ძებნის რეზულტატი:
უზრა ზეიამ თბილისში ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა და განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიიდან ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით. ამერიკელი დიპლომატის თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ, დიდი ხნის ერთგული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება. „ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ძალიან მომხიბლა ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობამ და სითბომ. მე აქ ვარ გადამწყვეტ მომენტში, განსაკუთრებით რთულ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და აშშ-საქართველოს 32 წლიანი პარტნიორობის დროს. ახლახან დავასრულე შეხვედრა პრემიერ- მინისტრთან, ასევე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიის წარმომადგენლებთან და მე მათ გადავეცი სამი ძირითადი გზავნილი: პირველი გზავნილია, რომ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, ვართ უაღრესად შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, რაც საფრთხე უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და აზიანებს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ე.წ. უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და, მათ შორის, ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მედიას და მრავალ სხვა სფეროს. სწორედ ამის შედეგად ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა. ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ოპოზიციური პარტიებისა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, მხოლოდ ემსახურება მტრის ინტერესებს. ჩემი მეორე გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ უკვე მეთექვსმეტე წელია რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოცი პროცენტის ოკუპაციას და ის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. დღეს, ჩემი ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი და გამეცნო მამაცი ქართველი ქალები, რომელთაც ზუსტად პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება და ისინი გახდნენ დევნილები. მე მოვისმინე მათი ამბები, მათი განცდების, ტანჯვის და ამავდროულად, მათი სიმტკიცის შესახებ. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, აშშ გააგრძელებს საქართველოს დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას ასი ათასობით დევნილისთვის. მესამე და ბოლო გზავნილი არის ის, რომ აშშ 32 წლის განმავლობაში არის საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ეს მხარდაჭერა მოიცავს ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მხარდაჭერას, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას. ძალიან მკაფიოდ ვიტყვი და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს, თუმცა ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილად კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად, სადაც არ იქნება ძალადობა, მუქარა და დაშინება. ნებისმიერი ტიპის ასეთი ძალადობა უნდა დაიგმოს და იყოს გამოძიებული, შესაბამისად დამნაშავე პირები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლებისა, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ დემოკრატიული პროცესის ურღვევობას. დასასრულს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველები და ამერიკელები იზიარებენ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომლის საფუძველიც არის ჩვენი სიყვარული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიმართ. ჩვენი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ასობით და ათასობით ქართველმა, სტუდენტმა თუ პროფესიონალმა, მიიღო განათლება აშშ-ში და ყოველწლიურად ასობით ასეთი სტუდენტი თუ პროფესიონალი მიემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. დაახლოებით 6 ათასი ქართველი არის ჩვენი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებული, რომლებიც თავიანთი თემისა და ქვეყნის დინამიური ლიდერები არიან. დღეს მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი გამორჩეული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის მონაწილეებს და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ხელს უწყობენ ქვეყნის წარმატებასა და განვითარებას. ჩვენი ხალხთაშორისი კავშირები არის ძალიან მჭიდრო და მტკიცე და მე ეს ძალიან კარგად დავინახე ჩემი ვიზიტის განმავლობაში. და ბოლოს, გეტყვით, რომ ჩვენი ორმხრივი კავშირების მეშვეობით, ამ უაღრესად რთულ დროს ამერიკის შეერთბული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ არის აბსოლუტურად ურყევი,“ აღნიშნა ზეიამ. მან ბოლო შეხვედრა პრემიერთან გამართა, რის შემდეგაც სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა: „აშშ რჩება სერიოზულად შეშფოთებული იმის გამო, თუ როგორ უთხრის ძირს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის, ე.წ. უცხოური გავლენის კანონი, ევროკავშირის გზას და ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოასწოროს კურსი და შეასრულოს საზოგადოებრივი მისწრაფებები საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.“
ირაკლი რუხაძის თქმით, ევროკავშირის შესვლის საკითხი „დოგმატის დონეზეა“ აყვანილი: „რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში“
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა ევროკავშირთან დაკავშირებით. „ნიშანდობლივი იყო, რომ ბატონმა ელჩმა დაამთავრა სიტყვა იმით, რომ დიდი იმედი მაქვს, არჩევნები რომ დასრულდება, საქართველო მოტრიალდება და გააგრძელებს ევროპისკენ სვლასო. ანუ, როგორც მე წავიკითხე და ყველამ, დიდი იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს, მოვა სხვა მთავრობა და მერე რაღაც სხვა მოხდება ამ ქვეყანაში. ამას ამბობს ელჩი, რომელიც ერთ-ერთი დამკვირვებელია ამ საარჩევნო პროცესის. იგივე შემიძლია, ვთქვა IRI-ზე, რომელმაც ქარტიის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეკრიბა. პრეზიდენტმა ქარტია გამოაცხადა და მესამე დღეს ამ ხალხმა რაღაცას ხელი მოაწერა, რომელთაც ცხოვრებაში არაფერზე ერთად ხელი არ მოუწერიათ, შარლ მიშელის დოკუმენტზეც კი. IRI-ის შეხვედრის შემდეგ, ვერ დავაკავშირებთ, თუმცა ძალიან საეჭვოა. უცებ მათ რაღაც ქარტიას მოაწერეს ხელი. ქარტია იწყება იმით, რომ ამ ხალხს დაკარგული აქვს ნდობა და ამას მაინც მოაწერეს ხელი. ანუ, ნდობადაკარგული ვარო, ფაქტობრივად, პრეზიდენტს ამაზე დაეთანხმნენ. პრეზიდენტის სიტყვა რომ ნახოთ, მაგით იწყება - ამ პოლიტიკოსებს ნდობა დაკარგული აქვთ, ამიტომ მე უნდა მოვიდეო. საერთოდ არჩევნებს კი არ ვატარებთ, ვიღაცას კი არ ვირჩევთო, ანუ არჩევნები საერთოდ გააქარწყლეს. ეს არისო რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ანუ, თურმე, ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე იმიტომ მიდის, იმიტომ უნდა წაიყვანო, რაღაც კი არ უნდა აირჩიონ, საქართველოს შემდეგი 4 წლის მომავალს კი არ ვირჩევთ, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, არამედ, არავის ვირჩევთ - რაღაც რეფერენდუმია საქართველოს მომავალზე. ეს არის ძალიან შემაშინებელი ფაქტი და ვიტყვი რატომ - ევროკავშირში მოხვედრა არმოხვედრის საკითხი არის მხოლოდ ერთი საკითხი. უამრავი სხვა საკითხია, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ხდება აპელირება იმაზე, რომ 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. ეს ალბათ ასეა, მაგრამ იმავე კვლევებში, იგივე NDI-ს კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2 პროცენტს მიაჩნია მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, განათლება, ტერიტორიული მთლიანობა. უამრავი სხვა საკითხია, რომელზეც ხალხი იძახის, რომ ეს არის ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი და 2 პროცენტი, რომელიც კვლევაში, რომელიც ვიპოვე, დაახლოებით, 4-5 წლის წინანდელი კვლევა, ამბობს რომ ევროკავშირში შესვლა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. „მინდა შესვლას“ - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“, ამბობს პატარა ნაწილი. ჩვენ ახლა ავიღეთ და ეს, რაღაცნაირად, გავაფეტიშეთ, ვაფეტიშებთ, ყოველ შემთხვევაში. ამას აკეთებს ოპოზიცია უკვე ღიად მე მგონი და დასავლეთის მხარდაჭერით. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის იმ პოზიციაში, სადაც პასუხობს და ასევე ვითომ, მისთვის ეს ზეუაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ამაზე არის გადატანილი ყურადღება ჩვენი ქვეყნის. თან ეს ხდება იმ პირობებში, რომ ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე, არის დოგმატის დონეზე. "იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ წერია კონსტიტუციაში" - ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში? საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავ, და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია. [...] კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია,“ განაცხადა რუხაძემ. მისივე თქმით, „ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც არავინ საუბრობს ევროკავშირის გარდა. კითხვას, რომ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება ვიზალიბერალიზაცია.“ რუხაძე პასუხობს: „როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება გარჩევა, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არაფერზე საუბრობენ გარდა ევროკავშირის გარშემო. თითქოს, უპირობო შესვლაა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი,“ - აღნიშნა რუხაძემ. „ჩვენ არასწორად შევდივართ ახლა ევროკავშირში. ევროკავშირში შესვლა რომც იყოს სწორი დ კარგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, ალბათ არის - ევროკავშირი ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია, ალბათ კარგია... ჩვენ ახლა როგორც მივექანებით ევროკავშირისკენ, რა მიზნებითაც და რა მიზეზებითაც მოვხვდით, სადაც ვართ, მე მიმაჩნია, რომ არასწორია -ყველა დასავლური ინდექსის მიხედვით, საქართველო არის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ და ასეთი სტატუსი ჩვენ გარშემო არავის აქვს. ჩვენ ვართ ერთადერთი მწვანე წერტილი და ჩვენ გარშემო არიან სულ ყვითელი ან ყავისფერი ქვეყნები, ანუ ჩვენზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები. მოლდოვა ერთი ნაბიჯით ჩამოგვრჩება და უკრაინა საერთოდ ორი ნაბიჯით ჩამოგვრჩება ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ სრულიად თავისუფალი ქვეყანა.“ „მეორე მხრივ, რაზეც ხდება აპელირება, ჩვენ რუსეთის მხარეს არ მივდივართ. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, ვინმეს აეხსნა ჩემთვის როგორ მივდივარ რუსეთისკენ, როცა ჩვენ ასობით გადაწყვეტილება მივიღეთ უკრაინის სასარგებლოდ და არა რუსეთის, ჩვენი მეზობლებივით კი არ გავჩერდით, რომლებსაც არავინ ეჩხუბება. მივეცით ხმა რუსეთის წინააღმდეგ, არანაირ კავშირებში და არაფერში შევსულვართ რუსეთთან,“ - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ზურაბ იაშვილის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მუშაობას თბილისში გავაგრძელებ“ - ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ხახალეიშვილი ამბობს, რომ პარტიულ მუშაობას თბილისში გააგრძელებს. „დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი.“ იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერად 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუკი მერი თანამდებობას 15 ივნისის შემდეგ დატოვებს, მერის რიგგარეშე არჩევნები შემდეგი წლის აპრილში უნდა ჩატარდეს, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც თარიღი მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს ემთხვევა. 2025 წლის აპრილში მერის რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართება და ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება 2025 წლის ოქტომბერში ახალი მერის არჩევამდე.
დონალდ ტრამპი: „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება - ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაშინგტონის შტაბბინის ანტიტერორისტული განყოფილების დირექტორის თანაშემწე, ბობი უელსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას FBI მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს. FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სროლა განახორციელა, მარტო მოქმედებდა და რომ ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას - მათ შორის მუშაობენ მის ტელეფონზე წვდომისთვის. ”ვმუშაობთ ტელეფონზე წვდომისთვის. ტელეფონი ჩვენს ლაბორატორიაში გავგზავნეთ“, - განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა. მისი თქმით, მსროლელის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს. როჟეკმა დაადასტურა, რომ სროლა AR სტილის შაშხანით განხორციელდა, რომელიც კანონიერად იყო შეძენილი. FBI-ის ინფორმაციით, თომას მეთიუ კრუკსის სახლში, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს. FBI-მ მანამდე განაცხადა, რომ მეთიუ კრუკსის ავტომობილში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ორივე მოწყობილობა უსაფრთხოდ გამოიტანეს და ამჟამად ლაბორატორიაში გამოკვლევა უტარდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, სროლის მოტივი, ჯერჯერობით, არ დაუდგენია, მაგრამ მუშაობს მოვლენების თანმიმდევრობის და იმის დასადგენად, თუ სად გადაადგილდებოდა მსროლელი, ვიდრე მან გაისროლა. ტრამპი მკვლელობის მცდელობის გადარჩენის შემდეგ რესპუბლიკელების ყრილობაზე, მილუოკიში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელები მას ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან მოითხოვა შეისწავლონ, თუ როგორ მოახერხა 20 წლის კაცმა, რომელსაც AR-15 ტიპის შაშხანით გადაადგილება და აქციასთან საკმარისად მიახლოება, რომ სახურავიდან ესროლა ტრამპისთვის, რომელსაც როგორც ყოფილ პრეზიდენტს გამოყოფილი აქვს უვადო დაცვა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მიერ. მსოფლიო ლიდერები ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას ეხმაურებიან აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად, ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს. „ენერგია, რომელიც იმ მომენტში იქ მყოფი ხალხისგან მოდიოდა; ძნელია იმის აღწერა, როგორი იყო ეს გრძნობა, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო უყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია ამას განსჯიდა და ვიცოდი, მათთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ კარგად ვართ,“ - აღნიშნა ტრაპმა.
ზურაბიშვილი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს
საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს - პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. „საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას,“ - განაცხადა მსხილაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდებოდა. ამ ფონზე, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებდა ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. 3 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ხელი მოაწერა. 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ განიხილავენ პასუხს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. 5 ივნისს უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს - აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა - მხოლოდ რიტორიკა. 6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა. 12 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა და განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიიდან ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
მილერი: პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი
„პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი,“ შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებაზე შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა. მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის.“ „არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. რამდენადაც მესმის, ისინი გამოაქვეყნებენ, რაც გახდება ცნობილი გამოძიების მიმდინარეობისას. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი,“ - განაცხადა მეთიუ მილერმა. მეთიუ მილერი კრემლის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია.“ „ეს კრემლის მხრიდან წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო კომენტარებია, უპასუხისმგებლო კომენტარების სერიის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამება,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა და ამ კონტექსტში „გლობალური ომის პარტია“ ახსენა. კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს.“ დონალდ ტრამპი: „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება - ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა
ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მიმდინარე „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე დონალდ ტრამპმა დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო და პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსი დაასახელა. დონალდ ტრამპი: „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება - ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი
ევროკავშირის წარმომადგენლობა: სამინისტროებისთვის გამოყოფილი დაფინანსება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს 11-ჯერ აღემატება
ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა - 46.1 მილიონ ევროა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს: ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო; დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო; ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო; უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო; კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო; ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო; დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო; გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო; საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო; იურიდიული და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო. 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება. დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია. საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია: 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები; 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო; 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები; 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები; 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო; 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია; (მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა
მოსკოვსა და პეკინში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი გააუქმა. ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას. ევროკომისრები მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. როტაციის წესით, უნგრეთი პირველი ივლისიდან გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე. ევროკავშირის და NATO წევრი ქვეყნის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ევროკავშირმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.
პენტაგონის პრესსპიკერი: გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან
"რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს," ამის შესახებ "ამერიკის ხმას" პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა განუცხადა, საქართველოს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის იმ განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმადაც, დასავლელი პარტნიორები თითქოს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას ცდილობენ. NATO-ს საიუბილეო სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან ერთობლივი, მრავალეროვნული წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. ეს პენტაგონის პირველი ოფიციალური ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყო და 30-მდე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა. პენტაგონმა პირდაპირ მიუთითა, რომ "ღირსეული პარტნიორის" 2024 წლის წვრთნების გაუქმების, მისი განუსაზღვრელი ვადით გადადების მიზეზი მმართველი გუნდის მიერ პარტნიორებისთვის „ომში ჩათრევისა“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის დაბრალება იყო. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, გენერალ-მაიორი, პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ ამერიკა აფასებს იმ ორმხრივ ურთიერთობას, რაც საქართველოსთან წლებია, აკავშირებს და დიალოგს განაგრძობს. თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი ის შემაშფოთებელი რიტორიკა გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა გამიზნულად ცდილობს რეგიონში ვითარების დაძაბვას. "სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია," - ამბობს პეტ რაიდერი და აღნიშნავს, რომ ეს მიზანი არა ამერიკას, არამედ - რუსეთს აქვს. "რუსეთია ის, ვინც ცდილობს უკრაინაში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება, გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას," - უთხრა "ამერიკის ხმას" პეტ რაიდერმა. გენერალ-მაიორი რაიდერი ამბობს, რომ ამერიკა და უშუალოდ პენტაგონი განაგრძობს პარტნიორების მხარდაჭერას, რათა მათ რუსეთის ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. „ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბევრ ადგილას ჰიბრიდული ომის [მეთოდებით] - ომის ზღვრამდე არმისული კონფლიქტით. ჩვენ ეს ვიცით. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან რეგიონში, რომ ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. საბოლოოდ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო, სტაბილური, თავისუფალი ევროპა. და როგორც თქვენ NATO-ს სამიტზეც ნახეთ, მოკავშირეები ერთიანდებიან ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის, რუსეთის საფრთხის და მომავალი აგრესიის შეკავების გზების საპოვნებლად," - ამბობს პეტ რაიდერი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება
საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. საბორნე მიმოსვლის აღდგენის თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება. რკინიგზის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაო წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია, შეჩერებულია. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებენ ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს," - ვკითხულობთ განცხადებაში. როგორც საბორნე, ისე სარკინიგზო კავშირები ბულგარეთსა და საქართველოს შორის, აერთიანებს შავ ზღვაზე გადაზიდული საქონლის ლოგისტიკას. საბორნე მომსახურების აღდგენა ასევე გადამწყვეტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფნის) ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა გასული წლის 27 ივნისს დაიწყო. აშშ რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას მიესალმა
ირაკლი კობახიძე: სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ „დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს.“ მისივე თქმით, „სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებენ.“ „პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა. ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ჩადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ომის პარტია, რომლის ავანტიურამ 2008 წელს 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა. ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. 12 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა: - 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება, მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს. გასული 4 წელიწადი განსაკუთრებული სირთულეებით იყო აღსავსე. 2021 წელს ქვეყანამ გამოიარა რევოლუციის პირველი მცდელობა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, დაიწყო უპრეცედენტო ზეწოლა ქვეყანაზე, რასაც 2022 წლის ივნისში რევოლუციის მეორე მცდელობა მოყვა. გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით, საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ქვეყანა წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში აცხოვრეს. შარშან და წელს ორჯერ გათამაშდა საუკუნის თაღლითობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული პრინციპი - საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ანტიევროპულ მოვლენად გამოგვიცხადეს. ამ ყველაფრის, უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, უზრუნველყო ეკონომიკის უპრეცედენტოდ სწრაფი ზრდა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმატებით დაუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები, ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი საყრდენი - მამული, ენა და სარწმუნოება. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ განიმტკიცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი. ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის განმავლობაში შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება. არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს: – ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა, – ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ – აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს – აირჩევს ბნელ წარსულს თუ აირჩევს ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება, გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს. სწორედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერის წყალობით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის მანძილზე 8 არჩევნების მოგება. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას. ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა შეიცვლება
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება, დასრულდეს. „შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება. „ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა. ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ. საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად, გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად. წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას. ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც დეზინფორმაციისა და მანიპულაციის არაერთი ტალღის მიუხედავად, შეცდომა არ დაუშვა და საქართველო იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დატრიალდა. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა. ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს, განსაკუთრებით, 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენ ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახიჩრდა 2 ათასამდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126 000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისათვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია. დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ. იმისათვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასდროს დავდგეთ, აუცილებელია, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას. სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს მეორე ფრონტზე, რამაც, მათი გათვლით, პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს. სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოზე უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა. გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს. თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება. გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ - ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება. საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე ვქმნიდით საფუძველს. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან - დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ, ქართულ საქმესთან ერთად, მათი საქმეც გავაკეთეთ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მდინარაძე: „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილოებას
პარტია "ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" სიაში იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 16 ივლისს, პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც “ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმებაც, მათ შორის, შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილოებას,“ განაცხადა მდინარაძემ. მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია, პარტიად 2024 წლის მარტში დაფუძნდა.
ზეია: სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან უკეთესი კოორდინაციისკენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეიამ თბილისში ვიზიტის შემდეგ, შეხვედრები სომხეთში განაგრძო. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ინფორმაციული დისკუსია ვიცე-პრემიერ ხაჩატრიანთან, უსაფრთხოებისა და სასამართლო რეფორმების შესახებ აშშ-ის მხარდაჭერაზე. სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან უკეთესი კოორდინაციისა და რეალური ცვლილებებისკენ სომეხი ხალხისთვის,“ წერს ზეია სოცუალურ პლატფორმა X-ზე. უფრო ადრე კი, მან შეხვედრა პრემიერ ფაშინიანთან გამართა. უზრა ზეიამ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრაზე, აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და სომხეთში მიმდინარე რეფორმების ძალისხმევისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. „აშშ აფასებს ჩვენს თანამშრომლობას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად,“ წერს უზრა ზეია. შეგახსენებთ, სომხეთმა ძველ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნები Eagle Partner-ი დაიწყო. Eagle Partner-ი შარშანაც ჩატარდა. უზრა ზეიამ თბილისში ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა
მეთიუ მილერი: ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას - საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ვაშინგტონი ხედავს, რომ საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია.“ ჟურნალისტმა უწყების პრესსპიკერ მეთიუ მილერს ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხა NATO-ს დეკლარაციაში არსებულ ჩანაწერზე, რომელშიც არ მეორდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი მოკავშირეების ერთგულება. „ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მისი დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც იცით და ილაპარაკეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია, ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია, მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე.ასე რომ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ აშშ-სთან, ევროპის ქვეყნებთანაც,” - განაცხადა მეთიუ მილერმა. კოლომინა: NATO საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციის მსგავსად და 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკესგან განსხვავებით, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. თუმცა იმავე მადრიდის სამიტზე საქართველო NATO-ს მიერ მიღებულ (დეკლარაციის ჩათვლით, რედ.) ორ დოკუმენტში იყო ნახსენები - კონკრეტულად, NATO-ს ახალი, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელსაც NATO ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს, საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.
აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები - პენტაგონის პრესსპიკერი
“საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება,”- ამბობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი და განმატავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. შესაბამის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს. „ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას, რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს, ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,” - განაცხადა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჰკითხეს, აღიქვამს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც მეგობრულ ქვეყანას რეგიონში. თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა მანამდე განმარტა, რომ ამ ეტაპზე “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გადადების გარდა არცერთი ქართულ-ამერიკული პროგრამა არ გაუქმებულა ან შეჩერებულა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
ყაზახეთი შუა შერეფნის სიმძლავრის გაზრდისთვის, კურიკის პორტის გაფართოებას გეგმავს
ყაზახეთი დამატებით ნავმისადგომებს შექმნის კურიკის პორტში, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა შერეფანი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, იუწყება Trend. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გაღრმავების სამუშაო, დაგეგმილია ფსკერის გაღრმავება 1,5-2 მეტრით - მაქსიმალურ დონემდე. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი აცხადებს, რომ ბულგარეთი დაინტერესებულია, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამით ელჩი ეხმაურება საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს. „ბულგარეთს დიდი სურვილი აქვს, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს ძალიან თანხვედრაშია ჩვენს სურვილთან, გავაძლიეროთ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საქართველოსთან, ჩვენს მეზობელთან შავი ზღვის გასწვრივ. მსოფლიოს ამ ნაწილის მზარდი მნიშვნელობა, ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ასევე მოითხოვს ქმედებას ჩვენგან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტითა და შუა დერეფნით ჩნდება. შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას სწორედ აღნიშნულის ფონზე ვხედავ. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის საბორნე კავშირი 45 წელზე მეტია, არსებობს. საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიან გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. სავაჭრო ნაკადები იქ ელოდება დამუშავებას და საქონლისა და ტვირთის მიწოდებას საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და არც ისე ძვირადღირებული გზით. საბორნე მიმოსვლა ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ იმისთვის, რომ მან მოლოდინი გაამართლოს და მომგებიანი იყოს, გვჭირდება საკმარისი ტვირთი ორივე მიმართულებით - დასავლეთი - აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ-დასავლეთი. შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული, და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს. ყველა დაგროვილი და ხელმისაწვდომი გამოცდილება და ცოდნა, მაგ. TRACECA-სგან, ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული. სერვისების კოორდინაცია, ლოგისტიკა და დიგიტალიზაცია, მათი გამარტივება, მოდერნიზაცია და დაჩქარება ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას და უფრო ფართო გზის გახსნას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული სავაჭრო ნაკადებისთვის ევროკავშირამდე. მარშრუტის გასწვრივ მყოფი ყველა ქვეყანა მიიღებს ამისგან სარგებელს და უნდა მიმართონ საჭირო ძალისხმევას, რათა შესაძლებლობები მათი მოსახლეობისთვის რეალურ სარგებლად აქციონ. ბულგარეთის მხარე მზად არის და მას აქვს სურვილი, წინ წასწიოს ეს თანამშრომლობა საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან,“ განუცხადა Europetime-ს ბულგარეთის ელჩმა. საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება ინფორმაციისთვის: შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს