ძებნის რეზულტატი:

ენტონი ბლინკენი ავღანეთში ჩავიდა

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ჩავიდა. როგორც გამოცემა იუწყება, მისი ვიზიტი ავღანეთში დაგეგმილი არ იყო და ის მოულოდნელად გაფრინდა ავღანეთში. გავლენიანი გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო მდივანი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და აბდულა აბდულას შეხვდება. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის საკითხი იყო. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შეასრულებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელიც Lufthansa Group-ში შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციია სააგენტოს ოფიციალურად უკვე მიმართა. "სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings - მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი - დიუსელდორფი - თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივლისიდან დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს, ფრენები კი კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ, მხარეები სატელეფონო საუბრისას შეთანხდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს.

რომში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იტალიის დედაქალაქში, რომში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს. "ზაფხულში იტალიაში, რომის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის მუდმივმოქმედი კუთხე გაიხსნება, პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი ახორციელებს.პარტნიორია – ფონდი ქართული გალობა", -წერს გიორგი კეკელიძე. კეკელიძის პოსტს, რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ეხმაურებიან, რომლებიც ბიბლიოთეკის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი. "წელიწადზე მეტია, გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად ქართული ბიბლიოთეკის გახსნაზე თანხმობა მივიღეთ რომის მერიიდან. გასული წლის 26 მაისს დაგეგმილი გვქონდა უკვე ინაუგურაციაც მაგრამ ყველასთვის ცნობილმა მიზეზმა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამ წლის 26 მაისს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდება და ოფიციალურად გაიხსნება ეს ბიბლიოთეკა ქ. რომის ცენტრში. დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით. მოგახსენებთ, ასევე რომ წიგნებს ჯერ ონლაინ კატალოგში განვათავსებთ რომის მერიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ხოლო შემოდგომიდან შეგვეძლება წიგნების ადგილზე წაკითხვაც. უღრმეს მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და გიორგი კეკელიძეს , კაკი კენჭოშვილს, ოთარ სოსელიას და ასევე დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს იტალიაში ელჩს ბატონ კოტე სურგულაძეს, დათო გომართელს და გიორგი ხომასურიძეს", - წერს რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირაკლი სოსელია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ NATO-სა და ევროკავშირისგან კონკრეტული წინადადებები მიიღონ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა, უკრაინამ და საქართველომ NATO-სა და ევროკავშირისგან კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ,,სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ მიიღონ კონკრეტული წინადადებები NATO-ს მაპისა და ევროკავშირში გაერთიანების შესახებ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - წერს tweeter-ზე ზელენსკი. ცნობისთვის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა.

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სურს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ნეგატიური ტრაექტორია. თუმცა ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და საფასურს დავაკისრებთ რუსეთის მთავრობას ქმედებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული. დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დავით ზალკალიანი: ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა ხუთივე პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონმა წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება დანიელსონის მიერ წარდგენილ ხუთივე პრინციპზე მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერთი განაცხადა. "ეს კრიზისი ხელოვნურია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად დაანახა, არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ, ჩვენს საზოგადოებასაც, რომ ის მზად არის, წავიდეს ძალიან პრინციპულ შეთანხმებაზე. ეს იყო მსჯელობის საგანი გუშინ და გუშინ წინ გამართულ საქართველო-ევროკავშირს შორის საპარლამენტო ასოცირების შეხვედრის დროს. საქართველო ევროკავშირს შორის საპარლამენტო ასოცირების შეხვედრის დროს იგივე პოზიცია ჰქონდა ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც ამ ევროკავშირთან შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა ამ ხუთივე პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც დანიელსონმა წარადგინა. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან წინაპირობებს და წითელ ხაზებს,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დაახვედრის ამსახველი ვიდეო საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის პირველი ლედი ნუნე სარქისიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ემილ ტარასიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ ღალაჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი, სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავიდ პაპაზიანი.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. კომისიის ინფორმაციით, ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან. „სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად სპეციალური მმართველი არ შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მარიამ სულაბერიძის განცხადების საფუძველი. მარიამ სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად გასული წლის პირველ ოქტომბერს დანიშნა. „კავკასუს ონლაინის“ ახალი სპეციალური მმართველის პოზიცია თამარ ბოკუჩავამ დაიკავა. ბოკუჩავას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. თამარ ბოკუჩავას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (SHRM) ვოლონგონგის უნივერსიტეტში, დუბაიში. ასევე ის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების, მეცნიერების ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დოქტორანტია. თამარ ბოკუჩავას, საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2011 წლებში ის თსუ-ს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი იყო; დღემდე იგი თსუ-ს მოწვეული პედაგოგია და კითხულობს ლექციებს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა და ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა. კანონის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშეა. მმართველს აქვს უფლება განახორციელოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები, ამასთან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს მმართველთან. მმართველი ასევე უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

NATO: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს

"რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს",- ამის შესახებ NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების მაგალითებად ალიანსი ასევე ასახელებს ნატო-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის არჩევნებში ჩარევს მცდელობას, დეზინფორმაციულ კამპანიებს და მავნებლურ კიბერსაქმიანობას. "რუსეთი განაგრძობს დეტსაბილიზაციური ქცევის მდგარდი მოდელის დემონსტრირებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის, დარღვევას, შეუსრულებლობას და გვერდის ავლას. მაგალითად, მოკავშირეთა არჩევნებში ჩარევის მცდელობა, მათ შორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ფართო დეზინფორმაციული კამპანიები და მავნე კიბერსაქმიანობა", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. NATO ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში. NATO-ს განცხადებით, ალიანსი გააგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის.

ბიძინა ლებანიძე: დოკუმენტს ხელს ხელისუფლება მაინც თუ მოაწერს, დასავლეთთან ურთიერთობები გალღვება

„ვფიქრობ დასავლეთის ბოლო მესიჯები, გაიგო როგორც ოპოზიციამ ისე საქართველოს მთავრობამ, რაც მათ დამატებით მოტივაციას მისცემს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ და დასავლეთთან ძაფები ბოლომდე არ გაწყვიტონ“, - ამის შესახებ Europetime-ს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბიძინა ლებანიძემ განუცხადა. პოლიტოლოგის თქმით, რადგან ევროპელი პარტნიორები მთავარ პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას ანიჭებენ, თუნდაც ოპოზიციამ უარი თქვას ხელმოწერაზე, ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი შესრულება, დასავლეთთან ურთიერთობებს გაალღობს. „აშკარაა რომ ჩაფლავებული მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შემდეგ, დასავლეთი არც ხელისუფლებისგან და არც ოპოზიციისგან ასეთ დამოკიდებულებას არ აიტანს. ევროპარლამენტარების განცხადებები, ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი. ევროპარლამენტში რეზოლუციის საკითხი პირველად ახსენეს, პირობითობის პრინციპით. ითქვა საფინანსო დახმარების შეწყვეტა. შეიძლება კოლოსალური თანხა არაა, მაგრამ დინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას შეიძლება მოჰყვეს სხვა სადამსჯელო ზომები. რაც თქვეს ევროპარლამენტარებმა, არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართაც, რადგან ორივე მხარეს ადანაშაულებენ ამის ჩავარდნაში“, - აცხადებს ბიძინა ლებანიძე. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუ მხოლოდ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი დანიელსონის დოკუმენტს და მისი რეალურად შეასრულება დაიწყო, პროცესი დაიძრება, რაც დასავლეთის თვალში ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს. „ერთის მხრივ, მდგომარეობა რადიკალიზებულია და მხარეებს უჭირთ განხილვა , მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ძაფების ბოლომდე გაწყვეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა არცერთ მხარეს არ აწყობს. რასაც ევროკავშირი ითხოვს და რა მოთხოვნაც მოდის. ისინი უკმაყოფილო არიან ორივე მხარით. ნიკა მელიას დაჭერამ მდგომარეობა შეცვალა. მანამდე ოპოზიციის მიმართ იყო კრიტიკულად განწყობილი. მელიას დაჭერის ფაქტმა ისინი ხელისუფლების საპირისპიროდ შემოაბრუნა. ევროკავშირისთვის რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა მთავარი მოთხოვნა. არასდროს ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. მათთვის მთავარია, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ. თუ ვთქვათ, ხელისუფლება გამოუშვებს მელიას და რურუას, დაიწყებს რეფორორმებს, ამით კვლავ შემოტრიალდება დასავლეთის პოზიცია. შიდა პოლიტიკური კრიზისი უკან გვტოვებს იმ პროცესებში, რაც ახლა მიმდინარეობს. რამდენიმე ფაქტორის გამო, უკრაინა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვის, ვიდრე საქართველო. საქართველოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. თუ გაგრძელდა ეს შიდაპოლიტიკური კრიზისი, NATO-ში და ევროკავშირსში ინტეგრაციის გზაზე, უკრაინას ჩამოვშორდებით . NATO-ში ბევრი სკეპტიკური ქვეყანაა. ისინი რომ გადაარწმუნონ, ჩვენმა პარტნიორებმა მაგიდაზე უნდა დადონ მყარი არგუმენტები, რატომ უნდა გავწევრიანდეთ ალიანსში“ - განუცხადა Europetime-ს ბიძინა ლებანიძემ. ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს. "საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. რამდენიმე კვირის წინ, მსგავსი ტიპის განცხადბეები გაკეთდა აშშ-ს სენატშიც, საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენისას. ევროპარლამენტში კი არაერთმა ევროპარლამენტარმა ისუაბრა იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ერვოკავშირის მხრიდან მოჰყვეს, დიალოგის პროცესის ჩაშლას, ან გაჭიანურებას. NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანლის ლორა თორნტონის განცხადებით, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცენდენტს შექმნის. "„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ ოპოზიციას. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლექტიურ ჩემოდანში, ამერიკას და ევროკავშირს, ჯერ ისევ გვაქვს რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა. შეიძლება გამოსავალი ის იყოს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელდეს და არა - ერთბაშად“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება დანიელსონის მიერ წარდგენილ ხუთივე პრინციპზე თანხმობის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. ოპოზიციის ცნობით, შესაძლოა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით განახლდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში. „ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი, პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისთვის. გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, რომ კრიზისის განსამუხტად საჭიროა, გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება.

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. “სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხორავას ქუჩაძე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი დააკავა. დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე, გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვ

6 რუსული კომპანია, 32 ფიზიკური და იურიდიული პირი - რა სანქციები აამოქმედა ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, კიბერშეტევებისა და სხვა რიგი საკითხების გამო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. როგორც გამოცემა The hill-ი იტყობინება, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა. აღსანიშნავია, რომ შტატების მიერ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებამდე რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. აწ უკვე ხელმოწერილი განკარგულება, სახაზინო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში სანქციები გააფართოვოს. გარდა ეკონომიკური სანქციისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ პერსონალური სანქციებიც დააწესა და რუსეთის დიპლომატიური მისიიდან 10 ადამიანი გაძევებული იქნება. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, 10 ადამიანიდან ზოგიერთი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არიან. სანქციები ასევე შეეხო 6 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც როგორც ცნობილია მხარს უჭერენ რუსეთის სადაზვერვო ოპერაციებს. აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო კი, 32 პირი იქნა სანქცირებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ გასულ თვეს გამოქვეყნდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის დახმარებასა და პრეზიდენტ ბაიდენის კანდიდატურის დაზიანებას. ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კომპანია „სოლარვინდის“ წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აკისრებს. ადმინისტრაციამ, აშშ-ს მოკავშირეებთან კოორდინაციით, უკვე გამოსცა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გამოცემა წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-რუსეთის უკვე დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რადგან ახალმა პრეზიდენტმა საჯაროდ დაადანაშაულა მოსკოვი მისი მავნე საქციელების გამო, რაც უკვე ნიშნავდა ტრამპის ეპოქიდან გასვლას, რომლის დროსაც პრეზიდენტი ტრამპი ხშირად თბილად საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა აშშ-ს შეფასებას რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ. ბაიდენმა მარტში ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ”გადაიხდის” საფასურს ”2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის და დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე არის თუ არა ვლადიმერ პუტინი მკვლელი. აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესებამდე ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა მისი მკაფიო პოზიციები დააფიქსირა უკრაინასთან, ნავალნისთან და ზოგადად ოფიციალური მოსკოვის მოქმედებებთან დაკავშირებით.

მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ  აშშ-ის სანქციებზე რუსეთის პასუხი გარდაუვალი იქნება

რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დეგრადაციაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ვაშინგტონს ეკისრება, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. "ასეთი აგრესიული ქცევა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს. სანქციებზე რეაგირება გარდაუვალია. ვაშინგტონში უნდა გაიაზრონ, რომ ორმხრივი ურთიერთობების დეგრადაციისთვის ფასის გადახდა მოუწევთ. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება“, - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი არ არის მზად შეეგუოს "მრავალპოლუსიანი სამყაროს ობიექტურ რეალობას, რომელიც გამორიცხავს ამერიკულ ჰეგემონიას" და ემყარება სანქციების ზეწოლას და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევას. ამავე დროს, მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ანტირუსული შეზღუდვები ზრდის ორმხრივი ურთიერთობების დაპირისპირების ხარისხს და მიუთითებს იმაზე, რომ თეთრი სახლი არ არის დაინტერესებული ურთიერთობის ნორმალიზებით. მარია ზახაროვას თქმით, ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ზომებს უახლოეს დროში გამოაცხადებს. ცნობისთვის, აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

რუსეთში აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ”ასევე მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ელჩი დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ გაგიზიარებთ დამატებით ინფორმაციას ამ საუბრის შედეგების შესახებ, რაც რთული იქნება ამერიკული მხარისთვის”, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდა.

სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

"ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. "ჩვენი წინა შეხვედრების შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველა, კავკასიაში. ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე, რომელმაც დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა. ჩაგვკეტა მსოფლიოსთან ურთიერთობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში, იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლეც. თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თქვენ გამოგიცხადოთ თანაგრძნობა ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შევთავაზეთ ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს. სომხეთის პრეზიდენტს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ, მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის. რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის დღეს დეესკალაცია. განვიხილეთ რეგიონის პოტენციალი, რაც უნიკალური ეკონომიკის კუთხით. გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, რის შესახებაც გვესმის, ადასტურებს ამ რეგიონის დიდ მნიშვნელობას. თუმცა, კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება და მისი მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ამავდროულად კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია. კავკასიის და შავი ზღვის გავლით, აზიის და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და კერძოდ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ეკონომიკური ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებქაზე და განხორციელებაზე. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეუნარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ამგვარ სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში მიიღონ. მოხარული ვარ, ამ ვიზიტით, ასევე განვიხილეთ ზოგიერთი ინიციატივა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნეს აქტორებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა და ფიქრი დავიწყოთ, ეს მსჯელობა გაგრძელდება და კონკრეტულ ფორმას მივცემთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური ურთიერთობა შენარჩუნდა და დროთა განმავლობაში შენარჩუნდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

არმენ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიაპირობაა რეგიონის უსაფრთხოებისთვის

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. „სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მეზობელ საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას. ქართველი და სომეხი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ. სომხები საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ. დღესაც სომხურ ბიზნესს დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ქართველი ბიზნესმენებიც მუშაობენ სომხეთში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. არმენ სარქისიანმა დღეს ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას დღის წესრიგის ფართო სპექტრი განიხილა. „ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განახლებისა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნილოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია. მინდა, გავიმეორო ქალბატონი პრეზიდენტის ნათქვამი და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტის ინსტიტუტების თანამშრომლობის ქვეშ, ჩვენ შეგვიძლია, თანამედროვე ბიზნესურთიერთობები გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის. გარწმუნებთ, მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ. მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ისე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად. როგორც აღვნიშნეთ, გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ განსაკუთრებული როლი შეიტანონ ამ საქმეში", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. როგორც სარქისიანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებიც განიხილეს. "სომხეთის შემთხვევაში, განვიხილეთ თურქეთის აშკარა მხარდაჭერით მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა. ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები და ხაზი გავუსვი იმას, რომ შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ასევე ხაზი გავუსვი ომის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული და მძევლად მყოფი პირების სწრაფი გათავისუფლების საკითხს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. ყურადღება გავამახვილე აზერბაიჯანის მიერ ომის შემდეგ შექმნილი ვითარების ბოროტად გამოყენებაზე, ქსენოფობიის, ეროვნული ღირსების შელახვის პოლიტიკის გატარების დაუშვებლობაზე, რაც ხელს არ უწყობს დიალოგის ჩამოყალიბებას. შეხვედრისას ასევე შევეხე აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების საკითხს და ამ ტერიტორიებზე სომხური ისტორიულ-კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც მიშელი აცხადებს, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს. „პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს ღრმა შეშფოთებით განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხი. ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა ბოლო დღეების მაჩვენებელი და ეს ზოგადი ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში. „ჩვენ საკმაოდ სტაბილური ვითარება გვქონდა შარშან გაზაფხულიდან სექტემბრამდე. სექტემბრის 10 რიცხვამდე, მთელ ქვეყანაში 1500-მდე ინფიცირების და გარდაცვალების 19 შემთხვევა გვქონდა. სექტემბრის 15-დან დაიწყო თანდათან მატება, განსაკუთრებით კი, ეს მატება აღინიშნა უკვე ოქტომბერში და მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი. იგივე ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.