ძებნის რეზულტატი:
სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ ევროკავშირში სლოვენიის თავმჯდგომარეობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული. სლოვენიამ ევროკავშირის თავმჯდომარეობა პორტუგალიიდან გადაიბარა. სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვის განმავლობაში იქნება. 2021 წლის 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს, მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი სლოვენიის პრემიერმინისტრი იანეზ იანშა იქნება. სლოვენიის ლოზუნგია - "ერთად. მდგრადობა. ევროპა". "ევროკავშირის ახალი თავმჯდრომარეობის 6-თვიანი პროგრამა 4 პრიორიტეტს ეფუძნება. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ - ევროკავშირის აღდგენას და გავაძლიეროთ მისი მდგრადობა, ვფიქრობთ ევროპის მომავალზე, გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა და ევროპული ღირებულებები. ასევე გავზარდოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპულ სამეზობლოში", - ნათქვამია განცახადებაში.
კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე: ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ბოდიში მოუხადონ
„დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკ-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. ის იმედოვნებს, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. კახა კუჭავას თქმით, ადამიანები, რომლებიც თამარ ჟვანიას ბრალს სდებდნენ, უნდა გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ. „უმნიშვნელოვანესია, რომ ყველანაირი პროცესი, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე, მე მგონი არც არავინ არ არის წინააღმდეგი და თუ რამე მოსამზადებელი პროცესი წარიმართება პარლამენტში, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, რომ იყოს ბოლომდე გამჭვირვალე და იყოს ყველას ჩართულობა. ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევისას კრიტერიუმები ალბათ, ყველასთვის ცნობილია - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ამ საქმის პროფესიონალობა, რომელიც უნდა იყოს ალბათ, გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება პროცესს ფაქტია, რომ პარლამენტში გადაინაცვლებს ეს პროცესი და საჭირო არის, რომ კონსენსუსით მოხდეს ამის შეთანხმება. თუმცა, არის შესაბამისი მექანიზმებიც, რომლებიც გამორიცხავს ჩიხში შევიდეს ეს პროცესი, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ღია და ინკლუზიური პროცესი იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მით უმეტეს, მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო, ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი. ფაქტი ერთი არის, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, ხდება ბრალდებების წარმოდგენა, ტალახის სროლა და ბოლომდე განადგურება ადამიანის და შემდეგ ვერც ამტკიცებ იმას, რასაც ამბობდი, არ გაქვს არგუმენტები. რა თქმა უნდა, პიროვნულად რთულია ამის გადატანა. პოლიტიკოსებს ეს ხშირად გვაქვს გავლილი, როდესაც აბსოლუტურად არა არგუმენტირებულად ხდება კრიტიკა და მიწასთან გასწორება და შემდეგ ვერც ამტკიცებ რეალური მიზეზი, ან არგუმენტი რა იყო ამის გაკეთების. თამარ ჟვანიამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე არ მიკვირს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს როგორც ეხმაურებიან თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა
ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება
„შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-თან ინტერვიუში. _რა არის ის ძირითადი/პრიორიტეტული რეფორმა, რომელიც წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე? Europetime-ის ამ შეკითხვას ნატალია ვუტოვამ უპასუხა. „შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელებას და ზოგადად, ეთიკის ნორმების და სამართლიანობის პრინციპის უმაღლესი სტანდარტების დაცვას სასამართლო სისტემაში არსებითი მნიშვნელობა ექნება 2021 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში მოვიდეს რაც შეიძლება სწრაფად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა პრიორიტეტად დარჩება“, - აღნიშნა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-თან ინტერვიუში. ნატალია ვუტოვა: მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს
გაერო: საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება
2021 წელს, საერთაშორისო ტურიზმის შემცირების სტაგნაცია დასავლეთის ზოგიერთ ბაზარზე, მთლიანობაში, 2.4 ტრილიონ დოლარამდე ზარალს მიაღწევს. საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება. - ამის შესახებ ინფორმაციას, გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. კვლევაში აღნიშნულია, ვაქცინაციასა და სერთიფიკატებს საერთაშორისო ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი აქვს, რაც მრავალი ქვეყნის, განსაკუთრებით, კუნძულოვანი სახელომწიფოების „მარჩენალია“, რომლებიც მნიშვნელოვნად ეყრდნობიან ტურიზმის სექტორს. UNCTAD-ის და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელმა 73%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით, რამაც გლობალურად ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების $2.4 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია. "ამ წლის პერსპექტივა ბევრად უკეთესი არ ჩანს", - განაცხადა რალფ პიტერსმა, UNCTAD– ის სავაჭრო ანალიზის ფილიალის პრესკონფერენციაზე.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო
ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის - აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის, დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის გუნდი ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება. ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. "ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი, ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე, რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება. მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია. ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“. - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე. "ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის/E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს დასავლეთ საზღვართან აკავშირებს, რაც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნად და ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს და აგრეთვე გვაკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდს ჩვენი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების დღის წესრიგის მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.” - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აღნიშნა: „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერიაა და ევროკავშირის შეუძლია იამაყოს იმით, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. აღნიშნული დახმარების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები და ასევე გაძლიერდება, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრის, პოზიცია“. "უსაფრთხო, სწრაფი და თანამედროვე კავშირი საქართველოსა და რეგიონისთვისდასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახდება არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) მოიცავს მთელ ევროკავშირს და აძლიერებს ევროკავშირის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას, ხოლო მისი გაფართოებული ქსელები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ანალოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 2012 წლიდან ეხმარება, რითიც ხელს უწყობს ევროპის გუნდის იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების გატარებისაკენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილ იქნა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო, რაც ბანკის მიერ ქვყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილს, რომელიც გარანტირებულია ევროკავშირის მიერ. ევროკავშირმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები 26 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით შეავსო. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საპარლამენტო ფრაქციებმა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ , NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს ხელი მოაწერეს. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ეხება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. მისი თქმით, მემორანდუმზე ხელმომწერები უკრაინულ მხარესთან გამართავენ მოლაპარაკებებს, ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რათა საქართველოს და უკრაინის ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდეს. „ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ როდესაც ერთ ადგილზეა გაყინული NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა NATO-ს მიმართულებით, ჩვენ ამ არჩევანს მაქსიმალური ფორსირება გავუკეთოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება, დეკლარაციებისგან განსხვავებით, რეალურ შედეგს გამოიღებს, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. „ჩვენი მიზანია, ასევე უკრაინელ პარტნიორებთან ერთად გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა, რომლებსაც ერთი და იგივე გამოწვევები აქვთ, მოახერხონ, რომ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნების გაწევრება ევროატლანტიკურ სტურქტურებში და, ამ მხრივ, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება უკრაინელ კოლეგებთან მხოლოდ შეუწყობს ხელს ამ პროცესს“, - განცადა ბადრი ჯაფარიძემ. მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, რომ პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველასთვის, მოიწვევენ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ასევე NATO-ს წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ფრაქციები მემორანდუმის მიზნების და ამოცანების შესასრულებლად ფართომასშტაბიან ღონისძიებებს გეგმავენ, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ასევე განახორციელებენ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს NATO-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის NATO-სთან თავსებადობის დონის ასამაღლებლად.
დღეიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა
დღეიდან ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია Twitter-ზე ავრცელებს. როგორც ცნობილია, სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. დოკუმენტი QR-კოდს შეიცავს და უფასოდ გაიცემა. გავრცელებული ინფორმაციით, სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი. კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება PCR ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში 180 დღის განმავლობაში იქნება. ანტისხეულებზე სერტიფიკატის გაცემა ჯერ არ განიხილება. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის (კარანტინი, იზოლირება ან ტესტირება), თუ აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს.
გერმანიის ელჩი: საქართველოს სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა, მოქალაქეებს ამ სისტემისადმი უნდა ჰქონდეთ აბსოლუტური ნდობა
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება. ელჩის თქმით, მოსამართლეები უნდა დაინიშნონ ისეთი სისტემით, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ აბსოლუტური ნდობა სასამართლო სისტემისადმი. „ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა. მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, ამ რეფორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისა და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ დარჩეს ეჭვი მიკერძოებასთან დაკავშირებით. ისეთი სისტემით უნდა დაინიშნონ მოსართლეები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება", - განაცხადა ქნირშმა. პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს კელი დეგნანი: კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში წევრობისთვის მოსამართლეებმა მათ მიმართ კრიტიკას, ერთობლივი განცხადებით უპასუხეს ჰუბერტ ქნირში: შეშფოთებული ვარ, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ_ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, სტიქიის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 13:45 საათზე დაფიქსირდა.
დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ იზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე იზრდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ვაზიანი-21“ საბრძოლო სროლებით დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სამეთაურო-საშტაბო სიტუაციური სწავლება "ვაზიანი-21“ დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობდა. სწავლების დასკვნით ეტაპზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ოპერატიული ბრძანების გაცემის, ქვედანაყოფების სასწავლო თავმოყრის რაიონში გადაყვანის, შეტევითი, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჯავშანსატანკო, საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტები იყო მოზიდული. „ვაზიანი-21“ სწავლების მიზანი მე-4 მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები იყო.
NATO-ს წვრთნების პარალელურად, შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება გაიმართა
შავ ზღვაში NATO-ს წვრთნების პარალელურად, რუსეთმა საზღვაო ფლოტის სწავლება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული სადესანტო ხომალდების ეკიპაჟმა საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი პირობითი საზღვაო და საჰაერო სამიზნეების მიმართულებით გახსნა. გარდა ამისა, დიდმა სადესანტო ხომალდებმა მცურავი ნაღმების მაკეტები გაანადგურეს. ასევე, სამხედრო ვერტმფრენებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს პირობითი მტრის წყალქვეშა ნავების ძებნისა და აღმოჩენის მიმართულებით. მიმდინარე კვირას, რუსეთმა სამხედრო სწავლება შავი ზღვის რეგიონში უკვე მეორედ ჩაატარა. ორი დღის წინ, რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ანტისაჰაერო სისტემა გამოცადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური სწავლების „Sea Breeze 2021“-ის პარალელურად განხორციელდა. წვრთნები 28 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება. მასში NATO-ს წევრი და მოკავშირე 30 ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 სამხედრო ხომალდი და 40 საფრენი აპარატი მონაწილეობს.
შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 1-ელ ივლისს დაგეგმილ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 1-ელ ივლისს დაგეგმილ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს 1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დღეიდან, 1-ლი ივლისიდან თბილისი პრაიდის კვირეული იწყება.
სასამართლომ გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
პოლიტიკოსი გოგი წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ Europetime-ს დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა. უფლებადამცველის თქმით, დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეცვალასთან დაკავშირებით. ,,დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც იხილებოდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გოგი წულაია 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, - განაცხადა გელბახიანმა. ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წულაია ბრალს არ აღიარებს.
საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდ ”სოხუმისა” და ბრიტანული ხომალდ ”HMS DEFENDER”-ის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდ "სოხუმისა" და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის ეკიპაჟების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება რამდენიმე ფაზად განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა ელემენტს, მათ შორის, სამოქალაქო ხომალდების გადაადგილების მონიტორინგს, ეჭვმიტანილი ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და მის გამოკითხვას, დაზიანებული ხომალდის ბუქსირების იმიტაციას და საზღვაო მანევრებს. "ერთობლივი წვრთნები ბრიტანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. საზღვაო სწავლება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებლის HMS DEFENDER-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსთან მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა ბრიტანული ხომალდი HMS DEFENDER საქართველოშია
ევროკავშირის მხრიდან რეგიონს კონკრეტული სტრატეგია სჭირდება - ექსპერტის ხედვა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა 26 ივნისს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. მანამდე ასევე რეგიონული ტურნე ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს, ფილიპ რიკერს. საქართველოში მისი სტუმრობისას, სტრატეგიული პარტნიორისგან თბილისმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლისთვის მადლობა დაიმსახურა. ასევე მიმდინარე თვეს ეწვივნენ საქართველოს ამერიკელი სენატორები, რომლის დროსაც დაფიქსირდა, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. კონგრესის დელეგაცია მანამდე ჩავიდა უკრაინაში, და ლიეტუვაში, რომლის პრეზიდენტი მიმდინარე თვეს ასევე ვიზიტით იყო საქართველოში. უფრო ადრე, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ვიზიტები შედგებოდა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩასვლა ასე შეაჯამა: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან. ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. რუსეთს სომხეთში დამატებითი ძალები ნებაყოფლობით შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან 1940-იან წლებს მაგონებს ლიეტუვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელები“ ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს. მთლიან რეგიონს თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, რუსეთი ყველგან ქმნის „კალინინგრადს", მკაცრად მილიტარიზებულ ანკლავებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევებს. სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ნადირობა – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ამ განცხადებიდან დაახლოეობით ორი თვის შემდეგ, თბილისში, ლიეტუველ და რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „ჩვენ, რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ“. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, საქართველო რეგიონული მასშტაბით, გარკვეულწილად იზოლაციაში მოექცა იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა ორმა დიდმა სახელმწიფომ, არალიბერალურმა დემოკრატიებმა, თურქეთმა და რუსეთმა: „შესაბამისად, დასავლეთის როლი, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის აბსოლუტურად ნულის ტოლფასი იყო, არც კი ჩარეულან პროცესებში. მათი ინტერესი საერთოდ არ ჩანდა, რამაც გამოიწვია საქართველოს გაუცხოება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორები ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან. ამიტომ, თურქეთის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას საქართველომ უარით უპასუხა, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველომ უარი თქვა ამ ფორმატზე, ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს დასავლური აქტორების, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, საქართველო იზოლაციაში ექცეოდა რეგიონულ კონტექსტში და ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილის, ფილიპ რიკერის ვიზიტიც, რომელიც შეერთებული შტატების მხარდაჭერას გამოხატავდა, ასევე ლიეტუვის პრეზიდენტის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და ზოგადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შესრულებული როლი კრიზისის დროს, რითაც ევროკავშირმა სიგნალი მისცა ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ, მათ შორის რუსეთსაც, რომ საქართველო მისი ინტერესების სფეროში შედის და ამ კრიზისის გადაწყვეტაში რუსეთი კი არ ჩარეულა, არამედ ევროკავშირი ცდილობს მოგვარებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუმცა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამით უნდა ვიყოთ კმაყოფილი. სამწუხაროდ, ეს არ არის ჯერჯერობით რაიმე სტრატეგიის მანიშნებელი, ეს არის რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე რეგიონში და არა კონკრეტული ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს მიმართ, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „ჩვენ, რეგიონს სხვა აქტორებს“ არ დავუთმობთ, პოლიტოლოგი განცხადების დონეზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ მხარდაჭერად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამას სჭირდება კონკრეტული სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომელიც ჯერ არ ჩანს. „ახლა მიმდინარეობს ალბათ უფრო „გადახარშვის“ პროცესი, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არის კიდევ სხვა ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია და მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკის გატარებას და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გერმანიაში მოახლოებული არჩევნები და ასევე, საფრანგეთის არჩევნები, რომელმაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რადგან ამ ორ დიდ სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული კონტურები მისცეს ამ პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი რეგიონისკენაც. უნდა დაველოდოთ, რა ძალები გაიმარჯვებენ და ამის მიხედვით ველოდოთ, რამდენად რეალისტურია ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება რეგიონისადმი და განაგრძობს თუ არა ევროკავშირი რუსეთის სანქცირების პოლიტიკას, თუ გაიმარჯვებენ „დიდი პოლიტიკის“ მომხრეები, რომლებმაც შესაძლოა, აღარ გააგრძელონ რუსეთის სანქციების პოლიტიკა, რადგან ეს ასევე გავლენას ახდენს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებზე, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ვერ გააქვთ რუსულ ბაზარზე“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები ამ პროცესების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ გახდა, ცნობილი, რომ ბელარუსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას ტოვებს, ფორმატს, რომელიც წარმოადგენს ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას და მისი მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის, ახლა უკვე ბელარუსის გარეშე, ესენი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატსაც ახალი მიდგომა სჭირდება. საამისოდ კი კონკრეტული სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. „აღსანიშნავია, რომ ახლა ჩამოყალიბდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი და რამდენიმე დღის წინ ბელარუსმა განაცხადა, რომ გადის ამ ფორმატიდან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახალი მიდგომა სჭირდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატს და ამ სამი ქვეყნისადმი მხარდაჭერას, საამისოდ კონკრეტული სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - მიიჩნევს პოლიტილოგი. ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა მისი აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატის დატოვების გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბელარუსის რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და თვითონაც ამისკენ მიდის და ხელს უწყობს. ამასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ბელარუსი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, რაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს, რადგან რუსეთს ყოველთვის სურდა, სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში შეეერთებინა ბელარუსი: „რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლუკაშენკო წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ახლა როგორ წავა ეს პროცესი, ჯერ უცნობია, რადგან ლუკაშენკოსაც არ აქვს ქვეყნის შიგნით ლეგიტიმურობა და რამდენად მოახერხებს, გაუძლოს რუსეთის ზეწოლას, როცა საერთაშორისო იზოლაციაშია, ჯერ კიდევ საკითხავია. ბელარუსი მანამდეც ფორმალურად იყო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში და მისი გასვლა გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა ოპოზიციურ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და ამ კუთხით შეიზღუდა ევროკავშირის პოლიტიკა. ესეც ალბათ დროებითია, რადგან ბელარუსსაც სჭირდება ბალანსირება, რომ პირდაპირ „რუსეთს არ ჩაუვარდეს ხახაში“. დროთა განმავლობაში დარეგულირებას უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ზუსტად რეჟიმის ცვლილების შემდეგ მოხდება თუ მანამდე, ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ ბელარუსს სჭირდება მეორე საპირწონე, რომ რუსეთთან საკუთარი საგარეო პოლიტიკა დააბალანსოს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება ექსკლუზივი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს
დმიტრო კულება: პირდაპირ ვეუბნებით NATO-ს, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. „ჩვენ უკვე პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ვეუბნებით NATO-ს, შავ ზღვაში სიტუაცია უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი კონტროლს დაამყარებს და თავისი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინელი დიპლომატის თქმით, NATO-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან“. „ნელ-ნელა, თუმცა ჩნდება პოლიტიკის ელემენტები სწორედ შავი ზღვისთვის, სამწუხაროდ, არის ასეთი ინგლისური გამოთქმა – too little too late. ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან. ვისურვებდი, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. NATO-ს წვრთნების პარალელურად, შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება გაიმართა
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტისს ადმინისტრაცია ავრცელებს. ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ აღდგენის საკითხზე, რომელსაც ხელი ორმა პრეზიდენტმა 2019 წლის თებერვალში პარიზში მოაწერა და რაც თანამშრომლობის ამ უნიკალურ ფორმატში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს და ასახავს ამ თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას. საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის 100 წლისთავის აღნიშვნის საკითხი.
ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს და ფრენის სიხშირეს ზრდის
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ზრდის ფრენების ინტენსივობას საქართველოს მიმართულებით და ამატებს ერთ რეგულარულ მიმართულებას. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, ავიაგადამყვანი რეგულარულ რეისებს 4 მიმართულებიდან, კვირაში 11 დამატებითი სიხშირით შეასრულებს. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, დღეიდან – ივლისის ბოლომდე, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს: თბილისი – ქასიმი – თბილისის ახალ საჰაერო ხაზზე ფრენები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს; რიადი – თბილისი – რიადის საჰაერო ხაზზე, ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 6-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განხორციელდება; ჯედა – თბილისი – ჯედას საჰაერო ხაზზე, ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 7-ჯერ, ყოველდღიურად განხორციელდება; დამამი – თბილისი – დამამის მიმართულებით ფრენები დამატებით 2 სიხშირით შესრულდება და ჯამში, ავიარეისები კვირაში 6 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას გახორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
"თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნაზე ხმაური იყო
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. ისინი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც „პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული. "ჩვენ გვინდა, რომ უბრალოდ ეს კვირეული არ შედგეს, ამათ არავინ დასდევს, ჩვენ გვინდა მათი გამოსწორება და მხოლოდ ვუსურვებ სიკეთეს", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს