ძებნის რეზულტატი:

ელისო ბოლქვაძე: როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანები ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

,,როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანები ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაშია მძიმე სოციალური მდგომარეობა და გაჭირვება. ,,ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ", - განაცხადა ბოლქვაძემ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რა დროსაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნული, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის, მოხდება ბოლო მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა. ვიდეოკონფერენციაზე მოხდება საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებული ბოლო მოვლენების, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განხილვა. ამასთან, ევროკავშირის მინისტრები ვიდოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან.

ამირან გამყრელიძე: საფლავზე ნუ გავმართავთ სუფრებს

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღდგომის დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს. „ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიკური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრის გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება. ამიტომ, ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნას. აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს. რაც შეეხება მეხუთე საშუალებას, რომელიც დღეს მთავარი თემაა - ეს არის აცრების პროცესის ინტენსიფიკაცია. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, დღეში მხოლოდ 1400 აცრა კეთდება, რაც ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი, სულ მცირე, 3 000-4 000-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ივლისიდან კი, უნდა გვქონდეს 10 000 -12 000 ათასი აცრა დღეში, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ წლის ბოლოს, დავამარცხოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გუბერნატორებსა და დეპუტატებს შორის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, შეხვედრას ესწრებიან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორები მაკა სულაძე, მარიტა მუსელიანი, ვარლამ გოლეთიანი და მირზა ნოზაძე. აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე. მოლაპარაკების პარალელურად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიის შენობასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, ადმინისტრაციის შენობასთან იქამდე დარჩებიან, ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება.

საფრანგეთი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას აგრძელებს

საფრანგეთი Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას გააგრძელებს. როგორც ცნობილია, ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებში გაგრძელდება. საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალმაც აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დამტკიცებულია, როგორც ევროპის წამლის, ასევე საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ. აქედან გამომდინარე, მთავრობაში არ იგეგმება Johnson & Johnson – ის ვაქცინის გამოყენების აკრძალვა. მისივე თქმით, ქვეყანას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 200 000 დოზა. გეგმის მიხედვით, თვის ბოლომდე, საფრანგეთმა ჯონსონის ვაქცინის 600,000 დოზა უნდა მიიღოს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნანი ბრეგვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მომღერალი ნანი ბრეგვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, მან ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტარა. ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან ჩართულნი. ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა ლანა ღოღობერიძემ, გელა ჩარკვიანმა.

აშშ-ის არმიას შესაძლოა, პირველად ქალმა უხელმძღვანელოს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არმიის ხელმძღვანელის პოზიციაზე შეარჩია კრისტინ ვორმუთის კანდიდატურა, რომელიც სენატის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში იქნება პირველი ქალი, რომელიც არმიას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამჟამად ვორმუთი არის „RAND Corporation“-ის უფროსი თანამშრომელი, სადაც ის ჯგუფის საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს წარსულში ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ამასთან ვორმუთი თავდაცვის დეპარტამენტში ISIS-ის საწინააღმდეგო კამპანიაზე მუშაობდა. სანამ ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ვორმუთი მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მანამდე კი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. მის კანდიდატურას დადებითად აფასებს შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივანი. ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ კრისტინი ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ამერიკისა და ერის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. კრისტინს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისგან მიღებული ღრმა გამოცდილება გადამწყვეტი იქნება დღევანდელი გლობალური საფრთხეების მოგვარებასა და განსაზღვრაში.

პოლონეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

პოლონეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად პოლონური მხარე აღნიშნული პირების მიერ დიპლომატიური სტატუსის ბოროტად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ასახელებს შესაბამისი ნოტა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს უკვე გადასცა. „ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა დიპლომატიური სტატუსის დაღვევა და ამ პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკისათვის ჩადენილი საზიანო საქმიანობა", - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებაში რუსეთის ელჩის გამოძახების შემდეგ გავრცელდა.

გახდება თუ არა საჭირო Pfizer-ით აცრისას ვაქცინის 3 დოზის მიღება აუცილებელი - კომპანიის განმარტება

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს. როგორც ალბერტ ბურლა აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ტესტავენ, რათა იმუნური რეაქცია გაუმჯობესდეს. „ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, - განაცხადა ბურლამ. Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმითვე, ვაქცინები კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტია.

ჰონგ-კონგი კორონავირუსის წინააღმდეგ 16-დან 30-წლამდე ადამიანების აცრას იწყებს

СNN-ის ინფორმაციით, ჰონგ-კონგი კორონავირუსის წინააღმდეგ 16-დან 30-წლამდე ადამიანების აცრას იწყებს. როგორც ცნობილია, 16-დან 30 წლამდე პირები Pfizer-ით აიცრებიან, ხოლო 18 წლიდან ზევით - Sinovac-ით. ამასთან, 18 წლამდე პირებს მშობლების თანხმობის სპეციალური ფორმის წარდგენა მოუწევთ. რეგისტრაციის პროცესი 23 აპრილიდან დაიწყება. ცნობისთვის, 16-დან 30-წლამდე პირები ქალაქის მოსახლეობის 88%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.08 მილიონ ადამიანია.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე Sinopharm-ით ვაქცინაციის დაწყების საკითხზე იმსჯელებენ

ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე დღეს იმსჯელებენ დაიწყება თუ არა საქართველოში ჩინური წარმოების, Sinopharm-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ვიდრე მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს და თავად საკუთარ პოზიციას სწორედ საბჭოს სხდომაზე დააფიქსირებს. „როგორც მაქვს ინფორმაცია, განხილვა იქნება პარასკევს. სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საკითხსაც განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კონსენსუსით. ჩემსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიციას მე იმუნიზაციის საბჭოზე დავაფიქსირებ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ აშშ მტკიცეა ევროპაში პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში

"ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, დეესკალაციის დროა, დიალოგი და დიპლომატიური პროცესი არის ამის გზა. "სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთი დაარღვევს ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების დაცვის მხარეს. მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ ამერიკა მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში. ამ ნაწილში შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების გააქტიურების გამო და ოკუპირებულ ყირიმზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, 13 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა.

თეა წულუკიანი: რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება

კულტურის მინისტრის განცხადებით, რობერტ სტურუა "რუსთაველის თეატრში" თანამდებობას ინარჩუნებს და მისი გათავისუფლება არ იგეგმება. თეა წულუკიანის თქმით, რობერტ სტურუას უნდა მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი საქმე აკეთოს. "ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი, თუ ჰყავს და ჩვენ ყველამ, პირველ რიგში მსახიობებმა და ჟურნალისტებმა უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე," - განაცხადა თეა წულუკიანმა. რუსთაველის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ თანამდებობის დატოვების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მან თეატრის მსახიობის ბესო ზანგურის ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

ჯო ბაიდენი: უცხო ძალას ვერ მივცემთ საშუალებას, ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს ვერ დარჩება დაუსჯელი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განაცხადებით, თუ რუსთი გააგრძელებს შტატების დემოკრატიაში ჩარევას, მზად არის საპასუხო ზომების მისაღებად. როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, უცხო ძალას ვერ მისცემს საშუალებას აშშ-ს არჩევნებში ჩაერიოს, მისი თქმით ეს დაუსჯელი არ დარჩება. „გასულ კვირას ვესაუბრე პუტინს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ხასიათზე. ეს იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ ვერ მივცემთ უცხო ძალას საშუალებას, ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში და ეს ვერ დარჩება დაუსჯელი. მე მას ვუთხარი, თუ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ვფიქრობ, რომ იყო ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ეს პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა. შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესში როცა უფრო მეტი რამ გავიგეთ სოლრდვინდზე, როდესაც პუტინმა დამირეკა იანვარში მოსალოცად, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ადმინისტრაცია ყურადღებით სწავლობს საქმეს. როცა კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ამ კვირაში, ვუთხარი, რომ პროპორციული ზომით ვუპასუხებდით, რადგან ჩვენ დავასკვენით, რომ ისინი ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, დღეს ხელი მოაწერა ახალი ზომების შესახებ ბრძანებას. „მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ უფრო შორს წასვლაც შეგვეძლო, მაგრამ მე ეს არ ავირჩიე. ავირჩიე, რომ ვყოფილიყავი პროპორციული. ამერიკა არ ცდილობს რუსეთთან სიტუაციის ესკალაციას და კონფლიქტს. ჩვენ გვინდა სტაბილური დაცული ურთიერთობა. თუ რუსეთი გააგრძელებს ჩვენს დემოკრატიაში ჩარევას, მე მზად ვარ საპასუხო ზომების გასატარებლად. ეს ჩემი, როგორც ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობაა. ჩვენი კონკურენტულობის დიდი ხნის ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები პოულობდნენ გზას, თავი გაერთვათ დაძაბულობისთვის. როდესაც პუტინს ვესაუბრე, გამოვხატე ჩემი რწმენა, რომ ჩვენი პერსონალური და პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია წინსვლისა და უფრო ეფექტური ურთიერთობისთვის და ის დამეთანხმა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა ზაფხულში პირადად შეხვედრა ევროპაში, რათა უპასუხონ იმ საკითხებს, რომლებიც ორი ქვეყნის წინაშე დგას. „ჩვენი გუნდები ამ შესაძლებლობას განიხილავენ. მე პრეზიდენტ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ ამერიკა მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერაში. ამ ნაწილში შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების გააქტიურების გამო და ოკუპირებულ ყირიმზე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ. ახლა არის დეესკალაციის დრო. გზა არის დიალოგი და დიპლომატიური პროცესი. სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთი დაარღვევს ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების დაცვის მხარეს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, როდესაც ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტად არჩევის მისალოცად დაურეკა, მას მაშინაც განუცხადა, რომ თუ კიბერთავდასხმასა და არჩევნებში ჩარევაში რუსეთის მონაწილეობა დადასტურდებოდა, საპასუხო ზომებს მიიღებდა. „როდესაც დამირეკა და მომილოცა, ვუთხარი, რომ თუ დამტკიცდებოდა, რომ რუსეთი დამნაშავე იყო კიბერთავდასხმაზე და არჩევნებში ჩარევაზე, მე ვუპასუხებდი. მე მოვუწოდე მას, რომ ეპასუხა შესაბამისად, გადაჭარბების გარეშე, რადგან იმავეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.

ქუთაისში, რადიოაქტიური ნივთიერების გაყიდვის მცდელობის ფაქტზე სუს-მა ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები, ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური მასალის გასაღებას 300 000 ევროს სანაცვლოდ გეგმავდნენ, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერიციუმ 241 (Am241). რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირებული რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი

ირაკლი კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა. როგორც კობახიძემ განაცხადა, ქართულმა დელეგაციამ სენატორებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში. ,,გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა სენატორებთან - შაჰინთან და ჯონსონთან. ისინი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, კონკრეტულად კი საქართველოში. რა თქმა უნდა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე. იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა და ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა. შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ

პრემიერ-ინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, გუბერნატორები და დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. „მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია დღეს იყო საჭირო და აუცილებელი. ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, - ამის შესახებ, ლერი ბარნაბიშვილმა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება. შეხვედრას ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულები რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. დიალოგში საპარლამენტო უმრავლესობიდან მონაწილეობდნენ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ბოლო 24 საათში 31 645 ტესტის შედეგად ინფიცირების 1 077  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღევანდელი მონაცემებით, 31 645 ტესტის შედეგად ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 442 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 % Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 077 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 293 321-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.04 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 831-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 916 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 38, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 381, აჭარაში - 391, იმერეთში - 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში - 224, აჭარაში - 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 62, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 - თბილისში, 177 - აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 380 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი.

თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

"კარგი იქნება, თუ მსახიობი ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს რუსთაველის თეატრს", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრში სტუმრობისას განაცხადა. აღნიშნული განცხადებით კულტურის მინისტრი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის განაცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მინისტრმა ნინუცა მაყაშვილს მოუწოდა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითი იყოს. რაც შეეხება მსახიობ ბესო ზანგურს, წულუკიანი მიიჩნევს, რომ მან, რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია უნდა დატოვოს, რადგან თავად მინისტრს, არ გააჩნია ბერკეტი ამის გასაკეთებლად. "ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. - განაცხადა თეა წულუკიანმა", - აღნიშნავს მინისტრი. მისი თქმით, რაც შეეხება რობერტ სტურუას, მისი გათავისუფლება არ იგეგმება. შეგახსენებთ,რომ ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა "ფარული კონვერტის" ეთერში ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.

უკრაინული მედია: გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვია

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. როგორც ცნობილია, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ქალაქ მაიორსკის მიმდებარედ დაირღვა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს ნაღმტყორცნებისგან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. ამასთან, უკრაინულმა მხარემ მაიორსკის მიმდებარედ უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილება დააფიქსირა. ცნობისთვის, დონბასში ვითარება მარტის ბოლოს დაიძაბა. უკრაინის ხელისუფლება და მისი დასავლელი პარტნიორები დონბასში ცეცხლის რეჟიმის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებსა და უკრაინის საზღვრებზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობენ. რუსეთის ხელისუფლება კი, პროვოკაციებში კიევს ადანაშაულებს.