ძებნის რეზულტატი:

არასამთავრობოები: ნამახვანჰესის პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელება, ან ძალისმიერი შეწყვეტა, გამოუსწორებელ ზიანს მოიტანს

"ნამახვანჰესი პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას 32 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და ინვესტორებს, ასევე, პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად. განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები იზიარებენ პროტესტის მონაწილეების მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები და თვლიან, რომ მოვლენათა მიმდინარეობა ნამახვანჰესის პროტესტის გარშემო ზიანის აცილების იმედს არ იძლევა . "ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით. შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება." - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს მოუწოდებენ ყველა ღონე იხმარონ სიტუაციის განსამუხტად და დაიწყოს დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს კი თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით საგნობრივ დიალოგში ჩართვაზე. არასამთავრობო სექტორი ვითარების განსამუხტად შემდეგ ნაბიჯებს სთავაზობს ხელისუფლებას და საზოგადოებას. უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები.მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარეების მიმართ.განხილვის პერიოდში გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. ხოლო ჩართული მხარეები მოერიდონ დისკუსიის პროცესში საკითხების პოლიტიზირებას და ამით მათი არსებითი განხილვის ხელშეშლას", - აღნიშნულია არასამთავრობორ ორგანიზაციების განცხადებაში. რამდენიმე თვეა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგების საპროტსტო აქციები იმართება. მიუხედავად პროტესტისა, კომპანიამ ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების გაგრძელება გადაწყვიტა. "რიონის ხეობის მცველები" ადგილზე პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. პოლიციამ ჰესის მშენებლობის არეალში გადაადგილება შეზღუდა, რის გამოც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ყოველდღიურად არაერთი დაპირისპირება ხდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება NATO-სა და ევროკავშირის მოსაცდელში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება NATO-სა და ევროკავშირის მოსაცდელში, ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებიდან საკითხის გადაწყვეტაზე უნდა გადავიდნენ. ამის შესახე მან Le Figaros-თან საუბრისას განაცხადა. როგორც უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკის თქმით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპელი ლიდერები უკრაინას ევროპული ოჯახის წევრად თვლიან, მაშინ ისინი შესაბამისად უნდა მოიქცნენ. „დადგა ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლისა და ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის მიწვევის დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ემანუელ მაკრონს „უფრო კარგი ურთიერთობა“ აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ვიდრე მასთან.

ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკელი კერძო ინვესტორების ჯგუფს „TECH Friends of Georgia“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, გახსნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და მინესოტას სენატორმა (2003-2009) ნორმ ქოლმანმა. აღსანიშნავია, რომ სენატორი ქოლმანი, რომელიც საქართველის მეგობარი და მხარდამჭერია, მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ კერძო კომპანიებთან და ხელს უწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას აშშ-ში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც „TECH Friends of Georgia“ განახორციელებს 500 000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, გადასცა სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ის მოკითხვა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების იმედი გამოთქვა.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის გამო, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია

ავლაბარში თავდასხმა მოხდა ,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სამართალდამცველების ინფორმაციით, მეტროსადგური „ავლაბარი“ ამ დროისთვის დაკეტილია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად, დაახლოებით 11:20 საათისთვის გადაიკეტა მეტროსადგური „ავლაბარი“. მოხდა იქ მყოფი მგზავრთა ნაკადის ამოყვანა და სადგურის ჩაკეტვა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა მატარებელი არ ჩერდება სადგურ ავლაბარში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. Europetime ცდილობს დამატებითი ინფორმაციების დაზუსტებას.

19 აპრილიდან "გირჩი" პარლამენტში შედის

პოლიტიკური პარტია "გირჩი" 19 აპრილიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმებაც რომ ვერ შედგეს, "გირჩი" პარლამენტში მაინც შევა. 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურმა მოძრაობა "გირჩმა" 4 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. აქედან ერთ-ერთი მანდატი ეკუთვნოდა პარტიის ყოფილ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც პარტია უკვე დატოვა. ადგილმონაცვლეობის პრინიციპით, სვარაუდოდ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას "გირჩის" სხვა წევრით ჩაანაცვლებენ.რაზეც პარტიამ იანვარში განაცხადა. "გირჩის" გარდა, ამ დროისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულია ორი ოპოზიციური პარტია, "ევროპელი სოციალისტების" ოთხი დეპუტატი და "მოქალაქეების" ორი დეპუტატი. უმრავლესობას მოპოვებული ჰქონდა 90 მანდანტი, თუმცა 15 აპრილს, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მომხრე, "ქართული ოცნების" ექვსმა დეპუტატმა, უმრავლესობა დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. ამ მომენტისთის ხელისუფლება პარლამენტში 84 მანდატს ინარჩუნებს. 19 აპრილიდან უკი ოპოზიციაში, გახარიას მომხრეებთან ერთად ჯამში 16 დეპუტატი იქნება. დღემდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს 48 ოპოზიციონერი დეპუტატი

ვაჟა სირაძე: ავლაბარში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ავლაბარში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა. როგორც ვაჟა სირაძემ განმარტა, ექსპრეს ფილიალზე თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა, თუმცა ყველანი ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან. საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დეტალური კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. "თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. სამართალდამცველების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხმელი დაკავდა და მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანებები არავის არ მიუღია. ყველა გათავისუფლებული მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილია პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები",- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპატრიარქო: ნამახვანჰესისა და დავით გარეჯის საკითხის ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „ნამახვანჰესთან“ მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავით გარეჯის თემაც. ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში Sinopharm-ის ვაქცინის დანერგვას. Sinopharm-ის ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგური “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეს ბრალდება წარუდგინა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია განცხადებაში. შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 26 427 ადამიანი აიცრა

16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში, 26 427 ადამიანი აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდება

დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. "აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსაგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) - დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა - არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III - I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია. უკუმიმართულებით ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: მეტროსადგური „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია – დავით სარაჯიშვილის გამზირი - თენგიზ შეშელიძის ქუჩა – ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი – მირიან მეფის ქუჩა – დიდი დიღმის III - I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (არჩილ მეფის ქუჩა – დ. თავდადებულის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია). ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედის” მიმართულებითაც. ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი ოთხი ავტობუსი მოემსახურება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თამარ გაბუნია: Sinopharm-თან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს შეზღუდვას ასაკთან მიმართებაში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Sinopharm-თან დაკავშირებული სარგებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები მოსახლეობამ ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს, ამიტომ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაეთმობა ინფორმაციის გავრცელებას მომდევნო კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ უკვე მოგვმართავენ გარკვეული მოქალაქეები მოთხოვნით, რომ ისინი Sinopharm-ით დაინტერესებულები არიან. ეს არიან მოქალაქეები, რომელთაც აქვთ გამოცდილება იმ ქვეყნების, სადაც Sinopharm-ის ვაქცინაცია უკვე რამდენიმე ხანია წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, Sinopharm-თან დაკავშირებით დეტალური რეკომენდაციები არ მოიცავს შეზღუდვას ასაკთან დაკავშირებით მიმართებაში. "უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ Sinopharm-ის ეფექტიანობაზე მონაცემები უფრო მდიდარია შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ასაკის ზემოთ Sinopharm-ის მონაცემები შედარებით ნაკლებია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 16 აპრილის საღამოდან იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 16 აპრილის საღამოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და [აცრის მსურველები] მიიღებენ შეტყობინებას SMS-ის საშუალებით. Pfizer-ის მეორე აცრისთვის დოზები გადანახულია, ამდენად ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”, – განაცხადა გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, მეორე დოზის მიღება მხოლოდ იმ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, სადაც კონკრეტული ადამიანი პირველი დოზით აიცრა. რაც შეეხება Astrazeneca-ს, გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებული პირველი აცრიდან არ გასულა იმდენი დრო, რომ პირველი დოზით აცრილებისთვის მეორე დოზის გაკეთებაც ყოფილიყო შესაძლებელი. “15 მაისია ის პერიოდი, თუ 8 კვირიან პერიოდშე შევთანხმდებით, როდესაც შეიძლება დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს”, – განაცხადა გაბუნიამ.

არჩილ თალაკვაძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახმელეთო-სატრანზიტო გადაზიდვები და განხორციელდა მრავალი სატრანზიტო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზნით. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დინამიურ თანამშრომლობაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს მიუძღვით. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომმა ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობას გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების პროცესში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული პროცესები და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს იწყებს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი – ბათუმი – ალმათის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიარეისები 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს

დღეს „ქართული ოცნება“ საჯაროს აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ფრენების მიმართულებები და სიხშირე გაიზარდა

ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან. ამასთან ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. "ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაახლა თბილისი - თელ ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება. ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება; მიმდინარე წლის 19 აპრილიდან, ავიაკომპანია El Al Israel Airlines თბილისი - თელ ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის მიმართულებით რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს; ავიაკომპანია Arkia თელ ავივი - თბილისი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე - კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. ავიაკომპანია Israir Airlines მიმდინარე წლის მაისიდან ზრდის ფრენის სიხშირეს და შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებით ივნისიდან ავიარეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. ასევე ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენების განხორციელებას როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებშიც მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა თალაკვაძემ.