ძებნის რეზულტატი:

უკრაინამ რუსეთის ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესახებ საიდუმლო მონაცემები მოიპოვა - GUR

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა, რუსეთის უახლესი წყალქვეშა ნავის - სტრატეგიული დანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავის -K-555 „კნიაზ პოჟარსკის“ შესახებ შიდა მოხმარების დოკუმენტები მოიპოვეს. ამის შესახებ “უკრაინისკაია პრავდა“ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. 955A პროექტის „ბორეი-A“ წყალქვეშა ნავები კრემლის ე.წ. ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. წყალქვეშა ნავებს აქვთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების P-30-ის „ბულავა-30ის“, 16 გამშვები მოწყობილობა, თითოეულს ათამდე საბრძოლო ქობინის ტარება შეუძლია. სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავი „კნიაზ პოჟარსკი“ რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის 31-ე წყალქვეშა დივიზიას 2025 წლის 24 ივლისს შეუერთდა. მისი მუდმივი ბაზა მურმანსკის ოლქია. „პოჟარსკი“ საბრძოლო მზადყოფნაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მიიღო.  

„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა

„ოპეკი+“-ის წევრი რვა ქვეყანა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა. საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC+ ალიანსის კიდევ ექვსი ძირითადი წევრი ნავთობის წარმოების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ, რაც, ანალიტიკოსების თქმით, ნავთობის ფასების სტაბილურობის ფონზე ბაზრის წილის აღდგენას ისახავს მიზნად. ნავთობის მოპოვება დღეში 548 000 ბარელით გაიზრდება. „ოპეკი+“-ის გადაწყვეტილება იმ ფონზეა მიღებული, როდესაც აშშ ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა ის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდეს. როგორც ცნობილია, ამ კვირაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის ვადას 8 აგვისტომდე აძლევს.    

აზერბაიჯანმა და ყირგიზეთმა, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა ელექტრონული ნებართვების გამოყენებით დაიწყეს

თურქეთისა და უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანმა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა ელექტრონული ნებართვის ფორმის e-Permit-ის გამოყენებით, ყირგიზეთთანაც დაიწყო. აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (AYNA) ცნობით, აზერბაიჯანში ჩავიდა ყირგიზეთის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველო-ყირგიზეთის მარშრუტზე, ტრანზიტული ტვირთები გადააქვს. აზერბაიჯანმა ასევე გასცა ელექტრონული ნებართვის ფორმები თავისი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც მალე დაიწყებენ საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ყირგიზეთში. უახლოეს დღეებში, ელექტრონული ნებართვების გამოყენებით, აზერბაიჯან-ყირგიზეთის მარშრუტით, ორმხრივი საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის დაწყება იგეგმება. „მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოების მიმართულებით. აზერბაიჯანი წარმატებით იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს საერთაშორისო საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის სფეროში. ეს პროცესი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ქვეყნებთან ორმხრივ საფუძველზე გაცვლილი ნებართვის ფორმების ელექტრონიზაციას,“ - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.  

პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 180 საბრძოლო ტანკს შეისყიდის

პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ K2 Black Panther-ის ტიპის 180 საბრძოლო ტანკის შესყიდვაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ბელარუსის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე ეს ვარშავის მასშტაბური გადაიარაღების პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია. Euronews-ის ცნობით, გარიგების დასრულების შემდეგ, 2030 წელს, ქვეყნის არმიას 1100-ზე მეტი ტანკი ეყოლება - მეტი, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ერთად აღებული. კონტრაქტის ღირებულება 6 მილიარდ დოლარზე მეტია და მოიცავს არამხოლოდ ტანკებს, არამედ, 81 დამხმარე მანქანას, სასწავლო პროგრამებს, აღჭურვილობის შეკეთებისთვის საჭირო ინვენტარსა და ტექნოლოგიების გადაცემას.  „ეს ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ეს პოლონეთში ტანკების წარმოების აღდგენის დასაწყისია,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ს 4.7%-ს ხარჯავს - ეს NATO-ს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი პროცენტული წილია. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ალიანსში ჯავშანტექნიკის რაოდენობით პოლონეთს მხოლოდ თურქეთი (2,238 ტანკი) და საბერძნეთი (1,344) გაუსწრებენ.  

ელჩი: აქტიურად ვმუშაობთ უკრაინაში ერდოღანის ვიზიტზე

უკრაინის ელჩმა თურქეთში ნარიმან ჯელიალმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა პირადად გადასცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. ელჩი განმარტავს, რომ ამ ვიზიტის მთავარი საკითხი შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება გახდეს. „იმისათვის, რომ თურქეთში უკრაინაზე მეტი ყურადღება მივიპყროთ, უნდა ვიმუშაოთ საერთო მიღწევებზე. ეს შეიძლება, იყოს ბიზნეს თანამშრომლობის გააქტიურება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება და ვიზიტების გაცვლა უმაღლეს დონეზე. ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის ორგანიზებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად გამოგვიგზავნა მოწვევა და მე ეს გავიმეორე თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც ხელს უშლის მის განხორციელებას. პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევა ძალიან მარტივია: თურქეთი დაინტერესებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. ეს შეთანხმება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის დიდი ნაწილისთვის, თუმცა ზოგიერთისთვის შესაძლოა, დაძაბულობა შექმნას გაზრდილი კონკურენციის გამო. თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ველოდებით თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,“ განაცხადა ელჩმა.  

შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან ევროპაში მე-20 000 მატარებელი გაემგზავრა

ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით მე-20 000 მატარებელი გაემგზავრა. მატარებელი ჩრდილოეთ ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ ოლქში, ერენჰოტის რკინიგზის სადგურიდან გავიდა. მატარებელს 55 კონტეინერი გადააქვს. შუა დერეფანში გადაადგილება 10 000-დან 20 000 მატარებლამდე სულ რაღაც სამ წელიწადში გაიზარდა. 2013 წლის შემდეგ, 10 000-იან ნიშნულს 2022 წელს მიაღწია. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

უკრაინამ დაადასტურა, რომ სოჭის აეროპორტში, საწვავის საწყობზე იერიში მიიტანეს

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, კრასნოდარის მხარეში, სოჭის აეროპორტის საწვავისა და საწვავის შევსების კომპლექსზე იერიში მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე რუსეთის არმიის სამხედრო ავიაციაც იყო განთავსებული. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა ზომის მიღებას მტრის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის წინააღმდეგ,“ – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.  

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომს დაარტყა - SBU

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. „აეროდრომზე დარტყმის შედეგად, სამი „სუ-24“-ის ტიპის თვითმფრინავი დაიბომბა. „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავი სრულად განადგურდა, ხოლო კიდევ ერთი დაზიანდა,“ - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, „საკის“ აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო იარაღის საწყობიც დაბომბეს. „მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მხოლოდ ერთი „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

რუსული ნავთობის შესყიდვის გამო, ტრამპი ინდოეთს ტარიფებს „მნიშვნელოვნად უზრდის“

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის რუსული ნავთობის იმპორტისა და „გადაყიდვის“ გამო. დონალდ ტრამპის თქმით, ინდოეთი არამხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ, შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ჰყიდის დიდი მოგების მისაღებად. „მათ არ აინტერესებთ, რამდენ ადამიანს კლავს უკრაინაში რუსული საომარი მანქანა. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადახდილ ტარიფს,“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. მანამდე, მან განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს 25-პროცენტიან სავაჭრო ტარიფებს დაუწესებდა. ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერეს - Reuters  

ალიევი და ფაშინიანი 8 აგვისტოს, თეთრ სახლში შეხვდებიან - მედია

დღეს დილიდან, მედიაში წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ვაშინგტონში, პარასკევს, 8 აგვისტოს შედგება. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით მიიღებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ პრესასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოსალოდნელ ვიზიტზე შეერთებულ შტატებში. ასეთი ვიზიტების შემთხვევაში, ბუნებრივია, არსებობს ოფიციალური განცხადებები და ინფორმაცია შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად ოფიციალური განცხადების შემთხვევაში. ამ დროისთვის ჩვენ ოფიციალური განცხადება არ გამოგვიქვეყნებია. ამიტომ, გთხოვთ, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულად მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ მიიჩნიოთ,“ – აღნიშნავენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში. ცნობისთვის, Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ. „რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ. წყაროების ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, პარასკევს თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს,“ - წერს ჟურნალისტი. ამასთან, რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ზუსტად მაშინ შეხვდება, როდესაც პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა იწურება. „აქვე საინტერესო ფაქტი: ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა პუტინთან შეხვედრის ვადის ამოწურვის დღეს გაიმართება,“ - წერს ჟურნალისტი. აზერბაიჯანი და სომხეთი, სავარაუდოდ, პარასკევს ვაშინგტონში ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც ისინი მშვიდობისკენ სწრაფვაზე ვალდებულებას აიღებენ, წერს თავის მხრივ, Middle East Eye წყაროებზე დაყრდნობით. მისი წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ხელმოწერის ცერემონიაზე უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მარტში მიაღწიეს კონსენსუსს სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, ბაქო კვლავ დაჟინებით მოითხოვს რამდენიმე დამატებითი პირობის შესრულებას. აზერბაიჯანის მოთხოვნებიდან მთავარია, რომ ერევანმა ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში. ივლისში, აბუ დაბიში შეხვედრის შემდეგ, ალიევმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია შეთანხმების ტექსტის, ან სულ მცირე მისი ძირითადი პრინციპების შესრულება რამდენიმე თვეში და შემდეგ მათი პარაფირება. „ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მიღწევა, მათი პარაფირება და შემდეგ ტექსტზე მუშაობა შეიძლება, ვარიანტი იყოს,“ - აღნიშნა ალიევმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა დამოკიდებულია სომხეთის მიერ კონსტიტუციის შეცვლაზე. წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი ხელს მოაწერს „განზრახვათა წერილს“ და არა სამშვიდობო შეთანხმების პროექტს, რაც ტრამპისთვის დიპლომატიური წარმატება იქნება. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ორშაბათს, 4 აგვისტოს, თავის თურქ კოლეგას ჰაკან ფიდანს დაურეკა, რათა სამიტის შესახებ მიეწოდებინა ინფორმაცია,“ - განუცხადა MEE-ს კიდევ ერთმა წყარომ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, ფიდანმა ბაირამოვთან ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ დავის ერთ-ერთ მთავარ საგანად რჩება ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილს მის ანკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს. სომხეთი უარყოფს ტერმინ „ზანგეზურის დერეფანს“ და ამტკიცებს, რომ მას ირედენტისტური შედეგები მოჰყვება მისი სუვერენული ტერიტორიისთვის, რომელიც სიუნიქის სახელითაა ცნობილი. გასულ თვეში, აშშ-ის ელჩმა თომას ბარაკმა ოფიციალურად შესთავაზა ამერიკულ კომპანიას დერეფნის 100 წლით იჯარით აღება და ექსპლუატაცია, რაც მიზნად ისახავდა სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და საიმედოობასთან დაკავშირებული ორივე მხარის შეშფოთების მოგვარებას. თუმცა სომხეთმა უარყო ეს წინადადება და განაცხადა, რომ თავის სუვერენულ ტერიტორიას მესამე ქვეყანას ვერ გადასცემდა.  წყარომ MEE-ს განუცხადა, რომ თავდაპირველად, თურქეთმა შესთავაზა კერძო კომპანიის იდეა, რომელიც დამტკიცებული იქნებოდა როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მიერ და რომელიც დერეფნის მართვას უზრუნველყოფდა.  „თუმცა სომხურმა მხარემ მოითხოვა, რომ კომპანიას ასევე ემოქმედა დერეფნის ნახიჩევანის მხარეს, რაც ბაქოსთვის მიუღებელი იყო,“ - განმარტა წყარომ. რატომ ეწინააღმდეგება ირანი ზანგეზურის დერეფნის პროექტს  

ნიდერლანდები NATO-ს პირველი წევრია, რომელიც კიევს აშშ-ში წარმოებული იარაღით მოამარაგებს

ნიდერლანდები NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების აშშ-ში წარმოებულ იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა. „როგორც NATO-ს პირველი მოკავშირე, ნიდერლანდები აშშ-ის შეიარაღების სისტემებს, 500 მილიონი ევროს პაკეტს (მათ შორის, Patriot-ის ნაწილებსა და რაკეტებს) მიაწვდის,“ - დაწერა მან თავის X გვერდზე. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს იარაღი ახალი მექანიზმის, უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ფარგლებში მიეწოდება, რომელიც 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ წარადგინეს.  NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღს შეერთებული შტატების არსენალებიდან შეიძენენ. ნიდერლანდების პირველი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას და სხვა კრიტიკულ აღჭურვილობას. PURL პროგრამის ფარგლებში უკრაინას იარაღი ყოველ ორ ან სამ კვირაში ერთხელ მიეწოდება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდიდა, რასაც ევროპელი მოკავშირეები დააფინანსებდნენ, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.    

ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის, აშშ-მ შესაძლოა, 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტი მოითხოვოს

სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს. ახალი საპილოტე პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.  სახელმწიფო დეპარტამენტს იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომლებზეც ახალი მოთხოვნა გავრცელდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე, პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს. დეპოზიტის ოდენობას საკონსულოს თანამშრომლები განსაზღვრავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი აშშ-ს ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.  

Reuters: დრონებით შეტევის შედეგად, რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, საწვავის გადამუშავება თითქმის გაენახევრებინა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მფლობელობაშია, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აგვისტოს იყო. Reuters-ის წყაროს ცნობით, რიაზანის ქარხანაში გაჩერდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი დანადგარი. ერთის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 8 600 ტონაა, ხოლო მეორის - 11 400. ქარხანაში მუშაობს მხოლოდ ერთი დანადგარი, რომელიც სრული სიმძლავრის დაახლოებით 48%-ს შეადგენს. 4 აგვისტოს სააგენტომ კომენტარისთვის მიმართა კომპანია „როსნეფტს“, თუმცა პასუხი არ მიუღია. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ადრეც არაერთი შეტევა იყო. მათ შორის 2025 წლის 24 თებერვალს.  სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.  

BP აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინა

ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, „ბრითიშ პეტროლიუმმა“ განაცხადა, რომ ბრაზილიის სანაპიროსთან, ბოლო 25 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამჟამად კომპანია საბადოს პოტენციალის დასადგენად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ატარებს. ახალაღმოჩენილი საბადო ატლანტის ოკეანეში, მარილის შრის ქვეშ მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ბრიტანულმა კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში მიიღო. საბადო, რომელსაც „ბუმერანგი“ უწოდეს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო დე ჟანეიროდან 404 კილომეტრში მდებარეობს. „ბრითიშ პეტროლიუმის“ სპეციალისტები აცხადებენ, რომ საბადოს დამუშავებისას უკვე აღმოჩენილია 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის სასარგებლო წიაღისეული მარაგი.  ინფორმაციისთვის, „ბუმერანგი“ რიგით მეათე საბადოა, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმმა“ აღმოაჩინა. მანამდე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები ნაპოვნია ტრინიდადში, ეგვიპტეში, მექსიკის ყურეში, ლიბიაში, ნამიბიაში, ანგოლაში. „ბუმერანგამდე“ ბრიტანული კომპანიის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩენილ საბადოებს შორის, აზერბაიჯანში მდებარე „შაჰ-დენიზი“ იყო უდიდესი და მისი ფართობი 140 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.  

აშშ-მ და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს

უკრაინის თავდცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს. შმიგალის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები და პარტნიორები მიიღებენ შესაძლებლობას, დააფინანსონ ამერიკული იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდების პროცესი „ნებაყოფლობითი შენატანების გზით.“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს ინიციატივა ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ ახალი მექანიზმის მეშვეობით, მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ, დააფინანსონ აშშ-ის იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდება ნებაყოფლობითი შენატანების გზით. ნიდერლანდები NATO-ს პირველი წევრია, რომელიც კიევს აშშ-ში წარმოებული იარაღით მოამარაგებს  

აშშ მთვარეზე ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს - მედია

აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი მიმდინარე კვირაში, მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აგების გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მთვარის ზედაპირზე რეაქტორის აშენების საკითხი NASA-ს წარსულშიც ჰქონდა განხილული, თუმცა გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო გეგმის ფარგლებში, ამჯერად პროექტისთვის კონკრეტული დრო განისაზღვრება.  მედიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სააგენტო ეძებს კომპანიებს, რომლებიც 2030 წლისთვის მთვარეზე რეაქტორის გაგზავნას შეძლებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის აპირებს ჩინეთი მთვარის ზედაპირზე პირველი ასტრონავტის გაშვებას.  Politico-ს ინფორმაციით, NASA-ს დროებითი ხელმძღვანელი, შონ დაფი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ კიდევ ერთი განკარგულების ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსური სადგური  (ISS) უფრო სწრაფად ჩანაცვლდეს.   

მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის პრორუს ხელმძღვანელს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის ხელმძღვანელ ევგანია გუცულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება პრორუსული პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსებას. როგორც ცნობილია, ეს გაერთიანება მოგვიანებით, არაკონსტიტუციურად ცნეს. გამოძიების თანახმად, გუცულს როგორც „შორის“ მდივანს, 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგულარულად შეჰქონდა რუსეთიდან ფული მოლდოვაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება პარტიის ზოგიერთი ოფისის საქმიანობის კოორდინაციასა და „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისგან ფულის შეგნებულად მიღებაში“, რასაც პარტიის დასაფინანსებლად, (დაახლოებით 2,4 მილიონი დოლარზე მეტის ოდენობით) იყენებდა. დასკვნით სიტყვაში გუცულმა გამართლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ „მოლდოვაში არცერთი ლეი არ შეუტანია.“ ადვოკატმა განმარტა, რომ კანონი დედებს საშუალებას აძლევს, სასჯელი მოიხადონ მას შემდეგ, რაც მათი არასრულწლოვანი შვილები რვა წლის გახდებიან. პარტიის კიდევ ერთ მდივანს, სვეტლანა პოპანს, პარტიის უკანონო დაფინანსებაში თანამონაწილეობის ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  შეგახსენებთ, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. „კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს“ - გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი პუტინს შეხვდა  

ტრამპი: ენერგომატარებლებზე ფასები თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა „საშინელ მდგომარეობაშია“ და ნავთობის დაბალი ფასები რუსეთის საომარ მანქანას დააზიანებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნავთობზე ფასები კიდევ 10 დოლარით თუ დაიწევს, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს „ნავთობის ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 65 აშშ დოლარია და კიდევ უფრო დაბლა იწევს. თუ იცით, OPEC და OPEC+ [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია] მეტს მოიპოვებენ, მეტის მოპოვება სურთ, რადგან მგონი, უნდათ რომ გამახარონ. თუ ენერგეტიკის ფასები საკმარისად დაიწევს, პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს. ეს კარგი იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ მისივე ხალხი კვდება, მისი და უკრაინის. მაგრამ პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს თუ ნავთობის ფასები კიდევ 10 აშშ დოლარით დაიწევს ერთი ბარელისთვის. არჩევანი არ ენება, ვინაიდან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია,“ - განაცხადა ტრამპმა.  

აშშ წყნარ ოკეანეში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აეროდრომს აღადგენს - მედია

იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo იუწყება, რომ აშშ წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აეროდრომს აღადგენს, რომელიც 80 წლის წინ, იაპონიაზე ბირთვული დარტყმების სადესანტო პლატფორმად გამოიყენებოდა. როგორც მედია წერს, აღდგენითი სამუშაო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩინეთის შეკავების ამერიკული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო სააგენტო ტინიანის ხელმძღვანელ ედვინ ალდანის სიტყვებს ციტირებს და წერს, რინ კუნძულის მცხოვრებლებს (დაახლოებით 2000 ადამიანს) არ სურთ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა და ისინი შიშობენ, რომ ტერიტორიის მცირე ფართობის გამო, საფრთხის შემთხვევაში, მათ დასამალი არსად ექნებათ. მედია ტინიანზე აეროდრომის აღდგენის აშშ-ის გეგმების შესახებ ადრეც, მათ შორის, 2023 წელსაც იტყობინებოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მომავალში აეროდრომი შეიძლება, „ფართო“ სამხედრო ობიექტად იქცეს.  ტინიანი დაახლოებით 101 კვადრატული კილომეტრის ფართობისაა და იაპონიიდან სამხრეთით, დაახლოებით, 2400 კილომეტრში მდებარეობს. ამჟამად, აშშ-ის სამხედრო ძალებს კუნძულის ორი მესამედი იჯარით აქვთ აღებული.  

ნორვეგია, შვედეთი და დანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღების შესაძენად, $500 მილიონს გამოყოფენ

ნორვეგია, შვედეთი და დანია, NATO-ს ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად, $500 მილიონს გამოყოფენ. ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, შვედეთთან და დანიასთან ერთად NATO-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს. „ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებას, რაც მას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. როგორც წესი, ეს საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და კრიტიკულ შესაძლებლობებს მოიცავს“, - აცხადებს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ტორე ო. სანდვიკი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას მადლობა გადაუხადა. „ეს პაკეტი სასიცოცლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ფრონტის ხაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მოიცავს, რაც უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს და აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, მაშინ, როცა ის მშვიდობისკენ ისწრაფვის,“ - აღნიშნავს მარკ რუტე. ნიდერლანდები NATO-ს პირველი წევრია, რომელიც კიევს აშშ-ში წარმოებული იარაღით მოამარაგებს