ძებნის რეზულტატი:

პოლონეთში, ბალტიის ზღვაში ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

კანადურმა კომპანია Central European Petroleum-მა ორშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, შჩეცინის პორტიდან 6 კილომეტრის (3.7 მილის) დაშორებით, ბალტიის ზღვაში ნავთობის და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. კომპანიის ინფორმაციით, საბადოს მარაგი 22 მილიონ ტონამდე ამოსაღებ ნახშირწყალბადს და 5 მილიარდ კუბურ მეტრ კომერციული ხარისხის ბუნებრივ გაზს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის პოლონეთში ყველაზე დიდი აღმოჩენა, მთელ ევროპაში კი, ერთ-ერთი უდიდესი ფაქტია. Wolin-ის ლიცენზიის ფარგლებში აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის რესურსი შესაძლოა, 300 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის ექვივალენტი იყოს. ბურღვით სამუშაოს ამერიკული კომპანია Noble Corporation-ი ახორციელებს, ხოლო პროექტის საინჟინრო ზედამხედველობას და მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Zenith Energy, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში გაავრცელა განცხადება, რომ Wolin East 1-ის ჭაბურღილი Central European Petroleum-ს წარმატებით ჩაბარდა. ბოლო წლებში პოლონეთში ქვანახშირის მოხმარება იკლებს, თუმცა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნა კვლავ იზრდება, რაც ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ემისიების მქონე ეკონომიკად აქცევს.  ამავდროულად, ქვეყანაში იზრდება ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულება: ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 29%-დან 45%-მდე გაიზარდა, ხოლო ნედლი ნავთობის დაახლოებით 97% პოლონეთს ასევე იმპორტით მიეწოდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება და გავლენა მოახდინოს მეზობელ გერმანიის ენერგეტიკულ ბაზარზეც.  

საპატრიარქო ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. საპატრიარქოს განცხადებით, შეხვედრებზე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა. განცხადებაში წერია, რომ „რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნას.“ „აღნიშნული მიდგომა სრულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და განცხადებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისაგან, ისე მაღალი რანგის დიპლომატებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებთან გამართული არაერთი შეხვედრისას. მათი მხრიდან ყოველთვის ნათლად იყო განმარტებული, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრებზე (რომელთა ჩანაწერებიც არსებობს) ყოველთვის მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხის ნებაა ქრისტიანული და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა. ასევე ნათქვამი იყო, რომ ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე კატეგორიული მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ჩვენი ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა, არ მოხდებოდა. უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება, განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ, იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ეკლესიამ მადლიერება გამოთქვა ხელისუფლებისადმი. დღესაც, არსებულ პირობებში, მორწმუნე საზოგადოებას მიაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის განსამტკიცებლად ეს კანონები ყოველმხრივ ადეკვატურია,“ წერია განცხადებაში. „სამწუხაროდ, ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავდა წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე. კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს. ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად, ევრიკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო. ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  

იოზვიაკის თქმით, დაახლოებით რვა სახელმწიფო, იტალიის ხელმძღვანელობით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას შეეწინააღმდეგა

„ევროკავშირი საქართველოზე მკაცრ ტონს იყენებს, მაგრამ რბილად მოქმედებს, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი და წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, თუმცა ევროკომისიამ თბილისს წერილობით აცნობა, რომ თუ კონკრეტული პირობები აგვისტოს ბოლომდე არ შესრულდება, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს.“ სტატიაში იოზვიაკი ასაჯაროებს მისივე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო, იტალიის ხელმძღვანელობით, ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინიციატივას იმ არგუმენტით, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებდა და, შესაბამისად, იქნებოდა არაპროპორციული. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი განმარტავდა წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება. საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე. კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ანგარიშშია მოცემული. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს. ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად, ევრიკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის

რეჯე თაიფ ერდოღანი ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის დაჩქარებას მოითხოვს. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უარი უნდა თქვას მოძველებულ პოლიტიკაზე და თურქეთთან ახლავე უნდა განაახლოს მოლაპარაკებები გაწევრების საკითხზე. DW წერს, რომ ერდოღანმა, „ჩრდილოეთ კვიპროსში“ ვიზიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სხვა თემების განხილვისას მოულოდნელად ევროპული ინტეგრაციის თემა წამოჭრა და განაცხადა, რომ „ევროკავშირს თურქეთი სჭირდება.“ „თურქეთი ევროკავშირის ბოლო გასასვლელია. მსოფლიო იცვლება და ევროპა უკვე შეიცვალა - მოძველებული პოლიტიკური ბარიერების გავლენისგან თავის დასაღწევად, ეს შეიძლება, იყოს ნაბიჯი, რომელიც თურქეთისთვის ახალ ერას გახსნის და ევროკავშირს მომავალში წაიყვანს. ჩვენ მზად ვართ სრულუფლებიანი წევრობისთვის,“ - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 21 ივლისს, როდესაც ბრუნდებოდა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკიდან“, რომელიც გაეროს მიერ არ არის აღიარებული. თურქეთი 25 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მოლაპარაკებები, რომელიც ექვსი წლის შემდეგ დაიწყო, 2016 წელს შეჩერდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის კრიტიკის გამო. კერძოდ, ერდოღანი არ ცნობს კვიპროსის რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან  

ტრამპმა გააზიარა ალიევის განცხადებიდან ამონარიდი, რომლის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ომებს ასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის გამოსვლიდან ფრაგმენტი გააზიარა, რომელშიც ის მადლობას უხდის ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის მოკლე პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ ტრამპი არის ადამიანი, რომელიც ომებს ასრულებს. „მე არ მიწინასწარმეტყველებია ტრამპის გამარჯვება. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს იქნებოდა სასურველი არჩევანი, რადგან ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ღირებულებები, მათ შორის, ოჯახური ღირებულებები. ის ერთადერთი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც ომები არ წამოუწყია. მისი პრეზიდენტობის მოკლე პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ იგი არის ადამიანი, რომელიც ომებს ასრულებს. ასევე, პირადად მადლიერები ვართ მისი სურვილისთვის, დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს საბოლოო შეთანხმების მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი გლობალური უსაფრთხოების უფრო ფართომასშტაბიანი საკითხებით არის დაკავებული, სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. ჩვენ, აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ვეხმაურებით მის გამარჯვებას სიხარულით — მრავალი მიზეზის გამო — და ვუსურვებთ მას საქმის ბოლომდე მიყვანას, განსაკუთრებით ე.წ. ჭაობის  (Washington swamp -  მეტაფორული გამოთქმა, რომელიც ხშირად გამოიყენება ვაშინგტონში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, არაეფექტურობაზე და შიდა, ელიტურ კულტურაზე საუბრისას. იგი აღნიშნავს ისეთ გარემოს, სადაც საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული მოქმედებები და პოლიტიკური მანიპულაციები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი კეთილდღეობა, რედ.)  სრულად გაწმენდის თვალსაზრისით,“ აღნიშნა ალიევმა. მოგვიანებით, ალიევმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტამპს იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა შუშის მედიაფორუმზე მისი გამოსვლის ნაწილი, სადაც ის აშშ-თან პარტნიორობასა და მსოფლიოში მშვიდობიანი დღის წესრიგის მხარდაჭერაზე საუბრობდა. „მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში, ჩვენი რეგიონის ჩათვლით, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის ხედვებისა და ძალისხმევის მიმართ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები და ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მისი პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ჩვენ ვუსურვებთ მას წარმატებებს ამ მიზნისკენ გზაზე ყველა მის წამოწყებაში,“ – წერს ალიევი.  

უზბეკეთმა და შვეიცარიამ WTO-ს ბაზარზე წვდომის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

უზბეკეთმა და შვეიცარიამ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფარგლებში, ორმხრივი მოლაპარაკებები დაასრულეს. ჟენევაში მნიშვნელოვან პროტოკოლს მოეწერა ხელი. რამდენიმე ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, ტაშკენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას უახლოვდება. უზბეკეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აზიზბეკ ურუნოვმა LinkedIn-ზე დაწერა, რომ უზბეკეთმა და შვეიცარიამ დაასრულეს ორმხრივი მოლაპარაკებები ბაზარზე წვდომის საკითხზე, რაც ქვეყნის WTO-ში გაწევრიანების პროცესის ნაწილია. მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესაბამისი ოქმი ორშაბათს, 21 ივლისს ჟენევაში გაფორმდა. „კიდევ ერთი WTO წევრი ქვეყანა დაემატა იმ სიას, რომელთანაც მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა — სულ რამდენიმე დარჩა! მადლობას ვუხდი როგორც უზბეკურ, ისე შვეიცარიულ გუნდებს — მათ ნაყოფიერი და კონსტრუქციული სამუშაო გასწიეს,“ — დაწერა ურუნოვმა.  

2008 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის ბირთვული იარაღი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა - მედია

პირველად 2008 წლის შემდეგ, აშშ-ის ბირთვული იარაღი, როგორც ჩანს, კვლავ დაბრუნდა ბრიტანულ ტერიტორიაზე — რამდენიმე წყაროს მიხედვით, ამ კვირას RAF Lakenheath-ში (საფოლკში) რამდენიმე B61-12 თერმობირთვული გრავიტაციული ბომბი გადაიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, ეს იარაღი აშშ-ის საჰაერო ძალების ბირთვული იარაღის ცენტრიდან, კირტლენდის სამხედრო ბაზიდან ნიუ-მექსიკოდან, ახალაშენებულ დაცულ საცავში გადაიტანეს ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ არ დაუდასტურა ეს ინფორმაცია ოფიციალურად, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო როგორც წესი არ აკეთებს კომენტარს კონკრეტულ ადგილებში ბირთვული იარაღის არსებობის ან არარსებობის თაობაზე. B61-12 არის მოდერნიზებული, დაბალი სიძლიერის ტაქტიკური ბირთვული ბომბი, რომელსაც შეუძლია განსხვავებული სიმძლავრის აფეთქების განთავსება და მიზნობრივი მართვა. იგი შემუშავებულია ისე, რომ თავსებადი იყოს მრავალფეროვან მიმწოდებელ პლატფორმებთან, მათ შორის F-35A Lightning II-სთან. RAF Lakenheath აშშ-ის ბირთვულ იარაღს ცივი ომის დროს მასპინძლობდა.  

საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავეს

მოლდოველი ოლიგარქი, რომელიც $1 მილიარდიან საბანკო თაღლითობაში და სხვა უკანონო სქემებში ჩართვაში იყო ეჭვმიტანილი, სამშაბათს, 22 ივლისს საბერძნეთში დააკავეს, განაცხადა მოლდოვის პოლიციამ. პოლიციის ინფორმაციით, ინტერპოლისგან ათენში მიიღეს ინფორმაცია მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ, მათგან ერთ-ერთი ვლადიმერ პლახოტნიუკი იყო. მეორე დაკავებულის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა მოლდოვური მედია წერს რომ პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ. ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. ის ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამის შემდეგ „ჩრდილოეთ კვიპროსში“ ცხოვრობდა. მოლდოვაში პლოხოტნიუკზე სისხლის სამართლის სამი საქმის ფარგლებში დაკავების ორდერია გაცემული. 2023 წლის ივლისში პროკურატურამ სასამართლოს გადასცა საქმე, რომლის მიხედვითაც, პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.  მოლდოველი ოლიგარქი, 2022 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების სიაში შეიყვანეს კორუფციის ბრალდებებით.  2022 წელს იგი ასევე შეიყვანეს ბრიტანეთის სანქციების სიაში და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. ბრიტანეთში და მის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე მისი ქონება გაყინეს. ვლადიმირ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.  

ბაირამოვი თბილისში: ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთთან მდგრადი მშვიდობის დამყარების რეალური შესაძლებლობები არსებობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თბილისში თავის ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარება დღევანდელ მოლაპარაკებებზე საფუძვლიანად განიხილეს. „ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები იმედისმომცემია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, სომხეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების არსებულ ბარიერებს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პრეტენზიებს, რომლებიც სომხეთის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული და  ასევე - ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის სრული შეწყვეტის აუცილებლობას. „ასევე დეტალურად განვიხილეთ სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რეკონსტრუქციის ძალისხმევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ მიწებზე დაბრუნების საკითხი და ნაღმების საფრთხე,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. ბაირამოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არსებული ტერიტორიული პრეტენზიები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დაბრკოლებას წარმოადგენს. ბოჭორიშვილა თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს და კვლავაც მზად არის  წვლილის შესატანად სამი ქვეყნის ურთიერთობებში. ბოჭორიშვილის შეფასებით: „ერთგვარად შესაძლებლობად შეიძლება, განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით განვავითაროთ ფართო თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მეტად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ ამ მოცემულობაში.“ „არაერთი ვიზიტი ვახსენეთ, რომელიც განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის, მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და კიდევ უკეთ გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ის საკითხი, რაზეც დღეს ასე ხშირად მიდის საუბარი, რომელიც ეხება შუა დერეფანს, უკეთ იყოს გამოყენებული და ათვისებული,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელეს. „ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურია. აზერბაიჯანი საქართველოში ძირითადი ინვესტორია და წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში 3.6 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიცია არის ჩადებული. ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული უზარმაზარი პროექტები ძალიან დიდ წვლილ შეიტანს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაში. ჩვენ არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ტურიზმის მიმართულებითაც უდიდესი პოტენციალი გვაქვს,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 22 ივლისს ეწვია.  

ზელენსკის თქმით, ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა რუსეთის გავლენის გარეშე იმუშავებს

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ანტიკორუფციული ორგანოები იმუშვებენ, მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე.  „სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ვესაუბრე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ სემენ კრივონოს, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე კლიმენკოს, გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვასილ მალიუკს. ყველაფერი განვიხილეთ. ანტიკორუფციული ორგანოები იმუშავებს. მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე – ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს. სამართლიანობა უნდა გაიზარდოს,“ – აღნიშნავს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ გენერალური პროკურორი ყველა კანონდარღვევას სამართლიანად აღკვეთს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხანგრძლივად შეჩერებულ საქმეებზე გამოძიება უნდა დასრულდეს. ცნობისთვის, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. კანონის წინააღმდეგ უკრაინის ოთხ ქალაქში – კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.   

თბილისში მოტოინსპექცია შეიქმნა

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი - მოტოინსპექცია შეიქმნა. კახა კალაძის თქმით, მოტოინსპექცია დედაქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლს, ასევე, სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას განახორციელებს. „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.  მანვე განაცხადა, რომ მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. სამსახურის მიერ შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი.  

თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა — Tayfun Block-4 წარადგინა

თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა, Tayfun Block-4, წარადგინა. Tayfun Block-4 ბალისტიკური რაკეტა Tayfun რაკეტის ჰიპერბგერითი ვერსიაა, რომელიც თურქეთის ყველაზე გრძელი რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტაა. „Tayfun Block-4 დიდ რადიუსს აღწევს, რაც კიდევ ერთი რეკორდია თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. 7 ტონაზე მეტი წონის Tayfun-ის ეს ახალი ვერსია, თავისი მრავალფუნქციური ქობინით, კილომეტრების მანძილიდან შეძლებს მრავალი ისეთი სტრატეგიული სამიზნის განადგურებას -  როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, სამხედრო ანგარები და კრიტიკული სამხედრო ობიექტები,“ წერს თურქული სააგენტო Anadolu Roketsan-ის განცხადებაზე დაყრდნობით.  

ჩინეთი აცხადებს, რომ მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთმა დაიწყო მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ტიბეტის რეგიონში მდებარეობს. CGTN-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა პროექტი ავტონომიური რეგიონის ქალაქ ნიინგჩიში საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გახსნა. ლი ციანმა პროექტს „საუკუნის პროექტი“ უწოდა და პროექტის მაღალი ხარისხის მშენებლობისთვის მყარი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მოწინავე ტექნოლოგიების, აღჭურვილობის, ტექნიკისა და მასალების დანერგვის ბრძანება გასცა.  

დიდმა ბრიტანეთმა £38 მილიარდის ღირებულების ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად, კერძო ინვესტორებთან შეთანხმებას მიაღწია

ბრიტანეთის მთავრობამ Sizewell C-ის ბირთვული ელექტროსადგურის აშენების დასაწყებად, საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიიღო.23 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მთავრობამ დაამტკიცა მრავალმილიარდიანი ინვესტიცია Sizewell C-ისთვის, რომელიც ექვსი მილიონი ოჯახისთვის საკმარის სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. მშენებლობის ღირებულება დაახლოებით £38 მილიარდია (დაახლოებით $51 მილიარდი), რომელიც კანადური საპენსიო ფონდის La Caisse-ის, ბრიტანული ენერგეტიკული კომპანიის Centrica-სა და Amber Infrastructure-ის მიერ ერთობლივად დაფინანსდება. მთავრობამ დაადასტურა, რომ 44.9%-იანი წილით გახდება პროექტში ყველაზე დიდი აქციონერი. შედარებისთვის, La Caisse-ს ექნება 20%, Centrica-ს — 15%, ხოლო Amber Infrastructure-ს — საწყისი 7.6%. ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF მიიღებს 12.5%-იან წილს, რაც მიმდინარე თვეში უკვე იყო გამოცხადებული.  

რატომ ეწინააღმდეგება ირანი ზანგეზურის დერეფნის პროექტს

წყარო „ზანგეზურის დერეფნის“ კონცეფცია, 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანა. დაახლოებით 32 კმ სიგრძის ამ დერეფანმა (ზოგიერთი წყაროს თანახმად, 49 კმ) თანამედროვე სომხეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, სიუნიქის რეგიონის მეღრის რაიონში უნდა გაიაროს და აზერბაიჯანის მატერიკული ნაწილი მის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშიროს.  ბაქოსთვის ეს დერეფანი უმოკლესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზაა, რომელიც აზერბაიჯანის ორ ტერიტორიას აკავშირებს. აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ადამიანები ამ მარშრუტზე თავისუფლად გადაადგილდნენ და ტვირთმა შეუფერხებლად გაიაროს. ბაქო თავის პოზიციას ამყარებს 2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტით, რომელიც რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირის განბლოკვას ითხოვს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი სცდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ფარგლებს და სულ უფრო მეტ რეგიონულ და გლობალურ ინტერესს იწვევს. ანტირუსული სანქციებისა და გლობალური ლოგისტიკური ცვლილებების ფონზე, ეს დერეფანი, ევროკავშირისა და თურქეთის მიერ სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტი, რომელიც რუსეთსა და ირანს გვერდს აუვლის. თუმცა ირანი, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაფართოებასა და დასავლეთის ღრმა შეღწევადობას უფრთხის, პროექტს მკაცრად ეწინააღმდეგება. თეირანი ზანგეზურსა და სომხეთთან საზღვარს, ევროპისა და რუსეთისკენ გასასვლელი მარშრუტის უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ მიიჩნევს. ამ წვდომის დაკარგვა ირანის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ძლიერ დარტყმას გამოიწვევს. თეირანი ასევე ღრმად შეშფოთებულია იმ პერსპექტივით, რომ მის საზღვრებთან თურქულენოვან სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება ჩამოყალიბდეს. ასეთ ვითარებაში, კავკასიაში პროთურქული ბლოკის გაძლიერება, რეგიონისგან ირანის სრულ იზოლაციასა და მარგინალიზაციას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი ირანისთვის არამხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ, სტრატეგიულ ბალანსსაც უქმნის საფრთხეს. ამასობაში, ჩინეთი — „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ მთავარი მამოძრავებელი, ახალი სავაჭრო მარშრუტების გახსნისადმი აქტიურად იჩენს ინტერესს. ინდოეთიც ცდილობს, გამოიყენოს დერეფანი საკუთარი რეგიონული სტრატეგიის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება შუა დერეფნის პროექტს, რომელშიც მისი კონკურენტები — ჩინეთი და პაკისტანი წამყვან როლს თამაშობენ. ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ზანგეზურის დერეფანს ცენტრალური აზიის კარიბჭედ განიხილავენ. ეს არის რეგიონი, რომელიც მდიდარია რესურსებით, თუმცა არასაკმარისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ლონდონისთვის ეს სტრატეგიული მიზნის ერთგვარი აღორძინებაა, რაც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტას გულისხმობს. თურქეთი, რომელიც ამ დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, მას განიხილავს, როგორც პირდაპირ ეკონომიკურ გზას აზერბაიჯანში და იქიდან ცენტრალურ აზიაში — რაც მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავალსა და რეგიონულ გავლენას უზრუნველყოფს. რუსეთიც დაინტერესებულია ამ რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნებით — დერეფნის კონტროლით, ევრაზიული ინტეგრაციის ხელშეწყობითა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. მოსკოვი პროექტში მონაწილეობას განიხილავს, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური ყოფნის შენარჩუნების საშუალებას. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ვაშინგტონი წინადადებით გამოვიდა, რომ დერეფანი ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ვაშინგტონის ჩართულობამ ირანის ყველაზე მწვავე რეაქცია გამოიწვია. თეირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს აშშ-ის სასარგებლოდ შეცვლის. ვაშინგტონის მიზნები მოიცავს ირანის პოლიტიკური და ლოგისტიკური იზოლაციის გაღრმავებას და მისთვის კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან წვდომის შეზღუდვას. ირანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თეირანმა დიპლომატიური გზით გადასცა მოსკოვს თავისი კატეგორიული უარყოფითი პოზიცია, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ დერეფანი ექსტერიტორიული კონტროლის ქვეშ მოექცევა, რაც ირან-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს შეუქმნის. ბაქოსთვის კი, ირანის პროტესტი ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა. თეირანი ცდილობს, შექმნას საკუთარი დერეფანი არაქსის მდინარის ირანულ ნაპირზე. ირანულ საინფორმაციო სააგენტო „Mehr“-თან ინტერვიუში ინფრასტრუქტურის ექსპერტმა მორტეზა ნასერიანმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ბაქოს კონტროლის ქვეშ, დერეფანმა შესაძლოა, ირანს სომხეთი საბოლოოდ მოწყვიტოს. ამასობაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი „წარმატებულ დასრულებას უახლოვდება.“ მოსე ბეკერი, ANAS-ის (აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის) სამართლისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი მკვლევარი. პოლიტიკურ საკითხებზე კომენტატორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ეთნიკურ-რელიგიურ საკითხებში ექსპერტი.

ფულადი გზავნილების თითქმის ნახევარი აშშ-ზე, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოზე მოდის

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში (2019 წლიდან (პანდემიიდან) 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის) საქართველოში 19 564 468 500 დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილები განხორციელდა. ეროვნული ბანკის მონაცემების აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების 48.6%-ზე მეტი ჯამურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა. უფრო კონკრეტულად, 7 წელში აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში 9 526 426 600 დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, აქედან 6 947 368 800 დოლარი - ევროკავშირის ქვეყნებიდან (35.5%-იანი წილი), 2 362 867 500 დოლარი - ამერიკიდან (12%), ხოლო 216 190 300 დოლარი - დიდი ბრიტანეთიდან (1.1%). აღბოლო 7 წელში მზარდია როგორც ევროკავშირიდან, ისე ამერიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან ფულადი გზავნილების მოცულობა, 2024 წელს ყველა აღნიშნულ შემთხვევაში რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.  

თურქეთს Typhoon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიეწოდება - ანკარამ და ლონდონმა პარტნიორობის ახალი თავის დაწყება გამოაცხადეს

დიდი ბრიტანეთი და თურქეთი პარტნიორობას აძლიერებენ — Typhoon-ის თვითმფრინავების მულტიმილიარდიანი გარიგება ახლოსაა. NATO-ს სიდიდით მეორე არმიის მქონე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა და ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილმა, 17-ე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის (IDEF) ფარგლებში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU), რომელიც Eurofighter Typhoon-ის ოპერატორების სიაში თურქეთის გაწევრიანებას ითვალისწინებს. ორივე მხარე ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მჭიდრო თავდაცვით თანამშრომლობას, რომელიც NATO-ს ჩართულობით და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით გაძლიერდა. თურქეთი Eurofighter-ის შესყიდვასთან ახლოსაა.  Eurofighter Typhoon-ი გერმანიის მიერ მიწოდებული კომპონენტებით დიდ ბრიტანეთში დამზადდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე - 4.5 თაობის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება. ამ შეთანხმების მიღებით, თურქეთი თანამედროვე საბრძოლო ავიაციის სფეროში გაძლიერდება. ბრიტანეთი და თურქეთი თავდაცვის მრეწველობაში პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავენ.   „ორივე მინისტრმა აიღო ვალდებულება, გააღრმაოს ეს სტრატეგიული პარტნიორობა ალიანსის კოლექტიური შეკავების პოლიტიკის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. მისივე თანახმად, „ორი ქვეყანა აგრძელებს შესანიშნავ პროგრესს Eurofighter Typhoon-ის ექსპორტის კუთხით.“ „დღევანდელი შეთანხმება გააძლიერებს NATO-ს ძირითად მოკავშირეებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თურქეთის მოწინავე საბრძოლო საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. ეს აღნიშნავს თურქეთ-დიდი ბრიტანეთის პარტნიორობის ახალი თავის დასაწყისს, რომელიც ერთობლივად იმუშავებს შესაძლებლობების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად და მხარს დაუჭერს ორივე ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას, მსოფლიოში წამყვანი აღჭურვილობის ორმხრივი შესყიდვის გზით,“ - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთი ხსენებული მემორანდუმის გაფორმებას „მნიშვნელოვან ნაბიჯად“ მიიჩნევს.  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთთან პოტენციური გარიგების შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო კვირების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან ეს იქნება პირველი საექსპორტო შეკვეთა, რომელსაც ბრიტანეთი Typhoon-ისთვის 2017 წლის შემდეგ მიიღებს. მანამდე, 22 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლების მიყიდვის მიმდინარეობა განიხილა, იტყობინება Reuters ერდოღანის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. ერდოღანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის განვითარება დადებით გავლენას მოახდენს ორ მხარეს შორის თანამშრომლობაზე.  პარალელურად, გერმანულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერალურმა უშიშროების საბჭომ დაამტკიცა თურქეთის წინასწარი მოთხოვნა 40 Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებელის მიწოდებაზე. კერძოდ, საბჭომ დაამტკიცა თურქეთის მოთხოვნა, რომელიც 2023 წლის მარტში იყო წარდგენილი. რა არის Eurofighter Typhoon  ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, ე.წ. „იხვის“ კონსტრუქციით აგებული, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მთავარი ფრთების ფორმა ბერძნულ დელტას მოგვაგონებს. შემუშავებულია და აგებული სამი კომპანიის  (EADS, Alenia Aeronautica და BAE Systems) მიერ.  

უკრაინამ მოსკოვთან დაკავშირებულ ეკლესიას რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის ვადა მისცა

უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დაავალა, 18 აგვისტომდე აღმოფხვრას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მის კუთვნილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დარღვევები, ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია, გამოვლენილი დარღვევები 2025 წლის 18 აგვისტომდე მოაგვაროს. გამოძიების შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ROC) კუთვნილების ნიშნებს ავლენს, მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოსგან დისტანცირების მცდელობისა. სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გამოცემული დირექტივის შესასრულებლად, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ონუფრიმ უნდა წარადგინოს ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებენ ეკლესიის გასვლას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წესდების ყველა დებულების ბათილად ცნობას. ადრე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ შეგროვებული დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მეთაურს, მიტროპოლიტ ონუფრის, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.  

უკრაინა და ისრაელი ირანის საფრთხის შესახებ სტრატეგიულ დიალოგს იწყებენ - სიბიჰა

უკრაინა და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ ირანის საფრთხესთან დაკავშირებულ დიალოგს დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ კიევში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, უკრაინა და ისრაელი თანამშრომლობას გაღრმავებენ და თავდაცვით ტექნოლოგიურ პროექტების დაწყებას გეგმავენ. ისრაელელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება საერთაშორისო სამართლის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღწევის ერთგული. სიბიჰამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და ისრაელი ამჟამად საერთო უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგანან. „ირანი და რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ, მთლიანად გლობალური უსაფრთხოებისთვის. ირანი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას, ცდილობს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებას და ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღით ამარაგებს. მოსკოვი, თეირანი და ფხენიანი გაერთიანდნენ რეჟიმების კრიმინალურ ალიანსში, რომლებიც ერთმანეთს უჭერენ მხარს და მთელ თავისუფალ სამყაროს ემუქრებიან. ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ შევთანხმდით მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ირანის საფრთხესთან დაკავშირებით ცალკე დიალოგის დაწყება - ამაზე მინისტრთან შევთანხმდით,“ - აღნიშნა სიბიჰამ. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ისრაელს, არამედ, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოებას. „დღეს ჩვენ შევთანხმდით ჩვენს სამინისტროებს შორის ირანის საფრთხესთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგის ჩატარებაზე. ირანული იარაღისა და ტექნოლოგიების წინააღმდეგ ჩვენი ქმედებები ხელს უწყობს ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებას. ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი ბირთვული ამბიციები,“ - აღნიშნა საარმა. მისივე განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო მოუწოდებს მტკიცე და მდგრადი მშვიდობისკენ, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას.  

სირიამ თურქეთს თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება ოფიციალურად სთხოვა

სირიამ ოფიციალურად მოითხოვა სამხედრო მხარდაჭერა თურქეთისგან შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „სირიის ადმინისტრაციამ ოფიციალური თხოვნით მიმართა თურქეთს დახმარების შესახებ, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ებრძოლოს ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი - ISIS-ს,“ - იტყობინება თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.