ძებნის რეზულტატი:
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასახულ მიზანს მიაღწია
ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი დოზა მიაწოდა, რათა შესრულდეს მიზანი, რომელიც გაერთიანებაში ზრდასრული ადამიანების არანაკლებ 70%-ის სრულად ვაქცინაციას ითვალისწინებს „მიზანი მიღწეულია. ევროკავშირის ქვეყნებში იმ ოდენობის ვაქცინაცია განხორციელდა, რომელიც გაერთიანების ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70%-ის სრულად აცრას გულისხმობს. კორონავირუსი ჯერჯერობით არ დამარცხებულა, მაგრამ მეტი ვაქცინაციის ჩასატარებლად მზად ვართ. ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთად გამოვალთ“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირის გრძელვადიან მიზანს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის საკმარისი ვაქცინების მობილიზება წარმოადგენს, რათა გაერთიანების მოსახლეობის სრული იმუნიზაცია განახორციელოს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინის ლიდერს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინელის ლიდერს მაჰმუდ აბას შეხვდა. ერდოღანმა შეხვედრისას განაცხადა, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისრაელის პოლიტიკა პალესტინელთა მიმართ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ერდოღანმა და აბასმა რეგიონული პროცესები და ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. ერდოღანსა და აბასს შორის პირისპირ შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მხარეებმა უკვე გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს.
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ თითქმის არცერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულების მკაცრი მონიტორინგის წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მოსახლეობა თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ იცავს. „სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უკვე ჩვენ თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია. იმართება უზარმაზარი თავყრილობები. ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული. სწორედ ახლა სხდომა იყო მინისტრთან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ალბათ ორშაბათ-სამშაბათს გაანალიზდება ბოლო ორი კვირის ეპიდსიტუაცია და საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წარდგება სხვადასხვა წინადადებით. პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.
,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა
"ტვპირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას "ტვპირველი" ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს ექსპერტიზა. ოპერატორი რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს. Europetime "ნიუ ჰოსპიტალსთან" დაკავშირებას ცდილობს. ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი ადამიანი თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიების ცნობით, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსო ლაშქარავას ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მირანდა ბაღათურია ჰყვება, რომ მის ოპერატორს უმოწყალოდ სცემეს. Europetime გარდაცვლილის ოჯახს და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,,ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. „დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა. აქვე აღვნიშნავთ რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია ოთხი პირი. ცნობისთვის, "ტვპირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 952 ადამიანს დაუდასტურდა, 999 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 658 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 623 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 952 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 152-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 11, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 448 საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 169, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 716 პირი, მათ შორის, თბილისში - 374, აჭარაში - 46, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 660 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 069 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 18. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 865, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 045.
კელი დეგნანი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კენკროვანი კულტურების ფორუმს „გურია 2021" დაესწრნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო წლებია, საქართველოს მეხილეობაში და, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში, კენკროვანი კულტურები ძალიან პოპულარული გახდა. ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაში სირთულეები და გამოწვევები ბევრია; სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ფორუმზე, რომელსაც კენკროვანი კულტურების განვითარებაში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ USAID-თან; მათი ახალი პროგრამა, სახელმწიფოსთან ერთად, ტექნიკურ დახმარებას უწევს როგორც ფერმერებს, ასევე გადამმუშავებლებს, რათა მათი პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გურია ლიდერობს კენკროვანი კულტურების გაშენების თვალსაზრისით. შედეგები მზარდია; სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაფინანსებულია 2500 ჰექტრამდე ახალი, თანამედროვე კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 45 მილიონ ლარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია კი, 60 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ფორუმის მონაწილეებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს, „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის" დეტალები განიხილეს და თანამედროვე ცოდნასა და აგროტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მწარმოებლებმა ფორუმის მონაწილეებს ის გამოწვევები გაუზიარეს, რაც კენკრის ექსპორტის და მარკეტინგის მიმართულებით არსებობს და რაც დარგის კონკურენტუნარიანობის გაზრდას უკავშირდება. „კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ძალიან იმედის მომცემი სექტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საექსპორტო ღირებულებამ 4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ზრდის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარს უჭერს მწარმოებლებს ახალი საშუალებების დანერგვაში, იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსავლიანობა, გაიზარდოს ხარისხი; შესაბამისად, ვთანამშრომლობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე მთავრობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას", - განაცხადა კელი დეგნანმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯაში გამართულ კენკროვანი კულტურების ფორუმს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები ესწრებოდნენ.ფორუმი „გურია 2021“ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 13 000 უბანი. ხმის მიცემის უფლება 6,7 მილიონი მოქალაქეს აქვს. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 23 პარტია და კოალიცია. ბულგარეთის პარლამენტი 240 ადგილიანია. კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება მოქალაქეებს პიბადითა და დისტანციის დაცვით უწევთ. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მცირე უპირატესობა აქვს პარტიას, რომელიც მმართველი პოლიტიკური წრეების წინააღმდეგ გამოდის. კვლევების მიხედვით, პარტია, სახელწოდებით „არსებობს ასეთი ხალხი“, რომელსაც ყოფილი ტელეწამყვანი ხელმძღვანელობს, მოქალაქეთა ხმების 21,8 პროცენტს მიიღებს. გამოკითხვებით, მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „გერბ“-ი. მესამე ადგილს კი სოციალისტებს უწინასწარმეტყველებენ, რომელთაც ელექტორატის 16,4 პროენტი უჭერს მხარს. არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები საღამოს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდგ გახდება ცნობილი. ვადამდელი არჩევნები ბულგარეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველმა პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი უდგას სათავეში, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა. ამის გამო ბორისოვი გადადგა და აპრილის შემდეგ, ქვეყენას დროებითი მთავრობა ჰყავს.
შსს გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას სთავაზობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის„ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს შესთავაზეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. „ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია. ,,უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია",- წერს Facebook-ზე ღარიბაშვილი. ცნობისთვის, დღეს ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა
მოძრაობა ,,დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა და ამ ფორმით ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტა. "წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები, მოძალადეები იყვნენ მოკალათებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს მოქალაქე დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში უკვე ერთი წელია იმყოფება. ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა ორი მუხლით აქვს მისჯილი – ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთა და სამხედრო პირზე თავდასხმა. ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ცენტრალური ხელისუფლება როგორც ჟენევის მოლაპარაკებებზე, ასევე ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე ითხოვს. ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის. „ერთი წელი გავიდა და უფრო მძიმეა დღეს ამ ყველაფრის შეფასება. ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა. ბევრი რამ იყო, რაც შეიძლებოდა, გამოეყენებინა, თუნდაც დაკავებული რუსი სამხედროების გათავისუფლება. კი, ხელისუფლება მუშაობს საერთაშორისო მიმართულებით. ბევრი მხარდამჭერი განცხადება იყო ელჩების თუ საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს არაა საკმარისი. ერთი წლის წინაც და ახლაც ოჯახის ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, რომ ზაზა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს“, – აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება
„ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. ტელეკომპანიის ინფორაციით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც", რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
,,ნიუ ჰოსპიტალის" დირექტორის ინფორმაციით, ,,ტვ პირველის" ოპერატორის შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს
კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალის" დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, ,,ტვ პირველის" ოპერატორის შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს. მისი თქმით, კლინიკიდან გაწერამდე ლექსო ლაშქარავას ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა. „ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8-ში გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომობთ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან სრული თანამშრომლობაა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას. რაც შეეხება გაწერას, აბსოლუტურად სტანდარტის მიხედვით მოხდა ყველაფერი. არაფერი აქ უცნაური არ არის, ეს არის სტანდარტი და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები. რაც შეეეხება დანარჩენს, თეორიებზე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ რა თქმა უნდა ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ჩაუტარდა ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პრეზიდენტი ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა. "ტვპირველის" ინფორმაციით, ზურაბიშვილი გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება
პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე: აუცილებელია, რომ საქმე გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების საქმე გამოიძიონ და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი ადამიანი. ,,მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, და როგორ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის პირადად. აუცილებელია, ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. დასჯილი უნდა იყოს, ვინც უშუალოდ არის კავშირში", - განაცხადა პრეზიდენტმა. სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ მომხდარზე პასუხისმგებელი ადამიანები. "არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავსი დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისათვის, პრეზიდენტი ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:42 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა
"ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, ოპოზიციონერები შესვლას გეგმავენ. ამის შესახებ ადგილზე მისულმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ოფისში შესვლას ოპოზიციონერ, "დროას" დამფუძნებელ, ელენე ხოშტარიასთან ერთად აპირებს. ცნობისთვის, 15:00 საათზე პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დაგეგმილ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ჩაინიშნა. ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრებისთვის არის ცნობილი, დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები და მასთან დაკავშირბულო საკითხები უნდა იყოს.
ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ,,დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას. ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას", - განაცხადა ჰარცელმა. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დავით ზალკალიანი ოპერატორის გარდაცვალებაზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ „ტვ პირველის“ თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს ამ უდიდეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს დავით ზალკალიანი. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.