ძებნის რეზულტატი:
ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა - ბაქო
5 მარტს, ირანმა ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა. Report-ის ადგილობრივი ბიუროს ცნობით, ირანში წარმოებული დრონი აეროპორტის შენობას შეეჯახა. „აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს მისი ტერიტორიის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის, თუმცა ბაქომ მაინც განიცადა თავდასხმა ირანის მხრიდან,“ - წერს Report-ი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირანის დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმები ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე დრონი სოფელ შაქარაბადში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ ამ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააზიანა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ მოვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოგვაწოდოს ნათელი ახსნა-განმარტება საქმესთან დაკავშირებით, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. „ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მოჯტაბა დემირჩილოუ გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ირანულ მხარეს გადაეცემა მკაცრი პროტესტი და წარედგინება შესაბამისი საპროტესტო ნოტა,“ - განმარტა სამინისტრომ.
ირანი თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით შეტევას უარყოფს
ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. „ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. NATO-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული რაკეტა გაანადგურეს - ანკარა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ასევე უარყო ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმა. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ამ ინფორმაციის წყარო და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ირანის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს. „ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ, სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ,“ - განაცხადა ქაზემ ღარიბაბადიმ. ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები.
სენატმა ირანთან ომის გაგრძელების დაბლოკვის რეზოლუცია ჩააგდო
აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აეკრძალებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 47-მა სენატორმა, 53 იყო წინააღმდეგი, რაც რეზოლუციის ჩავარდნის მიზეზად გახდა. მედიის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაშიც რეზოლუციას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ სენატი და წარმომადგენელთა პალატა ამ ზომას დაამტკიცებდნენ, აშშ-ის პრეზიდენტს ვეტოს დადება შეეძლო. ვეტოს გადასალახად კი კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.
ირანი აცხადებს, რომ სეპარატისტულ ჯგუფებს დაარტყეს, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან ქვეყანაში შესვლას აპირებდნენ
ირანის დაზვერვამ განაცხადა, რომ ქვეყანამ „სეპარატისტული ჯგუფების“ პოსტებს დაარტყა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან შესვლას აპირებდნენ და რომ მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთი გასამხედროებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს აწარმოებენ იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაესხან თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვრისპირა ოპერაცია დაიწყო, თუმცა ირანმა ეს უარყო. ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ძალები „კეთილშობილ ქურთებთან“ თანამშრომლობენ, რათა ჩაშალონ ისრაელ-ამერიკის გეგმა, რომლის მიზანიც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმაა.
რუტე ირანზე: ტრამპის მისიას მოკავშირეთა ფართო მხარდაჭერა აქვს
NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის სამიზნეც ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებია. „NATO არ არის ჩართული. თუმცა ცხადია, მოკავშირეები, ძირითადად, მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და ასევე ხელს უწყობენ იმას, რასაც აშშ აკეთებს ახლა რეგიონში, ირანის ამ ბირთვული შესაძლებლობების და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას,“ - აღნიშნა რუტემ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს ძალები მზად არიან, დაიცვან ალიანსის ტერიტორია. „ამჟამად, NATO-ს შემადგენლობაში ჩვენი საქმიანობა იმის უზრუნველყოფაა, რომ 360-გრადუსიანი გზით დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი,“ - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. რუტემ ასევე განაცხადა, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და რომ ისრაელისა და აშშ-ის ზეწოლა ირანის შესაძლებლობებს შეასუსტებს. „ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას, ამ დამანგრეველი იარაღის, ამ დრონების გამოყენებით. ის ფაქტი, რომ ირანი ახლა ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან სრულმასშტაბიან ზეწოლას განიცდის, ასევე შეამცირებს მის შესაძლებლობას, ქაოსის რუსეთში და შესაბამისად, უკრაინაშიც, ექსპორტირება მოახდინოს,“ - აღნიშნა რუტემ. ამასთან, რუტემ Reuters-ს განუცხადა, რომ NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ თურქეთისკენ მიმავალი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება არ წარმოადგენს ალიანსის მე-5 მუხლის ურთიერთდაცვის პუნქტის ამოქმედების დაუყოვნებლივ საფუძველს. „არავინ საუბრობს მე-5 მუხლზე,“ - აღნიშნა რუტემ. NATO ირანზე დარტყმებში არ ჩაერთვება: რუტეს თქმით, ცალკეულ მოკავშირეებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ აშშ-სა და ისრაელს
იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის დახმარებას გაუგზავნის
იტალია ირანის საჰაერო თავდასხმების საფრთხის წინაშე მყოფი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, საჰაერო თავდაცვის დახმარების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა. „დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარების გაგზავნას სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, კერძოდ, თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში. ეს ხდება არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული იქ, ხალხი, რომელიც გვინდა და უნდა დავიცვათ,“ – განუცხადა მელონიმ რადიოსადგურ RTL 102.5-ს.
ჩინეთმა 1991 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი სამიზნე მაჩვენებელი განსაზღვრა - BBC
ჩინეთმა თავისი წლიური ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა 4.5%-დან 5%-მდე დიაპაზონამდე, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი გაფართოების მიზანია, რადგან ქვეყანა ერთდროულად შიდა და საგარეო გამოწვევებს ებრძვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზრდის მიზანი შემცირდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს ის „დაახლოებით 5%-მდე“ შეამცირეს. 2020 წელს კი, ეკონომიკური ზრდის სამიზნე საერთოდ არ დაუსახავთ პანდემიის გამო. დეტალები ჩინეთის ყველაზე დიდი პოლიტიკური შეკრების დროს გამოქვეყნდა, რომელსაც „ორი სესია“ (Two Sessions) ეწოდება. ამასთან ერთად გასაჯაროვდა გარკვეული დეტალებიც მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მე-15 ხუთწლიანი გეგმის შესახებ. პეკინი ცდილობს ეკონომიკის გარდაქმნას, რადგან მას რამდენიმე პრობლემა აქვს: სუსტი შიდა მოხმარება მოსახლეობის შემცირება უძრავი ქონების მიმდინარე კრიზისი გლობალური სავაჭრო დაძაბულობა ენერგეტიკული დეფიციტი, რომელიც ირანის ომთან არის დაკავშირებული. ჩინეთის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა BBC-ს განუცხადა, რომ უფრო დაბალი სამიზნე ჩინეთს აძლევს „მეტ სივრცეს ეკონომიკის სამართავად“, ისე, რომ არ იყოს იძულებული, მხოლოდ ზუსტი მიზნის შესასრულებლად უზარმაზარი ფინანსური ვალდებულებები აიღოს.
ახლო აღმოსავლეთში იერიშები გრძელდება, კონფლიქტი მეექვსე დღეა, გრძელდება
წყარო BBC აშშ-ისრაელის ომი ირანთან მეექვსე დღეა, გრძელდება და ახლო აღმოსავლეთში დარტყმები გრძელდება. სხვადასხვა ქალაქიდან გადაღებული ფოტოები ზარალის მასშტაბებს აჩვენებს. ცენტრალური ისრაელის მოსახლეობა ირანული რაკეტის მიერ მიყენებული ზიანის შედეგებს აფასებს. დოჰაში, შენობები კვამლის ღრუბელშია. ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, გობეირის უბანში შენობები დაინგრა. ირანის დედაქალაქ თეირანში ავიადარტყმების შედეგად საცხოვრებელი შენობა განადგურდა.
აბას არაღჩი ირანულ ხომალდზე თავდასხმაზე: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს
აშშ-მ ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან 2 000 მილის დაშორებით, სიმხეცე ჩაიდინა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარს, ფრეგატ „დენას“, რომელსაც 30-მდე მეზღვაური გადაჰყავდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაარტყეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს,“ - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ გემზე შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაიღუპა.
დიდი ბრიტანეთი კატარში ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის
დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატარში დამატებით Typhoon-ის ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერებაა. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. სტარმერის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა ავიაგამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ იანვარსა და თებერვალში განალაგა.
ორბანი: უკრაინელებს ვაიძულებთ, რომ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ
უკრაინელებს ვაიძულებთ, რომ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ. შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას.“ „არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, - განაცხადა ორბანმა. ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით,“ აღნიშნა ალიევმა. მისი თქმით, „ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო.“ აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ,“ - აღნიშნა ალიევმა. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების ინტერესი არ აქვს. „ჩვენ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების არც ინტერესი გვაქვს და არც ჩვენი პოლიტიკა იძლევა ამის საშუალებას,“ - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ. „ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს,“ - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანი იცავს და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. „ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს,“ - განაცხადა ალიევმა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური მონიტორინგის სისტემებმა დაადასტურეს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი თავდასხმის მიზნით, აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონისკენ იყო მიმართული. „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და ირანის შესაბამისი უწყებები დასჯიან პასუხისმგებელ პირებს," - ნათქვამია განცხადებაში. ირანი აზერბაიჯანის მიმართულებით შეტევას უარყოფს.
აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის
აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ.“ საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც.
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალი ლიდერის არჩევაში პირადად უნდა იყოს ჩართული
ირანის ახალი ლიდერის არჩევის პროცესში პირდაპირ უნდა ვიყო ჩართული. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება. „ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს,“ - აცხადებს ტრამპი. მისი თქმით, ირანის ისეთ ახალ ლიდერს არ მიიღებს, ვინც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც „ხუთ წელიწადში“ აშშ-ს იძულებულს გახდის, რომ ომს დაუბრუნდეს. „დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირაკლი კობახიძემ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით შეტევის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან. "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე," - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, აშშ-მ უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში „შაჰედების“ წინააღმდეგ დასახმარებლად კიევმა აშშ-სგან თხოვნა მიიღო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ კონკრეტული დახმარების აღმოსაჩენად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „შაჰედებისგან“ დაცვის საკითხში,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება გასცა. „უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენი ხალხის დაცვას უზრუნველყოფენ,“ - აცხადებს ზელენსკი. უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის უკრაინა წლების განმავლობაში რუსული წარმოების Shahed-ის დრონების - ირანული დიზაინის ცალმხრივი უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე იყო.
ზელენსკის თქმით, თუ „ერთი ადამიანი“ ევროკავშირის დახმარებას დაბლოკავს, მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემენ
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას დაბლოკავს, მაშინ ვიქტორ ორბანის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს. „ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს არ დაბლოკავს და უკრაინელ სამხედროებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემ. დაე, მას დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ამ პირის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა როგორც ჩანს, ეს კომენტარები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ეხება. ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს“. „არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს,“ - აღნიშნა ორბანმა. ორბანი: უკრაინელებს ვაიძულებთ, რომ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა ემუქრებოდეს. ოლოფ გილი აღნიშნავს, რომ ასეთი რიტორიკა არცერთი მხრიდან არაა სასარგებლო და არც საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.
აზერბაიჯანი ირანიდან დიპლომატიურ პერსონალს გაიყვანს
აზერბაიჯანი ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე საელჩოს და ქალაქ თავრიზში მდებარე გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციას განახორციელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მითითებით მიიღეს. „გუშინდელი დრონით თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასცა ყველა შესაბამისი ინსტრუქცია და გადადგა დიპლომატიური ნაბიჯები. ამავდროულად, აზერბაიჯანის უსაფრთხოების ზომები ყოველთვის უმაღლეს დონეზეა შენარჩუნებული. როდესაც სამხედრო ოპერაციები ახლო მანძილზე მიმდინარეობს და რისკები იზრდება, შესაბამისად, იზრდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინსტრუქციებიც გაიცა,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ირანულმა მხარემ დრონებით მომხდარი თავდასხმის გამოძიების პირობა დადო და აზერბაიჯანი გამოძიების შედეგებს დაელოდება. „დაველოდებით გამოძიების შედეგებს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა
ფაშინიანი: არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ამოცანა არასდროს დაუსახავს და ერევნის მიდგომაა, იხელმძღვანელოს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სომხეთი არც მომავალში დაისახავს მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ან რუსეთის ინტერესების დაზიანებას. „სომხეთის მიდგომა ყოველთვის არის შემდეგი: იხელმძღვანელოს ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებით,“ - განაცხადა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეუერთდება სომხეთი ევროკავშირს, თუ დღის წესრიგში რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დგას. ჟურნალისტის სიტყვებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი მიდის დასავლეთისკენ, სომხეთის პრემიერი ასე გამოეხმაურა: „მე არ მახსოვს, ოდესმე განმეცხადებინოს, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. ჩვეულებრივ, მე ვამბობ, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ...დიახ, სომხეთმა მიიღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, და მე ამ საკითხზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონტექსტშიც გამომითქვამს აზრი: ჩვენ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ გზის იმ წერტილში არ ვართ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას კეტავდეს. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას ბლოკავდეს, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ ვიმოძრაოთ, რომ თვალთახედვის პრობლემა არ გვქონდეს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
NATO-მ სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
NATO-მ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად კევინ ჰამილტონი დანიშნა. ჰამილტონი პასუხისმგებელი იქნება ალიანსის პოლიტიკის გატარებაზე ამ ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. ის ასევე არის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პარტნიორობის, ასევე, პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. ალიანსის ცნობით, ჰამილტონი კანადის საგარეო საქმეთა სამსახურის კარიერული დიპლომატია, 2023 წლიდან 2026 წლამდე ის თურქეთში კანადის ელჩად მუშაობდა, ამავე დროს, აკრედიტებული იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში. მანამდე, რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში ელჩად მუშაობდა (2016–2020). 2020 წლიდან 2023 წლამდე, კანადის გლობალურ საქმეთა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა, პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობებზე, NATO-სა და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობაზე, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ასევე, შეიარაღების კონტროლზე. 2013 წლიდან 2016 წლამდე, ჰამილტონი აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი იყო - მისი პასუხისმგებლობის არეალი მოიცავდა კანადის პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს 19 ევროპულ და ევრაზიულ ქვეყანასთან, დასავლეთ ბალკანეთიდან ცენტრალურ აზიამდე. კევინ ჰამილტონი 2010 წლიდან 2013 წლამდე ლიეტუვაში კანადის საელჩოს მისიას ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, ესტონეთსა და ლატვიაში გახლდათ აკრედიტებული. მისი ადრინდელი თანამდებობები მოიცავდა პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას კანადის უმაღლეს კომისარიატში, გაერთიანებულ სამეფოში; იყო კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დამყარების ჯგუფის დირექტორის მოადგილე და პოლიტიკის დაგეგმვის საკითებში შტაბის დირექტორის მოადგილე. ასევე მუშაობდა კანადის საელჩოებში, თელ-ავივსა და სარაევოში. ჰამილტონის წინამორბედი ხავიერ კოლომინა 2024 წლის ივლისში დაინიშნა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. კოლომინა 2021-2024 წლებში მუშაობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ელჩმა ჰამილტონმა მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში Norman Paterson-ის სკოლიდან Carleton-ის უნივერსიტეტში (ოტავა) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (ვანკუვერი).