ძებნის რეზულტატი:
ავღანეთიდან NATO-ს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება
ავღანეთიდან NATO-ს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება. ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოწვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. "იმის გათვალისწინებით და აღიარებით, რომ ავღანეთის წინაშე მდგარი გამოწვევების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 1-ლი მაისისთვის "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ძალების გაყვანას დავიწყებთ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აშშ-სა და "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ძალების გაყვანა რამდენიმე თვეში დასრულდეს. ძალების გაყვანის დროს თალიბების ნებისმიერ თავდასხმას მოკავშირეთა ჯარებზე მტკიცე ძალით ვუპასუხებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცის სამინისტრო: საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა
"საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა", - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხს ეხმიანება. "როგორც უკვე ცნობილია, NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. აღნიშნული მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც NATO-სთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა. 1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, NATO-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: ქართულმა ჯარმა საგულისხმო წვლილი შეიტანა ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ურთულეს პროცესში
"ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. "საქართველო მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიაში. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაწყების დღიდან ქართულმა ჯარმა საგულისხმო წვლილი შეიტანა ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ურთულეს პროცესში. საამაყოა ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რითაც ქართველმა სამხედროებმა თავი დაამახსოვრეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც ნატო-ს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას. ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. მადლობას ვუხდი ყველა სამხედროს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობისათვის ბრძოლას და ღირსეულად ატარა ქართული დროშა. ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიას NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეტაპობრივად დატოვებენ. აუცილებელია, რომ მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო NATO-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ NATO-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს. ვამაყობთ, რომ საქართველომ, NATO-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი მეუღლესთან, ნუნე სარქისიანთან ერთად ეწვევა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს
დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი - ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას 1-ლი მაისიდან დაიწყებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას 1-ლი მაისიდან დაიწყებს, რათა დასრულდეს ამერიკის ყველაზე გრძელი ომი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც Reuters-ი წერს, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა აღიარა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში აშშ-ს მიზნები "სულ უფრო გაუგებარი გახდა". მან ჯარების საბოლოო გაყვანის ვადად 11 სექტემბრი დაასახელა, რაც ამერიკაში 20 წლის წინ მომხდარი ტერაქტის თარიღს ემთხვევა. "ეს არასოდეს ყოფილა გათვლილი მრავალ თაობათა წამოწყებაზე. თავს დაგვესხნენ. ჩვენ ცხადი მიზნებით წავედით ომში. ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზნებს", - თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს ამერიკელმა ძალებმა მოკლეს და თქვა, რომ ორგანიზაცია ავღანეთში "გაუარესდა". ”და დროა, დასრულდეს სამუდამო ომი", - დასძინა ბაიდენმა. "დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა, ამერიკის ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ", - აღნიშნულს აშშ-ის პრეზიტენტი Twitter-ში წერს.
ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, 14-დღიან კარანტინს გაივლის
"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების(მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი საკუთარი ხარჯით დაფარავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 882 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.82 %. ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან 538 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 921, საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 294, აჭარაში - 400, იმერეთში - 359. მძიმე პაციენტი: 446, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 76, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 366პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 437 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 024.
თეთრი სახლი: ბაიდენის სატელეფონო ზარის მიზანი პუტინთან, იმის ხაზგასმა იყო, რომ რუსეთის ქმედებას შედეგები ექნება
"პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან ზარის მიზანი ნაწილობრივ იმის განხილვა იყო, რომ ბოლო რამდენიმე თვის და გასული წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერების მოქმედებებს შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. .პესსპიკერის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს 13 აპრილს დაურეკა. , თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებმა შეიარაღების კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი "სტარტის" შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი იყო ასევე ისეთ მწვავე თემებზეც, როგორიცაა კიბერ თავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობა.
Reuters: აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო ხომალდს აღარ გაგზავნის
აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ თურქეთის დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეატყობინა ამ ნაბიჯის შესახებ, მაგრამ მიზეზს არ ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხცადებენ, რომ თურქეთმა, სავარაუდოდ, არასწორად გაიგო თავდაპირველი შეტყობინება, რადგან ვაშინგტონის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა საბოლოოდ არ დადასტურდა. წყაროების განმარტებით, აშშ თურქეთს ხშირად ატყობინებს შავ ზღვაში გემების პოტენციურ შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გემებს აუცილებლად გაგზავნიან და უფრო იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხომალდები უპრობლემოდ შეძლებენ აკვატორიაში შესვლას. გასულ კვირას, თურქეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონი ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნიდა შავ ზღვაში. გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ და 4-5 მაისამდე აპირებდნენ დარჩენას.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი ჩაამსხვრიეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგიო ვაქცინით ჯამში 24 917 ადამიანი აიცრა
15 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აიცრა 24 917 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 424 ადამიანი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15-22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
საქსტატი: საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარი და 10 თეთრია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი და 10 თეთრი სჭირდება. ეს მონაცემი წინა თვესთან შედარებით 3 ლარით და 40 თეთრით გაიზარდა, ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით 4,5 ლარით ნაკლებია. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მარტში "შრომისუნარიანი მამაკაცის" საარსებო მინიმუმი თებერვალთან შედარებით 3 ლარითა და 80 თეთრით მეტია. ხოლო გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემთან შედარებით 5,1 ლარით, 201 ლარამდე შემცირდა.
ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებენ, რეგიონში ვითარების დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან უკრაინის მახლობლად და ყირიმში რუსული ჯარების სიმრავლით. ანგელა მერკელსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა "გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებსა და ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების დაგროვების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". "კანცლერი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა უნდა შეწყოტოს ჯარების გაძლიერება სიტუაციის დეესკალაციის მიზნით,” - თქვა გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზიბერტმა. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეინ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც შესაძლოა, რუსეთის ქმედებას მოჰყვეს.
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში „პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხაზი გაუსვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამის დადებით შედეგებს. მისი თქმით, ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. „მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომელსაც პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული ზიანი მიაყენა. ნათია თურნავას განცხადებით, კოვიდ-რეგულაციების მკაცრად დაცვა და ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ისეთი სექტორის გამოცოცხლებაზე, როგორიცაა ტურიზმი. მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება და მაგალითად, მან მოიყვანა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ტვირთის გადაზიდვებზე, რომელიც რეგიონში ეპიდ-ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს. ნათია თურნავას განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5.1 პროცენტით გაიზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ინკლუზიურ ხელმისაწვდომობისკენ, მწარმოებლურობის ზრდისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებისკენ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მობილიზებისკენ არის მიმართული. „პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. კონფერენციაში ასევე მოხსენება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საბირ ლალმა, აგრეთვე უზბეკეთის ფინანსთა მინისტრმა ტიმურ იშმეტოვმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში პიტერ ბურიანმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სებ: 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ დოლარი შეადგინა
2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახეხებ საქართველოს ეროვნული ბანკის იერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. "2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებული, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა. ასევე იმსჯელეს მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე. საქმეზე დაკავებული ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამავეს ითხოვდნენ კიდევ ორი ბრალდებულის ადვოკატებიც, თუმცა ისინი სასამართლოს ალტერნატივის სახით 4 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ. ბრალდების მხარე კი კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ გაიზიარა. დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ბრალდებულებს ძალადობას, დევნასა და მუქარას ედავებიან. სამივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
არა ნამახვანჰესს - "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერები აქციას მართავენ
არა ნამახვანჰესს - "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერები ფილარმონიასთან აქციას მართავენ. ისინი რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათ თან აქვთ ბანერები "არა ნამხავანჰესს!" "ქართული მიწა არ იყიდება".
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოშია
თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა. სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. "ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს", - წერია პრეზიდენტის facebook გვერდზე
ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება
შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს შეახსენებს, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება და განცხადებას ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული ავტომობილების განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა). აღნიშნული შეღავათი დაახლოებით 19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება. 31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო გაფორმების პროცედურები და ვადები", - ნათქვამია განცხადებაში.