ძებნის რეზულტატი:
ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი. მუსიკოს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია; 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.
რიში სუნაკმა არჩევნებში კონსერვატორების დამარცხება აღიარა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის დამარცხება აღიარა და გამარჯვება მიულოცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორების მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და შედეგები გამოსაფხიზლებელი იქნება. თავად რიში სუნაკმა თემთა პალატის არჩევნებში გაიმარჯვა იორკშირში, რიჩმონდის ოლქში. თავის საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმაც. მისი განცხადებით, ცვლილებები ახლავე იწყება. სტარმერმა ბრიტანელებს მიმართა, რომ მათ ხმა მისცეს, ახლა კი ჯერი ლეიბორისტებზეა, რომლებმაც დაპირებები უნდა შეასრულონ. გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თემთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყო. 4 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც BBC აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, კონსერვატიულ პარტიას, რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, თემთა პალატაში 119 დეპუტატი ეყოლება. წინა არჩევნებთან შედარებით, კონსერვატორებმა 248 მანდატი დაკარგეს. 71 ადგილი ერგო ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას(+63), 9 შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას (-38) და 7 ირლანდიელების პარტია „შინ ფეინს“. კიდევ 28 მანდატი განაწილდება სხვა პარტიებზე. მათ შორის თემთა პალატის წევრი პირველად გახდა პოპულისტური „რეფორმების“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის არჩევნები 650 ერთმანდატიან ოლქში, ერთ ტურად ტარდება. უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 326 მანდატის მოპოვებაა საჭირო. არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტებს“ უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზეელნსკის თქმით, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო იყვნენ და იქნებიან სანდო მოკავშირეები. მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერს, რიში სუნაკს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც უკრაინას აღმოუჩინა. ცნობისთვის, კირ სტარმერი ომის წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა, კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოინახულა ბუჩა და ირპენი. სტარმერმა მაშინ განაცხადა, რომ ლეიბორისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერას ისევე გააგრძელებდნენ, როგორც ამას უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული კონსერვატორების მთავრობა აკეთებდა. „ხაზი გავუსვი, რომ ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს და შეინარჩუნებს იმ თავდაცვის, საწვრთნელ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რომელსაც ბრიტანეთის ამჟამინდელი მთავრობა უზრუნველყოფს. ამ კონფლიქტის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, რომ ამაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავება არ იქნება,“ - განაცხადა სერ კირ სტარმერმა უკრაინაში ვიზიტისას. იგივე გაიმეორა მან წელს, 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის თავზე გაკეთებული მიმართვისას. „იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ბრიტანეთი მუდამ დაუჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან უკრაინელი ხალხი სწორედ ამას იმსახურებს.“
აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა. პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ ეს წვრთნები ახლა დაგეგმილი იყო 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე. „შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო. NOBLE PARTNER-ის გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს, ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და თითქოს, მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში. შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. „შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის, წვრთნების - AGILE SPIRIT-ის ჩატარებას 2025 წელს,“ წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქართული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025.“ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს. დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ. საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ საქართველომ გასულ წელს მეთერთმეტედ უმასპინძლა. შეგხსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება
სტოლტენბერგი: სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება
NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. გენერალური მდივნის თქმით, NATO ფინანსური კუთხითაც გააგრძელებს და განაახლებს უკრაინის დახმარებას. მანვე გაიმეორა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოკავშირეები ყოველწლიურად აწვდიან დაახლოებით 40 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას [უკრაინას]. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ეს არის მინიმალური საბაზისო ხაზი. სტოლტენბერგი ელის, რომ მოკავშირეები სამიტზე გადაწყვეტენ ამ დონის შენარჩუნებას მომავალ წელსაც. ასევე, მოკავშირეები დათანხმდებიან ტვირთის სამართლიანად გაზიარებაზე, მათი მშპ-ის ზომის გათვალისწინებით და უზრუნველყოფენ დაფინანსების მდგრად დონეს უკრაინის უპირატესობის მისაღწევად. სტოლტენბერგმა დღეს გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის ასევე მოელის, "მოკავშირეები დამატებით უზრუნველყოფენ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას, ისევე როგორც სხვა შესაძლებლობებს [უკრაინისთვის]." „ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა სამიტზე იქნება უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და მათ სჭირდებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა. ასე რომ, მომავალ კვირას სამიტზე, მე ველი, რომ სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდებიან უკრაინის დახმარების არსებით პაკეტზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რასაც სამხედრო ალიანსი უკრაინის დასახმარებლად გადადგამს. "პირველი, NATO-ს უსაფრთხოების დახმარება და გადამზადება უკრაინისთვის. NATO თავის თავზე აიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების უმეტესი ნაწილის კოორდინაციას და უზრუნველყოფას. [ეს მოხდება] სამვარსკვლავიანი გენერლის ხელმძღვანელობით და დაახლოებით, 700 პერსონალის [ჩართულობით], რომლებიც მუშაობენ. NATO-ს შტაბ-ბინაში გერმანიაში და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ლოგისტიკურ კვანძებში. ეს ნატოს კონფლიქტის მხარედ არ გახდის, მაგრამ გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას," - განმარტავს სტოლტენბერგი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამუდმებით ითხოვს უფრო სწრაფად და უფრო მეტი იარაღის მიწოდებას. განსაკუთრებით კი - საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
„ბურთი აშშ-ის მოედანზეა“ - სომხეთი ატომური სადგურის მშენებლობის პროექტზე აშშ-სთან მოლაპარაკების არსებით ეტაპზე გადავიდა
„სომხეთი შეერთებულ შტატებთან ერთად განიხილავს ახალი ატომური სადგურის ამერიკული ტექნოლოგიით აშენების შესაძლებლობას, რომელიც მის მოძველებულ ობიექტს ჩაანაცვლებს,“ განაცხადა ოთხშაბათს სომეხმა მაღალჩინოსანმა. „ჩვენ შევედით ძალიან არსებით ფაზაში. ჩვენ ახლა განვიხილავთ შეერთებულ შტატებთან საკანონმდებლო ბაზის შექმნას. საკანონმდებლო ბაზის გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა. ჩვენ ველით, რომ ისინი გაივლიან შიდა პროცედურებს, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას,“ - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ერევანში, სომხეთი-აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის თემაზე გამართული დისკუსიისას. სომხეთის ქალაქ მეწამორის ატომური სადგური, რომელიც სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40 პროცენტს გამოიმუშავებს, ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა და ის 2036 წელს უნდა დაიშალოს. სომხეთის მთავრობამ 2022 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ ამ დროისთვის ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავდა. შეერთებულმა შტატებმა ამბიციური პროექტის მიმართ ინტერესი დააფიქსირა. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ქვეყნებს შორის "სტრატეგიული ბირთვული თანამშრომლობის" შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2022 წლის მაისში მოაწერეს ხელი. ერთი წლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ ვაშინგტონი სომხეთში მცირე მოდულური რეაქტორებით აღჭურვილი ატომური სადგურის აშენების მიზანშეწონილობას „აფასებს.“ მისი თქმით, ამერიკულ ტექნოლოგიას შეუძლია, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის სამთავრობო დელეგაცია მალე ეწვეოდა შეერთებულ შტატებს ადგილობრივი SMR-ების გასაცნობად. 2023 წლის ივნისში ფაშინიანმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ახალი ობიექტის, მათ შორის, SMR-ების (მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორები) მშენებლობის სხვადასხვა ვარიანტის შესწავლა დაევალა და მისი დასკვნები პრემიერ-მინისტრის ოფისს ორი თვის განმავლობაში წარედგინა. მას შემდეგ მსგავსი დასკვნები არ გახმაურებულა. მიმდინარე წლის მაისში ფაშინიანის მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან. სხვა დეტალბი მას არ დაუზუსტებია. ამერიკული კომპანია NuScale Power Corp-ი ამერიკის პირველი SMR (მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორები) სადგურის აშენებას აიდაჰოში, 2030 წლისთვის გეგმავდა. თუმცა კომპანიამ პროექტი გასული წლის ნოემბერში გააუქმა და განაცხადა, რომ ვერ მოიზიდა საკმარისი კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის შესყიდვით დაინტერესდებოდნენ. NuScale-მა 2023 წლის იანვარში, პროექტის ღირებულება 5,3 მილიარდი დოლარიდან 9,3 მილიარდ დოლარამდე დააკორექტირა. შესწორებული მაჩვენებელი სომხეთის წლიურ სახელმწიფო ბიუჯეტს აღემატება. შეგახსენებთ, ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ-ში აცხადებდნენ, რომ მიესალმებოდნენ ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ეს კომენტარი Europetime-მა გასული წლის მაისში მოიპოვა იმ ფონზე, როდესაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავდა. ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის კრიზისის გადაჭრის მხარდასაჭერად,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია ცნობისთვის, მედია გასულ წელს წერდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავდა. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, ქვეყნები შესაძლოა, რუსეთისგან და ჩინეთისგან ენერგეტიკულად უფრო მეტად დამოუკიდებელი გახადოს.
რა აჩვენა NATO-ს მიერ სამიტის წინ ჩატარებულმა კვლევამ
2024 წლის, NATO-ს საიუბილეო სამიტის წინ, ალიანსმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა NATO-ს წევრ 32-ვე ქვეყანაში დაუკვეთა. გამოკითხვის დროს 30 000-ზე მეტ რესპონდენტს სთხოვეს, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მათი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის, მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი, ასევე, მხარს უჭერენ თავდაცვის ხარჯების გაზრდასაც. რესპონდენტთა უმრავლესობა კვლავ თანხმდება იმაზე, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას მოკავშირე თავდასხმის შემთხვევაში (63 პროცენტი), ხოლო 70 პროცენტი, რეფერენდუმზე დაუჭერდა მხარს მათი ქვეყნის NATO-ს წევრად დარჩენას. თავდაცვის ხარჯების შენარჩუნების ან გაზრდის მხარდაჭერა 76 პროცენტს შეადგენს. რუსეთისა და ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა დაბალი რჩება, რესპონდენტთა უმეტესობა არაკეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ - 62 პროცენტი. ჩინეთის მიმართ - 48 პროცენტი. როგორც წინა გამოკითხვებში, ახლაც იყო კითხვები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით. გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ, გავლენას ახდენს მათი ქვეყნის უსაფრთხოებაზე (63%). რესპონდენტებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი უმრავლესობის თანხმობა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა (61 პროცენტი). NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. სამიტის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა უმაღლეს ნიშნულზეა - NATO
კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია
„ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან, გადახედვის პროცესშია,“ ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას პენტაგონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოში სამხედრო წვრთნების - „ღირსეული პარტნიორის“ გადადების შესახებ. „ცხადია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვმონაწილეობდით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომ, სხვა მიმართულებით ამ გადაადგილებას, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული შეშფოთებითა და მწუხარებით ვუყურებთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას; როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც NATO-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთანაც, მათ შორის, ევროკავშირთან. ასე რომ, ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებაში ცვლილებას დავინახავთ, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან, გადახედვის პროცესშია,“ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი. „საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან,” - განაცხადა ასევე დღეს, მაიკ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე „ამერიკის ხმის“ ცნობით. აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს სამიტს დაესწრება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „მინისტრი (არარატ) მირზოიანი NATO-ს პარტნიორებთან ერთად NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები,“ - ნათქვამია განცხადებაში. NATO-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან
ევროკავშირმა საქართველოსთვის, 2024 წლისთვის, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერა შეაჩერა - ელჩი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს. ელჩის თქმით, „ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის.“ „სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა, რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო,“ განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარსაც ეროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩი ჰერჩინსკი: ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია შეგახსენებთ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ევროკავშირის ლიდერებიც არაერთხელ გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები დააზიანებდა ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. „ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას. მოგვიანებით, მან ჟურნალისტებთამ განმარტა შემდეგი: „ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო,“ - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოსა და მოლდოვის მხარდასაჭერად, დახმარების ორი პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება გასული წლის მაისში მიიღო. საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარების მიზანი იყო ქვეყნის თავდაცვის ძალების ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაზრდის საქმეში. დახმარების პაკეტი 36-თვიან პერიოდზე გაითვალა და მიემართებოდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებისკენ. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავდა საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას. ამასთან, საქართველოს თხოვნის საფუძველზე მოხდებოდა ტექნიკური მომზადების დაფინანსებაც. საქართველომ დახმარების გამოყოფის თხოვნით ევროკავშირს 2023 წლის 8 თებერვალს მიმართა. მანამდე დახმარების ორი პაკეტი გამოიყო: 20 მილიონი ევროს დახმარება 2022 წლის დეკემბერში, ხოლო 12,75 მილიონი ევროს დახმარება 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა.
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, დაშავებულია 170-მდე ადამიანი. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ კიევში 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი ბავშვი. დედაქალაქში, დაახლოებით, 117 მცხოვრები დაშავდა, ხოლო კიდევ ორი - კიევის ოლქში. რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. ს ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისი“, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა. 7 ადამიანი დაიღუპა სოლომენსკის რაიონში მდებარე ბიზნეს-ცენტრ „დომინოში.“ კიევის ადმინისტრაციის ცნობით, შევჩენკოს რაიონში სახლის ერთი სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. ამავე რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტის ნგრევამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანი გადაარჩინეს. კიევში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა. კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა. 8 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქშია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივლისს, „მაღალი სიზუსტის იარაღით შეუტიეს უკრაინის სამხედრო მრეწველობის ობიექტებს და საავიაციო ბაზებს და ეს იყო პასუხი უკრაინის მცდელობებზე, რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყას ენერგეტიკის ობიექტებს.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცინიზმი უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის (Х-101) ფრაგმენტები. უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულის მუხლით აღძრა. სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინამ მოითხოვა, მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც 9 ივლისს გაიმართება. „რუსმა ტერორისტებმა პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ შეშფოთება არ აჩერებს ტერორს. თანაგრძნობა არ არის იარაღი. აუცილებელია რუსული რაკეტების ჩამოგდება. აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება, სადაც ის ბაზირებულია. აუცილებელია ძლიერი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ დატოვებს უსაფრთხოების დეფიციტს. სამყაროს აქვს ამისთვის საჭირო ძალა. პარტნიორებს შეუძლიათ ამის გაკეთება. გადაწყვეტილებები კი საჭიროა რაც შეიძლება მალე,“ წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ გამოცხადდება. სტოლტენბერგი: სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება
ზელენსკის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, ინდოეთის პრემიერის შეხვედრა პუტინთან, “უზარმაზარი იმედგაცრუებაა“
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის შეხვედრით მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის ფონზე. მოდი მოსკოვში 8 ივლისს ჩავიდა, რაც იყო მისი პირველი ვიზიტი რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. რუსეთმა 8 ივლისს დილით დაიწყო სარაკეტო შეტევა კიევზე, დნიპროზე, კრივი რიჰზე და სხვა ტერიტორიებზე, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 40 და დაშავდა 170-მდე ადამიანი. ფოტოს გამო, რომელზეც ინდოეთის პრემიერი და პუტინი ჩახუტებულები არიან და მოდიმ პლატფორმა X-ზე გააზიარა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო „უზარმაზარი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის მიყენებული დამანგრეველი დარტყმა, რომ ასეთ დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება.“ ერთი რაკეტა მოხვდა „ოხმატდეტის“ საავადმყოფოს შენობას, უკრაინაში ბავშვთა უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს. მაშინ, როცა დასავლელი ოფიციალური პირები გმობდნენ რუსეთის თავდასხმას, მოდიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ეხუტება ის პუტინს და გამოთქვამს იმედს ორ ერს შორის "მეგობრობის კავშირების გამყარების" შესახებ. განახლება: „გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ,“ - სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია. „მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია,“ - განაცხადა მოდიმ. ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის 2022 წლის სექტემბერში მოდიმ პუტინს უთხრა, რომ „დღეს ომის ეპოქა არ არის.“ ინდოეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ დაუგმია. მან ასევე ისარგებლა შესაძლებლობით, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა შეეძინა იმ ფონზე, როდესაც სანქციებმა მოსკოვის დასავლეთთან ვაჭრობას ჩრდილი მიაყენა. ცნობისთვის, პეკინში ჩასვლამდე უნგრეთის პრემიერი ორბანი იმყოფებოდა ასევე კიევსა და მოსკოვში - მას შემდეგ, რაც პირველ ივლისს უნგრეთი გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. თუმცა ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორბანი ბლოკს არ წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ივლისს განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება შუამავალი მოლაპარაკებებისა რუსეთსა და უკრაინას შორის, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დასრულების მიზნით. პოლონეთში მყოფმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზება შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ ქვეყნებს - მათ, ვისი შეიარაღებული ძალებიც რუსეთისას აღემატება. "არის ასეთი ქვეყნები მსოფლიოში? ბევრი არა. ვთვლი, რომ ასეთებია აშშ და ჩინეთი. და ევროკავშირი - არა ერთი ქვეყანა, არამედ მთლიანი ევროკავშირი. ეს რეალურად იქნებოდა საშუამავლო მისია," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის განცხადების პარალელურად ორბანი პეკინში იმყოფებოდა, როგორც თავად ამბობდა, "სამშვიდობო მისია 3.0" გასატარებლად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის 5 ივლისს მიწერილ წერილში ორბანი ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან თავისი შეხვედრიდან გამომდინარე ახლა არის "უფრო დიდი შესაძლებლობა, დადებითად იყოს აღქმული ყველა შესაძლო წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე და საგზაო რუკაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ." თუმცა ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ პუტინთან ორბანის შეხვედრა სასარგებლო არ იყო. „არ ვფიქრობ, რომ [მოსკოვში ორბანის ვიზიტი] მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის, ან უკრაინის სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად," განაცხადა კარპენტერმა 8 ივლისს. შეგახსენებთკ, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ყველა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი. პუტინისთვის კი, ომის დასრულების პირობები მოიცავს კიევის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის უარყოფას და ყირიმისა და კიდევ ოთხი ოკუპირებული რეგიონის დათმობას. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ გამოცხადდება. სტოლტენბერგი: სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება
კოლომინა: მოველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
ალიანსის საიუბილეო სამიტის წინ რა გზავნილი აქვს NATO-ს საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი, რომელთა უმრავლესობა, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით ალიანსს მიმართა. NATO გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის ელის, მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. „მოველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ჩვენს ერთგულებას საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობისადმი. და (ასევე მოველი, რედ.) რომ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს ხალხის მისწრაფებების საპასუხოდ,“ ამბობს კოლომინა Europetime-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში. შეგახსენებთ, NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO-ს 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს, ვაშინგტონში იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე
მეთიუ მილერი: ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა
„ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა,“ - განაცხადა მილერმა. საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვას მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება.“ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო
საქართველოში ჩართულობაზე „აბსურდული ბრალდებების“ საპასუხოდ, ვაშინგტონი მოსკოვს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახსენებს
აშშ-ში გამოეხმაურნენ ვაშინგტონის მიმართ კრემლის ბრალდებებს და მას აბსურდული უწოდეს. ტრადიციულ ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჰკითხეს რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე. „ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ავრცელებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად მცდარი და აბსურდულია. მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის - რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს, ამ აბსურდული ბრალდებებით გამოდის სხვა ქვეყნის მიმართ,“ აღნიშნა მილერმა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დღეს ამტკიცებდა, რომ ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ.
უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს
ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. გარდა ამისა, შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უახლოეს თვეებში უკრაინას მიაწოდონ ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, IRIS-ის T-SLM-ის, IRIS-ის T-SLS-ისა და Gepard-ის სისტემები. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქციონირება და იტალიის მიერ შემოწირულ დამატებითი SAMP-T სისტემას. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები სწრაფად იქნას გამოყენებული“, - აღნიშნულია აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი განცხადებაში. მისივე თანახმად, „ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის, კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, გააგრძელებენ განუყოფელო როლის შესრულებას ამ სისტემების უზრუნველყოფაში და უკრაინის მრავალი სხვა მხარდამჭერი უზრუნველყოფს ჩამჭრელებს.“ „ვაძლიერებთ რა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის, რომელიც აგრძელებს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას, ისევე როგორც „საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე დაუყოვნებელი მოქმედების“ - რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 1 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს, ასევე ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების კოალიციის, რომელსაც ხელმძღვანელობენ გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ასევე მივესალმებით ნატოს მუშაობას უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად ნატო-სთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში. ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია,“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში
გერმანიის ელჩი: გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ
გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისულების რიტორიკა, ამასთან, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ელჩის სიტყვებს რადიო თავისუფლება ციტირებს. ელჩმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სივრცე“ და ამ სივრცეში გაწევრიანებისთვის ფანჯარა საქართველოსთვის გაიღო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ „მაგრამ შეიძლება, ფანჯარა დაიხუროს ისევ. ფანჯრები მუდამ ღია ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკა იცვლება." „არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა, გაწევრიანდეთ გლობალური მშვიდობის პარტიაში, იმიტომ რომ, ეს არის ის რასაც ევროკავშირი წარმოადგენს,“ აღნიშნა ელჩმა. ფიშერის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ახლა ესა ევროკავშირის პოლიტიკა.“ მისი თქმით, აშშ-თან ერთად გერმანია საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაგრამ ახლა პროცესი გადახედვის ეტაპზეა. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ, გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ, საჭიროა გამეორება, რომ დახმარება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ, ზუსტი რიცხვები არ მაქვს. მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია რაც არ მიემართება სახელმწიფოს. ასევე, გერმანელმა სამხედრობმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო,“ განაცხადა პეტერ ფიშერმა. გერმანია „შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.“ პეტერ ფიშერის სიტყვებით, ის არასოდეს გამხდარა ისეთი პოლიტიკური რიტორიკის ცვლილების მომსწრე როგორც ახლა საქართველოში ხედავს. „მე მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ. არის ზოგი ობიექტური ფაქტი, რომლის ჩამოთვლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ გამჭვირვალობის კანონი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს... საკანონმდებლო აქტები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დიდად თანხვედრაში არ მოდის. თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება... პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი , აშშ-ც კი. საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად, ფანტასტიკური პარტნიორობიდან, როგორღაც ძალიან გასაკვირად ახლა ვართ საშიშები, ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ კვებას პარტნიორობას,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა. დღესვე, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს. „ევროპულმა საბჭომ, ე.ი. 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენ წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით, ჩვენ გვინდა წინსვლა, თუმცა გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია. რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალმხრივი და ღრმა ურთიერთობები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვართ განვითარების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი დონორი საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი". ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს. მოკლედ: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ. მაგრამ თქვენ იცნობთ ამ პროცესს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, ვერ შეძლებთ გაწევრიანებას. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქართველი მეგობრები უნდა დაფიქრდნენ, მნიშვნელოვანია თუ არა ევროკავშირი მათთვის, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. თუ გსურთ ევროკავშირში ყოფნა, უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს კურსს,“ განაცხადა ფიშერმა. 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, კერძოდ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის დამტკიცება კომისიის მიერ შეფასდა უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალის თქმით, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა
NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ახლა, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა. ამიტომ, პირიქით, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების მეტი ჩართულობის დროა, რათა რუსეთმა საქართველოს დასავლეთისგან დაშორება ვერ შეძლოს. ამის შესახებ ბრიდლავი საუბრობს „ამერიკის ხმის“ სტატიაში, რომელიც ეხება იმას თუ რას ნიშნავს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაუარესება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის. „ჩემი აზრით, კითხვას ასე უნდა ვსვამდეთ: თუკი რუსეთის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გაგრძელდება და გაუარესდება, რას ნიშნავს ეს? რადგან მე მჯერა, რომ ახლა საქართველოში ჩართულია რუსული “ცუდი ფული”, ცუდი რუსები და პოლიტიკა. ვფიქრობ, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს, გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს, “რუხი ზონების” ჰიბრიდული გავლენა, რათა საქართველო დასავლეთს დააშოროს და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა დაიბრუნოს,“ - ამბობს თადარიგის გენერალი და განმარტავს, რომ ის მიმდინარე პროცესებს ხედავს, როგორც რუსეთის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და დროა, დასავლურმა სამყარომაც ამას ასევე შეხედოს. რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობის სრულად შეწყვეტას და NATO-სთან თანამშრომლობის გაუარესებას, თადარიგის გენერალი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, დახმარების ხელს გაუწვდიან და რუსეთთან მარტო არ დატოვებენ: „ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ასე არ მოხდეს. სწორედ საწინააღმდეგოს ვნატრობ. NATO-მ, დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა სწორედ ახლა უნდა გაუწოდონ საქართველოს ხელი, რათა დაეხმარონ მას, გაუძლოს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმას,“ - ამბობს NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 2024 წლის 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა საუბრები გამართოს დემოკრატიულ მმართველობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, და მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიურობაზე. „საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონპროექტებთან და საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა. ის [ზეია] ნათლად ახსნის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქმედებებმა და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობები დააზიანა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას და პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებისადმი. დამატებით, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებისადმი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნდა და იმართება,” - ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება სომხეთს, უწყების ცნობით, ერევანში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აშშ-სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და სომხეთის დემოკრატიული მიღწევების, კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმის სფეროებში წინსვლის განსახილველად. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. შეგხსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ არჩევნები აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება
ბლინკენი: F-16-ები უკრაინაში უკვე მიემართებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დანიიდან და ნიდერლანდიდან უკვე მიემართება უკრაინისკენ F-16 გამანადგურებლები. ბლინკენის თქმით, F-16-ები უკვე წელს ზაფხულში იფრენენ უკრაინის ცაში. „ამასთან, უახლოეს რამდენიმე დღეში წარმოდგენილი იქნება გეგმა, რომელიც „მყარი ხიდი“ გახდება NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისთვის,“ წერს სააგენტო Reuters-ი. ოთხშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია უკრაინას გადასცემს ექვს F-16-ს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერემ განაცხადა, რომ F-16-ების მიწოდება 2024 წელს დაიწყება. ის, რომ ოსლო კიევს F-16-ებს გადასცემს, პრემიერ-მინისტრმა შარშან აგვისტოში გამოაცხადა, მაგრამ მაშინ არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენ თვითმფრინავზეა ლაპარაკი.
აშშ-მ სომხეთისთვის მხარდაჭერის გაფართოების შესახებ გამოაცხადა
USAID-ის განცხადებით, ამ კვირაში სომხეთში მოგზაურობისას სამანტა პაუერმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ გამოაცხადა, რაც შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ასახავს. ადმინისტრატორმა გამოაცხადა 11,9 მილიონი აშშ დოლარის ახალი დაფინანსების შესახებ, რაც მოხმარდება ციფრული ტრანსფორმაციის, კვების უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და რისკის შემცირების მიმართულებას. წელს შეერთებული შტატების მთავრობამ 65 მილიონ დოლარის დახმარება უკვე გამოაცხადა. USAID-ის ადმინისტრატორმა პაუერმა და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა მხიტარ ჰაირაპეტიანმა USAID-თან და Amazon Web Services-თან (AWS), ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს, რისთვისაც USAID $5 მილიონს ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი საწარმოების მხარდასაჭერად და სომხეთის მთავრობის ამბიციური ციფრული ტრანსფორმაციის ძალისხმების გასაძლიერებლად გამოყოფს. „ეს კოორდინაცია არის USAID-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი კერძო სექტორში ინვესტიციებისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად და არის EDGE ფონდის ნაწილი, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად დაიწყო. სომხეთის მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია სომხეთის მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა მხარდაჭერის გაუმჯობესებას და სომხეთის, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიციის შემდგომ გაძლიერებას,“ წერს USAID. „ადმინისტრატორმა პაუერმა ასევე გამოაცხადა $500,000 დამატებითი დაფინანსება კატასტროფების რისკის შემცირებისა და საზოგადოების დონეზე საგანგებო მზადყოფნის ღონისძიებების მხარდასაჭერად. ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საზოგადოებებს, უკეთ მოემზადონ მრავალი საშიშროების რისკებისთვის, როგორიცაა, წყალდიდობა და მეწყერი, მონაწილეობითი რისკის შეფასების მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებითა და რეაგირებისთვის ტრენინგებით. ის ასევე გააუმჯობესებს კატასტროფების მართვის ადგილობრივ შესაძლებლობებს ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებით, მათ შორის, სირენებისა და ვიზუალური სიგნალიზაციისა და ასეთი სისტემების გამოყენების შესახებ ტრენინგებით. USAID ასევე გამოყოფს 3 მილიონ აშშ დოლარს უკვე გამოცხადებულ თანხებში სომხეთის მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა გააძლიეროს მათი საკომუნიკაციო სისტემები, შესაძლებლობები და პრაქტიკა. USAID რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას მტკიცედ მოპოვებული დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებაში, ყველასთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად,“ წერს აშშ-ის განვითარების სააგენტო. USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს სომხეთის პრემიერმაც უმასპინძლა. ფაშინიანის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში USAID-ის მიერ განხორციელებულ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მტკიცედ გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს რეფორმების მიმართულებით. ასევე წაიკითხეთ: ჯიმ ო’ბრაიენის შემდეგ, სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩადის