ძებნის რეზულტატი:
ილია მეორე: რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებით
ბატონი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი. მისი თქმით, რეზო გაბრიაძის ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. „სულ ცოტა ხნის წინ დაგვტოვეს ბატონებმა - კახი კავსაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა და სხვებმა. დღეს კი ბატონ რეზოს ვაცილებთ. მის შესახებ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი... მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. დღეიდან ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა. ინებოს ღმერთმა, მისმა უკვდავმა სულმა საუფლო ნეტარებისა და მშვენიერების სამყაროში გააგრძელოს ცხოვრება და სავანესა მართალთასა განისვენოს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოუს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ. ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში. აღინიშნა, რომ მისი პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძალიან ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველო, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერას უდიდესი როლი ენიჭება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა EBRD-ის ჩართულობაზე ეკონომიკურ სექტორში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა. საუბარი შეეხო COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებს და განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი, როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი ასპექტები. საუბრისას, დადებითად შეფასდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, 2021 წლის 7-9 ივნისის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა რუსეთს განუსაზღვრა საბოლოო ვადა - მიმდინარე წლის 6 სექტემბერი - რათა ამ ვადაში განხორციელდეს კომპენსაციის გადახდა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით. "როგორც ცნობილია, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს აღესრულებინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება. მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე 2021 წლის სექტემბერში განაახლებს. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
NATO-ს სამიტის დღის წესრიგი გამოქვეყნდა
NATO-ს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებულინფორმაციაში ასახულია ის განსახილველი საკითხები, რომლებზეც NATO-ს სამიტზს იქნება საუბარი. კერძოდ, NATO-ს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის დოკუმენტის მეხუთე თავი საქართველოს და უკრაინას ეთმობა და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. „როდესაც საქმე საერთაშორისო წესრიგის დაცვას ეხება, ქვეყნები, როგორიც არიან რუსეთი და ჩინეთი, არ იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს. ისინი ამ წესრიგის მიმართ წინააღმდეგობის პირველ ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ღირებულებებსა და ცხოვრების დემოკრატიულ გზაზე. ევროატლანტიკური სივრცის დაცვის უზრუნველყოფისა და მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში NATO-მ მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით და ჩამოყალიბებით. ეს მოიცავს საერთო ღირებულებებისა და ინტერესების ერთხმად დაცვას. NATO 2030-ის ფარგლებში, მოკავშირეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს NATO-სთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხში. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.
საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონ ევროს მიიღებს
დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. „ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს, საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 480 მილიონ ევროს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ირიგაცია. ასევე წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი. შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა. 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილი კუპრიმ მოაწერეს.
დიეგო კოლასი: დროა, საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო დინამიური გავხადოთ
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ეს არის დრო, როდესაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პროგრამა, დღის წესრიგი უნდა დადასტურდეს და დინამიური გახდეს. როგორც ელჩმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმებისას განაცხადა, საქართველოში ინვესტიციები უნდა განხორციელდეს მდგრად ინკლუზიურ განვითარებაში, რასაც აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაც ემსახურება. ,,მთელს გუნდს ვულოცავ, 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა შეფიცეს საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნენ იმ დღიდან190 მილიონი ევრო გამოვყავით დახმარების სახით და ძალიან ვამაყობთ, რომ არა მარტო დავპირდი ქვეყანას, არამედ შევასრულეთ კიდეც ერთ თვეში. ბატონო პრემიერ-მინისტრო პოსტპანდემიურ პირობებშიც დაგეხმარებით, გპირდებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიურ გავხადოთ თანამშრომლობა, ინვესტიციები განვახორციელოთ მდგრად ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში, ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი , რომელსაც ხელს მოაწერენ. ასევე მნიშვნელოვანია ასეთი მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის, საფრანგეთისთვის იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში ეს არის ამბიციური პროგრამა , თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ 150 მილიონი ევრო იქნება ფულადად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობით, ამ თანხას დამატებული, მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია , გავაძლიეროთ დასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, გავამტკიცოთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები. კოლასმა სხვადასხვა პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით. „რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის“ სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის სფეროში, ირიგაციის სფეროში და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რეგიონულ განვითარებაზეც მინდა იგივე ვთქვა. კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა არის არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გუნდური მიდგომა და ეს ბუნებრივია, საქართველოს და საფრანგეთს შორის გუნდურ მიდგომას ვგულისხმობ და ეს არის „ჰაშთაგით“ მეგობრობა ევროპაში, რომელიც ასე შუქდება მედიაში ევროპის მასშტაბით და ასევე მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული პარტნიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გერმანიაში, რიგით მეორე ვთქვათ საქართველოში არის KFW, ენერგეტიკის სფეროში ერთად ვახორციელებთ პროგრამებს და მათაც ვაქებთ და ყოველთვის შევაქებთ, ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს და ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მათთან მუშაობა დასავლეთ ევროპული ინიციატივის გაძლიერების და კონსოლიდაციის კუთხით. ასევე, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთანაც. ეს არის ერთობლივი დაგეგმვის, ერთობლივი განხორციელების პროგრამა. ამიტომ გიხდით მადლობას ბატონო პრემიერო, რომ ამ ცერემონიას დღეს აქ ვმართავთ და ასევე მადლობას ვუხდი სესილს და ბატონ ლაშას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში. ცნობისთვის, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შედის
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილებებით ახლებურად წესრიგდება პირის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე უარის განცხადებასთან, სათადარიგო მოსამართლის დანიშვნასთან და ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები. კოდექსით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. საკითხის მომხსენებელმა, ინიციატივის ერთერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უკეთ ფუნქციონირებას, ცვლილებებით ზუსტად განისაზღვრება თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა. ცვლილებების თანახმად ასეთად მიიჩნევა ის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პირი სასამართლოს წარუდგენს დამაჯერებელ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება, რომ ის ასრულებს ისეთ სამუშაოს, როლის .
გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას
ლიეტუვა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. „საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. „ბორდერიზაცია“ დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლიეტუვა არასდროს შეეგუება ოკუპაციას და გააგრძელებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე წამოყენებას“, - დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას EUMM ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ვიზიტისას შეუერთდა პრეზიდენტ ნაუსედას, მიაწოდა მას ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და შესთავაზა საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე. ,,გაყოფილ სოფელ, დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება. პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით. დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა თბილად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის. . მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში
პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის და ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი არ იცვლება და 53 696 000 ლარს შეადგენს. „2022 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30 7 000 ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი - 17 589 000 ლარის ოდენობით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.
ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა. ბაიდენმა და ჯონსონმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსააც მათ „ახალი ატლანტიკური ქარტია“ უწოდეს. „ატლანტიკური ქარტია“ 80 წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დროს გააფორმა ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა, უინსტონ ჩერჩილმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა. „ახალ ატლანტიკურ ქარტიაში“ ნათქვამია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ერთგულია. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების აუცილებლობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობაზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ამავე დროს პირობას დებენ, რომ გვერდით დაუდგებიან ნატოს მოკავშირეებს. დოკუმენტში ასევე საუბარია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე. ცნობისთვის, თეთრის სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა მისი პირველი ევროტური პრეზიდენტის რანგში გუშინ დაიწყო. ის პირველად დიდ ბრიტანეთს ეწვია, სადაც გარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა, მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს.
NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით იენს სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, მათ მომავალი სამიტის, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარება და რუსეთის საკითხები განიხილეს. ,,პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე ჩვენი ღირებული პარტნიორის, უკრაინის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ NATO-ს სამიტი, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და რუსეთის მიუღებელი სამხედრო აქტიურობა. ხაზი გავუსვი ჩვენს მუდმივ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - წერს სტოლტენბერგმა Twitter-ზე. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.
ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან უზბეკ დავლატ ბობონოვს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია. ნიკოლოზ შერაზადაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორედ მოიგო. ტურნირზე დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და მარიამ ჭანტურიამაც (70 კგ.) იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.
კახა კუჭავა ნიდერლანდების ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მხრივ სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების შესახებ გაამახვილეს ყურადღება. კახა კუჭავამ ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო. ხაზი გაუსვა პარლამენტში ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში მისი, როგორც თავმჯდომარის დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მააიკე ვან კოლდამმა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ლიეტუვის პრეზიდენტი: ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. როგორც საოკუპაციო ხაზთთან ჩასულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ,,აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის იყო იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი ვითარებაა, როგორი ჰუმანიტარული მდგომარეობაა აქ და სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ყოფას, დარღვეულ ყოფას, რომელსაც განაპირობებს ზოგი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მოახდინოს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოსი. ვნახე რომ ხალხი ბევრ შესაძლებლობას არის მოკლებული, მათ არ შეუძლიათ, მიიღონ პენსია, არ აქვთ წყალმომარაგება , სკოლისადმი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და გართულებულია. ადგილობრივებს მე ვკითხე რაზე ოცნებობენ და იცით რა მიპასუხეს? ისინი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. ისინი თავის სახლზე ოცნებობენ ამიტომაც არის საჭირო ამ ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა, რომ მათი ოცნება ახდეს, რომ დაუბრუნდნენ სახლებს. ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ნაუსედა აცხადებს: „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისთვის დამატებით შესაძლო სანქციებზე არა მხოლოდ ბელარუსთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ინციდენტის გამო. უნდა წარმოიდგინოთ, ევროკავშირი არის 27 წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია და ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა აქვს იმის შესახებ, რა ხდება ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში. ზოგჯერ რთულია საერთო საზომის პოვნა ჩვენ შორის, მაგრამ ვცდილობთ, ამ საერთო საზომის პოვნას, ხშირად ეს გამოგვდის, ზოგჯერ ძალიან დაგვიანებულია და დიდი დრო სჭირდება, რაც პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის მარტივი“. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან
Bloomberg-ი: ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს
Bloomberg-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს. როგორც ცნობილია, სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი სანქციებს მოსამართლეებს, დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს დაუწესებს. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაკოს სამთავროს პრინცთან შეხვედრისას განიხილა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განიხილეს მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი, რომლის ინიციატივითაც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს ჯოელ ბუზუსაც შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.
დავით ზალკალიანი: მაქსიმუმ შედეგს დავდებთ, ამას საზოგადოება იხილავს, როცა NATO-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები გამოქვეყნდება
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. ამის შესახებ მან ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში Support rules-based international order. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. „საქართველოს თემატიკა NATO-ს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში,რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ,რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება,ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ,რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულენები,რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან.”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამიტზე საქართველოს მოწვევის საკითხზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გაჟღერდა,რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საქართველოს საკითხი სრულფასოვნად განიხილება NATO-ს მოახლოებულ სამიტზე, რაც მინისტრის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური საქმიანობის შედეგი და დიდი წარმატებაა. ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით NATO-ს თითოეულ წევრ ქვეყანასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული , რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს, როცა გამოქვეყნდება NATO-ს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტის დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნდა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება საკუთრების უფლება, განათლების უფლება დამიმოსვლის თავისუფლება. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის მსგავსად, რომელიც საქართველოს ისტორიული გამარჯვებით დასრულდა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების ეფექტიან დაცვას მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი დავის ფარგლებში. აღნიშნულ საჩივარზე წარმოება დროებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე (ე.წ. “ომის საქმე“) გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფილიპ რიკერი ილია მეორეს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, ისევ თბილისში დაბრუნდა და უწმინდესს შეხვდა. დღესვე, ფილიპ რიკერი ჯვრის მონასტერს მოინახულებს, რომლის დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია-კონსერვაცია სწორედ ამერიკის დაფინანსებით ხორციელდება. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია.