ძებნის რეზულტატი:

ფაშინიანი საქართველოს ეწვევა

3-4 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. „სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი არიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

„წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 787-მდე გაიზარდა

ირანის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ შეფასებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ საჰაერო შეტევის დაწყების შემდეგ, ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 787-მდე გაიზარდა. ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ მონაცემებით, შაბათის შემდეგ 504 ლოკაციაზე 1 039 თავდასხმა დაფიქსირდა. დღეს ირანში სკოლის დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ქალაქ მინაბის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედანზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა, მათ ნაწილს ხელში დაღუპულების ფოტოები ეჭირათ და აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის ოფიციალური პირების თქმით, შაბათს დილით, ქალაქ მინაბის სკოლაზე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 168 მოსწავლე დაიღუპა. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის, 200 მშვიდობიანი მოქალაქე და ირანის ძალების 1 300 წევრია. ისრაელი აცხადებს, რომ თეირანში პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ახალი თავდასხმები განახორციელა. ისრაელში თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები „წინ წავლენ და ლიბანში დამატებით სტრატეგიულ ტერიტორიებს დაიკავებენ თავდასხმების შესაჩერებლად.“ 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანს დაარტყეს, რის შედეგადაც, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, რასაც ირანმა რეგიონში თავდასხმების ტალღით უპასუხა.  

ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ. Greekreporter-ი საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულს „პირდაპირი კავშირი ჰქონდა ირანში წყაროებთან სპეციალური, დაშიფრული აპლიკაციით. კაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.  კაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია. ეს ბაზა ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს სტრატეგიული ობიექტია და NATO-ს ყველაზე დიდი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში.  ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა. საზღვაო ბაზების შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში შარშან მაისშიც დააკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ორი პირი. იმავე პერიოდში საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეც, - გამოძიება ახლანდელი დაკავების ამ ინციდენტთან დაკავშირებასაც განიხილავს. მასზე მუდმივად იმყოფება 1000-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივებთან ერთად, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, ამერიკელები და არასამხედრო პერსონალი. ბაზა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ, ალიანსისა და შეერთებული შტატებისთვის. ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა შაბათს ირანზე დარტყმები განახორციელეს.  

IAEA ადასტურებს ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ზოგიერთი ნაგებობის დაზიანებას

ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების (28 თებერვლიდან) შედეგად დაზიანებულია ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის ზოგიერთი კონსტრუქცია.  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ახალი სატელიტური ფოტოების საფუძველზე დღეს, 3 მარტს დაადასტურა, რომ დაზიანებულია ობიექტზე შესასვლელი ნაგებობები. სააგენტოს ცნობით, რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის. ეს ქარხანა (FEP) ირანის იმ სამი ურანის გამდიდრების ობიექტიდან ერთ-ერთია, რომლებიც მოქმედებდა იმ დროს, როცა ისრაელმა და აშშ-მ გასული წლის ივნისში ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანეს.  „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ (IAEA) შეუძლია, დაადასტუროს ირანის მიწისქვეშა ნათანზის ქარხნის შესასვლელის ბოლოდროინდელი დაზიანება,“ - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ X-ზე განთავსებული პოსტით. Reuters-ი წერს, რომ IAEA-ს დასკვნა ემთხვევა აშშ-ის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის დასკვნას, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ კვირას ნათანზზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც IAEA-მ უპასუხა, რომ სამხედრო დარტყმები მასშტაბური არ ყოფილა.  

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი კვიპროსის ბაზაზე საჰაერო თავდაცვის ძალებს გაგზავნიან

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი კვიპროსზე საჰაერო თავდაცვის ძალების გაგზავნას გეგმავენ მას შემდეგ, რაც კუნძულზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე დრონები შეიჭრნენ. ამის შესახებ კვიპროსის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ასევე, საბერძნეთმა პირობა დადო, რომ ხმელთაშუა ზღვის ამ სახელმწიფოს დაიცავს. დიდი ბრიტანეთი კვიპროსზე სამხედრო გემსაც გზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა. მან თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც კვირას, კვიპროსზე მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. „ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა სტარმერმა. სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთი კვიპროსში დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების მქონე ვერტმფრენებსა და სამხედრო გემს, HMS Dragon-ს გაგზავნის. მაკრონის თქმით, საფრანგეთი დათანხმდა კვიპროსზე დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნას, მათ შორის, ფრანგული ფრეგატის  [სამხედრო ხომალდი] გაგზავნას, რომელიც კვიპროსის სანაპიროსთან განლაგდება. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოება,“ - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. კვიპროსს მოკრძალებული თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს, იქ საჰაერო ძალები საერთოდ არ არსებობს. აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ და თეირანის მიერ რეგიონში საპასუხო იერიშების ფონზე, კვიპროსზე, ბრიტანულ ბაზას ირანულმა დრონმა დაარტყა. ბაზა ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება, თუმცა ის კვიპროსელებით დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. კვიპროსის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანული წარმოების Shahed-ის დრონმა, რომელმაც RAF Akrotiri-ის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს მცირე ზიანი მიაყენა, რადარებს თავი დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო აარიდა და, სავარაუდოდ, ის ლიბანიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ გაისროლა. ორშაბათს, 3 მარტს, კვიპროსზე კიდევ ორი ​​დრონი „ჩაჭრეს.“ საბერძნეთმა მოგვიანებით, კუნძულზე F-16-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი გაგზავნა. კვიპროსისკენ ორი ფრეგატიც მიცურავდა, რომელთაგან ერთი აღჭურვილი იყო დრონების საწინააღმდეგო Centauros-ის ჩამკეტი სისტემით. სამშაბათს, საკითხთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაგზავნის თუ არა სამხედრო გემს ბაზის დასაცავად. Centauros-ს, რომელიც წარმატებით  გამოიყენეს იემენის სანაპიროსთან საზღვაო მარშრუტებზე თავდასხმის დროს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ, შეუძლია, დაბალ სიმაღეზე მფრინავი დრონები აღმოაჩინოს და მწყობრიდან გამოიყვანოს, მათ შორის ისეთი დრონები, რომლებიც რელიეფს ეხებიან ან ზღვის ზედაპირზე ცურავენ. „საბერძნეთი ადგილზეა და გააგრძელებს იქ ყოფნას, რათა ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს კვიპროსის რესპუბლიკის დაცვას,“ - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენიასმა 3 მარტს, ნიქოზიაში ვიზიტის დროს.  

საფრანგეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამანადგურებლებს განალაგებს

საფრანგეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავისი საზღვაო და საჰაერო ბაზების ირანის თავდასხმებისგან დასაცავად, Rafale-ის ტიპის გამანადგურებლები განალაგა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ კვირას, პირველ მარტს „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფრანგულ ბაზაზე მდებარე ანგარს დრონი დაეჯახა. საფრანგეთს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ასობით საზღვაო, საჰაერო და არმიის პერსონალი ჰყავს ბაზირებული. მისი Rafale-ის თვითმფრინავები აბუ დაბის მახლობლად, დაფრას ბაზაზეა განლაგებული. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შაბათის შემდეგ, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან, მათი ქვეყნის მიმართულებით 186 რაკეტა გაისროლეს. თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ აბდულ ნასერ მოჰამედ ალ-ჰუმაიდის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი რაკეტა ჩამოვარდა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ 172 რაკეტის მოგერიება შეძლო, 13 კი - ზღვაში ჩავარდა. მისივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ასევე აღმოაჩინა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით გაშვებული 812 ირანული დრონი, რომელთაგან 57 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 755 დრონი კი, საჰაერო თავდაცვამ მოიგერია. ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ რვა ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამი ადამიანი დაიღუპა. დაფიქსირდა მსუბუქად დაშავების 68 შემთხვევა და სამოქალაქო ობიექტების მცირე ან საშუალო სიმძიმის დაზიანება.  

მერცი თეთრ სახლში: თეირანის საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანში ომის სწრაფად დასრულების იმედოვნებს. „შაბათის თავდასხმების შემდეგ, გაზისა და ნავთობის ფასების ზრდა „რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას,“- განაცხადა მერცმა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრაზე განაცხადა. „თეირანის ამ სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ჩვენ ერთ აზრზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება,“ - განაცხადა მერცმა. მერცმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ-ისა და ისრაელის არმიები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ომი დასრულდეს.“ „ასევე, იმისთვის, რომ ადგილზე ნამდვილი ახალი მთავრობა შეიქმნას, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ტრამპმა იწინასწარმეტყველა, რომ ომის შემდეგ ნავთობის ფასები დაეცემა.  შეკითხვას - ვინმე თუ წარმოუდგენია ვაშინგტონს, ვინც ირანს გაუძღვებოდა, ტრამპმა განაცხადა "ყველა, ვინც წარმომედგინა, მკვდარია": "ვფიქრობდით ზოგიერთზე იმ ჯგუფიდან, რომელიც მკვდარია. ვფიქრობდით მეორე ჯგუფზე და, არსებული ცნობებით, შეიძლება, ისინიც მკვდრები იყვნენ. ვფიქრობ, მესამე ნაკადი შემოდის. საკმაოდ მალე ჩვენთვის ნაცნობი იქ აღარავინ იქნება." კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე - განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვარიანტად რეზა ფეჰლავი - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: "ზოგიერთს ის მოსწონს. ამაზე ძალიან ბევრს არ ვფიქრობთ. ჩემი წარმოდგენით, ვიღაც შიგნიდან შეიძლება უფრო შესაბამისი იყოს. მე ეს ვთქვი. ის [ფეჰლავი - რ.თ.] ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, [ეს უნდა იყოს] ვიღაც, ვინც იქ არის, რომელიც ახლა პოპულარულია, თუკი ასეთი პირი არის... არიან ასეთები. გვყავს ასეთები, რომლებიც უფრო ზომიერები არიან. ესენი რადიკალი გიჟები იყვნენ. მხოლოდ ხალხს ხოცავდნენ." ოვალურ კაბინეტში მერცთან ერთად გამოსვლისას ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანია „ეხმარებოდა“ აშშ-ის ძალებს გარკვეულ ბაზებზე წვდომის უფლების მიცემით. მან შეადარა ორი სხვა ევროპული ქვეყნის: ბრიტანეთისა და ესპანეთის ქმედებები. მერცს არ გაუკრიტიკებია აშშ-ის საჰაერო დარტყმები, მაგრამ მან თავი შეიკავა ოპერაციის მხარდაჭერისგან, რომელიც ტრამპის კრიტიკოსების თქმით, ჩატარდა საკმარისი ახსნა-განმარტების და საერთაშორისო სამართალში საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს გერმანიასთან და კერძოდ, მერცთან, რომელსაც „შესანიშნავი ლიდერი“ უწოდა.  

ტრამპი: საჭიროების შემთხვევაში, აშშ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატების საზღვაო ძალები რაც შეიძლება მალე დაიწყებენ ტანკერების ესკორტირებას ჰორმუზის სრუტეში.  აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) პოლიტიკური რისკების დაზღვევა და სპარსეთის ყურეში ყველა საზღვაო მარშრუტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა დაავალა. „ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უძლიერესია - წინ შემდგომი ნაბიჯებია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. „ნებისმიერ შემთხვევაში, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს ენერგიის თავისუფალ ნაკადს მსოფლიოში,“ - ამბობს დონალდ ტრამპი. აშშ-ისრაელის ომმა ირანთან, თითქმის მთლიანად შეაჩერა საზღვაო გასასვლელით გადაადგილება, რომელიც სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის გადის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია გლობალური ნავთობისა და გაზის მომარაგებისთვის, რომლის მეშვეობითაც, დღეში თითქმის 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდება.   

ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს

როგორი იქნება ვენესუელასა და ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების პოტენციური გავლენა ჩინეთის ნავთობმომარაგებაზე - პეკინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ენერგეტიკული უსაფრთხოება „დიდი მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის და ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს სტაბილური და შეუფერხებელი ენერგომომარაგება,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევის მიზნით. „შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო დარტყმები, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ომის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებით. ჩინეთი მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ასევე სრულად უნდა იყოს დაცული. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აიცილონ ომის შემდგომი გავრცელება,“ – განაცხადა ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა. პეკინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისა და ირანელ კოლეგას სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის დროს, ხამენეის მკვლელობა დაგმო, მაგრამ ასევე მოუწოდა თეირანს, „სერიოზულად მოეკიდოს მეზობელი ქვეყნების ლეგიტიმურ შეშფოთებას.“  ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სპიკერმა გამოთქვა ჩინეთის „დიდი შეშფოთება“ და კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით.“ მანვე აღნიშნა, რომ პეკინი „პატივს სცემს“ ირანის უფლებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაზე. ჩინეთი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. პეკინი კატარის LNG-ის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთში ნავთობის გადასაზიდად სუპერტანკერის დაქირავების ღირებულება გასული კვირის ფასთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 400 000 აშშ დოლარზე მეტს (298 300 ფუნტი სტერლინგი) მიაღწია. მხოლოდ ჩინეთი, სავარაუდოდ, ირანის მიერ გლობალურ ბაზარზე ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს. რადგან ჩინეთი ამ ნავთობს იყენებს პროდუქციის წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ, სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გააქვს, ნავთობის უფრო მაღალმა ფასებმა შეიძლება, ასევე გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები მომხმარებლებისთვის, მთელ მსოფლიოში. სრუტის ბლოკირებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს საქონლისა და მომსახურების ფასები მთელ მსოფლიოში და დააზარალოს მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი ეკონომიკა, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, რომლებიც ამ მარშრუტზე გამავალი ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები არიან.  

ტრამპი: ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ - რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ვისთანაც საქმე გვაქვს, უინსტონ ჩერჩილი არ არის

ესპანეთთან ვაჭრობას ვწყვეტთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა. „ესპანეთმა გვითხრა, რომ მათ ბაზებს ვერ გამოვიყენებდით. ეს არაფერია, არც გვჭირდება. ეს რომ გვსურდეს, მაშინ მათ გამოვიყენებდით. ვერავინ გვეტყვის, რომ ვერ გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ-ის ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს ესპანეთთან „ყველა სახის ვაჭრობის შეწყვეტა დაავალა.“ „ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ. არ გვსურს, რომ ესპანეთთან რაიმე სახის საქმე გვქონდეს,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ტრამპი დიდი ბრიტანეთითაც უკმაყოფილოა. მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ს „საქმე უინსტონ ჩერჩილთან არ აქვს.“ „სამი თუ ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასაგებად, თუ სად შევძლებდით დაფრენას. ეს უინსტონ ჩერჩილი არ არის, ვისთანაც საქმე გვაქვს,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

The Guardian: ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს. როგორც გამოცემა წერს, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ არჩევანს წარმოადგენს. მანამდე, ირანულმა გამოცემა Iran International-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეამ მოჯტაბა უზენაეს ლიდერად უკვე აირჩია, თუმცა ირანის სახელმწიფო მედიას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ ჩატარდეს. ახალ უზენაეს ლიდერს ირანის ექსპერტთა ასამბლეა ექვსი პოტენციური კანდიდატიდან ირჩევს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის სამიზნე იქნება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება. ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი სახელი ან სად იმალება.  

სირია ლიბანთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ხურავს

სირია ლიბანთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ხურავს. სირიის სახმელეთო და საზღვაო პორტების სამსახურმა განაცხადა, რომ ლიბანთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ხურავს მას შემდეგ, რაც მიიღო გაფრთხილება, რომ გამშვები პუნქტები შესაძლოა, ისრაელის სამიზნედ იქცეს. ამასთან, ცნობილია, რომ გამშვებ პუნქტებზე შესვლა შესაძლებელი იქნება, რადგან სირიელები ლიბანს ტოვებენ.  

კატარში აცხადებენ, რომ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას ირანული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.  

NATO-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული რაკეტა გაანადგურეს - ანკარა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. „ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და შესაძლებლობები უმაღლეს დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მას შეუძლია ,უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად გადადგმული ყველა ნაბიჯი გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე გადაიდგმება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ დამოკიდებულებას," - ნათქვამია თურქეთს თავდაცვის უწყების განცხადებაში. NATO-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო. ამის შესახებ განცხადება NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტიმ გააკეთა. „NATO მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით, მათ შორის, თურქეთის გვერდით, მაშინ როდესაც ირანი აგრძელებს განურჩეველ თავდასხმებს რეგიონში. ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ყველა სფეროში ძლიერია, მათ შორის, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კუთხით,“ - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა. მედიის ცნობით, თურქეთში ირანის ელჩი, მოჰამედ ჰასან ჰაბიბოლაზადე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და პროტესტის ნოტა გადასცეს, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით.  

შრი-ლანკასთან, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული სამხედრო გემი ჩაძირა - ჰეგსეთი

შრი-ლანკის სანაპიროსთან, ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ აზიის ქვეყანასა და ირანს შორის მანძილი დაახლოებით 4000 კილომეტრია.  შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრეგატ IRIS Dena-ზე თავდასხმის შედეგად, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის პორტიდან ირანში ბრუნდებოდა, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.  Reuters-ის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა. მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს. „ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც ფიქრობდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო,“ - განაცხადა ომის დეპატრტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში. ფრეგატი წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლით ჩაიძირა. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ფლოტის დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამთ. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე 180 პირი იმყოფებოდა. ფრეგატი ბენგალის ყურეში 18-25 თებერვალს გამართულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობდა.  „ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა,“ - განაცხადა ჰეგსეტმა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 3 მარტს განაცხადა, რომ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან ირანს გაუნადგურეს 17 გემი, მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა ნავი.  

შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება

წყარო - BBC წლების განმავლობაში, ჰორმუზის სრუტის დახურვის მუდმივმა საფრთხემ, სპარსეთის ყურის რეგიონში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, ალტერნატიული ექსპორტის მარშრუტების შემუშავებისკენ უბიძგა. გარემოსდაცვითი უწყების მონაცემებით, საუდის არაბეთი 1200 კმ სიგრძის მილსადენს მართავს, რომელსაც დღეში 5 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. წარსულში მან ასევე დროებით გადააკეთა ბუნებრივი აირის მილსადენი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თავისი შიდა ნავთობის საბადოები, ომანის ყურეში მდებარე ფუჯაირას პორტს, სულ მცირე 1.5 მილიონი ბარელის დღიური გამტარუნარიანობის მილსადენის მეშვეობით დაუკავშირა. ნავთობ გადამისამართება ალტერნატიული ინფრასტრუქტურის გავლით არის შესაძლებელი, რათა ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლა მოხერხდეს, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, მიწოდება დღეში 8–10 მილიონი ბარელით შემცირდება. ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს ცნობისთვის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ნებისმიერ გემს, რომელიც მის გავლას შეეცდება, რაკეტებით ან დრონებით დაზიანება ემუქრება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას დაიწყებს.  

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „მხარეებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.“ „ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტრესზე და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება, იყოს წამყვანი, ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსართხოების გამოწვევებს, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო „შუა დერეფნის“ განვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც იგი წარიმართა, მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს,“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად,  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.  

„ისტორიული შესაძლებლობაა, დავძლიოთ პრობლემები“ - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში ქვეყნების "გარშემო შექმნილი რთული ვითარების" ფონზე. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვამ რომ "საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყიბად.“ თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად, არსებობს ისტორიული შესაძლებლობა. მინდა, ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება TRIPP-ის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში. 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).   ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ   სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში  ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება,“ -  განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“ - ირაკლი კობახიძე უფრო ადრე, „პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში,“ - იუწყება ქართული მხარე. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო-სომხეთს შორის არის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და, ამ თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია. „სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო  პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „რაც შეეხება ტურიზმსა და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის მიმართულებით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში, ესტუმრონ სომხეთს და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. „არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ ირანში სკოლაზე დარტყმების შემთხვევას იძიებს

ირანში სკოლაზე დარტყმის შემთხვევას ვიძიებთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ „სამოქალაქო ობიექტებს არასდროს ურტყამს.“ „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმების შედეგად, სულ მცირე 168 ადამიანი დაიღუპა.  

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, წვლილის შეტანა შეუძლია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს,“ - წერს ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ და შესაბამისი ჯგუფები ამ ძალისხმევის კოორდინაციას უკვე ახდენენ. „ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მანვე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები პრაქტიკულად შეჩერებულია. „უკრაინა კონსულტაციებს მართავს ევროპასა და შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან, ასევე ირანის მეზობელ ქვეყნებთან. გუშინ ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის ლიდერებს. დღეს კი, მოლაპარაკებები მქონდა იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან და დიდი შვიდეულის ჯგუფთან კოორდინაციის მნიშვნელობას, „ირანის რეჟიმის ტერორისტული შესაძლებლობების აღმოსაფხვრელად და გლობალური სტაბილურობის დასაცავად.“