ძებნის რეზულტატი:
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ერეკლე ღვინიანიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ხელმძღვანელი წარადგინა. უწყების თავმჯდომარის თანამდებობა ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავა. რატი ბრეგაძის განცხადებით, ერეკლე ღვინიანიძე სააღსრულებო სისტემაში გამოცდილი და პროფესიონალი კადრია, რომელიც აღსრულებას უფრო ეფექტურსა და სოციალურ მიდგომაზე მეტად ადაპტირებულს გახდის. მინისტრის თქმით, ახალ თავმჯდომარეს აქვს შესაბამისი განათლება და ყველა საჭირო უნარი, რათა სწორად წარმართოს სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმა. აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტურ აღსრულებას. ბიუროს ახალი თავმჯდომარე სააღსრულებო სისტემაში 20 წელია, მუშაობს. ერეკლე ღვინიანიძე 2002-2012 წლებში სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წლიდან კი კერძო აღმასრულებელი იყო. ახალი ხელმძღვანელი მუშაობას დღეიდან შეუდგა.
აშშ-ის საელჩო: საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო
ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. „ქართულ ოცნებას“, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ჯიმ რიში: სამწუხაროდ, ჯო ბაიდენის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ საერთოდ არ იყო ნახსენები
სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, კონგრესში ამერიკის პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლისას თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ს მშენებლობას არ შეეხო, რაც მისი თქმით ნიშნავს, რომ ბაიდენს მილსადენის მშენებლობის შეჩერება არ სურს. ამის შესახებ განცხადებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „სამწუხაროდ, დღევანდელ გამოსვლაში ვლადიმერ პუტინის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ საერთოდ არ იყო ნახსენები. ეს რუსული გაზსადენი, რომლის შეჩერებაც პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას. კონგრესმა რამდენჯერმე იმოქმედა ორპარტიული პრინციპით, რომ ადმინისტრაციას სწრაფი ნაბიჯები გადაედგა, რათა ეს რუსული პროექტი არ დასრულებულიყო. დრო იწურება, პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონი უნდა დაიცვას“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში. მისივე თქმით, აშშ-სთვის მთავარი გამოწვევა არის ურთიერთობა ჩინეთთან, რაშიც პრეზიდენტ ბაიდენს ეთანხმება. სენატორი მოუწოდებს თეთრი სახლის ლიდერსა და სენატის დემოკრატ წევრებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. ”ამ საღამოს ჩემთვის გასაგებია, რომ მე და პრეზიდენტი ბაიდენი მინიმუმ ერთ რამეში ვთანხმდებით - ჩვენი უდიდესი საერთაშორისო გამოწვევა ახლა და ათწლეულების განმავლობაში არის ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან. მისთვის კარგი ამბავი მაქვს: სენატს აქვს გამოწვევა. ჩვენი კომიტეტის კანონპროექტი ორპარტიული მუშაობის ნამდვილი ნაწილია. ეს არის გრძელი მარათონის ძლიერი დასაწყისი. თუ პრეზიდენტ ბაიდენს და სენატის დემოკრატებს სურთ უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე მხოლოდ ორპარტიული პარტიის ღირსებებზე ისაუბრონ, მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი კომიტეტის კანონპროექტის დამოუკიდებელ საკითხს შემდეგ თვეში, დაუშვან ძლიერი დებატები და რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონი", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა
„სინოვაკის“ ვაქცინების 100 000 დოზა საქართველომ უკვე მიიღო. ვაქცინებით დატვირთული „ვიზეარის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა. „სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკის“ ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული. ამასთან, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.
დავით ზალკალიანი: ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკი“ საქართველოშია, მადლობა მათ დონაციისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას ეხმაურება და ჩინეთის ხელისუფლებას გაღებული საჩუქრისთვის მადლობას უხდის. „ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს ზალკალიანი.
თამარ გაბუნია: თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით ვიმსჯელებთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,სინოვაკის თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს სინოვაკის გამოყენება - ასეთი გადაწყვეტილებაა საბჭოს მიერ მიღებული. ჯანმოს მიერ მაისის დასაწყისია სინოვაკის ავტორიზაციის თარიღად დასახელებული. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით იმსჯელებს საბჭო მის გამოყენებაზე. ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი, ასევე უკრაინა. კეთილსაიმედო შედეგებია სინოვაკის და, რაც მთავარია, სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს", - განაცხადა გაბუნიამ.
ჰანს კლუგე: შეზღუდვების ძალიან სწრაფად შემსუბუქებამ შესაძლოა ახალი შემთხვევების მატება გამოიწვიოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე ევროპულ მთავრობებს აფრთხილებს, რომ კოვიდშეზღუდვების ძალიან სწრაფად შემსუბუქებამ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეიძლება გამოიწვიოს. „დამცავი ზომების შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია, იდეალურ ქარიშხალამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ინდოეთში შექმნილი სიტუაცია ყველგან შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია. „ევროპის რეგიონში ვაქცინაცია ახლა წინ მიიწევს. მოსახლეობის 16%-მა პირველი დოზა მიიღო, ხოლო 7% სრულად აცრილია. იქ, სადაც მაღალ რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება. ვაქცინებისა და ჯანდაცვის ძლიერი ზომების კომბინაცია ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების მკაფიო გზას გვთავაზობს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
Apple რუსულმა ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა
The Economic Times-ის ინფორმაციით, რუსულმა ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული კომპანია Apple 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა. როგორც ცნობილია, ანტიმონოპოლიური სამსახური ამერიკულ კომპანიას ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო ედავება. გამოცემის ცნობით, რუსული მარეგულირებული ორგანო აცხადებს,რომ Apple საკუთარ ოპერატიულ სისტემა iOS-ს კონკურენტი კომპანიებისა და აპლიკაციების წინააღმდეგ არასამართლიანი უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებდა. Apple-ის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ, მათი თქმით, კომპანია ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და პატივისცემით ეპყრობა როგორც მომხმარებლებს, ასევე აპლიკაციების დეველოპერებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ მან, ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კვირას ეთერში გასვლამდე დააანონსეს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსული ძალების უკან დახევა შეინიშნება.
დღეიდან თურქეთში სრული ლოკდაუნის რეჟიმი ამოქმედდა
თურქეთში დღეიდან სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღო. ლოკდაუნის განმავლობაში ყველა ოფისი, სამუშაო ადგილი დახურული იქნება. საქალაქთაშორისო მოძრაობა სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს. გარდა ამისა, ლოკდაუნის მოქმედების პერიოდში სკოლები და ბაღები დაიხურება, ხოლო დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ლოკდაუნი 17 მაისამდე გაგრძელდება.
დღეს წითელი პარასკევია
დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია.მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი შესრულდება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე შეასრულებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
ჩინეთის ელჩი: იმედი გვაქვს, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება
ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინა არის საკმაოდ უსაფრთხო, რაც ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. მისივე თქმით, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება. „ჩინეთი საქართველოში ვაქცინას მეორედ აგზავნის. პირველად ეს იყო „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, ამჯერად კი საქართველომ მიიღო „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა და ეს ერთი თვის განმავლობაში მოხერხდა, რაც საკმაოდ რთული იყო. ჩინური ვაქცინა არის საკმაოდ უსაფრთხო, რაც ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. იმედი გვაქვს, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმაში, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა. ცნობისთვის, გუშინ, საქართველომ ჩინური ვაქცინის ,,სინოვაკის" 100 000 დოზა მიიღო.
დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე ახალი უკრაინული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline იწყებს. „დღეიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში ერთი სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში სამი სიხშირით შესრულდება“, – აცხადებენ სააგენტოში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიანიჭა. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარიული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 476 ადამიანს დაუდასტურდა, 791 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 090 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 805 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 310 310-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.70%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.85%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 290 767-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 110 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 427, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 71, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, მათგან თბილისში - 98, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 402 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 554 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 406 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 989 პირი, აჭარაში - 2 767, იმერეთში - 1 314.
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 44 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ BBC იუწყება. შემთხვევა მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს „მძიმე კატასტროფა“ უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
განათლების სამინისტრო: მივმართავთ საზოგადოებას, სადღესასწაულო დღეებში ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი პროტოკოლი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში გააგრძელონ. „უქმე დღეების დაწყებამდე, საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართა. ქვეყანაში გაზრდილი კოვიდინფიცირების მიუხედავად, სამინისტრომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარმართულიყო და სკოლებში შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ სამინისტრო მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ყველაფერი გააკეთა სკოლებში უსაფრთხოებისთვის შენარჩუნებისთვის და კვლავ თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში გააგრძელონ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. უწყების ცნობით, 26-29 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. „საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იდენტურია წინა კვირისა, რაც საგანმანათლებლო სისტემისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი, რაც წინა კვირასთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა. მცირედ დაკლებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 115 მასწავლებელი იმყოფება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, თითოეული ადამიანი გამოიჩენს მოქალაქეობრივ შეგნებას და ზედმიწევნით დაიცავს დადგენილ წესებს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შესაძლოა, ჩინეთმა რუსეთს ისეთი დარტყმა მიაყენოს, ვეღარ გადარჩეს - კახა გოგოლაშვილი
„თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შეიძლება ჩინეთმა ამით ისარგებლოს და ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლისგანაც ის ვეღარ გადარჩება“, -ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთთან დაპირისპირების დროს, ერთადერთი, ვისკენაც ახლა რუსეთი იყურება, ეს არის ჩინეთი, რადგან ამერიკა ჩინეთს უფრო მეტად, თვლის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ვიდრე რუსეთს. „ამიტომ თუ დასავლეთთან კონფლიქტი უფრო მეტად გაუმწვავდება, კრემლი ყველანაირად შეეცდება ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვოს.. თუმცა, არ მგონია, ჩინეთი ბოლომდე სანდო პარტნიორი იყოს რუსეთისთვის. ჯერ ერთი რომ მათ ტერიტორიები აქვთ გასაყოფი და თუ ვინმეს უჭირავს რუსეთის ტერიტორიებზე თვალი, ეს ჩინეთია. ევროპას და ამერიკას რუსეთის ერთი გოჯი მიწაც კი არ სჭირდებათ. ჩინეთი კი დიდი სიამოვნებით წაიღებდა მის ტერიტორიებს, რადგან ძალიან სჭირდება და ისტორიული პრეტენზიებიც გააჩნია“, - აღნიშნავს გოგოლაშვილი. მისივე განმარტებით, გარდა ამისა, ჩინეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი და რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან, ამ ბაზრებზე წვდომის დაკარგვა არ სურს. "ჩინეთის შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ევროპის და ამერიკის ბაზრებია. იმხელა სავაჭრო ბრუნვა აქვს ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 20-ჯერ აღემატება. თუ ის სანქციების გამო, ამ ბაზრებს დაკარგავს და მასთანაც ურთიერთობებს ჩაკეტავენ, სერიოზულად დაზარალდება. მაგრამ ომიც რომ დაიწყოს, დასავლეთიც ბოლომდე ვერ ჩაკეტავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი არიან. თუმცა, სავაჭრო ბრუნვა, თუ შემცირდება ეს ჩინეთს მაინც ძალიან დაარტყამს. არ მგონია ჩინეთის ხელმძღვანელობა ამდენად ჭკუამოკლე და ფანატიკოსი იყოს, საგარეო ურთიერთობების კონტექსტში. შეიძლება ჩინელების პოლიტიკა არ მოგვწონდეს და ფუნდამენტურად მცდარიც იყოს, მაინც კომუნისტური რეჟიმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიულად და გრძელვადიანად აზროვნებენ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ჩინეთის იმედი. ერთადერთი რაც რუსეთს იცავს და რითიც ის აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს, არის მისი ბირთვული არსენალი, მაგრამ არ ვიცით ჩინეთს რამდენად ეშინია უკვე ამ რუსული ბირთვული შანტაჟის. თვითონაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები აქვს, რუსეთის გასანადგურებლად, სამხედრო და სამოქალაქო თვალსაზრისით“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი
გახდება თუ არა საჭირო Moderna-ს ვაქცინით აცრისას 3 დოზის მიღება აუცილებელი - კომპანიის პრეზიდენტის განმარტება
Pfizer-ის შემდეგ, კიდევ ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კომპანიის Moderna-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 9-12 თვეში მესამე დოზის მიღება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ვფიქრობ, რომ სრულად ვაქცინაციიდან დაახლოებით 9-12 თვე ის პერიოდია, როდესაც იმუნიტეტის გამაძლიერებელი დოზა, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ადამიანები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მაშინ, როდესაც ინფიცირების რისკი მართლაც მაღალია“, - აღნიშნა Moderna-ს პრეზიდენტმა. სტივენ ჰოუგმა იმედი გამოთქვა, რომ გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ. „ჩემი აზრით, ყველას გვეშინია ზამთრის ეპიდემიის, როდესაც რესპირატორული ვირუსები მძვინვარებს. შემოდგომაზე გამაძლიერებელი დოზის მიცემა სწორი იქნება“, - განაცხადა მან.
ბათუმისა და სენაკის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
„საქართველოს რკინიგზა“ 3 მაისს ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. „გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 3 მაისს ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
კახა გოგოლაშვილი: უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის უკან დახევის შესახებ განცხადების დაჯერება, ჯერ ნაადრევია
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ განაცხადა უკრაინის საზღვრებიდან ჯარი გამომყავსო, ჯერ ამის დაჯერება ნაადრევია", - ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა გახა გოგოლაშვილმა განაცხადა. ანალიტიკოსის შეფასებით, უკრაინაზე თავდასხმის რისკი ჯერ კიდევ რჩება. "კი განაცხადეს ჯარები გაგვყავსო, მაგრამ ძირითადი ძალების დისლოცირებას, იქვე, ახლოს გეგმავენ. ფაქტია, უკრაინაში შეჭრა უკვე წამგებიანი იქნება მისთვის. ერთადერთი, რასაც რუსეთში მოსახლეობა ამართლებდა, იყო ყირიმის ანექსია. რაც შეეხება დონბასს, იქ ამართლებდნენ მხარდაჭერას და არა ანექსიას. მაგრამ ეს მხარდაჭერაც ფსევდოპატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები არიან და ა.შ. კრემლის დანარჩენ გეგმებს - შავი ზღვისპირეთი წაართვას უკრაინას, შეიჭრას უკრაინის სიღრმეში და კიევს შეუტიოს, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთის მოსახლეობა მხარს არ უჭერს, კრემლის ასეთ მოქმედებებს. უკრაინასთან ფართო მასშტაბიანი ომი არ სურთ. შეიძლება პუტინმა აქ სტრატეგიულად ძალიან წააგოს, თუ ასეთი სახის ომს წამოიწყებს და მით უმეტეს, თუ ეს ომი დამატებით პრობლემებს მოუტანს. მაგალითად ვერ მოახერხოს სწრაფი მოქმედება. უკრაინა ის აღარ არის, რაც 2014-ში იყო. ამიტომ შეიძლება სწრაფი გამარჯვება არ მოუტანოს და დიდი დანაკარგები ჰქონდეს. ძალიან არაპოპულარული შეიძლება გახდეს ეს ომი, თავად რუსეთში. ნავალნის საქმეც თავისთავად. ნავალნის, რომ რამე მოსვლოდა ან მოუვიდეს, სულ სხვა სიტუაცია იქნება, ვიდრე თავის დროზე ნემცოვის მკვლელობა. იმიტომ, რომ ნავალნიმ მოასწრო არამარტო ლაპარაკი, კრემლის კორუმპირებულობაზე კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოჩენაც. თუმცა ესეც არ არის ბოლომდე საკმარისი კრემლის პროპაგანდის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, მაგრამ ნავალნიმ მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოატრიალა სხვა მიმართულებით და თვალები აუხილა", - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ყირიმში ვიზიტის დროს გენშტაბსა და ჯარების მეთაურობას დაავალა, რომ 23 აპრილიდან, შეუდგნენ სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას. ამის შესახებ რუსულ „ნოვაია გაზეტას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. „მიმაჩნია, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ დაცვის შესაძლებლობა აჩვენა. ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში“, – განაცხადა შოიგუმ ყირიმში გამართულ თათბირზე. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების გამო, აშშ, დიდმა ბრიტანეთმა, NATO-მ და ევროკავშირმა შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს. აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო რომ, უკრაინაში ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუსეთს მოუწევდა ფასის გადახდა. კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი