ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ნახიჩევანის რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევაზე შეთანხმდნენ
ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ცნობით, ევროკავშირი და აზერბაიჯანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად შეთანხმდნენ, დაიწყონ ნახიჩევანის რკინიგზის პროექტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რაც „აზერბაიჯანსა და ფართო რეგიონში მობილობისა და ეკონომიკური ნაკადების გასაუმჯობესებლად, საკვანძო ინვესტიციაა.“ დირექტორატის მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ეს რკინიგზა წარმოადგენს უფრო ფართო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს, რომლის მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება 15-დღიანი სატრანზიტო ვადის ფარგლებში. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი ამბობს, რომ ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანიბაქოში იმყოფებოდა და მასთან შეხვედრაზე განიხილეს ნახიჩევანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადების დაწყება. მისივე თქმით, ასევე გაცვალეს მოსაზრებები შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერების თაობაზე. მინისტრის ინფორმაციით, იმსჯელეს „ზანგეზურის დერეფნის“ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვასთან დაკავშირებითაც.
ტრამპის თქმით, ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას დათანხმდა
აშშ ინდოეთში წარმოებულ პროდუქტებზე ტარიფებს 25%-დან 18%-მდე ამცირებს, ინდოეთი კი, რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას დათანხმდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერმინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის ძლიერი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ მრავალ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის, ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა და ბევრად მეტი შეიძინოს შეერთებული შტატებისგან, პოტენციურად, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ, როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. ტრამპმა სავაჭრო შეთანხმებაზეც ისაუბრა. „პრემიერ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად და მისი თხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები დააწესებს შემცირებულ ორმხრივ ტარიფს და მას 25%-დან 18%-მდე დაწევს. ისინი, თავის მხრივ, გადადგამენ ნაბიჯებს შტატების წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოდიმ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ინდოეთი 500 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აშშ-ის ენერგეტიკულ, ტექნოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებს შეიძენს. „ასევე, ისინი აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების ნულამდე შემცირების მიზნით ნაბიჯებს გადადგამენ. ინდოეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ორი ადამიანი ვართ, რომლებიც საქმეებს აკეთებენ, რასაც უმეტესობის შესახებ ვერ ვიტყვით,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. თავის მხრივ, მოდიმ დონალდ ტრამპს ინდოეთში წარმოებულ პროდუქტებზე ტარიფების შემცირებისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფები გააორმაგა და 50%-მდე გაზარდა, რათა ზეწოლა მოეხდინა ნიუ-დელიზე, რათა ნიუ-დელი იძულებული გამხდარიყო, შეეწყვიტა რუსული ნავთობის შეძენა. ამ თვის დასაწყისში მან ასევე განაცხადა, რომ თუ ინდოეთი არ შეამცირებს რუსული ნავთობის ყიდვას, ტარიფები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ვენესუელური ნავთობის შეძენა ინდოეთს საშუალებას მისცემდა, ნაწილობრივ ჩაენაცვლებინა ის რუსული ნავთობი, რომელსაც ახლა ყიდულობს. ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის იმპორტიორებს შორის მესამე ადგილზეა. ინდოეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე — საკუთარი მოთხოვნის დაახლოებით 90%-ს სწორედ იმპორტით აკმაყოფილებს. 2022 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დასავლურმა ქვეყნებმა მოსკოვის ენერგოექსპორტზე სანქციები დააწესეს, იაფი რუსული ნავთობის იმპორტმა ინდოეთს ნავთობის შესყიდვის ხარჯების შემცირებაში შეუწყო ხელი. ბოლო პერიოდში ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვების შემცირება დაიწყო. Reuters-ის ცნობით, იანვარში იმპორტის მოცულობა დღეში დაახლოებით 1.2 მილიონ ბარელს შეადგენდა, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთ მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს, ხოლო მარტში — დაახლოებით 800 ათას ბარელამდე. ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფების შემდეგ ინდოეთის საფონდო ბაზრები მნიშვნელოვნად დაზარალდა, რის გამოც, 2025 წელს ინდოეთი განვითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე სუსტად მოქმედ ბაზრად ითვლება. ამას თან ერთვის უცხოელი ინვესტორების კაპიტალის რეკორდული გადინება.
ორმხრივი დაპირისპირების ფონზე, დიდი ბრიტანეთი რუს დიპლომატს აძევებს
რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე, მოსკოვიდან, გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატი გააძევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლო იყო, ხოლო გაძევება გაუმართლებელი. „რუსეთის ელჩის დაბარებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ნათლად განაცხადა, რომ ბრიტანეთი მისი საელჩოს თანამშრომლების დაშინებას არ შეეგუება, ამიტომ, საპასუხო ზომას ვიღებთ და რუსი დიპლომატის აკრედიტაციას ვაუქმებთ,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. „რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ქმედება ჩაითვლება ესკალაციად და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება,“ - განმარტავს სამინისტროს სპიკერი. ლონდონში რუსეთის საელჩომ Reuters-ის მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი გარეტ სამუელ დევისი გამოავლინეს, რომელიც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების მეორე მდივნის სტატუსით ფარულად მუშაობდა.“ უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთმა და დასავლეთმა არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტო ინტენსივობის ჯაშუშური კამპანიების წამოწყებაში, ხოლო მოსკოვში მყოფი დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი თვალთვალისა და შევიწროების ობიექტები არიან. ბრიტანეთმა გააფრთხილა რუსეთი, რომ არ გაეტარებინა ეს კურსი თავისი დიპლომატების წინააღმდეგ.
უკრაინამ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
უკრაინამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს იმ ხალხს, ვინც აფასებს თავისუფლებას და ნამდვილად მზად არიან, მისთვის იბრძოლონ. „მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა ხდება ირანში, მკვლელობების რაოდენობას და როგორ შეუწყო ხელი ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. უკრაინა არ დაივიწყებს ათასობით „შაჰედს“, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს ხალხს. ჩვენ, უკრაინაში, უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოვაცხადეთ, ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. მსოფლიოში ყველა ტერორისტი იმსახურებს თანაბარ მოპყრობას და დაგმობას – ვერცერთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს
სომხეთის პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანის განცხადებით, TRIPP უპირველეს ყოვლისა, სომხურ-ამერიკული ინიციატივაა. Factor TV-სთან ინტერვიუში, რუსეთის ინტერესზე საუბრისას, სიმონიანმა აღნიშნა, რომ ეს არის დიდი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ქცევის ნორმალური ნიმუში. „პირველ რიგში, TRIPP არის სომხურ-ამერიკული ინიციატივაა, თუ ვსაუბრობთ მსგავსი მარშრუტის ან გზის გახსნაზე, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ცალკე ინიციატივა, მაგრამ TRIPP-ის ფარგლებში ეს ცოტა აბსურდულად მიმაჩნია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ TRIPP-მა არ იმუშაოს,“ – აღნიშნა ალენ სიმონიანმა. ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
რუტე უკრაინის რადაში: უკრაინა უნდა დარწმუნდეს, რომ მშვიდობა იქნება ხანგრძლივი — არა ხელმოწერილი დოკუმენტებით, არამედ, მტკიცე ძალით
NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში 3 თებერვალს ჩავიდა, როდესაც რუსეთმა ღამით, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი დარტყმა დაიწყო. რუტემ 3 თებერვალს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის უსაფრთხოებისთვის კვლავაც არის და იქნება არსებითი. „პუტინს დიდხანს ეგონა, რომ დრო ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებდა; რომ უკრაინა სუსტია; რომ თქვენი მხარდამჭერები დაიღლებოდნენ; რომ ჩვენი ნებისყოფა შეირყეოდა. ის მწარედ ცდებოდა. უკრაინა ძლიერია და ჩვენი მხარდაჭერა - ურყევი,“ - განაცხადა რუტემ. NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვით სისტემებზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მეტია საჭირო და ამისთვის მუშაობენ. მან მოუწოდა მოკავშირეებს, უფრო ღრმად ჩაიხედონ თავიანთ მარაგებში და რაც შეუძლიათ, უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოყონ. „კარგი ამბავი ის არის, რომ მოკავშირე ქვეყნებში და აქაც - უკრაინაშიც - მნიშვნელოვნად იზრდება თავდაცვითი წარმოება. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ. თქვენ ინოვაციებს ნერგავთ უნიკალური და შთამბეჭდავი გზებით და შედეგად, წარმოებაზე NATO-ს მრავალი ქვეყანა მუშაობს თქვენთან თანამშრომლობით და პირდაპირ ინვესტირებას ახდენს თქვენს თავდაცვის ინდუსტრიაში. ჩვენ ყველანი ვიღებთ სარგებელს ამ თანამშრომლობით. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, მით უფრო შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა - და მით უკეთ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება NATO-ში,“ - განაცხადა რუტემ. NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის ბოლო თავდასხმა ადასტურებს, რომ ის მშვიდობის მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი. „პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. თუმცა რუსეთი თავდასხმას აგრძელებს, როგორც ეს გასულ ღამეს გააკეთა. ეს მშვიდობის მიმართ მათ არასერიოზულ განწყობას ადასტურებს. ვიცით, რომ რუსეთი ამ ომისთვის მძიმე ფასს იხდის — დღემდე ერთ მილიონზე მეტი მსხვერპლი და ზრდადი ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი მზად არის, საკუთარი ხალხის უდიდესი ნაწილი შესწიროს, გამარჯვებას ვერ აღწევს, ხოლო ბრძოლის ველზე მიღწეული მცირედი პროგრესი შენელებულია. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ბელორუსი კვლავ მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას, მაგრამ პუტინის ეკონომიკა იზოლაციის ზემოქმედებას განიცდის, ხოლო რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ზრდადი წნეხიც შედეგს იძლევა,“ - განაცხადა რუტემ. მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ მშვიდობა არ იქნება უბრალოდ ქაღალდზე ხელმოწერით გაფორმებული, არამედ, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უკრაინას, ძლიერი შეიარაღებული ძალების გარდა, მყარად გარანტირებული უსაფრთხოება სჭირდება. „თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს.“ აშშ-მ, ევროპამ და კანადამ დაადასტურეს მზადყოფნა, უზრუნველყონ უკრაინას ის გარანტიები, რაც მშვიდობის ფორმირებისათვის აუცილებელია. რამდენიმე ევროპელმა მოკავშირემ უკვე დააანონსა, რომ შეთანხმების მიღების შემდეგ, ჯარი განთავსდება უკრაინაში — მიწაზე ჯარი, ჰაერში თვითმფრინავები, შავ ზღვაზე ხომალდები. აშშ იქნება უკანა სარეზერვო რგოლი, სხვა ქვეყნები კი, სხვა გზებით დაეხმარებიან. უსაფრთხოების გარანტიები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ამ საშინელი ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. უკრაინამ სრულიად დარწმუნებით უნდა იცოდეს, რომ ეს მშვიდობა იქნება მყარი და ხანგრძლივი — არა ხელმოწერილი დოკუმენტებით, არამედ, მტკიცე ძალით, რომელიც მას გაამყარებს. თქვენ სამართლიანად არ გსურთ კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმი ან მინსკის შეთანხმება. უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი პირველ რიგში, თავად ქვეყნის ძალა და მეგობრებისგან მიღებული მყარი, გარანტირებული მხარდაჭერაა. პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი მიზნად ისახავენ სისხლისღვრის შეჩერებას ამერიკის მოკავშირეების მხარდაჭერით — და ნათელია, რომ უკრაინაც მზად არის,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ზელენსკიმ რუსეთი ტრამპთან „შეთანხმებული ზავის“ დარღვევაში დაადანაშაულა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ან თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა, შვიდის ნაცვლად, ან ფსონს დებენ ომზე. „რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს შეერთებული შტატების ძალისხმევები. ენერგეტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა, იცით ამის შესახებ. ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭიროა კვირის განმავლობაში დარტყმებისგან თავის შეკავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად ეს პარასკევს ღამე დაიწყო და დღეს ღამე რუსებმა, ჩვენი თვალსაზრისით, პირობა დაარღვიეს. ან რუსეთი ახლა თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ნამდვილად ფსონს დებენ ომზე და უბრალოდ ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს დაელოდნენ, როდესაც უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ცელსიუსით მინუს 20 გრადუსზე მეტია”, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორ მოქმედებს "ენერგეტიკული ზავი"
NATO-მ მისია „არქტიკის გუშაგი“ დაიწყო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არქტიკის რეგიონში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს. NATO-მ განაცხადა, რომ მისია “არქტიკის გუშაგს“ იწყებს. „ახალი მისია, Arctic Sentry, კოორდინაციას გაუწევს მოკავშირეების მზარდ სამხედრო ყოფნას რეგიონში, მათ შორის, ისეთ წვრთნებს, როგორიცაა დანიის „Arctic Endurance გრენლანდიაზე,“ - ნათქვამია ალიანსის სამხედრო შტაბის განცხადებაში. „Arctic Sentry ხაზს უსვამს ალიანსის ერთგულებას, დაიცვას თავისი წევრები და შეინარჩუნოს სტაბილურობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან და გარემოსდაცვით რთულ რეგიონში,“ - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, ევროპაში NATO-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა. უფრო ადრე, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის წარმომადგენელმა მარტინ ო’დონელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობა“ „კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსის პოზიციას არქტიკასა და შორეულ ჩრდილოეთში.“ მან დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავი შეიკავა. ალიანსის გენმდივანი მარკ რუტე და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ NATO უფრო დიდ როლს შეასრულებს არქტიკის დაცვაში, ხოლო დანია, აშშ და გრენლანდია გრენლანდიასთან დაკავშირებულ შემდგომ დისკუსიებს გამართავენ. „შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ - ტრამპი გრენლანდიის გამო ტარიფებს აღარ აწესებს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ NATO-ს Arctic Sentry მისიაში. ალიანსის ახალი გეგმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ გაავრცელა, როდესაც NATO-ს მეთაურმა, აშშ-ის გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა „არკტიკის გუშაგის“ სახელწოდების მქონე მისიის დაწყების კონკრეტული გეგმების შესახებ ისაუბრა. გამოცემის ცნობით, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები შესაძლოა, უახლოეს კვირებში შეხვდნენ ბრიუსელში, სადაც ოპერაციის წინასწარი გეგმების შესახებ კონსულტაციებს გამართავენ. იანვარში, დავოსში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირეებს ერთობლივად იმუშაონ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, არამხოლოდ გრენლანდიაში, არამედ, NATO-ს შვიდი ქვეყნის, რომლებსაც არქტიკაში მიწა აქვთ. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ ალიანსის მისიის სამხედრო დაგეგმვა მიმდინარეობს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოების გასაზრდელად,“ - დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე. NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს ტრამპი დავოსში: არ გამოვიყენებ ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად
აბუ-დაბიში, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
4 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აბუ დაბიში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეები ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ. აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დონეზე ნორმალიზაციის პროცესში წინსვლის შენარჩუნების მნიშვნელობა. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივი ვაჭრობის დაწყებისა და აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიმდინარე ექსპორტის, ასევე, მესამე ქვეყნებიდან სომხეთში მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტის გამო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომში შეისწავლონ ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. ისინი ასევე მიესალმნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ორმხრივ ვიზიტებს და შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის ზომების გაფართოების აუცილებლობაზე. ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს TRIPP-ის და სხვა დამაკავშირებელი პროექტების განხორციელება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით და შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონტაქტები ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: TRIPP-ის პროექტი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას დასავლეთთან დააკავშირებს
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას დასავლეთთან დააკავშირებს. ამის შესახებ სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა სერხიო გორმა, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში B5+1-ის ფორუმზე განაცხადა. გორის თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის შექმნისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ. „სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო სამიტის შემდეგ, ყველა მხარე აგრძელებს „ტრამპის მარშრუტის“ წინ წაწევას, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ პირდაპირ სატრანსპორტო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით. ეს ისტორიული ნაბიჯია ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის შექმნისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ,“ - განაცხადა გორმა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ახალი სატრანსპორტო დერეფანი ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიის გავლით დასავლეთის ბაზრებთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ ინტეგრაციასა და სტაბილურობას. სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს
საუდის არაბეთი თურქეთში, მზის ელექტროსადგურების მშენებლობაში $2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს
თურქეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო შეთანხმებას, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელიც თურქეთში მზის ენერგიის პროექტებს მოიცავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა. „საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ჩემს საუდელ კოლეგასთან, მის აღმატებულება აბდულაზიზ ბინ სალმან ალ საუდთან ერთად, ხელი მოვაწერეთ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის შორის სამთავრობათაშორის შეთანხმებას განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების პროექტების შესახებ,“ — დაწერა ალფარსლან ბაირაქტარმა თურქულ სოციალურ პლატფორმა NSosyal-ზე. ბაირაქტარის თქმით, გეგმის მიხედვით, საუდის არაბეთის კომპანიები ქვეყანაში ააშენებენ ელექტროსადგურებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება. პროექტის პირველი ეტაპი ცენტრალურ ანატოლიაში, სივასისა და კარამანის პროვინციებში დაიწყება, სადაც დაგეგმილია 2 000 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. მისივე თქმით, ელექტროენერგიით 2.1 მილიონ ოჯახს უზრუნველყოფენ. ბაირაქტარმა ასევე აღნიშნა, რომ განიხილეს პროექტები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობას უფრო გრძელვადიანს გახდის. „განსაკუთრებით, საუდის არაბეთიდან თურქეთამდე ელექტროგადამცემი ხაზისა და ქსელების ურთიერთდაკავშირების საკითხზე ჩვენი კოლეგები კვლავ დაბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ. ეს ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტია, რომ შესაძლოა, მთელ რეგიონზე იქონიოს გავლენა,“ — აღნიშნა ბაირაქტარმა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერ-რიადში, 3 თებერვალს ჩავიდა.
ალიევმა და ფაშინიანმა აბუ-დაბიში, „ზაიედის სახელობის ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობის „ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს სამშვიდობო ძალისხმევისთვის. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართა. პრიზი ორივე ლიდერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა პირადად გადასცა. ორგანიზატორების ინფორმაციით, Zayed Award-ის მფლობელები ერთი მილიონი აშშ დოლარით ჯილდოვდებიან. ამ პრემიას იღებენ მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დიალოგის გაძლიერებაში. „მდგრადი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების მეშვეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაგალითი მისცეს სხვებს და აჩვენეს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მიღწევადი მიზნებია. ამ შეთანხმების მნიშვნელობა რეგიონს სცილდება, საერთაშორისო საზოგადოებას იმედს აძლევს და შეგვახსენებს, რომ დიპლომატიასა და შეუპოვრობას ყველაზე ღრმა განხეთქილებების გადალახვაც კი შეუძლია,“ - წერია Zayed Award-ის ვებგვერდზე. ცნობისთვის, ზაიედის პრემია ადამიანური ძმობისთვის, 2019 წელს დაარსდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის, შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის სახელს ატარებს. პრემია დაარსდა პაპ ფრანცისკესა და ალ-აზჰარის დიდი იმამის აჰმად ალ-ტაიების ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც ხელი მოეწერა ადამიანური ძმობის დოკუმენტს. პრემია გადაეცემა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ფაშინიანისა და ალიევის გარდა, წელს ლაურეატები გახდნენ ავღანელი აქტივისტი ზარქა იეფტალი და პალესტინური ორგანიზაცია “ტაავონი.“ წინა ლაურეატებს შორის არიან ალ-აზჰარის დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიები, პაპი ფრანცისკე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ლატიფა იბნ ზიათენი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალლა II და დედოფალი რანია ალ-აბდალლა და სხვა. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას. აბუ-დაბიში, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმდა
ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული თანხა უკრაინას 2026-2027 წლებისთვის გადაეცემა და რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელების ფონზე, ქვეყანას სასწრაფო ფინანსური საჭიროებების, კონკრეტულად კი, ზოგადი ბიუჯეტისა და თავდაცვითი საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება. ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა, რომ აღნიშნული სესხი დაფინანსდება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხებით და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით. განცხადების თანახმად, ევროკავშირის საბჭოს ახლა ევროპარლამენტთან სწრაფ შეთანხმებას ელის, რათა პირველი ტრანში უკრაინას უკვე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გადაეცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსება დაკავშირებული იქნება მკაცრი პირობების შესრულებასთან, როგორიცაა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ, შორის კორუფციასთან ბრძოლა. შემოთავაზებული ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირი უკრაინას დაფინანსებას ორი გზით მიაწვდის: 30 მილიარდი ევრო მაკროეკონომიკური მხარდაჭერის სახით გამოიყოფა და განხორციელდება უკრაინის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის სპეციალური ინსტრუმენტია უკრაინისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 60 მილიარდი ევრო კი, გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობებში ინვესტიციების ჩადებისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენის მხარდასაჭერად. ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხში მესამე ქვეყნების შესაძლო ჩართვაზეც შეთანხმდნენ.
ამერიკა და რუსეთი სამხედრო დიალოგს აღადგენენ
5 თებერვალს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ, აღადგინონ მაღალი რანგის სამხედროთა შორის დიალოგი, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალები აცხადებს. შეერთებულმა შტატებმა მოსკოვთან სამხედრო კომუნიკაცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა. დიალოგის განახლება მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს გენერალ ალექსუს გ. გრინკევიჩსა და რუს და უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის. გრინკევიჩი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ, რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ, აბუ დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მოსკოვმა ტყვეობიდან 150 უკრაინელი ჯარისკაცი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლა, რომელთაგან 139 ტყვეობაში იყო 2022 წლიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 157 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ, 157 უკრაინელი გათავისუფლდა. ზელენსკის თქმით, ეს არის პირველი ასეთი გაცვლა თითქმის ხუთი თვის განმავლობაში. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა. მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაგრძელდა. შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 სამხედრო ტყვის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
ამერიკას მოკავშირეებთან ერთად, იშვიათი წიაღისეულით ვაჭრობისთვის ბლოკის შექმნა სურს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, აშშ-ს იშვიათი მინერალებით ვაჭრობისთვის ბლოკის შექმნა სურს. ვაშინგტონი მზადაა ასეთი ბლოკის მონაწილეებთან ერთად, მინერალების ფასების კოორდინაცია უზრუნველყოს. ჩინეთის დომინირებისგან თავის დასაცავად, აშშ მინიმალური ფასების შენარჩუნების მომხრეა. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს ტარიფების დაწესებას მინიმალური ფასების შესანარჩუნებლად და კომპიუტერული ჩიპების, ელექტრომობილებისა და თანამედროვე იარაღის დასამზადებლად გამოყენებული კრიტიკული მინერალების მარაგების შესავსებად. ვენსის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომმა ნათელი გახადა, რომ ქვეყნების უმეტესობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიტიკულ მინერალებზე, რომლის გაყიდვებში, დიდწილად, დომინანტი ჩინეთია. ჯეი დი ვენსის თქმით, ამიტომ არის აუცილებელია კოლექტიური მოქმედებები, რათა დასავლეთი ამ სფეროში თვითკმარი გახდეს. „ჩვენ გვსურს, აღმოვფხვრათ ის პრობლემა, როდესაც ადამიანები ჩვენს ბაზრებზე იაფფასიანი კრიტიკული მინერალებით შემოდიან, რათა ჩვენმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა შეამცირონ ფასები,“ – განაცხადა ვენსმა. „ჩვენ დავაწესებთ კრიტიკული მინერალების რეფერენტულ ფასებს წარმოების თითოეულ ეტაპზე და პრივილეგირებული ზონის წევრებისთვის ეს ფასები იმოქმედებს როგორც ქვედა ზღვარი, რომელიც შენარჩუნდება რეგულირებადი ტარიფებით ფასების მთლიანობის შესანარჩუნებლად,“ – განმარტა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ისთვის კრიტიკული მინერალების სტრატეგიული მარაგი შექმნა, რათა ქვეყნის ინდუსტრია არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ წყაროზე. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას 55 ქვეყანა დაესწრო (მაგალითად, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გერმანია). კრიტიკული მინერალები ახლა ძირითადად ერთ ქვეყანაშია კონცენტრირებული, რაც გეოპოლიტიკურ ხელსაწყოდ იქცა. აშშ-მ შეხვედრაზე დააანონსა მექსიკასთან ორმხრივი და ევროკავშირსა და იაპონიასთან სამმხრივი შეთანხმებები, რათა გაძლიერდეს მიწოდების ჯაჭვები და შესაძლებელი გახდეს ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა. აშშ-მ, ევროკავშირმა და იაპონიამ ასევე განაცხადეს, რომ სხვა გზებსაც გამოიყენებენ, მათ შორის, დიდი შვიდეულის მოლაპარაკებებსა და Minerals Security Partnership-ის ფარგლებში თანამშრომლობას. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ცალკე განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმდა ჩარჩოზე, რომელიც მიზნად ისახავს მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას რადგან ქვეყანა სპილენძისა და ლითიუმის ექსპორტის გაზრდას ცდილობს.
„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად, სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია AECOM სომხეთში ჩავიდა, რათა TRIPP-ის პროექტზე კვლევა დაიწყოს. ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფონდის საახელით ხორციელდება. საელჩოს ცნობით, დაგეგმილი სამუშაო მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას. TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტი, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში გაფორმდა. ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ირანი უცნაური ქვეყანაა დიპლომატიისთვის, იმ პირსაც კი ვერ ესაუბრები, ვინც ქვეყანას მართავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან ურთიერთობაში არსებულ დაბრკოლებებზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ პირი, ვინც ირანში გადაწყვეტილებებს იღებს, უზენაესი ლიდერია. პრეზიდენტის როლი კი, ფაქტობრივად, უმნიშვნელოა. ჯეი დი ვენსის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ჩანს, უზენაეს ლიდერს ესაუბრება, და სწორედ ეს არის პირი, ვისთანაც ამერიკას ძირითადად, კომუნიკაცია ჰქონდა. „მაგრამ ეს ძალიან უცნაური ქვეყანაა დიპლომატიის წარმოებისთვის, როდესაც არც კი შეგიძლია საუბარი იმ პირთან, ვინც ქვეყანას მართავს. ტრაპმპმა შეიძლება, აიღოს ტელეფონი და დაურეკოს პუტინს. შეიძლება, აიღოს ტელეფონი და დაურეკოს სი ძინ პინს. მტრულად განწყობილ ქვეყნებსაც კი...ჩრდილოეთ კორეასთანაც, დონალდ ტრამპი ამ ადამიანს [კიმ ჩენ ინს] შეხვდა. უცნაურია, რომ ჩვენ უბრალოდ, არ შეგვიძლია ირანის რეალურ/ფაქტობრივ ლიდერებთან საუბარი. ეს ნამდვილად ძალიან ართულებს დიპლომატიას,“ - აღნიშნა ვენსმა. ცნობისთვის, აშშ-ს და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ომანში გაიმართება. Axios-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს. რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები ადგილობრივ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრს, დოქტორ აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავარს შეხვდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ადგილობრივ უნივერსიტეტებში. აღინიშნა, რომ სტუდენტების მიღება მიმდინარე წელს დაიწყება. გივი მიქანაძის თქმით, ეს ინიციატივა სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით პარტნიორობის გაძლიერებაზე იმუშავებს. მხარეებმა, საგანმანათლებლო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
საქართველომ და რუმინეთმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველომ და რუმინეთმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის Transelectrica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფანიცა მუნტეანუმ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით, ბუქარესტში ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს. „ელექტროსისტემის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მხარეების კოორდინირებულ მუშაობაზე პროექტის მომზადებისა და განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ პროექტისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური, ფინანსური, სამართლებრივი/მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების კუთხით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინსტიტუციური წარმომადგენლობის კოორდინირებულ უზრუნველყოფას. წელს იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. პროექტი შეტანილია ელეტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით. 2025 წლის ევროკომისიამ პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს 1,155 კილომეტრიანი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას, რომელიც შავი ზღვის გავლით საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. რუმინეთი იქნება მთავარი დამაკავშირებელი წერტილი. წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების შესახებ მემორანდუმს პირველად ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოეწერა. ხელმომწერები არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.