ძებნის რეზულტატი:
სერბეთში, საბრძოლო მასალების უმსხვილეს ქარხანაში აფეთქება მოხდა
ABC News-ის ინფორმაციით, სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. როგორც გამოცემა სერბულ მედიაზე დაყრდნობით წერს, აფეთქება ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ქარხანასთან ახლოს მდებარე ქალაქის, ჩაჩაკის მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც ცნობილია, აფეთქება ქარხანა „სლობოდაში“ მიმდინარე თვეში მეორედ მოხდა. 4 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად, პერსონალის დროული ევაკუაციის გამო არავინ დაშავებულა. „სლობოდა“ სერბეთის უმსხვილესი ქარხანაა, რომელიც 1999 წელს, კოსოვოს ომის დროს NATO-ს ავიათავდასხმების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა
Al Jazeera-ს ინფორმაციით, უგანდელ სპორტსმენს, რომელიც იაპონიაში, ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი იზოლაციაში გადაიყვანეს. „ყველა სპორტსმენი, რომელიც 19 ივნისს ტოკიოს ნარიტას აეროპორტს ეწვია, სრულად იყო ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს. ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 521 ადამიანს დაუდასტურდა, 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 408 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 881-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.66%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947 საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 476, აჭარაში - 211, იმერეთში - 387. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12. 589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 865 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3403, აჭარაში - 1 131, იმერეთში - 1 059.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას დაიხურება
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. 25 ივნისს დაგეგმილია პლენარული სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოუსმენენ. ამასთან, პარლამენტი მუშაობას არ ასრულებს და რიგგარეშე სესიის ფორმატში მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილია უზენასესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ასევე, ცესკოს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.
მსოფლიოში Covid19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 177.1 მილიონს გადააჭარბა
ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ, Covid19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 177.1 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დროს კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 3 840 223 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია, სადაც Covid19 დღემდე 33 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 600 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები იზრდება ბრაზილიაშიც. ქვეყანაში Covid19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. უკვე მესამე დღეა, 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება ბრიტანეთში. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად მოსახლეობაში „დელტა“ ვირუსის სახელი ცნობილი შტამი ვრცელდება.
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს. „ბოლო დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას (მაისურაძე) გამო. ვუპასუხებთ ხშირად დასმულ კითხვებს - 2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლის და მონაზვნისათვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ. ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს. ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ. ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო. ცნობისათვის, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობა ყოველთვის აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.
20 ივნისი მამის დღეა
დღეს მამების დღეა. აღნიშნული თარიღი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დღეს აღინიშნება, თუმცა ძირითადად მას ივნისის მე-3 კვირა დღეს ზეიმობენ. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი. აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ. მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ. მამების დღე აგრეთვე აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-მა, გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ (Men Care) ფარგლებში კამპანიის მიზანია, წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას.
პარლამენტის წინ 20 ივნისს დაზარალებულების აქცია გაიმართება
20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავენ. პროტესტს სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 2019 წლის 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს. აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან ამნისტიას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 20 ივნისის საქმეებზე პარლამენტმა უნდა მიიღოს. ცნობისთვის, დღეს ორი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან, რომლის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა. 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. სწორედ ის უძღვებოდა სხდომას, რომელშიც 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და რომლის თბილისში ჩატარებაც უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით დაიგეგმა. გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს. 22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
რუსეთის ელჩი აშშ-ში ბრუნდება
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი დღეს შეერთებულ შტატებში ბრუნდება. ელჩის თქმით, მომდევნო კვირა შეხვედრებით დატვირთული ექნება. „ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვაგრძელებთ პროგრესს“, - ამბობს ანტონოვი. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა აშშ-დან საკუთარი ელჩი მარტში, მას შემდეგ გაიწვია კონსულტაციებისთვის, რაც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი ამერიკელი კოლეგა, ჯო ბაიდენი, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს, შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ელჩებს დააბრუნებდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში.
ხვალ არჩევნების შემსწავლელი კომისია თამარ ჟვანიას მოუსმენს
ხვალ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიასგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ. ამის შესახებ სხდომის დღის წესრიგითაა გაწერილი. გარდა ამისა, იგეგმება საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლისგან ახსნა-განმარტებების მიღებაც. სხდომა პარლამენტში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრის კანდიდატად ეკატერინე მიქაბაძე წარადგინა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამისი წარდგინება 21 ივნისის ბიუროს სხდომაზე შევა. შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 7 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია, მათგან 3-ს კი ამავდროულად აღმასრულებელი პოსტი უკავია.
რომის პაპმა დაამტკიცა დეკრეტი, რომლითაც რობერტ შუმანს „გმირული სათნოების“ მქონედ აღიარებს
BBC-ის ინფორმაციით, ვატიკანის განცხადებით, რომის პაპმა ფრანცისკემ დაამტკიცა დეკრეტი, რომლითაც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელს, რობერტ შუმანს „გმირული სათნოების“ მქონედ აღიარებს. როგორც ცნობილია, ტერმინი „გმირული სათნოება“ ნიშნავს, რომ ქრისტიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში განასახიერებდა რწმენის, იმედისა და სიყვარულის სათნოებებს და კათოლიკური ეკლესიაში ნეტარად აღიარების ერთ-ერთ ეტაპია, ხოლო ნეტარის სტატუსის მინიჭება წმინდანად აღიარების საწყის ეტაპს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს საფრანგეთის ქალაქ მეცის ეპარქიის მრევლმა შუმანის წმინდანად აღიარების მოთხოვნით არაერთი დოკუმენტი გაგზავნა ვატიკანის კანონიზაციის კომისიაში. რობერტ შუმანი 1886 წელს ლუქსემბურგში დაიბადა. მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში მას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები ეკავა. 50-იან წლებში კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მან ევროპის ქვეყნებს ქვანახშირისა და რკინის რესურსების გაერთიანება შესთავაზა. მის მიერ წარდგენილი გეგმა „შუმანის დეკლარაციით“ არის ცნობილი, რომელმაც 1957 წელს ევროპის ეკონომიკური გაერთიანების, ხოლო 1993 წელს ევროკავშირის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.
ვიეტნამმა ჩინეთისგან Sinoparm-ის 500 000 დოზა მიიღო
ვიეტნამმა ჩინეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Sinoparm-ის 500 000 დოზა მიიღო. Reuters-ის ცნობით, ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინები ძირითადად შემდეგი ჯგუფებისთვის იქნება გათვალისწინებული: 1. ვიეტნამში მცხოვრები ჩინელებისთვის; 2. იმ ვიეტნამელებისთვის, რომლებიც მუშაობას ან სწავლას გეგმავენ ჩინეთში; 3. ჩინეთის საზღვართან მცხოვრები ვიეტნამელებისთვის; ვიეტნამის შიდა ინოკულაციის პროგრამა, რომელიც მარტში დაიწყო, ძირითადად მიმდინარეობდაAstraZeneca- ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. 98 მილიონიანმა ქვეყანამ მიიღო თითქმის ერთი მილიონი დოზა AstraZenca-ს ვაქცინა, რომელიც იაპონიის მთავრობამ 16 ივნისს აჩუქა. ოფიციალურ მონაცემებით, ვიეტნამში თითქმის 2,4 მილიონ ადამიანია აცრილი ვაქცინის ერთი დოზით, ხოლო 115 315 სრულად ვაქცინირებულია.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე. მიზეზი აქციის მონაწილეების გადაწყვეტილება გახდა, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ. პოლიციამ განუმარტა, რომ კარვების გაშლის უფლებას არ მისცემენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება. აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. შეკრებილები შვიდივე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ნაციონალური მოძრაობდნენ. ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება. ისინი რიონის ხეობის დაცვის აქციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.
პატრიარქი: ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა. პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და დალოცა. „გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სულიწმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით. დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი", - განაცხადა ილია მეორემ
გლობალური მშვიდობის 2021 წლის ინდექსით, საქართველო 89-ე ადგილზეა
გლობალური მშვიდობის 2021 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს იკავებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ლიდერია. არასამათავრობო ორგანიზაცია „გლობალური მშვიდობის ინდექსის“ ანგარიშში საქართველოს საერთო ჯამში 2.05 ქულა აქვს მინიჭებული. ორგანიზაციის მოხსენებაში ცალკე არის გამოყოფილი ევრაზიის რეგიონი, სადაც მშვიდობის ინდექსით საქართველო მე-5 ადგილზეა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ საქართველო და შრი ლანკა არიან ქვეყნები, რომლებიც „2008 წელთან შედარებით, 2020 წელს 20 % - ით მეტად მშვიდობიანები იყვნენ. ქვეყნების მშვიდობიანობის საზომი, კომპოზიციური ინდექსი 23 რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორისგან შედგება, მათ შორისაა საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა, ჰომიციდი, იარაღთან წვდომა, ორგანიზებული შიდა კონფლიქტები, ძალადობრივი დემონსტრაციები, სამხედრო ხარჯები, ტერორისტული აქტივობა, მილიტარიზაცია და სხვა.
ისრაელის პრემიერი ირანის ახალ პრეზიდენტზე: მსოფლიომ უნდა გაიღვიძოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალინ ბენეტი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისიმის გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა ,,გამოიღვიძოს". ბენეტმა თქვა, რომ ირანის "სასტიკი რეჟიმს" ბირთვული იარაღი წარმოება სურს. ”ეს ბოლო შანსია, რომ მსოფლიო ძალებმა გაიღვიძონ. სასტიკი ჩამოხრჩობების რეჟიმს არასოდეს უნდა ჰქონდეს მასობრივი განადგურების იარაღი", - თქვა ბენეტიმ მთავრობის სხდომაზე. ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გამარჯვების შემდეგ პირობა დადო, რომ გააძლიერებს საზოგადოების ნდობას მთავრობისადმი და იქნება ლიდერი მთელი ერისთვის. ”მე ჩამოვაყალიბებ შრომისმოყვარე, რევოლუციურ და ანტიკორუფციულ მთავრობას”, - ციტირებს სახელმწიფო მედია. აღსანიშნავია, რომ ირანისა და ისრაელის დაძაბულობის ერთ-ერთი დიდი წყარო ირანის ბირთვული საქმიანობაა. ირანი ისრაელს მისი მთავარი ბირთვული მეცნიერის მკვლელობასა და აპრილში ურანის გამამდირებელ ერთ-ერთ ქარხანაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ისრაელს არ სჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არის მხოლოდ მშვიდობიანი და დარწმუნებულია, რომ იგი მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ცნობისთვის, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მხარი 62%-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა. როგორც ცნობილია, მისი ინაუგურაცია აგვისტოში გაიმართება. BBC-ის ცნობით, ახალარჩეული პრეზიდენტის წარსულს პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯას უკავშირებენ.
საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის მმართველი პარტიის კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების შანსები 13 რეგიონიდან არც ერთში არ აქვთ. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა Covid-19-ის პანდემიის გამო გადაიდო. Ipsos-ისა და Sopra Steria-ს პროგნოზით, 13 რეგიონიდან ექვსში ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს ხმების 50 პროცენტზე მეტის მიღებას, 27 ივნისს მეორე ტური გაიმართება. თავად ლე პენს არც ერთ რეგიონში არ დაუყენებია საკუთარი კანდიდატურა, თუმცა, აქტიურად ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და სავარაუდოდ, ემანუელ მაკრონს დიდ კონკურენციასაც გაუწევს. .
ჯეიკ სალივანი: აშშ ემზადება რუსეთისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად
აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნულ უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც CNN-ი წერს, სანქციების ახალი პაკეტი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საკითხს უკავშირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა მიხვდება, რომ ამით „საჭირო მიზნებს“ მიაღწევს. „სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტიის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს შედგა. სამიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს, ეს კიდევ ერთი „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ იქნება.