ძებნის რეზულტატი:
ახლო აღმოსავლეთში მეტი ამერიკელი ჯარისკაცი განთავსდება - გენერალი კეინი
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარებსა და სამხედრო აქტივებს განათავსებს, რადგან ირანის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება, განაცხადა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა. პენტაგონში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან ერთად გამოსვლისას კეინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. „ეს ერთჯერადი, ერთი ღამის ოპერაცია არ არის. სამხედრო მიზნების მიღწევას, რომლებიც ცენტრალურ სარდლობასა და გაერთიანებულ ძალებს დაეკისრათ, გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგ შემთხვევაში, ეს რთული და მძიმე საქმე იქნება,“ - განაცხადა კეინმა. მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობისას აშშ დანაკარგებს ელის. „რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ - აღნიშნა აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ. კეინის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებმა ისრაელს საშუალება მისცა, რომ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე დარტყმის ზუსტი დრო გაეთვალა. „ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, დღისით განხორციელებული დარტყმა იყო. დარტყმა აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერით განხორციელდა,“ - განაცხადა კეინმა.
„ირანი ხანგრძლივი ომისთვის მზადაა“ - ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი
ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა მზადაა იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გააგრძელოს. „ირანი, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა,“ - განაცხადა თეირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ლარიჯანიმ დაამატა, რომ ირანი თავს დაიცავს „ხარჯების მიუხედავად.“ აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალები, ისრაელის ძალებთან ერთად, ინტენსიურად ბომბავენ ირანს და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის განადგურებაა. საპასუხოდ, ირანმა რაკეტები ესროლა ისრაელში არსებულ სამიზნეებს და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს.
საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის
საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბრძანება გავეცი, რომ ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი ბირთვული არსენალის შესახებ ინფორმაციას აღარ გავასაჯაროებთ,“ - განაცხადა მაკრონმა. მისი თქით, საფრანგეთის „როგორც კონკურენტები, ისე პარტნიორებიც განვითარდნენ.“ „შემაკავებელი ელემენტი ევროპულ კონტექსტში უნდა გაძლიერდეს. ევროპამ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის, აშშ-ს, სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა
ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე ალბარესმა განაცხადა. „ესპანეთის ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და მათი გამოყენება არ მოხდება ისეთი რაღაცისთვის, რაც აშშ-სთან შეთანხმებაში არ შედის ან გაეროს ქარტიას არ შეესაბამება,“ - განაცხადა ალბარესმა. Reuters-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ სამხრეთ ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზები 15-მა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა.
ზელენსკი: ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა. „ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, [რუსებმა] ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან.“ „ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ DW-ს კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. მისივე თქმით, უკრაინა მუშაობს საკუთარი თავდაცვის წარმოების სტაბილური დაფინანსების უზრუნველსაყოფად,
ირანში მიმდინარე ოპერაციის დროს მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ განხორციელებული საწყისი იერიშების შედეგად მიყენებული მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა. „ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი საპასუხო ძალისხმევა გრძელდება,“ - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
ტრამპი: ირანთან დაკავშირებით, კირ სტარმერით ძალიან იმედგაცრუებული ვარ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან იმედგაცრუებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერით, რომელმაც, მისი თქმით, მას დიეგო-გარსიას ბაზის ირანზე დარტყმების განსახორციელებლად გამოყენებაში ხელი შეუშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი უარი აშშ-ის ძალებს ჩაგოსის კუნძულების ბაზის გამოყენების ნებართვაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობისთვის უჩვეულო იყო. დონალდ ტრამპის თქმით, კირ სტარმერს ძალიან დიდი დრო დასჭირდა გადაწყვეტილების შესაცვლელად. „ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის კანონიერებაზე ღელავდა,“ - აღნიშნა ტრამპმა. როგორც გამოცემა წერს, დიეგო გარსიას გარშემო არსებულმა დავამ პრეზიდენტი აიძულა, უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის საკამათო ჩაგოსის შეთანხმების მხარდაჭერაზე, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთის ოკეანეში ამ ტერიტორიის საკუთრების უფლების გადაცემას მავრიკისთვის და მის ნაცვლად სამხედრო ბაზის იჯარის წესით მიღებას. „უცებ [მავრიკიმ] საკუთრება მოითხოვა. მას უნდა ებრძოლა და ეს ტერიტორია საკუთრებაში მიეღო. ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით კირით,“ - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, სტარმერი ყოველთვის უნდა დათანხმებოდა აშშ-ს მიერ დიეგო-გარსიას გამოყენებას, რადგან ირანი პასუხისმგებელია მისი ქვეყნიდან უამრავი ადამიანის მკვლელობაზე. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, უარი განაცხადა, აშშ-სთვის მიეცა ნებართვა, დიეგო-გარსიასა და ფეირფორდის ბაზებიდან დარტყმები განეხორციელებინა. თუმცა, პრემიერ-მინისტრი კვირა ღამით დათმობაზე წავიდა და განაცხადა, რომ აშშ-ს დიეგო-გარსიაზე წვდომის ნებართვას „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“ მისცემს.
კატარში აცხადებენ, რომ ირანის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის „სუ-24“-ის ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს., „ასევე, კატარის საჰაერო და საზღვაო ძალებმა დღეს ირანიდან წამოსული შვიდი ბალისტიკური რაკეტა და ხუთი დრონი ჩამოაგდეს“, - ნათქვამია კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონებმა და რაკეტებმა თავიანთ „სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.“ კატარის თავდაცვის უწყება „მოქალაქეებსა და ვიზიტორებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.“ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე. „მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით,“ - განაცხადა პრესსპიკერმა. მისი ინფორმაციით, მათზე განახორციელეს 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა და ასევე თავდასხმა დრონებით, თავდასხმის სამიზნე კი რიგ შემთხვევაში გახდა სამოქალაქო და კომერციული ობიექტები. მისივე თქმით, კატარმა მიიღო დამატებითი ზომები და აქვს მჭიდრო კოორდინაცია როგორც აშშ-სთან, ისე გალფის სახელმწიფოებთან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის, ომანიდან და საუდის არაბეთიდან სპეციალური ავიარეისი ინიშნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის. “საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: 🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო) 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო) 04.03.2026, 19:00 (ადგილობრივი დროით) საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335 ტელეფონი: +971 2 553 36 83 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071 ტელეფონი: +974 44 739 499 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის,” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ისრაელის ცნობით, მოკლულია „ჰეზბოლას“ სადაზვერვო შტაბის მეთაური
ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედებების მიუხედავად, მთავარ სამიზნედ ირანი რჩება. „ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა,“ - განაცხადა ზამირიმ. ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების შედეგად, „ჰეზბოლას“ სადაზვერვო შტაბის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ის გუშინ ღამით, საჰაერო დარტყმის დროს დაიღუპა ბეირუთში. ჰეზბოლა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ისრაელმა ლიბანზე დარტყმების სერია დაიწყო ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვის საპასუხოდ. ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე ლიბანის მასშტაბით იყო სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწყობი ტირში (სური). გარდა ამისა, 2 მარტს ტელეარხმა Al Hadath-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა მოჰამედ რაადი, საპარლამენტო ფრაქცია „წინააღმდეგობის ერთგულების“ ხელმძღვანელი. გამოცემის თანამოსაუბრის ცნობით, რაადთან ერთად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის მთავრობამ, თავის მხრივ, გამოაცხადა დაჯგუფებისთვის „უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი საქმიანობის" ან „სამხედრო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ. „ჩვენ ვკრძალავთ ჰეზბოლას სამხედრო საქმიანობას, ვზღუდავთ მის როლს პოლიტიკური სფეროთი და მოვითხოვთ, რომ სამხედრო ინსტიტუტებმა დაიცვან ეს მოთხოვნები“, - მოჰყავს პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის სიტყვები „ალ-ჯაზირას“. მან ასევე მოითხოვა, რომ დაჯგუფებამ იარაღი ჩააბაროს. სალამმა დაადასტურა, რომ მთავრობა 2024 წელს ისრაელთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების ერთგულია. Associated Press-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 150 ადამიანი დაშავდა.
ერდოღანის თქმით, ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმებს საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევა" უწოდა. NATO-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი იზიარებს ირანელი ხალხის ტკივილს. ანკარაში რამადანის მარხვის ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გააძლიერებს კონტაქტებს ყველა დონეზე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და სიმშვიდე არ იქნება მიღწეული და რომ კონფლიქტის გაგრძელება რეგიონისა და მსოფლიოსთვის შეიცავს სერიოზულ საფრთხეს, რომლის მართვაც არავის შეუძლია. „არავის შეუძლია, გაუმკლავდეს იმ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ტვირთს, რომელსაც ასეთი პერიოდი გამოიწვევს. სწორედ ამიტომ უნდა ჩაქრეს ეს ხანძარი, ვიდრე ის კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანი: მწუხარებით შევიტყვე, რომ ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს თურქეთს ისტორიულად რთული ურთიერთობები ჰქონდა ირანთან, ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში სირიაში სამოქალაქო ომში საპირისპირო მხარეებს უჭერდა მხარს, მაგრამ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, სხვადასხვა სფეროში მეგობრულ კავშირებსა და ვაჭრობას ახერხებდა. ერდოღანმა ასევე მჭიდრო პირადი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
NATO ირანზე დარტყმებში არ ჩაერთვება: რუტეს თქმით, ცალკეულ მოკავშირეებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ აშშ-სა და ისრაელს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ NATO ირანის წინააღმდეგ დარტყმებში არ ჩაერთვება. „არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ NATO ამაში ჩაერთვება ან ამის ნაწილი გახდება, გარდა ცალკეული მოკავშირეებისა, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად აკეთებენ,“ - განაცხადა რუტემ. რუტემ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია შეაქო. „ნამდვილად მნიშვნელოვანია, რასაც აშშ აკეთებს ისრაელთან ერთად, რადგან ანადგურებს და ამცირებს ირანის უნარს, რომ ბირთვული ან ბალისტიკური შესაძლებლობები მოიპოვოს,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. რუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ მან ირანი და რეგიონული უსაფრთხოება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან განიხილა. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი მხრიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად,“ - განაცხადა რუტემ.
ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმამ, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ორი დრონით განხორციელდა, ხანძარი და შენობის მცირე მატერიალური დაზიანება გამოიწვია. საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის გაავრცელა შეტყობინება, რომ თავი შეიკავონ იმ ადგილების დატოვებისგან, სადაც იმყოფებიან და განაცხადა, რომ რეგიონში არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე არააუცილებელ გადაადგილებას შეზღუდავს. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში აფეთქებების ხმები ისმოდა. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ-ის საელჩოში, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მალე გახდება ცნობილი, თუ რა იქნება მისი საპასუხო ზომები.
აშშ-მ დიპლომატიური პერსონალის ნაწილს ახლო აღმოსავლეთის დატოვება მოსთხოვა
ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა. ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს. „გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, სადაც იმყოფებიან. 3 მარტს, აშშ-მ არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს და მათ ოჯახის წევრებს უბრძანა, დაეტოვებინათ კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ერაყი და იორდანია და ირანთან დაძაბულობის გამწვავების გამო, რეგიონში რამდენიმე დიპლომატიური მისია დახურა. საუდის არაბეთში აშშ-ის მისია 3 მარტს დრონით თავდასხმის შემდეგ დაიხურა, ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფ ამერიკელებს კი, თავშესაფარში ყოფნა ურჩიეს.
ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას დაარტყა
ისრაელელმა სამხედროებმა დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას შეუტიეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა პეიმან ჯებელიმ აღნიშნა, რომ ტელევიზიის შტაბ-ბინა აშშ-სა და ისრაელის სამიზნე გუშინ და ივნისში 12-დღიანი ომის დროსაც გახდა. ჯებელიმ განაცხადა, რომ „მიღებული ზომების გამო, მაუწყებლობა ჩვეულებრივად გრძელდება.“ ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ.
ისრაელმა ირანზე „შეტევის ახალი ტალღა“ დაიწყო, აშშ ყველაზე მძიმე დარტყმებს აანონსებს
ისრაელის სამხედრო ძალებმა თეირანსა და ბეირუთზე ახალი დარტყმები განახორციელეს, რასაც ისინი „სამხედრო სამიზნეებს“ უწოდებენ. ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. ასევე, ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ. მათი თქმით, საკომუნიკაციო ცენტრი გამოიყენებოდა „სამოქალაქო საქმიანობის საფარქვეშ სამხედრო საქმიანობის წინსვლისთვის“ და „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის.“ ისრაელი ასევე აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები „ლიბანში დამატებით სტრატეგიულ ტერიტორიებს დაიკავებენ, რათა ისრაელის სასაზღვრო თემებზე ცეცხლის გახსნა თავიდან აიცილონ.“ ისრაელმა ლიბანს დაარტყა „ჰეზბოლას“ დარტყმების საპასუხოდ, ხოლო თეირანმა განაგრძო სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდა, რამაც ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება. „ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შექმნის პირობებს „ირანელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბედის კონტროლი, შექმნან საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გათავისუფლდნენ ამ ტერორისტული მანქანის უღლისგან“. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აუცილებელია ქმედებები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა. „ახლავე უნდა გვემოქმედა, რადგან მას შემდეგ, რაც დავაზიანეთ მათი ბირთვული ობიექტები და მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათ დაიწყეს ახალი ობიექტების, მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ატომური ბომბის პროგრამას იმუნურს გახდიდა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახლავე არ იმოქმედებდნენ, მომავალში არანაირი ქმედება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება თეირანის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მედია აღნიშნავს, რომ ასევე, გუშინ ღამით აშშ-ისრაელის დარტყმების დროს IRIB-ის შტაბ-ბინა დაბომბეს. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.
აშშ და ისრაელი „უსასრულო ომს“ გამორიცხავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზნების მიღწევა „შესაძლებელია სახმელეთო ძალების გარეშე.“ რუბიოს თქმით, „ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის.“ „ამჟამად ჩვენ არ ვართ მზად სახმელეთო ძალებისთვის, მაგრამ ცხადია, პრეზიდენტს ეს ვარიანტები აქვს,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა: „ის არასდროს არაფერს გამორიცხავს.“ მისივე თქმით, ამჟამად, აშშ-ის ყურადღება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების, ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების, ასევე, მათი ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებაზეა ორიენტირებული. „მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის დეტალების გამხელას, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგი ფაზა ირანისთვის კიდევ უფრო სადამსჯელო იქნება, ვიდრე ახლაა,“ - განაცხადა რუბიომ. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს იარაღის საკმარისი მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის. „ჩვენ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს. შეერთებული შტატები მომარაგებულია და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს: „არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა.“ ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, „როგორც რეჟიმი აცხადებს“, არამედ, ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება. „ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში. ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა. ისრაელმა ირანზე „შეტევის ახალი ტალღა“ დაიწყო, აშშ ყველაზე მძიმე დარტყმებს აანონსებს
სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტი ქვეყანა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, „უსაფრთხოების სერიოზული რისკების“ გამო, კომერციული გზებით დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტი ქვეყანა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. რეკომენდაცია ვრცელდება ბაჰრეინში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში, იორდანიაში, ქუვეითში, ლიბანში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთში, სირიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და იემენში მყოფ მოქალაქეებზე.
დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე, რომელსაც ავსტრალიის ძალები იყენებს, დრონით შეტევა იყო
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა დაადასტურა, რომ დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა, რომელსაც ავსტრალია იყენებს, დრონით დაბომბეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. მინისტრის თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ავსტრალიელი არ დაშავებულა. „ალ- მინჰადის საჰაერო ბაზაზე დარტყმა განხორციელდა, მაგრამ იქ მყოფი ყველა ავსტრალიელი უსაფრთხოდ არის,“ - განუცხადა რიჩარდ მარლზმა ჟურნალისტებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ბაზას ბევრი დასავლური სამხედრო ძალა იყენებს და ის ავსტრალიის თავდაცვის ძალების ახლო აღმოსავლეთის შტაბ-ბინაა. მარლესის თქმით, ავსტრალიას ახლო აღმოსავლეთში 100 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომელთა უმეტესობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განლაგებული. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებას, რომლის მიზანია „ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში და ხელი შეუშალონ ირანის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას.“
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მუშაობენ ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის „უსაფრთხოების დამატებითი ფენის“ შექმნაზე. „ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, რათა აღმოფხვრას საფრთხეები და თავიდან აიცილოს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები,“ - აცხადებენ თავდაცვის ძალებში. ლიბანის ხელისუფლება წლებია, „ჰეზბოლას“ განიარაღებას ცდილობს. მან დაგმო ლიბანზე ისრაელის სარაკეტო დარტყმები. ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ომის პლატფორმად ლიბანის გამოყენება ქვეყანას საფრთხეს უქმნის. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.