ძებნის რეზულტატი:
ტოივო კლაარს მაგდალენა გრონო შეცვლის
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატური მრჩეველი, ჩეხი მაგდალენა გრონო, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა. მაგდალენა გრონოს კანდიდატურას ოფიციალურად ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს. მაგდალენა გრონო ამ პოსტზე ესტონელ დიპლომატ ტოივო კლაარს შეცვლის. კლაარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. ჩეხი მაგდალენა გრონო (ფრიჩოვა) სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. რადიო თავისუფლების ცნობით, მაგდალენა გრონო კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. ის ამ ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.
პატრიკ ტერნერი უკრაინაში NATO-ს უფროსი წარმომადგენელია
დღეს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. "ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან NATO-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, NATO-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „როგორც ერთგულ საჯარო მოხელეს, მას აქვს შედეგების მიღწევის ძლიერი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რადგან NATO აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას,“ აღნიშნა თავის მხრივ, სტოლტენბერგმა. პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება. მანამდე ის მუშაობდა გენერალური მდივნის თანაშემწედ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე. „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინაში NATO-ს უფროს წარმომადგენლად დანიშვნა. მოუთმენლად ველი NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ხელისუფლებასთან, NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დავეხმაროთ NATO-ს მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინაში,“ აღნიშნა ტერნერმა მის ახალ როლთან დაკავშირებით. ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, შექმნან ალიანსის უსაფრთხოების დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის (NSATU), რათა უკეთ გაუწიონ კოორდინაცია უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნას. ეს ეფუძნება NATO-ს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება, მინიმალური საბაზისო 40 მილიარდი ევროს ფარგლებში მომდევნო წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოების მდგრადი დონე, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის გამარჯვების მისაღწევად.
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა
პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გაბიტაშვილი პარლამენტმა 80- ხმით აირჩია კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. კომიტეტის სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ მისი განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის - სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან. გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე. „მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა გაბიტაშვილმა. ახალარჩეული გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ამჟამად პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად თავისუფალია. გიორგი გაბიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძემ 23 მაისს დატოვა.
ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს COVID19 დაუდასტურდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. პრესსპიკერ კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აქვს. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს. ბაიდენი იძულებული გახდა, ნევადის შტატში საარჩევნო შეხვედრები ვადაზე ადრე შეეწყვიტა. თვითმფრინავის ტრაპზე ასვლამდე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. ბაიდენი გუშინ, ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ე.წ. „ბუსტერ“ დოზათაც. ის მანამდე ორჯერ იყო კოვიდინფიცირებული. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ხანს ქვეყანაში ისევ გაზრდილია COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. 6 ივლისს დასრულებული ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, მატება 23,5% იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. დემოკრატებში შიშობენ, რომ ბაიდენი თავისი მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდება. თავად ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს.
ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა
ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის თავდაცვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ქართველი ხალხის აქტის“ შეტანის ინიციატივა წარადგინა. ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზე განთავსდა. მისი მიხედვით, „პროექტი ეხება 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის, ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს.“ შაჰინი ითხოვს, რომ 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს დაემატოს G ჩანაწერი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას. „ქართველი ხალხის აქტი“ ორ ძირითად ნაწილს მოიცავს: სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის, ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი. ასევე, იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელი; ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.
ევროკავშირი რეკორდულ, €7 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს მდგრად, უსაფრთხო და „ჭკვიან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში“
ევროკომისიამ, „ევროპის შეკავშირების ფონდიდან“ (Connecting Europe Facility - CEF), რომელიც ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენს, 7 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის გრანტის მისაღებად, 134 სატრანსპორტო პროექტი შეარჩია. დაფინანსების დაახლოებით 83% მოხმარდება პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის კლიმატის მიზნებს ემსახურება, აუმჯობესებენ ევროკავშირის სარკინიგზო, შიდა წყლისა და საზღვაო მარშრუტების ქსელს ტრანსევროპული სატრანსპორტო (TEN-T) ქსელის გასწვრივ. სარკინიგზო პროექტებს 7 მილიარდი ევროს 80% მოხმარდება. დაფინანსება მოხმარდება მსხვილ პროექტებს, რათა გააუმჯობესოს ტრანსსასაზღვრო სარკინიგზო კავშირები TEN-T ძირითადი ქსელის გასწვრივ - ბალტიის ქვეყნებში (Rail Baltica), საფრანგეთსა და იტალიას შორის (ლიონ-ტურინი) და დანიასა და გერმანიას შორის (Fehmarnbelt გვირაბი). გარდა ამისა, დაახლოებით 20 საზღვაო პორტი ირლანდიაში, ესპანეთში, ფინეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, მალტაში, ლიეტუვაში, კვიპროსზე, ხორვატიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში მიიღებს მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის განახლებისთვის - ზოგიერთი მათგანი "ენერგეტიკული ცენტრი“ გახდება. გარდა ამისა, დაფინანსდება რამდენიმე პროექტი, რომელიც გაზრდის შესაძლებლობას ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის ხაზების გასწვრივ, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის იმპორტისა და ექსპორტის გასაადვილებლად შეიქმნა. ეს პროექტები მოიცავს: უკრაინას, მოლდოვასა და რუმინეთს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საგზაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; მუშაობას უნგრეთ-უკრაინის სარკინიგზო საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდაზე; გზის ახალ მონაკვეთს პოლონეთში, რომელიც აგრძელებს მას უკრაინის საზღვრამდე; აგრეთვე კვლევებს და სამუშაოს "უკრაინის რკინიგზების" ევროპის კავშირის ერთიან სარკინიგზო სივრცეში ინტეგრაციისთვის. სარკინიგზო პროექტებს 7 მილიარდი ევროს 80 % მოხმარდება. "სახელმძღვანელო პრინციპები ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის" - კერძოდ, ახალი TEN-T-რეგლამენტი ძალაში შევა ხვალ, 18 ივლისს.
რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს, ნათქვამია, რომ საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა დოკუმენტის თანახმად, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად. „დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და საქართველოს მთავრობის მიერ გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად ცხრა ნაბიჯი განსაზღვრა, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია და ანტიკორუფციული ძალისხმევა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობა გულისხმობს სტრუქტურული რეფორმების გატარებას მრავალ სფეროში, მათ შორის არის ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, კანონმდებლობა კონკურენციის დაცვის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, სანიტარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები. ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატით, საქართველო რეგულარულად მაღალ ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში გამჭვირვალობის, კონკურენციის ხელშეწყობისა და ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით. 2005 წლიდან 2023 წლამდე საშუალო წლიური ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტს შეადგენდა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალი დეფიციტის, დაბალ ინფლაციისა და მცურავი რეალური გაცვლითი კურსის უზრუნველყოფაზე. საქართველოს ეკონომიკა კვლავ კარგი მაჩვენებლებით გამოირჩევა, ორმაგი შოკის – COVID-ის პანდემიისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად. COVID-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ აღდგენა 2021 წელს დაიწყო 10.4 პროცენტიანი ზრდით, ხოლო 2022 წელს კი, მოლოდინს გადააჭარბა 10.2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციის, ფინანსური ნაკადების ზრდისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გამო. 2023 წელს ეკონომიკის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ინფლაცია 0.4 პროცენტამდე შემცირდა; აღინიშნებოდა უფრო ტრადიციული ეკონომიკური დარგების კვლავ გააქტიურება: ტურიზმი, ექსპორტის ზრდა და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება. სამწლიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ, 2024 წლის პროგნოზით, მოსალოდნელია საქართველოს მშპ-ის ამ ტრაექტორიის გაგრძელება 5-7 პროცენტიანი ზრდის ფარგლებში. მთლიანობაში, ბიზნესის და საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. ამავე დროს, სასამართლო სექტორის მიმართ სულ უფრო კლებულობს ნდობა, რომ იგი შესძლებს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად გადაწყვეტას, რადგან ბიზნესთან დაკავშირებული ზოგიერთი საქმის განხილვა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ზოგიერთი სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტიანობას, ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, კანონებისა და მარეგულირებელი კანონების, მათ შორის ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონების, შერჩევით აღსრულებასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით. 1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქცია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით შეიტანოს. საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია და რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით დასრულდა. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიები დაიკავა. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აღნიშნული რეგიონები და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებს არ ცნობს დამოუკიდებელ ერთეულებად. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე „ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების“ სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს. ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული დარგებია, რადგან საქართველო ცდილობს, სარგებელი მიიღოს მისი ტერიტორიის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთბრუნვის გაზრდით 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად. ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა გადაზიდვების ბოლოდროინდელი ზრდა ცენტრალური აზიის ბაზრებთან ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის გავლით, რაც საქართველოსთვის შეიძლება გრძელვადიანი ზრდის წყარო გახდეს, განსაკუთრებით სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის შედეგად. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, ღრმა საზღვაო პორტის განვითარების ახალი ტენდერი გამოაცხადა; თავდაპირველი ტენდერის შედეგები მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობაზე მთავრობამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმების შესახებ,“ ნათქვამია ანგარიშში. სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის არმიის რეზიდენტი მრჩეველი დაინიშნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში უზრა ზეიამ, რომელიც სომხეთში 13-16 ივლისს იმყოფებოდა, დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან შეერთებული შტატების არმიის მრჩეველი იმუშავებს. „ჩვენ მივესალმებით თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-სა და სომხეთს შორის. ეს არის იმ სულისკვეთების ნაწილი, რომელიც ჩანს აშშ-სომხეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიულ განახლებაში,“ - განაცხადა ზეიამ სომხურ Hetq-თან ინტერვიუში. კითხვას, არის თუ არა სომხეთის CSTO-ს წევრობა დაბრკოლება აშშ-სომხეთის თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და გააძლიერებს თუ არა მას ქვეყნის შესაძლო გასვლა რუსეთის ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების ბლოკიდან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა: „სომხეთის CSTO-ს წევრობა არის ის, რაც მხოლოდ სომხეთის მთავრობას შეუძლია, გადაწყვიტოს. ჩვენ პატივს ვცემთ იმას, რომ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდა, ხოლო სომხეთი რჩება CSTO-ს წევრად. შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა ხელს უწყობს უფრო მშვიდობიან და სტაბილური სამხრეთ კავკასიის რეგიონის შექმნას.“ შეგახსენებთ, სომხეთმა ძველ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნები Eagle Partner-ი დაიწყო. Eagle Partner-ი შარშანაც ჩატარდა. ზეია: სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან უკეთესი კოორდინაციისკენ
საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა - მთავრობა
საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა" და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოებების გამძლეობის გასაძლიერებლად საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის. სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად. დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით,“ - წერია ინფორმაციაში. პრემიერის განცხადებით, „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით, გამოიკვეთა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.“ „ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება, რომ გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დოკუმენტში ასახულია საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. „ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში ამ სამიტის დოკუმენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „ჩვენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, იგივე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი სხვა პროექტებზეც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს, მათ შორის, ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით. „ეს ეხება იგივე გაზის რესურსებს, ნავთობის რესურსებს და ა.შ. ამ კუთხით გვქონდა საუბარი, როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ პროექტებზეც,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მოგვიანებინ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში - ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია.“
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს. მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი. შეგახსენებთ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. ზურაბიშვილი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს
პრეზიდენტი და პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს. „გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე. თავის მხრივ, მილოცვისას, პრემიერი კობახიძე საუბრობს „თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე.“ "ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას," - წერს ირაკლი კობახიძე X-ზე. დღეს 401 ხმით ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.
უკრაინის უსაფრთხოების სტრატეგია, შავ ზღვაში NATO-ს ძალების მუდმივ ყოფნას ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ამოქმედდა. სტრატეგია მიზნად ისახავს საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და საზღვაო სუვერენიტეტის უზრუნველყოფას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ დამტკიცებული ეს სტრატეგია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მზადყოფნა, ყოვლისმომცველი პრევენცია და ეფექტიანი რეაგირება უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების საფრთხეებზე. „ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაში ეს არის თანამედროვე სტრატეგია და ჩვენ მას განვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მე მალე განვიხილავ სტრატეგიის დეტალებს მათთან, ვისაც ჩვენ მსგავსად სურს სტაბილური უსაფრთხოება თავისი რეგიონებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს გარკვეული მიმართულებით. „კერძოდ, უსაფრთხოების ცვლილებებს და ინოვაციებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, ჩვენი ძალების განვითარებაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, 17 ივლისს საღამოს ვიდეომიმართვაში. 6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს ახალი საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს საზღვაო ძალების მშენებლობას, NATO-სთან წვრთნებს და ალიანსთან ერთობლივი „უსაფრთხოების მისიების (საზღვაო პატრულირებას - აზოვი-შავი ზღვის აუზში) ორგანიზებას. 17 ივლისს სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ (NSDC) დაამტკიცა. დოკუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა. NSDC-ის ყოფილმა მდივანმა ოლექსი დანილოვმა განმარტა, რომ სტრატეგიის მიზანია, უკრაინა საზღვაო ძალად აქციოს. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხედ განიხილავს ნებისმიერ გეგმას შავ ზღვაში NATO-ს ხომალდების მუდმივი ყოფნის შესახებ, უკრაინის კონფლიქტში ალიანსის ჩართულობის გათვალისწინებით. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებს ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საზღვაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე. ზელენსკიმ მანამდე ისაუბრა იმის აუცილებლობაზე, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი არ დომინირებდეს შავ ზღვაზე. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს NATO წევრი ქვეყნების მონაწილეობით „სამთო კოალიციის“ შექმნას, რომელიც განახორციელებს რეგიონის, კერძოდ, უკრაინის საზღვაო სივრცეებისა და მდინარეების განაღმვას ომის შემდგომ პერიოდში, NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით; ასევე გათვალისწინებულია: „NATO-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, წვრთნების, მანევრების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვა, ალიანსის ძალების მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში, ფლოტის ბაზირების სისტემის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონსა და ხმელთაშუა ზღვაში უსაფრთხოების საიმედო გარანტირებისთვის.“ „უკრაინა არის საზღვაო სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ არაპროვოცირებულ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას, განსაკუთრებით, შავ და აზოვის ზღვებში - საზღვაო მიმართულებიდან. უკრაინის კონტროლის აღდგენა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზღვის სანაპიროზე, საკუთარ საზღვაო სივრცეებზე, აგრეთვე საზღვაო ზოლების უსაფრთხოების აღდგენა და გარანტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებობისთვის. უკრაინა დაინტერესებულია უსაფრთხოების გარანტიით და ნაოსნობის თავისუფლებით, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე - მსოფლიოში,“ ასე აღწერს სტრატეგიას ზელენსკის ადმინისტრაცია. მისი განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით დაფინანსდება. მინისტრთა კაბინეტს უშიშროების სამსახურთან და საგარეო დაზვერვის სამსახურთან ერთად, სამი თვის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება ევალება. ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას პრაქტიკულად არ გააჩნდა საკუთარი ფლოტი, რომლის უმეტესი ნაწილი ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიკარგა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა კლასის 22 ხომალდი და 37 დამხმარე გემი ჰყავდათ. ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის (BSF) ძალა 286 ერთეული იყო. ამჟამად რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს, აზოვის ზღვის სანაპიროს და შავი ზღვის სანაპიროს ნაწილებს მატერიკზე, უკრაინაში. ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთი და ხერსონის რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია. მიუხედავად ამისა, კიევისა და მისი მოკავშირეების ცნობით, 2,5 წლიაინი ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს შავი ზღვიდან რუსეთის ფლოტის განდევნა. კიევი იყენებს რაკეტებს და ახლად შექმნილ ფლოტს სხვადასხვა საზღვაო დრონებს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის დომინირებას შავ ზღვაში. რაკეტების, თვითმფრინავების და უპილოტო კატარღებით თავდასხმების შედეგად, განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა შავი ზღვის ფლოტის გემების 30%. ამან უკრაინას საშუალება მისცა, შეემცირებინა სადესანტო ოპერაციების საფრთხე და ზღვიდან მისი ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობა, ასევე გაეწმინდა წყლის ტერიტორია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. შეგახსენებთ, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
ალიევი: აზერბაიჯანს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ ევროპულ ქვეყნებს გაზი მიაწოდოს
აზერბაიჯანულ გაზს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი, ასევე - ორი კანდიდატი ქვეყანა - საქართველო და სერბეთი; და თურქეთი იღებენ,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოქსფორდში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ 18 ივლისი მნიშვნელოვანი იყო სლოვენიისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის თვალსაზრისით. „იმედია, რამდენიმე თვეში შევძლებთ სლოვენიის ბაზარზე გასვლას. ახლა, მას შემდეგ, რაც ევროპული ურთიერთდაკავშირების პროექტები მიმდინარეობს, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპული ქვეყნებს მიეწოდოს,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება. „ჩვენ 2021 წელს ევროპაში მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს მხოლოდ ევროპას მივაწვდით 13 მილიარდ კუბურ მეტრს. 2027 წლის ბოლომდე ევროპაში ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გავზარდოთ. ამ რესურსების ევროპაში მიწოდება იგეგმება არსებული სატრანსპორტო ქსელის – სამხრეთის გაზის დერეფნის, ასევე ინტერკონექტორების საშუალებით,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევი: ევროპისგან დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანულ გაზზე, ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა
ლვოვში, პოლიტიკოს ირინა ფარიონს ესროლეს
უკრაინის ქალაქ ლვოვში, უცნობმა პირმა უკრაინის პარლამენტის (2012-2014 წლებში) ყოფილ დეპუტატს ირინა ფარიონს, სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე, ცეცხლი გაუხსნა. ის თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლვოვის პოლიციის ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა, ის იძებნება. ექიმები მის მდგომარეობას სერიოზულად მიიჩნევენ. ლვოვის საკრებულოს დეპუტატი იგორ ზინკევიჩი და ჟურნალისტი მარტა ოლიარნიკი პირველები იყვნენ, ვინც მკვლელობის მცდელობის შესახებ განაცხადეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „განზრახ მკვლელობის მცდელობა“ უწოდა. „ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და ყველას, ვინც ამ თავდასხმაშია დამნაშავე, სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს,"- განაცხადა ზელენსკიმ. 60 წლის ირინა ფარიონი ფილოლოგი და ენათმეცნიერი, სრულიად უკრაინული ასოციაცია "სვობოდას" წევრია. ის ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვს მინიმუმამდე დავიდეს რუსული ენის, როგორც "ოკუპანტების ენის“ გამოყენება უკრაინაში. რუსეთში, 2015 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების შესახებ მუხლით. თავად უკრაინაში, 2023 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათი ეროვნების მიუხედავად მოქალაქეების თანაბარი უფლებების დარღვევის, ასევე პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისა და მიმოწერის საიდუმლოების ხელყოფის შესახებ მუხლებით. უკრაინაში ივნისის ბოლოს შეიარღებული თავდასხმა მოხდა ოპოზიციონერი აქტივისტსა და ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე. მძმედ დაჭრილი სადიყოვი ივლისის დასაწყისში გარდაიცვალა. უკრაინის პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელები, ყაზახეთის მოქალაქეები მეირამ კარატაევი და ალტაი ჟაყანბაევი. უკრაინის პროკურატურამ ყაზახეთის ამ ორი მოქალაქის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბაიდენი: რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, რადგან ჟურნალისტი და ამერიკელია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯას ეხმაურება. „დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ. როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი და გაერომ დაადასტურა, კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ევანს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის. გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით, ყველასთან დაპირისპირებას, ვინც პრესაზე თავდასხმას ან სამიზნეში ჟურნალისტების ამოღებას ცდილობს. დამატებით, ჩემი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან, უფრო მაღალი პრიორიტეტი არ მქონია, ვიდრე ევანის, პოლ უილენის და ყველა ამერიკელის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნება, ვინც საზღვარგარეთ უკანონოდ დააკავეს და ტყვეობაში ამყოფებენ. ევანმა თავის გასაჭირს აღსანიშნავი სიძლიერით გაუძლო. მის სახლში დაბრუნების ჩვენს მცდელობებს არ შევწყვეტთ. ჯილი და მე ევანისთვის და მისი ოჯახისთვის ვლოცულობთ,” - განაცხად ბაიდენმა. ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი გასული წლის 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. ის ბრალს არ აღიარებს. რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. Wall Street Journal-ის იურისტებმა რეპორტიორის გასათავისუფლებლად, მოსკოვის სასამართლოს $613 000-იანი გირაო შესთავაზეს
სომხეთში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორივე პილოტი
სომხეთის კოტაიკის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების იაკ-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავმა, რომლის ორივე პილოტიც ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანი და კურსანტი არმენ ხაჩატრიანი. იაკ-52 მოდელის სასწავლო-საწვრთნელი საბჭოთა კავშირში 1979-1995 წლებში გამოდიდოდა. ეს თვითმფრინავები განკუთვნილია პილოტების საწვრთბელი ფრენებისთვის. მის ეკიპაჯში ორი წევრი - პილოტი და ერთი მგზავრი. რადიო თავისუფლებას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 539-ე სტატიით, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების და ექსპლუატაციისა და ფრენის წესების დარღვევას და ასევე გულგრილობას, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანი დაღუპვა მოჰყვა.
პროკურატურის ცნობით, მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიების თანახმად, 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ირანის ელჩის თქმით, ე.წ. „3+3“ ფორმატის მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში მეჰდი სობჰანიმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პლატფორმის შემდეგი შეხვედრა „3+3“ ფორმატში, უახლოეს მომავალში თურქეთში გაიმართება. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში, 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. პლატფორმის მონაწილეთა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა თეირანში, გასულ წელს გაიმართა. ბოლოს, მარტში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ირანი ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას აანონსებდა და „საქართველოს მონაწილეობის იმედს“ კვლავ ინარჩუნებდა. მას შემდეგ ირანში საპრეზიდენტი არჩევნები ჩატარდა. (რედ.კარდიოქირურგი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი საკუთარ თავს „პრინციპულ რეფორმისტს“ უწოდებს. პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ არის ხელისუფლების უმაღლესი ინსტანცია, რომ მასზე მაღლა დგანან უზენაესი რელიგიური ლიდერი და გუშაგთა საბჭო, რომელსაც პრეზიდენტის მოხსნაც კი შეუძლია. ის 16 წელიწადია, ირანის პარლამენტის წევრია. იქ წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანს, უპირატესად ირანის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონს. ფეზეშქინი დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის ღიაა და აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიმართ მტრულ ლოზუნგებს აკრიტიკებს. ამავე დროს, ის ისლამური რესპუბლიკის პრინციპების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ირანმა უნდა მისდიოს პოლიტიკას, რომელიც უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ჩამოაყალიბა. ირანის „პრინციპული რეფორმისტი“ ახალი პრეზიდენტი უმცირესობების უფლებების დაცვის მომხრეა, მაგრამ მის მიმართ კრიტიკა ისმის, თითქოს დამთმობია ირანის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის ნაციონალისტური განწყობების მიმართ. თვითონ ფეზეშქიანი ამ ბრალდებას უარყოფს. მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდანაა და მამა ეთნიკური აზერბაიჯანელი, ხოლო დედა ქურთი ჰყავდა, ირანში უკმაყოფილება გამოიწვია მეტოქეთა ბანაკში. მის არჩევას იმგვარი ფაქტორებით ხსნიან, რაც თითქოს. აკნინებს ფეზეშქიანის გამარჯვების სამართლიანობას). „ჩვენი პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საკმაოდ ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგნი ვართ საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და რეგიონში ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილების. რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ირანის ინტერესებში შედის,“ განაცხადა მეჰდი სობჰანიმ. აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად
„უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“ - დარჩიაშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. უწყება ციტირებს მინისტრ დარჩიაშვილს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და "ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს." მედიასთან კომენტარისას, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთს, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვახსოვს 2 წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც საქართველოს უსამართლოდ ყოველგვარი მიზეზების, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, რა თქმა უნდა, უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას... ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩამოვსულიყავი ვიზიტით თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას კვალინდებურად გააგრძელებს," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა. „პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი - ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,“ განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, „საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას - საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის.“ „საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.
ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა მოხსნა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის. ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. მის მიერ საპრეზიდენტო რბოლიდან ამ ეტაპზე გასვლა თანამედროვე ამერიკის პოლიტიკაში უპრეცედენტოა. ახლა დემოკრატიულ პარტიას ბაიდენის შემცვლელზე შეთანხმება უჩვეულოდ მცირე დროში მოუწევს. ბაიდენი დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატად კამალა ჰარისის დასახელებას ემხრობა. ის დემოკრატებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი.” კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტია 2020 წლიდან. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გვერდზე გადგომა და მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ფოკუსირება,“ - წერს ბაიდენი გავრცელებულ განცხადებაში. ბაიდენი თავისი თანაპარტიელი დემოკრატების ზეწოლას განიცდიდა, რათა შეეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გზა დაეთმო სხვა კანდიდატისთვის, რომელიც რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.