ძებნის რეზულტატი:

მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს

პრორუსი ოლიგარქის ილან შორის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.  19 ივლისს გამართულ სხდომაზე მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკ „გამარჯვებას” განცხადება რეგისტრაციისთვის არ მიიღო. საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ოთხი პარტია შედის, რომელთგან ყველა გაქცეულ რუს ოლიგარქ ილან შორთან არის დაკავშირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ, პაველ პოსტიკამ აღნიშნა, რომ „გამარჯვებას” წევრები დაკავშირებულები არიან ოლიგარქ ილან შორთან, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული და რომელსაც მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება.  

ალიევმა უკრაინელებს ურჩია, არ შეეგუონ ოკუპაციას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინას ურჩია, არ შეეგუოს ოკუპაციას. ამის შესახებ მან შუშაში გამართულ მედიაფორუმზე განაცხადა, როცა უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის კითხვას უპასუხა. ალიევმა პარალელები გაავლო აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციასთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მრავალწლიანი პროცესის განმავლობაში ბაქომ მიიღო მრავალი გზავნილი, რომ უნდა შეგუებოდა არსებულ რეალობას. „დავუბრუნდეთ უკვე ნათქვამს, გირჩევდით, არასდროს დანებდეთ და არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანი ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ბაქო კიევს ჰუმანიტარული დახმარებითაც უზრუნველყოფს.  

სამოქალაქო „თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე“, აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს,  „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემას მიმართოს.  ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის წერილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს და ყველა წერილს პასუხობენ, რომ გამოძიება გრძელდება.   „სამწუხაროდ, რუსი ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია ამაზე, იმისდა მიუხედავად, რომ უკვე 7 თვე გავიდა. ჩვენთვის ყველაფერი ცხადია, ვიცით რა მოხდა და ამის დამტკიცება შეგვიძლია. და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იციან რა მოხდა. კითხვაა - რატომ არ აკეთებენ იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა? ჩვენი თხოვნები და მოთხოვნები სრულიად ბუნებრივია - აღიარონ ამ ინციდენტისთვის ბრალი, დასაჯონ ისინი, ვინც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, და კომპენსაცია გადაუხადონ მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს და „აზერბაიჯანის ავიხაზებს” დაკარგული თვითმფრინავის ასანაზღაურებლად. ამას არ დავივიწყებთ. რუსულ მხარეს შევატყობინეთ, რომ ახლა პორტფოლიოს ვამზადებთ, რათა საერთაშორისო სასამართლო სისტემას მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ამას შეიძლება, დრო დასჭირდეს,“ აცხადებს ალიევი. მანვე აღნიშნა, რომ მალაიზიური ბოინგის საქმეს 10 წელზე მეტი დასჭირდა. „თუმცა სამართალი უნდა იყოს მიღწეული. ეს სიტუაცია არ უწყობს ხელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს,“ განაცხადა ილჰამ ალიევმა. 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავი Embraer 190AR, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს, ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს. ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო. კრემლის ცნობით, პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. მანამდე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.   

უკრაინა რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს სთავაზობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, რუსულ მხარესთან შეხვედრის გამართვის წინადადებით გამოვიდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსულ მხარესთან პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს — ჩვენ ვაგრძელებთ სტამბოლში ბოლო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. გუნდი ახლა კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უმეროვმა შესთავაზა რუსულ მხარეს მომავალ კვირას მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარება.  ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების ტემპის გაზრდისა და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევის აუცილებლობას. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, პირისპირ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.  „ტყვეების გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეჩერება. და ჩვენ გვჭირდება შეხვედრა ლიდერების დონეზე, რათა უზრუნველვყოთ მჭეშმარიტად ხანგრძლივი შვიდობის არსებობა. უკრაინა მზადაა ასეთი შეხვედრისთვის,“ აღნიშნა ზელენსკიმ.  

ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიიწვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს ბოლო თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა. განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტი პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიიწვია,“ - განაცხადა ბაღდასარიანმა.  

ინდონეზიაში სამგზავრო ბორანი დაიწვა, არის მსხვერპლი, 280-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს

ინდონეზიის კუნძულ სულვესის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 284 გადაარჩინეს. ინდონეზიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ KM III Barcelona-ზე მყოფი ყველა ადამიანი გემიდან გამოიყვანეს. ხანძრის ჩაქრობამდე მგზავრები წყალში ხტებოდნენ სამაშველო ჟილეტებით, რათა ცეცხლისგან თავის დაღწევა შეძლებოდათ. ინდონეზიის საზღვაო ძალები, საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (Bakamla) და ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები ერთობლივ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.  

ირანი და რუსეთი კასპიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები მომავალ კვირას კასპიის ზღვაში ერთობლივ საზღვაო სამაშველო და სამაშველო წვრთნებს ჩაატარებენ. ირანული მედიის ცნობით, წვრთნები კოდური სახელწოდებით - CASAREX 2025,  21 ივლისს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. წვრთნებს ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტი უმასპინძლებს. მონაწილეებს შორის იქნებიან ირანის საზღვაო ძალების, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების და რუსეთის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები. წვრთნებში ასევე ჩაერთვებიან დამკვირვებლები კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის რამდენიმე სახელმწიფოდან. გავრელებული ინფორმაციით, სამაშველო წვრთნები მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების ამაღლებასა და კასპიის ზღვის ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.  

ზელენსკი შორ მანძილზე დარტყმებზე: რუსეთის ლოგისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად. „მივიღე მოხსენება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან. ჩვენი ძალები აგრძელებენ რუსული დივერსიული ჯგუფების განადგურებას პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე. რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად,“ - აცხადებს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ალექსანდრ სირკიმ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესახებაც. „მთავარსარდალმა ასევე მომაწოდა ინფორმაცია ჩვენი მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების, განსაკუთრებით ღრმა დარტყმების სიხშირისა და ეფექტურობის შესახებ. რუსეთის მიერ ამ ომის გახანგრძლივების საპასუხოდ, რუსეთის ლოგისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს. გარდა ამისა, მთავარსარდალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, ამჟამად განიხილავს დრონების წარმოებისა და მიწოდების დამატებითი დაფინანსების ყველა მოთხოვნას. ეს მოიცავს როგორც ფრონტის ხაზზე მომუშავე დრონებს, ასევე იმ დრონებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ქალაქებისა და თემების რუსული თავდასხმის დრონებისგან დასაცავად. შესაბამის დამატებით კონტრაქტებს მომავალ კვირას მოეწერება ხელი,“ - წერს ზელენსკი.  

ტრამპი: აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობა იქნება შეძენილი და გაიგზავნება NATO-ში

„ეს არის ძალიან დიდი შეთანხმება, რომელიც დავდეთ. შეერთებული შტატებისგან მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობა იქნება შეძენილი და გაიგზავნება NATO-ში და ა.შ., და ის სწრაფად გადანაწილდება ბრძოლის ველზე." - პრეზიდენტი ტრამპი NATO-სთან შეთანხმების შესახებ. ეს არის ცვლილება, რომელიც უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზეა მიმართული.  

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრორუსულობის დაბრალებით, დიფ სთეითის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სთეითის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა.“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში ასევე „გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, ამის დამადასტურებელი ფაქტი კი, პრემირის თქმით, არავის წარმოუდგენია.  „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია. სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით, სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია, „დიპ სტეიტის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია. ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. „დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ ჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.  

მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 20 ივლისის ღამის თორმეტის ნახევრიდან 21 ივლისის დილის შვიდ საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანეიტრალეს და გაანადგურეს“ 74 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 23 - მოსკოვის რეგიონში, მათ შორის 15 უშუალოდ ქალაქ მოსკოვის მიმართულებით, 14 - კურსკის ოლქში, 12 - როსტოვის ოლქში, 10-10 - ბრიანსკის და კალუგის ოლქებში, 4 - ტულაში და 1 - ლიპეცკის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები. სულ მცირე 140 რეისი გაუქმდა. მოსკოვის მერი დრონებით შეტევის „მოგერიების“ შესახებ იუწყებოდა 20 ივლისსაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსეთში ავიარეისები შეაფერხა.  

ჰერპეტოლოგმა გიურზას გავრცელების არეალები დაასახელა

„10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. „ჩვენს დედაქალაქში გიურზებიც არიან, არ მინდა, ამ მხრივ საპანიკო ფონი შევქმნათ. დედაქალაქის შემოგარენში, გიურზას გავრცელების არეალია და შესაძლოა, გვქონდეს მათთან შეხების მომენტი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს ტერიტორია, აფრიკის დასახლება, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. 10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. ეს არ არის განსაკუთრებული რიცხვი - როგორც გასულ წლებში, ისე გვაქვს ახლაც. ზოგადად, ყველა უბანში არიან ქვეწარმავლები, შესაბამისად, ყველა უბნიდან ხდება გამოძახება. დედაქალაქში, გამოძახების 60-70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით. ეს არ არის გველი, უფრო ხვლიკია, სრულად უწყინარი არსებაა, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ საცხოვრებელი უბნის მიმდებარედ შეგვხვდა ქვეწარმავალი, სანამ შესაბამისი ჯგუფი მოვა, რეკომენდებულია შორიახლოს ვადევნოთ თვალი ამ გველის გადაადგილების მიმართულებას. ჯგუფის მოსვლის შემდეგ, ჯგუფს გაუადვილდება მისი მოძიება და დაჭერა. თუ ბუნებაში შეგვხვდება, მოვერიდოთ, გამოვიწიოთ, მივცეთ საშუალება გველს თავისი გზით წავიდეს. როგორც ადამიანებს გვეშინია ქვეწარმავლების, ქვეწარმავალს ჩვენზე მეტად ეშინია. ადამიანთან შეხვედრის შემდეგ გველი ყველა შემთხვევაში ეცდება, ტერიტორიას თავი გაარიდოს. დაკბენის შემთხვევები იშვიათია. ისე არ ხდება, რომ [გველი] გამოექანოს და გამოგვეკიდოს, მივცეთ გველს საშუალება თავისი გზით წავიდეს, არ გამოვხატოთ ზედმეტი ინტერესი, არ დავუპიროთ დაჭერა ან შემთხვევით ფეხი არ დავადგათ, ეს დაკბენის ფაქტს აგვარიდებს. დაკბენის შემთხვევაში მიმართეს 112-ს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, კბენის შემთხვევაში სასურველია ჰორიზონტალურად დავწვეთ, დიდი რაოდენობის წყალი მივიღოთ, ასევე ნაკლებად ნერვიულობა, რათა სისხლის მიმოქცევა არ აჩქარდეს“,-აღნიშნა რატი მამუკაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა 16 ელჩის დანიშვნის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 21 ივლისის დილით შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდთან. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, ვისზეა საუბარი. „თითოეულისთვის განვსაზღვრეთ პირადი ამოცანები და შედეგების შეფასების კრიტერიუმები. დღესვე ელჩებთან შეხვედრის ფორმატში განვსაზღვრავთ უკრაინული დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ევროკავშირმა ჩინური ბანკები პირველად დაასანქცირა

ევროკავშირმა ჩინეთში დაფუძნებულ ორ ჩინურ ბანკსა და ხუთ კომპანიას სანქციები დაუწესა. საუბარია Heihe Rural Commercial Bank-სა და Heilongjiang Suifenhe Rural Commercial Bank-ზე. ევროკავშირის ცნობით, ბანკები კრიპტოვალუტით ტრანზაქციებში იყვნენ ჩართულნი, რამაც სანქციების ეფექტიანობა შეარყია. თავის მხრივ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციებმა „სერიოზულად დააზიანა სავაჭრო, ეკონომიკური და ფინანსური კავშირები“ და „ჩინური კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, პეკინი აუცილებელ ზომებს მიიღებს. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინური ბანკები ევროკავშირის სანქციების ქვეშ პირველად, მოექცნენ.  

ევროკავშირმა ირანელ ნავთობმაგნატს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ცნობილ ირანელ ნავთობტრეიდერს, ჰოსეინ შამხანის და მის რამდენიმე კომპანიას სანქციები დაუწესა. Bloomberg-ის ცნობით, გადაწყვეტილება, უკრაინაში ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ახალი პაკეტის ნაწილია. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ჰოსეინ შამხანი, რომელიც უზენაესი ლიდერის,აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველია, რუსული ნავთობით ვაჭრობაში მისი როლისა და ქვეყნის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ „ცენტრალური მოთამაშის“ როლის გამო, ბლოკის სანქციების სიაში შეიყვანეს. ასევე სანქციების სიაში მოხვდა მისი ორი კომპანია - Admiral Group და Milavous Group Ltd, რომელთა სათაო ოფისიც დუბაიში მდებარეობს. „ჰოსეინ შამხანი ჩართულია ეკონომიკურ სექტორში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს,“ - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.  

საქართველომ ტურიზმიდან წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1.971 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა - ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ამასთან, 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა. „საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა),“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

რომელი ქვეყნები არიან ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 234.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა და 1 473.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (310.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (162.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (150.4 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 174.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 121.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 101.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

იტალიამ პუტინის მომხრე დირიჟორის კონცერტი გააუქმა

იტალიაში, კონცერტის ორგანიზატორებმა, კრემლთან კავშირების გამო მზარდი კრიტიკის შემდეგ, რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის წარმოდგენა გააუქმეს. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს. ვალერი გერგიევი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება, დასავლეთისგან ფართოდ იზოლირებულია იმის გამო, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი არ დაგმო.  27 ივლისს, ნეაპოლის მახლობლად მდებარე რეჯია დი კაზერტაში ჩასატარებელი კონცერტი, რომელიც „დაუვიწყარ სიმფონიად“ იყო დაანონსებული, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გაუქმდა. ANSA-ს ცნობით, კონცერტის შეწყვეტის მიზეზი საზოგადოების მზარდი პროტესტი გახდა. ღონისძიების წინააღმდეგ საჯაროდ გამოვიდნენ იტალიის კულტურის მინისტრი ალესანდრო ჯული და გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია. ორივე მათგანმა კონცერტის გამართვა კრემლის პროპაგანდის შესაძლო ინსტრუმენტად შეაფასა. ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმაც მოუწოდა იტალიის ხელისუფლებას, ღონისძიება გაეუქმებინათ. ამის ფონზე, კონცერტის წინააღმდეგ შექმნილ ონლაინ პეტიციას 16,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, იტყობინება ANSA.  

დიდი ბრიტანეთი და გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნიან

გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან შეთანხმდა უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდებაზე. ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მხარეები უახლოეს დღეებში კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს ამ მიზნის მისაღწევად. დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომაც.  „როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრები, ჩვენც უნდა ჩავერთოთ „50-დღიან კამპანიაში“, რათა უკრაინა ბრძოლის ველზე შეიარაღდეს და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 21 ივლისს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრას ხელმძღვანელობენ. 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებდა, თუ ის 50 დღის განმავლობაში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევდა.  

Mercedes-ი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 223 000 ავტომობილს უკან იწვევს

გერმანიის სატრანსპორტო საშუალებების სამსახურის ცნობით, არსებობს რისკი, რომ 2002-2006 წლებში წარმოებულ Viano-სა და Vito-ს ფურგონებში, „ავარიის შედეგად, რომლის დროსაც აირბალიში აქტიურდება“, შესაძლოა, მგზავრები დაზარალდნენ. მონაცემების მიხედვით, ამ ავტომობილებიდან 60,246 გერმანიაშია რეგისტრირებული. გერმანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ავტომობილებში „ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა, გაზის გენერატორი აფეთქდეს“ და ამ შემთხვევაში აირბალიშს აღარ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც მგზავრების დაზიანების რისკს იწვევს.