ძებნის რეზულტატი:
„საქართველო შუა დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ, მისი საკვანძო რგოლია“ - მინისტრის მოადგილე
კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარა იოსელიანი აცხადებს, რომ შუა დერეფანი ერთიანი სისტემის სახით უნდა ფუნქციონირებდეს და ამჟამად საქართველო მისი მთავარი რგოლია. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიული კვირეულის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი დერეფანი. „დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო არის დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ, საკვანძო რგოლი, რომელიც საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნის და ძალისხმევას მიმართავს, რომ შავი ზღვა პოზიციონირებდეს, როგორც საიმედო კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. იოსელიანის თქმით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სამთავრობო ხედვის შესაბამისად, საქართველოს ჯამური ინვესტიცია ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და შუა დერეფანზე გამავალი ტვირთბრუნვის მოცულობა იზრდება, რაც დერეფნის აქტუალობას ადასტურებს. თამარ იოსელიანის თქმით, შუა დერეფნის მულტიმოდალური ერთობლივი საწარმოს შექმნა კოორდინირებულ მომსახურებაზე, პროგნოზირებად განრიგებსა და კონკურენტულ ტარიფებზე გადასვლის დასტურია და ეს სწორედ ისაა, რასაც გლობალური გადამზიდავები მოელიან. „საქართველოს გზავნილი ნათელია: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს, როგორც ერთი სისტემა – დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად. საქართველო ამ ხედვას რეალობად აქცევს და თანმიმდევრულად ყალიბდება ევრაზიის სანდო კავშირის ჰაბად,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
რა საკითხები განიხილეს მინისტრის მოადგილემ და ბრენდან ჰანრაჰანმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე
4 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბრენდან ჰანრაჰანს. სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანონსის გარდა, შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მხარეებმა „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან,“ - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ონლაინ გამოცემა Independence Avenue Media-ს. სპიკერის განცხადებით, ჰანრაჰანსა და დარსალიას „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე.“ მინისტრის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს. საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ, საელჩოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასსთან და სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ იოკისთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ „კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ, ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში, მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში - უილიამ კიმიტთან; ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჯეფრი კესლერთან. მხარეებმა „სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება“ განიხილეს. ამასთან, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.“ ცნობისთვის, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ბრანდან ჰანრაჰანი კი, 2025 წლის სექტემბერში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ აშშ საწყის ეტაპზე 145 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოყოფდა „ტრამპის მარშრუტის“ განსავითარებლად. მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს (USTDA) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული დირექტორის კარლ კრესის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოე ეწვია. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
ტრამპმა ორბანს უნგრეთის პრემიერად ხელახლა არჩევისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს უნგრეთის პრემიერად ხელახლა არჩევისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა. მან თავის მოკავშირეს „ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერი“ უწოდა. ტრამპის თქმით, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ეს დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა. „უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე – ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია ჩემი ადმინისტრაციის დროს, ძირითადად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა. მე ამაყი ვიყავი, რომ ვიქტორს 2022 წელს არჩევნებში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას აქვს ჩემი სრული და სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის. ის იმედს არასდროს გაუცრუებს უნგრეთის დიდებულ ხალხს!“ – წერს ტრამპი. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, „სამშაბათს, 3 თებერვალს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის ცენტრისტული მემარჯვენე პარტია „ტიშა“ ორბანის მმართველ პარტია „ფიდესს“ უსწრებს. ორბანი 2010 წელს, „ფიდესის“ გამარჯვების შემდეგ, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა შედეგი კვლავ გაურკვეველია, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბევრ ამომრჩეველს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ აირჩიოს.“
მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული შიდა პასპორტების“ გაცემის პუნქტს აუქმებს
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსული ე.წ. შიდა პასპორტების (ე.წ. პირადობის მოწმობის) გამცემი პუნქტის მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩო აცხადებს. განცხადებაში მითითებულია, რომ „რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „აფხაზი მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით“, "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და 2025 წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე". გარდა ამისა, 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხსნა „რუსული მართვის მოწმობების გაფორმების პუნქტი.“ „ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის, სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივისცემით ეკიდება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია, შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. შესაბამისად, ამ დოკუმენტების გაცემა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის გადავა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდნენ ე.წ. პარლამენტის წევრები, მათ შორის, კან კვარჩია, რომელზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა, ასევე, ადვოკატი ირაკლი ბჟინავა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დონის როსტოვში 5 თებერვალს დააკავეს. საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს ევროკავშირში არ მიიღებენ შეგახსენებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიებიდან.
ალიევმა ირანის დელეგაცია მიიღო: „აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარი დაუჭიროს დაძაბულობის დეესკალაციას“
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მინისტრი აზიზ ნასირზადე ხელმძღვანელობდა. ალიევის განცხადებით, ომები და კონფლიქტები დღესაც გრძელდება მსოფლიოს მრავალ ნაწილში, თუმცა აზერბაიჯანის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში უკვე დამყარდა მშვიდობა. მისივე თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის, რომელიც ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს, ასევე, სომხეთს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარი დაუჭიროს დაძაბულობის დეესკალაციას. რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საჯაროდ წარმოადგინა თავისი „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი" ბალისტიკური რაკეტა. აშშ ირანისგან ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეზღუდვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს მასშტაბური სამხედრო ოპერაციით დაემუქრა. თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება ამტკიცებს რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნები აქვს, აგრესიას კი, სათანადოდ უპასუხებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 თებერვალს გაიმართება ომანის დედაქალაქ მასკატში. წინა რაუნდებზე შედეგს ვერ მიაღწიეს. ვაშინგტონში დაფუძნებული უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადასტურებულია 6941 ადამიანის სიკვდილი. მათგან 6495 საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, 171 - არასრულწლოვანი, 61 - მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ და 214 - სამთავრობო ძალების სამხედროები. უფლებადამცველთა ცნობით, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, დაპატიმრებულების კი, თითქმის 51 ათასი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ირანი უცნაური ქვეყანაა დიპლომატიისთვის, იმ პირსაც კი ვერ ესაუბრები, ვინც ქვეყანას მართავს
ირაკლი რუხაძე: პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე გონივრული გამოსავალია „იმედთან“ დამშვიდობება
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. რუხაძე აღნიშნავს, რომ „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის „იმედთან“ დამშვიდობება.“ მისივე თქმით, „იმედის“ 50%-ს შეიძენს "პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც „მრავალი წელია, თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე.“ 50% გადავა „იმედის“ გენერალური დირექტორის მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში. „არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ, ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია, თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში,“ - ნათქვამია ირაკლი რუხაძის განცხადებაში, რომელსაც "იმედი" ავრცელებს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი წარადგინა
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსულ ენერგეტიკაზე, ბანკებზე, საქონელსა და მომსახურებაზე შეზღუდვებს აფართოებს. სანქციების მე-20 პაკეტი მოიცავს რუსული ნედლი ნავთობისთვის საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვას და მიზანში იღებს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 43 გემს. გადაწყვეტილების მიმღებნი კოორდინაციაში არიან G7-ის პარტნიორებთან. „სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას და ვაჭრობას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ახალი ზომები მიზნად ისახავს მოსკოვის მიერ ომის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების შეჩერებას. შემოთავაზებული პაკეტის მიხედვით, ევროპულ კომპანიებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის დაზღვევის, გადაზიდვების, დაფინანსების და სხვა ძირითადი მომსახურების მიწოდება აეკრძალება. ამასთან, დაწესდება აკრძალვა თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებისა და ყინულმჭრელი გემების მოვლა-პატრონობასა და სხვა მომსახურებაზე. ახალი ზომები ასევე გაამკაცრებს ზეწოლას რუსეთის საბანკო სექტორზე. კერძოდ, სანქციების სიაშია 20 რეგიონული ბანკი. ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული არხები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება და მესამე ქვეყნების ბანკებიც, რომლებიც უკანონო ვაჭრობას უწყობენ ხელს. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი მის სამხედრო ქარხნებში იწყება. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზისა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების დამსხვრევა ამის მიღწევის საშუალებაა. ომები სრულდება, როდესაც ერთ მხარეს ფული უმთავრდება. მოსკოვში ფულის დინების გაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის შესაჩერებლად. ტრანზაქციული აკრძალვები შეეხება კიდევ მეტ ბანკს, რომლებიც კრემლს კვებავენ, როგორც რუსეთში, ასევე, მესამე ქვეყნებში. ყველას შეუწყდება SWIFT-ზე წვდომა. ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას, მეტ ზომას მივიღებთ კრიპტოვალუტების მხრივ და ავკრძალავთ რუსული კრიპტოსაშუალებების სერვისების მიმწოდებლებთან ინტერაქციებს,“ - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში. კალასი ამბობს, რომ მოსკოვი უძლეველი არ არის. „ბრძოლის ველზე მისი არმია წინ ვერ მიიწევს. სახლში, მისი ეკონომიკა სუსტდება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მეტ ზეწოლასა და უკრაინისთვის გაზრდილ სამხედრო დახმარებას შეუძლია, ეს ომი შეამოკლოს. რუსეთის ომის მანქანა ენერგორესურსების გაყიდვით ცოცხლობს. ისინი უნდა შევაჩეროთ,“ - აცხადებს კალასი. ნავთობისა და გაზის შემოსავლები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს, რაც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაფინანსებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის წყაროდ მიიჩნევა.
ამერიკამ ირანული ნავთობით მოვაჭრეები დაასანქცირა
აშშ-მ სანქციები დაუწესა 15 სუბიექტსა და 14 „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემს, რომლებიც დაკავშირებულია ირანული ნავთობით, ნავთობპროდუქტებითა და ნავთობქიმიური პროდუქტებით უკანონო ვაჭრობასთან. ახალი სანქციები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ირანის წარმომადგენლებმა არაპირდაპირი მოლაპარაკებების დღე დაასრულეს ომანში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ირანი ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს „მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის დასაფინანსებლად და ირანში რეპრესიების გასაძლიერებლად“ იყენებს. რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი 6 თებერვალს ომანში გაიმართა მოლაპარაკება აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის - გავრცელებული ცნობებით, ირანის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი, თავისი ხედვა გააცნო ომანის მხარეს, რომელიც შუამავლის როლით გამოდის. ირანის პოზიცია ომანმა მიაწოდა აშშ-ის წარმომადგენლებს. მოლაპარაკების შემდეგ, არაყჩიმ განაცხადა, რომ შეხვედრა ატომური პროგრამის საკითხზე იყო კონცენტრირებული. აშშ-ის მხრიდან ომანში ჩავიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ირანი უცნაური ქვეყანაა დიპლომატიისთვის, იმ პირსაც კი ვერ ესაუბრები, ვინც ქვეყანას მართავს
დიდმა ბრიტანეთმა კვიპროსზე გამანადგურებლები გაგზავნა - მედია
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ირანის გარშემო არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, კვიპროსზე, აკროტირის საჰაერო ბაზაზე დამატებითი გამანადგურებლები გაგზავნა. The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ექვსმა RAF F-35B გამანადგურებელმა მარჰამის საჰაერო ძალების ბაზა 6 თებერვალს დატოვა. ამჟამად აკროტირიში ასევე განთავსებულია Eurofighter Typhoon-ები. ბრიტანეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა კვიპროსზე - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ირანზე აშშ-ის პოტენციურმა დარტყმამ შეიძლება, უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს. ამერიკამ ირანული ნავთობით მოვაჭრეები დაასანქცირა
შუა დერეფანი: რა წერია ევროკომისიის კვლევაში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტაანალიზის თანახმად, ბოლო დროს მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ტრანსკასპიის სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) კვლავ ოპერაციულ დაბრკოლებებს აწყდება. კერძოდ, ფრაგმენტული ლოგისტიკა; მრავალი სასაზღვრო ბარიერი; ციფრული განვითარების ნაკლებობა; ევროკომისიამ 6 თებერვალს გამოაქვეყნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტაკვლევა, რომელიც ხაზს უსვამს ინვესტიციების საჭიროებას საიმისოდ, რომ დერეფნის გასწვრივ კავშირები გაძლიერდეს. დოკუმენტის ავტორია ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატი. კვლევაში საუბარია ძირითად მონაკვეთებზე, სადაც ინფრასტრუქტურა მოძველებულია ან არ შეესაბამება დღევანდელ მოცულობებს. დასკვნა მყარ საფუძველს ქმნის საინვესტიციო პრიორიტეტების დასადგენად, რაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიმავალი სავაჭრო გზების აღდგენის კონტექსტში, ევროკავშირის გეგმებს შეესაბამება. კვლევის ავტორების შეფასებით, ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო მთავრობებსა და კერძო სექტორს მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წვლილის შეტანა თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. მეტაკვლევა ჩამოყალიბებულია სამი ძირითადი სვეტის გარშემო: ტრანსპორტი და ვაჭრობა, ენერგეტიკა და ციფრული განვითარება. „სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, შუა დერეფანს შეუძლია, ოპერაციული სარგებელი მოიპოვოს სამხრეთ კავკასიის გავლით განშტოებების შექმნით, მათ შორის, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის კავშირების აღდგენით. ამან შეიძლება, სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია კიდევ უფრო მეტად მოახდინოს და პოტენციურად, გადატვირთულ მონაკვეთებზე საცობები შეამსუბუქოს,“ - ასკვნის კვლევა. კვლევაში ასევე ხაზგასმულია უკრაინისა და მოლდოვის მზარდი როლი ევროპის მცდელობებში, მოახდინოს დივერსიფიკაცია და გააძლიეროს მისი ფართო სატრანსპორტო ქსელი. ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკმა ასევე გამოკვეთა ძირითადი დაბრკოლებები და საინვესტიციო საჭიროებები, რომლებიც 2030 წლისთვის უნდა მოგვარდეს დერეფნის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. კვლევაში ხაზგასმულია, რომ: ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. რეგიონი და მისი მეზობელი ქვეყნები კი, ერთგვარი კარიბჭეა, რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და სხვა რეგიონებთან აკავშირებს.“ „ჩრდილოეთის დერეფნის საიმედოობა მცირდება, ხოლო სამხრეთის მარშრუტის განვითარება შენელებულია. ამ ვითარებაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ვითარდება, როგორც ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, მრავალფეროვან და გეოპოლიტიკურად გამძლე მრავალმოდალურ კავშირს ევროპასა და აზიას შორის. რეგიონში სატვირთო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა და 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება კიდევ უფრო აძლიერებს ტრანსკასპიური მარშრუტის პოზიციას, როგორც ყველაზე ოპტიმალურ გზას მდგრადი, მრავალფეროვანი და საიმედო რეგიონული კავშირის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია მეტაანალიზში. მისივე თანახმად, 2022 წლიდან ამ მარშრუტზე ვაჭრობა ოთხჯერ გაიზარდა და სწორი ინვესტიციების შემთხვევაში, 2030 წლისთვის მისი გასამმაგება შესაძლებელია. „როდესაც TCTC-ზე ვსაუბრობთ, ძირითად აქტორებად გვევლინებიან: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი — მარშრუტზე ჩინეთიდან ევროპისკენ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვთ სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, მოლდოვას და უკრაინას. ერევანს შეუძლია, TCTC-ს დაეხმაროს ახალი კავშირების შექმნით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გზების აღდგენით. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას, გადატვირთული მონაკვეთების განტვირთვას და ასევე, გაძლიერდება სომხეთის კავშირები ევროკავშირთან,“ - ნათქვამია მეტაანალიზში. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის შეფასებით, სატვირთო ნაკადები ევროპასა და აზიას შორის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით, სწრაფად იზრდება. თუმცა, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ძველია და განახლებას საჭიროებს, „ამიტომ, ინვესტიციები სასწრაფოდ არის საჭირო.“ „ინვესტიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მთავრობებსა და ბიზნესებს მკაფიო წარმოდგენა ექნებათ იმის შესახებ, თუ სად იქნება ის ყველაზე ეფექტიანი. დღევანდელი კვლევა გვიჩვენებს, თუ სად დავინახავთ ყველაზე დიდ განსხვავებას რკინიგზის, პორტების, სასაზღვრო პროცედურების, ენერგეტიკული კავშირებისა და ციფრული დაკავშირებადობის განახლებების შედეგად,“ - ამბობს ევროკომისარი. ცნობისთვის, შუა დერეფანი [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი] (TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP). ევროკომისიის კვლევა: ანაკლიას შეუძლია, საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შეუწყოს
ევროკომისიის კვლევა: ანაკლიას შეუძლია, საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შეუწყოს
ევროკომისიის კვლევაში, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა, ანაკლიის პორტის შესაძლებლობებზეც არის საუბარი. კვლევის მიხედვით, ამ პორტს შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შუეწყოს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას საქართველოს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტის მიხედვით, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. “როდესაც TCTC-ს [“შუა დერეფანს”] განიხილავენ - ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი გამოდიან საკვანძო მოთამაშეებად ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე. თუმცა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა და უკრაინა, ასევე აქვთ მნიშვნელოვანი როლი,” - აღნიშნულია ანგარიშში. ქვესათაური: ინვესტიციები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში (პრიორიტეტულია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების გეგმისა და მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით). კვლევის თანახმად, ჩინეთი თავის გავლენას აღრმავებს, ის ტვირთების გამომგზავნიდან აქტიურ აქციონერად გარდაიქმნება, აქტიური დაინტერესებული მხარეა და დერეფნის ფორმირებას უზრუნველყოფს კაპიტალის, დაფინანსებისა და მმართველობის გზით. ამის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ხორგოსის კარიბჭე (KZ), რომლის 49%, 2017 წლიდან COSCO-სა და ლიანიუნგანგის პორტის საკუთრებაა. 2025 წელს კი, ჩინეთი შეუერთდა „Middle Corridor Multimodal Ltd“-ს (ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზების საკოორდინაციო პლატფორმა), რაც მას ფორმალურ როლს აძლევს დერეფნის ოპერაციების, სტანდარტებისა და ციფრული ინტეგრაციის ჩამოყალიბებაში. ასევე, დოკუმენტში, ანაკლიის პორტის ნაწილში ნათქვამია, რომ ის პეკინს მომავალში შავი ზღვის სანაპიროზე დასაყრდენს სთავაზობს. „საქართველოში პორტის სიმძლავრის გაზრდა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების ნაწილია. თუმცა [ანაკლია] პროექტი ძალიან პოლიტიკურია და ამჟამად, საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში, China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება. ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების პროექტის ნაწილია და განხორციელების შემთხვევაში, მას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააფართოოს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შუწყოს შუა დერეფნის განვითარებას,“ - ნათქვამია კვლევაში. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტებიც, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემენ, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოგისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოგისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ. რაც შეეხება თბილის-კუმისის ლოგისტიკურ ცენტრს: კვლევის თანახმად, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი ახლოს არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ახალ მაგისტრალთან. საჭიროა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბების განვითარება, რათა ეს ცენტრი მოემსახუროს სატრანსპორტო ნაკადებსა და ტვირთების ზრდას. პროექტი ასევე არის TEN-T ქსელის გაფართოების ნაწილი. დოკუმენტში საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსზეც (BTK), რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის ნაწილია: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის ან TEN-T-ის მიერ პირდაპირ არ არის დასახელებული, როგორც მთავარი პრიორიტეტი, ამჟამად ეს არის მთავარი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ბაქოს პორტს თურქეთთან და შემდგომ ევროპასთან აკავშირებს.“ რეკომენდაციების ნაწილში წერია, რომ „ერთ-ერთი შესაძლო გზა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებისთვის რკინიგზის ციფრულ ტრანსფორმაციაში, შეიძლება, იყოს ERTMS-ის (European Rail Traffic Management System) დანერგვა. ERTMS უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას, რადგან ის დაფუძნებული იქნება CCS TSI–ზე (რკინიგზის სიგნალიზაციის ტექნიკური სპეციფიკაციები). ეს გახსნის გზას ტექნიკური სტანდარტების უფრო ჰარმონიზებულად დანერგვისკენ.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლოკომოტივების ნაკლებობა ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ შეზღუდვად ითვლება შუა დერეფანში (BTK რკინიგზის) ხაზზე და ეს არის მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს შესწავლა, შესაძლებელია თუ არა ლოკომოტივების შესყიდვა დაფინანსების სახით. კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც. „ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი,“ - წერია დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდეს. „რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უზბეკეთში განახლებადი ენერგიის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებული გაზმომარაგების დივერსიფიკაცია ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა უკვე განახორციელეს eTIR სისტემის საპილოტე პროექტები ან დაიწყეს მისი დანერგვა, და შესაბამისად, მათი მზადყოფნის დონე შეიძლება, განსხვავებული იყოს. რეგიონული დაფარვის გაფართოება შესაძლებელია, თუ eTIR-ში სომხეთიც ჩაერთვება, რაც საზღვრის გადაკვეთის პროცესს დააჩქარებს, თუმცა ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ შეთანხმებაზე. ცნობისთვის, eTIR არის საერთაშორისო ტვირთების საზღვარზე გადატანის ელექტრონული სისტემა, რომელიც საბაჟო პროცედურებს ციფრულად ამარტივებს და გადაკვეთის პროცესს აჩქარებს. შუა დერეფანი: რა წერია ევროკავშირის მეტაანალიზში ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის: პოლ გობლის ანალიზი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში დღეს, 9 თებერვალს ჩადის, რის შემდეგაც ის 10-11 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი, პირველ რიგში, ფართო რეგიონულ სურათზე საუბრობს. „აზერბაიჯანიც და სომხეთიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აშშ-სთვის, არამხოლოდ იმიტომ, რომ ორივე დაშორდა მოსკოვს და მხარს უჭერენ TRIPP-ს, არამედ, იმიტომ, რომ ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაზეც აისახება,“ - განმარტავს გობლი. გობლის შეფასებით, ვენსი ბაქოსა და ერევანში ჩადის „იმისათვის, რომ დაარწმუნოს ისინი აშშ-ის მხარდაჭაში. ის ხაზის უსვამს, რომ ვიზიტის განხორციელების დრო უფრო მეტად, ირანის პრობლემებით აიხსნება. „თუმცა ვანსმა იცის, რომ ამ ვიზიტით შეუძლია, პოლიტიკური სარგებელიც მიიღოს, განსაკუთრებით, სომხეთის თემის თვალსაზრისით [ამერიკაში არჩევნების კონტექსტში], რადგან სომხები ბევრ მნიშვნელოვან ოლქში ცხოვრობენ ამერიკაში,“ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი. ვიზიტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხია, თუ რამდენად მზად არის ვაშინგტონი რეაგირებისთვის, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა დაიწყება. კონფლიქტის შემდგომ გარემოში დარღვევების შესახებ ურთიერთბრალდებები იშვიათი არ არის და არც სამხრეთ კავკასიაა ამ მხრივ გამონაკლისი. „ვაშინგტონი ნამდვილად აცნობიერებს, რომ სამხრეთ კავკასიაში თითოეული მხარე, სავარაუდოდ, მეორეს დაადანაშაულებს ტრამპის მიერ 2025 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების დარღვევაში. მას სურს უზრუნველყოს, რომ ასეთი ბრალდებები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს,“ - განმარტავს გობლი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ვენსის ვიზიტი და აღნიშნა, რომ ის მოიცავს „ღონისძიებებს, რომლებიც გააღრმავებს ვაშინგტონთან ურთიერთობებს და გახსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს.“ სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ჯეიკობ ჰელბერგი, ვენსს თან ახლავს სომხეთსა და აზერბაიჯანში 9-11 თებერვლის ვიზიტების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას და „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის“ (TRIPP) ინიციატივის წინსვლას.“ ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - კობახიძე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და არატექნიკური მიმართულებები დარჩება „მილევად რეჟიმში“, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება არსებული კადრების შენარჩუნებას, მიუხედავად არაერთი სპეციალობის გაუქმებისა. ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ 11 ფაკულტეტი აქვს, მათგან 9 ტექნიკური პროფილისაა. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუ-ში 2016 წლის 25 მაისს შეიქმნა. 2016 წლის მაისიდან ფუნქციონირებს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც. ამ ფაკულტეტზე 17 საგანმანათლებლო პროგრამაა სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); ასევე ქართულ ენაში მომზადების პროგრამა. ცნობისთვის უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან. „მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ - განათლების მინისტრი
უკრაინამ და საფრანგეთმა იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა კატრინ ვოტრენმა ხელი მოაწერეს განზრახვის წერილს ორ ქვეყანაში იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს გზას უხსნის უკრაინასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის ინდუსტრიაში მასშტაბური ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ორი ქვეყნის მთავრობები და თავდაცვის კომპანიები ყურადღებას გაამახვილებენ ინოვაციური რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების შემუშავებაზე. ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია SAMP/T, Mistral და Crotale სისტემების, ასევე მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელებით. ის და მისი ფრანგი კოლეგა შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ SAMP/T სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ ბალისტიკურ საფრთხეებს. ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ფრანგული მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის Mirage 2000-ის ახალი პარტიის გაგზავნა იგეგმება. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა უკრაინაში AASM Hammer-ის ტიპის მართვადი საჰაერო ბომბების რეკორდული რაოდენობის მიწოდებაზე, ასევე, Aster-ის ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და მიწოდების დაჩქარებაზე. „განხილვის პროცესშია უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის, კერძოდ, SCALP-ის რაკეტების მიწოდება,“ - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ფედოროვის თქმით, 9 თებერვალს ახალი შეთანხმების ხელმოწერამდე, საფრანგეთის დელეგაციამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციები მოინახულა, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ ფრანგული SAMP/T, Mirage 2000 და Mistral-ის აღჭურვილობა აჩვენეს.
საქართველო ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების საერთაშორისო ასოციაციას შეუერთდა
საქართველო ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციას შეუერთდა. AZCON Holding-ის კომპანიის, აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი უზბეკეთის რკინიგზის სს-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს ზუფარ ნარზულაევს და საქართველოს რკინიგზის სს-ის გენერალურ დირექტორს ლაშა აბაშიძეს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ADY-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს სატვირთო გადაზიდვებს ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, შუა დერეფნის სამხრეთ განშტოებაზე და მხარს დაუჭერს რეგიონულ თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთ–ყირგიზეთი–უზბეკეთის რკინიგზის დასრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობებს - აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ტვირთების გადაზიდვის კუთხით. 2024 წლის 20 სექტემბერს ბაქოში, აზერბაიჯანის ინიციატივით დაარსებული ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაცია მიზნად ისახავს სატრანზიტო ტვირთების მოზიდვას, ინტეგრირებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებას და სატრანსპორტო პროცესების ოპტიმიზაციას.
აშშ-მ და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
სომხეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს. აღსანიშნავია, რომ სომხეთში აქამდე აშშ-ის არცერთი მოქმედი პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი არ ჩასულა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სომხეთის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში $9 მილიარდამდე ინვესტირების შესახებ გამოაცხადა. „ეს ნიშნავს 5 მილიარდ დოლარამდე საწყის ამერიკულ ექსპორტს, პლუს დამატებით, 4 მილიარდ დოლარს გრძელვადიანი მხარდაჭერის სახით საწვავისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების მეშვეობით. ეს კლასიკური ორმხრივი მოგებაა როგორც სომხეთისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ჩემი ქვეყნისთვის და ასევე, ვფიქრობ, ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სომხეთისთვის. ეს ასევე შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავს მცირე მოდულურ რეაქტორებს. ამერიკული ტექნოლოგია შემოვა ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ჩვენ საკმარისად თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, რომ ამ დონეზე ინვესტირება მოვახდინოთ, ამ ტიპის ტექნოლოგია გავაგზავნოთ. და ეს ხდება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის წყალობით,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მანვე დაადასტურა 11 მილიონი დოლარის ღირებულების საგარეო სამხედრო გარიგება, რომელიც სომხეთის მიერ ამერიკული V-BAT დრონების ტექნოლოგიის შეძენას გულისხმობს. ვენსის თქმით, ეს გარიგება სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილია. „ჩვენ ახლა დავამტკიცეთ 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიების მიყიდვა სომხეთისთვის, ჩვენი კარგი მეგობრისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობა მდგრადი იქნება, რაც მომავალში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შემდგომ ინვესტიციებს ნიშნავს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. შეთანხმების გამოცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანისა და ჯეი დი ვენსის პირისპირ შეხვედრა. „სომხეთისთვის არამხოლოდ მშვიდობას, არამედ, სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხსენებული შეთანხმება ახალ ეტაპს გახსნის სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის პროცესში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სომხეთში ინსტიტუციური რეფორმებისა და ამ სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. „ასევე, ხაზი გავუსვი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განვითარების მიზნით სომხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მზადყოფნა გამოვთქვით, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხების საკეთილდღეოდ განვავითაროთ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. ფაშინიანმა განმარტა, რომ $11 მილიონიანი გარიგება აშშ-ის სავალდებულო სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sales) პროგრამის ფარგლებში საფუძველს შეუქმნის მომავალში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. „მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროებშიც. უპილოტო საფრენი აპარატები ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. დღესვე, ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მოახლოებულ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. „ახლა კითხვა ისაა, როგორ დავეხმაროთ პრემიერ-მინისტრს, რათა იყოს კარგ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მომავალზე კონცენტრირდეს. მე ვიცი, რომ მას არჩევნები აქვს წინ. მე ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ თუკი ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს, მას აქვს ჩემი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა. ჯერ უცნობია, თუ ვინ იქნება 2026 წლის არჩევნებში ნიკოლ ფაშინაინის კონკურენტი, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა პრორუსულად არის განწყობილი. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება, საიდანაც ხვალ, 10 თებერვალს აზერბაიჯანში, ბაქოში გაემგზავრება. უფრო ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენსი ამ ქვეყნებში ჩადის, რათა „გააძლიეროს ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-).“ აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა გააძლიერებს: „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან; მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან; ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ამერიკის შეთანხმებებს; აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას.“
აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი
აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევის თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები „აბსოლუტურად ახალ ფაზაში შედის.“ „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ვენსის ვიზიტს ისტორიული უწოდა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ კი, აზერბაიჯანის მეგობრად მოიხსენია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ დღეს ხელმოწერილ ქარტიაში მოცემულია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც „ძალიან პერსპექტიულია.“ აზერბაიჯანი და აშშ ასევე ითანამშრომლებენ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს. გარდ ამისა, ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები თავდაცვითი აღჭურვილობის გაყიდვის მიმართულებით ახალ თავს ხსნიან. „ხელოვნური ინტელექტის ცენტრების შექმნა ასევე ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. აშშ-მ და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს ალიევის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის გუნდების ნაყოფიერ მუშაობას. „ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის,“ – აღნიშნა ალიევმა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა არამხოლოდ მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ, დაიწყო ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთში, რითაც ფაქტობრივად წამოიწყო ვაჭრობა და თანამშრომლობა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რეგიონში ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელებაა. „ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არამხოლოდ დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ, იქნება ძალიან საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს აზიას ევროპასთან აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის გავლით,“ – განაცხადა ალიევმა. ილჰამ ალიევმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან გამართულ მოლაპარაკებებს უკიდურესად პროდუქტიული უწოდა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი - TRIPP-ის პროექტია. ეს პროექტი არამხოლოდ სომხეთს, არამედ, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც წაადგება. თავის მხრივ, ვენსის თქმით, აილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და დონალდ ტრამპმ მრავალწლიანი ომი დაასრულეს: „საბოლოოდ, რეგიონში მშვიდობაა. ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი მშვიდობის დამყარებაა.“ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვენსმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები არიან, რომლებსაც ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც თურქეთთან, ასევე, ისრაელთან. ინფორმაციისთვის, სომხეთმა და აშშ-მ “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” ხელი 2025 წლის იანვარში მოაწერეს.
აშშ NATO-ს ორი სამეთაურო პუნქტის მართვას ევროპელებს გადააბარებს - Reuters
აშშ NATO-ს ორი სამეთაურო პუნქტის მართვას ევროპელებს გადააბარებს. Reuters-ი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის სარდლობის საკადრო გადაადგილების ფარგლებში ევროპელი ოფიცრები ნეაპოლში მდებარე NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლობას და ნორფოლკში მდებარე გაერთიანებული ძალების სარდლობას გადაიბარებენ, რომლებსაც ახლა ამერიკელი ადმირალები მართავენ. წყაროს ინფორმაციით, გადანაწილების ფარგლებში აშშ მოკავშირეთა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სარდლობის მართვის პასუხისმგებლობას აიღებს. NATO-ს ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ „მოკავშირეები NATO-ს სარდლობის სტრუქტურის ფარგლებში ოფიცრების პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და ევროპელი მოკავშირეები ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.“
საქართველომ, აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და თურქმანეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას მოიცავს
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების განვითარებას, დიგიტალიზაციას ასევე, დერეფნის დიაგნოსტიკას მოიცავს. ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, დღეს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, თურქმენეთის რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრი მამედ აკმამედოვი, უზბეკეთის რკინიგზის სს-ის საბჭოს თავმჯდომარე ზუფარ ნარზულაევი და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორი ლაშა აბაშიძე. ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა სარკინიგზო სექტორის მიმართულებით, მათ შორის, შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. საქართველო ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების საერთაშორისო ასოციაციას შეუერთდა
ჯეი დი ვენსი: აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა
აშშ-სა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს “ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ.” აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ვენსმა აღნიშნა, რომ „შეიძლება, ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა.“ „ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით,” - განაცხადა ვენსმა. „მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გასწიეს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. ისინი ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად იბრძოდნენ და ყველაზე გამძლე და ქმედითი დანაყოფების რეპუტაცია დაიმსახურეს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი