ძებნის რეზულტატი:
აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოსაც მიიწვევს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებზე, ამასთანავე, ამერიკელი დიპლომატი მთავრობას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან 24 ივნისს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს პოზიციებს. ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, საქართველომ კლუბში გაწევრიანება საკუთარი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა და პარტნიორები უბრალოდ ნათლად ხსნიან, რას ნიშნავს ეს. "აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად," აღნიშნა ო'ბრაიენმა და დაამატა, რომ "ძალიან აწუხებთ" მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების "ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა." ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის 85%-ს სურს ევროკავშირსა და NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია. „როგორც საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით. დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა [ჯოზეფ ბორელმა] ძალიან ნათლად თქვა: ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული "უცხოური გავლენის აგენტების კანონი", ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ," - აღნიშნა მან, შემდეგ კი, საქართველოსა და პარტნიორების ურთიერთობა საფეხბურთო კლუბის წესებს შეადარა და განმარტა, რა ხდება, როდესაც ერთ წევრს კლუბში გაწევრიანება სურს. ჯეიმს ო'ბრაიენი შეზღუდვებზე: ეს იძულება არ არის, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ ეს ძალინ მარტივია. ახლა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ამბობს, რომ სურს, ჩვენს საფეხბურთო ლიგაში ითამაშოს, ამასთან გვეუბნება, რომ სურთ მათ მხარეს 15 მოთამაშე ჰყავდეთ. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არა, უნდა გყავდეთ იმდენი მოთამაშე, რამდენიც სხვებს ჰყავთ. თქვენ აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ან აკეთებთ იმას, რასაც ყველა აკეთებს. ეს კლუბის წესია. ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს. საქართველოს აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს შეუერთდეს კლუბს და ჩვენ უბრალოდ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს," - ამბობს ო'ბრაიენი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან აქტიურად განიხილავენ, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ლიდერები. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის NATO-ში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე: ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია
ბორელი: გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ, შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს
24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოზე (FAC), სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის შესაძლო საპასუხო ზომები განიხილეს. საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. "დღის მეორე ნახევარში, გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ.მაისში გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ზედიზედ მეორედ, საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილეთ. ვწუხვართ, რომ ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. საქართველოს უმაღლესი დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა, გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები. ეს საქართველოსევროკავშირსაშორებს. ამგანცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს. ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება. გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. შემიძლია, ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ: თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. პარალელურად, ჩვენ გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. გავავრცელებთ მოსაზრებების ამსახველ დოკუმენტს, გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ. შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს. მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვას განვიხილავთ. ეს შეიძლება, დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდში ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ,“ აღნიშნა ბორელმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 მაისს განაცხადა, რომ „თუ კანონპროექტის ინიციირებამდე ნულის ტოლი იყო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია.“ დღეს დილით ბორელმა ჩამოთვალა რამდენიმე მოკლევადიანი ზომა საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ: უმაღლესი რანგის პირების ვიზიტების შემცირება, დახმარების, მათ შორის სამხედრო სფეროში დახმარების შეჩერება და ა.შ. ევროკავშირში რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ ზომებს შეეწინააღმდეგა მხოლოდ ორი წევრი ქვეყანა - უნგრეთი და სლოვაკეთი. „ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება,“ - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა საბჭოს დაწყებამდე. საქართველომ კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო. ვითარება გააუარესა ე.წ. უცხოური აგენტების კანონმა, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან აშორებს.
ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ მოგვისმენია თქვენი კომენტარები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორ შეესაბამება თქვენი ადრინდელი ვარაუდები/მოლოდინები ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკასა და პროცესს? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ ბასს. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი, თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში NATO-სთან - ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში. თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას, მათ შორის, დაიცვას პრინციპები, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვნახეთ,“ - აღნიშნა ბასმა საერთაშორისო და ქართული მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე. „როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია,“ - განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ის აშშ-ის სენატმა 2021 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილედ. სახელმწიფო მდივანმა კი, 2024 წლის 23 მარტს დანიშნა ჯონ ბასი პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან
ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა
ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. „მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ,“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შარშან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო. მარტში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეხუთე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა თავდაცვის სტაჟიანი მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ნაცვლად ეკონომისტ ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნას. შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. ეს უკანასკნელი კი, პუტინის თანაშემწე გახდა.
ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა - გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით
უკრაინის პრეზიდენტმა ისტორიული უწოდა დღევანდელ დღეს, როცა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება. „დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ათვლა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების," წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. „ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპის გზიდან, ყველა ევროპული ერის - ჩვენი საერთო სახლისკენ. სახლი, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი!“ აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. 25 ივნისს ევროკავშირი ბლოკში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებას იწყებს. მოლაპარაკება ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად დაიწყება. ევროკომისიამ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობები. ეს ეხება კორუფციასთან ბრძოლასაც და უმცირესობებზე ზრუნვასაც. ზელენსკი: ევროკავშირმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო, მოუთმენლად ველით 25 ივნისს
რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ
საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამის შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. საანგარიშო პერიოდში, მთავრობა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას აგრძელებდა, ამიტომ საქართველო დარჩა „პირველ დონეზე“ (Tier 1). ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას და მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებას მოიცავდა. მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მესამე თავშესაფარი და მეექვსე კრიზისული ცენტრი გახსნა, რომელიც მომსახურებას უწევს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლს და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების დაფინანსების გაზრდა განაგრძო. მთავრობამ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც მობილური იურიდიული საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა. მთავრობამ "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც დაქირავების საფასურს კრძალავს და დაქირავების სააგენტოების ლიცენზირებასა და მონიტორინგს მოითხოვს,“ - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მან მცირე რაოდენობით ეჭვმიტანილი ტრეფიკერები გამოიძია და კომერციულ სექს-დაწესებულებებში მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის პოლიციას მკაფიო სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს. გარდა ამისა, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაატაროს გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები რთული საქმეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ დანაშაულთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ციფრულ მტკიცებულებებთან. სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე მსხვერპლი ქვეყანაში დარჩენილიყო, რაც, სავარაუდოდ, უცხოელ მსხვერპლთან მათ თანამშრომლობას აფერხებდა, რომელთაც რეპატრიაცია სურდათ და მოსამართლეებს სისხლის სამართლის საქმეებზე რესტიტუცია არასდროს დაუწესებიათ. მთავრობას მისი ძალისხმევის შესახებ საჯარო შეფასებები ან ინფორმაცია სათანადოდ არ გამოუქვეყნებია,“ - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშში მოცემულია ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. მათ შორის: ადამიანით ვაჭრობის დანაშაულებისა და ტრეფიკერების აქტიური გამოძიება და დასჯა, მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის ძალისხმევის გაზრდა, დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსების გაზრდა, რთული საქმეების გამოსაძიებლად სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში შრომის ინსპექციის შემდგომი ჩართვა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზრდა, ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და სხვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა და ამ რეგიონების ე.წ. ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ. „რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შესაძლებლობა შეზღუდეს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ მუშაობის მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. შედეგად, ტრეფიკინგის არსებობის ან მის წინააღმდეგ ბრძოლის აფხაზი და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ძალისხმევის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირები ტრეფიკინგის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. გარდა ამისა, ზოგიერთმა დამკვირვებელმა მიგრანტების იძულებითი შრომის ანეკდოტური მტკიცებულება და აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეიდან მუშებისთვის, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ მუშაობის იძულება აღნიშნა,“ - წერია ანგარიშში. „პირველ დონეზე“ საქართველოსთან ერთად შემდეგი სახელმწიფოებია: არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბელგია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაიანა, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ფილიპინები, პოლონეთი, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, ესპანეთი, სურინამი, შვედეთი, ტაივანი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
ჩრდილოეთ მაკედონიას ახალი მთავრობა ჰყავს
ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა, 23 ივნისს, ახალი მთავრობა დაამტკიცეს. კოალიციურ მთავრობას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქრისტიან მიცკოსკი მეთაურობს. მისმა პარტიამ, გაერთიანებით "შენი მაკედონია", მაისში ჩატარებულ საყოველათაო არჩევნებში წარმატებას მიაღწია და ახლა ქვეყანას კოალიციური მთავრობით მართავს. კოალიციაში შედის ალბანური უმცირესობის და ეთნიკური მაკედონიელების პარტია, რომლებიც სოციალ-დემოკრატებს გამოეყვნენ. პარტიამ გაიმარჯვა ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტის პოსტი, პირველად ჩრდ. მაკედონიის ისტორიაში ქალმა, პროფესორმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ დაიკავა. სხდომის "ისტორიულად" გამოცხადებისას, მიცკოსკიმ განაცხადა, რომ “სახელოების დაკაპიწების და პრობლემების გადაჭრის” დროა. მიცკოვსკიმ პოპულარობა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრესის გაჭიანურებით გამოწვეული მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე მოიპოვა, ევროსკეპტიკური პოზიციის დაკავებით. მან ხმების 42 პროცენტი მიიღო, რაც ბევრად მაღალია სოციალ-დემოკრატების 15 პროცენტზე, რომლებიც ძალაუფლებას 2017 წლიდან ფლობდნენ. მისი თქმით, მის 20 მინისტრიან მთავრობას არ დასჭირდება 100 დღე რეფორმების გასატარებლად და ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, გადასახადების შესამცირებლად და პენსიებისა და ხელფასების გასაზრდელად. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ახალი მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების შესრულების შესაძლებლობა. მიცკოვსკის პარტია 2017 წლიდან ოპოზიციაშია, როდესაც ნიკოლა გრუევსკის მთავრობა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, სავარაუდო კორუფციის გამო ჩამოაგდეს და ის სოციალ-დემოკრატების მთავრობამ ჩაანაცვლა. გრუევსკი მემარჯვენე ნაციონალისტია, რომელიც ქვეყნიდან 2018 წელს გაიქცა მას შემდეგ, რაც კორუფციის ბრალდებით, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. არსებობს შიშები, რომ ახალი პრემიერის ნაციონალისტურმა მიდრეკილებებმა შეიძლება, ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, საბერძნეთთან და ბულგარეთთან. ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში 2020 წელს, მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც გადაჭრა უთანხმოება საბერძნეთთან ქვეყნის სახელთან დაკავშირებით. მიცკოსკის თქმით, მთავრობა ევროინტეგრაციის ერთგული დარჩება. „ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად დგომას და ერთად გავაფორმებთ საერთო საგარეო პოლიტიკას ევროკავშირთან,“ - აღნიშნა მან და დაამატა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში. მაგრამ, მიცკოსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება ბულგარეთთან დავის გადასაჭრელად, რაც აფერხებს სკოპიეს სვლას ევროკავშირისკენ და რომელიც საკონსიტუტიო ცვლილებას ითვალისწინებს, ქვეყანაში ბულგარელების უმცირესობად აღიარების მიზნით, “არ გავა” მისი მმართველობის პერიოდში. მიცკოსკიმ რამდენჯერმე მოიხსენია ბალკანეთის ორმილიონიანი ქვეყანა, როგორც მხოლოდ მაკედონია, არ თქვა მისი სრული სახელი ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც წინა მთავრობამ საბერძნეთის ზეწოლის ქვეშ შეცვალა. საბერძნეთი ამტკიცებს, რომ სახელი მოიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციაზე. ამ ნაბიჯმა შესაძლოა გაართულოს ათენთან სკოპიეს ურთიერთობები და ბულგარეთის უკმაყოფლებებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი სიძნელე შექმნას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
კახეთში ძლიერი ქარიშხალი იყო
კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძართან ძლიერი ქარი იყო. სოფელ ალავერდში დაზიანებულია ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ავტომობილები. „ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა,” - ნათქვამია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთ მანქანაში, რომელიც დაზიანდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათ დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთ-ერთი მათგანი, პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. განახლება: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, კახეთში, სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექს გადახდილი აქვს გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები. სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას. "სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები,“ - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში. „25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ წერდა გარენოს ეროვნული სააგენტო 24 ივნისს. სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.
სახალხო დამცველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ანგარიში წარადგინა
სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა. „სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. ხანდაზმულთა შორის მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, რაც მათ მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განაკუთვნებს. უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მასშტაბების კვლევის, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა თავისთავად იწვევს სოციალური საცხოვრისებში გაუსაძლის მდგომარეობას. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები,” - აღნიშნა იოსელიანმა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, საპატიმროებში მსჯავრდებულ-ბრალდებულთა ოდენობის შემცირება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება. „სამწუხაროდ, საქართველო, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 9500 მსჯავრდებულ-ბრალდებული გვყავს მთლიანობაში, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი არის შესამცირებელი. ეს ამნისტიის გზით გაკეთდება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმით თუ პრეზიდენტი უფრო მეტ ადამიანს შეიწყალებს, ან სამაჯურების გამოყენების მექანიზმი იქნება, რაც არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა, არ ვიცი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იქამდე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა შემცირდება, აღარ ვიქნებით მეორე ადგილზე, აღარ იქნება დაწესებულებები გადატვირთული. ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები ამ თუ არა მომავალ პარლამენტში მაინც. ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ - არის მთელი რიგი დანაშაულები, მთელი რიგი რაოდენობა მსჯავრდებულების, რომლებიც აღარ საჭიროებენ საპატიმროში ყოფნას, რომელთა გათავისუფლება დღეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის პირობებში, პირობითი მსჯავრის პირობებში და ა.შ მაგრამ უმჯობესია მათ ჰქონდეთ საშუალება იყვნენ ოჯახში და გარეთ მოიხადონ მსჯავრი, ვიდრე ეს ხდებოდეს საპატიმროში, სადაც ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ისე არ იყოს დაცული, როგორც ეს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ყველა დაწესებულებას არ ეხება ეს. ყველა დაწესებულება მოვინახულე და ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში. არის სანიმუშო, კარგი დაწესებულებები და არის დაწესებულებები, სადაც მძიმე სიტუაციაა. საპატიმროში პოპულაციის ეს შემცირება, ამ მიმართულებითაც გამოასწორებს მდგომარეობას,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საზოგადოება სრულფასოვნად უნდა იყოს ინფორმირებული. „საქართველოში, სამწუხაროდ, იმდენად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დადიან კონკრეტული ეთერში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მიდიან კონკრეტულ ეთერში. არ ხდება ამ სივრცის შევსება განსხვავებული მოსაზრებებით. 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს. იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული, პარლამენტის წევრებმა კითხვებს უნდა გასცენ პასუხი ყველა შემთხვევაში, მათი მანდატი პირდაპირ დემოკრატიის წესით მათ არჩევას გულისხმობს. არ არსებობს უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება,“ - აღნიშნა იოსელიანმა. სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა - უცნაურია, როგორ შეიძლება, არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სხვადასხვა უწყებამ, ისე პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან „ეს ქვეყანას სჭირდება.“ „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები, რომელთაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი გასცემს, რომელიც მთელი წლის მუშაობის შედეგია და რომელშიც სახელმწიფო, სხვათა შორის, დაახლოებით 10 მილიონ ლარს ხარჯავს წელიწადში, იყოს გაზიარებული როგორც უწყებების, ისე პარლამენტის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა. უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული. ყოველ შემთხვევაში დღემდე არ მომისმენია რაიმე ტიპის კრიტიკა ანგარიშის მიმართ, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული რაღაც მტკიცებულებებზე, რომ რაიმე მონაცემები არასწორად წარმოვადგინეთ. შეიძლება შეფასებებში გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის, რომ ყველა საკითხი, პრობლემა და უფლება, რაზეც ვსაუბრობთ, აქტუალურია და მეტი ყურადღება სჭირდება, მგონი, ეჭვგარეშეა. ვისურვებ, რომ მომავალ წელს, როდესაც ამ დარბაზში მოვალ, სადაც სხვა პარლამენტი დამხვდება, მეტი ინტერესი ყოფილიყოს ანგარიშის მიმართ, პარლამენტის მეტ წევრს ჰქონდეს წაკითხული და მეტი შინაარსობრივი კითხვა დამისვან. ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები. მადლობას გიხდით ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მოხსენებას დაესწარით. მადლობას ვუხდი ვახო მეგრელიშვილს და თეონა აქუბარდიას - ამ ორ გამორჩეულ ოპოზიციონერს, რომელიც ჩემს მოხსენებას ესწრებოდა. იმედი მაქვს, რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით, მნიშვნელოვანწილად იქნება შესრულებული, ეს სჭირდება ამ ქვეყანას და იმას, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს. დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება კი ნიშნავს ჩვენს წინსვლას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის მიმართულებით; ჩვენს წინსვლას თანამედროვე სამყაროსკენ. ამ ნაბიჯების, გადადგმა ყველაფერთან ერთად, ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესებაზე გადის,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 386-გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული. წარმოდგენილ თემებს შორის არის - კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველთა უფლებები. ასევე, საკუთრების უფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, შრომის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა უფლებები, თანასწორობის უფლება და გენდერული თანასწორობა, ეროვნული უმცირესობები, დევნილთა, ეკომიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხები.
ვენეციის კომისიის ორი ახალი მოსაზრება გენდერული კვოტების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე
ვენეციის კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებული ორი ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს: მოსაზრება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება გენდერული კვოტები და 2023 წლის დეკემბრის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა შესახებ ერთობლივი მოსაზრების შემდგომი მოსაზრება. გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს სახელმწიფოს მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებას - ისევე როგორც ეს აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში, რომლითაც სასამართლომ დადასტურდა დროებითი გენდერული კვოტების კონსტიტუციურობა. კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის ცვლილებების მიხედვით შემოღებული გენდერული კვოტები საპარლამენტო და ადგილობრივ საარჩევნო კანდიდატთა სიებში, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინასების წესი, შესაბამისობაში იყო ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებასთან, თუმცა, ახლა ეს ცვლილებები გაუქმდა, ქალი კანდიდატების არჩევის ხელშეწყობის სხვა ზომებით ჩანაცვლების გარეშე. როგორც ვენეციის კომისია წერს, „მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სახელმწიფოს თავად შეუძლია, გადაწყვიტოს დემოკრატიულ ინსტიტუციებში, მათ შორის, პარლამენტში, გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების გზები, ცხადია, რომ გენდერულ კვოტებს შეუძლიათ, გავლენა იქონიონ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაზე და ეს არ ეწინააღმდეგება თანასწორი ხმის უფლების პრინციპს, თუ მას აქვს კონსტიტუციური საფუძველი, საქართველოს მსგავსად. შესაბამისად, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ მიღებულ იქნას საგანგებო დროებითი ზომები პარლამენტში და ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიც არის გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდის ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევის ხელშესაწყობად და ამჟამად არჩეული ქალების პროცენტული რაოდენობის არსებითად გასაზრდელად.“ რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და პარლამენტის პროცედურული წესების შესახებ შემდგომ მოსაზრებას, „ვენეციის კომისია ღრმად შეშფოთებულია, რომ არც ერთი რეკომენდაცია, ნაწილობრივადაც კი, არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამჟამად მიღებული ცვლილებები შეუსაბამოა კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც საკვანძოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვაკანტური პოზიციების შესავსებად ჩიხიდან გამოსვლის ახალი მექანიზმია, რომელიც ორი დამატებითი კენჭისყრის შესაძლებლობას იძლევა და კანდიდატის მარტივი უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს, ეს კი, თავის მხრივ, შეიცავს რისკს, რომ მმართველი პარტია ერთპიროვნულად შეძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას.“ ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა
ვილი სანიოლი: მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა
„ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა,“ - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა. „თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ,“ - აცხადებს სანიოლი. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ოთარ კიტეიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მესამე მატჩისთვის მზად იქნება. „კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია,“ - განაცხადა ვილი სანიოლმა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვალ, 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.
ელჩი ფიშერი: ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას, მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ულოცავს. „მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც,“ - წერს პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა - გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით
ალენ ბერსეტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) დღეს ალენ ბერსეტი (შვეიცარია) ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩია. ბერსეტმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა უმრავლესობა (114 ხმა) მიიღო. დანარჩენმა ორმა კანდიდატმა, ინდრეკ საარმა (ესტონეთი) და დიდიე რეინდერსმა (ბელგია) 85 და 46 ხმა დააგროვეს. ალენ ბერსეტი შვეიცარიის მთავრობის წევრი გახლდათ 2012 წლიდან 2023 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. კერძოდ, 2018 და 2023 წლებში. როგორც მინისტრი, ბერსეტი სათავეში ედგა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს. მთავრობაში მოსვლამდე, 2003 წლიდან 2011 წლამდე, ის შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი გახლდათ. 2008-2009 წლებში, ის შტატების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატას) თავმჯდომარეობდა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დღემდე იყო მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. ბერსეტი მოვალეობის შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება.
NATO-ს გენერალურ მდივნად მოკავშირეებმა მარკ რუტე აირჩიეს
26 ივნისს, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტ NATO-ს გენერალურ მდივნის პოსტზე, იენს სტოლტენბერგის შემცვლელად აირჩია. 72 წლის იენს სტოლტენბერგს ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობა 2014 წლიდან ეკავა. მისი ვადა რამდენჯერმა გახანგრძლივდა. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, სლოვაკეთი და უნგრეთი იყვნენ. მათ რუტეს კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა 19 ივნისს მოხსნა თავისი კანდიდატურა. მარკ რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუდგება. ალიანსის ახალი გენერალური მდივნის ოფიციალური დანიშვნა, სავარაუდოდ, ივლისში, ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. „საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს,“ - იტყობინება საგარეო უწყება.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი თავისუფალია
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი 12 წლის განმავლობაში პირველად გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მოსამართლემ ოთხშაბათს დილით, ხელი მოაწერა მოულოდნელ საპროცესო შეთანხმებას - CNN ვებგვერდ Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან საპროცესო გარიგება გააფორმა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა. ასანჟის ამერიკელმა ადვოკატმა ბარი პოლაკმა განაცხადა, რომ „ჯულიან ასანჟის დევნა უპრეცედენტოა.“ „ასანჟმა გაამჟღავნა ჭეშმარიტი, ახალი ამბები… ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბატონი ასანჟისთვის არასოდეს არ უნდა წაეყენებინათ ბრალი ჯაშუშობის შესახებ კანონის შესაბამისად და ის ჩართული იყო ისეთ სამუშაოში, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიურად ასრულებენ.“ ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა. გასულ კვირას შეერთებულ შტატებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად წაყენებული 18 ბრალდებიდან ერთ-ერთში თავი დამნაშავედ ცნო. ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფოს ციხეში ხუთი წელი გაატარა, სადაც ის აშშ-ში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა. ასანჟის სახელს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში საიდუმლო მასალების გაჟონვის ყველაზე მასშტაბური საქმე. გამომძიებლების თქმით, 2009 წლის ბოლოდან ასანჟმა სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსთან, ჩელსი მენინგთან შეთანხმებით, WikiLeaks-ზე ათობით ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა ავღანეთისა და ერაყის ომის, კუბაში გუანტანამოს ციხეში პატიმრების მიმართ მოპყრობის შესახებ. მასალების მოცულობისა და წაყენებული რამდენიმე ბრალის გათვალისწინებით, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ასანჟი 2019 წლის აპრილიდან იმყოფებოდა ბრიტანეთის ბელმარშის ციხეში, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციას ითხოვდა. მანამდე შვიდი წელი იმყოფებოდა ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯულიან ასანჟმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და ის მშობლიურ ავსტრალიაში გაფრინდა.
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი ჩატარდა
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს,“ იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. რაიდერმა მედიას განუცხადა, რომ ლოიდ ოსტინი იყო საუბრის ინიციატორი და რომ 2023 წლის მარტის შემდეგ ეს მისი პირველი საუბარი იყო რუს კოლეგასთან, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა. ეს ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელუსოვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო, მას შემდეგ რაც მაისში, ის ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსმა გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკულ მხარეს არ განუმარტავს სატელეფონო ზარის მიზეზი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ბელოუსოვმა მიანიშნა ვითარების მოსალოდნელი ესკალაციის ხიფათზე, უკრაინული არმიისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების გაგრძელების ფონზე. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. დასავლეთმა კრემლს მძიმე სანქციები დაუწესა.
ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან ჩავიდა
26 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების ახლად დანიშნულ მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანდრეი ჰნატოვთან ერთად. მანამდე, 24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში მიიტანა. მათ შორის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვა, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 40-ზე მეტი. პოკროვსკი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონული დედაქალაქის დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით, 70 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქ პოკროვსკში შესასვლელი აბრის წინ გადაღებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დამცველებსა და მედიკოსებს ამ მხარეში და აღნიშნა, რომ მან გამართა "დეტალური შეხვედრა უსაფრთხოებისა და ხალხის მხარდაჭერის შესახებ." „დონეცკის ოლქი. ჩვენს ჯარისკაცებთან, მთავარსარდალ სირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ გნატოვთან ერთად. დღეს, ყველას ვინც დონეცკის ოლქის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი ანდრეი გნატოვი ოფიციალურად გავაცანი. ჩვენ ანგარიშები უშუალოდ პოზიციებიდან მოვისმინეთ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა 110-ე და 47-ე ბრიგადას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიევში საუბარს გამართავს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ფრონტის ხაზზთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ. „კიევში ცალკე საუბარი იქნება, მათ შორის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ადგილებში, ფრონტის ხაზზთან ახლოს უნდა იყვნენ, სადაც ადამიანებს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდებათ. გადაწყვეტილებები, რომლებიც კიევიდან უბრალოდ არ ჩანს. გამიკვირდა, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ ექვს თვეზე მეტია, არ ყოფილა. მათ შესახებ სათანადო დასკვნებს გამოვიტან,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამჟამად რუსეთის არმიის მოიერიშე ქვედანაყოფები ცდილობენ ხელთ იგდონ დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკი, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. რუსეთის ჯარები პოკროვსკისკენ ავდეევკის დასავლეთით მდებარე პოზიციებიდან მიიწევენ და ბოლო თვეებში, ღია წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით დაახლოებით 5-10 კილომეტრით წაიწიეს წინ. მაგრამ უკრაინის არმიის მძლავრი თავდაცვის გამო, ქალაქთან უფრო მიახლოებას ვერ ახერხებენ.
ისტორიული გამარჯვება პორტუგალიასთან- საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს, 30 ივნისს დაუპირისპირდება.