ძებნის რეზულტატი:
მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს
რუსეთში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, 12 მაისიდან, საელჩო მომსახურებების რაოდენობასა და საკონსულო განყოფილების პერსონალს 75%-ით შეამცირებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, კერძოდ, მოსკოვში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას შეწყვეტს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური ვიზებისთვის გაკეთდება. საელჩო განაგრძობს ამერიკის მოქალაქეებისთვის მხოლოდ საგანგებო მომსახურებების გაწევას და შეზღუდული რაოდენობით საიმიგრაციო ვიზების გაცემას. აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აშშ-ს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს.
UNICRI: საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით
გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი (UNICRI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. კვლევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ,,გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი (UNICRI), საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებთან დაკავშირებით, კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და არაკანონიერი ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც რეგიონისთვის დადებით მაგალითს წარმოადგენს. კვლევაში გაცნობიერებულია ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანას კვლავ უწევს გარკვეულ დანაშაულთან გამკლავება. კვლევის თანახმად, საქართველოში ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობა ქურდობას, თაღლითობას, კიბერდანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ქონებრივ და ფინანსურ დანაშაულს მოიცავს.კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს არაკანონიერი ფინანსური აქტივების მოძიებისა და ჩამორთმევის მექანიზმის გაუმჯობესების საკითხებზე. გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი, აღნიშნულ ანგარიშში, საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გამო მადლობას უხდის. კვლევაში ასევე საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. UNICRI-ის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულს ადასტურებს მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მიეკუთვნება ევროპაში საუკეთესო ქვეყნების რიგს. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც, არამხოლოდ საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების, არამედ სისტემურ დონეზე, რამაც ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებზე, სამართალდამცავებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კრიმინალური ქსელის გავლენის თავიდან აცილებას. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ არსებობს ამ სფეროში ეფექტურობის გაძლიერების საჭიროება. UNICRI ასევე აღნიშნავს, ანგარიშის მომზადებისას საქართველოს პროკურატურის დადებით როლს გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო უკუკავშირის მიღების კუთხით. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადებთან ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და აჩვენა თავისი ერთგულება რეფორმებისადმი. საქართველოს პროკურატურისთვის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურატურა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და UNICRI-ის კვლევაში ასახულ შესაბამის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. UNICRI-ის კვლევაში, ასევე საუბარია ქვეყნის მიერ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე.ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულისა და არაკანონიერი ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებელი კომპონენტია. საქართველომ აჩვენა მზაობა ამ საერთაშორისო კოორდინაციის მიმართ. როგორც კვლევაშია ხაზგასმული, ქვეყანას აქვს მყარი საკანონმდებლო და პროცედურული ჩარჩო, უცხოელ პარტნიორებთან ინფორმაციის სრულყოფილად, პროაქტიულად და დროულად გაცვლისთვის. საქართველოს მონაწილეობა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში, ანგარიშში შეფასებულია როგორც აქტიური და ეფექტური. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა სისხლის სამართლის სფეროში ევროჯასტთან თანამშრომლობის მიმართულებით. კვლევაში საუბარია საქართველოს მიერ სხვადასხვა მასშტაბურ ოპერაციაში შეტანილ წვლილზე, მათ შორის ევროპოლთან თანამშრომლობით, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის საქმეებზე. საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ კუთხით, კვლავ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა.საქართველოს პროკურატურა დიდ ყურადღებას უთმობს UNICRI-ის ანგარიშს და მადლობას უხდის გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტს გაწეული ძალისხმევისთვის. კვლევაში ასახული რეკომენდაციები, უწყების მიერ გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდის კანდიდატურა დაამტკიცეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, პოლიტიკის საკითხებში, მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდის აკნდიდატურა დაამტკიცა. ცნობისთვის, ნულანდი 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი აქტიური იყო 2014 წელს უკრაინის მოვლენებში, როცა ის შეხვდა პროდასავლურად განწყობილ დემონსტრანტებს კიევში.
NATO-მ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო
france24-ის ინფორმაციით, NATO-მ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ პროცესის თითოეულ ნაბიჯზე კოალიციური ჯარების უსაფრთხოება იქნება მთავარი პრიორიტეტი. „ NATO-ს მოკავშირეებმა აპრილის შუა რიცხვებში გადაწყვიტეს, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ძალების გაყვანას პირველი მაისისთვის დაიწყებდნენ და ეს დაიწყო. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინასწარ განზრახული პროცესი. ძალების გაყვანის პროცესში „თალიბანის“ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერი პასუხი მოჰყვება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯარების გაყვანა დასრულდება რამდნიმე თვეში“, – განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ძალებს 11 სექტემბრისთვის, 2001 წლის ტერორისტული თავდასხმებიდან 20 წლისთავისთვის გაიყვანს.
საფრანგეთის მთავრობისგან მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 300 000 ევროს მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს. „ჩვენ გამოვყოფთ 300,000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა წარმოადგენს საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას, რათა უკეთესი მომავლის შექმნა იქცეს რეალურ შესაძლებლობად”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლამ შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.საფრანგეთის მიერ გამოყოფილი გრანტი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძებლობების გაძლიერებას მოხმარდება. ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს საფრანგეთის მიწის სააგენტოს და სხვა წარმატებული ევროპული პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოში დანერგვის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებად განსაზღვრულია: მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, მიწების კონსოლიდაცია, მიწათსარგებლობის მონიტორინგი და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, ფორმატსა და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, პროექტში გაიწერება ის მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაც გრანტის სახით მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საიუბილეო ღონისძიება საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ტარიელ მახარაშვილმა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიჩაელ სკარპულამ მიულოცეს. მათ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სიძლიერე და წინსვლა უსურვეს. საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ტაქტიკური დაჯგუფება „პოლარული დათვების“ მეთაური, მაიორი რობერტ გრეივსი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა ქვედანაყოფის სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.
იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს
იერუსალიმის საპატრიარქო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების წესებთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ შაბათს, პირველ მაისს 09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვებენ. ისინი, ვისაც არ აქვთ გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ჯანმო ,,სინოფარმის" ვაქცინაზე გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ გამოაცხადებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, ჯანმო განცხადებას დღეს ან ხვალ გამოაქვეყნებს. მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ორგვარი მოლოდინი არსებობს. „ჯანმო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს: რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე - დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს. ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა ,,იმედის" ეთერში.
19 მაისიდან საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება
19 მაისიდან საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება. საფრანგეთის ხელისუფლება ღამით დაწესებულ კომენდანტის საათს შეამსუბუქებს და 19 მაისიდან ადგილობრივ კაფე-ბარებსა და რესტორნებს ღია სივრცეებში მომსახურების გაწევის ნებართვას მისცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24 ავრცელებს. არსებული გეგმის მიხედვით, 19 მაისიდან კომენდანტის საათი 21:00 საათამდე, ხოლო 23 ივნისიდან 23:00 საათამდე გადაიწევს. 30 ივნისიდან კი, სრულად გაუქმდება. მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები 19 მაისიდან გაიხსნება. უცხოელ ტურისტებს, რომელთაც ჯანმრთელობის სპეციალური საშვი ექნებათ, 9 ივნისიდან შეძლებენ საფრანგეთში ვიზიტს. მედიის ცნობით, შეზღუდვები იმის მიუხედავად შემსუბუქდება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე წინა ორი ლოკდაუნისას. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადგილობრივი ბიზნესისა და საზოგადოების ზემოქმედების ქვეშაა.
რომელი პრეპარატებით მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ქვეყანამ ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პრეპარატით, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულებზე გავრცელდა. 5 აპრილიდან, ვაქცინის გაკეთება 55 წელს გადაცილებულებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს შეუძლიათ. ერთ-ერთი პირველი, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინ აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იყო. 6 მაისს, ქვეყანაში Astrazeneca-ს ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ ამ ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს. ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ იმუნიზაციის საბჭო AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 5 მაისიდან, აცრის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება. Pfizer/Biontech Pfizer/Biontech-ის ვაქცინის პირველი ტვირთი, 30 ათასამდე დოზა საქართველომ აშშ-დან 25 მარტს მიიღო. ამ პრეპარატით ვაქცინაცია 30 მარტს დაიწყო. მედპერსონალთან ერთად, ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს გადაცილებულებს აქვთ. მათ შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ AStrazeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებს შორის. Pfizer/Biontech-ის ვაქცინის მეორე პარტიას საქართველო ზაფხულში ელოდება. ქვეყანა სავარაუდოდ, ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს. Sinopharm საქართველოში Sinopharm-ის 100 000 დოზა 3 აპრილს შემოვიდა. 18 წელს გადაცილებულთათვის Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება. ჯანმო Sinoparm-ის და Sinovac-ის ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს მომდევნო კვირის ბოლოსთვის გადაწყვეტს. Sinopharm-ს მინიჭებული აქვს უნგრეთის „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია და უნგრეთი იყო ევროკავშირში პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის გამოყენება დაიწყო. Sinovac საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა გუშინ ჩამოვიდა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოს მიმართ. კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ Sinovac-ის გამოყენება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას მიანიჭებს. „მაისის დასაწყისი აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაანონსებული, როგორც Sinovac-ის ავტორიზაციის თარიღი. ამდენად, ამას დაველოდებით და თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საბჭო დამატებით იმსჯელებს მისი გამოყენების პირობებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. აცრისთვის ჯავშანი booking.moh.gov.ge-ზე კეთდება, ან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 1522. ამ დროისთვის სულ აცრილია - 45 338, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს. 29 აპრილის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 5218 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია. წინასწარი რეგისტრაცია ამ დროისთვის 66,299 ადამიანს აქვს გავლილი. საქართველო მოლაპარაკებას Novavax-თან, Moderna-სთან და Johnson & Johnson-თანაც აწარმოებს. რა ტექნოლოგიით მზადდება ვაქცინები ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით: არსებობს 5 ტექნოლოგია - ყველაზე ძველი და ტრადიციული, როდესაც ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ვირუსი, ანუ ცოცხალი დასუსტებული ვირუსი, რომელსაც ახლა ძალიან ნაკლებად იყენებენ. შემდეგი, ისევ ძველი ტექნოლოგია, ეს არის, როდესაც შეჰყავთ დახოცილი ინაქტივირებული ვირუსი, მაგრამ ვირუსი მაინც მთელი თავისი ცილებით და კომპონენტებით. ასეთია ჩინური ვაქცინები Sinovac-ი და Sinopharm-ი, ეს არის ძველი ტრადიციული ტექნოლოგია. არის საშუალო ტექნოლოგია ძველსა და ახალს შორის, რომელსაც გამოიყენებს Novavax-ი. ორგანიზმში შეჰყავთ არა ვირუსი, არც ცოცხალი არც დახოცილი, არამედ ვირუსისგან გაწმენდილი, გამოტანილი ცილები. ეს არის ანალოგი იმისა, როგორიც არის გრიპის ვაქცინა. და 2 ახალი ტექნოლოგია: როდესაც შეჰყვათ არა ცილა, არა ვირუსი, არამედ რნმ-ი, ეს არის Moderna და Pfizer-ი, რნმ-ი შემდეგ ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, რომ გამოიმუშაოს ვირუსის ცილები და ამ ცილების მიმართ იგივე ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. და მეხუთე ტექნოლოგია ე.წ. ვექტორული, რომელსაც მიეკუთვნებიან AstraZeneca და Jonson &Jonson-ი. ორგანიზმში შეჰყავთ არა ცილის გარსში გახვეული როგორც Moderna-ს და Pfizer-ს, არამედ გადამტანად იყენებენ ადენოვირუსს, რომელიც არის უწყინარი ვირუსი, ამ ადენოვირუსში ჩანერგავენ ინფორმაციას კორონავირუსის ცილების მისაღებად, ადენოვირუსს შეუყვანენ ორგანიზმს, ადენოვირუსი იშლება, გამოათავისუფლებს ინფორმაციას, ხდება ისევ ცილების წარმოება და შემდეგ ანტისხეულების. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 476 ადამიანს დაუდასტურდა, 791 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 310 310-ს. სულ 4 110 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ყველაზე მეტი - 923 შემთხვევაა თბილისში, ყველაზე ნაკლები - ერთი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსი 15 407 ადამიანს აქვს. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 27 თებერვალს გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ამავე წლის 11 მარტს გამოაცხადა. ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 21.01% პროცენტია სრულად აცრილი. აშშ-ში - 27.90%. ისრაელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სრულად აცრილია მოსახლეობის 50%-ზე (56.23%)მეტი. 24 აპრილს, ბოლო 10 თვეში პირველად, ისრაელში დღე-ღამეში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.
გმირების უკვდავსაყოფად, თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხსოვნის წიგნი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოწყობილ პოსტამენტზე გმირების უკვდავსაყოფად ხელნაწერი ხსოვნის წიგნი განთავსდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წითელი ლენტი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გაჭრეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას. როგორც ცნობილია, ხსოვნის წიგნში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა მონაცემებია შესული.
პროკურატურამ 9 მოქალაქის მიმართ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვლში კომპანია - შპს „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილებს ყიდულობდა და საქართველოში ჩამოჰყავდა. 2019 წელს შპს „ამერიკან ტრანს“-სა და მის წარმომადგენელს ა.გ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ და ვინაიდან, ვეღარ მიიღებდა ავტომანქანებს, ა.გ. -მ დავალიანების დაფარვის მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა სასურველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, 9 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 336 772,27 ლარს თაღლითურად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ა.გ. 2021 წლის 28 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა Sputnik V ჩაიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა Sputnik V-ის პირველი პარტია, 6 500 დოზა, ჩაიტანეს. ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. როგორც ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ განაცხადა, ვაქცინაცია ჩატარდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. მისი თქმით, ვაქცინა არ გადანაწილდება რაიონებში, რადგან შენახვის პირობები მხოლოდ ცენტრალურ საწყობშია. ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან, შემდეგ კი პედაგოგები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, სამართალდამცველები და მოქალაქეები, "მომავალში ყველა, ვისაც სურს."
ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი გარდაიცვალა
ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის (ALDE Party) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი ავადმყოფობის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. ALDE-ს გენერალური დირექტორი იაკობ მოროზა რასმუსენი წერს, რომ ჰანს ვან ბაალენი გუშინ, საკუთარ სახლში, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ბაალენი ALDE-ს პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორმა ხელფასი 4 600 ლარით, თვითნებურად გაიზარდა
"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორმა ხელფასი 4 600 ლარით, თვითნებურად გაიზარდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის სამსახურმა "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" 2018-19 წლების საქმიანობა შეისწავლა. "სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2,900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა ბრძანებით, საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7,500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2,900 ლარი განისაზღვრა. დირექტორის ბრძანება შრომის ანაზღაურების 7,500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციას. კომპანიის განმარტებით, სააგენტოს რეგულარულად ეგზავნება საშტატო განრიგი და აქედან გამომდინარე სააგენტო ინფორმირებული იყო დირექტორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით", - წერია ანგარიშში. ამასთანავე, 2018-2019 წლებში პრემიები გაცემულია ასევე კომპანიის დირექტორებზე, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიის დირექტორის და დირექტორის მოადგილის ბრძანებების საფუძველზე, 7-ჯერ, ჯამში − 43,875ლარი. "2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა", - წერია დასკვნაში.
ჯო ბაიდენი: აშშ-ში შემოდგომაზე შესაძლოა, სკოლები სრულად გაიხსნას
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შემოდგომაზე სკოლები გახსნილი უნდა იყოს. როგორც თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, CDC და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ სეზონისთვის სკოლების სრულად გახსნა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინით არ აიცრებიან. ”მეცნიერებისა და CDC- ს რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლები ყველა ღია უნდა იყოს”, - თქვა ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ CDC– ის რეკომენდაციების მიხედვით, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს გარე სივრცეში შეუძლიათ, რომ ნიღბები არ ატარონ. კითხვაზე აპირებს თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი, რომ ნიღაბი აღარ ატაროს, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ რა თქმა უნდა, თუმცა მისივე განმარტებით მოსახლებასთან ბევრი შეხვედრები მოუწევს, შესაბამისად პირბადის ტარება საჭიროა, რათა სხვებს გაუფრთხილდეს, ვინც ვაქცინირებული არ არის. მისივე თქმით, მიუხედავად ვაქცინირებული ადამიანების პრივილეგირებისა, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, ვაქცინაცია არ ჰქონდეს ჩატარებული - განსაკუთრებით ბავშვებს ამიტომაც, ხალხმრავალ სივრცეში ნიღბის ტარება "პატრიოტული პასუხისმგებლობაა".
საკოორდინაციო საბჭო მუშაობს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც არ შეეხება სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხდებით, საბჭო მუშაობს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც არ შეეხება სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს. მისივე თქმით, ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია, ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა. „მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი და შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა, თუმცა საბჭო, ცხადია, საბჭო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
2-დან 4 მაისის ჩათვლით, საფლავებზე გასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აკრძალული
საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. "როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ღიბრაძის თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული
"ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში საქართველოში
1 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ, 2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ცალკეულ რაიონში იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება. ქ. თბილისში 1 მაისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2-3 მაისს დღის საათებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსმდე მოიმატებს.