, წელს პირველი რეისი ჩერნომორსკიდან ბათუმში 12 ივლისს შესრულდება, მარშრუტის გავლას კი, დაახლოებით 60 საათი დასჭირდება. ამასთან, რეისს შეასრულებს 1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas-ი. ის Lloyd-ის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშაა. ბორანზე სხვადასხვა ტიპის კაიუტებში 250 მგზავრის ადგილია. ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. მის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება. უკრაინა ამჟამად აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ თემაზე "არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ." საბორნე მიმოსვლა ამ მარშრუტზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეჩერდა.
რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს
რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთვის, ამ ვითარების შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს წევრებმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს,“ - ნათქვამია რუმინული მხარის განცხადებაში. რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუმინეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმების გამოყენებით გააგრძელებს.
ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს სომხეთის ახალი კონსტიტუცია
აზერბაიჯანის მოთხოვნის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს ახალი კონსტიტუცია. ბაქოს სურს, სომხეთის კონსტიტუციიდან ამოიღონ ფრაზა, რომელიც ეხება მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანებას. ამ გადაწყვეტილებამდე 2022 წელს შექმნილი საკონსტიტუციო რეფორმის საბჭო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ამუშავებდა. კონცეფციის წინასწარი ვერსია მთავრობას მიმდინარე წლის იანვარში გაეგზავნა. ახლა ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის შემუშავებას ავალებს. გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, რომ „კონსტიტუციაში ცვლილებების“ ნაცვლად, ფორმულირება - „ახალი კონსტიტუცია“ დაიწეროს. რას ნიშნავს ეს, უარს ამბობენ საწყის ვერსიაზე და წერენ სრულიად ახალ პროექტს? საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს წევრი არტურ საქუნცი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს შეიტყო. გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა, თუმცა, საქუნცის თქმით, საკითხი საბჭოში ჯერ არ განხილულა. პრემიერის გადაწყვეტილებაზე მთავრობის წარმომადგენლები ამ პერიოდში საჯაროდ არ საუბრობდნენ. ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს ვადა 2026 წლის 30 დეკემბრამდე მისცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერევნისგან კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვა და ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პირობად დაასახელა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც. „გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა. მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუიდან მთიან ყარაბაღს სომხური ძალები აკონტროლებდნენ. რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის მკვიდრმა ათიათასობით ეთნიკურმა სომეხმა დატოვა საცხოვრებელი და სომხეთს შეაფარა თავი.
NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის - POLITICO
NATO-ს 32-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე, წერს Politico. მარკ რუტე ალიანსის მოქმედ ხელმძღვანელს, ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის. ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენიმე თვის განმავლობაში არ თანხმდებოდა რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ბუდაპეშტი შეძლებს, უარი განაცხადოს უკრაინის მხარდასაჭერად NATO-ს საქმიანობაში მონაწილეობაზე. თავად ორბანმა მოგვიანებით დაადასტურა სტოლტენბერგთან ადრე მიღწეული შეთანხმებები და იმედი გამოთქვა, რომ რუტე გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას. ბრატისლავის მხარდაჭერა რუტემ უზრუნველყო დაპირებით, რომ NATO სლოვაკეთს მისი საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება, ვიდრე ის საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის. რუტეს გარდა პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის. NATO-ს ახალი ხელმძღვანელი თავისი მოვალეობის შესრულებას 2 ოქტომბერს შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. Politico წერს, რომ ნიდერლანდებმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა ასეთი მიზნის მიღწევაზე დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა. NATO-ს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.