ძებნის რეზულტატი:
აშშ-მ რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია ჩაშალა - განცხადება
აშშ აცხადებს, რომ ჩაშალა რუსეთის მიერ ყალბი სოციალური მედიის ანგარიშების გამოიყენებით დეზინფორმაციის გავრცელების ძალისხმევა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსულმა „ბოტების ქარხანამ“ ფიქტიური სოციალური მედიის პროფილების შესაქმნელად, რომლის მეშვეობითაც, შემდეგ კრემლის მომხრე ნარატივები ვრცელდებოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, ხელოვნური ინტელექტის ელემენტები გამოიყენა. „რადგან რუსეთის მთავრობა აგრძელებს სასტიკ ომს უკრაინაში და ემუქრება დემოკრატიებს მთელ მსოფლიოში, იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენი კანონიერი უფლებამოსილებების გამოყენებას რუსეთის აგრესიის დასაძლევად და ამერიკელი ხალხის დასაცავად,“ განაცხადა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა. „დღევანდელი ქმედებები აჩვენებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და ჩვენი პარტნიორები ვერ იქნებიან ტოლერანტულები რუსეთის სამთავრობო აქტორებისა და მათი აგენტებისადმი, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს დეზინფორმაციის დასათესად და ამერიკელებს შორის უთანხმოების გასაღვივებლად,“ - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ. FBI-მ და ეროვნულმა კიბერ მისიამ (CNMF), კანადის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან (CCCS), ნიდერლანდების გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურთან (AIVD), ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, (MIVD) ასევე, ნიდერლანდების პოლიციამ გამოაქვეყნეს ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო, სადაც დეტალურადაა აღწერილი დეზინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგიები. „რუსეთი აპირებდა, გამოეყენებინა ეს ბოტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული უცხოური დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რათა შეელახა ჩვენი პარტნიორების დახმარება უკრაინაში და გავლენა მოეხდინა რუსეთის მთავრობისთვის ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ ნარატივებზე,“ - აღნიშნა FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება
აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს
აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს. ერთობლივ განცხადებას აშშ-ისა და გერმანიის მთავრობები ავრცელებენ. მისი მიხედვით, გადაწყვეტილება აჩვენებს NATO-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს. „შეერთებული შტატები 2026 წელს გერმანიაში დაიწყებს თავისი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფის შორი მანძილის შეიარაღების პერიოდულ განლაგებას, რაც სამომავლოდ ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგემის ნაწილი იქნება. სრულად განლაგების დროს, კონვენციური შორი მანძილის იარაღის ერთეულები მოიცავს SM-6-ს, Tomawahk-ს და ჰიპერბგერით იარაღს, რომლებსაც გაცილებით მეტი მოქმედების მანძილი აქვთ, ვიდრე ევროპაში განლაგებულ ამჟამინდელ სახმელეთო იარაღს. ამ განვითარებული შესაძლებლობების განლაგება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს,” - ნათქვამია განცხადებაში.
კოლომინა: NATO საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია
NATO მოუწოდებს საქართველოს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის და მოუწოდებს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ასევე, ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ," წერს კოლომინა. ვაშინგტონში NATO-ს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდა. სამიტის დეკლარაციის შინაარსი ცნობილია. წლევალდელ დეკლარაციაში, ცალკე თავი დამატებით ეთმობა უკრაინას - ქვეთავი სახელწოდებით - „უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება“, 6 პუნქტისგან შედგება. 38-პუნქტიან დეკლარაციაში საქართველო ნახსენებია მე-17 პუნქტში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი უკრაინაში; მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და რომ NATO რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს აღიარებს. „რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის, საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის, ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული,“ - ვკითხულობთ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. ეს ამ სამიტის დეკლარაციაში ერთადერთი წინადადებაა, რომელშიც საქართველოა ნახსენები. ამავე დეკლარაციის მეორე პუნქტში დადასტურებულია ერთგულება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ამავე დეკლარაციის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონები სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის. 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციის მსგავსად და 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკესგან განსხვავებით, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. თუმცა იმავე მადრიდის სამიტზე საქართველო NATO-ს მიერ მიღებულ (დეკლარაციის ჩათვლით, რედ.) ორ დოკუმენტში იყო ნახსენები - კონკრეტულად, NATO-ს ახალი, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, რომელსაც NATO ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს, საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. მადრიდის სამიტის დეკლარაცია 2022 წლის NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. შესაბამისად, NATO-მ გადაწყვიტა, გაეძლიერებინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის,“ - აღნიშნული იყო დეკლარაციაში. მე-18 პუნქტი ეთმობოდა ღია კარის პოლიტიკას. ვილნიუსის სამიტის კომუნიკე 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით. მოკავშირეებმა ასევე დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან ქვეყნის თანხმობის გარეშე განათავსა საქართველოში. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და გაგრძელდეს მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები დანარჩენი საქართველოსგან საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით მზად, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით გაუმჯობესებული NATO-საქართველოსს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე, როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში; თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების მხრივაც და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP),“ - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. შეფასებები თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „NATO-ს კომუნიკეში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს - მისი შეფასებით, „შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია.“ „მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ NATO გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი,“ ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. „დოკუმენტი, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, თავისი ფორმატითა და შინაარსით განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება, ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია. ასევე, კონტექსტი, რომ ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის ყველას ერთად ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. NATO-ში საქართველოს ელჩის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, „პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს „NATO-ს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები და აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა NATO-ს დაარსების 75 წლის იუბილეს.“ თუმცა, ბუნებრივია, აქაც, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა და მე ვფიქრობ, არამხოლოდ პარტნიორობის, არამედ, სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებით, მათ შორის, როგორიც არის პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილი და მსხვერპლი NATO-ს საერთაშორისო ოპერაციებში, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. ასევე, პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე პარტნიორს და არამხოლოდ პარტნიორს, არამედ, თვითონ NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, ყოველთვის, იცით, რომ აღიარებული არის ჩვენი ქვეყანა. ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ამ კონტექსტში მე-17 მუხლს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით, იმ ბარბაროსულ ქმედებებთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე, ომის დანაშაულების და ა.შ. სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მოლდოვა, სადაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა, მომწვევი, ანუ მასპინძელი მხარის თანხმობის გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მრავლისმომცველი, არის დაკავშირებული ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან, არის დაკავშირებული იმასთან, რომ NATO მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს უფრო მედეგი და პირველ რიგში, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ისევე როგორც დაეხმაროს უკრაინას, რათა არ დამარცხდეს რუსეთთან ომში და მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. ტყუილად არ იყვნენ მოწვეული ამ სამიტზე აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია, რამეთუ სწორედ ამ რეგიონში NATO საჭიროებს დღეს სერიოზულ დახმარებას, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიც არის ტექნოლოგიური საფრთხეები და ამავე დროს მათთან თანამშრომლობის განვითარება ამ კუთხით,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ოპოზიცია მმართველ გუნდს, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებებმა და ანტიდასავლურმა რიტორიკამ, ალიანსთან ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის დახურა. ცნობისთვის, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წლიდან დაიწყო, 1994 წლიდან პარტნიორობა მშვიდობისათვის და 1997 წლიდან პარტნიორობის საბჭოს ფორმატში გაგრძელდა. საქართველო, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა მოკავშირეების სამშვიდობო ოპერაციებში. ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში ვილნიუსის სამიტის კომუნიკე: საქართველო NATO-ს წევრი გახდება წევრობის სამოქმედო გეგმით რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში NATO სტრატეგიულ კონცეფციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უწოდებს
ბლინკენის მოადგილე თბილისშია
სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია თბილისშია. ის შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. „გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ქართველი ხალხის, მათ შორის, მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებისადმი. აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია,“ - წერს უზრა ზეია სოციალურ პლატფორმა X-ზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
NATO-ს სამიტის დეკლარაცია: უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას
NATO ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას. NATO-ს 75 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს იმართება ვაშინგტონში. დეკლარაცია მიესალმა გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინაში NATO-ს უმაღლესი წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს. „სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარეშე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი NATO-შია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საჭირო დემოკრატიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეფორმების მიმართულებით. რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, NATO-ში გაწევრიანების ჩათვლით. ვადასტურებთ, რომ NATO-ში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულებულ იქნება საამისო პირობები,“ წერია დეკლარაციაში, რომელიც ოთხშაბათს, 10 ივლისის საღამოს გამოქვეყნდა. მისივე თანახმად, NATO და NATO-უკრაინის საბჭოს სამიტის გადაწყვეტილებები, მოკავშირეების მიმდინარე მუშაობასთან ერთად, წარმოადგენს ხიდს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის პროგრესის მხარდაჭერას თავსებადობის სფეროში, ასევე დამატებით დემოკრატიულ და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში, რომელთა შეფასებას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტზე განაცხადა, რომ დეკლარაცია აჩვენებს; „ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.“ დეკლარაციის თანახმად, NATO-ს წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას მომავალ წელს სულ მცირე 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია. დეკლარაცი აღნიშნულია, რომ NATO უკრაინაში ომისთვის სრულ პასუხისმგებლობას ანიჭებს რუსეთს და მოუწოდებს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამავე დროს, დეკლარაციის თანახმად, NATO მზადაა, მოსკოვთან კავშირების არხები შეინარჩუნოს უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. დეკლარაციაში საუბარია ასევე NATO-სთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე, ვინაიდან, დოკუმენტის თანახმად, იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ალიანსი მიესალმება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. NATO-ს დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობი ხდება, ასევე, ის კვლავაც სისტემურ გამოწვევებს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. დეკლარაციაში ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საქმიანობის გამო კოსმოსის ათვისების სფეროში. ის მოუწოდებს პეკინს, ჩაერთოს სტრატეგიული რისკის შემცირების თაობაზე დისკუსიაში. ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დანიშნავს NATO-ს ახალ მაღალჩინოსანს კიევში, რათა "გააღრმაოს უკრაინის ინსტიტუციური ურთიერთობა ალიანსთან. უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს
ბორელი: ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, დასავლეთის რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს. ამის შესახებ ბორელმა NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ბორელის შეფასებით, დასავლეთმა ნაკლები ინტერესი გამოიჩინა პუტინის ქმედების მიმართაც, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. „არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. რომ პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია, იქნება ეს მეფის თუ საბჭოთა იმპერია. ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ საშინელ რეალობაში და ცუდად მომზადებულნი აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი წარმოჩინდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება," - აღნიშნა ბორელმა. აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან
საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამხედრო დერეფანს ქმნიან
საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიასის Twitter (X) განცხადებით, საბერძნეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა კოორდინირებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნა გადაწყვიტეს. „დღეს ბულგარელ და რუმინელ კოლეგებთან ერთად მოვაწერე ხელი განზრახვის წერილს (LoI) ჰარმონიზებული სამხედრო მობილობის დერეფნის შექმნის შესახებ, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში,“ - დაწერა დენდიასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილება დაგეგმილი ქმედებების სისრულეში მოყვანა. ბერძნული მედიის ცნობით, სამხედრო დერეფანი NATO-ს აღმოსავლეთ ფრთაზე გაივლის. გეგმა ითვალისწინებს ოთხი პორტის, მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ინტეგრირებას. დერეფანი დააკავშირებს თესალონიკს და ალექსანდროპოლისს ვარნასთან ბულგარეთში და კონსტანცასთან რუმინეთში - ეს არის NATO-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოთხი ქალაქი NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან სიახლოვის გამო.შეთანხმება საშუალებას მისცემს სამხედრო პერსონალს, შეუფერხებლად გადაადგილდნენ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, მისიის შესრულებისას შეუფერხებლად გადაკვეთონ სასაზღვრო პუნქტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ამჟამად საჭირო დროსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს. გარდა ამისა, რუმინეთი აარსებს NATO-ს უდიდეს ბაზას ევროპაში, რომელიც მოიცავს 30 კვადრატულ კილომეტრ ფართობს 10000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალით. რამშტეინის პერსონალის ნაწილი მალე გადავა მიხაილ კოგალნიცეანუს ბაზაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, რადგან რუსული საფრთხის გამო, კოალიციის ინტერესები სულ უფრო გადაინაცვლებს აღმოსავლეთისკენ. ვაშინგტონის სამიტი NATO-ს სამიტზე დასკვნით დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის. „ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული,“ წერია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. შავი ზღვა შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის $93 მილიონს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტიორემ განაცხადა. „უკრაინელებს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან,“ - განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ. ცნობისთვის, 10 ივლისს ნორვეგიიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან დასაცავად, უკრაინას F-16-ის ტიპის ექვს გამანადგურებელ თვითმფრინავს გადასცემს.
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI Act-ი მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, შემოკლებით MEGOBARI Act-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრაზე დღეს გაიტანეს, განხილვა კი, გუშინ, 10 ივლისს გაიმართა. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act). შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი - სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება. „ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა პაკეტი. ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს. ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან. „მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ“ - კონგრესში MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს MEGOBARI Act-ი ძირითადი დებულებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. ის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს. დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს. ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს. არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს. რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება. სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება. დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს. ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
„აირჩიე ევროპა“ - ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას პრეზიდენტი დაესწრო
თბილისში, „კოკა-კოლა“ ივენთ ჰოლში, ახალი სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი ("საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი). სამოქალაქო მოძრაობამ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მანიფესტი, რომელშიც წერია, რომ მათი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის ხელშეწყობა. „2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ყველაზე ფასეული შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის მხარდაჭერა, არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოების მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა და ევროპული არჩევანის გაკეთება,“ - ვკითხულობთ მანიფესტში. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის საარჩევნო კამპანია, თორემ მასში მონაწილეობას არ მიიღებდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ერთ მხარეს დგას საქართველოს საზოგადოება და მეორე მხარეს - ხელისუფლება. “მივესალმები ამ მოძრაობის დამფუძნებლებსა და ინიციატივის ორგანიზატორებს, ეს აუცილებელი იყო. „ავირჩიოთ ევროპა“ ასე ეწოდება ახალ მოძრაობას - მგონი, უკვე დიდი ხანია ავირჩიეთ ევროპა. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს განვითარების გზას, თავისუფლების გზას, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია და ამიტომაც ესოდენ გვიადვილდება ევროპისკენ სვლა. სვლა ვახსენე, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. ეს გზა ამ ხელისუფლებამ გაგვიყინა, გადაუხვია კონსტიტუციას და ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი იმ კამპანიის ნაწილი, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში და მერე, არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ყველა ეს კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმართული ყოფილიყო ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ამ გზას გადაუხვიეს და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება NATO-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დახმარების შეწყვეტაზე, ძალიან სერიოზული საფრთხეა ამ ქვეყნისთვის. ცოტა დროა დარჩენილი - 100 დღე. 100 დღე ცოტაცაა და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა მე, როგორც პრეზიდენტი აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი, ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოება ერთ მხარესაა და ხელისუფლება მეორე მხარეს, რომელმაც ჩვენი მომავლის უზურპაცია მოახდინა. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი, ან თუ არ მოაწერა, ამბობს, რომ ეთანხმება. არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც ქარტიაში წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პარტნიორებს და დავაჯეროთ მათ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანაა. სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს!“ განაცხადა პრეზიდენტმა. ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, ქორეოგრაფი ნინო სუხიშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი.
NATO-ს წევრი ოთხი ქვეყანა შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ, სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს ერთობლივად შეიმუშავებენ. ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ქვეყნები მიზნად ისახავენ, გამოასწორონ ევროპულ არსენალში არსებული ხარვეზები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას გამოააშკარავდა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ახალი რაკეტა შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. მანვე მოუწოდა ბრიტანეთის ახალ მთავრობას, ხსენებულ იდეას შეუერთდეს. მისი თქმით, იარაღის პირველი პროექტი, შესაძლოა, წლის ბოლოს იყოს დაპროექტებული. შემუშავება კი, მოგვიანებით იგეგმება. აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს
„მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია“ - ბლინკენის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს
აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია „ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ვისაუბრე “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მყარად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია,” - წერს ზეია. მანამდე ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შეხვდა. „მადლობელი ვარ საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები ყველასთვის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს,“ დაწერა ზეიამ X-ზე. პოლიტიკური პლატფორმის - "ერთიანობა" წევრმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ ამერიკელი პარტნიორების ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება - თუ ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, სახელმწიფოებრივად ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით.“ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა. როგორც მან აღნიშნა, „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტია - „რა თქმა უნდა, აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად, ხოლო ადამიანების უფლებების დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება „მეგობარი აქტი“ და ასევე „ქართველი ხალხის აქტი“, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ.“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა კი, აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი გზავნილია ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, ზოგიერთი მათგანის მტრად გამოცხადებისა (კალაძეს ვგულისხმობ) არ ტოვებენ ხალხს და ქვეყანას მარტო.“ დღის ბოლოს, ამერიკელი მაღალჩინოსანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უზრა ზეიასთან ქართულ - ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. „შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო, არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს. შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს. განიხილეს „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს,“ ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, „საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონპროექტებთან და საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა. ის [ზეია] ნათლად ახსნის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქმედებებმა და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობები დააზიანა.“ „სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას და პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებისადმი. დამატებით, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებისადმი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნდა და იმართება,” - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ჯონ ბასი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით
პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე, 10 ივლისს განათავსა. ჯონ ბასის თქმით, „საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ხალხის შესაძლებლობაზე, ილაპარაკონ თავისუფლად, შეიკრიბონ მშვიდობიანად და აირჩიონ თავიანთი ლიდერები.“ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯონ ბასს 10 ივლისს შეხვდა. აღნიშნულს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. „ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, მე ხაზი გავუსვი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის," - წერდა დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“
საფრანგეთის ელჩი: გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში
27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მის სიტყვებს „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, შეატრიალებს თუ არა კურსს, რათა ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს. „27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში,“ - განაცხადა შერაზ გასრიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. 10 ივლისს გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს ბერლინიც გადახედავს.
აშშ უკრაინას $225 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, NATO-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას გააკეთა. „ორი დღის წინ განვაცხადე უკრაინის საჰაერო თავდაცვითი აღჭურვილობის ისტორიული შემოწირულობის შესახებ. დღეს სიამაყით ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტის შესახებ. ეს იქნება მერვე პაკეტი, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს,“ – განაცხადა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება მიმდინარე ზაფხულს შეძლოს. „თქვენ დააკისრეთ რუსეთს მნიშვნელოვანი ხარჯები და ნათლად აჩვენეთ, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაზე, უკრაინა გაიმარჯვებს. მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე,“ – მიმართა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს უკრაინის სამშვიდობო სამიტის მეორედ ჩატარებაა საჭირო. დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას და საბრძოლო მასალას. ეს პაკეტი უკრაინას დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს, მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტების ჩამჭრელები, სარაკეტო სისტემები და არტილერიის საბრძოლო მასალა, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. „ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას ფრონტის ხაზზე,“ წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს მოუწოდა, „მოხსნან ყველა შეზღუდვა“ რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაზე. სამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თავდაცვის ალიანსის დახმარება გადამწყვეტია რუსეთის "აგრესიის მადის" შესაჩერებლად. უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს NATO-ს სამიტის დეკლარაცია: უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას
უკრაინამ და რუმინეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
ვაშინგტონში, უკრაინისა და რუმინეთის პრეზიდენტებმა, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუმინეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის სისტემებს გადასცემს და მისი ტერიტორიის გავლით ყველა საჭირო ტექნიკის სწრაფ ტრანზიტს შეუწყობს ხელს. დოკუმენტში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული განაღმვის, სანქციების, უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხებსაც მოიცავს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება პუნქტებს შავ ზღვასთან დაკავშირებითაც მოიცავს. კერძოდ, რუმინეთი უკრაინას შავი ზღვის განაღმვაში დაეხმარება. ასევე, რუმინეთი, მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს F-16-ის სასწავლო ცენტრს უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად.
„NATO-ს მხარდაჭერა გაგრძელდება და ვადასტურებთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“ - სტოლტენბერგი ზელენსკის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მიესალმა. ვაშინგტონის სამიტზე ხუთშაბათს (2024 წლის 11 ივლისს) მან ხაზი გაუსვა „უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, მათ შორის, უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირებას“, რომელიც ოთხშაბათს (2024 წლის 10 ივლისს) შეთანხმდა. „დღეს ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან ერთად, რაც ცხადყოფს, რომ NATO-ს მხარდაჭერა გაგრძელდება და ვადასტურებთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების „შეუქცევად გზაზე“ დგას. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადამწყვეტია რუსეთის "აგრესიის მადის" შესაჩერებლად. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდეს. კითხვას იარაღის გამოყენების შესახებ შეზღუდვების შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა იყოს რუკაზე, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ძალიან სწრაფი ნაბიჯები.“ ზელენსკი იმეორებს, რომ უკრაინა "ძალიან ახლოსაა" NATO-ში გაწევრიანების მიზანთან. „შემდეგი ნაბიჯი იქნება მოწვევა და გაწევრიანება,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. "იმედი მაქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ." ის ამბობს, რომ სიტყვა "წარმატება" ხშირად არ არის მიზანშეწონილი ომში, მაგრამ უკრაინისთვისაც და NATO-სთვისაც წარმატება იქნება, თუ მისი ქვეყანა ალიანსს შეუერთდება. აღნიშნავს რა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ზელენსკი ხაზს უსვამს მისი ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელობას, რათა აგრესიული ომები ნორმად არ იქცეს. მანვე დაამატა, რომ მოკავშირეები გაძლიერდნენ ომის მსვლელობისას. უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს NATO-ს სამიტის დეკლარაცია: უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას
ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, სცენის მიმართულებით ისროლეს - საიდუმლო სამსახური
დღეს, 13 ივლისს, პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს სროლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში მომხდარს, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობად იძიებენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს. „მსურს მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და ყველა სამართალდამცავს სროლაზე სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ახლა, პენსილვანიის შტატის ბატლერში მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა მივუსამძიმრო შეხვედრაზე მყოფი მოკლული პირის ოჯახს და ასევე სხვა პირის ოჯახს, რომელიც მძიმედ დაშავდა. დაუჯერებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ამ დროისთვის მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა მოკლულია, არაფერია ცნობილი. „მე მომხვდა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ხდებოდა, რადგან ზუზუნის ხმა, გასროლები გავიგონე და მაშინვე ვიგრძენი, რომ ტყვია კანში გადიოდა. ბევრი სისხლდენა მქონდა და მაშინ გავიაზრე, თუ რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“ ამბობს ტრამპი. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: „13 ივლისს საღამოს, დაახლოებით 18:15, პენსილვანიის ბატლერში ყოფილ პრეზიდენტ ტრამპის (საარჩევნო) საკამპანიო შეხვედრის დროს, ეჭვმიტანილმა მსროლელმა შეხვედრის ადგილის გარედან, შემაღლებული პოზიციიდან, სცენის მიმართულებით მრავალჯერადი გასროლა მოახდინა. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის პერსონალმა მსროლელი გაანეიტრალა, რომელიც ახლა მკვდარია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დამცავი ზომებით სწრაფი რეაგირება მოახდინა, ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა და მისი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ერთი დამსწრე დაიღუპა, ორი კრიტიკულად დაშავდა. ინციდენტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარებს და საიდუმლო სამსახურმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფორმალური შეტყობინება გაუგზავნა.“ დელავერის შტატის რეობოტ ბიჩში მყოფმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდარის შემდეგ ამერიკელებს მიმართა და განაცხადა, რომ ტრამპთან ტელეფონით საუბარს აპირებს. მომხდარზე კი, განაცხადა, რომ ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის. „ეს დამთრგუნველია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქვეყანა გავაერთიანეთ. არ შეგვიძლია, დავუშვათ რომ ეს ხდებოდეს. არ შეგვიძლია ასეთი ვიყოთ. არ შეგვიძლია, ეს მივუტევოთ.“ „ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც შეხვედრას ესწრებოდა. ველოდებით დამატებით ინფორმაციას," - ამბობს ბაიდენი. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი დონალდ ტრამპს ესაუბრა. „დღეს, პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ბრიფინგს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან“, - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში. სროლა ტრამპის სიტყვის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში გაისმა. საიდუმლო სამსახურის აგენტები მის გარშემო შეჯგუფდნენ პრეზიდენტის დასაფარად. ვიდეოში ტრამპის სახის მარჯვენა მხარეს და ყურზე სისხლის კვალი ჩანს. იმ დროს, როდესაც დაცვის აგენტებს ადგილიდან გაჰყავდათ, ტრამპმა მუშტი რამდენჯერმე ზემოთ ასწია მხარდამჭერების გასამხნევებლად. წამყვანმა რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა სწრაფად დაგმეს ძალადობა. განცხადებები გაკეთდა ამერიკის კონგრესში. „პოლიტიკური ძალადობის ამ შემზარავ აქტს მშვიდობიანი კამპანიის აქციაზე ადგილი არ აქვს ამ ქვეყანაში და ის უნდა იყოს ერთხმად და მტკიცედ დაგმობილი,“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სოციალურ მედიაში სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ შეძრწუნებული იყო მომხდარით და შვებით ამოისუნთქა, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა. „პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა შუმერმა.
მსოფლიო ლიდერები ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას ეხმაურებიან
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ის "შეძრწუნებულია შეხვედრის შოკისმომგვრელი სცენებით." „პოლიტიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ადგილი ჩვენს საზოგადოებებში არ არის,“ - განაცხადა პრემიერმა. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდაც. „მტკიცედ უნდა დავდგეთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიას გამოწვევას უქმნის,“ - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონი კი, ამბობს, რომ მღელვარებით ადევნებს თვალს სიახლეებს პენსილვანიიდან. მან დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „საარჩევნო კამპანიის მომდევნო თვეებში დიალოგი და პასუხისმგებლობა სძლევს სიძულვილსა და ძალადობას.“ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული არიან დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით. „ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისა და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის ამბით, რასაც მკაცრად ვგმობ,“ - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრისას სროლას. „კიდევ ერთხელ, მომსწრე ვართ პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტების,“ - აღნიშნა ბორელმა.
FBI: ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სროლა მკვლელობის მცდელობაა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სროლა მკვლელობის მცდელობაა. „ადგილი ჰქონდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა“, - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა კევინ როჟეკმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას. მისი თქმით, ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, შეიარაღებული პირის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.