ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის საელჩომ ქუთაისს $50 000 დოლარის ღრებულების დაბალი ტემპერატურის პლაზმის სტერილიზატორი გადასცა
„ვაქცინაციის პროცესში დახმარების მიზნით, აშშ-ის საელჩომ ქუთაისს $50 000 დოლარის ღრებულების დაბალი ტემპერატურის პლაზმის სტერილიზატორი გადასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. რეგიონებში ვაქცინაციის ძალისხმევაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა ქუთაისის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს $50 000 დოლარის ღრებულების დაბალი ტემპერატურის პლაზმის სტერილიზატორი გადასცა. ეს საჩუქარი აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს. კანონის მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ცვლილებები შევა სამ მუხლში: 116-ე, 173-ე და 247-ე. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. რაც შეეხება 247-ე მუხლს, რაც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს გულისხმობს, ცვლილებით დგინდება, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული შინაარსის მასალები სწრაფად დაიბლოკება
Deutche Welle-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული შინაარსის მასალები სწრაფად დაიბლოკება. გამოცემა წერს, რომ ინტერნეტპლატფორმებს რეგულაციის ამოქმედებიდანვე მოუწევთ მკაცრად გააკონტროლონ სოციალური სივრცეები და იმ შემთხვევაში თუკი მსგავსი შინაარსის მასალები გამოჩნდება, მასალის ასაღებად სულ რაღაც ერთი საათი ექნებათ. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმები უარს იტყვიან მასალის აღებაზე, ან ერთი საათის განმავლობაში ვერ მოასწრებენ მასალების სწრაფად დაბლოკვას, ჯარიმის საფრთხის წინაშე დადგებიან. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, გამონაკლისი დაიშვას საგანმანათლებლო, ჟურნალისტური, მხატვრული ან კვლევით მიზნებისთვის განთავსებულ შინაარსზე. კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისებს მცირე და არაკომერციული ოპერატორებისთვის.
„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა
„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „სინოვაკის" 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში. „სინოვაკის“ თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით მოხდება „სინოვაკის“ გამოყენება. მაისის დასაწყისი არის დაანონსებული „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი, ამას დაველოდებით, მაგრამ თუ გადავადდა და დაყოვნდა ეს პროცესი, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე. მას ფართოდ იყენებს თურქეთი, არის აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც. „სინოვაკის„ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტიანობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია და მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელს", - განუცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს.
თენგიზ ცერცვაძე: ყოველი 300 ვაქცინირებული ერთი ადამიანის გადარჩენას ნიშნავს
"ყოველი 300 ვაქცინირებული ერთი ადამიანის გადარჩენას ნიშნავს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციაზე მოთხოვნა თანდათან იზრდება „ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი (ზოგი ამბობს 500-ს) ნიშნავს ერთი ადამიანის გადარჩენას და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 40 ათასი ადამიანი უკვე აცრილი გვყავს, ჩათვალე, რომ 200 კაცი გადარჩა, 200 კაცი გადარჩა ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე: "კომენდანტის საათი" შემცირდება, თუ იქნა მასობრივი აცრები და ნიღბების 90-95%-იანი ტარება
თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, "კომენდანტის საათი" შემცირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "2% გვყავს ჯერ აცრილი და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ... ყველანაირი შეზღუდვა ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს "კომენდანტის საათი" დარჩება და ისიც შემსუბუქდება, ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, აი, თუ იქნა 90-95% და იქნა მასობრივი ვაქცინაცია, მაინც თუ მთავრობამ არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს, პირბადეები და ვაქცინა და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე",- განაცხადა ცერცვაძემ.
ნინო სუხიშვილი: ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა
„ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა“ - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. „კახი კავსაძე ძალიან დიდი პიროვნება, დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, ჩემი ოჯახის ყველა წევრის მეგობარი იყო. ძალიან დიდი ტკივილია მთელი ერისთვის, ქვეყნისთვის, ქართული თეატრისთვის, ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია. ძალიან დიდ ადამიანებს, ვკარგავთ, კახი კავსაძე საუკუნის ადამიანი იყო, განუმეორებელი პიროვნება და მსახიობი. ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია", - აცხადებს ნინო სუხიშვილი. კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდზე დაკრძალავენ.
საქართველოს პრეზიდენტი: საჭიროა ქვეყანაში NATO-ს წარმომადგენლობითობის გაზრდა
საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, NATO-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება. საქართველო ურყევად დგას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საჭიროა ქვეყანაში NATO-ს წარმომადგენლობითობის გაზრდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას. პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით NATO-ს მეტი ჩართულობა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სერ სტიუარტ პიჩიმ აღნიშნა, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. მხარეებმა ავღანეთში NATO-ს საერთაშორისო მისიაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.
მეცნიერებმა პირველი მუმიფიცირებული ორსული აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ძველი ეგვიპტის მუმიფიცირებული ორსულის პირველი ნაშთები, რომელიც 2 000 წელზე მეტი ხნისაა, თებეში აღმოაჩინეს. როგორც Daily Mail-ი წერს, ეს არის ორსული ბალზამირებული სხეულის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. გამოცემის ინფორმაციით, მუმიფიცირებული 20 წლის ქალბატონი იყო. სკანირებისა და რენტგენის სხივების შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვლილი ფეხმძიმობის 26-დან 30-ე კვირამდე პერიოდში იყო. როგორც ცნობილია, 2 000 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სხეული ფრთხილად შეფუთეს ქსოვილებში და ასევე დატოვეს ამულეტების მდიდარი ნაკრები. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ, რატომ არ მოხდა ნაყოფის ცალკე მუმიფიცირება. კვლევის ავტორთა თანახმად, მუმია იპოვეს სამეფო სამარხში თებეში, ზემო ეგვიპტეში. ნეშთი ამჟამად ვარშავის ეროვნულ მუზეუმში ინახება. როგორც გამოცემა წერს, ეს აღმოჩენა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს ძველი ეგვიპტის რელიგიასა და ნაყოფის სტატუსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გამო, თუ რატომ გადაწყდა ნაყოფის მოცილება დედისგან, ბალზამირებამდე
ჯეიმს აპატურაი: საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ
„საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში. ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცეკებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ი გააგრძელებს საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას ქვეყნის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებით. "მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთგული პარტნიორია, რომლისგან მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ 1992 წლიდან დღემდე, დაახლოებით 4 მილიარდი ევრო შეადგინა. EBRD- ის პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერი ევროპული მისწრაფებების ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება და ამ გზაზე EBRD-ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. "ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გასულ წელს, კრიზისში დახმარების კონტექსტში განხორციელებული საქმიანობა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და ევრობანკის სამომავლო გეგმებზე, გამოწვევების დაძლევისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარი ასევე შეეხო ინვესტორთა საბჭოს ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის აქტიურ პლატფორმას წარმოადგენს”, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კელი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება. ,,რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თითქმის ცამეტი წლისთავზე ელჩი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა. ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს, ამასთან, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება. რუხის საავადმყოფოში ელჩმა სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ეხმარება მათ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი სამეგრელოსა და აფხაზეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში.ასევე, ელჩი დეგნანი რუხის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები.ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრისას ელჩმა განიხილა რეგიონის უნიკალური გამოწვევები და ისაუბრა აფხაზეთში მაცხოვრებელთათვის აუცილებელი მომსახურების გასაწევად ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საგარეო: ვიშეგრადის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებენ
29 აპრილს გაიმართა ვიშეგრადის ჯგუფისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც, მიღებულ იქნა ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივი განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და დაგეგმილ სამიტზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალში მონაწილეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. უწყების ცნობით, ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივ განცხადებაში მინისტერიალის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილების მიმართ და მოუწოდეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩეს პრიორიტეტულად ევროკავშირის დღის წესრიგში და ხაზი გაუსვეს პარტნიორების ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას. "ვიშეგრადის ოთხეული მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს აღიაროს ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივა, ხოლო პარტნიორობის ფარგლებში დიფერენციის პრინციპით გაგრძელდეს თანამშრომლობა. ვიშეგრადის ოთხეული მზად არის ასოცირებულ ტრიოსთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმებების განახლებას საერთო ინტერესების მიმართულებით. ამ კონტექსტში ისინი ემხრობიან ასოცირებული პარტნიორების ევროპულ ერთიან ბაზარში თანდათანობითი, სრული ინტეგრაციის იდეასაც. ვიშეგრადის ოთხეული მიესალმა ასოცირებული პარტნიორების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის არაფორმალურ დოკუმენტს პარტნიორობის მომავლის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მათ უფრო ღრმა ჩართულობას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირთან გაღრმავებული თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან, უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შემდგომი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. განცხადებაში მინისტრებმა დაადასტურეს პატივისცემა და მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პარტნიორი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში არსებული კონფლიქტების დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად და დაგმეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ინციდენტები, რომელსაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. განცხადებაში აღინიშნა, რომ უსაფრთხოების ფართო კონცეფცია პარტნიორობის ფარგლებში უფრო კონკრეტულ ინიციატივებში უნდა ითარგმნოს. ევროკავშირმა დახმარება უნდა გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმების გატარებაში, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან ეფექტიანად გასამკლავებლად. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობა პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში, მინისტრები მოუწოდებენ ეროკავშირს მეტი ძალისხმევა გასწიოს ვაქცინაციის მიმართულებით მათ შორის, COVAX პლატფორმის მეშვეობით. ვიშეგრადის ოთხეულის მიერ გამოიხატა მზადყოფნა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაში აქტიური როლის შესასრულებლად, მათ შორის, სამიტის ფარგლებში შედეგებზე ორიენტირებული, ამბიციური დეკლარაციისა და მიზნების შეთანხმების ნაწილში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მარშალ სერ სტიუარტ პიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობასა და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს კონტრიბუციაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში NATO-ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. "NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს, ასევე, ისაუბრეს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და NATO-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ვაზიანში, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გენერალმა სერ სტიუარტ პიჩმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
Reuters-ის ინფორმაციით, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებას მოხდა. როგორც გამოცემა ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ორივე მხრიდან შეიარაღებული ძალების შენაერთებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანია დაშავებული. „ტაჯიკურმა მხარემ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე მიზანმიმართულად გამოიწვია კონფლიქტი და ვითარების გამწვავებას აგრძელებს. ორივე მხრიდან შეიარაღებული ძალების შენაერთებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში. 28 აპრილს ტაჯიკური მხარე ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიდეოზარის საშუალებით განხორციელებული საუბრისას მხარეებმა კოვიდით გამოწვეული მდგომარეობა და ორივე ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის საკითხი განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ტურიზმის ამოქმედების მნიშვნელობასაც. "ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილს 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და შეთანხმების პროცესში მის როლს გაუსვა ხაზი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მნიშვნელოვანია რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო და საარჩევნო სისტემები. ესტონეთის პრეზიდენტმა კი, ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი შეეხო ბორდერიზაციას, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასა და მოქალაქეების გატაცების ფაქტებს. საქართველოს პრეზიდენტი ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე ვრცლად ესაუბრა ესტონელ კოლეგას. საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისა და საქართველო-უკრაინა-მოლდოვასათვის საერთო ფორმატის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბათუმის კონფერენციაზე მოიწვია და მის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირის 3 ასოცირებული პარტნიორის სამიტის ორგანიზებას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს შესაძლებელი იქნება სამიტის ჩატარება. საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ნატო-სთან კიბერსუფართხოების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ავღანეთის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ავღანეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კალიულაიდიმ სალომე ზურაბიშვილს ავღანეთში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბრისას მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა, ევროკავშირის მხრიდან ინვესტირებისა და რეგიონში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა განიხილეს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბულგარეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
Deutche Welle-ს ინფორმაციით, ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. როგორც გამოცემა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, უწყებამ რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს თხოვნით მიმართა, ყოველმხრივი დახმარება გაუწიონ საბრძოლო მასალების საწყობებზე 2011-დან 2020 წლამდე მომხდარი აფეთქებებისა და ბულგარეთის სამი მოქალაქის მოწამვლის გამოძიების საკითხში. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ ბულგარეთში რუსეთის ელჩთან საფუძვლიანი საუბრისას განაცხადა, რომ სოფიას სურს, შეინარჩუნოს თანაბარი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები რუსეთთან და მოითხოვს რუსული მხარის აქტიურ და ეფექტურ ჩართულობას ბულგარეთის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების გარკვევის საკითხში. გასულ დღეს ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის ექვსი მოქალაქე დაადანაშაულა 2011, 2015 და 2020 წლებში ბულგარეთის ტერიტორიაზე განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობებზე მომხდარ აფეთქებებში.
„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენელი ჩაერთვება
„მოუთმენლად ველით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან მუშაობას, რათა მოვძებნოთ გამოსავალი“, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული გაერთიანება მხოლოდ მთავრობათა ან პროექტის განმახორციელებელი კომპანიების გაერთიანება არ არის. „ენერგეტიკული გაერთიანება ყოველთვის ღია იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის და ასეთივეა ჩემი პირადი დამოკიდებულება“, - აღნიშნა დირკ ბუშლემ, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის თაობაზე მედიაციის პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა წერილობით მიმართეს დირკ ბუშლეს და მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვა ითხოვეს. დირკ ბუშლეს განცხადებით, დისკუსიები ნამახვანის პროექტის გარშემო ძალიან კომპლექსურია. „მსურს წარვმართო კომუნიკაციის პროცესი საკითხის სწრაფი და მარტივი გადაწყვეტის მისაღებად. ამასთანავე იმედი მაქვს, რომ ერთობლივი სამუშაო პროცესი თავისთავად აღადგენს ნდობას, რაც მდგრადი გამოსავლის გამოკვლევისა და იდენტიფიცირების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამისათვის ჩვენ შევქმნით ორგანიზებულ პროცესს, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და ყველა პრობლემური საკითხის განსახილველად გამოტანის საშუალება“, - განაცხადა ბუშლემ. „ამ პროცესის დასაწყებად ვიწვევ ორივე მხარეს - მთავრობას და სხვადასხვა ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს - აირჩიონ და წარადგინონ მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლები. შემდეგ თითოეულ მათგანს დავუკავშირდებით და მოვისმენთ მათ გამოცდილებას, შეშფოთებას და მოლოდინს. პარალელურად, სამდივნო განიხილავს წარსულში გარემოსდაცვითი პროცედურების დოკუმენტაციის შესაბამისობას ევროპული კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან. აზრთა გაცვლის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მოხარული ვიქნები მოვიწვიო ყველა დაინტერესებული ჯგუფი შეხვედრებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი განხილვებისა და გადაწყვეტილების პოვნის საშუალებას“, - აღნიშნა დირკ ბურშემ. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას. ის სამდივნოს იურიდიულ განყოფილების ნაწილია და მას იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი და სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დირკ ბუშლე ხელმძღვანელობს.
დავით ზალკალიანმა ვიშეგრადის მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ვიშეგრადის ჯგუფისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის თავმჯდომარეობის ეგიდით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მინისტერიალში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ და პორტუგალიის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის ორ სესიაზე. „პირველ სესიაზე დავით ზალკალიანმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემატიკაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკასა და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. მეორე სესიაზე მინისტრის გამოსვლა მიეძღვნა უშუალოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობასა“ და მის მომავალს. დავით ზალკალიანმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი დაადასტურებს ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა დიფერენციაციის პრინციპის როლს, რომელიც ასახავს პარტნიორების განსხვავებულ მისწრაფებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს და ამ კონტექსტში მინისტერიალის მონაწილებს გაუზიარა საქართველოს მოლოდინი სამიტზე ისეთი ამბიციური მიზნის დასახვაზე, როგორიცაა ასოცირებული პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებულობაზე, რაც, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესრულებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება მიზანმიმართული დახმარება, მათ შორის, ევროკავშირის დამატებით ფონდებსა და პროგრამებზე წვდომის მიღებით. სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შემუშავების აუცილებლობას. მინისტერიალის დასრულების შემდეგ, მიღებულ იქნა ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივი განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ და დაგეგმილ სამიტზე.
თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება გეგმის თანახმად, ოთხი მაისიდან. როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმი“ ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის და უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს. „კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ „სინოფარმი“ დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.