ძებნის რეზულტატი:
სომხეთი: რკინიგზის, მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების აუთსორსინგით მართვა შესაძლებელია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ რკინიგზის, მილსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების მართვა შეიძლება, აუთსორსინგით მოხდეს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სომხეთს არასდროს განუხილავს და არც განიხილავს თავის ტერიტორიაზე სატრანსპორტო კომუნიკაციების გავლის ისეთ ვარიანტებს, რომლებიც შეუთავსებელია ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და იურისდიქციასთან. „რა თქმა უნდა, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და იურისდიქცია არ შეიძლება, აუთსორსინგს გადაეცეს, მაგრამ რკინიგზის, მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მართვა შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში. სომხეთი არამხოლოდ განიხილავს რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების ფუნქციონირების სხვადასხვა ფორმულას, არამედ, დაინტერესებულია ამ ფორმულებიდან ნებისმიერზე შეთანხმების მიღწევით,“ – აღნიშნა ბაღდასარიანმა.
დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში 80 000 ბავშვი ქოლერის მაღალი რისკის ქვეშაა - UNICEF
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განაცხადა, რომ დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში წვიმიანი სეზონის დაწყებისას, დაახლოებით 80 000 ბავშვი ქოლერის მაღალი რისკის ქვეშაა. სააგენტომ განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ნიგერიაში აქტიურმა აფეთქებებმა ქოლერის გავრცელების რისკი გაზარდა, რაც მეზობელ ქვეყნებში საზღვრისპირა გადაცემის საფრთხეს ზრდის. UNICEF-მა განაცხადა, რომ რეგიონში დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მისი შეკავების მიზნით, ძალისხმევის გაძლიერება სასწრაფოდ აუცილებელია.
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით, ქვეყანამ დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნა, 2025 წელს კი, ამ მოცულობის 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება. ერლან აკენჟენოვმა აღნიშნა, რომ წლის პირველ ექვს თვეში BTC-ით 800 000 ტონა გადაიტანეს. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი ყაზახური ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტად რჩება და მისი გამოყენების გაფართოების მიზნით მუშაობა გრძელდება. „სამუშაო მიმდინარეობს; ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ამ მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ექსპორტი განხორციელდა, 2025 წელს ჩვენ დაახლოებით 1.7 მილიონი ტონის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ,“ აღნიშნა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა
საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული ამოქმედებისთვის მზად არიან - სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს აბდულკადირ ურალოღლუს შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. „საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა, რომ თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი და რეგულარულად მოწინავე ინვესტორია. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ დონეზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აქტიურადაა ჩართულია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების არაერთ ინიციატივაში, მათ შორისაა ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - შუა დერეფანი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს აქტუალობას რეგიონალური კავშირების გაღრმავების, გლობალური ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მარიამ ქვრივიშვილმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უფრო მეტად გააქტიურებას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით. თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში კიდევ ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 ათასზე მეტი მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,97%-ით მეტია. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად თურქეთის 4 ავიაკომპანია ახორციელებს ქვეყნებს შორის კვირაში 100- ზე მეტი სიხშირით მგზავრების გადაყვანას, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს სატვირთო ავიაგადაზიდვებიც. ითქვა, რომ თურქეთის უმსხვილეს ავიაკომპანიასთან „თურქეთის ავიახაზებთან“ მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების დაწყების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის თანამშრომლობას როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გახშირებული ავია მიმოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის განვითარებაში - 2024 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში შემოსულია 1,3 მლნ ვიზიტორზე მეტი და ამ მაჩვენებლით, თურქეთი მეორეა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის მიხედვით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, სახმელეთო ტრანსპორტის, ჰიდროგრაფიისა და საზღვაო სფეროს, რკინიგზისა და სხვა მიმართულებით,“ ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის მინისტრი რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22–23 ოქტომბერს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის მინისტრი ორმხრივ მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მეექვსედ გაიმართება. მარიამ ქვრივიშვილი და აბდულკადირ ურალოღლუ კომისიის თანათავმჯდომარეები არიან.
„ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება“ - რა შეთანხმებები გააფორმეს ასტანამ და ანკარამ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა კოლეგამ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, სამშაბათს, ყაზახეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 20 შეთანხმებას მოაწერეს ხელი: მათ შორის შუა დერეფნით (რკინიგზის მარშრუტით) ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით თანამშრომლობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „თურქეთის რკინიგზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უფუკ იალჩინმა, „Pacific Eurasia Logistics“-ის თავმჯდომარის მოადგილემ ეროლ ერკანმა და „JSC NC Kazakhstan Temir Zholy“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ტალგატ ალდიბერგენოვმა. თოყაევის ვიზიტის ცენტრალური ელემენტი იყო ძლიერი პოლიტიკური დიალოგისა და საგარეო პოლიტიკის უფრო მჭიდრო თანხვედრის დადასტურება. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და მხარდაჭერა გამოხატა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმირების მიმართ. ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ახალი შეთანხმებები განხილვები ძირითადად ვაჭრობასა და ექსპორტზე თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, 18 ახალ სამთავრობათშორისო შეთანხმებასთან ერთად, რომლებიც 60-ზე მეტი დოკუმენტის არსებულ სამართლებრივ ჩარჩოს აფართოებენ და თურქული ინტეგრაციის უფრო ფართო ეტაპებს საფუძველს უყრიან. ეს შეთანხმებები რეალურ შესაძლებლობებს ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის, დიგიტალიზაციაში, ლოგისტიკაში, ენერგეტიკაში, მედიკამენტებსა და სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობითი საწარმოებისთვის. თურქეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი ყაზახეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართ, მათ შორის, ახალ ინფრასტრუქტურაში, ელექტროენერგიის დეფიციტის მოსაგვარებლად. ერდოღანმა დისკუსიები „პროდუქტიულად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ყაზახეთი რეგიონში უდიდესი ეკონომიკაა და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ თემების ფართო სპექტრი - თავდაცვიდან და ენერგეტიკიდან დაწყებული, ტრანსპორტით, მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დამთავრებული. ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა იშვიათი მინერალების მოპოვების მიმართულებით, ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება თურქეთის გავლით და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის - თანამედროვე აბრეშუმის გზის ალტერნატივის განვითარება,“ - განაცხადა ერდოღანმა. ყაზახეთში თურქული ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 5.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა. ცნობილ ინვესტორებს შორის არიან Coca-Cola Icecek, Aksa Energy და Yildirim Group. ყაზახეთი ასევე ინვესტიციებს ახორციელებს თურქეთში: 2025 წელს Kaspi.kz-მ 1.1 მილიარდ დოლარად შეიძინა ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ს საკონტროლო პაკეტი და ის ასევე მონაწილეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროს ტურისტულ პროექტებში. ლოგისტიკა და ენერგეტიკა: ახალი მარშრუტები და ერთობლივი პროექტები თოყაევმა და ერდოღანმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო სფეროში უფრო ღრმა ინტეგრაციის პერსპექტივები. ყაზახეთი მაქსიმალურად ცდილობს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითრებას, რადგან რუსეთში გამავალი ტრადიციული მარშრუტები, სანქციების გამო, აქტუალობას კარგავს. „ჩვენ ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვაშენებთ გზებს და ვაახლებთ კასპიის პორტის ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვიწვევთ თურქულ კომპანიებს ამ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად,“ აღნიშნა თოყაევმა. განხილვის საგანი ასევე იყო ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაზრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით. რადგან თურქეთი ენერგეტიკული ცენტრის როლში შემოდის, ეს მარშრუტი შეიძლება, გლობალური ენერგეტიკული სცენის მუდმივად ცვალებად ტალღებში მყარი სამაშველო რგოლი გახდეს. ასტანა-ანკარის ღერძი თოყაევის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელება და თანამშრომლობის გაძლიერება დაიწყო. ხელმოწერილი შეთანხმებები ხაზს უსვამს არამხოლოდ ძლიერ პოლიტიკურ ნდობას, არამედ, მზარდი ორმხრივი ინტერესის ჩამოყალიბებას მდგრადი ეკონომიკური კავშირების დამყარების მიმართ, მათ შორის, სამრეწველო თანამშრომლობა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და ორმხრივი ინვესტიციები. ყაზახეთი და თურქეთი სისტემატურად ქმნიან თანამშრომლობის ჩარჩოს, რაც ამ პარტნიორობას ფუნდამენტურად სტრატეგიულს ხდის და არამხოლოდ ტრანზაქციულს. თოყაევის ვიზიტი სცილდებოდა უბრალო დიპლომატიურ პროტოკოლს. ეს იყო ყაზახეთის სტრატეგიული ამბიციის გადამწყვეტი ინდიკატორი, ასტანა ჩაერთოს როგორც პროაქტიული თანაარქიტექტორი გლობალური წესრიგის რეკონფიგურაციაში; აძლიერებს ალიანსებს მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან, თურქეთი კი, ახლა ცალსახად მდებარეობს ამ ჩარჩოში. წყარო
ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს - Reuters
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია ნავთობის ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო გააფრთხილა და წინა კვირაში სხვა ალტერნატივებთან შედარებით, რუსული ნედლი ნავთობის ფასმა იმატა. ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გასულ კვირაში ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებს - Indian Oil Corp-ს, Hindustan Petroleum Corp-ს, Bharat Petroleum Corp-სა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-ს - რუსული ნავთობის არ შეუსყიდიათ. წყაროების მიხედვით, ხსენებული ოთხი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგულარულად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, თუმცა ამჯერად მის ჩასანაცვლებლად სპოტ ბაზარი აირჩიეს - მეტწილად, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ აფრიკის ნავთობი. Reuters-ის ცნობით, ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველები კერძო ნავთობგადამამუშავებლები - Reliance Industries და Nayara Energy - არიან, თუმცა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქვეყანაში ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის 60%-ს აკონტროლებენ. ინდოეთი მსოფლიოს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის სიდიდით რიგით მესამე ქვეყანაა და ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია.
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. კობახიძის თქმით, დღეს თბილისის მერობის კანდიდატად წარმოადგინეს ნამდვილი ჩემპიონი. „ჩვენ დღეს შეგვეძლო, თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის. „ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ღონისძიებას, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართა, ასევე დაესწრო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
მარკო რუბიო: მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ გვინახავს, ტრამპს ვარიანტები აქვს - მეორადი სანქციები ნავთობზე, საბანკო სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ ჩანს. მან ისაუბრა სავარაუდო ზომებზე, რისი მიღებაც დონალდ ტრამპს შეუძლია. „ვაგრძელებთ რუსულ მხარესთან ჩართულობას, ამ კვირის დასაწყისში - ორშაბათს თუ სამშაბათს. ასევე მთელი საუბარი გვქონდა მათთან - პუტინთან არა, მაგრამ პუტინის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობების პირთან, იმ იმედით, რომ წინ მიმავალ გზაზე რაიმე გაგებას მივაღწევდით, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ არანაირი პროგრესი არ გვინახავს. პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. მას, როგორც ყველამ იცის, ვარიანტები აქვს ნავთობის მეორადი გაყიდვების დასანქცირების, რუსული ნავთობის გაყიდვებზე მეორადი სანქციების, რაც მათი შემოსავლის უზარმაზარი ნაწილია. არის საბანკო სფერო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმედია, თავს ავარიდებთ ამას და რამენაირად გამოვნახავთ გზას, რომლითაც შევძლებთ ბრძოლის შეჩერებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ ზოგიერთი სხვა გზისთვისაც. საუკეთესო გზა სროლის შეჩერება და საუბრის დაწყებაა. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსული მხარისგან ამ მიზნის მიღწევისთვის გულწრფელი ინტერესი არ არის,” - განაცხადა რუბიომ.
სირსკის თქმით, უკრაინა სამხედრო წვრთნებს მიწისქვეშ გადაიტანს
უკრაინის საწვრთნელ პოლიგონებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების ფონზე, უკრაინის მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნები ჯარისკაცების უკეთ დასაცავად მაქსიმალურად მიწისქვეშ უნდა გადაიტანონ. „უკრაინის მთელი ტერიტორია მტრის რაკეტებისა და დრონების მოქმედების რადიუსშია“, - განაცხადა სირსკიმ ჯარების მზადყოფნის შესახებ ყოველთვიური შეხვედრის შემდეგ. რუსულმა რაკეტამ 29 ივლისს სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყა. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. შეიქმნა სპეციალური კომისია იმის დასადგენად, სამხედრო მოხელეების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია თუ არა მსხვერპლის რაოდენობის ზრდა. სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცების მომზადებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
უკრაინამ თინა კანდელაკზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ძებნილად გამოაცხადა. გაზპრომმედიას გენერალურ დირექტორს "უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმა" ედება ბრალად. 2022 წლის მარტში უკრაინის სასამართლომ კანდელაკი დაუსწრებლად დააპატიმრა. იგივე განაჩენი აქვს კიდევ ერთ პროპაგანდისტს, RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
ჩინეთი ყაზახეთში ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა რომან სკლიარმა განაცხადა, რომ ჩინეთი ყაზახეთში მესამე ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ახალი ატომური ელექტროსადგურების ადგილმდებარეობა წელს გამოცხადდება. პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენება ალმატის რეგიონის ჟამბილის რაიონში მდებარე სოფელ ულკენში იგეგმება. მთავარ კონტრაქტორად რუსული „როსატომი“ შეირჩა. გადაწყვეტილება 14 ივნისს გამოცხადდა. მეორე ელექტროსადგურის მშენებლობის კონსორციუმის ხელმძღვანელობისთვის ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაცია (CNNC) შეირჩა. ივნისში, სკლიარმა ივარაუდა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობით მეორე პროექტი შესაძლოა, უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე - „როსატომის“ მონაწილეობით.
პაკისტანში ყოფილი პრემიერის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს
პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს. BBC წერს, რომ ეს პირები 2023 წელს სამხედროების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. „პაკისტანის სასამართლო ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი სამწუხარო და სამარცხვინო ინციდენტი, რომ ოპოზიციის ლიდერები ორივე პალატაში მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ისინი იმრან ხანის პოლიტიკური ნარატივის, საზოგადოებრივი წარმომადგენლობისა და კონსტიტუციური ბრძოლის ერთგული მოკავშირეები იყვნენ,“ - აცხადებს პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფის“ (PTI). ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა, მაგალითად კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებით, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა. პრეზიდენტის ბრძანებაში სულ მითითებულია იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორისთვის. ყველა სხვა ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე კი, 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.
ზელენსკი: მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა და სანქციებია საჭირო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ კიევში გუშინდელი თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვი დაიღუპა. ზელენსკის თქმით, ყველაზე პატარა ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო. 159 ადამიანი დაშავდა, მათგან 16 ბავშვი იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ასეთი მძიმე დარტყმა აჩვენებს, რომ მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა და სანქციებია საჭირო. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დუმდეს. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს ხალხს. ჩვენ ვაფასებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი სხვა პარტნიორები ნათლად ხედავენ, რა ხდება და გმობენ რუსეთს. მხოლოდ ივლისში რუსებმა გამოიყენეს 5100-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი, 3800-ზე მეტი „შაჰედი“, სხვადასხვა ტიპის თითქმის 260 რაკეტა, რომელთაგან 128 ბალისტიკურია. ამის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია: ამერიკა, ევროპა, სხვა გლობალური სუბიექტები. ჩვენს შორის ყველა ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება,“ წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
პენტაგონმა უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის AMRAAM-ის რაკეტების დიდი პარტია შეუკვეთა
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ამერიკულ კომპანია Raytheon-ს საშუალო რადიუსის "ჰაერი-ჰაერი" (Air-to-Air) რაკეტების (AMRAAM) წარმოებისთვის 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რაც ამ პროგრამის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტია. იარაღი უკრაინასა და მოკავშირე ქვეყნებს მიეწოდება. თავდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, გარიგება მოიცავს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ასევე 18 ქვეყნისთვის: დანია, ბელგია, იაპონია, ნიდერლანდები, კანადა, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, ტაივანი, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, შვეიცარია, ისრაელი და ქუვეითი. AMRAAM ამჟამად 14 სხვადასხვა პლატფორმაზეა ინტეგრირებული და 44 ქვეყანაში გამოიყენება.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება“ - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა გაიზრდება, ხოლო თურქეთი და ყაზახეთი დიგიტალიზაციის, საბაჟოზე წესების გამარტივებისა და ერთობლივი საინვესტიციო ძალისხმევის საკითხებში ითანამშრომლებენ. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს. აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს სარკინიგზო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანიც შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობისა და მომსახურების ხარისხის გაზრდაა. თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის ბოლო ვიზიტის დროს, თურქეთშ მიღწეულ შეთანხმებას ორივე მხარე სტრატეგიულ- ლოგისტიკური თანამშრომლობის ეტაპად მიიჩნევს. „ჩვენ დავიწყებთ ბლოკ-მატარებლების რეგულარულ მომსახურებას თურქეთსა და ყაზახეთს შორის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება,“ - განუცხადა ურალოღლუმ Anadolu-ს. მისი თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივ ტვირთების გადაადგილებას ჩინეთ-ევროპისა და ჩინეთ-აფრიკის მარშრუტებზე, მხარს დაუჭერს მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურას და დანერგავს კონკურენტულ ტარიფებს მეტი სატვირთო ოპერატორის მოსაზიდად. შეთანხმება ასევე მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, დიგიტალიზაცია, საბაჟოზე წესების გამარტივება და ერთობლივი საინვესტიციო ინიციატივები. „აღჭურვილობის გადაცემა, ნოუ-ჰაუს გაზიარება, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და ციფრული ინსტრუმენტების უფრო ფართო გამოყენება სატრანსპორტო დოკუმენტაციაში, ფოკუსირებული სფეროებია,“ - აღნიშნა ურალოღლუმ. მანვე განაცხადა, რომ შეთანხმების მიზანია თურქეთისა და ყაზახეთის გლობალური ლოგისტიკის როლის გაძლიერება, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება. „ყაზახური ნავთობის ექსპორტის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება“ - რა შეთანხმებები გააფორმეს ასტანამ და ანკარამ